სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-52/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016879
01-52/ნ
04/06/2021
ვებგვერდი, 07/06/2021
470230000.22.035.016879
სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-52/ნ

2021 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი

 

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი (შემდგომში – წესი) აღწერს იმ ღონისძიებებს, რომელიც დამსაქმებლისა და სოციალური მუშაკის მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი და დაცული მუშაობის დროს. წესი ორგანიზაციას და დასაქმებულ სოციალურ მუშაკს ეხმარება უსაფრთხო პირობებში განახორციელოს პროფესიული საქმიანობა.

მუხლი 2. მიზანი და ამოცანა

1. სოციალური მუშაობა არის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.

2. სოციალური მუშობის ამოცანაა სოციალური მუშაკებისთვის უსაფრთხოების წესის განვითარება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ხარისხიანი და ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას და სოციალურ მუშაკს გაუჩენს მეტი დაცულობის განცდას, რათა სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილ იყვნენ მუშაობისათვის საჭირო უსაფრთხო და დაცული სამუშაო ადგილით და გარემო პირობებით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სოციალურ მომსახურებას აწოდებს ბენეფიციარებს;

ბ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც სოციალური მუშაობის მომსახურებას ატარებს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფთან.

თავი II. სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი

მუხლი 4. ორგანიზაციული კულტურა

1. სოციალური მუშაკების დამსაქმებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება და უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა.

2. სოციალურ მუშაკებს უნდა შეეძლოთ თავიანთი პრაქტიკის განხორციელება ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან და ძალადობის საფრთხისაგან დაცულ გარემოში როგორც ორგანიზაციაში, ასევე საველე მუშაობის დროს. ამ მიზნით ორგანიზაციამ სათანადო რესურსებით მხარდაჭერა უნდა გაუწიოს სოციალურ მუშაკებს.

3. სოციალური მუშაობის უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს:

ა) ორგანიზაციის მიერ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების გამოყოფას, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების პროცედურების დაცვას, საფრთხის ან საფრთხის რისკის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მხარდაჭერას, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებას;

ბ) ორგანიზაციის მიერ უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებას, მათ რეგულარულ გადასინჯვას და პრაქტიკაში დანერგვას მომსახურების სპეფიციფიკის გათავალისწინებით;

გ) წინასწარი რისკების შეფასებას, რომლითაც ხდება სოციალური მუშაკების მიმართ ძალადობის შესაძლო საფრთხის ამოცნობა;

დ) ორგანიზაციის მიერ ტრენინგებით უზრუნველყოფას/ხელშეწყობას, რომლებიც დაეხმარება სოციალურ მუშაკებს ბენეფიციარებისაგან მომდინარე შესაძლო ძალადობის რისკის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასა ან/და აღმოფხვრაში;

ე) ორგანიზაციის მიერ მონაცემების მართვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვას, რომლითაც მოხდება ინციდენტების აღრიცხვა და სტატისტიკის შეგროვება. ინციდენტების აღრიცხვის ერთიანი სტატისტიკის წარმოება დამდგარი საფრთხის აღწერის საფუძველზე ხელს შეუწყობს სამომავლოდ უსაფრთხოების დაცვის ჯგუფის მიერ საფრთხის მაღალი რისკის შემცველ შემთხვევებზე ვიზიტის გეგმის სრულყოფას და აღსრულებისათვის ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვას;

ვ) ორგანიზაციის მიერ ევაკუაციის გეგმისა და სხვა ზოგადი უსაფრთხოების წესების შემუშავება/დანერგვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. პრევენცია

სოციალური მუშაკების დამსაქმებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ძალადობის მართვის დაუყოვნებელი რეაგირების მიდგომების გამოყენება. ძალადობის რისკების შემცირების მიზნით, აქტივობების დანერგვის დროს, მნიშვნელოვანია წარსულში მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მისი თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების განსაზღვრა.

მომხდარი შემთხვევების ანალიზი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემთხვევის ტიპი (ვერბალური საფრთხე, მდგომარეობიდან გამოყვანა, ფიზიკური ძალადობა, სხვ.);

ბ) შემთხვევის სიმწვავე (ფიზიკური ჯანმრთელობა – სხეულის დაზიანება; ფსიქიკური ჯანმრთელობა – ფსიქოლოგიური/ემოციური ზიანი და ფინანსური ზარალი – საჯარო თუ კერძო საკუთრების დაზიანება);

გ) მომსახურე პერსონალის, ბენეფიციარების და მოწმეების ჩართულობა ან თანდასწრება;

დ) უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები, რომლებმაც გამოიწვია ან ხელი არ შეუშალა ძალადობის შემთხვევას;

ე) უსაფრთხოების არსებული პროცედურების, პოლიტიკისა და გამოვლენილი ხარვეზების შეფასება.

მუხლი 6. სამუშაო გარემოს უსაფრთხოება

სოციალური მუშაკების სამუშაო გარემო ხელს უნდა უწყობდეს სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების უსაფრთხოებას. ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

უსაფრთხო სამუშაო გარემო გულისხმობს:

ა) ბენეფიციარისაგან მოსალოდნელი ძალადობრივი აქტების განხორცილების შემთხვევაში სამუშაო სივრცე იძლევა სოციალური მუშაკის მიერ სამუშაო ოთახის ადვილად დატოვების შესაძლებლობას;

ბ)სოციალური მუშაკის სამუშაო მაგიდა მდებარეობს კართან ახლოს;

გ) სოციალური მუშაკის სამუშაო ადგილიდან ოთახში შემოსასვლელი კარი სოციალური მუშაკის მხედველობის არეშია;

დ) სოციალური მუშაკისთვის მისაწვდომია სასიგნალო ზარის ღილაკი;

ე) სოციალური მუშაკის იმ ბენეფიციარებთან შეხვედრის შემთხვევაში, რომელთაგანაც მოსალოდნელია საფრთხე, ეთიკური პრინციპების დაცვით სოციალური მუშაკი წინასწარ განსაზღვრავს საფრთხის რისკს და შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ორი თანამშრომელი. ბენეფიციარებთან შეხვედრის ადგილი თავისუფალია ბასრი, მძიმე და საფრთხის შემცველი სხვა ნივთებისაგან (სტეპლერი, მაკრატელი და სხვ.), რომლებიც სიტუაციის გამწვავების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავდასხმის იარაღად;

ვ) სამუშაო ოთახის კარი გადის დერეფანში და შიგნიდან ჩაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გარედან გაღება;

ზ) სოციალური მუშაკის სამუშაო ოთახისკენ მიმავალი დერეფანი კარგად განათებულია.

მუხლი 7. უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები

1. უსაფრთხოების დაცვისა და ძალადობის რისკის პრევენციის/შემცირების მიზნით ორგანიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ტექნოლოგიებით/ტექნოლოგიური ღონისძიებებით. (ტექნოლოგიები/ტექნოლოგიური ღონისძიებები უსაფრთხოების კულტურის დამკვიდებისა და შენარჩუნების დამხმარე საშუალებაა, რადგან მხოლოდ მათი გამოყენება თავისთავად ვერ აღმოფხვრის ძალადობის შემთხვევებს. ტექნოლოგიების/ტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენებას თან უნდა ახლდეს გასაგები ინსტრუქციები მისი სწორი გამოყენების შესახებ).

2. ორგანიზაციის მიერ სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ ხარისხიანი მუშაობისათვის საჭირო ტექნიკითა და შესაძლო ტექნოლოგიური ღონისძიებებით.

 შესაძლო ტექნოლოგიური ღონისძიებები გულისხმობს:

ა) უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამუშაო და კონფიდენციალური შეხვედრების ოთახების აღჭურვას განგაშის ღილაკით, რომელიც დამონტაჟებულია სოციალური მუშაკისთვის ხელმისაწვდომ ადგილას;

ბ) განგაშის ღილაკების აქტივაციის შესაძლებლობას მობილური ტელეფონით;

გ) განგაშის ღილაკების დაკავშირებას 112-თან ან ორგანიზაციის დაცვასთან;

დ) სოციალური მუშაკის კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომრით უზრუნველყოფას (მობილური ტელეფონი, რომელშიც განთავსებულია კორპორატიული ნომერი, არ შეიცავდეს სოციალური მუშაკის პირად ინფორმაციას);

ე) სოციალური მუშაკის მიერ მობილური ტელეფონისა და ტექსტური შეტყობინების ფარული გაგზავნისა და გამოყენების ტექნიკის ცოდნას;

ვ) სოციალური მუშაკის ადგილმდებარეობის განსაზღვრის მიზნით მობილური ტელეფონების აღჭურვას GPS, აუდიო- და ვიდეოჩაწერის სისტემით;

ზ) ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული/შემუშავებული ტექსტური შეტყობინებების კოდური კომბინაციის არსებობას, რომელიც არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი (შეტყობინებები ჩატვირთულია სოციალური მუშაკების მობილურ ტელეფონებში და ადვილად გასაგზავნია);

თ) მუდმივად ჩართულ მობილურ ტელეფონს და ხელმისაწვდომ ალტერნატიული კვების წყაროთი უზრუნველყოფას;

ი) მობილური ტელეფონის სწრაფი აკრეფვის ღილაკებზე ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ტელეფონის ნომრების არსებობას.

მუხლი 8. საველე ვიზიტების განხორციელებისას საფრთხის რისკის შეფასება

საველე ვიზიტის განხორციელებისას სოციალური მუშაკი შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. შესაბამისად, სოციალურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს რისკები და მიიღოს ზომები, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული შესაძლო ძალადობა. ამიტომ ყოველი ვიზიტის წინ სოციალურმა მუშაკმა უნდა განახორციელოს რისკების შეფასება, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. გარე ფაქტორების შეფასება:

ა) რამდენად ზუსტია განსახორციელებელი ვიზიტის მისამართი, ხომ არ არსებობს დაკარგვის ან სივრცეში ორიენტაციის საფრთხე;

ბ) არის თუ არა მოცემული უბანი რისკის შემცველი ძალადობის თვალსაზრისით;

გ) ხომ არ არის დაგეგმილი ვიზიტი ისეთ საათებში, რომელიც უფრო მეტად არის რისკის შემცველი (მაგალითად, საღამოს საათები);

დ) ხომ არ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ასევე ქმნიან რაიმე საფრთხის რისკს (მოყინული გზები, მაღალი სიცხე, მაღალმთიანი ადგილი, მიუვალი ადგილი და სხვ.);

ე) მოცემულ უბანში ხომ არ მომხდარა რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი შემთხვევა (მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, სხვ.) ბოლო 48 საათის განმავლობაში;

ვ) მოცემულ უბანში ხომ არ არის გაძნელებული მობილური ტელეფონის მიერ სიგნალების მიღება;

ზ) სოციალური მუშაკის მიერ ორგანიზაციის დასახელება ხომ არ გაზრდის რისკს;

თ) იმყოფებიან თუ არა სხვა თანამშრომლები მოცემული ბენეფიციარის სახლთან ახლოს.

2. ბენეფიციარის საცხოვრებლის შეფასება:

ა) ბენეფიციარის ბინაში/სახლში მისვლა მოითხოვს თუ არა ლიფტით სარგებლობას;

ბ) ბენეფიციარის ბინაში/სახლში მისვლა მოითხოვს თუ არა კიბეებით სარგებლობას;

გ) საჯარო სივრცეები არის თუ არა სუფთა და განათებული;

დ) ადვილად არის თუ არა მისაწვდომი გამოსასვლელი;

ე) სავარაუდოდ, ვინ იქნება ბენეფიციართან ერთად სახლში: ბავშვები, მშობლები, სხვა ნათესავები/მეგობრები, შინაური ცხოველები;

ვ) ხომ არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბენეფიციარის ოჯახის რომელიმე წევრი ან ახლო მეგობარი/ნაცნობი ჩაბმულია კრიმინალურ აქტივობებში;

ზ) არის თუ არა ოჯახში ვიზიტის დროს დაავადების, ინფექციის გადადების მაღალი რისკი;

თ) ხომ არ აქვს ოჯახს ცეცხლსასროლი იარაღი.

3. სამუშაო აქტივობების შეფასება:

ვიზიტის დროს ხომ არ გახდება საჭირო სოციალური მუშაკის მიერ მაღალი რისკის შემცველ აქტივობებში ჩართვა (მაგალითად, ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას და სხვ.).

4. ბენეფიციარის მდგომარეობის გამო გაზრდილი რისკის შეფასება:

ა) არის თუ არა ბენეფიციარი ნარკოტიკების მომხმარებელი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ან/და ხომ არ იმყოფება მავნე ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ;

ბ) აქვს თუ არა ბენეფიციარს ფსიქიკური პრობლემები ან პიროვნული აშლილობები;

გ) იღებს თუ არა სპეციალისტის დახმარებას;

დ) აქვს თუ არა ბენეფიციარს ხშირი ძალადობრივი ქმედებების ისტორია;

ე) უჭირს თუ არა ბენეფიციარს კომუნიკაცია.

5. სოციალური მუშაკის მოწყვლადობის დონის შეფასება:

ა) მუშაობს მარტო;

ბ) გამოხატული ფიზიკური მდგომარეობა (ფეხმძიმობა, შეზღუდული შესაძლებლობები);

გ) გამოცდილების ნაკლებობა;

დ) დაბნეულობა, სიმორცხვე, ნაკლები თავდაჯერებულობა ან მაღალი თვითშეფასება;

ე) სოციალური მუშაკის სტერეოტიპული დამოკიდებულება საფრთხეების მიმართ (საფრთხის ზედმეტად აღქმა ან საფრთხის ვერდანახვა);

ვ) ჩაცმულობა და პირადი აქსესუარები (სამკაულები, მაღალი ქუსლები);

ზ) სხვა აქსესუარები (პოლიტიკური პარტიის სიმბოლო, რელიგიური სიმბოლიკა);

თ) გარეგნობა (ტატუ, პირსინგი), რომელიც ვერ იფარება და რამაც შეიძლება მიიქციოს ყურადღება;

ი) უსაფრთხოების გეგმის არქონა.

6. საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეფასება:

ა) ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილია უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება;

ბ) მობილური სრულად არის დატენილი;

გ) საგანგებო შემთხვევისას შესაძლებელია ზარის განხორციელება.

(შენიშვნა – ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების შეფასებით მაქსიმალურად მცირდება საფრთხის რისკები. კერძოდ, როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ შემთხვევებზე ველზე გასვლამდე გააზრებული და იდენტიფიცირებულია საფრთხის რისკის შემცველი შემთხვევები; შეფასება ხორციელდება სუპერვაიზორთან და ხელმძღვანელთან ერთად, რომლის საფუძველზე მუშავდება უსაფრთხოების გეგმა (შესაძლებელია სიტყვიერი და ზეპირი, რომელიც საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შეთანხმებულია ბენეფიციართან (მისი შესაძლებლობებისა და განვითარების გათვალისწინებით)).

მუხლი 9. ველზე მუშაობის პრინციპები

1. მაღალი რისკის შემცველ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები უფლებამოსილ პირ(ებ)თან ერთად ვიზიტის განხორციელებისას ადგენენ უსაფრთხოების გეგმას, სადაც განსაზღვრულია სოციალური მუშაკისა და ჯგუფის წევრების აქტივობები. ჯგუფში უნდა იყოს არანაკლებ 2 ადამიანი. ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს პროფესიული ზედამხედველი ან/და უფროსი სოციალური მუშაკი.

2. ვიზიტის დროს დაცული უნდა იყოს სოციალური მუშაკების უსაფრთხოება და მინიმუმამდე დაყვანილი საფრთხე. უსაფრთხოების დასაცავად სოციალურ მუშაკს მოეთხოვება შემდეგი:

ა) საფრთხის მაღალი რისკის შემცველ გარემოში ვიზიტი ხორციელდება თანმხლებ პირთან ერთად;

ბ) ოჯახში ვიზიტისას სოციალური მუშაკი უნდა იჯდეს კართან ახლოს;

გ) ბენეფიციართან საუბრისას სოციალურ მუშაკს ზურგი უნდა ჰქონდეს დაცული.

3. გატარებული აქტივობების მიუხედავად, მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ადგენენ ალტერნატიული გეგმას, რომელიც შეთანხმებული იქნება პროფესიულ ზედამხედველთან ან/და უფროს სოციალურ მუშაკთან.

მუხლი 10. ბენეფიციარის ტრანსპორტირება

1. სოციალურმა მუშაკებმა ბენეფიციარების ტრანსპორტირების დროს უნდა მიიღონ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

2. ბენეფიციარების ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იყოს სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარების უსაფრთხოება.

3. სოციალურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს შემდეგი:

ა) ბენეფიციარი ხომ არ არის მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;

ბ) ბენეფიციარს თან ხომ არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღი;

გ) მანქანაში არ უნდა ინახებოდეს თავდასხმის შესაძლო იარაღი;

დ) ბავშვის ტრანსპორტირების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები;

ე) ტრანსპორტირების დროს აუცილებელია თანმხლებ პირთან ერთად ყოფნა.

4. თუ ფასდება, რომ ტრანსპორტირება არ არის უსაფრთხო, ორანიზაცია ვალდებულია თავი შეიკავოს ტრანსპორტირებისაგან, სანამ არ მოხდება რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

მუხლი 11. მოსამზადებელი პროცედურები სავალე ვიზიტის განხორციელებამდე

1. საველე ვიზიტის დაგეგმვისას სოციალურმა მუშაკმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს თავისი ზედამხედველი და შესაბამისი პირები. მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალურად შენახული.

2. სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ვიზიტის მისამართი და შეხვედრის დრო;

ბ) ინფორმაცია ბენეფიციარ(ებ)ის შესახებ;

გ) თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა (მისვლის დრო და გამოსვლის დრო);

დ) მანქანის დეტალები (სალიცენზიო ნომერი, მოდელი, ფერი და სხვ.) იმ შემთხვევაში, როდესაც ტრენსპორტირება არ ხორციელდება ორგანიზაციის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

ე) შეცვლილ გეგმაზე ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 12. შემთხვევის შემდეგ რეაგირება

1. სოციალური მუშაკების დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია შეიმუშაოს ძალადობის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები. პროცედურების მიზანია შესაბამისი რეაგირების დანერგვა, რათა მოხდეს მსხვერპლის მდგომარეობის შემსუბუქება და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება.

პროცედურებით გათვალისწინებულია შემდეგი:

ა) დაზარალებული სოციალური მუშაკისთვის მყისიერი დახმარება;

ბ) სამედიცინო საჭიროებების შეფასება და დაზარალებული სოციალური მუშაკის დახმარება;

 გ) მოწმეებთან და სხვა თანამშრომლებთან გასაუბრება;

დ) დეტალური ინფორმაციის მოპოვება – რა ფაქტორებმა გამოიწვია, სად, როდის, როგორ და ვისი მონაწილეობით მოხდა შემთხვევა, ვინ იყო მოწმე, დაზიანებების აღწერა, დროულად მიეწოდა თუ არა სამედიცინო სერვისები და, გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, სხვა საკითხები;

ე) მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გეგმის განვითარება;

ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ბენეფიციარებთან და შემთხვევის დამკვირვებლებთან შესაბამისი ჩარევა;

ზ) დაზარალებული სოციალური მუშაკის საქმეთა გადანაწილების გადახედვა;

თ) დაზარალებული სოციალური მუშაკისთვის ტექნიკური და იურიდიული დახმარების შეთავაზება;

ი) უსაფრთხოების არსებული პოლიტიკის და პროცედურების გადახედვა.

მუხლი 13. უსაფრთხოების საკითხების სწავლება

1. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ახალი სოციალური მუშაკების მონაწილეობა უსაფრთხოების საკითხებთან/წესებთან დაკავშირებულ სწავლებაში.

 2. სასწავლო პროგრამა უნდა შეიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რისკის შეფასება, რისკის მართვა, რისკის შემცირება, მოძალადე ბენეფიციარებთან ჩარევების ეფექტური, ასევე, ბენეფიციარისგან თავდაცვის სტრატეგიებისა და უსაფრთოხების გეგმის შემუშავება, მეორადი ტრავმის ზეგავლენა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენება და თვითზრუნვის საკითხები, რათა ეფექტურად მართოს მეორადი ტრავმა.

სტანდარტი 14. გადამდები დაავადებების პრევენცია

 კარანტინისა და სხვა შეზღუდვების პირობებში ბენეფიციარებთან ოფისებში ან მათთან ახლო დისტანციაზე ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები, მუშაობის დროს ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს სოციალური მუშაკი უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ყველა რესურსით, ხოლო სოციალურმა მუშაკმა უნდა დაიცვას სპეციალისტების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია იმ დროსაც კი, როცა შესაძლებელია იყოს შესაბამისი აღჭურვილობისა და სხვა რესურსების დეფიციტი.

1. იმ შემთხვევებზე რეაგირებისას, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სოციალური მუშაკის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მათ უნდა შეეძლოთ გონივრული არჩევანის გაკეთება. ასევე, ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვიტონ, ჰქონდეთ თუ არა პირდაპირ კონტაქტი ბენეფიციართან (გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირისპირი შეხვედრის დროს რისკის ქვეშ არა მხოლოდ სოციალური მუშაკი და ბენეფიციარია, არამედ ის ადამიანებიც, ვისთანაც შემდეგში მათ კონტაქტი ექნებათ).

2. პანდემიის პირობებში სოციალური მუშაკების დამქირავებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს:

ა) სოციალური მუშაკების ინფორმირებულობა გადამდები დაავადებების შესახებ;

ბ) გადამდები ინფექციებით გამოწვეული პანდემიის დროს უსაფრთხო მუშაობის წესების შემუშავება;

გ) რეგულარული შემოწმებები, თანამშრომლების ინფიცირების შემთხვევების დროულად დადგენის მიზნით;

დ) გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება;

ე) პირდაპირი კონტაქტის დროს, მაქსიმალური უსაფრთხოების მიზნით, სოციალური მუშაკების წვდომა დამცავ საშუალებაზე;

ვ) გარდა პირდაპირი კონტაქტისა, განიხილოს ბენეფიციართან სოციალური მუშაკის ჩარევების სხვა შესაძლებლობები;

ზ) შეიმუშაოს ან/და გააცნოს სოციალურ მუშაკებს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მანქანით მგზავრობის დროს სოციალური მუშაკის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. გადამდები დაავადებების თავიდან აცილების მიზნით სოციალური მუშაკების მიერ უნდა განხორციელდეს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება.