ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016443
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
25/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
010250040.35.139.016443
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2022 - 22/07/2022)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016123). „ბორჯომის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტი

 


თავი I
ზოგადი დებულებები

ეს რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

 


მუხლი 1. საკრებულო
1. საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით


მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.

2. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო.


მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა / შეცვლა;

ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების - გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების  შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა;

ე)  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი წესით; 

ვ) გადაწყვეტილების მიღება სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრიანების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ.

3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ვ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ზ) საქართველოს ორგანული  კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;

თ) საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;

ი) საკრებულოს სამუშაო გეგმის და სამუშაო პროგრამის დამტკიცება; 

კ) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის  სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;

გ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება;

ე) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;

თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება;

ი) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი   ერთობლივი საბჭოს წარდგინებით  მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცება;

კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;

ლ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე შესარჩევ კანდიდატთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა.

მ) მერის წარდგინებით  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1561 მუხლით განსაზღვრული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.

5. თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის  მიზნით გასატარებელ ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება;

დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

6. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და  საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

გ)  მუნიციპლიტეტის მერის წარდგინებით მერის სარეზერვო ფონდის დამტკიცება, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს;

დ) მერისთვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ;

ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს;

ვ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;

ზ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

თ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;

ი) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;

კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) არაუგვიანეს თებერვლისა მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ მერის ანგარიშის მოსმენა და შეფასება; 

მ) მერის წარდგინებით  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1561 მუხლით განსაზღვრული  საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა; 

 7. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  წესით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო  საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესები დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცება; 

გ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა;

ვ) მერისთვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

თ) მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

ი) მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემათან დაკავშირებით ხელშეკრულების დასადებად;

კ) მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/და საკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ;

ლ) მერისთვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

მ) მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; 

8. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ბ) ადრეული, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მერისთვის თანხმობის მიცემა;

გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ე) გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება; გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება

ვ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ზ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

თ) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება;

კ) საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ბავშვის  დაცვისა და მხარდაჭერის  პროგრამების დამტკიცება;

9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა;

ე) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა;

ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა;

ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა;

თ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1561 მუხლით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებების მინიჭება: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.  

10. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;

გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა.

11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება.

12. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა.

13. აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება;

ბ) საჯარო ინფორმაციის  გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის დებულების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;

დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა.

14. სამხედრო ვალდებულების მოხდისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში:

ა) სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

15. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია:

ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის (მათ შორის სასოფლო კოოპერაციის) მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები;

გ) განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.

 


მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;

ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

ვ) მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;

თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.


მუხლი 5. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა
საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი  ბორჯომი,  მესხეთის ქუჩა №5.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება ,,სახელმწიფო დროშის შესახებ" და ,,სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონებითა და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.


მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მეოთხე პარასკევს ( თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).

2. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიცავს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული საკრებულოს სხდომების ერთობლიობას.

3. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობასთან. საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის/საკითხების განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ  სხდომებზე.

4. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება), როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების შესახებ).

5. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.

6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს სამართლებრივი აქტი (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება) ასევე სხვა გადაწყვეტილება (მიმართვა, შუამდგომლობა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა), მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.

7. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.


მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე, პირველი მოადგილე და მოადგილეები.

2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მერის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.

4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.

5. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.


მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
1. საკრებულოს და საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.

2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

4. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის დაცვის წესი.


მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.

2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.

3. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.


მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.


თავი II
საკრებულოს წევრი

 


მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

2. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავის მოვალეობის შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.

3. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“  და ამ რეგლამენტით.


მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2.  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე.

3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.

4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან  გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული-სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში - საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება  აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;

6. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო  იურიდიულ საკთხთა კომისიის (დასკვნის) საფუძველზე.

7. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

9. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას  კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.

10. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:

 ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;

 ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.

11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.


მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებები
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) კითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;

ბ) შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) წარადგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) წარადგინოს წინადადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ;

თ) დასვას საკითხი განსახილველად;

ი) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

კ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;

ლ) გააცნოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

მ) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;

ნ) გამოთქვას აზრი  საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა მუნიციპალიტეტის საკრებულო;

ო) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების თუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის წევრიც ის არ არის;

პ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის სტრუქტურული ერთეულების  კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში;

2. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი თქვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. 


მუხლი 15. საკრებულოს წევრის მოვალეობები
1.  საკრებულოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;

ე)  არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან;  

ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

ზ) დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტები.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.


მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. საკრებულოს იმ წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება  საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.

2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატების სახით.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 25%-ს. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელ ზღვრულ ოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.


თავი III
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები

 


მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 33–ე მუხლისა და ამ რეგლამენტის 98–ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;

ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;

გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;

 ვ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

თ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ი) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს, მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;

ლ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;

მ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

ნ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;

 ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას;

პ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ჟ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ს) იწვევს ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;

ტ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;

უ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულებას;

ფ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ამ რეგლამენტის 131–ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

5. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის 2​2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. 

6. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.


მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლის და ამ დებულების მე–100 მუხლით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდნენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს  განკარგულებით.

6. საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე (უხუცესი) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით.

7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილის (უხუცესი მოადგილე) მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების  შეუძლებლობის შემთხვევაში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საკურატორო სფერო განისაზღვრება საკრებულოს  განკარგულებით.

 8. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.


თავი IV
საკრებულოს ბიურო

 


მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

გ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

დ) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

ე) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

ვ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 20. ბიუროს სხდომა
1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც.  ბიუროს სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2-მე-5 პუნქტით დადგენილი წესები.

2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.

6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.

7. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.

8. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით.


მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები.

2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.

4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები.


მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:

ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;

ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;

გ) განხილვის საგანი;

დ) კენჭისყრის შედეგები;

ე) მიღებული გადაწყვტილება.

3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.  საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

4. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.

5. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.


თავი V
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები

 


მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.

3. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.

4. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

5. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არა ნაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

6. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარდგინებით ცნობად იღებს საკრებულოს ბიურო, ხოლო საკრებულოს პირველ სხდომაზე დროებითი სამანდატო კომისიის წარდგინებით ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.

7. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.


მუხლი 24. საკრებულოს კომისიები
1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია;

გ) კულტურის,განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;

დ) გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისია;

ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიების დებულებებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.


მუხლი 25. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
1. საკრებულოს კომისია:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;

ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში;

გ) ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს (ათავისუფლებს) და/ან რომელთა დანიშვნაზეც (განთავისუფლებაზეც) თანხმობას იძლევა საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს;

ე) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;

ვ) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ზ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

თ) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მუხლი 26. კომისიის თავმჯდომარე
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთაგან.  კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს, ასევე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე;

თ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ი) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

კ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

ლ) ადგენს და კომისიას წარუდგენს სამუშაო გეგმას - უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელებას;

მ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ნ)  საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ო) შეიმუშავებს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიის დებულების პროექტს;

პ) საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით მიმართავს საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით;

ჟ) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს ექსპერტებისა და სპეციალისტების კანდიდატურებს კომისიაში მოწვევის მიზნით;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.


მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

ბ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან;

გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.


მუხლი 28. კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს  კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის შესაბამისი წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

3. ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით.

4. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.

6. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.

7. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.

8. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.


მუხლი 29. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამოდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება.

2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერიის მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმებათა შედეგები. 

5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.


მუხლი 30. კომისიის მუშაობის საერთო წესი
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე გასატან საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებულ მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

5. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

6. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

7. კომისიამ მოხსენება მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარმოადგინოს მოხსენება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.

8. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.

9. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე  მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს.

11. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.

12. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.


მუხლი 31. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებს/სპეციალისტებს.


მუხლი 32. კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის ოქმს ორი დღის ვადაში ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და შესანახად გადასცემს საკრებულოს აპარატს. სხდომის ოქმი ქვეყნდება საჯაროდ, შესაბამისი კომისიის სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 33. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
1. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

5. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეყვანილი უნდა იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.

8. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული (არა ნაკლებ 1/3-ით) შემადგენლობით.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა და გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად.


თავი VI
საკრებულოს ფრაქცია

 


მუხლი 34. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევისა და მათი საქმიანობის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.

6. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

7. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

8. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.

9 ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული  ფრაქციის წესდება;

10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს – დროებითი სამანდატო კომისია და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. საკრებულოს იურიდიულ საკითთა კომისია განცხადების და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30–ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

11. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.


მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა    
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

3. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში.


მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის გაუქმების და ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;

ნ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე;

ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გაირიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავის კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა.

3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.

4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.

5. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

6. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.


მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.


მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ფრაქციას გამოეყოფა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.

2. ფრაქციისათვის სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად.


თავი VII
საკრებულოს   გენდერული   თანასწორობის   საბჭო

 


მუხლი 39. გენდერული თანასწორობის საბჭო  
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის  გენდერული თანასწორობის საბჭოს.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.


თავი VIII
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

 


მუხლი 40. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან  30 დღის ვადაში.

2. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.


მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.

3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ)  სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ)  ხმის დამთვლელი  დროებითი კომისიის არჩევა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.


მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ირჩევს ხმის დამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.


მუხლი 43. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
1. ახლადარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს ხმისდამთვლელ დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს.

3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე.


მუხლი 44. ახლადარჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი  კომისიის არჩევა
1. ახლადარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს სამანდატო დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით,  ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს, საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.

3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე.


მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
1. ახლადარჩეული საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებით კომისიის და სამანდატო დროებით კომისიის არჩევის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში, იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.

2. ახლადარჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად საკრებულო დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით ღია კენჭისყრით, ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულება არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.

4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება.  ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ინიშნება ხელახალი არჩევნები საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.


მუხლი 46. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

2. ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია (შესაბამისი კომპეტენციის მქონე მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე) განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება, რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება, არაუმეტეს  ერთი კვირით.


თავი IX
საკრებულოს სხდომა

 


მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  როგორც წესი, ყოველი თვის მეოთხე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.

2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.

4. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.


მუხლი 48. საკრებულოს გასვლითი სხდომა
1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;

გ) თვითმმართველი ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.


მუხლი 49. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას;

ბ) ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას;

გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;

დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას.


მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტლების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტლის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.

2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.

3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ.

5. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთ წუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო, უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად.

7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება.

 


მუხლი 51. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით);

ბ) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;

გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით;

დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.

2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. 

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

7. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღისა. თუ რიგგარეშე სხდომის გაგრძელების გამო მორიგი სხდომამდე რჩება ერთ დღეზე ნაკლები, საკრებულოს ეს მორიგი სხდომა გადაიწევს შესაბამისი ვადით.


მუხლი 52. საკრებულოს სხდომის დაწყება
1. საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო ქვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა ქვორუმი, სხდომის გახსნა გადაიდება მომდევნო დღისთვის.

3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც


მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება ამ რეგლამენტის  მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და მორიგი სხდომის დახურვას (დასრულებას);

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;

დ) ამ რეგლამენტის განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ამ რეგლამენტის X თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს სხდომაზე დამსწრე პირს;

ზ) ამ რეგლამენტის 65–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის;

თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ;

ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (სამი და მეტი) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას, რომლის შედეგების შესაბამისად თავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას;

კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა;

ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;

გ) არ გაუკეთოს კომენტარი საკრებულოს წევრის გამოსვლას, არ შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა; არ უპასუხოს შეკითხვას თუ კითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს;

დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს, ეს ვარიანტი კენჭისყრაზე  დგება ბოლოს.


მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი
1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:

ა) დილის სხდომა  12.00-დან 15.00-მდე;

ბ) საღამოს სხდომა  15.00-დან 18.00-მდე.

გ) შესვენებები: დილის სხდომაზე 13.30-დან 13.45-მდე; საღამოს სხდომაზე 16.30-დან 16:45-მდე.

2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე.

3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის დღის წესრიგთან ერთად განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.

4. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულო ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს ცვლილებები შეაქვს შესაბამისი მორიგი სხდომის განრიგში.


მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე თუ იგი შეტანილია შესაბამის სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვა და სხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი.

მუხლი 56. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხდება თავმჯდომარის წინადადებით ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს.

მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
1. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, სხდომის დაწყების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებულ მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.

5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი არა და რატომ. საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

6. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს და საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება, თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე.

7. დებატები იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ მუხლითა და რეგლამენტის 59–ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად. მათი გამოსვლების დამთავრების შემდეგ სიტყვა ეძლევათ საკრებულოს წევრებს.

8. იმ შემთხვევაშიც თუ სხდომაზე მონაწილე თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 და მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლად თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.

9. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას, თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.

10. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამასთან, უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე „მოწინააღმდეგედ“ თუ „მომხრედ“. განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან.

11. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მომხსენებლის (თანამომხსენებლის) თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს.

12. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:

ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით;

ბ) ფრაქციული ინდექსაციით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია);

გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“.

13. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის როგორც „მომხრეთა“ ისე „მოწინააღმდეგეთა“, ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს.

14. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით. მომხსენებელს, ნებისმიერ დროს, თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის.

15. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე, ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გაუცვალოს სხვა წევრს რიგი. დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის, რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა.

16. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.

17. პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს.

18. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 2 წუთზე მეტს.


მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები   
საკრებულოს   სხდომაზე   გამოსვლის   ფორმებია:

ა) მოხსენება;

ბ) თანამოხსენება;

გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან;

დ) განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა;

ე) მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა;

ვ) საკრებულოს მიერ ასარჩევ ან დანიშვნაზე თანხმობის მისაცემ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა;

ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის, მოტივების ან სხდომის წარმართვის წესის შესახებ;

თ) მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა;

ი) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა.


მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთამდე, თანამომხსენებელს  15 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის  10 წუთამდე; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას  5 წუთამდე; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის  3 წუთამდე.

2. საკრებულოს თავმჯდომარეს, გამომსვლელის მოთხოვნით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არა უმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელება.


მუხლი 60. პროცედურული საკითხები
1. პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები:

ა) შესვენების გამოცხადების და ხანგძლივობის შესახებ;

ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;

გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ;

დ) სხდომაზე მოწვეულ პირისთვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ;

ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;

ვ) კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;

ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ;

თ) სხდომის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;

ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;

კ) კენჭისყრის წესის შესახებ;

ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ;

მ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ;

ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;

ო) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.

2. ამ მუხლით დადგენილ პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ან კენჭისყრის გარეშე სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს.


მუხლი 61. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან საკრებულოს თანხმობით გამართოს შეზღუდული დებატები.

2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა.

3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.

4. შეზღუდული დებატების შემთხვევაში თუ ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩევლმა, საზოგადოებრივ ან, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობა თანამომხსენებლის უფლებით. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები 2 მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს.


მუხლი 62. დებატების შეწყვეტა ან გადავადება
საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ.

მუხლი 63. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვისას.

2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.

3. თუ საკრებულოს თავმჯდომარე გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ, დებატები გრძელდება შეზღუდული წესით.


მუხლი 64. დასკვნითი სიტყვა
 სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.

თავი X
სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები

 


მუხლი 65. სხდომაზე წესრიგის დაცვა
1. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სხდომის თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს. სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.

4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.


მუხლი 66. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
1. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

ე) სხდომის დარბაზის დატოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან თუ იგი:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

გ) შეურაცხჰყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.

დ) თუ იგი ეწინააღმდეგებს სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.

 3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძავებული იქნა სხდომის დარბაზიდან უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდე.


მუხლი 67. წესრიგისკენ მოწოდება
1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.

2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს;

გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული სახის მოწოდებებს;

დ) სარგებლობს მობილური ტელეფონით, ან ხმამაღლა საუბრობს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

ე) ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას.


მუხლი 68. გაფრთხილება
სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება.

მუხლი 69. გაფრთხილება ოქმში შეტანით
1. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც:

ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;

გ) შეურაცხჰყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.


მუხლი 70. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე
საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლების შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე:

ა) თუ იგი გაფრთხილდა ოქმში შეტანით მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;

ბ) თუ იგი ეწინააღმდეგებს მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.


თავი XI
კენჭისყრის წესი

 


მუხლი 71. კენჭისყრის სახეები
კენჭისყრის სახეებია: ფარული, ღია და სახელობითი. ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ან  სარეიტინგო.

მუხლი 72. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ
მიუხედავად კენჭისყრის სახისა საკრებულოს წევრის უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი განცხადება.

მუხლი 73. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე
საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა;

ბ) წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად;

გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

დ) თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო.


მუხლი 74. სარეიტინგო კენჭისყრა
1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

2. სარეიტინგო კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს ფარული ან სახელობითი ფორმით.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ყველა სადაო თუ ალტერნატიულ საკითხებზე.


მუხლი 75. ფარული კენჭისყრა
1. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.  ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.

2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მასზე იქნეს ასახული (დატანებული) რაიმე განმასხვავებელი ნიშანი.

3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის სამანდატო, სპროცედურო და ეთიკის კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.

4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში.

5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს.

6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს ვის (რომელ გადაწყვეტილებას) მისცა საკრებულოს წევრმა ხმა.


მუხლი 76.  სახელობითი კენჭისყრა
1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავის გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.

3. სახელობითი კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტისას.


მუხლი 77. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
1. დებატების, ასარჩევი, დასანიშნი თუ დასამტკიცებელი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში.

2. ღია კენჭისყრა, როგორც წესი, ეწყობა დებატების დამთავრებისთანავე, ხოლო ფარული კენჭისყრა  სხდომის დამთავრების წინ.

3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას.

4. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადადებას და ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების დროს.


მუხლი 78. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და  საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე
1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებული იქნება თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვით საერთო წესით.

2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ინიციირებული პროექტის არ მიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა.  შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს შემოთავაზების რიგითობის მიხედვით;

ბ) წამოაყენოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება, მხოლოდ შესაბამის ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ დასმული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში თუ წამოყენებული წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს.

გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

დ) თუ ვერც ინიციირებულმა და წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი  წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო;

ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და ასევე არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და იგი, როგორც წესი, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისია შემთხვევა, თუ შემოტანილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მერი აუცილებლობის მოტივით.

3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს:

ა) მიუხედავად კენჭისყრის სახისა უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე;

ბ) მოითხოვოს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება. თუ სხდომის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ წინადადებას, ტარდება სარეიტინგო კენჭისყრა მასზე მსჯელობის გარეშე. თუ სხდომის თავმჯდომარე არ ეთანხმება საკრებულოს წევრის ამ წინადადებას, საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე ღია კენჭისყრით.

გ) მოითხოვოს სახელობითი ან ფარული კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით.

დ) თუ დღის წესრიგით განხილული საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას მასზე მსჯელობის გარეშე ტარდება ხელმეორე კენჭისყრა იმ ორ წინადადებაზე, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი წყდება საკრებულოს მიერ ასევე მსჯელობის გარეშე ღია კენჭისყრით.

ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს ამ საკითხზე შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე შესვენება, არა უმეტეს 10 წუთისა. ფრაქციის ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არ აქვს ეს მოთხოვნა ხელახლა დააყენოს.

5. საკრებულოს ფრაქციას და/ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება;

ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი დაბრუნება კომისიაში საკითხის დღის წესრიგიდან მოუხსნელად;

გ) მოითხოვოს დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოვალეა კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას პირველ რიგში კენჭისყრაზე დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო კენჭისყრით დაეთანხმა წამოყენებულ წინადადებას, საკითხი ითვლება უარყოფილად.


მუხლი 79. კენჭისყრის ზოგადი წესი
1. საკრებულოს დადგენილების პროექტს კენჭი ეყრება თითოეული მუხლის, საჭიროების შემთხვევაში პუნქტის (ქვეპუნქტის) მიხედვით. დადგენილების პროექტის ყველა მუხლის გავლის შემდეგ დადგენილებას მთლიანობაში უნდა ეყაროს კენჭი.

2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არ მიღების შემთხვევაში – პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს, მათი რიგითობის მიხედვით.

3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს განხილვის შემდეგ დადგენილების პროექტს მთლიანობაში უყაროს კენჭი, თუ აქტის პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს დადგენილების პროექტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი.

4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთი პროცედურის შემთხვევაში, კენჭისყრის შემდეგ, უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით, ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი.

5. თუ საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), მის ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი), ალტერნატიული ვარიანტებს კენჭი ეყრებათ რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე მათგანი საკრებულოს მიერ იქნა მიღებული, სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრებათ.

6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი) და ამ მუხლთან (პუნქტთან) არა არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არც ერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტობრივ) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრამდე აძლევს პროექტის ინიციატორს წინადადებას ან ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი) რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტი.

7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში ამ მუხლის (პუნქტის) გარეშე.

8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის) ახალი კომპრომისული ვარიანტის მომზადების შესახებ, დოკუმენტის მთლიანობაში კენჭისყრა გადაიდება პროექტის ინიციატორის მიერ შემოთავაზებული დროით.

9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს მთლიანობაში ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი მთლიანობაში იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ის მუხლი (პუნქტი), რომელიც მუხლობრივი (პუნქტობრივი) კენჭისყრის დროს არ იქნა მიღებული. თუ პროექტი მთლიანობაში არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან.

10. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა.

11. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“.


მუხლი 80. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს წევრს, რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს, უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის ან განცხადების უარყოფის შესახებ. ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება, თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.


თავი XII
საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი

 


მუხლი 81. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია: 

ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება.

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და  ამ რეგლამენტით.

3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.


მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:

ა) მერს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) საკრებულოს წევრს;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს, პეტიციის წესით – საკრებულოს დადგენილების პროექტის; მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას;

ე) საერთო კრებას პეტიციის წესით;

2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით.

3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.

4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:

ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;

ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);

გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;

დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;

ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ  ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);

ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.

5. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს  პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).

 


მუხლი 83. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს;

ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივ აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;

გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვის და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;

დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას  და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების და ფრაქციებისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა;

ე) საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს.

ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;

ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში მისი შეტანის რიგითობის შესახებ.

2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.

3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით.

 


მუხლი 84. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 83–ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერის და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. ნორმატიული აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არ არსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. პროექტის განხილვა ხდება, რეგლამენტის 57–ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე  საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.

4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემთანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორიც იყო ინიციირებული, ხელეხალი დებატების გამართვის გარეშე.

6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.

7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ რეგლამენტის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.

8. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ ცვლილებები შეტანილ იქნა, წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილ ცვლილებათა ერთ ტექსტამდე დაყვანის მიზნით.

9. კენჭისყრა ტარდება ამ რეგლამენტის 77-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.


თავი XIII
საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი

(განსაკუთრებული პროცედურები)

 


მუხლი 85. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
1. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა, და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით” და ამ რეგლამენტით.

2. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მერს.

3. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს არა უგვანეს შესაბამისი წლის 15 ნოემბრისა.

4. მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისიები, რომელსაც გადაეცათ პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის (წლებისათვის) და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:

გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს;

გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;

გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

დ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;

ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ვ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;

თ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.

7. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;

ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას.


მუხლი 86. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.

2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს.

3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არა უგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს.

4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მერს.

5. მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.

6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მერის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში.


მუხლი 87. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება:

ა) შენიშვნების არ არსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა;

ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ერთი კვირისა;

 2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.

3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57–ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს ერთი მხრივ ნომერთა რიგის მიხედვით და მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდნენ ცალკე უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას.

5. პირველად განიხილება ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ  პროექტის ცალ-ცალკე მუხლები.

6. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ  ცალ-ცალკე მუხლების.

7. როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.

8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

10. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.


მუხლი 88. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა მონაწილეობით.

2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს საკრებულო ამ რეგლამენტის 86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესით.


მუხლი 89. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
1. ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (გარდა რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში არაუგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან სამი თვის ვადაში.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აისახება:

ა) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების როგორც საერთო მოცულობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების, ისე შემოსავლის ყოველი სახეობის, თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად;

ბ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;

გ) წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების, მათ შორის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა;

დ) წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.

3. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ხელმისაწვდომობას  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.


მუხლი 90. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

3. საკრებულოს შესაბამისი კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 125–ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.

5. საკრებულო საზოგადოებრივი დარბაზთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა.

6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო თანამომხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).

7. მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

9. საკრებულო, არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას.


მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ.

3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.

4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მერის თანხმობით და/ან მერის მიერ.

5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად.


მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
1. მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.

2. ინიციატორი, თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მერი.

3. საკრებულოს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე).

4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო, ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე.

5. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

6. მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.

 


მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს  იურიდიულ საკითხთა  კომისიას.

2.იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის  შესახებ  მიიღება  ცნობის  სახით  კენჭისყრის  გარეშე,  გარდა  საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ე" და „ვ“  ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია  კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.


მუხლი 94. პეტიცია
1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;

ბ) საერთო კრებას. 

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.

3. საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო კრების სახელით პეტიციის წარდგენას უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირი.

4. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.  პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

5. პეტიცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;

ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.

6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

7. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებას.

8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ რეგლამენტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

9. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

12. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე;

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს;

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში, მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

16. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას.

17. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

18. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

21. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

22. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.


მუხლი 95. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
1. მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი ხელახალი განხილვის საკითხი მისი აუცილებლობის მოთხოვნით.

2. საკრებულოს შესაბამის კომისიას და/ან საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

3. მერს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს.

4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვას იწყებს ამ რეგლამენტის  84-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.

5. თუ საკრებულოს მიერ ხელახლა იქნა უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტი, იგი მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად.


თავი XIV
საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება

მუხლი 96. არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი
1. საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით.

2. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.


მუხლი 97. არჩეულ პირთა გაწვევის ზოგადი წესი
საკრებულოს მიერ არჩეულ პირთა გაწვევა ხდება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არაა დადგენილი.

მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 

4. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ ან უარი განაცხადოს კანდიდატობაზე  მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე.

5. კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს ამ კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

6. კანდიდატთა ერთიანი სიის შეედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.

7. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით. 

8. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობას  (ხმის დამთვლელი დროებითი კომისია).

9. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი  შემოხაზავს იმ კანდიდატურის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიულ საკითხთა (ხმის დამთვლელი) კომისიის თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი უშვებს კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთში.

10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა (ხმის დამთვლელი დროებითი კომისია) კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის  კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.

11. იურიდიულ საკითხთა  (ხმის დამთვლელი დროებითი კომისია) კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმს საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

12. საკრებულოს თავმჯდომარედ  არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

13. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

14. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 

15. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.


მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

2. მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3–ის მიერ. ხელმოწერილი მოთხოვნა  ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას და რეგისტრაციაში ატარებს მოთხოვნას. მოთხოვნა იმავდროულად შეიძლება შეიცავდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც.

3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ რეგლამენტის 51–ე მუხლით დადგენილი წესით.

4. თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაში არ არის დასმული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც, საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად.

5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, იმ შემთხვევაში თუ სამივე მოადგილე უარს განაცხადებს ამ მოვალეობის შესრულებაზე  სახდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.

6. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებმა შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება.

7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს სხდომას. მისი ეს უფლება არ შეიძლება იქნეს უარყოფილი.

8. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ფარული კენჭისყრა ბიულეტენების საშუალებით.

9. საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

10. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მერის მოვალეობის შესრულებისას.

 


მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და მოადგილეებად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.


მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.


მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
1. საკრებულო, საკრებულოს რეგლამენტის 23–ე და 24–ე მუხლების შესაბამისად ქმნის საკრებულოს კომისიებს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5 და საკრებულოს ფრაქციას.

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად.


მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ან შესაბამისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტმა.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს კომისიის  თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.


მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2​. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

5. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით.

6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. საკრებულოს წევრის გასვლას და /ან შესვლას    საკრებულოს კომისიაში საკრებულო იღებს ცნობის სახით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.


მუხლი 105. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი
1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20%-ის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

2. თუ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტულად. შესაბამისი ინიციატივის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3.  საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–12 მუხლის მე–7 პუნქტის და ამ რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას.

4. რეგისტრაცის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

5. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას.  რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

6. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ხელმოწერები გროვდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფორმის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 მოქალაქისა, რომლებიც თავად წერენ სახელს, გვარს, დაბადების წელს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერის თარიღს. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც უთითებს თავის მისამართს. მისი ხელმოწერა უნდა დაამოწმოს სანოტარო ბიურომ ან საკრებულოს აპარატის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ფურცლის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ პუნქტის მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას. 

 7. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი თვისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივის თაობაზე განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის არანაკლებ 20%-ი.

8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის შესახებ განცხადებას და ინიციატორებთან თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტი, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე.

9. უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ინიციატივის მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი  (წელი, თვე და რიცხვი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის  ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.

10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის და არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 

11. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის ან წარდგენაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განცხადების რეგიისტრაციიდან, 15 დღის ვადაში იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები. საკრებულოს თავმჯდომარის უარი შეიძლება გასაჩირდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

12. საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ინიციატივის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგენას ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განცხადების რეგიისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა. თუ ინიციატივისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემაზე საკრებულოს თვმჯდომარის უარი სასამართლომ არაკანონიერად ცნო საკრებულო ინიციატივას განიხილავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

13. საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას.

14. საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

15. უნდობლობის საკითხის ინიციირება და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

 


მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
1. საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.

2. საკრებულო კენჭისყრის გარეშე ცნობად იღებს საკრებულოს თანამდებობის პირის განცხადებას გადადგომის შესახებ.


თავი XV
საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი

მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.

3. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.

4. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი.

5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

6. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს მიერ მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.


მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე და ადგილობრივ პრესაში საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება  საკრებულოს ვებგვერდზე, ხოლო პრესაში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.

3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე და პრესაში, ასევე ამ რეგლამენტის 134-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე და ადგილობრივ  პრესაში.

5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე და ადგილობრივ  პრესაში. საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

 


მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
1. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული.


მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
 1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნები სხდომის ოქმის შესახებ შეიძლება შემოტანილი იქნეს ოქმის გაცნობისათვის განკუთვნილ პერიოდში. სხდომის ოქმის სისწორეზე გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას იძლევა დავალებას სხდომის ოქმის შესაბამისად შესწორების შესახებ. თუ დაწესებული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება და დამატებითი შენიშვნა არ იქნა შემოტანილი, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განცხადებით საკრებულოს სხდომას, რომელიც მოცემულ საკითხზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;

დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;

ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ვ) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

ზ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საჯაროდ ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.


მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.

2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე).

3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს;

ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი;

ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები;

გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი;

4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები ინახება საკრებულოს აპარატში, რომლებიც ბარდება არქივს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით;

5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს საკრებულოს სხდომის ოქმი;


თავი XVI
საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება

 


მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია;

ბ) ინფორმაციის გამოთხოვა;

გ) ანგარიშის მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტი;

3. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.

4. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.

6. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

7. ხელშეკრულებას დამოუკიდებელ აუდიტორთან დებს საკრებულოს თავმჯდომარე.

8. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

9. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ.


მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს.

2. შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი ან ზეპირი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება.

4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.

6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის დასმულ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც.


მუხლი 114. ინტერპელაცია
1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც. საკითხი წერილობითი ფორმით ჩაბარდება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს ბიუროზე ადგენს საკითხის განხილვის ვადას. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩაბარებიდან არა უგვიანეს ორი თვის ვადაში.

4. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს. რომელსაც მიეცემა 15 წუთი მაინც განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ  20 წუთი მაინც.

5. ფრაქციის ან შესაბამისი კომისიის მოთხოვნით მოცემულ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დებატები.

6. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს სხდომა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.


მუხლი 115. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა.

2. საკრებულოს კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.

3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.


მუხლი 116. კონტროლი მერიის საქმიანობაზე
1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამის სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.


თავი XVII
მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში

 


მუხლი 117. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად კვირაში ერთხელ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება.

3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩეველთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არა ნაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არა ნაკლებ 10 წუთი).

5. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა  მიღებისა  და დასმული საკითხების აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.  

6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.

7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ.


მუხლი 118. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.

2.  საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილ ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც სხდომაზე დასწრების მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას.

3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტის 57–ე მუხლით დადგენილი წესით და რეგლამენტის 59–ე მუხლით დადგენილი სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა.

4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს;

5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტის 65-ე მუხლით დადგენილი სხდომაზე წესრიგის დაცვის წესები;

6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით ან მის გარეშე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს  წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხებთან დაკავშირებით;


მუხლი 119. საზოგადოებრივი დარბაზი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლების მხრიდან ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საკრებულოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი.

2. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს მისი საზოგადოებრივი დარბაზის წევრად რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეზღუდული.

3. საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით თვეში ერთხელ მაინც.

4. საზოგადოებრივი დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივი დარბაზის რეგისტრირებულ არა ნაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.

5. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი საკრებულოს უხუცესი მოადგილე.

6. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:

ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;

ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;

გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;

დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;

ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები;

ზ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;

თ) განახორციელოს საზოგადოებრივი დარბაზის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

7. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის შედგენას და სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.


მუხლი 120. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.

2. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე შეიძლება შეეხებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე.


მუხლი 121. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფს, უფლება აქვთ საჯარო განცხადებით მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს.

2. საჯარო განცხადებად მიიჩნევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ან მოქმედების შეფასების ან მათი ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი ხელმოწერილი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან მისი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.

3. ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი ან ახსნა-გამარტება გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან გაავრცელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით.

4. მასობრივი საინფორმაციო საშუალება, რომელმაც საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხის ან ახსნა-განმარტების გამოქვეყნება.


მუხლი 122. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა")
1. სამ თვეში ერთხელ მაინც საკრებულო ატარებს ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის სხდომას").

2. ამომრჩეველთა მოსმენა (საკრებულოს ,,ღია კარის სხდომა") ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.

3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრება საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მერი და მერიის თანამდებობის პირები.

4. „ღია კარის სხდომაში” მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს ,,ღია კარის სხდომის” ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც.

5. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის სხდომაში” გამომსვლელთა სიას.

6. „ღია კარის სხდომაში“ მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის მიხედვით.

7. „ღია კარის სხდომაში“ მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი.

8. „ღია კარის სხდომაზე“ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის სხდომაზე“ გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დაზუსტებისათვის კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.

9. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმულ საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ საკითხების შესაბამის კომისიისათვის ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ.

10. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.


მუხლი 123. მომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 ამომრჩეველს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.

2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არა ნაკლებ 10 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით.

3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

4. ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის  და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.

5. ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1%–ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.

6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ რეგლამენტის 105–ე მუხლის მე–8 და მე–9 პუნქტების შესაბამისად.

7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1%–ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.


მუხლი 124. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
1. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორი ამომრჩევლის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) მიერ წარდგენილი სხდომის დღის წესრიგის პროექტის მიხედვით და ასეთ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების თანმიმდევრობის დაცვით.

2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდება საჯაროდ.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორს და/ან მის მიერ წამოყენებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს რეგლამენტის 57–ე მუხლით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და  გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან მიმართებით.


მუხლი 125. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეგროვების, სისტემატიზაციისა და საკითხზე მათი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით.

2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია:

ა) საერთო კრება;

ბ) მოსახლეობის გამოკითხვა;

გ)ინტერაქტიური განხილვა სატელევიზიო გადაცემის, ინტერნეტის ან მასობრივი ინფორმაციის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერიის  სტრუქტურული ერთეულის მიერ საკითხის განხილვისას


მუხლი 126. დასახლების საერთო კრება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 852, 853, 854, 855-ე მუხლებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.


მუხლი 127. მოსახლეობის გამოკითხვა
1. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება თვითმმართველი ერთეულში მცხოვრებ ამომრჩევლებში ან მათ ნაწილში (დასახლებაში ან დასახლებათა ჯგუფში) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მოსახლეობის აზრის გაგების მიზნით.

2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.

3. გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, ბიურო, საკრებულოს კომისია ან საკრებულოს ფრაქცია.

4. გამოკითხვის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

5. გამოკითხვის ჩატარების ფორმას (შერჩევითი სოციოლოგიური გამოკითხვა, თვითმმართველი ერთეულის (დასახლების, დასახლების ჯგუფის) მოსახლეობის გამოკითხვა ერთ კონკრეტულ საკითხზე და ა.შ.) განსაზღვრავს გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი.

6. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში.


მუხლი 128. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშის ჩაბარება;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5%, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოკა, გეოგრაფიულ ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება და სხვ.) გადაწყვეტილების მიღებამდე  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


მუხლი 129. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან  
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან.

2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

3.  საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი. ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს აპარატში.

5. საკრებულოს წევრი, მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს  თავმჯდომარეს


მუხლი 130. საკრებულოს წევრის ანგარიში
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში).

3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი  მოადგილე.

5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება.


მუხლი 131. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
1. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მისი მუშაობის შესახებ რიგგარეშე ანგარიში.

3.  საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.

5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. საკრებულოს მუშაობის ანგარიში განიხილება საზოგადოებრივი დარბაზის მიერ. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 125-ე მუხლით დადგენილი ფორმებით.


მუხლი 132. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მერიის სტრუქტურული ერთეულები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, მერი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერიის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან   ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 დღისა.


მუხლი 133. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
1. ამ დებულების 125–ე მუხლით დადგენილი ფორმებით სავალდებულოა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, თვითმმართველი ერთეულის საზღვრების ცვლილება, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლიკა, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა, გეოგრაფიულ ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების 5%.

2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმას განსაზღვრავს საკრებულო.


მუხლი 134. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში - რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;

ე) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულო წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 

ზ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის  მუშაობის წლიური ანგარიში - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;  

თ)  მერის,  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების,   მერიის იურიდიული პირების, ხელმძღვანელების (უფროსი, დირექტორი და ა.შ)  წლიური  ანგარიში  გაწეული  საქმიანობის  შესახებ  - შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ი) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების დღე;

კ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილება - დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.

ლ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

მ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათი -   მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ნ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდის დებულებით" დადგენილი წესით.

 


თავი XVIII
საკრებულოს აპარატი

 


მუხლი 135. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

 


თავი XIX
საკრებულოს რეგლამენტის დაცვა და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის

მუხლი 136. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
1. საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.

2. საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.


თავი XX
დასკვნითი დებულებები

 


მუხლი 137. საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;

გ) საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;

დ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;

ე) პეტიციის წესით.

3.  საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.