საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 15/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018262
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
07/ნ
06/02/2023
ვებგვერდი, 06/02/2023
430210000.22.022.018262
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/02/2023 - 02/11/2023)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2023 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 თებერვლიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს სთავაზობს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ცენტრი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემურ მხარდაჭერას. ცენტრი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილების შესაბამისად.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ცენტრს აქვს ბეჭედი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის №52.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და ფუნქციები

1. ცენტრის მიზანია სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობით და მაღალი ხარისხის ფართომასშტაბიანი შეფასებებით დაეხმაროს განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ და გამტარებელ ინსტიტუციებს განათლების ხარისხისა და თანასწორობის ზრდაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების დანერგვაში, ადამიანური კაპიტალის ფორმირებისა და განვითარების მდგრადი პირობების შექმნაში; ცენტრის განსაკუთრებული მისიაა ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას განათლების ყველა საფეხურზე.

2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ხელს უწყობს  სამეცნიერო და გამოყენებით კვლევების წარმართვას განათლების სისტემის ყველა საფეხურზე;

ბ) ატარებს ფართომასშტაბიან  ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებს, არსებული ვითარების მიუკერძოებელი შეფასებითა და რეალური სურათის შექმნით ეხმარება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს,  ამზადებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების სრულყოფის მხარდასაჭერად;

გ) კვლევების, შეფასების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების/პროდუქტების განვითარებითა და გავრცელებით, მხარს უჭერს განათლების სფეროში მოქმედ დაწესებულებებს ხარისხის ზრდაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების დანერგვაში;

დ) განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებისა თუ პროექტების შეფასებით, შესაბამისი უკუკავშირითა და რეკომენდაციებით  მხარს უჭერს მათ ეფექტიან განხორციელებას;

ე) ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესასწავლად და თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დასანერგად;

ვ) მონაწილეობს და/ან აწყობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, ატარებს ფორუმებსა და სემინარებს კვლევის შედეგებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების განსახილველად, განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გასაზიარებლად, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით უზრუნველყოფს ცოდნის დაგროვებას და გაზიარებას;

ზ) გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს, ქმნის ელექტრონულ საგანმანათლებლო/კვლევით რესურსებს;

თ) უზრუნველყოფს განათლების სფეროში განსახორციელებელი კვლევების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვასა და შეთანხმებას სამინისტროსთან;

ი) დაკვეთის შემთხვევაში შეიმუშავებს სათანადო კვლევით პროექტს, განსაზღვრავს ამ კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას ან/და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;

კ) აწარმოებს ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების რეესტრს;

ლ) თავისი მიზნების მისაღწევად დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან;

მ) თავისი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად, თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციითა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ  მინისტრი).

2. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს ცენტრის სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ადგილობრივი ან უცხოელი სპეციალისტები;

ე) ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ვ) სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ცენტრის საქმიანობის ანგარიშს;

ზ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს ცენტრის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ი) ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ) ცენტრის მიზნების მისაღწევად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ცენტრის თანამშრომლებს, შრომით ხელშეკრულებებს დებს ცენტრის სხვა თანამშრომლებთან, უნაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს;

ლ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის თანამშრომლებისთვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;

ნ) ხელს უწყობს ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას;

ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს  ბრძანებებსა და გასცემს რეკომენდაციებს;

ჟ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

4. შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.

5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა

ცენტრის სტრუქტურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

მუხლი 5. ცენტრის ფულადი სახსრები

1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) დონორი ორგანიზაციებისგან მიზნობრივი გრანტის სახით მიღებული სახსრები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 6. ცენტრის ქონება

1. ცენტრს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ქონება, რომელიც აისახება მის ფინანსურ ანგარიშგებაში.

2. ცენტრის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ქონება შედგება ასევე ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობისგან, რომელთა მიღება, შეძენა, განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე

1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი უფლებამოსილია ცენტრისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 8. ცენტრის ანგარიშგება

1. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

2. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.