ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016447
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
56
25/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
010250000.35.139.016447
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2022 - 24/03/2023)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2022 წლის 25 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/07/2014 წ. 010250000.35.139.016133).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი



ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულება

ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ  საკითხთა კომისია (შემდგომ ,,კომისია”) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისიის შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლი. 

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. გარემოს დაცვის სფეროში კომისია:

ა)  განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს ჯანსაღი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით;

ბ)  განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს მოსახლეობისათვის ბუნებრივი გარემოთი სარგებლობისათვის საჭირო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით;

გ) უზრუნველყოს მოსახლეობისათვის, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური განათლება,  იზრუნოს გარემოს დაცვითი ცნობიერების დონის ასამაღლებლად;

დ) მონაწილეობს გარემოს დაცვით სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღების პროცესში.

2. აგრარულ საკითხთა სფეროში კომისია:

ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობას.

ბ) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას;

გ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან;

ზ)  სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;

თ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა.

3. კომისია განიხილავს საკრებულოში შემოსული კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ პროექტებს, წერილებს, განცხადებებს და წარუდგენს საკრებულოს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. კომისია აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

5. კომისია  ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხდება საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 37–ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით;

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს ასევე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე;

თ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ი) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

კ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

ლ) ადგენს და კომისიას წარუდგენს სამუშაო გეგმას - უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელებას;

მ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ნ)  საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ო) საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით მიმართავს საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით;

პ) შეიმუშავებს და კომისიის სხდომაზე განიხილავს კომისიის დებულების პროექტს ასევე დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს და შემდგომი რეაგირებისათვის წერილობით მიმართავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

4. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

5. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადაყენების, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.


მუხლი 4. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

ბ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან;

გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება: 

ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.


მუხლი 5. კომისიის სხდომა. 
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. კომისიის სხდომებს იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს  კომისიის თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს რეგლამენტის 26-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის შესაბამისი წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.

3. ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით.

4. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.

6. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.

7. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.


მუხლი 6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.

2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

4. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.


მუხლი 7. კომისიის მუშაობის საერთო წესი
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც საკრებულოს რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით.

4.  ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე გასატან საკითხთან დაკავშირებით ცნობაში მითითებულ მოსაზრებების წარდგენის ვადაში.

5. კომისიის სხდომის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ – სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

6. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

7. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე  მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს.

9. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.

10. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.

 


მუხლი 8. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის  ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებს/სპეციალისტებს.


მუხლი 9. კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. კომისიის სხდომის ოქმს ორი დღის ვადაში ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და შესანახად გადასცემს საკრებულოს აპარატს.

მუხლი 10. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.