კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7/2023
06/02/2023
ვებგვერდი, 06/02/2023
010210010.15.008.016661
კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/02/2023 - 20/02/2023)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2023

2023 წლის 6  თებერვალი

ქ. თბილისი

 

კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 762-766 მუხლების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1841 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად:

ა) ელექტრონული საშუალებები, მათი გამოყენების წესი და პირობები, ასევე, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა (ვერიფიკაციის) და ხმის მიცემის პროცედურები და წესი განისაზღვრება დანართის შესაბამისად;

ბ) საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის სახეებს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმასა და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

 

კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარების, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის), ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი”), თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 2. ამომრჩეველთა სიები
1. ამ დანართით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვას უზრუნველყოფს ცესკო.

2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და აღნიშნულ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის ცესკოს.

3. გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა:

ა) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია;

ბ) არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული ამომრჩეველთა სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები;

გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდე სია ფოტოსურათებით);

დ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით).


მუხლი 3. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი
1. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების დასახელება და არჩევნების  ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების საცდელი წრე;

ე) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წინ სპეციალური მარკერით გასაფერადებელი/მოსანიშნი წრე;

ვ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში მონაწილე პარტიის რიგითი ნომერი და სახელწოდება; თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი”;

ზ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

2. ერთდროულად ორი ან მეტი სახის არჩევნების გამართვის შემთხვევაში, როგორც წესი, მზადდება მხოლოდ ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენი იყოფა შესაბამისი რაოდენობის სვეტებად და თითოეულ სვეტში შეიტანება შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

4. საარჩევნო ბიულეტენს დაცვისა და შესაბამის აპარატში გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR-კოდი.

5. საარჩევნო ბიულეტენები იფუთება 50-50 ცალად. შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენები გადაეცემა ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, რაზეც დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

6. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ბიულეტენის შევსების წესი უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

7. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში ამომრჩეველზე, როგორც წესი, გასცემს ერთ საარჩევნო ბიულეტენს  და  სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს.


მუხლი 4. კენჭისყრის შენობის მოწყობა
1. კენჭისყრის შენობაში:

ა) ყოველი 800 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ფარული კენჭისყრის კაბინა; სადაც უნდა იყოს 1 სპეციალური მარკერი;

ბ) ყოველი 700 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. საარჩევნო უბანზე ერთზე მეტი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის არსებობის შემთხვევაში, ვერიფიკაციის აპარატები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული (სინქრონიზებული) ინტერნეტის გარეშე და მათში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიები უნდა იყოს იდენტური;

გ) უნდა იყოს არანაკლებ 2 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით. საარჩევნო უბანზე ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთისა და ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატის არსებობის შემთხვევაში, ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული (სინქრონიზებული) ინტერნეტის გარეშე;

დ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტებისთვის (უნდა იდგეს ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს);

ე) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას:

ე.ა) ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები;

ე.ბ) პარტიული სიები;

ე.გ) კანდიდატთა სიები,

ე.დ) ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

ე.ე) ამონარიდი საარჩევნო კოდექსიდან იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია ბათილი საარჩევნო ბიულეტენი;

ე.ვ) კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).

2. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, ამის შესახებ განცხადება უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.


მუხლი 5. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 სთ-სა და 45 წთ-ზე.

2. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) სარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველად გამოავლენს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრებს (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 700 ამომრჩევლისთვის) შემდეგი წესით, თუ:

დ.ა) საარჩევნო უბანში გამოცხადებულ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა შეესაბამება წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაავალებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას.  ამ შემთხვევაში წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს ავტომატურად ენიჭებათ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია;

დ.ბ) საარჩევნო უბანში გამოცხადებულ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გამოავლენს წილისყრით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებიდან;

დ.გ) საარჩევნო უბანში გამოცხადებულ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრებს დაავალებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას. ამ შემთხვევაში წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ავტომატურად მიენიჭება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია;

ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციის მისანიჭებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი.

3. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის მინიჭება კომისიის წევრებისთვის ხორციელდება ამ დანართის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

4. სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.

5. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:

ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას.

6. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

7. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

8. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;

ბ) აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობას;

გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს და ამ აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს, რითაც დასტურდება, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით/აპარატებით არცერთი ამომრჩევლის ვერიფიკაცია არ მომხდარა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურება და ამ აპარატიდან საწყისი ანგარიშის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ აპარატში სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის შემდეგ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გააქტიურებამდე ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა ამ აპარატის სპეციალური ინდივიდუალური კოდის/პაროლის შეყვანის გარეშე გააქტიურება;

დ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ  ამომრჩეველთა რეგისტრატორ ერთ-ერთ კომისიის წევრს აძლევს მითითებას, რომ მათ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდოს ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად;

ე) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ეს საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრების მქონე ლუქებით ლუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ისე ილუქება, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ხელით მოთავსება ან/და საარჩევნო ყუთიდან ხელით ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მოხსნა. ლუქების ნომრები შეიტანება ჩანაწერთა წიგნში;

ვ) საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს იმის დასტურს/დასტურებს, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია („ნულოვანი ამონაწერი”) და ამონაბეჭდს/ამონაბეჭდებს შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს;

ზ) ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან/აპარატებიდან „ნულოვანი ამონაწერის” ამობეჭდვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადაამოწმებს, იღებს თუ არა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი სპეციალური შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR-კოდის გარეშე საარჩევნო ბიულეტენის ფორმატის ქაღალდს;

თ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:

თ.ა) 50 ცალ საარჩევნო ბიულეტენს. ყველა საარჩევნო ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა კიდევ 50 საარჩევნო ბიულეტენი და ა.შ. (რეგისტრატორმა უნდა გადაამოწმოს შეკვრაში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე და თავმჯდომარესთან ერთად ხელმოწერით დაადასტუროს მიღება-ჩაბარების აქტით);

თ.ბ) საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერს (ამომრჩევლისთვის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის განმარტების პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ საცდელი წრის გაფერადების მიზნით);

თ.გ) ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;

თ.დ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილ გაუმჭვირვალე ყუთს/ყუთებს (გადაცემამდე კომისიის თავმჯდომარე ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს აღნიშნულ ყუთს/ყუთებს).

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (გარდა სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობისა).

10. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთის/ყუთების ინდივიდუალური ლუქის/ლუქების ნომრები და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ჩანაწერთა წიგნში შესაბამის გვერდზე ხელმოწერებით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვას და „ნულოვან ამონაწერში” მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია.


მუხლი 6. კენჭისყრის ჩატარება
1. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან/მაგიდებთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს ნებისმიერ იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის ნებისმიერ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის  წაკითხვადი ზონა). ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ამომრჩეველი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ ჩარჩო კონვერტს. მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა. ამომრჩეველი ვერიფიკაციის გავლას ადასტურებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე ხელმოწერით;

გ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა. თუ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დროს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან არ ამოიბეჭდება ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარი ან ამოიბეჭდება ტექნიკური წუნის მქონე ქვითარი, ამ შემთხვევაში  საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს შესაბამისი ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლს. ხოლო, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრის ნაცვლად ამომრჩეველი ხელს მოაწერს შესაბამის აქტს, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნულ აქტს, ამომრჩევლის ხელმოწერის შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი მოათავსებს ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებისთვის განკუთვნილ ყუთში;

დ) საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს;

ე) საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს;

ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში;

ზ) სპეციალური ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი;

თ) მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს. თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა ვერიფიციკაციის აპარატში  ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

4. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ:

ა) დაადასტურა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით;

ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით.

5. თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ახორციელებს ხელით.

6. თუ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი დააფიქსირებს, რომ კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩეველი შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ან სხვა უბნისთვის განკუთვნილ სპეციალურ სიაში, მას საარჩევნო უბანში აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითებით, ამომრჩეველთა ერთ-ერთი რეგისტრატორი, მისთვის გადაცემული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან, 10 საათზე, 12 საათზე, 15 საათზე, 17 საათსა და 20 საათზე ბეჭდავს კენჭისყრაში მონაწილეთა შესახებ ანგარიშს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს 12 საათსა და 17 საათზე ამობეჭდილ ანგარიშებში მითითებული რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. 12 საათისა და 17 საათის მონაცემები ასევე შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

8. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთ-ერთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს დაავალებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდოს საბოლოო ანგარიში.


მუხლი 7. კენჭისყრის პროცესის გაგრძელება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე
1. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატების ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას;

ბ) მისი აღმოფხვრისთანავე კენჭისყრა გრძელდება აპარატის/აპარატების საშუალებით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა შესაბამისი აპარატით/აპარატებით კენჭისყრის გაგრძელება:

ა) შესაბამისი აპარატის/აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე;

ბ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით კენჭისყრის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამის ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიას/სიებს (სამაგიდე სია ფოტოსურათებით) და ამომრჩეველთა რეგისტრაცია (ვერიფიკაცია) გრძელდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, დამატებით საარჩევნო კომისიის სხვა წევრი/წევრები დამატებით ასრულებს/ასრულებენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციას;

დ) ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატს ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს, რომელსაც აქვს საარჩევნო ბიულეტენის მოსათავსებლად სპეციალური ჭრილი, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.

3. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პროცესი ხორციელდება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის ერთზე მეტი სპეციალური აპარატის გამოყენებით და ტექნიკური ხარვეზის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ მათმა ნაწილმა, ასეთ შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება დანარჩენი ფუნქციონირებადი ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის/აპარატების გამოყენებით.


მუხლი 8. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასა და ამომრჩევლის მარკირებასთან, თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

3. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ამავდროულად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აღემატება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთი და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი განხორციელდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრთან ერთად,  ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის 2-2 წევრის მიერ.

4. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, განკარგულებით საუბნო საარჩევნო კომისიას დაამატოს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის/სპეცჯგუფების 2-2 წევრი და კონკურსის წესით შეარჩიოს აღნიშნული სპეცჯფუფის წევრები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეცჯგუფის წევრების მიმართ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 და 61 მუხლებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის სერტიფიკატის ქონის ვალდებულებისა. სპეცჯგუფის წევრების შერჩევის პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეცჯფუფის წევრად შერჩევის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სპეცჯგუფის წევრს არ მიეცემა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

7. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან  წილისყრით გამოავლენს ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

8. თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეცჯგუფის წევრი  უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავალებს კომისიის სხვა წევრს.

9. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით, ათავსებს საარჩევნო ბიულეტენებს ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.

10. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს, რის შემდეგაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს იმგვარად, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა;

ბ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.


მუხლი 9. წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი
1. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატის/აპარატების მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. აღნიშნულ ამონაწერს დაესმება კომისიის ბეჭედი. თუ ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატიდან/აპარატებიდან არ ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ან ამოიბეჭდება ტექნიკური წუნის ამონაწერი, გრძელდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

2. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის;

ბ) წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერში მითითებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით მიაწოდოს ცესკოს;

გ) წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი გადასცეს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად.


მუხლი 10. ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
1. ამ დანართის მე-8-მე-9 მუხლებით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

2. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ საარჩევნო კოდექსის 764 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებით.

3. საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები იფუთება და ილუქება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

4. ერთდროულად ორი ან მეტი სახის არჩევნების გამართვის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ ყველა საარჩევნო ბიულეტენი იფუთება და ილუქება ერთად.

5. საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით და მას და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ფოტოასლს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.


მუხლი 11. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებულ არჩევნებში საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენების დროებითი წესი
1. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება ამ დანართით განსაზღვრული წესით შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი).

2. თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ახორციელებს ხელით.


მუხლი 12. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებულ არჩევნებში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განხორციელების დროებითი წესი და ვადა
1. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებულ არჩევნებში:

ა) საარჩევნო ბლოკს/პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ;

ბ) პარლამენტის წევრობის კანდიდატს/საკრებულოს წევრობის კანდიდატს/მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და, ამავდროულად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2700-ს აღემატება, შეიძლება:

ა) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს დამატებით დაავალოს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულება;

ბ) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს არანაკლებ 5 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი;

გ) კენჭისყრის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოყენებული იქნეს მე-3 ძირითადი საარჩევნო ყუთი მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აპარატები კენჭისყრის დაწყებისას, ამ დანართით გათვალისწინებული წესით, სინქრონიზებული უნდა იყოს დანარჩენ აპარატებთან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.



7. 22/03/2024 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 7/2024 - ვებგვერდი, 22/03/2024 6. 15/09/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 56/2023 - ვებგვერდი, 18/09/2023 5. 23/08/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 52/2023 - ვებგვერდი, 23/08/2023 4. 05/08/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 48/2023 - ვებგვერდი, 07/08/2023 3. 17/03/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 30/2023 - ვებგვერდი, 17/03/2023 2. 27/02/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 24/2023 - ვებგვერდი, 27/02/2023 1. 20/02/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 18/2023 - ვებგვერდი, 21/02/2023