აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-05/3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.33.058.016169
01-05/3
22/04/2024
ვებგვერდი, 23/04/2024
430210000.33.058.016169
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება  №01-05/3

2024 წლის 22 აპრილი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე  მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13  მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,   ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის  რესურსცენტრისა და ხულოს  რესურსცენტრის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 08 დეკემბრის №326 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ბათუმის   რესურსცენტრისქობულეთის რესურსცენტრის ხელვაჩაურის  რესურსცენტრის ქედის  რესურსცენტრის,  შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს  რესურსცენტრის დებულება



მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ბათუმის რესურსცენტრი, ქობულეთის რესურსცენტრი, ხელვაჩაურის რესურსცენტრი, ქედის რესურსცენტრი, შუახევის რესურსცენტრი და ხულოს  რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებს.

2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების,  წინამდებარე დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და  განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, პროგრამული კოდი და დამოუკიდებელი ბალანსი.

5. რესურსცენტრების იურიდიული მისამართებია:

ა) ბათუმის რესურსცენტრი: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. №4;

ბ) ქობულეთის რესურსცენტრი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქ. №99;

გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23;

დ) ქედის  რესურსცენტრი: ქედის მუნიციპალიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. №3;

ე) შუახევის რესურსცენტრი: შუახევის მუნიციპალიტეტი, შოთა რუსთაველის ქ. №21;

ვ) ხულოს რესურსცენტრი: ხულოს მუნიციპალიტეტი, ტბელ აბუსერიძის ქ. №5.

მუხლი 2. რესურსცენტრის  მიზნები, საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. რესურსცენტრის მიზანია განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:

ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – საჯარო სკოლა) და  სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება) მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას და აღნიშნული დაწესებულებების კონსულტირებას;

ბ) უზრუნველყოფს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს, შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას, ასევე შედგენილი ანგარიშების საფუძველზე სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას და  შესაბამისი საჯარო სკოლისა და სამინისტროსათვის წარდგენას;

გ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მონიტორინგს უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით, ასევე, საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

დ) ხელს უწყობს ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ;

ე) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს და აწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ;

ვ) მონაწილეობს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში;

ზ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას;

თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;

ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემუშავებული ნოვაციების, პროგრამების, კონკურსების, ოლიმპიადებისა და სხვა აქტივობების დანერგვას ან/და განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

კ) სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის შესახებ, ასევე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების წარმოშობის/შეწყვეტის მიზნით;

ლ) სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ან სხვა უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების წარმოშობის, ასევე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

მ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას პროცედურების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

ნ) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში;

ო)  კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობს:

ო.ა) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში სსსმ პირების ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;

ო.ბ) მულტიდისციპლინურ გუნდს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სსსმ მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირებაში და აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას;

პ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულებების მიერ მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;

ჟ) მონაწილეობს საჯარო სკოლების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგები, სემინარები და სხვა) ორგანიზებით ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებას;

ს) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამინისტროს (ასევე სხვა უფლებამოსილ ორგანოს) შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;

ტ) ახორციელებს სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირებას და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;

უ) ახორციელებს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს;

ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ხელს უწყობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ და სხვა უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობას;

ქ) მონაწილეობს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის პროცესში;

ღ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამართლებრივი დახმარების მიზნით უზრუნველყოფს:

ღ.ა)  განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სიახლეების გაცნობას;

ღ.ბ) სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

ღ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.

ყ) ფინანსური დაგეგმარების მიზნით:

ყ.ა) უზრუნველყოფს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირებას საფინანსო-საბიუჯეტო  სფეროში;

ყ.ბ) ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და დახმარებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული  დაწესებულებების მიერ წლიური და კვარტალური ბიუჯეტის ფორმირებასა და ხარჯვის პროცესზე;  ადგენს ზოგად ანგარიშს ამ დაწესებულებების საბიუჯეტო ურთიერთობებისა და საერთო ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

შ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შესულ კორესპონდენციებს;

ჩ) სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო  ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ც) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ძ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის უფლებამოსილებას, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ.

მუხლი 3. რესურსცენტრის მართვა

1. რესურსცენტრის საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მინისტრი.

2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. რესურსცენტრის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს მინისტრი რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.

4. რესურსცენტრის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს რესურსცენტრის თანამშრომელთა შორის.  კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის  თანამშრომელთა საქმიანობაზე;                               

დ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;

ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს  სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რესურსცენტრში დასასაქმებელ შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას;

ვ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო  ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების დაცვასა და  მიზნობრივად გამოყენებაზე;  

ზ) საბიუჯეტო წლის ბოლოს სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას და გასული წლის ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;

თ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;

ი) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომით ხელშეკრულებებს;

ლ) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს, რომელიც საჭიროებს სამინისტროსთან შეთანხმებას;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროსათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიღებული სამინისტროს წერილობითი თანხმობის ან ამ ვადაში სამინისტროს პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში. თავის ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა;

ო) ახორციელებს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარმოდგენას;

პ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართავს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

ჟ) რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული  საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისაგან იღებს მისთვის საჭირო  ინფორმაციასა და დოკუმენტს, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენას, შესაბამისი დოკუმენტის ასლებსა და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

რ) უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რესურსცენტრის თანამშრომლის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. რესურსცენტრის უფროსის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის დისციპლინური წარმოების დაწყების, შეწყვეტის, ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი.

მუხლი 4. რესურსცენტრის თანამშრომლები

1. რესურსცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რესურსცენტრის თანამშრომლების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და რესურსცენტრის შინაგანაწესით.

3. რესურსცენტრის თანამშრომელი:

ა) ასრულებს რესურსცენტრის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პასუხებს შემოსულ  განცხადებებზე;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 5. რესურსცენტრის დაფინანსება, ქონება, კონტროლი და ანგარიშგება

1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებასა და განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე რესურსცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. რესურსცენტრი სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რესურსცენტრისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის შესახებ.

3. რესურსცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით ანგარიშვალდებულია  სამინისტროს წინაშე.

4. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი