საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე

საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 30/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
30/09/2022
ვებგვერდი, 03/10/2022
220010000.11.004.016078
საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/10/2022 - 08/09/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ამ წესით განსაზღვრული პირების მიერ, ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების პროცედურებს.

2. წესის მიზანია, ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელი საფინანსო და არასაფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ყოველი ყალბი ან/და საეჭვო ფულის ნიშნების დაუყოვნებლივ მიმოქცევიდან ამოღებით და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, არსებითად შეიზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება.

3. საფინანსო და არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელიც ახორციელებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენისა და ამ წესის დაცვის ვალდებულება.

4. გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.  

5.  საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უზრუნველოფს შემოსული ყალბი ფულის საიმედო შენახვას და შემდგომ განადგურებას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფულის ნიშნები – საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;

ბ) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;

გ) საეჭვო ფულის ნიშანი – ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან/და არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე;

დ) წარმომდგენი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, დახურდავებას, გამოცვლას, სხვა ვალუტაზე გაცვლას ან შემოწმებას;

ე) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი;

ვ) არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი – სავაჭრო ან საქონლის მიმწოდებელი ან/და მომსახურების გამწევი სხვა პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ან/და დახურდავებას;

ზ) სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ სამართალდარღვევაზე რეაგირების განხორციელების უფლება.

   

მუხლი 3. ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენისას პირთა უფლება-მოვალეობები   

1. საფინანსო და არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და უზრუნველყოს ამ მიმართულებით მათი პერიოდული გადამზადება.

2.  ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გადაცვლის ან/და შემოწმების ოპერაციების უშუალოდ შემსრულებელმა პირმა, უნდა იცოდეს და სახელმძღვანელოდ მიიღოს ეროვნული ვალუტის ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები, მათი მიღება-გამოცვლისა და ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას მათზე რეაგირების წესები, ასევე ამ წესითა და კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.  

3. საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია:

ა) წარმომდგენს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის კატეგორიის სტატუსით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, ჩამოართვას ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან/და არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე;  

ბ) შეადგინოს ცნობა (დანართი №1) სამ პირად, რომელთაგან ერთი, გამოვლენილ საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად, გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გაუგზავნოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზა-რეაგირებისათვის, მეორე – გადასცეს წარმომდგენს, ხოლო მესამე – დაიტოვოს თავისთან;

გ) მოსთხოვოს ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის წარმომდგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ წარმომდგენს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარი განაცხადა მის წარმოდგენაზე ან ცნობაზე ხელის მოწერაზე ან სცადა მიმალვა, ცნობაში მიუთითოს აღნიშნულის შესახებ;

დ) განუმარტოს წარმომდგენს, რომ ჩამორთმეული ფულის ნიშნის შესახებ საბოლოო დასკვნას გასცემს ეროვნული ბანკი ფულის ნიშნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. მასვე უნდა განემარტოს, რომ რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს ეროვნულ ბანკს;

ე) აწარმოოს ყალბი, ან საეჭვო ფულის ნიშნების აღრიცხვა, ამ წესის დანართი N2-ის შესაბამისად და ეროვნულ ბანკში წარდგენამდე, შეინახოს შესაბამის ცნობასთან ერთად;

ვ) შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით საფინანსო სექტორისთვის განსაზღვრული ვალდებულებები.

4. არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) ანგარიშსწორების პროცესში, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, წარმომდგენს განუმარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ში შეტყობინების მეშვეობით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანო, რომელიც შემდგომ რეაგირებას განახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დღის ბოლოს, სალაროში არსებული ფულის დათვლის პროცესში ყალბი ან/და საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ეს ფულის ნიშანი შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა წარუდგინოს კომერციულ ბანკს ან ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, რეაგირება ხორციელდება ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.

5. სამართალდამცავი ორგანოს მიერ ჩამორთმეული საეჭვო ფულის ნიშნების ექსპერტიზის შედეგად:

ა) ლარის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, მიმოქცევაში მოხვედრისას მისი განმეორებით საეჭვოდ ცნობის თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანო ახდენს მის გამოცვლას ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და ჩამორთმეული ეროვნული ვალუტის შესაბამის თანხას უბრუნებს წარმომდგენს;

ბ) უცხოური ვალუტის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, წარმომდგენს უბრუნდება იგივე ფულის ნიშანი.

6.  ეროვნულ ბანკში შემოტანილ/გაგზავნილ საეჭვო ფულის ნიშანს უტარდება ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად:

ა) გამოვლენილი ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხა უნაზღაურდება წარმომდგენს, ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტის დაბრუნება ხდება მხოლოდ  წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) უცხოური ვალუტის ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, რჩება ეროვნულ ბანკში, ხოლო ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება წარმომდგენს;

გ) ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნამდვილი უცხოური ან გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტის გაცემა ხორციელდება საფინანსო ან არასაფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე;

დ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, თავის მხრივ, ვალდებულია, მის მიერ ჩამორთმეულ ფულის ნიშნებზე ექსპერტიზის შედეგები აცნობოს წარმომდგენს;

ე) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ნამდვილ ბანკნოტს/მონეტას გასცემს წარმომდგენზე ფულის ნიშნების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის (დანართი №1) წარდგენისა და მისი იდენტიფიკაციის საფუძველზე;   

ვ) თუ ვარგისად მიჩნეული ფულის ნიშნების წარმომდგენი, შეტყობინების მიუხედავად, ექვსი თვის განმავლობაში არ გამოცხადდა ფულის ნიშნების მისაღებად, ფულის ნიშნების შესაბამისი თანხა საფინანსო ან არასაფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ ჩაირიცხება ცნობაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

7.   არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს საეჭვო ფულის ნიშნის მიღებაზე. ფიზიკურ პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, შეუძლია მიმართოს კომერციულ ბანკს ან ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, რეაგირება ხორციელდება ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 4. გამოვლენილ ყალბი ფულის ნიშნებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის რეაგირება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია:

ა) შემოტანილ საეჭვო ფულის ნიშნებზე ჩაატაროს ექსპერტიზა, გამოვლენილ ყალბ ფულის ნიშნებზე შეადგინოს დასკვნა, სადაც მიეთითება: ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა), ყალბი ფულის ნიშნის სახეობა, ნომინალი, სერიული ნომერი, ტექნიკური აღწერილობა, წარმომდგენის ვინაობა, გამოვლენის თარიღი, დასკანერებული ბანკნოტი, დამცავი ნიშნის გაყალბების მეთოდისა და მახასიათებლების დაწვრილებითი აღწერილობა;

ბ) მოახდინოს გაყალბებული ფულის ნიშნების სისტემატიზაცია და ელექტრონული აღრიცხვა, სადაც უნდა აისახოს ყალბი ფულის ნიშნის სახეობა, შემომტანი, გამოვლენის თარიღი, ნომინალი, გამოშვების წელი და სერიული ნომერი;

გ) მოახდინოს გაყალბებულ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით ტექნიკური და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის სისტემატური შეგროვება და ანალიზი;

დ) აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს ინფორმაცია ფულის ნიშნების გაყალბების ყოველ ფაქტზე, შესაბამისი გამოვლენის ცნობისა და ექსპერტიზის დასკვნის დართვით.

2. ფულის ნიშნის რომელიმე ნომინალის გაყალბების ფაქტების მნიშვნელოვანი ოდენობის დადგენისას, ეროვნული ბანკი შეიმუშავებს წინადადებებს შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით.

3. ქვეყანაში გამოვლენილი ყალბი ფულის აღრიცხვის მიზნით, ეროვნული ბანკი და სამართალდამცავი ორგანო უზრუნველყოფენ ყალბ ფულთან დაკავშირებით ერთიანი ტექნიკური და სტატისტიკური საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნას.

 

მუხლი 5. გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნების აღრიცხვა, შენახვა და განადგურება

1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს შემოტანილი ყალბი ფულის ნიშნების აღრიცხვას და მათ საიმედო შენახვას.   

2. ეროვნული ბანკი ახდენს გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნების კლასიფიკაციას ნომინალისა და გაყალბების მეთოდის მიხედვით, ბანკნოტებს უკეთებს პერფორირებას „ყალბი“, მონეტებს ხვრეტს და ინახავს მათ.

3. ყალბი ფულის ნიშნები აღირიცხება და ინახება ეროვნული ბანკის საცავში.

4. ეროვნულ ბანკში არსებული ყალბი ფულის ნიშნები შესაძლებელია განადგურდეს მიღებიდან 10 წლის შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საქმისწარმოების (მათ შორის, გამოძიების) პროცესში ეროვნულ ბანკში არსებული ყალბი ფულის ნიშანი სამართალდამცავ ორგანოს გადაეცემა წერილობითი მომართვის საფუძველზე.

6. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, ყალბი ფულის ნიშნები უბრუნდება  ეროვნულ ბანკს ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში,  წერილობითი მომართვის საფუძველზე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მონაწილეობით, ნადგურდება სამართალდამცავი ორგანოს მიერ.

7. სამართალდამცავი ორგანოს მიერ გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნების განადგურება ხდება შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების ან/და პროკურორის შესაბამისი დადგენილების არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მონაწილეობით, წერილობითი მომართვის საფუძველზე.

 

მუხლი 6. პასუხისმგებლობა

ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.