მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე

მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი
388
28/11/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 

საჯარო გადაწყვეტილება №388

2022 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 461 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „მარცვლეულის იმპორტისას დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის თაობაზე“:

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განსაზღვრავს მარცვლეულის საქართველოში CIF პირობით იმპორტისას, დაცლის პორტსა და დატვირთვის პორტში საქონლის წონებს შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხს.

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ) მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

სსკ-ის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

სსკ-ის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და, შესაბამისად, სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იბეგრება მოგების გადასახადით, ხოლო სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის დანაკლისი განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

მარცვლეულის საქართველოს პორტებში CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში დაფიქსირებულ წონებს შორის შესაძლოა არსებობდეს სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

- საქონლის გემში დატვირთვის დასრულებისას დატვირთვის პორტში ხორციელდება გემის ტრიუმების დალუქვა საბაჟო ორგანოსა და საერთაშორისო სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით;

- საქონელი იწონება პორტში არსებულ, საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებულ და დაკალიბრებულ სასწორზე;

- საქონლის დანიშნულების პორტში შესვლის შემდგომ, ტვირთის ამოტვირთვას პორტის ტერიტორიაზე აწარმოებს ექსპედიტორი საბაჟო კონტროლის ქვეშ;

- საქონელი იწონება პორტში არსებულ სასწორზე, რომელიც აღიარებულია საბაჟო ორგანოს მიერ;

- ტვირთის განკარგვა კომპანიის მიერ ხდება ამოტვირთვის შემდეგ შედგენილ გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის მიხედვით.

გასათვალისწინებელია, რომ საქონლის წონებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყო როგორც ტექნიკური, ასევე ბუნებრივი, როგორებიცაა საქონლის სხვადასხვა სასწორზე აწონვა, ამ სასწორების დაკალიბრების მეთოდი, მარცვლეულის ბუნებრივი თვისებები  (შრობა, ტენიანობის ცვლილება და სხვა ).

საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო წესებით, კერძოდ,  „საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების“ (Incoterms – International comercial terms) თანახმად, ტერმინი CIF (cost, insurance, freight/ ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი) გულისხმობს, რომ გამყიდველი უზრუნველყოფს მყიდველის მიერ მითითებულ პორტამდე საქონლის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ორგანიზებას და შესაბამისი ხარჯების გაწევას. საქონლის შემთხვევითი დაღუპვის, დაკარგვის ან დაზიანების რისკი მყიდველზე გადადის მას შემდეგ, რაც საქონელი ჩაიტვირთება გემზე.

ამასთანავე, ფრახტი და სხვა ხარჯი, რაც აუცილებელია დანიშნულების პორტამდე საქონლის ტრანსპორტირებისთვის, გაიწევა გამყიდველის მიერ, რომელიც ასევე კისრულობს მითითებულ პორტამდე გადაზიდვისთვის ტვირთის დაზღვევის ხარჯების დაფარვას.

შესაბამისად, როდესაც მიმწოდებელთან საქონლის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია ინკოტერმსის CIF პირობით და საქონლის მიწოდებას მიმღების გადმოცლის პორტამდე უზრუნველყოფს მომწოდებელი, საქონლის განკარგვა მისი მიმღების მიერ ხორციელდება მხოლოდ საქონლის ამოტვირთვის შემდგომ, გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის ოდენობით, რის გამოც აღნიშნული საქონელი, მისი მიმღების მიერ მის განკარგვამდე/საქონლის ამოტვირთვამდე, არ უნდა იქნეს განხილული ამ საქონლის მიმღების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის ჩაბარება. ამავე კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო ტვირთის განკარგვას იწყებს მხოლოდ ამოტვირთვის შემდგომ, გენერალურ აქტში დაფიქსირებული წონის ოდენობით, მხოლოდ ამოტვირთვის შემდეგ ჩაითვლება აღნიშნული საქონელი საწარმოს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად (CIF პირობა).

აღნიშნულის გათვალისწინებით, მარცვლეულის CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვის და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობა არ განიხილება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ დანაკლისად, შესაბამისად, საქონლის მიმღებს დატვირთვის და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობის გამო,  არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში.

3. გადაწყვეტილება

მარცვლეულის CIF პირობით იმპორტისას, დატვირთვისა და დაცლის პორტებში საქონლის წონებს შორის დაფიქსირებული ნაკლებობის გამო, საქონლის მიმღებს არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ან დღგ-ის ნაწილში.

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                                                ლაშა ხუციშვილი