„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022943
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
388
02/08/2021
ვებგვერდი, 02/08/2021
190020030.10.003.022943
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2021 - 29/11/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2021 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროგრამა − „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“.

 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

სახელმწიფო პროგრამა  „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − სახელმწიფო პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“;

ბ) ოჯახი − საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინების შედეგად შემდგარი, საქართველოს მოქალაქე (ერთ-ერთი მაინც) მეუღლეების კავშირი;

გ) მარტოხელა მშობელი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე (პირი);

დ) ბენეფიციარი – ოჯახი (მეუღლეები ერთად, ასევე ცალ-ცალკე) ან/და მარტოხელა მშობელი, ან/და ქვრივი რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების ფარგლებში;

ე) სესხი − კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამისა და ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარზე დეველოპერული კომპანიისგან ან კერძო პირისგან საცხოვრებელი ბინის/სახლის შესყიდვის ან სახლის აშენების მიზნით გაცემული საბანკო კრედიტი/სესხი, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებად გამოყენებულია ან  გამოყენებულ იქნება წინამდებარე სესხით შესაძენი უძრავი ქონება/იპოთეკის საგანი ან/და მოთხოვნის უფლება ამ ქონებაზე;

ვ) დეველოპერული კომპანია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  მშენებლობის ნებართვის მქონე ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის განმახორციელებელი პირი,  რომელიც აწარმოებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის ახალ მშენებლობას/რეკონსტრუქციას შესაბამისი დამტკიცებული/ შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე;

ზ) კერძო პირი − საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე პირი, რომელიც პროგრამის ფარგლებში ახდენს ბინის/სახლის გასხვისებას;

თ) ბინა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება – ბინა და ბინასთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, რომელსაც მიენიჭება/მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი. აგრეთვე, ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები, ფარეხები და ა. შ.) მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება დადგენილება, თუ ისინი  შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად;

ი) სახლი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დამაგრებული უძრავი ქონება, რომელიც განკუთვნილია საცხოვრებლად და რომელსაც მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი;

კ) პროექტის სუბსიდირება – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მხრიდან კომერციული ბანკის მიერ ბინის/სახლის შეძენის ან სახლის აშენების მიზნით გაცემულ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;

ლ) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;

მ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ნ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

ო) რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ საკუთარი, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი კრედიტით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი კრედიტის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი კრედიტის ძირსა და კრედიტზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა თავის მხრივ უნდა გაიცეს ამ დადგენილებით განსაზღვრული მიზნობრიობით;

პ) რესტრუქტურიზაცია − ბენეფიციარის მიერ საკუთარი, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის დაფარვის პირობების შეცვლა მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჟ) იპოთეკა – უძრავი ნივთის ან/და უძრავ ნივთზე მოთხოვნის უფლების ისეთი დატვირთვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით;

რ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ს) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ტ) მიმართვა – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით ბანკის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი მსესხებლისა და სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

უ) განაცხადი – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია მის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებისათვის, სუბსიდირების თანხის ჩარიცხვის თაობაზე, იმ ბენეფიციარების მიხედვით, რომელთაც განაცხადის წარდგენის დღისათვის შესრულებული აქვთ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ ახალშეძენილი შვილი/შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გზით. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

4. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

5. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს იმ მსესხებელს, რომლის მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციულ ბანკთან ბინის/სახლის შეძენის ან სახლის აშენების მიზნით  იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ. ამასთან, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

ა) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი, ან

ბ) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, ან

გ) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

6. პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.

7. კომერციული ბანკი ვალდებულია, შეამოწმოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მსესხებლის (ოჯახის შემთხვევაში ორივე მეუღლის) მოქალაქეობა და მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში (ოჯახის შემთხვევაში თუ არცერთ მეუღლეს არ აქვს მოქალაქეობა) უარი უთხრას მას პროგრამაში მონაწილეობაზე.

8. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მსესხებელს (მეუღლეებს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე) მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით, მიუხედავად მათ მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობისა.

10. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული პროგრამის ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილს/შვილებს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოცულობის სესხი.

11. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ოჯახს/ქვრივს/მარტოხელა მშობელს, შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩაერთოს 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს.

12. ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს იმ მსესხებელს, რომელიც არის საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ ბენეფიციარი.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 4. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებამოსილება

1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად;

ბ) პროგრამის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

2. სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

3. კომერციული ბანკი, ამ პროგრამისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ პროგრამის ფარგლებში გასცეს სესხი ბენეფიციარზე.

მუხლი 5. იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების აღსრულების პროცედურა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მსესხებელი, პროგრამის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს მსესხებლის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხისა და მსესხებლის თაობაზე ინფორმაციას/მიმართვას აგზავნის სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ ბანკის მიერ მოწოდებულ მიმართვაზე დაყრდნობით ადასტურებს ან უარყოფს სესხს შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტოს დადასტურების შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად პროგრამის ფარგლებში.

3. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ ან/და მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

4. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული

  • 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი,
  • 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი.

5. სუბსიდირების მანძილზე სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე.

6. სააგენტოს მიერ სუბსიდირება ხორციელდება იმ დრომდე სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ შეწყვეტილი სუბსიდირება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, სუბსიდირების დარჩენილი ვადით.

7. სააგენტოს მიერ სუბსიდირების თანხის ოდენობის (მათ შორის სააგენტო უფლებამოსილია ყოველთვიური სუბსიდირების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალიწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალიწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება კომერციულ ბანკს და სააგენტოს შორის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

8. პროგრამის ბენეფიციარს, რომელსაც ყავს 2 შვილი, და პროგრამის მოქმედების პერიოდში შეეძინება შვილი ან/და შვილად აიყვანს არასრულწლოვან პირს, ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, სააგენტო განახორციელებს მის სესხზე დარიცხული პროცენტის გაზრდილი ოდენობით სუბსიდირებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ლიმიტის შესაბამისად.

9. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახორციელებს სააგენტოში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკის მიერ სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, დადგენილებით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;

გ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამის ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამასთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 6. სააგენტოს სუბსიდირების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;

გ) პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია/ რეფინანსირებისას;

დ) იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;

ე) სესხის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.

2. პროგრამის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 7. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.