სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.023622
411
01/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
300280020.10.003.023622
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2022 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების შესახებ რეკომენდაცი(ებ)ის შემუშავება;

გ) სათანადო ცვლილებების განხორციელება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად შემუშავებული სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განსახორციელებლად სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცება.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და მისი მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების გამოყენების წესისა და პირობების განსაზღვრა.

2. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების ხელშეწყობის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვის წახალისება და, შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ენერგიის მოხმარების შემცირება მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ბაზარზე ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტების წარმოების ხელშეწყობისა და ადგილობრივი ეკონომიკის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

3. წინამდებარე წესით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენებისას, შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების შესახებ.

4. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების მინიმალურ მოთხოვნებს. კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით, შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, ამ წესით განსაზღვრულ დებულებებთან ერთად, დამატებით გამოიყენონ წინამდებარე წესისგან განსხვავებული, უფრო მკაცრი მოთხოვნები და კრიტერიუმები, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნება ამ წესითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებთან შესაბამისობა.

5. ამ წესის №2 დანართში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას.

6. ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული ენერგომომხმარებელი შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, უპირატესობა უნდა მიანიჭონ უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვას.

7. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 2. წესის მოქმედება

1. წინამდებარე წესის №2 დანართში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ამ წესის №1 დანართში მოცემული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვისას გამოიყენონ წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ მისი სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულ ეროვნულ მონეტარულ ზღვრებს და თუ ამგვარი სახელმწიფო შესყიდვა შესაბამისი იქნება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრინციპებთან.

2. წინამდებარე წესით განსაზღვრული დებულებების გამოყენება სავალდებულოა ამ წესის №2 დანართში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის. სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ წინამდებარე წესით განსაზღვრული დებულებები, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.

3. ამ წესით განსაზღვრული დებულებები ვრცელდება ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვაზე. ამასთანავე, წინამდებარე წესი შეიძლება, ნებაყოფლობით გამოყენებულ იქნეს სხვა შესყიდვის ობიექტ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვისას, კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტ(ებ)ის შესაძლებლობების შესწავლისა და აღნიშნული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ბაზარზე ხელმისაწვდომობის ანალიზის საფუძველზე.

4. ამ წესის გამოყენება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულ, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნულ მონეტარულ ზღვრებს. შემსყიდველი ორგანიზაცია/ ორგანიზაციები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან წინამდებარე წესი ნებაყოფლობით გამოიყენოს/გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ეროვნული მონეტარული ზღვრების მიუხედავად, მხოლოდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპები.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე წესის ნებაყოფლობითი გამოყენებისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ღია და ეფექტიანი კონკურენცია, შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობა, ასევე რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა პრინციპებთან შესაბამისობა. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ნებაყოფლობითი გამოყენება შესაბამისი უნდა იყოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებთან.

6. წინამდებარე წესი არ ვრცელდება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების შესყიდვის მიზით სახელმწიფო შესყიდვის კონკურსის ან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე.

7. სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას, წინამდებარე წესის გავრცელების საკითხი განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

მუხლი 3. ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები

1. ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, ეროვნული მონეტარული ზღვარია „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებით დადგენილი მონეტარული ზღვარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების კონვერტაციას შესყიდვის გამოცხადების დღისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის ევროს მიმართ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3. ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები შეიძლება, შეიცვალოს ბაზრის მზადყოფნის შეფასების ანალიზის საფუძველზე, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე საკითხის გათვალისწინებით:

ა) შერჩეული ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტების საშუალო ფასები ქვეყანაში;

ბ) ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში;

გ) ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტების მიმწოდებელთა რაოდენობა.

მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის სახელმძღვანელო პრინციპები

1. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) ხარჯეფექტურობა;

ბ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა;

გ) მდგრადობის ფართო დიაპაზონი;

დ) ტექნიკური შესაბამისობა;

ე) სათანადო კონკურენცია.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლში მოცემულ ეროვნულ მონეტარულ ზღვრებს, ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობა განახორციელონ ამ მუხლით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით და შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შესყიდვის ობიექტები, იმ პირობით, რომ ამგვარი სახელმწიფო შესყიდვა შესაბამისი იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრინციპებთან.

3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხარჯეფექტურობა – მოიცავს შესყიდვის ობიექტის ფასსა და შესყიდვის ობიექტის გამოყენების ისეთ საოპერაციო და არაპირდაპირ დანახარჯებს, როგორებიცაა, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირების პერიოდში ენერგიის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მავნე გავლენის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯები. ხარჯეფექტურობა ყოველთვის უნდა აჭარბებდეს ეკონომიკურ მიზანშეწონილობას;

ბ) ეკონომიკური მიზანშეწონილობა – ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკუთარი ფინანსური ინვესტიციებისა და ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვას, რათა, შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესყიდულ იქნეს მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე იმგვარი შესყიდვის ობიექტი, რომელიც ფუნქციონირებისას არ წარმოშობს გაუმართლებლად მაღალ ხარჯებს შემსყიდველი ორგანიზაციისა და საზოგადოებისთვის;

გ) მდგრადობის ფართო დიაპაზონი – მოიაზრებს წინააღმდეგობას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შესყიდვის ობიექტის მაღალი ენერგოეფექტურობის მახასიათებლებსა და სხვა გარემოსდაცვით კრიტერიუმებს შორის, როგორიცაა შესყიდვის ობიექტის მომწამვლელობა. მდგრადობის ფართო დიაპაზონის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეკოლოგიური რისკები და მათზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება. დაუშვებელია მდგრადობის ფართო დიაპაზონის პრინციპის ბოროტად გამოყენება მაღალი ენერგოეფექტურობის მოთხოვნების გამოყენების თავიდან ასაცილებლად;

დ) ტექნიკური შესაბამისობა – შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს თავსებადი სხვა ობიექტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირებას შედეგად არ უნდა მოჰყვეს შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციისას ან მოვლა-შენახვისას ტექნიკური შეუთავსებლობა ან არაპროპორციული ტექნიკური სირთულეები;

ე) სათანადო კონკურენცია – შეფასებული უნდა იქნეს მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შესყიდვის ობიექტის მოქმედ ან პოტენციურ მიმწოდებლებს შორის ბაზარზე მეტოქეობა.

მუხლი 5. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელება

1. ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით, ამავე წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვისას, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მონეტარულ ზღვრებს, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენებით:

ა) შესყიდვის ობიექტის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების სატენდერო დოკუმენტაციასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტში – სპეციფიკაციების განსაზღვრის მეშვეობით, მათ შორის, ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმის ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესის მითითებით;

ბ) ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების პრეტენდენტთა მიმართ პროფესიული კვალიფიკაციის, შესაბამისი სტანდარტების ქონის, აგრეთვე, ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით დადგენილ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში – განსაზღვრის მეშვეობით.

2. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელება აგრეთვე დასაშვებია შესყიდვის ობიექტის ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით – ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის განხორციელების გზით, რა დროსაც, ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები განსაზღვროს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებში.

3. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციაში შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:

ა) შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით;

ბ) ტექნიკური სპეციფიკაციების სახით;

გ) შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებით, რისი მიზანიცაა შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების დაკმაყოფილების შემოწმება;

დ) შერეულად: შესრულების, ფუნქციური და ტექნიკური სპეციფიკაციების სახით.

4. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას.

5. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული სპეციფიკაციების აღწერა არ უნდა იყოს ბუნდოვანი. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, ცალკეული პროცესის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის პირდაპირი ან/და ირიბი მითითება, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან და როდესაც არ არსებობს აღწერის სხვა, ზუსტი საშუალება, რაც უნდა დასაბუთდეს. დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი აღწერა, რომელიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის აღწერისას გაითვალისწინოს მოთხოვნა კონკრეტული ეტიკეტის, მათ შორის, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი ეტიკეტის ქონის აუცილებლობაზე, იმის დასადასტურებლად, რომ შეთავაზებული შესყიდვის ობიექტი შეესაბამება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, ეტიკეტი ერთდროულად აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

ა) ეტიკეტი ეხება მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვის ობიექტთან და გამოიყენება, როგორც დამკვიდრებული მეთოდი ასეთი შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების განსაზღვრისთვის;

ბ) ეტიკეტის მისაღებად დაწესებული მოთხოვნები ეფუძნება ობიექტურად გადამოწმებად და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს;

გ) ეტიკეტი დამტკიცდა იმგვარი პროცესის შედეგად, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მომხმარებლებს, მეწარმეებს, მწარმოებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;

დ) ეტიკეტის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

ე) მოთხოვნებს ეტიკეტის მისაღებად აწესებს მესამე პირი, რომელზეც ეტიკეტის მიღების მსურველ პრეტენდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა.

7. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები შესაძლებელია, აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტანდარტის მოთხოვნის გამოყენების მეშვეობით, იმ პირობით, რომ ამგვარი მოთხოვნები კავშირშია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საგანთან და მისი ღირებულებისა და მიზნების პროპორციულია.

8. ენერგოეფექტურობის შესაბამისი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების დაწესებისას, ის მეთოდები, რომლებითაც უნდა დადასტურდეს აღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, მათ შორის, ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის მოთხოვნა, მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციაში. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა მიუთითოს შესაბამისობის რა საშუალებების წარდგენა ევალება პრეტენდენტს/მიმწოდებელს.

მუხლი 6. ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმის გამოყენება

1. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განსახორციელებლად, ამ წესის №2 დანართში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის ელემენტების ინტეგრირებას სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომის გამოყენების, აგრეთვე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრის გზით. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმის გამოყენება კავშირში უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საგანთან, აგრეთვე უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საგნის ღირებულებისა და შესყიდვის მიზნების პროპორციული.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმები და შეიმუშაოს შეფასების კრიტერიუმები, კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურებისა და შესყიდვის მიზნის გათვალისწინებით. აღნიშნული კრიტერიუმები კავშირში უნდა იყოს შესყიდვის ობიექტთან და შესაძლებელია უკავშირდებოდეს, მათ შორის:

ა) შესყიდვის ობიექტის ხარისხს;

ბ) ფასს;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ შესაძლებლობებს;

დ) ფუნქციურ ან/და გარემოსდაცვით/ენერგოეფექტურობის მახასიათებლებს;

ე) ფუნქციონირების ხარჯებს;

ვ) ხარჯების ეკონომიას;

ზ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;

თ) ტექნიკურ მხარდაჭერას;

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას.

3. ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმის გამოყენებისას, სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომა მოიცავს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, ფუნქციონირების ხარჯებს, როგორებიცაა ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების ხარჯები შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირების განმავლობაში, შესყიდვის ობიექტის ფასს, შესყიდვის ობიექტის მოვლა-შენახვის ხარჯებს, შეცვლის, განადგურებისა და გადამუშავების იმ ხარჯებს, რომლებიც ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

4. ამ წესის №1 დანართში მოცემული შესყიდვის ობიექტის შესყიდვისას, იმისათვის, რომ განისაზღვროს ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განსახორციელებლად სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების კრიტერიუმი აგრეთვე გამოიყენოს შესყიდვის ობიექტის ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით – ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის განხორციელების გზით. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული დებულებები განსაზღვროს:

ა) მოთხოვნებში, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი და მისი სატენდერო წინადადება უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და რომელთა დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

ბ) თვლად კრიტერიუმებში, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, უმაღლეს შეფასებებს იღებს ის პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული ენერგოეფექტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებული წინადადების შეფასების კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად აღემატება სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას;

გ) თვლად კრიტერიუმებში, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, უმაღლეს შეფასებას იღებს ის პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული ენერგოეფექტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებული წინადადების შეფასების კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას;

დ) კრიტერიუმებში, რომლებიც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის განსაზღვრის მეთოდოლოგიით.

მუხლი 7. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

1. ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, არ გამოიყენოს წინამდებარე წესით განსაზღვრული დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ წესის №1 დანართში მოცემული კონკრეტული შესყიდვის ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესების გამოყენება არ იქნება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, უნდა განიმარტოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესების გამოუყენებლობის მიზეზი და საფუძველი, კონკრეტულ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.

მუხლი 8. ენერგოეფექტურობის პირობები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ზოგად დებულებებთან, აგრეთვე, სატენდერო პირობებში განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან ან/და პრეტენდენტისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან ერთად, შესყიდვის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით, იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტში მიუთითოს შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ა) მიმწოდებელი, მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია, განსაზღვროს და აკონტროლოს შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირებისას აქროლებადი ქიმიკატების, აეროზოლების, კოროზიების, ნაწილაკებისა და ოზონის დამშლელი ქიმიკატების ფუნქციონირების/გამოყენების შედეგად წარმოქმნილი წვის ქვეპროდუქტების ჰაერში გამოყოფა;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, მიზნად დაისახოს კლიმატის ცვლილებებზე ზემოქმედების თავიდან არიდება, მათ შორის, შემდეგი ზომების მიღებით:

ბ.ა) მიმწოდებელმა უნდა მიიღოს ეფექტური ზომები სათბური გაზების გაფრქვევების ან/და გარემოსთვის ზიანის მომტანი ჰაერის სხვა ემისიების წინააღმდეგ საბრძოლველად;

ბ.ბ) მიმწოდებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს ენერგიის მენეჯმენტისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას. მაგალითად, ახორციელებდეს იმ პროდუქტების გამოყენებას/მომარაგებას, რომლებიც, სულ მცირე, აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს;

გ) მიმწოდებელმა არ უნდა გამოიყენოს ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხის შემცველ, ტოქსიკურ (მომწამვლელ) ქიმიკატებს ან სხვა ნივთიერებებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების  სატენდერო დოკუმენტაციაში, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტში მითითებისას, სატენდერო პირობებით მკაფიოდ უნდა დადგინდეს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების რა საშუალებები უნდა წარადგინოს მიმწოდებელმა.

მუხლი 9. პასუხისმგებელი უწყება

1. საქართველოში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების მდგომარეობის შესწავლასა და გაანალიზებაზე პასუხისმგებელი უწყებაა სააგენტო.

2. სააგენტო უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელებისას გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წინადადებების (შეთავაზებების) წარდგენას, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის გადაწყვეტა აღემატება სააგენტოს კომპეტენციას.

3. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშავოს რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელებისათვის და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე, ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების ცვლილების თაობაზე;

გ) მოუწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციებს, შესყიდვის დაგეგმვისას გაითვალისწინონ კრიტიკული აუცილებლობა და მხედველობაში მიიღონ შესყიდვის საჭიროება, კონკრეტული შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ენერგიის მოხმარების შემცირებით ან/და შესყიდვის ობიექტ(ებ)ის მოხმარების შემცირებით ან/და შესყიდვის ობიექტ(ებ)ის გამოყენების თავიდან არიდებით;

დ) მოუწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციებს, გადახედონ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ სპეციფიკაციებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის, მათ შორის, შესყიდვასთან დაკავშირებით ისეთი ალტერნატივების იდენტიფიცირებით, როგორებიცაა ხელახლა გამოყენება, დაქირავება ან შესყიდვის ობიექტის გაზიარება;

ე) ჩაატაროს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების თაობაზე ტრენინგები და უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.

4. სააგენტო ვალდებულია:

ა) შეაგროვოს მონაცემები ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

ბ) გაანალიზოს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშები და უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების ყოველწლიური შეფასება;

გ) ფინანსურ ჭრილში განსაზღვროს ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წილი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მთლიან მოცულობაში;

დ) მოამზადოს და წელიწადში ერთხელ, 15 მაისამდე, თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების შესახებ;

ე) მონაწილეობა მიიღოს მონაცემთა შეგროვების პერიოდულ სავარჯიშოებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 10. მონიტორინგი და კონტროლი

1. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში ჩართული პირი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო პირობებსა და დოკუმენტაციაში მითითებული შესაბამისი წესები.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ამ წესით განსაზღვრულზე მკაცრი წესები, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი ვალდებულია, გამოიყენოს უფრო მკაცრი დებულებები.

3. სატენდერო დოკუმენტაციაში შესაბამისი ენერგოეფექტურობის კრიტერიუმისა და მოთხოვნების მითითებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განსაზღვროს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მეთოდები. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციაში მიუთითოს, თუ რა სახის დოკუმენტის, მათ შორის, სერტიფიკატის წარდგენა შეუძლია პრეტენდენტს/მიმწოდებელს მის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება წერილობითი ფორმით უნდა მიეთითოს სატენდერო დოკუმენტაციასა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიმწოდებელი, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარე, შებოჭილი იყოს აღნიშნული ვალდებულებით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საჭიროებისამებრ, შეამოწმოს და გააკონტროლოს შესყიდვის ობიექტის ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობა.

5. შესყიდვის ობიექტის სატენდერო პირობებში მითითებულ ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებთან, აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, დოკუმენტური მტკიცებულებების შემოწმებით ან/და ექსპერტიზის დასკვნით.

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესყიდვის ობიექტის ენერგოეფექტურობის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია მიწოდებულ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეამოწმოს შესყიდვის ობიექტის შესახებ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია მიწოდებულ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;

გ) მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი მახასიათებლების, მათ შორის, ხარისხის დასადგენად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მოითხოვოს ნიმუშის წარდგენა ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

გ.ა) თუ ეს კონკრეტულად მითითებულია სატენდერო პირობებში;

გ.ბ) ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუძლებელია მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან საჭირო მტკიცებულების მოპოვება მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დასადასტურებლად და შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნისას და, შესაბამისად, ნიმუშის აღებისას სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უარს აცხადებს ნიმუშის აღების პროცედურაში მონაწილეობაზე, ნიმუში უნდა იქნეს აღებული მისი მონაწილეობის/დასწრების გარეშე. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს ნიმუშის აღების შესახებ ანგარიში.

8. მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნისა და კრიტერიუმის დარღვევა შეიძლება გახდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, თუ აღნიშნულის შესახებ მკაფიოდაა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციასა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში.

9. ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 მარტისა, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში სახელმწიფო შესყიდვებში ენერგოეფექტურობის განხორციელების შესახებ, მათ შორის, წარუდგინოს ინფორმაცია ენერგოეფექტური შესყიდვის ობიექტების შესყიდვისა და ამ წესის გამოყენების შედეგად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის თაობაზე.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების, აგრეთვე იმ მიმწოდებლის თაობაზე, რომელთანაც დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, აგრეთვე, ინფორმაციას ამ წესის №1 დანართში მოცემული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვის ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის თაობაზე. ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას და შესაბამის დასაბუთებას ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო შესყიდვებში ენერგოეფექტურობის განხორციელების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

დანართი №1

იმ შესყიდვის ობიექტების CPV კოდები, რომელთა შესყიდვისას სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენება

 

კლასიფიკატორის კოდი (CPV)

შესყიდვის ობიექტის დასახელება

  1.  

09331000

მზის პანელები

  1.  

31500000

გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები (გარდა ელექტროვარვარა ნათურებისა CPV 31510000)

  1.  

32324100

ფერადი ტელევიზორები

  1.  

32324600

ციფრული ტელევიზორები

  1.  

39711100

მაცივრები და საყინულეები

  1.  

39711360

 ღუმელები

  1.  

39714110

გამწოვი ვენტილატორები

  1.  

42214100

საჭმლის მოსამზადებელი ღუმელები

  1.  

39713100

ჭურჭლის სარეცხი მანქანები

  1.  

39713200

ტანსაცმლის სარეცხი და საშრობი მანქანები (გარდა საშრობი და საუთოებელი მოწყობილობებისა CPV 39713211)

  1.  

39717100

ვენტილატორები

  1.  

39714000

სავენტილაციო ან გამწოვი კარადები

  1.  

39721310

ჰაერგამათბობლები

  1.  

39721410

გაზის დანადგარები

  1.  

39715000

წყლის გამაცხელებლები და შენობების გასათბობი სისტემა, სანტექნიკის მოწყობილობა (გარდა სანტექნიკის მოწყობილობებისა CPV 39715300 )

  1.  

42512000

ჰაერის კონდიცირების საშუალებები (გარდა ავტომობილის კონდიციონერების CPV 42512400 და

კონდიციონერების ნაწილებისა CPV 42512500)

 

  1.  

42160000

ბოილერის დანადგარები (გარდა ორთქლის ბოილერების CPV 42162000, ორთქლის გენერატორების CPV 42163000, დამატებითი მოწყობილობისა ბოილერებისთვის CPV 42164000 და ორთქლის კონდენსატორებისა CPV 42165000)

  1.  

44621000

რადიატორები და ბოილერები

  1.  

42513000

სამაცივრე და საყინულე დანადგარები

 

  1.  

42716200

საშრობი მანქანები


დანართი №2

იმ შემსყიდველ ორგანიზაციათა სია, რომელთათვისაც სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრების გამოყენება

 

ა) საქართველოს სამინისტროები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

 

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

 

გ) შემდეგი მუნიციპალიტეტის ორგანოები:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

2. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

3. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია;

4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია;

 

დ) შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საწარმოები, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი;

10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური;

11. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

12. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;

13. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“;

14. სს „საქართველოს რკინიგზა“;

15. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“;

16. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

17. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“;

18. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;

19. შპს „თბილსერვის ჯგუფი“;

20. შპს „საქაერონავიგაცია“;

21. შპს „გარდაბნის თბოსადგური“;

22. შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“;

23. შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“;

24. შპს „ემ თი ეი“;

25. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“;

26. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“;

27. შპს „ენგურჰესი“;

28. შპს „საქართველოს მელიორაცია“;

29. ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ამავე ჰოლდინგში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები;

30. ა(ა)იპ – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.