ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების თაობაზე

ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-12
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/10/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016142
ნ-12
22/10/2024
ვებგვერდი, 23/10/2024
260000000.64.076.016142
ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-12
2024 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ1“ და „დ“ ქვეპუნქტების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ  შესაბამისობის კონტროლის  სისტემის დანერგვის წესი“ (დანართი).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე



დანართი
ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის  სისტემის დანერგვის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის  სისტემის დანერგვის წესის (შემდგომ – წესი) მოქმედება ვრცელდება სერტიფიცირებულ ბუღალტერზე, პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერსა და აუდიტორზე, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას, აგრეთვე საბუღალტრო ფირმასა და აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმაზე.

2. ეს წესი განსაზღვრავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მიზნებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისობის კონტროლის  სისტემის დანერგვის წესებს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშგება – „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – მონიტორინგის სამსახური) უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების შესაბამისად, ანგარიშვალდებული პირის მიერ მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ;

ბ) ანგარიშვალდებული პირი – კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და აუდიტორი, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ საქმიანობას, ასევე,  საბუღალტრო ფირმა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმა;

გ) პასუხისმგებელი პირი – შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს;

ე) საეჭვო გარიგება – გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით, ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას;

ვ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა – შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა;

ზ) ჯგუფი – კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“  ქვეპუნქტით განსაზღვრული სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

თ) შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს;

ი) სანქციადაკისრებული პირი – ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება;

კ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა – შესაბამისობის კონტროლის სისტემის გადახედვა/განახლება, მისი გარემოებებთან შესაბამისობის, ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და დახვეწის მიზნით;

ლ) რეესტრი – პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების, საბუღალტრო ფირმების ან/და აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრი, ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრი

2. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. შესაბამისობის კონტროლის სისტემა
1. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის  ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  დანიშვნისა და, ასევე, იმ ანგარიშვალდებული პირის მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის (რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის) განსაზღვრის წესს;

ბ)  შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებებსა და მოვალეობებს;

გ) თანამშრომელთა შერჩევის წესს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად;

დ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამას, მათთვის კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

ე) უჩვეულო და საეჭვო გარიგებების დამუშავების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, უჩვეულო გარიგების შესწავლისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად და მონიტორინგის სამსახურისთვის შეტყობინებისთვის გონივრული ზომების მიღების პროცედურას);

ვ) კანონის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესს;

ზ) ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის წესს.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს და შეიმუშაოს შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკუთარი რისკების შეფასების სისტემის საფუძველზე.

3. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობითი ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვოს საკუთარი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე.

5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობითი ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის.

6. ანგარიშვალდებული პირი რეგულარულად უნდა ახორციელებდეს შესაბამისობის კონტროლის სისტემასთან შესაბამისობის მონიტორინგს.


მუხლი 4. შესაბამისობის კონტროლი ჯგუფის დონეზე 
1. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ვალდებულია დანერგოს ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომელიც, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, განსაზღვრავს:

ა) ჯგუფის წევრებს შორის ინფორმაციის (დოკუმენტის) გავრცელების წესებს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;

ბ) ჯგუფის დონეზე პასუხისმგებელი პირისთვის და ჯგუფის წევრებისთვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;

გ) ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველყოფის მექანიზმებს.

2. ანგარიშვალდებული პირის სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულმა ან მოქმედმა შვილობილმა საწარმომ ან ფილიალმა უნდა შეასრულოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, თუ მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში მოქმედი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობა ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული ან მოქმედი შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის მიერ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელია საქართველოში რეგისტრირებული ანგარიშვალდებული პირი.


მუხლი 5. პასუხისმგებელი პირი
1. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი. ანგარიშვალდებული პირის მიერ საქმიანობის ერთპიროვნულად  განხორციელების შემთხვევაში იგი პასუხისმგებელ პირად განსაზღვრავს საკუთარ თავს.

2. ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის მოცულობის და სპეციფიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებელი პირი შესაძლოა ახორციელებდეს აგრეთვე სხვა ფუნქციებსაც, რომელიც დაკავშირებული არ არის ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასთან.

3. პასუხისმგებელი პირი ახდენს შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადმინისტრირებას. იგი უფლებამოსილია მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს ინიციატივა ყველა საჭირო და შესაბამისი ზომის მიღების თაობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი ზომების შესაბამისობა და ეფექტიანობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან მიმართებით.

4. პასუხისმგებელი პირი ანგარიშვალდებულია მმართველობითი ორგანოს წევრის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისათვის.

5. პასუხისმგებელი პირის დანიშვნისას/შეცვლისას, საბუღალტრო და აუდიტორულმა ფირმამ, პასუხისმგებელი პირის დანიშვნიდან/შეცვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოახდინოს სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენა. ამ მიზნით საბუღალტრო ფირმამ უნდა უზრუნველყოს შესაბამის რეესტრში მომხმარებლის ცვლილება, ხოლო აუდიტორულმა ფირმამ სამსახურისათვის განცხადების ელექტრონულად ან მატერიალურად წარდგენა.


მუხლი 6. თანამშრომელთა შერჩევის წესები 
1. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, პასუხისმგებელი პირებისა და თანამშრომელთა შერჩევის წესებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად.

2. თანამშრომელთა შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს თანამდებობრივ პოზიციასთან შესაბამისი რისკების გათვალისწინებით.

3. თანამშრომელთა შერჩევის პროცესი, სულ მცირე, მოიცავს პირის მონაცემების შესწავლას, მისი პოზიციისთვის შესაბამისობის დადგენის მიზნით, რათა დადასტურდეს შესარჩევი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.


მუხლი 7. განგრძობითი სწავლების პროგრამა 
1.შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული იმ პირების განგრძობითი სწავლების პროგრამაში ჩართვას, რომელთა ფუნქციებიც დაკავშირებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ხელშეწყობასთან.

2. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს განგრძობითი სწავლების დროს, ხანგრძლივობას, სიხშირესა და მეთოდს.

3.  განგრძობითი სწავლება მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების, ტენდენციებისა და ტექნიკების, უჩვეულო ტრანზაქციებისა და აქტივობების იდენტიფიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, თუ როგორ ხდება განგრძობითი სწავლების პროგრამის მორგება კონკრეტული საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით ანგარიშვალდებული პირის თანამშრომლებზე.

5. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს განგრძობითი სწავლების პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნის შეფასების შესაძლებლობას.


მუხლი 8. უჩვეულო გარიგება
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეისწავლოს უჩვეულო გარიგება, მისი მიზანი, საფუძვლები და, საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო გარიგების გამოსავლენად განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

2. სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დაასაბუთოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეისწავლა უჩვეულო გარიგება და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა დანერგოს ისეთი შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომ ანგარიშვალდებულმა პირმა გამოიკვლიოს უჩვეულო გარიგება და შეინახოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა ასევე უნდა ითვალისწინებდეს, თუ როგორ მოხდება უჩვეულო გარიგებების მონიტორინგი, გამოკვლევა და დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა იმ საქმიან ურთიერთობებთან მიმართებით, რომელიც ხორციელდება ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებსაც არ აქვთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის საკმარისი და შესაბამისი სისტემები.


მუხლი 9. საეჭვო გარიგება 
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად წარუდგინოს ანგარიშგება მონიტორინგის სამსახურს.

2. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა განსაზღვრავდეს ადეკვატურ და ეფექტიან პოლიტიკას, წესებს, სისტემებსა და მექანიზმებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის წესზე, რაც უნდა მოიცავდეს:

ა) საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენის საფუძვლის არსებობის განსაზღვრას ანგარიშვალდებული პირის  შესაბამისი თანამშრომლის მიერ;

ბ) ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს;

გ) ანგარიშგების წარდგენაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაციას;

დ) პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირის მიერ ანგარიშგების წარდგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში;

ე) პროცედურას, თუ როგორ ხდება ანგარიშგების წარდგენის შესახებ ინფორმაციის კლიენტისთვის/ნებისმიერი მესამე პირისთვის გაუმჟღავნებლობის უზრუნველყოფა.

3. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება, რომელიც კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ახორციელებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან რომელმაც კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება, ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან რომელიც მონიტორინგის სამსახურის მითითებით ახორციელებს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული თანამშრომლის დაცვა მუქარისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისგან, ან სხვა უკანონო ზემოქმედებისგან.

4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია არ გაუმჟღავნოს  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია კლიენტს, რომელსაც ეს ანგარიშგება ეხება, ან ნებისმიერ მესამე პირს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება შესაბამისი ორგანოებისთვის, ასევე კანონის აღსრულების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნებას.

6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე პირი წარმოადგენს სანქციადაკისრებულ პირს ან მასთან დაკავშირებულ პირს.


მუხლი 10. კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
1. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებას და „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის №ნ-14 ბრძანებას.

2. ანგარიშვალდებული პირის რისკების შეფასების სისტემიდან გამომდინარე, შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს, თუ რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული გამარტივებული და გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.

3. შესაბამისობის კონტროლის სისტემის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ნაწილი, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ:

ა) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი რისკების შეფასების სისტემაში იდენტიფიცირებული რისკებიდან გამომდინარე კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი კლიენტის საქმიანობაში არსებითი ცვლილების იდენტიფიცირებას (არსებითი ცვლილება შეიძლება წარმოადგენდეს ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზრდას ან შემცირებას, ან ფულის გათეთრებისა თუ ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის წინააღმდეგ ზომების ეფექტიანობის შემცირებას);

გ) რა ინფორმაციას/დოკუმენტაციას ითხოვს ანგარიშვალდებული პირი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის, საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგისთვის;

დ) როგორ ახდენს ანგარიშვალდებული პირი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის ავთენტურობის უზრუნველყოფას;

ე) როგორ განხორციელდება გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები;

ვ) რა პროცედურებს გადის ანგარიშვალდებული პირი მომეტებული რისკის კლიენტთან საქმიანობის გაგრძელებისას.

4. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა მოიცავდეს არსებულ კლიენტებთან მიმართებით საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის პროცესს, რაც საშუალებას მისცემს ანგარიშვალდებულ პირს აღმოაჩინოს შეუსაბამობები კლიენტის შესახებ არსებულ ინფორმაციას, კლიენტის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებსა და საქმიანობას შორის. მონიტორინგის პროცესისას ანგარიშვალდებულმა პირმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გაითვალისწინოს კლიენტის საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, მინიჭებული რისკის დონე, საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები, საჯარო ინფორმაცია და სხვა.

5. დაუშვებელია ანგარიშვალდებული პირის მიერ საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, გარიგების დადება, ან შესრულება, თუ ვერ ხერხდება კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება რისკის შესაფერისი პერიოდულობით.

6. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, კლიენტის ვერიფიკაცია შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

7. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა, კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საეჭვო გარიგების თაობაზე ანგარიშგების მონიტორინგის სამსახურში წარდგენის საფუძველი.


მუხლი 11. ინფორმაციის აღრიცხვის, დამუშავებისა და შენახვის ვალდებულება 
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად მოპოვებული მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვის/შენახვის მიზნით, შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ისეთი ელექტრონული სისტემა, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობის და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის პროპორციულია და უზრუნველყოფს მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნებისთვის კანონის შესაბამისად მოპოვებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამსახურისთვის ინფორმაციის (დოკუმენტის) დაუყოვნებლივ წარდგენა.

3. შესაბამისობის კონტროლის სისტემა უნდა განსაზღვრავდეს ადეკვატურ და ეფექტიან პოლიტიკას, წესებს, სისტემებსა და მექანიზმებს ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის ვალდებულების შესრულებისთვის.

4. ანგარიშვალდებულმა პირმა, საქმიანი ურთიერთობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით  უნდა აღრიცხოს და შეინახოს, როგორც კლიენტთან დადებულ გარიგებასთან, ისე კლიენტის დავალებით მომზადებულ, დადებულ და შესრულებულ  გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) გარიგების (ოპერაციის) სახე და შინაარსი (მიზანი და საგანი);

ბ) გარიგების (ოპერაციის) დადების/შესრულების ადგილი და თარიღი;

გ) გარიგების ფორმა და მოქმედების ვადა;

დ) გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება და ვალუტა;

ე) კლიენტის და კლიენტის სახელით მოქმედი პირის (არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) გარიგების (ოპერაციის) მონაწილე სხვა პირის (კონტრაჰენტის) და მისი სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის სასარგებლოდაც იდება/სრულდება გარიგება (ოპერაცია);

თ) ანგარიშის სახე, ნომერი, გახსნის/დახურვის თარიღი, რომლის მეშვეობით შესრულდა გარიგება (ოპერაცია) (ასეთის არსებობისას).

5. ინფორმაცია უნდა იყოს:

ა) საკმარისი, რათა მოხდეს საქმიანი ურთიერთობის ბუნებისა და მიზნის დადგენა;

ბ) შეფასებული, რისკის დონის შესაბამისად.

6. მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულმა პირმა მხედველობაში უნდა იქონიოს და დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.


მუხლი 12. შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა
1. შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად უნდა ხორციელდებოდეს როგორც გარკვეული პერიოდულობით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების დროსაც, რათა სისტემა ყოველთვის იყოს განახლებული, ხდებოდეს მისი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და პროცესისთვის საჭირო ცვლილებების შეტანა.

2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის მიმოხილვა უნდა განხორციელდეს  2 წელიწადში ერთხელ ან სხვა ნებისმიერ დროს, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.


მუხლი 13. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ანგარიშვალდებული პირისთვის გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 14. გარდამავალი დებულება
ანგარიშვალდებულმა პირებმა უზრუნველყონ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.