სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22/ნ
27/01/2022
ვებგვერდი, 28/01/2022
430210000.22.022.018130
სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/01/2022 - 13/03/2024)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №22/ნ

2022 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესი“ დანართ №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „მოსწავლის მოწყვლადობის განმსაზღვრელი ინდიკატორი“ დანართ №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს „ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური ბარათის ფორმა“ დანართ №3-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს „ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის ფორმა“ დანართ №4-ის შესაბამისად.

5. დამტკიცდეს „სკოლაში ვიზიტის ფორმა“ დანართ №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი №1

 

სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ბრძანების მოქმედების სფერო

ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის (შემდგომ – სოციალური მუშაკი) სოციალური მუშაობის პროფესიულ სტანდარტებს, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

მუხლი 2. ბრძანების მიზანი და ამოცანა

1. ამ ბრძანების მიზანია სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების (შემდგომ – სტანდარტები), კერძოდ, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) სოციალური მუშაობის პრაქტიკის ძირითადი ელემენტებისა და მახასიათებლების აღწერა,  ასევე, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის ღონისძიებების სამართლებრივი რეგულირება.

2. სტანდარტები განკუთვნილია სოციალური მუშაკებისთვის. ამ ბრძანების შესაბამისი მუხლების მოქმედება ასევე ვრცელდება  სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების,   მოსწავლეებისა და მათი ოჯახების მიმართ.

3. სტანდარტები ეხმარება სოციალურ მუშაკებს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნების გააზრებაში, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას ეხმარება მხარდაჭერის მიმართულების სწორად განსაზღვრაში, ხოლო  მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს – სკოლის სოციალური მუშაობის არსის გაცნობიერებაში.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანების მიზნებისათვის, ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. ბენეფიციარი – მოსწავლე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მასწავლებელი, რომელიც სარგებლობს სოციალური მუშაკის მომსახურებით.

2. სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც სოციალური მუშაობის მომსახურებას ატარებს ბენეფიციართან.

3. თანადგომის ქსელი – ბენეფიციარის საბაზისო თუ არასაბაზისო საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მსურველთა ფორმალური ან არაფორმალური ჯგუფი/ადამიანები/ადამიანი, რომელიც შესაძლოა მოიაზრებოდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში ხელშემწყობ რესურსად.

4. ინდივიდუალური მუშაობა – ერთ ბენეფიციართან მუშაობა.

5. ჯგუფური მუშაობა – ერთზე მეტ ბენეფიციართან მუშაობა.

 

თავი  II

 

მუხლი 4.  სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში

1. სკოლაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას;

ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას;

გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას;

დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას;

ე) ძალადობისა და არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

2. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში წარმოადგენს სოციალური მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას, რომლის მიზანია მოსწავლის მხარდასაჭერად სკოლის, ოჯახისა და თემის (საზოგადოების) ურთიერთდაკავშირება, ყველა მოსწავლის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და მათი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

3. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ძირითადად მიმართულია იმ მოსწავლეებთან მუშაობაზე, რომელთაც აღენიშნებათ სირთულეები სკოლაში, ოჯახსა ან/და თემში.

4. სოციალური მუშაკის საქმიანობა მიმართულია მოსწავლის სარისკო ქცევებისა და განვითარებისთვის საფრთხის შემცველი სიტუაციის პრევენციასა და ბავშვის უფლებათა დაცვაზე.

 

მუხლი 5. სოციალური მუშაკის სამიზნე ჯგუფი

1. სოციალური მუშაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მოსწავლეები და მათი ოჯახები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და  თემი.

2. ამ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა–ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით სოციალური მუშაკი სამიზნე მოსწავლეების იდენტიფიცირებას ახდენს დანართ №2-ით გათვალისწინებული მოსწავლის მოწყვლადობის განმსაზღვრელი ინდიკატორების შესაბამისად.

3. მოსწავლეთა მდგომარეობის შესწავლა ემსახურება მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მაქსიმალურად უზრუნველყოფას.  დანართ №2-ის საფუძველზე სოციალური მუშაკი განსაზღვრავს სოციალური მუშაკის მომსახურების საჭიროების მქონე მოსწავლეს.

4. დანართ №2-ის საინფორმაციო ველები, №1-დან №6-ის ჩათვლით, ივსება სკოლაში რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეზე. დანართ №2-ის საინფორმაციო ველები №7-დან №37-ის ჩათვლით ივსება მხოლოდ იმ მოსწავლეთა მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც გამოიკვეთება №7– №37 საინფორმაციო ველებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება/გარემოებები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთის დასაშვები გზები აღწერილია ამ მუხლის მე-5 პუნქტსა და დანართ №2-ში. დანართ №2-ს ავსებს კლასის დამრიგებელი და სოციალური მუშაკი  ამ მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებითა და დანართ №2-ით განსაზღვრული წესით. დანართ №2-ის შევსება დასტურდება დამრიგებლისა და სოციალური მუშაკის ხელმოწერით.

5. კლასის დამრიგებელი დანართი №2-ს ავსებს როგორც მოსწავლის შესახებ სასწავლო პროცესში მოსწავლეზე უშუალო დაკვირვებისა და/ან მოსწავლესთან/მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პირთან ურთიერთობის შედეგად მიღებული ინფორმაციის (კერძოდ, თუ დამრიგებელი თავად შეესწრება ფაქტს ან/და ზემოაღნიშნული პირები (მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სხვა პირი) საკუთარი ინიციატივით, თავად მიაწოდებენ ინფორმაციას დამრიგებელს და ამ ფორმით გახდება ინფორმაცია ცნობილი დამრიგებლისათვის), ასევე სკოლის ადმინისტრაციაში არსებული იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ასახავს დანართ №2-ის №1-№6 საინფორმაციო ველებით განსაზღვრულ ინფორმაციას. დანართ №2-ის ველები არ ივსება მათზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში. დანართ №2-ის შევსებისას კლასის დამრიგებელი ხელმძღვანელობს მხოლოდ მის ხელთარსებული ინფორმაციითა და სკოლის ადმინისტრაციაში არსებული მონაცემებით. დანართ №2-ის შევსების მიზნებისთვის დამრიგებელი არ ცდილობს საკუთარი ინიციატივით თავად მოიპოვოს დანართ №2-ის საინფორმაციო ველებით განსაზღვრული ინფორმაცია, მოსწავლის/მოსწავლის მშობლისა თუ სხვა პირთა გამოკითხვის გზით ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით დადგენილ პასუხისმგებლობას.

6. დანართი №2 ივსება ყოველი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბოლო თვეს, გარდა პირველ კლასში რეგისტრირებული მოსწავლეებისა. პირველ კლასში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე დანართი №2 ივსება სასწავლო წლის ბოლო თვეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე დანართ №2-ით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთის შემთხვევაში დანართი №2 ივსება აღნიშნული ვადის დადგომამდე.  გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში დანართ №2-ით განსაზღვრული ერთ-ერთი ფაქტობრივი გარემოების გამოვლენის/არსებული გარემოების შეცვლის შემთხვევაში დანართ №2 განახლდება დანართ №2-ის შენიშვნის გრაფაში შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებ(ებ)ის აღნიშვნით. დანართ №2-ის განახლებული ეგზემპლარი დაერთვის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში შევსებულ დანართ №2-ს.

8. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების მიზნით, სკოლის მიერ დანართ №2-ის წარმოების  (მათ შორის, დანართის შევსების პრინციპის) თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ეტაპზე და ასევე მონაცემთა სუბიექტის/მოსწავლის მშობლის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

 

მუხლი 6. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზოგადი პირობები

1. სოციალური მუშაკი წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – მანდატურის სამსახური) მოსამსახურეს, ხოლო მანდატურის სამსახური წარმოადგენს სოციალური მუშაკის დამსაქმებელს (შემდგომ – დამსაქმებელი).

2. სოციალური მუშაკი საქმიანობის განხორციელებისას   ხელმძღვანელობს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სოციალური მუშაკი საქმიანობისას თითოეულ განხორციელებულ მოქმედებას ასახავს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შესაბამისად, საჭიროებისამებრ.

 

მუხლი 7. სოციალური მუშაკის სამუშაო არეალი

1. სოციალური მუშაკის სამუშაო არეალი მოიცავს ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოს.

2. სოციალური მუშაკი მუშაობას ახორციელებს, როგორც წესი, სკოლასა და ოჯახში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში სხვა ფიზიკურ სივრცეშიც.

 

მუხლი 8. სოციალური მუშაკების ფუნქციური განაწილება

ფუნქციური განაწილების მიხედვით გამოიყოფა სოციალური მუშაკის 4 სახე:

ა) სკოლას მიმაგრებული სოციალური მუშაკი – მუშაობს როგორც კრიზისულ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე;

ბ) კრიზისულ საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკი – მუშაობს იმ სკოლაში, სადაც არ მუშაობს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური მუშაკი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკი – მუშაობს იმ სკოლაში, სადაც არ მუშაობს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური მუშაკი;

დ) სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი (შემდგომ – პროფესიული ზედამხედველი) – მანდატურის სამსახურში დასაქმებული ან  მოწვეული პირი, რომელიც ახორციელებს სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის და მის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

 

მუხლი 9. სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები

სოციალურ მუშაობაში სტანდარტის სახით არსებობს სოციალური მუშაკის 14 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა, რომლებიც განაწილებულია პრაქტიკის 4 დონეზე:

ა) მიკროდონე – მოიცავს 6  ფუნქცია-მოვალეობას. მიკროდონეზე სოციალური მუშაკის საქმიანობა მიმართულია მოსწავლეების და მათი ოჯახებისთვის სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდებაზე, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის მეთოდების გამოყენებით. მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურების ეფექტიანად მიწოდების მიზნით, მიკრო დონეზე  სოციალური მუშაკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან და სხვა გარე სტრუქტურებთან  (სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებები/ორგანიზაციები). მიკრო დონეს განეკუთვნება სოციალური მუშაკის პრაქტიკის შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

ა.ა) მოსწავლის ბიოფსიქოსოციალური შეფასება;

ა.ბ) მოსწავლის გადამისამართება;

ა.გ) შემთხვევის მართვა;

ა.დ) მოსწავლის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოსოციალური კონსულტირება;

ა.ე) მოსწავლის უფლებების ადვოკატირება სკოლის სივრცეში;

ა.ვ) მოსწავლის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლების ინფორმირება სოციალურ მომსახურებებსა და ფსიქოსოციალურ საკითხებზე;

ბ) მეზოდონე – მოიცავს 3 ფუნქცია-მოვალეობას. მეზოდონეზე სოციალური მუშაკის საქმიანობა მიმართულია სასკოლო კულტურის გაჯანსაღებისკენ. მეზოდონეს განეკუთვნება სოციალური მუშაკის პრაქტიკის შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

ბ.ა) სკოლასა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის გაძლირება;

ბ.ბ) სკოლასა და ოჯახებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;

ბ.გ) სკოლასა და თემს შორის თანამშრომლობის გაძლირება;

გ) მაკროდონე – მოიცავს 1  ფუნქცია-მოვალეობას. მაკროდონეზე სოციალური მუშაკის საქმიანობა მიმართულია ეროვნული სასკოლო პრაქტიკისა და პოლიტიკის გაჯანსაღებაზე. სოციალური მუშაკის მაკროდონის ფუნქცია-მოვალეობაა საუკეთესო და დისფუნქციური სასკოლო პრაქტიკისა და პოლიტიკის იდენტიფიცირება და მათ გავრცელება-გაუმჯობესებაზე მუშაობა.

დ) საერთო დონე – მოიცავს პრაქტიკის სამივე დონესთან დაკავშირებულ 4 ფუნქცია-მოვალეობას. საერთო დონეს განეკუთვნება სოციალური მუშაკის შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

დ.ა) პრაქტიკის შესაბამისობა სოციალური მუშაობის ეთიკასა და მოქმედ კანონმდებლობასთან;

დ.ბ) დოკუმენტაციის წარმოება;

დ.გ) საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

დ.დ) პროფესიული ზედამხედველობა.

 

თავი III. სოციალური მუშაობის  სტანდარტები

 

მუხლი 10. სოციალური მუშაობის პრაქტიკის სტანდარტები და ინდიკატორები

1. სოციალურ მუშაობაში არსებობს პრაქტიკის 14 სტანდარტი, რომლებსაც  გააჩნია შესაბამისი ინდიკატორები.

2. სტანდარტი №1 – მოსწავლის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება. ინდივიდუალური მუშაობის ფარგლებში მოსწავლის მდგომარეობის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასებისას სოციალური მუშაკი საჭიროებისამებრ მოიპოვებს, აგროვებს და აანალიზებს მოსწავლის შესახებ ინფორმაციას ამ ბრძანების დანართ №3-ით განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად. შეფასების პროცესში სოციალური მუშაკი მოსწავლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს სხვადასხვა წყაროსგან  და იყენებს შეფასების სხვადასხვა მეთოდს, რათა უზრუნველყოს მდგომარეობის სისტემური შეფასება. შეფასების განხორციელებისას სოციალური მუშაკი ინფორმაციას მოიძიებს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სოციალური, კულტურული, სამართლებრივი და სხვა ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლის მდგომარეობაზე. მოსწავლის შეფასებისას სოციალური მუშაკი აქცენტს აკეთებს მოსწავლის ოჯახზე და ბავშვსა და ბავშვის მდგომარეობას განიხილავს მისი ოჯახის კონტექსტში. შეფასების პროცესში სოციალური მუშაკი ახდენს საჭიროებათა პრიორიტეტიზაციას, განსაზღვრავს მოსწავლის/ოჯახის/სკოლის სუსტ და ძლიერ მხარეებს და ახდენს მათი მოტივაციის ამაღლებას საჭიროებისამებრ. სტანდარტ №1-ის ინდიკატორებია:

ა) მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირება ამ ბრძანების დანართ №2-ით განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად;

ბ) სოციალური მუშაკის შეფასება, რომელიც მოიცავს მოსწავლის ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტების (ამ ბრძანების დანართ №2-ით განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად) ანალიზს (ისეთი ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ფუნქციონირებაზე);

გ) მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით: დაკვირვება, მოსწავლის, მისი ოჯახის წარმომადგენლისა და მასწავლებლის ინტერვიუირება, მოსწავლის შესახებ არსებული დოკუმენტაცია (საარქივო მონაცემების შეგროვება (იგულისხმება ბაღის ან წინა სკოლის გამოცდილება, სამედიცინო ისტორია), მოსწავლესთან მომუშავე სკოლის შიდა თუ გარე სპეციალისტების შეფასების  შედეგები;

დ) მდგომარეობის სისტემური შეფასების მიზნით, ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროსგან (მოსწავლე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი,  სხვა სპეციალისტები);

ე) შეფასების საწყის ეტაპზე  ინფორმაციის მიწოდება მოსწავლისათვის (ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით), მისი მშობლის/კანონიერ წარმომადგენლისათვის შეფასების მიზნებისა და სოციალური მუშაკის მომსახურების შესახებ;

ვ) შეფასების პროცესში გადაუდებელი ჩარევის აუცილებლობის განსაზღვრა და შესაბამისი ზომების გატარება;

ზ) მოსწავლისა და მისი ოჯახის ძლიერი მხარეების განსაზღვრა;

თ) სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის შეფასება (მოიცავს ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს  მოსწავლის თანადგომის ქსელისა და მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ (ამ ბრძანების დანართ №2-ით განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად));

ი) შეფასების პროცესში მოსწავლის აზრის გათვალისწინების უზრუნველყოფა;

კ) მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (erofficers.emis.ge) დამუშავება.

3. სტანდარტი №2 –  მოსწავლის გადამისამართება. სოციალური მუშაკი, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ამისამართებს მოსწავლეს/მოსწავლის ოჯახს სხვა სპეციალისტთან ან/და მომსახურების მისაღებად ახორციელებს მონიტორინგს მოსწავლის/ოჯახის საჭირო სპეციალისტთან/მომსახურებასთან დაკავშირების პროცესზე და საჭიროებისამებრ ახდენს მათ მიერ მომსახურების მიღების უფლების ადვოკატირებას. სტანდარტ №2-ის ინდიკატორებია:

ა) სხვა დამატებითი სპეციალისტის/მომსახურების ჩართვის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) დამატებითი სპეციალისტის თუ მომსახურების ჩართვისას, მშობლის/კანონიერ წარმომადგენლის გადამისამართება შესაბამის უწყებაში და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერის/სოციალური თანხლების განხორციელება აღნიშნულ უწყებაში; ასევე, გადამისამართებული პირების მიერ მომსახურების მიღების მონიტორინგის განხორციელება;

გ) რისკჯგუფში მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის უწყებებში, მოქმედი კანონმდებლობისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის პროცედურების დაცვის შესაბამისად.

4. სტანდარტი №3 – შემთხვევის მართვა. შემთხვევის მართვა არის მრავალსაფეხურიანი თანამშრომლობითი პროცესი, რომლის მიზანია მოსწავლის საჭიროებათა დადგენა და მის მიერ მომსახურების დროული და კოორდინირებული წვდომის უზრუნველყოფა. შემთხვევის მართვა მიეწოდება ძირითადად მრავალმხრივი საჭიროების მქონე მოსწავლეებს. შემთხვევის მართვის მომსახურება მოიცავს შეფასების, დაგეგმვის, განხორციელების, კოორდინირების, მონიტორინგის და შემთხვევის დახურვის კომპონენტებს. სტანდარტ №3-ის ინდიკატორებია:

ა) შემთხვევის მმართველის ფუნქციის შესრულება, თუ მოსწავლის ჩართვა ხდება შემთხვევის მართვის პროცესში;

ბ) შემთხვევის მართვის პროცესში ამ ბრძანების დანართ №2-ით გათვალისწინებული ინდიკატორების საფუძველზე მრავალმხრივი საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა;

გ) სტანდარტ №1-ით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე მულტიდისციპლინური გუნდის შექმნის საჭიროების განსაზღვრა, გუნდის დაკომპლექტება და გუნდის მუშაობისათვის კოორდინაციის გაწევა. მულტიდისციპლინური გუნდის  მუშაობა, საჭიროებისამებრ, ორიენტირებულია კრიზისის მართვაზე ან/და მოსწავლის ზოგად მხარდაჭერაზე სკოლაში მოსწავლის წარმატებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) საჭიროებისამებრ სოციალური მუშაკი მულტიდისციპლინური გუნდის წევრს წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შემთხვევის მმართველის ფუნქციას ასრულებს სხვა სპეციალისტი და სახეზეა სოციალური მუშაკის ჩართულობის საჭიროება მოსწავლესთან მუშაობის პროცესში;

ე) მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან ერთად,  მოსწავლისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით, სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ჩარევის მიზნებს, ღონისძიებებს, ვადებს, მოსალოდნელ შედეგებს;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმის მიხედვით დადგენილი მომსახურების განხორციელებისა და მიღებული პროგრესის მონიტორინგი;

ზ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოსწავლისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით სამოქმედო გეგმის გადასინჯვა, რაც გულისხმობს გეგმით დასახული ამოცანების შესრულების შედეგების შეფასებასა და საჭიროებისამებრ გეგმაში ცვლილების შეტანას;

თ) შემთხვევის მართვის პროცესში როგორც მულტიდისციპლინურ, ასევე, მულტიუწყებრივ და მულტისექტორულ თანამშრომლობაში შესაბამისი ორგანიზაციული პროცედურების დაცვით მონაწილეობა;

ი) შემთხვევაზე მუშაობის დასრულება (შემთხვევის  დახურვა) დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 

5. სტანდარტ №4 – მოსწავლეების, მათი ოჯახის წარმომადგენლების ფსიქოსოციალური კონსულტირება. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ფსიქოსოციალური კონსულტირების მომსახურება ეხება ინდივიდის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ასევე, ფართო სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქცევაზე. ფსიქო-სოციალური კონსულტირების დროს სოციალური მუშაკები  იყენებენ ეკლექტურ მიდგომებს, როგორებიცაა: ჰუმანისტური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, ეკოსისტემური და ა.შ. სტანდარტ №4-ის ინდიკატორებია:

ა) ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდების გამოყენება მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ფსიქო-სოციალური კონსულტირების პროცესში. ფსიქოსოციალური კონსულტირება ეფუძნება შეფასების შედეგების საფუძველზე იდენტიფიცირებულ საჭიროებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართ №3-ით;

ბ) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში იმ რესურსებისა და მასალების შექმნა, მოძიება ან/და განახლება,  რომლებიც მორგებულია მოსწავლის ფსიქოსოციალურ საჭიროებებზე;

გ) ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ეფექტიანობის რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების განხორციელება.

6. სტანდარტი №5 – მოსწავლეების უფლებების ადვოკატირება სკოლის სივრცეში. სოციალური მუშაკი ასრულებს სოციალური ადვოკატის ფუნქციას, აღიარებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის ნეგატიურ ზეგავლენას მოსწავლის ცხოვრებაზე და მიზნად ისახავს სოციალურ ცვლილებას მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისთვის. სტანდარტ №5-ის ინდიკატორებია:

ა) მოსწავლის, მისი ოჯახის წარმომადგენლის უფლებების ადვოკატირება სკოლის სივრცესა და მის გარეთ, საჭიროებისამებ. ადვოკატირების პროცესში მოსწავლის, მისი ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფა და ყველა სახის გადაწყვეტილების მოსწავლესთან, მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმება;

ბ) ადვოკატირების პროცესში მოსწავლის, მისი ოჯახის წარმომადგენლის უნარების გაძლიერება თვით-ადვოკატირების მიმართულებით.

7. სტანდარტი №6 – მოსწავლეების, მათი ოჯახების, სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლების ინფორმირება სოციალურ მომსახურებებსა და ფსიქოსოციალურ საკითხებზე. სოციალური მუშაკი ახორციელებს საინფორმაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას სამიზნე ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს ამ მიმართულებით სკოლის ადამინისტრაციასა და მასწავლებლებთან თანამშრომლობაზე. სტანდარტ №6-ის ინდიკატორებია:

ა) ინფორმაციის მოძიება ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო და არასახელმწიფო სოციალური მომსახურებების შესახებ, მოძიებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციას  შექმნა და მუდმივი განახლება პრევენციის მიზნით, ასევე სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისა და მიმდინარე შემთხვევის მართვისთვის;

ბ) მოსწავლეების, მათი ოჯახების, სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლების ინფორმირება სოციალურ მომსახურებასთან დაკავშირებულ და ფსიქოსოციალურ საკითხებზე;

გ) მოსწავლეების, მათი ოჯახის წევრების, სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლების ინფორმირება როგორც ინდივიდუალური კონსულტაციების, ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრების ფარგლებში.

8. სტანდარტი №7 – სკოლასა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. სოციალური მუშაკი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის მოსწავლეებთან, მათთან ერთად გეგმავს, ახორციელებს  სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერ პროექტებს, წაახალისებს მოსწავლეების მოტივაციას, გააქტიურდნენ სკოლისა თუ სამოქალაქო ცხოვრებაში და ამ გზით ცდილობს სასკოლო კულტურის გაჯანსაღებას. სტანდარტ №7-ის ინდიკატორებია:

ა)  მოსწავლეებთან ერთად სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი ისეთი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ბავშვების ინტერესებს ემსახურება და უზრუნველყოფს პოზიტიურ, უსაფრთხო, ინკლუზიურ და არაძალადობრივი სასკოლო კულტურის შექმნას;

ბ) მოსწავლეთა მხარდაჭერა წარმომადგენლობითი საბჭოების შექმნასა და გააქტიურებაში, ასევე, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციისა და ჩართულობისთვის  ხელშეწყობა. მოსწავლეების მხარდაჭერის უზრუნველყოფა, შექმნან და გააქტიურდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლობით საბჭოებში და  სასკოლო ცხოვრებაში ნაკლებად ინტეგრირებულ მოსწავლეთა ჯგუფების წარმომადგენელთა საბჭოებში ჩართულობაზე ორიენტირება.

9. სტანდარტი №8 – სკოლასა და ოჯახებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. სოციალური მუშაკი მჭიდროდ თანამშრომლობს მოსწავლეების ოჯახებთან, მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას ოჯახებთან კომუნიკაციის პროცესში და სასკოლო კულტურის გაჯანსაღების მიზნით ოჯახს აძლევს მოტივაციას გააქტიურდნენ სასკოლო და სამოქალაქო ცხოვრებაში. სტანდარტ №8-ის ინდიკატორებია:

ა)  იმ სირთულეების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოიქმნება სკოლასა და ოჯახებთან თანამშრომლობის პროცესში;

ბ) სკოლის ადმინისტრაციასა და ოჯახებთან ერთად სირთულეების გადაჭრის სტრატეგიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;

გ)  ოჯახების მხარდაჭერის უზრუნველყოფა, შექმნან მშობელთა წამომადგენლობითი საბჭოები და გააქტიურდნენ აღნიშნულ საბჭოებში.

10. სტანდარტი №9 – სკოლასა და თემს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. სოციალური მუშაკი მჭიდროდ თანამშრომლობს იმ თემთან, რომელსაც სკოლა მიეკუთვნება. სოციალური მუშაკი იცნობს თემისთვის დამახასიათებელ დამცავ და რისკის შემცველ ფაქტორებს, მისი საქმიანობა მიმართულია რისკების პრევენციაზე, ცდილობს დაეხმაროს სკოლის ადმინისტრაციას თემში არსებული დაინტერესებული მხარეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვაში და ამ გზით ცდილობს სასკოლო კულტურის გაჯანსაღებას. სტანდარტ №9-ის ინდიკატორებია:

ა)  სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით – თემისთვის დამახასიათებელი რისკფაქტორების იდენტიფიცირება და პრაქტიკის მეზოდონეზე სოციალური მუშაკის საქმიანობის მიმართვა ამ რისკების არიდებასა და შემცირებაზე;

ბ) სკოლის ადმინისტრაციის დახმარება, დაამყაროს კავშირები თემში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესწარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან და აქტიურად ჩართოს ისინი სასკოლო ცხოვრებაში.

11. სტანდარტი №10 – საუკეთესო, ასევე, დისფუნქციური სასკოლო პრაქტიკების, პოლიტიკების იდენტიფიცირება და მათ გავრცელება-გაუმჯობესებაზე მუშაობა. სოციალური მუშაკი კარგად იცნობს არსებულ სასკოლო, საგანმანათლებლო, სოციალურ პოლიტიკებს და აცნობიერებს მათ გავლენას მოსწავლეებზე/ოჯახებზე. სოციალური მუშაკი ახდენს საკითხების ადვოკატირებას სკოლის,  საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე. სტანდარტ №10-ის ინდიკატორებია:

ა)  საუკეთესო, ასევე, დისფუნქციური სასკოლო პრაქტიკების, პოლიტიკების, სისტემურ დონეზე არსებული სირთულეების გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება და სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლების კონსულტირება;

ბ) მოსწავლეებთან, ოჯახებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობითი მუშაობა დისფუნქციური პრაქტიკების გაუმჯობესებასა და საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებაზე.

12. სტანდარტი №11 – პრაქტიკის შესაბამისობა სოციალური მუშაობის ეთიკასა და კანონმდებლობასთან. სოციალური მუშაკი საქმიანობას ახორციელებს ეთიკის, მოქმედი კანონმდებლობის, პროფესიული სტანდარტებისა და სხვა არსებული რეგულაციების დაცვით. ეთიკურად გამართული საქმიანობა და გადაწვეტილებების მიღება სოციალური მუშაობის პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი მიზანია. სტანდარტ №11-ის ინდიკატორებია:

ა) საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის, სოციალურ მუშაკთა ეთიკის კოდექსის, ამ სტანდარტებისა და სხვა მოქმედი რეგულაციების დაცვით;

ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით უპირატესი ხელმძღვანელობა;

გ) მოსწავლისა და ოჯახის იმ უფლებების დაცვა, რომელიც ითვალისწინებს კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ, სქესობრივ, ფიზიკურ, გენდერულ, სამედიცინო და სხვა თავისებურებებს;

დ) კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის მიზნით მოსწავლის შესახებ შეგროვებული/დამუშავებული/შენახული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად. ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, მოსწავლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარება დასაშვებია მხოლოდ იმ უწყების/ორგანიზაციის უფლებამოსილ პირ(ებ)თან, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ამ კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების უფლება.

თუ სოციალური მუშაობის პროცესში გამოვლინდა მოსწავლის ან/და სხვა პირების სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი ინფორმაცია, აღნიშნულის თაობაზე ეცნობება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ან/და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 

ე) მოსწავლეების, მათი ოჯახის წარმომადგენლების და სხვა ჩართული პირების განუსჯელობა (არგანსჯის) პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით;

ვ) სხვა უწყებებთან თანამშრომლობის პროცესის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის და შიდა ორგანიზაციული რეგულაციების მიხედვით;

ზ) ინფორმირებული თანხმობის მიღება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან მოსწავლესთან ჯგუფური/ინდივიდუალური მუშაობის პროცესში ამ ბრძანების მე-11 მუხლის შესაბამისად. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმირებულ თანხმობაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლესთან სოციალური მუშაობა არ ჩატარდება ან მოხდება მოსწავლის გადამისამართება ამ ბრძანების მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს მოსწავლის რეფერირებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დადგენილი წესით.

13. სტანდარტი №12 – დოკუმენტაციის წარმოება და შენახვის ვადები. სოციალური მუშაობის მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შეადგენს მოსწავლეთა დოკუმენტაციის და მომსახურების პროცედურით გათვალისწინებული ჩანაწერების რეგულარული წარმოება. სოციალური მუშაკი დოკუმენტაციას შეიძლება აწარმოებდეს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტაცია სრულად არის წარმოებული და შენახული ასევე ელექტრონული ფორმითაც. სტანდარტ №12-ის ინდიკატორებია:

ა)   დოკუმენტაციის წარმოება სტანდარტიზებული ინსტრუმენტებით და ფორმებით, რომლებიც დამტკიცებულია დამსაქმებელი უწყების მიერ;

ბ)  მოსწავლის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლის პერსონალის ინფორმირება იმ პირების შესახებ, ვისაც ხელი მიუწვდებათ სოციალური მუშაკის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაზე ან/და  მოთხოვნის შემთხვევაში ვის მიეწოდება სოციალური მუშაკის ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

გ) სოციალური მუშაკის აქტიური მონაწილეობა სოციალურ მუშაობის მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა-განახლებაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სოციალური მუშაკი თავად არ წარმოადგენს შემთხვევის მმართველს;

დ) მატერიალურად წარმოებული დოკუმენტაცია ინახება სათავსოში (კარადა, უჯრა, სეიფი და ა.შ, რომელიც იკეტება გასაღებით და გასაღები ხელმისაწვდომია სოციალური მუშაკისათვის), რომელიც მიუწვდომელია გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცულია დაზიანებისაგან;

ე) ელექტრონულად წარმოებული დოკუმენტაცია იტვირთება ელექტონულ საინფორმაციო ბაზაში (erofficers.emis.ge), სადაც კონკრეტულ მომხმარებელს აქვს ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი;

ვ) სოციალური მუშაობის მომსახურების დასრულებიდან 6 თვის ვადაში მატერიალურად წარმოებული დოკუმენტაცია, რომლის იდენტური დოკუმენტაცია ასევე წარმოებულია ელექტორნული ფორმით, დაარქივების მიზნით გადაეცემა დამსაქმებლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს/პირს. დოკუმენტაციის არქივში შენახვა ხორციელდება დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. შენახვის წესი და ვადა განისაზღვრება დამსაქმებლის საექსპერტო კომისიის მიერ იმგვარად, რომ სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგ დადგინდეს გონივრული ვადა, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და მანდატურის სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, არქივში გადაცემის მომენტიდან არაუმეტეს 3 წლისა;

ზ) ელექტრონულად წარმოებული დოკუმენტაცია ინახება ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (erofficers.emis.ge)  მოსწავლის სტატუსის ვადით;

თ) მოსწავლის მიმართ ახალ სასწავლო წელს დანართ №2 -ის შევსებისას ხდება წინასასწავლო წელს შევსებული დანართ №2-ით შეგროვებული/შენახული მონაცემების წაშლა/განადგურება;

ი) მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას იშლება/ნადგურდება ბოლო დანართ №2-ით შეგროვებული/შენახული მონაცემები.

14. სტანდარტი №13 – საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სოციალური მუშაკი აცნობიერებს, რომ პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტი ზრუნვა აუცილებელი პირობაა მოსწავლისთვის/ოჯახისთვის/სკოლის ადმინისტრაციისთვის/მასწავლებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაწევად, რაშიც მას ხელს უწყობს დამსაქმებელი. სტანდარტ №13-ის ინდიკატორებია:

ა) სიახლეების, თანამედროვე მიდგომების, ტექნიკების მუდმივი გაცნობა და დამსაქმებლის მხარდაჭერით მათი პრაქტიკაში დანერგვის მცდელობა;

ბ) რეგულარული ჩართულობა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დამსაქმებლის მხარდაჭერით.

15. სტანდარტი №14 – პროფესიული ზედამხედველობა. პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმის მიზანია ერთგვაროვანი და ეთიკურად გამართული სოციალური მუშაობის პრაქტიკის დანერგვა-განხორციელება. პროფესიული  ზედამხედველი მხარს უჭერს   სოციალურ მუშაკებს ცოდნის შეძენის, ეთიკურად გამართული პრაქტიკის განხორციელების, უნარების განვითარებისა და პროფესიული გადაწვის პრევენციის  მიმართულებით. სტანდარტ №14-ის ინდიკატორებია:

ა) პროფესიული ზედამხედველობის რეგულარული მიღება, რომელიც უზრუნველყოფილია დამსაქმებელის მიერ და  რომელიც ეხმარება სოციალურ მუშაკს პროფესიულ განვითარებაში, პროფესიული გადაწვის პრევენციაში, ეთიკური დილემის გადაწყვეტასა და პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებაში;

ბ) პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება შესაბამისი კვალიფიკაციისა (სოციალური მუშაობის მაგისტრი) და გამოცდილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, რომელიც მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის დაქვემდებარებაშია. ზედამხედველობის ფუნქციები და  პროცედურები განსაზღვრულია დამსაქმებლის მიერ.

 

მუხლი 11. ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა

1. მოსწავლესთან/მოსწავლეებთან სოციალური მუშაობის პროცესში სოციალური მუშაკი იღებს გადაწყვეტილებას ჯგუფურ მუშაობაში კონკრეტული მოსწავლის ჩართვის თაობაზე.

2. ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლის ჩართვისას აუცილებელია სოციალური მუშაკის რეკომენდაცია მოსწავლის ჯგუფში ჩართვის თაობაზე და მოსწავლის სურვილი.

3. მოსწავლესთან ინდივიდუალური და/ან ჯგუფური მუშაობის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე.

4. მოსწავლის ჯგუფურ მუშაობაში ჩართვის მიზანია მოსწავლის მიერ მინისოციუმში სოციალური ქცევის წესების შესწავლა, სოციალური კომპეტენციების ამაღლება, მოსწავლის წინაშე არსებული პრობლემების ინდივიდუალიზაცია.

5. ჯგუფურ  მუშაობაში მონაწილე ყველა სუბიექტს ეკისრება ჯგუფური მუშაობისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება. კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობითა და დამსაქმებლის შინაგანაწესით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 12. სოციალური მუშაკის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვა

1. სოციალური მუშაობის ფარგლებში, სოციალური მუშაკი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას გაითვალისწინოს მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა და კომპეტენციის ფარგლებში არ დაამუშაოს იმაზე მეტი პერსონალური მონაცემი,  რაც აუცილებელია კონკრეტული შემთხვევის სწორად და ეფექტურად მართვისთვის. სოციალური მუშაკის მიერ დამუშავებული მონაცემები აისახება ამ ბრძანებით დამტკიცებულ – დანართ №2, დანართ №3, დანართ №4 და დანართ №5-ში.

2. მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში სოციალური მუშაკი იღებს ინფორმირებულ თანხმობას მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ინდივიდუალური მუშაობისას ინფორმირებული თანხმობის მიღება ხდება კონკრეტული ინდივიდუალური მუშაობის დაწყების წინ წერილობითი ფორმით, ნებაყოფლობითი ხასიათისაა და გულისხმობს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ინდივიდუალური მუშაობის მიზნით მოსწავლის შესახებ განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავებაზე გამოხატულ ნებაყოფლობით თანხმობას, რომელსაც მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენლმა ხელი მოაწერა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიღება გულისხმობს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას/განმარტებას:

ა) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი;

ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;

გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები;

დ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

5. ჯგუფური მუშაობისას ინფორმირებული თანხმობის მიღებას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ეტაპზე ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჯგუფურ მუშაობაზე უარის თქმა არ უნდა იყოს ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება.

6. სოციალური მუშაობის ფარგლებში ჩართულ უწყებებთან/პირებთან თანამშრომლობის პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ხორციელდება ინფორმაციის მიმოცვლა კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვითა და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია კონკრეტული შემთხვევის სწორად და ეფექტურად მართვისთვის.

7. ამ ბრძანების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, თუ მონაცემთა შეგროვება ხდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან, მონაცემთა დამმუშავებელი მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-15 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 

 

მუხლი 13. სოციალური მუშაობის ფარგლებში მიღებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა

1. დამსაქმებლის მიერ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ წარმოებულ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლება აქვთ:

ა) მანდატურის სამსახურის უფროსს;

ბ) მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს (ფსიქოსოციალური მუშაობის მიმართულების კურატორი);

გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) უფროსსა და სოციალური მუშაობის მენეჯერს;

დ) პროფესიულ ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებათ  მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, მათ ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

3. სოციალური მუშაობის ფარგლებში მონაცემთა გამჟღავნებისას სოციალური მუშაკი აღრიცხავს: რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. აღრიცხული ინფორმაცია ინახება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში. მონაცემთა გამჟღავნება ხდება მხოლოდ წერილობითი მომართვის საფუძველზე.

4. სოციალური მუშაკი მანდატურის სამსახურთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფიციარის შესახებ მონაცემები გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს.

 

თავი  IV. სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა

 

მუხლი 14. სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა

1. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფილია უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსითა და ინფრასტრუქტურით.

2. სოციალური მუშაკი:

ა) ბენეფიციარს ხვდება ისეთ გარემოში, სადაც დაცულია ბენეფიციარის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

ბ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციას ინახავს კომპიუტერში, რომელიც დაცულია უსაფრთხოების კოდით;

გ) ბენეფიციარის შესახებ დოკუმენტური სახის ინფორმაციას ინახავს შესაბამის საქაღალდეში, რომელიც განთავსებულია სეიფში ან დაცულ, საკეტით აღჭურვილ კარადაში. დაცულ დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ შემთხვევაზე მომუშავე სოციალურ მუშაკს, მის ზედამხედველსა და უშუალო ხელმძღვანელს.

3. დამსაქმებელი:

ა) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს სათანადო სამუშაო სივრცით, დაცული პირადი კომპიუტერით, სათანადო სეიფით ან დაცული, საკეტით აღჭურვილი კარადით;

ბ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებს საკანცელარიო ნივთებითა და მომსახურების განსახორციელებლად სხვა საჭირო რესურსით;

გ) უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკს ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრებისთვის სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო სივრცით;

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.