დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 572 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010020000.10.003.023783 |
|
აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი
|
„სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
მუხლი 1 |
აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი ფორმალური მხატვრულ-შინაარსობრივი სახის უზრუნველსაყოფად, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბისა და წარმომდგენი დაწესებულების სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერის შემდეგი სახით გამოსახვა:
ა) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერით შედგენილი ემბლემა, შენობის აბრა, ბანერი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვა საშუალება: სამინისტროებისათვის*, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის დანართ 1-ის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ემბლემებისთვის დანართ 2-ის, ხოლო მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში, შესაბამისი წესით – დანართ 3-ის შესაბამისად; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი სამინისტროებისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დანართ 4-ის, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში – დანართ 5-ის შესაბამისად; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი სამინისტროებისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დანართ 6-ის, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში – დანართ 7-ის შესაბამისად. *შენიშვნა: ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების/ანალიზის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა მიმართ ზედამხედველობის განხორციელების, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დისციპლინური ნორმების დარღვევაზე ზედამხედველობის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების, ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე დანაყოფებზე; გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. |
მუხლი 2 |
საჯარო დაწესებულების სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა უნდა შესრულდეს ქართული ანბანის Fira Go – Medium შრიფტის გამოყენებით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების შესრულების მიზნით, საჯარო დაწესებულებებმა 2023 წლის 1 ივლისამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყონ შესაბამისი ბლანკის ნიმუშების დამტკიცება და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს საკუთარი საქმიანობისას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამ დადგენილების შესაბამისად გამოყენებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
|
მუხლი 4 |
სამინისტროებმა და მათი მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა დანართ 4-ის, დანართ 5-ის, დანართ 6-ისა და დანართ 7-ის შესაბამისად შტრიხკოდების გამოსახვა შესაბამისი ბლანკის ნიმუშზე უზრუნველყონ 2023 წლის 15 დეკემბრამდე. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები