„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017673
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
89
20/03/2023
ვებგვერდი, 22/03/2023
230210000.22.033.017673
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/03/2023 - 11/04/2023)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №89

2023 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (https://matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თავი VII პირის დაშვება TIR პროცედურაზე“:

„თავი VII

პირის დაშვება TIR პროცედურაზე

მუხლი 37. TIR პროცედურაზე დაშვების პირობები

1. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) TIR პროცედურა – „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (შემდგომში – „TIR კონვენცია“) შესაბამისად TIR წიგნაკის გამოყენება;

ბ) TIR პროცედურაზე პირის დაშვება – „TIR კონვენციის“ შესაბამისად TIR წიგნაკის გამოყენების უფლების მინიჭება.

2. TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) TIR პროცედურაზე დაშვების მაძიებელი პირის (შემდგომში – დაშვების მაძიებელი) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში;

ბ) რეგულარულ საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობის გამოცდილება ან ასეთი გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული პირობა ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობა:

ბ.ა) დაშვების მაძიებელს აქვს საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება;

ბ.ბ) დაშვების მაძიებელს აქვს საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლოგისტიკური შესაძლებლობა, ხოლო მასთან დასაქმებულ პირს – საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება ან/და აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, დიპლომი ან სხვ.);

გ) „ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის“ არსებობა TIR პროცედურის გამოყენებით საერთაშორისო გადაზიდვებისთვის განკუთვნილ, დაშვების მაძიებელზე რეგისტრირებულ ან ხელშეკრულების საფუძველზე მის მფლობელობაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე;

დ) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა, რაც ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ:

დ.ა) დაშვების მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის/ გაკოტრების საქმე;

დ.ბ) TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) საიდენტიფიკაციო ნომრის (Holder ID) ასახვის თარიღისათვის დაშვების მაძიებელს არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

ე) „TIR კონვენციის“ ცოდნა;

ვ) TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) საიდენტიფიკაციო ნომრის (Holder ID) ასახვის თარიღიდან წინა უწყვეტი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით, 168-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით ან 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;

ზ) TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) საიდენტიფიკაციო ნომრის (Holder ID) ასახვის თარიღისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 194¹, 195¹ – 198-ე, მე-200 – 200², 2005 – 2006, 2041, 205-ე, 2051, 206-ე, 2072; 210-ე – 212-ე, 214-ე, 215-ე, 218-ე – 221-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. თუ დაშვების მაძიებელი იურიდიული პირია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება მის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ზეც.

მუხლი 38. TIR პროცედურაზე დაშვება

1. TIR პროცედურაზე დაშვებისთვის, დაშვების მაძიებელი, „TIR კონვენციის“ მე-9 დანართის პირველი ნაწილის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) მიერ უფლებამოსილ და ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი საგარანტიო ხელშეკრულებით აღიარებულ ეროვნულ საგარანტიო ასოციაციას (შემდგომში – ეროვნული საგარანტიო ასოციაცია) წარუდგენს „განაცხადს“, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი.

2. თუ ეროვნული საგარანტიო ასოციაცია მიიღებს გადაწყვეტილებას დაშვების მაძიებლის „განაცხადისთვის“ შემდგომი მსვლელობის მიცემაზე, დაშვების მაძიებელს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს (Holder ID) და შესაბამის ინფორმაციას ასახავს საერთაშორისო TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) – საბაჟო ორგანოს მიერ შემდგომი განხილვის მიზნით.

3. საბაჟო ორგანო ამოწმებს დაშვების მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას და იღებს გადაწყვეტილებას TIR პროცედურაზე პირის დაშვების ან დაშვებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო ორგანოს მიერ ეცნობება დაშვების მაძიებელს და აისახება TIR მონაცემთა ბანკში (ITDB).

 4. პირის TIR პროცედურაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მტკიცდება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით.

მუხლი 39. TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლი

1. საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას ნებისმიერ დროს, მაგრამ არანაკლებ ყოველი 12 თვის განმავლობაში ერთი შემოწმებისა.

2. TIR პროცედურაზე „TIR კონვენციის“ სხვა ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ დაშვებული პირისათვის ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, საბაჟო ორგანო TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) ასახავს მოთხოვნას – TIR პროცედურაზე პირის დაშვების 180 დღით შეჩერების შესახებ, შესაბამისი მხარის კომპეტენტური უწყების მხრიდან შემდგომი რეაგირებისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებაშეჩერებული პირის მიერ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო TIR მონაცემთა ბანკში (ITDB) ასახავს მოთხოვნას – TIR პროცედურაზე პირის დაშვების დამატებით 180 დღით შეჩერების შესახებ.

მუხლი 40. TIR პროცედურაზე დაშვების გაუქმება

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს პირის TIR პროცედურაზე დაშვება:

ა) თუ ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ TIR პროცედურაზე დაშვებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მოთხოვნას;

ბ) „TIR კონვენციის“ სხვა ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებებიდან ან/და ეროვნული საგარანტიო ასოციაციიდან მიღებული მოთხოვნის შემთხვევაში.

2. პირის TIR პროცედურაზე დაშვების გაუქმება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანებით.

3. პირის TIR პროცედურაზე დაშვების გაუქმების შესახებ საბაჟო ორგანოს უფროსის ბრძანების გამოცემიდან 180 დღის განმავლობაში, ამ პირის განცხადება TIR პროცედურაზე ხელახალი დაშვების მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაშვების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი სანქციისაგან პირის გათავისუფლების თაობაზე.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე TIR პროცედურაზე დაშვებულ პირებს უნარჩუნდებათ TIR წიგნაკის გამოყენების უფლება.

2. პირი, რომლის TIR პროცედურაზე დაშვება მოხდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) თავი VII-ით („პირის დაშვება TIR პროცედურაზე“) გათვალისწინებული მოთხოვნები ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე TIR პროცედურაზე დაშვებულ პირებზე „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) თავი VII-ის („პირის დაშვება TIR პროცედურაზე“) მოქმედება გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი