საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 17/08/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
228
17/08/1990
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1990
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/08/1990 - 27/02/1991)

საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. არჩევნების საფუძვლები

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ‒ უზენაესი საბჭოს არჩევნები ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

უზენაეს საბჭოში აირჩევა 250 დეპუტატი ხუთი წლის ვადით. მათგან 125 აირჩევა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ხოლო 125 პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე სრულიად საქართველოს პარტიული სიების მიხედვით.

საქართველოს უზენაესი საბჭოს ყველა წევრს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვს.

მუხლი 2. საყოველთაო საარჩევნო უფლება

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნები საყოველთაოა:

არჩევის უფლება აქვს საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად  მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 23 წელი შეუსრულდა და საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, პოლიტიკური შეხედულებების, სარწმუნოების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის მიუხედავად.

საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორზე მეტი საბჭოს წევრი.

ის პირნი, რომლებიც მსახურობენ ისეთ სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას, არ მონაწილეობენ საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებში.

არჩევნებში არ მონაწილეობენ ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქენი, რომლებიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, აგრეთვე ის პირები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფებიან.

მუხლი 3. თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნები თანასწორია: ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს; საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

მუხლი 4. პირდაპირი საარჩევნო უფლება

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნები პირდაპირია; უზენაეს საბჭოში დეპუტატებს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.

მუხლი 5. ფარული კენჭისყრა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება; კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლინებისადმი დაუშვებელია.

მუხლი 6. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.

მუხლი 7. მოქალაქეების, მათი გაერთიანებების, შრომითი კოლექტივების, საშუალო-სპეციალური და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების მონაწილეობა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში

საქართველოს მოქალაქენი საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობენ როგორც პოლიტიკური პარტიების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების მეშვეობით, ისე უშუალოდაც.

პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები, შრომითი კოლექტივები, საშუალო სპეციალური და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივები მონაწილეობენ საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა
არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში როგორც საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით, ისე უშუალოდაც.

მუხლი 8. საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატთა დასახელების უფლება

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატთა დასახელების
უფლება აქვთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს (პოლიტიკურ ორგანიზაციებს,
მოძრაობებს, კავშირებს და ა. შ. ‒ ტექსტში შემდგომ „პარტიებს“), რომელთა მოქმედებაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ გაერთიანებებს ‒ საარჩევნო ბლოებს და ამომრჩეველთა ჯგუფებს განცხადების წარდგენის გზით.

პარტია წარმოადგენს საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც ხელს უწყობს ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩეული თავისი წარმომადგენლების მეშვეობით და სხვა დემოკრატიული ფორმებით მონაწილეობს რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში.

პარტიებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო სუვერენიტეტს, დემოკრატიის პრინციპებს, ეროვნული თანხმობის იდეას. 

ყველა პარტია თავისი პროგრამითა და წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციათა შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

აკრძალულია ისეთი პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადური შეცვლა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივება. აკრძალულია აგრეთვე ისეთი პარტიების საქმიანობა, რომლებიც ეწევიან ომის პროპაგანდას, ხელყოფენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მოთხოვნებს.

მუხლი 9. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

ის პირნი, რომლებიც შედიან საქართველოს მინისტრთა საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოების შემადგენლობაში, გარდა მათი თავმჯდომარეებისა, მათი მოადგილეები, საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის მმართველობის სხვა რესპუბლიკურ ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, პირნი, რომლებიც შედიან ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების შემადგენლობაში, ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების უწყებათა განყოფილებათა და სამმართველოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, მართლმსაჯულების ორგანოებში არჩეული პირები, საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის მთავარი სახელმწიფო არბიტრები და სახელმწიფო არბიტრები. საქართველოს პროკურორი, მისი ქვემდგომი პროკურორები და მათი მოადგილეები, საქართველოს კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები არ შეიძლება იმავე დროს იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები.

მუხლი 10. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები, საარჩევნო ფონდი

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამ ხარჯების სავარაუდო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას ადგენს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დამთავრების შემდეგ მას ამტკიცებს ახლად არჩეული უზენაესი საბჭო.

ამასთან ერთად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან საარჩევნო ფონდები, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ თავისი სახსრები, საქართველოს მოქალაქეთა, შრომით კოლექტივთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოძრაობათა შეწირულობანი. ამ მიზნით თავისი სახსრების გამოყენების თაობაზე შრომითი კოლექტივები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები იღებენ გადაწყვეტილებას.

საარჩევნო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული პარტიისათვის, საარჩევნო ბლოკისათვის, დამოუკიდებელი კანდიდატისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილი თანხის გაოთხკეცებული ოდენობას. საარჩევნო ფონდს ჰყავს გამგებელი, რომელსაც ნიშნავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირი, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირნი, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი და რომელსაც მისი დამნიშვნელის განცხადების საფუძველზე საქართველოს შემნახველი ბანკი უხსნის ანგარიშს წარწერით „საარჩევნო ფონდი“.

არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 45-50 დღით ადრე.

არჩევნების დამთავრების შემდეგ, თუ პარტიულმა სიამ მოაგროვა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა, პარტიის საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება პარტიის ანგარიშზე, საარჩევნო ბლოკისა ‒ თანაბრად მასში შემავალი პარტიების ანგარიშებზე; წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისა ‒ მისი განკარგულებით საქართველოს რომელიმე საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიშზე.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა ცენტრალური საარჩევნო კომისია და არჩევნების მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და უზენაესი საბჭოს წევრებად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები საჯაროდ აქვეყნებენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისას ‒ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობას.

მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოები უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ მასალებს, არჩევნების მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებსა და სხვა მასალებს ამ კანონით დადგენილ ფარგლებში.

მუხლი 11. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას ახორციელებენ საარჩევნო კომისიები ღიად და საჯაროდ. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნას, საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, ადგილსამყოფელს, მუშაობის დროს, ამომრჩეველთა სიებს, არჩევნების მონაწილე პარტიებისა დ საარჩევნო ბლოკების ნუსხას, მათ მიერ პერსონალურად წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა სიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, აწვდიან ცნობებს დეპუტატობის კანდიდატთა, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესახებ.

საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დეპუტატობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების თითო წარმომადგენელს, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს, მეთვალყურეებს სხვა სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების, პერსონალურად წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიების (საარჩევნო ბლოკების) თითო წარმომადგენელსაც.

წარმომადგენელთა უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საბუთით ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების ხელმძღვანელი ორგანოების სხდომების ოქმების ამონაწერებით, დამოუკიდებელი და პერსონალურად წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ხელმძღვანელი პირის (ხელმძღვანელ პირთა) წარდგინებით წარდგინება და ოქმის ამონაწერის შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 24 საათის განმავლობაში. უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია იძლევა დასაბუთებულ წერილობით პასუხს, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას.

მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე. საარჩევნო კომისიები, პარტიები, საარჩევნო ბლოკები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, შრომითი კოლექტივები აწვდიან მათ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საშუალება ეძლევა ყოველ დილით საქართველოს რადიოთი და ყოველ საღამოს საქართველოს ტელევიზიით გადასცეს ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციას გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მიერ ამ მიზნით საგანგებოდ დანიშნული პირი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების ანგარიშებს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სისტემატურად აქვეყნებენ რესპუბლიკური გაზეთები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებისას ‒ შესაბამისი რაიონული (საქალაქო) გაზეთები.

მუხლი 12. პასუხისმგებლობა არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის

იმ პირებს, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით ხელს უშლიან იმას, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისუფლად განახორციელოს თავისი უფლება ‒ აირჩიოს და იყოს არჩეული დეპუტატად საქართველოს უზენაეს საბჭოში, ეწეოდეს წინასაარჩევნო აგიტაციას, პირებს რომლებიც ერევიან საარჩევნო კომისიების მუშაობაში და ხელს უშლიან საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას, კანდიდატის რეგისტრაციასთან, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, აქვეყნებენ ან სხვა საშუალებებით ავრცელებენ დეპუტატობის კანდიდატის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს ან აგიტაციას ეწევიან არჩევნების დღეს, აგრეთვე საარჩევნო კომისიების წევრებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების თანამდებობის პირებს, რომლებმაც გააყალბეს საარჩევნო დოკუმენტები, განზრახ არასწორად დათვალეს ხმები, დაარღვიეს კენჭისყრის საიდუმლოება, საარჩევნო კომისიებს არ წარუდგინეს საჭირო მასალები და მონაცემები ან არ შეასრულეს მათი გადაწყვეტილებები, ეკისრებათ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

იმ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც დაუშვებენ ამ კანონით დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრული ოდენობის გადამეტებას, ჩამოერთმევათ საქართველოს უზენაეს საბჭოში მათ მიერ მოპოვებული მანდატები და ექვსი წლით აეკრძალებათ უზენაესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს იმავე ვადით ჩამოერთმევა უფლება არჩეულ იქნეს საქართველოს უზენაეს საბჭოში საქმეებს ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

II. არჩევნების დანიშვნა

არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

მუხლი 13. არჩევნების დანიშვნა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს ნიშნავს საქართველოს უზენაესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ოთხი თვისა.

ცნობა არჩევნების დღის შესახებ ქვეყნდება რესპუბლიკურ და ადგილობრივ გაზეთებში არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

მუხლი 14. არჩევნების მონაწილე პარტიების რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისა და საარჩევნო კომისიებში თავისი წარმომადგენლების დანიშვნის უფლების მისაღებად პარტიებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რისთვისაც არჩევნებამდე არა უადრეს 64-ე და არა უგვიანეს 58-ე დღისა კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადება და პარტიის წესდება-პროგრამა. განცხადებაში დასახელებული უნდა იყოს პარტიის პასუხისმგებელი წარმომადგენელი მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. 

განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა კომისიამ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს პარტია და მისცეს სათანადო ცნობა მის წარმომადგენელს.

პარტიას უარი ეთქმევა რეგისტრაციაში გატარებაზე, თუ მისი წესდება,
პროგრამა ან საქმიანობა ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიებისათვის ამ
ნონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში.

რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიათა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრირებაზე, და უარის თქმის მიზეზებს.

მუხლი 15. საარჩევნო ბლოკები და მათი რეგისტრაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტიებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკებად (ბლოკს შეიძლება ეწოდოს სახელი), რომელთა რეგისტრირებაც იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების რეგისტრაციის დაწყებიდან მე-3 დღეს და მთავრდება არჩევნებამდე 40 დღით ადრე. კომისიისათვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი, მასში დასახელებული უნდა იყოს ბლოკის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ.

განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ.

საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად გაერთიანებული იყოს სხვა საარჩევნო ბლოკში ანდა დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

III. საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

მუხლი 16. საარჩევნო ოლქები

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებისათვის იქმნება 125 საარჩევნო ოლქი.

საარჩევნო ოლქებს ქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და ამ ერთეულებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით და არჩევნებამდე არა უგვიანეს 58-ე დღისა რესპუბლიკურ გაზეთებში აქვეყნებს მათ სიას ოლქების საზღვრების მითითებით. 

მუხლი 17. საარჩევნო უბნები

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უბნებად.

საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან საარჩევნო ოლქს გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებშიც, რომელთა საარჩევნო ოლქისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო უბნებს ქმნიან საოლქო საარჩევნო კომისიები სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების წარდგინებით და მათთან შეთანხმებით, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება მინისტრთა საბჭოს წარდგინებით.

საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა. ძნელად მისადგომ რაიონებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში ‒ არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში უბნების შექმნიდან ორი დღის ვადაში აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს.

IV. საარჩევნო კომისიები

მუხლი 18. საარჩევნო კომისიების სისტემა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ჩასატარებლად
იქმნება საარჩევნო კომისიები:

ა) საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური
საარჩევნო კომისია;

ბ) საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საოლქო სარჩევნო კომისიები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.

მუხლი 19. საარჩევნო კომისიების წევრობა

საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება დანიშნული იყოს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატი, ნებისმიერი დონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს, მისი პრეზიდიუმისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი, არჩევნების მონაწილე პარტიის საარჩევნო ბლოკისა და დეპუტატობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საფუძველზე;

ბ) გადადგომის შემთხვევაში;

გ) გაწვევის ან უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში.

მუხლი 20. საარჩევნო კომისიათა მუშაობის ორგანიზაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და კომისიების მდივნებს ირჩევენ შესაბამისი კომისიის სხდომაზე მათი შექმნისთანავე.

საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. კომისიის წევრები სხდომაში მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ კომისიას თავმჯდომარე არა ჰყავს ან მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები (საოლქო საარჩევნო კომისიიდან არა უმეტეს ორი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიიდან არა უმეტეს ერთი პირისა) არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განთავისუფლდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. ამასთან, მათ დაენიშნებათ ხელფასი არა უმცირეს მათი საშუალო ხელფასისა არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და წევრებს მათი უფლებამოსილების დანარჩენი დროის
პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირთ უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში არჩევნების მონაწილე პარტიებისა დეპუტატობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მუხლი 21. საარჩევნო კომისიათა სამუშაო ჯგუფები

არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება შეიქმნას საარჩევნო კომისიების სამუშაო
ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების წევრებს, მათ შორის კომისიის ხაზინადარს, ნიშნავენ:

ცენტრალური საარჩევნო კომისიისას ‒ თვით კომისია,  საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისას ‒ საოლქო საარჩევნო კომისია.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფების წევრებს შეიძლება აუნაზღაურდეთ მათ მიერ შესრულებული სამუშაო.

მუხლი 22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის მდივნისა და არანაკლებ 12 წევრისაგან.

კომისიის თავმჯდომარესა და 4 წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი არჩევნებამდე არა უადრეს 66-ე და არა უგვიანეს 65-ე დღისა რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა საოლქო, რაიონული და საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა) საბჭოების პრეზიდიუმების ან აღმასრულებელი კომიტეტების, პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების წინადადებათა გათვალისწინებით. დასახელების ორგანიზაციებმა თავისი წინადადებები უნდა წარუდგინონ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს არჩევნებამდე არა უგვიანეს 67-ე დღისა. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აქვეყნებს რესპუბლიკურ გაზეთებში. იქვე მითითებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართი და ტელეფონის ნომრები.

კომისიის კიდევ თითო წევრს ნიშნავენ ავტონომიური ფორმირებების შესაბამისი საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები არჩევნებამდე არა უგვიანეს 53-ე დღისა.

პარტიებს, მას შემდეგ, რაც ისინი რეგისტრაციას გაივლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, უფლება აქვთ დანიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითო წევრი, თუ მათი წარმომადგენელი არ არის არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. პარტიებმა თავისი გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა შეატყობინონ ამ არჩევნებამდე უგვიანეს 53-ე დღისა.

თუ არჩევნებამდე 52-ე დღეს კომისიის შემადგენლობაში 15 პირზე ნაკლები აღმოჩნდა, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 15-მდე შესავსებად.

კომისიის შექმნიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნებამდე არა უადრეს 53 დღისა, იგი თავის წევრთაგან ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა მთავრდება საქართველოს უზენაესი საბჭოს მომდევნო არჩევნების დანიშვნის დღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საქართველოს უზენაესი და ადგილობრივი საბჭოების ოფიციალურ ორგანოებში ‒ გაზეთებსა და უწყებებში.

მუხლი 23. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობით შექმნამდე მისი სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება სხდომის დღეს კომისიის ფაქტობრივი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია:

1) კონტროლს უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვანი გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში განმარტავს ამ კანონის დებულებებს; თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ინსტრუქციებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის აუცილებელი და ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხების გადასაჭრელად;

2) ქმნის საარჩევნო ოლქებს და აკუთვნებს მათ სახელებსა და ნომრებს;

3) წყვეტს საარჩევნო ოლქისათვის იმ საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იქმნება;

4) აქვეყნებს საარჩევნო კომისიების წევრებად წარდგენისა და დანიშვნის დაწყების და დამთავრების თარიღებს, მათ მიერ დეპუტატობის კანდიდატთა სიებისა და ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის და რეგისტრაციის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;

5) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, მათი დეპუტატობის კანდიდატთა სიებს; აძლევს სათანადო მოწმობებს დეპუტატობის კანდიდატებს;

6) წარმართავს საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

7) ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს; უნაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს;

ი) ადგენს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩეველთა სიების, საარჩევნო კომისიების სხდომათა ოქმების, სხვა საარჩევნო დოკუმენტების ფორმებს, საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს, საარჩევნო დოკუმენტების შენახვის წესს;

9) უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიაში პარტიებისა და პერსონალურად დასახელებული დეპუტატობის კანდიდატთა მონაწილეობის თანასწორ პირობებს, პლაკატების გამოცემას პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებებით, დეპუტატობის კანდიდატების სიებითა და კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებით;

10) განსაზღვრავს საარჩევნო კამპანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონის შესაბამისად;

11) განსაზღვრავს საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას;

12) ამტკიცებს პარტიული სიებით არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტს, უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებით საოლქო კომისიების მომარაგებას;

13) ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნების მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა საერთო რაოდენობას, საერთო გამყოფს ყოველი პარტიული სიის მიხედვით არჩეული დეპუტატთა რაოდენობას;

14) აჯამებს რესპუბლიკაში არჩევნების შედეგებს, არჩევნების დღიდან 10 დღის ვადაში პრესაში აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ. საქართველოს უზენაეს საბჭოში არჩეულ დეპუტატთა სიას; რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ დეპუტატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს.

15) გადასცემს საქართველოს უზენაესი საბჭოს სამანდატო კომისიას დეპუტატთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

16) ნიშნავს პარტიული სიებისათვის ხელახალ ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

17) ნიშნავს ხელახალი არჩევნებს საარჩევნო ოლქებში;

18) პარტიული სიით არჩეული დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი საბჭოს სამანდატო კომისიას წარუდგენს ამ კანონის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

19) საარჩევნო ოლქებში არჩეული დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში შესაბამის ოლქებში ნიშნავს დეპუტატთა არჩევნებს საქართველოს უზენაეს საბჭოში და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;

20) განიხილავს საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები.

21) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად.

მუხლი 24. საოლქო საარჩევნო კომისიების შექმნა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საოლქო საარჩევნო კომისიები იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 10 წევრისაგან.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და 4 წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საარჩევნო ოლქების სიის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 6 და არა უგვიანეს 9 დღისა რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა შესაბამისი რაიონული, საქალაქო (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და ქალაქებისა, რომლებსაც აქვთ რაიონული დაყოფა), ქალაქის რაიონული საბჭოების პრეზიდიუმების ან აღმასრულებელი კომიტეტების, პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობის, საარჩევნო ოლქში განლაგებული შრომითი კოლექტივებისა და საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წინადადებათა გათვალისწინებით. დასახელებულმა ორგანიზაციებმა თავისი წინადადებები უნდა წარუდგინონ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს საარჩევნო ოლქების სიის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მე-6 დღეს. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც პრეზიდიუმს წარუდგინეს თავიანთი წინადადებანი და არა უგვიანეს მე-3 დღისა აქვეყნებს რესპუბლიკურ გაზეთებსა და შესაბამის რესპუბლიკურ, საოლქო, რაიონული (საქალაქო) გაზეთებში კომისიების შემადგენლობას, მათ ადგილსამყოფელსა და ტელეფონის ნომრებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითო წევრი შეუძლიათ დანიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა პარტიებმა, თუ მათი წარმომადგენელი არ არის დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. პარტიებმა თავისი გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა აცნობონ საარჩევნო ოლქების სიის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მე-12 დღეს.

თუ ოლქების სიის გამოქვეყნებიდან მე-13 დღეს კომისიის შემადგენლობაში 13 პირზე ნაკლები აღმოჩნდა, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადებით 3 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 13-მდე შესავსებად და დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრალურსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

კომისიის შექმნიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ ოლქების სიის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 12 დღისა, იგი თავის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს და დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა მთავრდება საქართველოს უზენაესი საბჭოს მომდევნო არჩევნების დანიშვნის დღეს.

საოლქო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს დაუყოვნებლივ აქვეყნებს შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში.

მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებანი

საოლქო საარჩევნო კომისია:

1) კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

2) ქმნის საარჩევნო უბნებს და აქვეყნებს მათ სიებს;

3) ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და წევრს, საჭიროების შემთხვევაში ‒ კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს;

4) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ფორმაციებს;

5) უნაწილებს ფულადი სახსრებს საუბნო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს საარჩევნო ოლქში არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

6) თვალყურს ადევნებს ამომრჩეველთა სიების შედგენას და მათ წარდგენას საყოველთაო გაცნობისათვის;

7) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა ჯგუფების მიერ პერსონალურად წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; უზრუნველყოფს პლაკატების გამოცემას მათი ბიოგრაფიული მონაცემებითა და საარჩევნო პროგრამებით;

8) რეგისტრაციაში ატარებს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნდობით აღჭურვილ პირებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

9) უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიაში დეპუტატობის კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის თანაბარ პირობებს;

10) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს საყოველთაო გაცნობისათვის საარჩევნო პლაკატების გამოფენის ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სათანადო სტენდების დამზადებას;

11) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშულებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას;

12) ისმენს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოთა, სახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

13) ხელს უწყობს შრომით კოლექტივებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებს. საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებს, ამომრჩევლებს დეპუტატობის კანდიდატებთან და დეპუტატობის კანდიდატებს მათთან შეხვედრების მოწყობაში როგორც ამ კოლექტივებს, ისე ამომრჩეველთა საცხოვრებელ ადგილას;

14) ამტკიცებს საარჩევნო ბიულეტენის ტექსტს საარჩევნო ოლქისათვის უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

15) ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა, არჩევნების მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს არჩევნების საბოლოო შედეგებს, მოწმობას აძლევს საარჩევნო ოლქში არჩეულ დეპუტატს;

16) ნიშნავს და აწყობს პერსონალურად წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურს;

17) ნიშნავს და აწყობს ხელახალ ხმის მიცემას საარჩევნო ოლქში;

18) აწყობს ხელახალი არჩევნებს სათანადო ოლქში;

19) აწყობს პარტიული სიებისათვის ხელახალ ხმის მიცემას იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ბათილად იქნა ცნობილი;

20) აწყობს არჩევნებს საარჩევნო ოლქში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად;

21) განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და ქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები;

22) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნა

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 2 წევრისაგან საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-6 და არა უგვიანეს მე-7 დღისა. კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და 2 წევრს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია მის ტერიტორიაზე მოქმედი სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების პრეზიდიუმების ან აღმასრულებელი კომიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, ამ ტერიტორიაზე განლაგებული შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წინადადებათა გათვალისწინებით.

საუბნო საარჩევნო კომისიის თითო წევრი შეუძლიათ დანიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა პარტიებმა, საარჩევნო ბლოკებმა.

თუ საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნებიდან მე-6 დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია მისი შემადგენლობის შესავსებად 2 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს.

განცხადებანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად წარდგენისა და დანიშვნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

კომისიის შექმნიდან 2 დღის ვადაში იგი თავის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს და დაუყოვნებლივ ატყობინებს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა მთავრდება არჩევნების დამთავრებისთანავე.

საუბნო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა ტელეფონის ნომრებს დაუყოვნებლივ აქვეყნებს ადგილობრივ გაზეთებში.

მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებანი

საუბნო საარჩევნო კომისია:

1) ადგენს უბნის მიხედვით ამომრჩეველთა სიებს;

2) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს განცხადებებს სიებში უსწორობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხს;

3) ამომრჩევლებს აძლევს ამომრჩევლის ბარათსა და მოთხოვნისას ‒ ხმის მიცემის უფლების მოწმობას;

4) აუწყებს მოსახლეობას საუბნო საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელს და მისი მუშაობის დროს, აგრეთვე არჩევნების დღესა და ხმის მისაცემ ადგილს;

5) უზრუნველყოფს ხმის მისაცემად შენობის, საარჩევნო ყუთებისა და კაბინების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას;

6) ორგანიზაციას უწევს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას არჩევნების დღეს;

7) ადგენს საარჩევნო უბანში არჩევნების მონაწილეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს, დეპუტატობის ყოველი კანდიდატისა და კანდიდატთა ყოველი სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობას;

8) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს;

9) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 28. საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისა და წევრებად  წარდგენის წესი

საარჩევნო კომისიის წევრის წარდგენის (დანიშვნის) უფლების მქონე ყოველ პარტიას, ორგანიზაციას, საწარმოს, დაწესებულებას შეუძლია თითოეულ საარჩევნო კომისიაში წარადგინოს (დანიშნოს) მხოლოდ ერთი წევრი.

საარჩევნო კომისიების წევრებად თავისი წარმომადგენლების წარდგენის (დანიშვნის) უფლება აქვთ საქართველოს სახალხო დეპუტატთა საბჭოების პრეზიდიუმებს ან აღმასრულებელ კომიტეტებს, პარტიის რესპუბლიკურ ხელმძღვანელ ორგანოს ან პარტიის ხელმძღვანელ პირს, საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ხელმძღვანელ პირებს ერთობლივი განცხადებით.

საარჩევნო კომისიების წევრებად თავისი წარმომადგენლების წარდგენის უფლება აქვთ:

1) საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მოძრაობის რესპუბლიკურ ხელმძღვანელ ორგანოს ‒ ყველა საარჩევნო კომისიაში, რეგიონულ ხელმძღვანელ ორგანოებს ‒ შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯგუფების კრებებს ‒ საუბნო საარჩევნო კომისიებში. ეს ორგანოების წარმომადგენლებს ასახელებენ სხდომებზე (კრებებზე, კონფერენციებზე). თუ ერთსა და იმავე კომისიაში თავისი წარმომადგენელი წარადგინა ერთზე მეტმა ორგანომ, უპირატესობა ეძლევა ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს;

2) საარჩევნო ოლქში განლაგებული შრომითი კოლექტივებისა და საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების კრებებს (კონფერენციებს) ‒ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში;

3) ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენის გზით ‒ საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 100 ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა ოცი ამომრჩეველი.

საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენისას (დანიშვნისას) ამ კანონით განსაზღვრულ ვადებში სათანადო ორგანოს უნდა წარედგინოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს პრეზიდიუმის ან აღმასრულებელი კომიტეტის, პარტიის რესპუბლიკური ხელმძღვანელი ორგანოს ან ხელმძღვანელი პირის, საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ხელმძღვანელ პირთა ერთობლივი განცხადება ან:

ა) კრების (სხდომის, კონფერენციის) ოქმის ამონაწერის ოქმის ამონაწერში (განცხადებაში) მითითებული უნდა იყოს წარმდგენი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ორგანოს (კოლექტივის) წევრთა რაოდენობა, კრების (სხდომის, კონფერენციის) მონაწილეთა რაოდენობა, კენჭისყრის შედეგი, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, კომისიის წევრად წარდგენილი (დანიშნული) პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პარტიულობა, თანამდებობა საქმიანობა), სამუშაო ადგილის დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ოქმი დამოწმებული უნდა იყოს კრების (სხდომის, კონფერენციის) თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით;

ბ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ‒ განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კომისიის წევრად წარდგენილი პირის იგივე მონაცემები, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი; განცხადების მხარდამჭერ ამომრჩეველთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პასპორტის სერია და ნომერი, ბინის მისამართი, ხელმოწერის თარიღი, ხელმოწერა; წარდგენის ინიციატორთა იგივე მონაცემები და ტელეფონის ნომრები.

განცხადების წარმდგენს ეძლევა დათარიღებული ცნობა განცხადების მიღების შესახებ.

მუხლი 29. კრების, სხდომის, კონფერენციის, ყრილობის მოწვევისა და ჩატარების წესი

სახალხო დეპუტატთა საბჭოების, მათი პრეზიდიუმების, აღმასრულებელი კომიტეტების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების სხდომების (კონფერენციების, ყრილობების) მოწვევისა და ჩატარების წესები განისაზღვრება მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით.

შრომით კოლექტივებში, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებში კრებებს (კონფერენციებს) იწვევენ მათი საბჭოები, პროფკავშირთა კომიტეტები (ბიუროები) ადმინისტრაციასთან ერთად საკუთარი ინიციატივით ან კოლექტივის წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლექტივის წევრთა ნახევარზე მეტი; კონფერენცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არჩეულ დელეგატთა არანაკლებ ორი მესამედისა. კრების (კონფერენციის) მუშაობაში მონაწილეობას მისი წევრები ადასტურებენ რეგისტრაციის ფურცელზე ხელმოწერით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კრების (კონფერენციის) თავმჯდომარისა და მდივნის მიერ. საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დასახელდეს ნებისმიერი ამომრჩეველი, ოღონდ აუცილებელია მისი თანხმობა, პიროვნება წარდგენილად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს კრების რეგისტრირებულ მონაწილეთა (კონფერენციის საერთო შემადგენლობის) ნახევარზე მეტი. კონფერენციის დელეგატების არჩევისას წარმომადგენლობის ნორმას ადგენს კონფერენციის გამომწვევი ორგანო.

კრების, სხდომის, კონფერენციის, ყრილობის ოქმი უნდა ინახებოდეს უზენაესი საბჭოს სამანდატო კომისიის მიერ დეპუტატების უფლებამოსილების დამტკიცებამდე.

მუხლი 30. საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შეცვლის წესი

საარჩევნო კომისიის ნებისმიერი წევრი თავისუფლდება კომისიაში თავის მოვალეობის შესრულებისაგან კომისიის მიერ:

ა) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კანონიერ საფუძველზე:

ბ) გადადგომის შემთხვევაში;

გ) გაწვევის ან უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში.

კომისიის წევრის გაწვევის უფლება აქვს მას, ვინც წარადგინა ან დანიშნა იგი კომისიის წევრად.

კომისიის წევრისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისათვის კი ‒ თვით ამ კომისიას წევრის მიერ საარჩევნო კანონის დარღვევისას ან თავისი მოვალეობის სისტემატურად უგულებელყოფისას. უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის განთავისუფლებისას თავისი მოვალეობის შესრულებისაგან ან მისი გარდაცვალებისას, იგი იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი, ამ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ორი კვირის განმავლობაში შეუძლია დანიშნოს კომისიის ახალი წევრი. სხვა შემთხვევებში კომისიის ახალი წევრი იმავე ვადაში შეუძლია დანიშნოს კომისიის შემქმნელ ორგანომ ამ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 31. საარჩევნო კომისიებისათვის ხელშეწყობა მათი უფლებამოსილების განხორციელებაში

საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებათა ფარგლებში მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო პარტიული და საზოგადოებრივი ორგანოს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, საწარმოების, დაწესებულება ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისათვის, ისინი ვალდებული არიან ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს მუშაობაში, მიაწოდონ მათთვის საჭირო ცნობები და მასალები.

საარჩევნო კომისიებს უფლება აქვთ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართონ სახელმწიფო, პარტიულ საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულება-ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებს, რომლებიც ვალდებული არიან განიხილონ დასმული საკითხები და საარჩევნო  კომისიას პასუხი გასცენ სამი დღის ვადაში.

საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებანი და მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ‒ აგრეთვე სასამართლოში

V. ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი და ხმის მიცემის უფლების მოწმობა

მუხლი 32. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი

ამომრჩეველთა სია დგება სამ ცალად თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი სიის შედგენისათვის მუშაობაში საარჩევნო კომისიას შეუძლია მოიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო და სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად.

სიაში შეაქვთ ამომრჩეველთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი.

ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებში, ადგენენ აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და გემების კაპიტნების მიერ წარდგენილ მონაცემთა საფუძველზე.

ამომრჩეველთა გვარები საარჩევნო სიაში შეაქვთ ხმის მიცემის მოწყობისათვის მოსახერხებელი წესით.

საარჩევნო სიის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 33. ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა შეტანის წესი

ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებსაც არჩევნების დღისათვის ან არჩევნების დღეს შეუსრულდათ 18 წელი, სიის შედგენის მომენტისათვის ცხოვრობენ მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და აქვთ ხმის მიცემის უფლება.

ამომრჩეველი შეტანილ უნდა იქნეს ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში.

მუხლი 34. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა, ამომრჩევლის ბარათების დარიგება და ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება

ამომრჩეველთა სიები საყოველთაო გაცნობისათვის გამოაქვთ არჩევნებამდე 15 დღით ადრე, ხოლო საარჩევნო უბნებში, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ‒  არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან ათი დღის ვადაში ამომრჩევლებს ურიგებენ ამომრჩევლის ბარათებს, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის გვარი, სახელი, მამის სახელი, ამომრჩეველთა სიაში რიგითი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი.

მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია შესაძლებლობა გაეცნონ ამომრჩეველთა სიას და შეამოწმონ მისი შედგენის სისწორე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

ყოველ მოქალაქეს უფლება ეძლევა გაასაჩივროს ამომრჩეველთა სიაში შეუტანლობა, არასწორად შეტანა ან სიიდან ამოღება, აგრეთვე სიაში დაშვებული სხვა უზუსტობანი. სიაში უზუსტობის შესახებ განცხადებას განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს ორი დღისა, ხოლო არჩევნების დღესა და წინადღეს ‒ დაუყოვნებლივ განიხილოს განცხადება, შეიტანოს საჭირო შესწორებანი სიაში ან განმცხადებელს მისცეს მისი განცხადების უარყოფის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების პირი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება არჩევნებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში, რომელიც მოვალეა განიხილოს საჩივარი სამი დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ამომრჩეველთა სიაში შესწორება დაუყოვნებლივ შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა სიაში შეტანილი ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 35. ხმის მიცემის უფლების მოწმობა

ამომრჩეველთა დამატებითი სია

თუ ამომრჩეველმა რესპუბლიკის, ოღონდ არა ერთი და იმავე დასახლებული პუნქტის, ფარგლებში ადგილსამყოფელი შეიცვალა ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან ხმის მიცემის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით და წარმოდგენილი პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის საფუძველზე ამომრჩეველს აძლევს ხმის მიცემის უფლების მოწმობას. ამასთან, ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ შესაბამისი აღნიშვნა. მოწმობის მიღებას ამომრჩეველი თავისი ხელმოწერით ადასტურებს.

ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველი შეაქვს დამატებით სიაში საარჩევნო უბანში არჩევნების დღეს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

VI. საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა, დეპუტატობის კანდიდატთა სიები, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენები

მუხლი 36. დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა

დეპუტატობის კანდიდატთა სიების ‒ პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საქართველოს პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. სიაში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს ას ოცდახუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ორას ორმოცდაათს.

პარტიულ სიაში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრები და უპარტიოები, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ‒ მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრები ან უპარტიოები.

დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეტანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნების მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა.

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეტანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის (ან საარჩევნო ბლოკის) მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა.

პარტიის კანდიდატთა სია დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი პირის, ხოლო საარჩევნო ბლოკის სია ‒ ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით. სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის თანხმობა მოცემული სიით კენჭისყრის შესახებ.

მუხლი 37. საარჩევნო ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა

საარჩევნო ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და ამომრჩეველთა ჯგუფებს განცხადების წარდგენის გზით.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს მას შემდეგ, რაც მათი კანდიდატთა სიები რეგისტრირებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არჩევნებამდე არა უგვიანეს 27 დღისა უფლება აქვს ყოველ საარჩევნო ოლქში წარადგინოს თითო დეპუტატობის კანდიდატი. კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ის პირი, რომელიც შეყვანილია შესაბამისი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რეგისტრირებულ პარტიულ სიაში. ერთი და იმავე პირის კანდიდატად წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ ოლქში დეპუტატობის კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.  განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია.

ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვს საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნებს, თუ მას მხარს უჭერს ამ ოლქის სულ ცოტა 500 ამომრჩეველი, კანდიდატთა წარდგენა იწყება არჩევნებამდე 42-ე დღეს და მთავრდება 33 დღით ადრე. ამ მიზნით ამომრჩეველთა ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა, რის შემდეგაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

მუხლი 38. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერთა სიები

საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 500 ამომრჩეველი, რომელთაც თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით უნდა გამოხატონ.

დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერთა სია საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 33 დღისა.

მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერებით შევსებული ყოველი ფურცლის თავში უნდა ეწეროს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობა და მისი მხარდაჭერის ტექსტი. ყოველი ხელმოწერის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ხელმომწერის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, პასპორტის სერია და ნომერი, ხელმოწერის თარიღი. ხელმოწერებისათვის შეიძლება ფურცლის ორივე მხარის გამოყენება. ხელმოწერები გადანომრილი უნდა იყოს. ფურცელს ხელს უნდა აწერდეს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მითითებული უნდა იყოს მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

ერთ ამომრჩეველს უფლება აქვს ხელი მოაწეროს თავის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად.

საარჩევნო კომისიებს უფლება აქვთ შეამოწმონ ხელმოწერების ნამდვილობა. თუ ერთი და იგივე ამომრჩეველი მხარს დაუჭერს თავის ოლქში ერთზე მეტ კანდიდატს, უფრო გვიან შესრულებული ხელმოწერები ‒ ბათილად ჩაითვლება. ბათილად ჩაითვლება აგრეთვე გაყალბებული და ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერები, თუ ამის შესახებ წერილობით განაცხადა ხელმომწერმა ამომრჩეველმა. თუ აღნიშნულ მიზეზთა გამო ხელმოწერათა რაოდენობა აუცილებელზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ჯგუფს წინადადება ეძლევა ხუთი დღის ვადაში შეავსოს მხარდამჭერთა სია. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაცია არ მოხდება. ხელმოწერებზე პრეტენზია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიიღება მისთვის მხარდამჭერთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებსა და, სარჩელის შეტანის შემთხვევაში, სასამართლო ორგანოებს.

არჩევნებამდე 20 დღით ადრე მხარდამჭერთა სიები ნადგურდება.

მუხლი 39. პარტიული სიებისა და ოლქებში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია

პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მისთვის სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები: დამოუკიდებელ კანდიდატებს ‒ მათი წარდგენიდან არა უადრეს მე-5 და არა უგვიანეს მე-10 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა.

პარტიული სიისა და დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიები პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენელს ან დეპუტატობის კანდიდატებს გადასცემენ დეპუტატობის კანდიდატთა მოწმობებს. იმავე ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საჭირო მონაცემებს მათ ოლქებში პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ.

პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ხელმძღვანელი პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება, კანდიდატთა სია, ყოველი კანდიდატის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით.

საარჩევნო ოლქში პერსონალურად წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ხელმძღვანელი პირების) წარდგინება და დეპუტატობის კანდიდატის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი ‒ მისი თანხმობა კენჭისყრაზე, ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადება და მის მხარდამჭერთა სია.

ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილმა პირებმა დეპუტატობის კანდიდატად მათი წარდგენისას თავიანთ განცხადებებში უნდა აღნიშნონ, რომ გაათავისუფლებენ დაკავებულ თანამდებობას საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად მათი არჩევის შემთხვევაში ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დეპუტატობის კანდიდატები წარდგენისას თავიანთ განცხადებაში აღნიშნავენ, თუ რომელი საბჭოს წევრობაზე იტყვიან უარს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში.

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების წარმდგენს საარჩევნო კომისიები აძლევენ ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საბუთების მიღების თარიღი და დრო.

თუ წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნას. კომისია საბუთების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საბუთების წარმდგენთ ნაკლოვანებათა გასასწორებლად. გასწორებელი საბუთები კომისიას შეიძლება წარედგინოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

დაუშვებელია ერთი და იმავე პირმა კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან პარტიული სიით და იმავდროულად როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, და ერთზე მეტი საარჩევნო ოლქში. თუ პირმა თანხმობა მისცა ერთზე მეტ პარტიულ სიაში თავის შეტანაზე ან პარტიულ სიაში შეტანისა და კენჭისყრაზე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანდა ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, მისი კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებიდან მოიხსნება.

პარტიული სიები და დეპუტატობის კანდიდატების გვარები ინომრება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მათი წარდგენის რიგის მიხედვით და ქვეყნდება გაზეთებში რეგისტრაციის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში  ქვეყნდება იმ პარტიათა სია, რომელთაც უარი ეთქვათ პარტიული სიების რეგისტრაციაზე, უარის თქმის მიზეზები.

მუხლი 40. საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების  გაუქმება. დეპუტატობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნა

პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. მისი კანდიდატურა სიიდან ამოიღება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ (საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელ პირთა) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მისი კანდიდატურა მოიხსნება საარჩევნო ოლქშიც. დეპუტატობის კანდიდატის კანდიდატურა შეიძლება მოიხსნას სარჩევნო ოლქშიც ასეთივე განცხადების საფუძველზე, მაგრამ დატოვებულ იქნეს პარტიულ სიაში.

დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ (საოლქო) საარჩევნო კომისიას. თუ იგი თავის კანდიდატურას ხსნის კანდიდატთა სიაში, უქმდება პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ, წარდგენა საარჩევნო ოლქშიც. თუ კანდიდატი თავის კანდიდატურას საარჩევნო ოლქში, იგი შეიძლება დარჩეს პარტიის (საარჩევნო ბლოკი). კანდიდატთა სიაში.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პარტიულ სიაში ას ოცდახუთ კანდიდატზე ნაკლები დარჩა, პარტიული სია არჩევნებიდან მოიხსნება.

ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე 4 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, დაუყოვნებლივ.

მუხლი 41. საარჩევნო ბიულეტენები

მზადდება ორი სხვადასხვა ფერის საარჩევნო ბიულეტენი. ერთში შეაქვთ პარტიათა და საარჩევნო ბლოკთა დასახელება მათ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის რიგის მიხედვით. პარტიის (საარჩევნო ბლოკის) კანდიდატთა სიის მოხსნის შემთხვევაში კანდიდატთა სხვა სიების რიგითი ნომრები, რომლებიც მათ მიიღეს სიების რეგისტრაციის დროს, უცვლელი რჩება. საარჩევნო ბლოკის დასახელებასთან ერთად ჩამოთვლილი უნდა იყოს ამ ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა დასახელებანი. მეორეში შეაქვთ დეპუტატობის კანდიდატთა გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, პარტიულობა, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დასახელება, რომელმაც წარადგინა დეპუტატობის კანდიდატი (თუ დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადების საფუძველზეა წარდგენილი, უნდა დაიწეროს „დამოუკიდებელი“) იმ თანამიმდევრობით, რომლითაც მოხდა მათი წარდგენა შესაბამისი საარჩევნო კომისიებისათვის.

საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდავენ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთის ტერიტორიაზე), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის გასაგებ სხვა ენაზეც;

საარჩევნო ბიულეტენები ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ შესაბამისად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ყოველ საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაახლოებით 10 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მდივანი ხელმოწერით ადასტურებენ.

VII. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები

მუხლი 42. დეპუტატობის კანდიდატის უფლება გამოვიდეს კრებებზე, ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მიიღოს ინფორმაცია

დეპუტატობის კანდიდატები თანასწორი უფლებით მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.

დეპუტატობის კანდიდატებს უფლება აქვთ გამოვიდნენ კრებებზე, თათბირებზე, სხდომებზე, მიტინგებზე, პრესაში, ტელევიზიითა და რადიოთი.

სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოთა, დაწესებულება ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, მოსახლეობის საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოები მოვალენი არიან ხელს უწყობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზაციაში, საჭირო საცნობარო და საინფორმაციო მასალების მიღებაში.

მუხლი 43. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები

პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დეპუტატობის კანდიდატს უფლება აქვს საჯაროდ გამოვიდეს თავისი პარტიის (საარჩევნო ბლოკის), დამოუკიდებელ კანდიდატს კი ‒ თავისი მომავალი საქმიანობის პროგრამით. პარტიის (საარჩევნო ბლოკის), დამოუკიდებელი კანდიდატის პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის მოწოდებას, არ უნდა აღვივებდეს რელიგიურ შუღლს.

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას რესპუბლიკურ და ადგილობრივ გაზეთებში პარტიული სიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის განმავლობაში.

მუხლი 44. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირნი

ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს, რომლებმაც წარადგინეს პარტიული სიები, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს თავის საარჩევნო ოლქში შეუძლია იყოლიოს ათ-ათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებიც წარმართავენ პარტიის (საარჩევნო ბლოკის), დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას შესაბამის საარჩევნო ოლქში, ეწევიან აგიტაციას მის სასარგებლოდ, წარმოადგენენ პარტიის (საარჩევნო ბლოკის), დეპუტატობის კანდიდატის ინტერესებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან, ამომრჩევლებთან ურთიერთობაში, აგრეთვე საარჩევნო კომისიებში.

პარტია (საარჩევნო ბლოკი), დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირჩევენ ნდობით აღჭურვილ პირებს და კანდიდატისა და პარტიული სიის რეგისტრირების შემდეგ აცნობებენ მათ შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, სამსახურისა და ბინის მისამართები და ტელეფონის ნომრები, საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების წარდგენიდან სამი დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს ნდობით აღჭურვილ პირებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს.

პარტიას (საარჩევნო ბლოკს), დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს თავისი ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და შეცვალოს იგი, აცნობებს რა ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას. ნდობით აღჭურვილმა პირმა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას უფლებამოსილება.

ნდობით აღჭურვილი პირების დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელ პირთა) თხოვნით გათავისუფლდებიან წინასაარჩევნო კამპანიის ვადით საწარმოო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. ამასთან, ყოველ საარჩევნო ოლქში თითო ნდობით აღჭურვილ პირს შეუნარჩუნდება საშუალო ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების ხარჯზე. ხელფასი მას მიეცემა სამუშაო ადგილზე, რაც ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სათანადო ბრძანებით. წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრების შემდეგ სათანადო ანგარიში გასანაღდებლად წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ნდობით აღჭურვილი პირი არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი.

მუხლი 45. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის დეპუტატობის კანდიდატთა გათავისუფლება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრირების შემდეგ თავისუფლდებიან საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან წინასაარჩევნო კამპანიის ვადით ან ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობის, კრებებზე, მიტინგებზე, რადიოთი და ტელევიზიით გამოსვლების დროისათვის თავისი სურვილისამებრ. ამასთან, მათ ენახებათ საშუალო ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების ხარჯზე.

დეპუტატობის კანდიდატი თავისუფლდება საკუთარი განცხადების საფუძველზე და ხელფასი მიეცემა სამუშაო ადგილზე, რაც ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სათანადო ბრძანებით. წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრების შემდეგ სათანადო ანგარიში გასანაღდებლად წარედგინება შესაბამისად ცენტრალურსა და საოლქო საარჩევნო კომისიას.

რეგისტრირების შემდეგ დეპუტატობის კანდიდატი არ შეიძლება გაიწვიონ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე ან შრომით სამსახურში. თუ იგი სამხედრო შეკრებაზე ან შრომით სამსახურშია, სამსახური შეწყდება არჩევნების დღის მომდევნო დღემდე. არჩეული დეპუტატი თავისუფლდება სამხედრო შეკრებისა და შრომითი სამსახურისაგან თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.

მუხლი 46. დეპუტატობის კანდიდატთა უფასო მგზავრობის უფლება

დეპუტატობის კანდიდატს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ აქვს ყველა სახეობის სამგზავრო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) უფასო მგზავრობის უფლება რესპუბლიკის ფარგლებში.

მუხლი 47. დეპუტატობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

დეპუტატობის კანდიდატი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააპატიმრონ ან დაადო ადმინისტრაციული სახდელი სასამართლოს წესით, თუ არ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა.

მუხლი 48 წინასაარჩევნო აგიტაცია

საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოძრაობებს, შრომით კოლექტივებს, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებს, ნდობით აღჭურვილ პირებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად და ყოველმხრივ განიხილონ არჩევნების მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, დეპუტატობის კანდიდატების პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებები, გასწიონ აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ კრებებზე, მიტინგებზე, პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი, რისთვისაც მათ საარჩევნო კომისიების მიერ გამოეყოფათ კრებებისა და მიტინგებისათვის შენობები და ადგილები.

არჩევნების მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და დეპუტატობის კანდიდატები აწყობენ შეხვედრებს თავიანთ ამომრჩევლებთან კრებებზე ამომრჩეველთათვის სხვა მოსახერხებელი ფორმით. საარჩევნო კომისია შესაბამის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებთან ერთად მოვალეა ხელი შეუწყოს ასეთი შეხვედრების გამართვას, დროულად გამოაცხადოს მათი მოწყობის დრო და ადგილი.

შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დღიდან პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს, დეპუტატობის კანდიდატებს უფლება აქვთ დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და ა. შ. (ტექსტში შემდგომ ‒ „პლაკატები“). პლაკატი წარმოადგენს ბეჭდვით ნაწარმს, რომლის დამზადებისთვისაც არ არის საჭირო საგანგებო ნებართვა. სხვა მხრივ პლაკატებზე ვრცელდება ის ნორმები, რომლებიც რეგლამენტირებულია წინამდებარე კანონით.

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად უზრუნველყოფენ დეპუტატობის კანდიდატებისათვის, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის საარჩევნო პროგრამებისა და დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მონაცემების შემცველი წინასაარჩევნო პლაკატების დაბეჭდვას არჩევნებამდე არა უგვიანეს 15 დღისა შემდეგი ნორმით: ერთმანდატიან ოლქში წარდგენილი კანდიდატისათვის ‒ თითო პლაკატი ყოველ 100 ამომრჩეველზე, ოღონდ არანაკლებ 500 ცალისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის ‒ ერთი სახის 50000 პლაკატი, რისთვისაც შესაბამის კომისიას, მის მიერ დადგენილ ვადებში, უნდა წარედგინოს პლაკატის ესკიზი და ტექსტი.

არჩევნების მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის დამთავრების დროისათვის ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებთან შეთანხმებით, თითოეული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უნდა გამოიყოს ხალხმრავალი, ადვილად მისადგომი ადგილები საარჩევნო პლაკატების განლაგებისათვის.

სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ შეიძლება აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების დაცვის, მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ვალდებული არიან აიღონ ასეთი პლაკატები.

აკრძალულია და შესაბამისად ისჯება საარჩევნო პლაკატების მოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ეს პლაკატები განლაგებული არ არის აკრძალულ ადგილებში.

პლაკატები არ უნდა შეიცავდეს ომის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის მოწოდებას, არ უნდა აღვივებდეს რელიგიურ შუღლს. არ უნდა შეიცავდეს პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველ მონაცემებს.

არჩევნების დღეს ყოველგვარი აგიტაცია, გარდა ხმის მისაცემი შენობის გარეთ ადრე გამოკრული სააგიტაციო მასალისა, აკრძალულია.

მუხლი 49. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

საარჩევნო კომისიებში რეგისტრირების დღიდან პარტიები, საარჩევნო ბლოკები, ერთსა და იმავე ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით.

არჩევნების მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს ‒ ადგილობრივი პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა, პლატფორმა, რისთვისაც შესაბამის გაზეთს უნდა მიაწოდოს ამ დოკუმენტების ტექსტები არჩევნებამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

ამასთან, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს მათი წარდგენის რიგითობა.

არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაობის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

არჩევნებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის ყოველგვარი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.

VIII. ხმის მიცემის წესი და არჩევნების შედეგების დადგენა

მუხლი 50. ხმის მიცემის დრო და ადგილი

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების დროს ხმის მიცემა ეწყობა არჩევნების დღეს 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის მიცემის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

ხმის მიცემის დროს დაუშვებელია ხმის მისაცემი შენობის ჩაკეტვა და ხმის მიცემის შეწყვეტა.

საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია ხმის მიცემა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.

მუხლი 51. ხმის მიცემის მოწყობა

ხმის მიცემა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ ისეთ შენობებში, რომლებიც არ არის მხოლოდ ერთი პარტიის სარგებლობაში. ამ შენობებში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი საკმაო რაოდენობით კაბინები ან ოთახები, განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთები ისეთნაირად იდგმება, რომ ხმის მიმცემნი მათთან მისვლისას აუცილებლად გადიოდნენ ფარული კენჭისყრის კაბინებს ან ოთახებს. ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში) უნდა იყოს კალმისტრები. ხმის მისაცემ შენობებსა და ოთახებში გამოკრული უნდა იყოს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატთა და შესაბამის საარჩევნო ოლქში პერსონალურად წარდგენილ კანდიდატთა სიები.

პასუხისმგებლობა ხმის მიცემის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების გამოვლინების საიდუმლოების უზრუნველყოფისათვის, შენობების მოწყობისა და იქ საჭირო წესრიგის დაცვისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას. ხმის მიცემის დღეს ხმის მისაცემ შენობასა და მის მიდამოებში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება ყველასათვის სავალდებულოა. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. მილიციის თანამშრომელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. ამომრჩეველი ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის აუცილებელი დროის განმავლობაში.

არჩევნების დღეს ხმის მიცემის დაწყებამდე საარჩევნო ყუთებს ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით, რის შემდეგაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი. მასზე უნდა აღინიშნოს ყუთში ფურცლის ჩაშვების დრო.

თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. სხვა პირთა მაგივრად ხმის მიცემა დაუშვებელია. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთისა და  ამომრჩევლის ბარათის წარდგენისას. საარჩევნო ბიულეტენების მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას.

მოქალაქენი, რომლებიც შეცდომით ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში, პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე შეაქვთ ამომრჩეველთა დამატებით სიაში.

იმ შემთხვევაში, როცა ცალკეულ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ ხმის მისაცემ შენობაში მისვლა, საუბნო საარჩევნო კომისია მათი თხოვნით ავალებს კომისიის წევრებს მოაწყონ ხმის მიცემა ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის მოწყობაში მონაწილეობს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. ხმის მიცემის ამგვარად ჩატარებისათვის გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით ეწყობა ხმის მიცემა იმ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე.

მუხლი 59. ხმის მიცემის ჩატარება

საარჩევნო ბიულეტენებს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება.

ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში სხვა პირი მიიწვიოს თავისი შეხედულებისამებრ, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ნდობით აღჭურვილი პირისა და დეპუტატობის კანდიდატის (პარტიის, საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენლისა.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების დროს ამომრჩეველი ერთ ბიულეტენში შემოხაზავს იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას, ხოლო მეორეში ‒ იმ დეპუტატობის კანდიდატის ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას.

შევსებულ ბიულეტენებს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.

ხმის მისაცემი შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

მუხლი 53. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

ხმების დათვლისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა:

1) ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის სახელი და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა, მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი და უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

2) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც მიიღეს ბიულეტენები;

3) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების დასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას:

4) კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთებში არსებული სხვადასხვა ფერის ბიულეტენების ანუ ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას (ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებსა და იმ ბიულეტენებს, რომელთა მიხედვითაც შეუძლებელია და დადგინდეს, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება). ბათილად ცნობილი სხვადასხვა ფერის ბიულეტენები ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონვერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა, მათი სახეობა;

5) კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისა და ყოველი პარტიული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული;

6) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს და შეაქვს ოქმში. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პიროვნულად წარდგენილი კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი;

7) ოქმის პირველ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს პერსონალურად წარდგენილი კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

მუხლი 54. საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, არჩევნები მონაწილეთა რაოდენობას, ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობას, თითოეული კანდიდატისა და თითოეული პარტიული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

საარჩევნო ოლქში პირველ ტურში არჩეულად ითვლება ის დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს, თუ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა.

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.

საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. საჩივარი ასეთი დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას. შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა.

თუ არჩევნები ჩატარებულად არის ცნობილი, მაგრამ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას (თუ კანდიდატთა რაოდენობა ორზე მეტი არ იყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიშნება ხელახალი არჩევნები). საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ხელახალი ხმის მიცემა მაშინაც, როცა ოლქში ან უბანში არჩევნების ბათილად იქნა ცნობილი.

თუ არჩევნები საარჩევნო ოლქში ჩატარებულად არ ჩაითვალა, საოლქო საარჩევნო კომისია ორი კვირის ვადაში ატარებს არჩევნების მეორე ტურს.

საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პიროვნულად წარდგენილი კანდიდატების, პარტიებისა, და საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

ოქმის პირველი ცალი და გამოუყენებელი ბიულეტენები არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით. მეორე ცალი ინახება თვით საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს პერსონალურად წარდგენილი კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნდობით აღჭურვილ პირებს.

მუხლი 55. არჩევნების შედეგების დადგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ

ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობას, თითოეული პარტიული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობასა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს ხმის მიცემის მონაწილეთა 4 პროცენტს. კანდიდატთა იმ სიებს, რომლებმაც 4 პროცენტზე ნაკლები ხმები მიიღეს, დეპუტატის მანდატი არ მიეკუთვნებათ.

ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საერთო გამყოფს, რისთვისაც დეპუტატობის კანდიდატთა ყოველი სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა თანამიმდევრულად უნდა გაიყოს 1-ზე, 2-ზე და 3-ზე და ა.შ.

გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვები კლების მიხედვით ისე უნდა დალაგდეს, რომ  მათი საერთო რაოდენობა ას ოცდახუთის ტოლი იყოს. ამ რიცხვთაგან უმცირესი წარმოადგენს საერთო გამყოფს.

ყოველი პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული დეპუტატთა მანდატების რაოდენობა განისაზღვრება საერთო გამყოფის მიხედვით. ამ რაოდენობის დასადგენად ყოველი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გაიყოს საერთო გამყოფზე. გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი (ნაშთი მხედველობაში არ მიიღება) წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. არჩეულად ითვლება დეპუტატობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც შესაბამის პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქების მიხედვით და შეაქვს ოქმში.

თუ დეპუტატობის კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ხოლო სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატების წანაცვლება სიის დასაწყისისაკენ. ამ სიის მიხედვით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა უცვლელი რჩება, თუ ამ დროს სიაში დეპუტატობის კანდიდატთა რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა სიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობაზე, ზედმეტი მანდატები უქმდება.

ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს ბიულეტენში შეტანილი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცალი კი გადაეცემათ საქართველოს უზენაესი საბჭოს სამანდატო კომისიას და პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ ოლქების და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა, ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობა, თითოეული პარტიული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობა, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა, არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა, არჩეულ დეპუტატთა სია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიხედვით და კანდიდატთა სიებში მათი რიგის დაცვით, აგრეთვე საარჩევნო ოლქებში ჩატარებული არჩევნების შედეგები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ ნიშნავს ხელახალი ხმის მიცემას კანდიდატთა სიების მიხედვით იმ უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად.

შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ. ამ მუხლის მე-9 ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებთან ერთად ცნობაში მითითებული უნდა იყოს არჩეული დეპუტატების პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი.

მუხლი 56. ხელახალი ხმის მიცემა

ხელახალი ხმის მიცემა საარჩევნო ოლქში ეწყობა, თუ:

1) ოლქში წარდგენილი იყო ორზე მეტი კანდიდატი, არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი;

2) ოლქში არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი (თუ არჩევნები ბათილად არის ცნობილი ერთ ან რამდენიმე უბანში, ხელახალი ხმის მიცემა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ამ უბნებში).

პირველ შემთხვევაში ხელახალი ხმის მიცემა ეწყობა არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ და კენჭს იყრის ის ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ყველაზე მეტი ხმა. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხელახალი ხმის მიცემის დროს მეტ ხმას მიიღებს.

არჩევნების პირველ ტურში ან ხელახალი ხმის მიცემისას ორი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა ტოლი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ასაკით უფროს კანდიდატს.

მეორე შემთხვევაში ხელახალი ხმის მიცემა ეწყობა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ და მისი შედეგები განისაზღვრება არჩევნების პირველი ტურისათვის დადგენილი წესით. თუ არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დეპუტატი ვერ აირჩა, ერთი კვირის შემდეგ ეწყობა კიდევ ერთი ხელახალი ხმის მიცემა (თუ კანდიდატთა რაოდენობა ორზე მეტი არ იყო. ინიშნება ხელახალი არჩევნები), ხოლო თუ არჩევნები არ ჩატარდა, ერთი კვირის შემდეგ ეწყობა არჩევნების მეორე ტური.

პარტიული სიების მიხედვით ხელახალი ხმის მიცემა ეწყობა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ იმ უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბნებში საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია.

მუხლი 57. არჩევნების მეორე ტური

არჩევნების მეორე ტური საარჩევნო ოლქში ინიშნება არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ამ ოლქში არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატს. არჩევნები მეორე ტურში ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მიიღო მონაწილეობა საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტმა. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხვაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობის მეოთხედისა თუ რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა დააგროვა, ოღონდ თითოეულმა არანაკლებ ხმის მიცემის მონაწილეთა რაოდენობის მეოთხედისა, არჩეულად ითვლება ასაკით უფროსი კანდიდატი.

იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი ვერ აირჩა ან არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს ხელახალი არჩევნებს, რომელიც უნდა მოეწყოს მეორე ტურის ჩატარებიდან 2 თვის ვადაში.

IX. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება.  საქართველოს უზენაესი საბჭოს

წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი

მუხლი 58. საქართველოს უზენაეს საბჭოში არჩეულ დეპუტატთა რეგისტრაცია და არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატები და რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში და ყოველ საარჩევნო ოლქში, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა, თითოეული კანდიდატისათვის, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის კანდიდატთა სიებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა. იმ ოლქების და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილადაა ცნობილი, და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩეულ დეპუტატთა სია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიხედვითა და იმ რიგის დაცვით, რომელიც არჩეულ დეპუტატთა  ეკავათ კანდიდატთა სიებში, საარჩევნო ოლქებში არჩეულ დეპუტატთა სია. ამასთან, უნდა აღინიშნოს დეპუტატის გვარი სახელი, მამის სახელი, პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი.

მუხლი 59. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარებულ საქართველოს უზენაეს საბჭოში არჩეულ დეპუტატთა სიის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ყოველ არჩეულ დეპუტატს აძლევენ მოწმობას საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.

საქართველოს უზენას საბჭოში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებათა დამტკიცების შემდეგ მათ უზენაესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ მოწმობას უცვლიან საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის მოწმობით, უზენაესი საბჭოს წევრს ეძლევა აგრეთვე სამკერდე ნიშანი.

X. ხელახალი არჩევნები და გამოკლებული დეპუტატების ადგილმონაცვლეთა

განსაზღვრის წესი

მუხლი 60. ხელახალი არჩევნები

იმ საარჩევნო ოლქში, რომელშიც კანდიდატთა რაოდენობა ორზე მეტი არ იყო და პირველ ტურში არჩევნები ჩატარებულად იქნა ცნობილი, მაგრამ დეპუტატი ვერ აირჩა, პირველი ტურის ჩატარებიდან 2 თვის განმავლობაში ეწყობა ხელახალი არჩევნები, ხოლო თუ მეორე ტურში დეპუტატი ვერ აირჩა ან არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა, მეორე ტურის ჩატარებიდან ორი თვის განმავლობაში ეწყობა ხელახალი არჩევნები.

დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების პირველ ტურში, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს ამ კანონით დადგენილი წესით, სხვა საარჩევნო ღონისძიებანი ეწყობა ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. ცნობა ხელახალი არჩევნების შესახებ ქვეყნდება პრესაში.

მუხლი 61. გამოკლებული დეპუტატების ადგილმონაცვლეთა განსაზღვრის წესი

იმ შემთხვევაში, თუ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაეს საბჭოში ცალკეულ დეპუტატთა უფლებამოსილება, აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრის გადადგომის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის საარჩევნო ოლქებში დეპუტატის ან უზენაესი საბჭოს წევრის გამოკლების მომენტიდან სამი თვის ვადაში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

თუ გამოკლებული დეპუტატი ან უზენაესი საბჭოს წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, საქართველოს უზენაესი საბჭოში მის ადგილს იკავებს შესაბამისი პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რიგით მომდევნო დეპუტატობის კანდიდატი, თუ ამაზე არის როგორც მისი, ასევე შესაბამისი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს იკავებს მისი მომდევნო კანდიდატი, რომელიც იმავე პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, და ა. შ. მისი უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს უზენაესი საბჭოს სამანდატო კომისიას. თუ პარტიულ სიაში მეტი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის, დეპუტატის ეს ადგილი უქმდება.

თუ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გამოაკლდა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში, გამოკლებულის ნაცვლად საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატის არჩევნები არ ეწყობა; ასევე არ ხდება მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა პარტიული სიის მიხედვით.

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე               გ. გუმბარიძე.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                         ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1990 წლის 18 აგვისტო,

N228-XI-ს