დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის - მცენარეული ზეთების შესახებ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 471 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024865 |
|
ტექნიკური რეგლამენტის – მცენარეული ზეთების შესახებ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − მცენარეული ზეთების შესახებ.“. |
მუხლი 2 |
მცენარეული ზეთები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი – მცენარეული ზეთების შესახებ
|
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. „ტექნიკური რეგლამენტი მცენარეული ზეთების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს მცენარეული ზეთების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მცენარეული ზეთების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. 2. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს მცენარეული ზეთების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. 3. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს: ა) ტერმინთა განმარტებებს; ბ) მოთხოვნებს მცენარეული ზეთების მიმართ; გ) სპეციფიკურ მოთხოვნებს ზეთისხილის ზეთების მიმართ; დ) მცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობებს; ე) მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ; ვ) მცენარეული ზეთების შესაბამისობის კონტროლი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) არაქისის ზეთი (Arachis oil) – არაქისის /მიწის თხილის (Arachis hypogaea L.) თესლიდან მიღებული ზეთი; ბ) ალისარჩულის ზეთი (Safflowerseed oil) – ალისარჩულის (Carthamus tinctorious L.) თესლიდან მიღებული ზეთი; გ) ალისარჩულის ზეთი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით (Safflowerseed oil – high oleic acid) – ოლეინის ზეთის მაღალი შემცველობის მქონე ალისარჩულის (Carthamus tinctorious L.) სხვადასხვა სახეობის თესლიდან მიღებული ზეთი; დ) ბაბასუს ზეთი (Babassu oil) – პალმის სხვადასხვა სახეობის (Orbignya spp.) ნაყოფის გულიდან (კურკა) მიღებული ზეთი; ე) ბამბის ზეთი (Cottonseed oil) – ბამბის (Gossypium spp.) სხვადასხვა კულტივირებული სახეობების თესლიდან მიღებული ზეთი; ვ) ბრინჯის ქატოს ზეთი (ბრინჯის ზეთი) (Rice bran oil (rice oil) – ბრინჯის (Oryza sativa L) ქატოსგან მიღებული ზეთი; ზ) ქოქოსის ზეთი (Coconut oil) – ქოქოსის (Cocos nucifera L.) კაკლის გულისგან (კოპრა) მიღებული ზეთი; თ) სელის ზეთი ( Flaxseed (Linseed) oil) – სელის (Linum usitatissimum) კულტურული სახეობების თესლიდან მიღებული ზეთი; ი) ყურძნის წიპწის ზეთი (Grapeseed oil) – ყურძნის (Vitis vinifera L.) თესლიდან/წიპწიდან მიღებული ზეთი; კ) თხილის ზეთი (Hazelnut oil) – თხილის (Corylus avellana L.) ნაყოფის გულიდან მიღებული ზეთი; ლ) სიმინდის ზეთი (Maize oil) – სიმინდის (Zea mays L.) მარცვლიდან მიღებული ზეთი; მ) ნუშის ზეთი (Almond oil) – ნუშის (Amygdalus communis L.) ნაყოფის გულიდან მიღებული ზეთი; ნ) მდოგვის ზეთი (Mustardseed oil) – თეთრი მდოგვის (Sinapis alba L. ან Brassica hirta Moench), ყავისფერი და ყვითელი მდოგვის (Brassica juncea (L.) Czernajew და Cossen) და შავი მდოგვის (Brassica nigra (L.) Koch) თესლიდან მიღებული ზეთი; ო) პალმის გულის ზეთი (Palm kernel oil) – პალმის (Elaeis guineensis) ნაყოფის გულიდან მიღებული ზეთი; პ) პალმის გულის ოლეინი (Palm kernel olein) – თხევადი ფრაქცია, რომელიც მიიღება პალმის გულის ზეთის (Palm kernel oil) ფრაქციებად დაყოფით; ჟ) პალმის გულის სტეარინი (Palm kernel stearin) – მყარი ფრაქცია, რომელიც მიიღება პალმის გულის ზეთის (Palm kernel oil) ფრაქციებად დაყოფით; რ) პალმის ზეთი (Palm oil) – პალმის (Elaeis guineensis) ნაყოფის წვნიანი მეზოკარპისგან მიღებული ზეთი; ს) პალმის ზეთი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით (Palm oil with a higher content of oleic acid) – პალმის ჰიბრიდული ნაყოფების (Elaeis oleifera x Elaeis guineensis) წვნიანი მეზოკარპისგან მიღებული ზეთი; ტ) პალმის ოლეინი (Palm olein) – თხევადი ფრაქცია, რომელიც მიიღება პალმის ზეთის (Palm oil) ფრაქციებად დაყოფით; უ) პალმის სტეარინი (Palm stearin) – დნობის მაღალი ტემპერატურის მქონე ფრაქცია, რომელიც მიიღება პალმის ზეთის (Palm oil) ფრაქციებად დაყოფით; ფ) პალმის სუპეროლეინი (Palm superolein) – თხევადი ფრაქცია, რომელიც მიიღება პალმის ზეთის (Palm oil) სპეციალურად კონტროლირებადი კრისტალიზაციით, ისე, რომ იოდის რიცხვი აღწევდეს 60-ს ან მეტს; ქ) ფსტის ზეთი (Pistachio oil) – ფსტის (Pistacia vera L.) ნაყოფის გულიდან მიღებული ზეთი; ღ) რაფსის ზეთი (turnip rape oil; colza oil; ravison oil; sarson oil: toria oil) – რაფსის სხვადასხვა სახეობის (Brassica napus L., Brassica rapa L., Brassica juncea L. and Brassica tournefortii Gouan species) თესლიდან მიღებული ზეთი; ყ) რაფსის ზეთი ერუკის მჟავის დაბალი შემცველობით (Rapeseed oil – low erucic acid) – ერუკის მჟავის დაბალი შემცველობის მქონე რაფსის სხვადასხვა სახეობების (Brassica napus L., Brassica rapa L. and Brassica juncea L., species) თესლიდან მიღებული ზეთი; შ) ქუნჟუტის ან შირბახტის ან სეზამის ან მორინგას ზეთი (Sesameseed oil) – ქუნჟუტის/შირბახტის/სეზამის/მორინგას ( Sesamum indicum L.) თესლიდან მიღებული ზეთი; ჩ) სოიოს ზეთი (Soya bean oil) – სოიოს (Glycine max (L.) Merr.) მარცვლიდან მიღებული ზეთი; ც) მზესუმზირას ზეთი (Sunflower oil) – მზესუმზირას (Helianthus annuus L.) თესლიდან მიღებული ზეთი; ძ) მზესუმზირას ზეთი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით (Sunflowerseed oil – high oleic acid) - ოლეინის ზეთის მაღალი შემცველობის მქონე მზესუმზირას (Helianthus annuus L.) სხვადასხვა სახეობის თესლიდან მიღებული ზეთი; წ) შედგენილი ზეთი – ზეთი, რომელიც შედგება მხოლოდ რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და უშუალოდ ზეთისხილისაგან მიღებული ზეთისაგან; ჭ) მზესუმზირას ზეთი ოლეინის მჟავის საშუალო შემცველობით (Sunflowerseed oil – mid oleic acid) – ოლეინის მჟავის საშუალო შემცველობის მქონე მზესუმზირას თესლისგან (Helianthus annuus L.) მიღებული ზეთი; ხ) კაკლის ზეთი (Walnut oil) – კაკლის (Juglans regia L.) ნაყოფის გულიდან მიღებული ზეთი; ჯ) საკვები მცენარეული ზეთები (Edible vegetable oils) – მცენარეული წარმოშობის სურსათი, რომელიც უპირატესად შედგება ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებისგან, ისინი შეიძლება შეიცავდეს უმნიშვნელო რაოდენობით სხვა ლიპიდებს, როგორებიცაა ფოსფატიდები, გაუსაპნავი კომპონენტები და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ცხიმებსა ან ზეთებში; ჰ) პირველადი დაწურვის ზეთი (Virgin oils ) – ზეთი, რომელიც მიიღება ზეთის ბუნების შეუცვლელად, მექანიკური პროცესებით, მაგ., გამოწურვით ან დაწნეხით, და მხოლოდ სითბოს გამოყენებით. მათი გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ცივი წყლით გამორეცხვით, დაყოვნებით, ფილტრაციით და ცენტრიფუგირებით; ჰ1) ცივი/ცივად დაწურვის ზეთი (Cold pressed oils) – ზეთი, რომელიც მიიღება ზეთის ბუნების შეუცვლელად, მექანიკური პროცესებით, მაგ., გამოწურვით ან დაწნეხით, გაცხელების გარეშე. მათი გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ცივი წყლით გამორეცხვით, დაყოვნებით, ფილტრაციით და ცენტრიფუგირებით; ჰ2) ზეთისხილის ზეთი (Olive oil) – მხოლოდ ზეთისხილის (Olea europaea L.), ნაყოფიდან მიღებული ზეთი, გამხსნელების ან ეთერიფიკაციის პროცესის გამოყენებით მიღებული ზეთებისა და სხვა სახის ზეთებთან ნებისმიერი შერევის გარეშე; ჰ3) პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი (Virgin olive oil) – მხოლოდ ზეთისხილის (Olea europaea L.) ნაყოფიდან მექანიკური ან სხვა ფიზიკური საშუალებებით მიღებული ზეთი, ისეთ თერმულ პირობებში, რომელიც არ იწვევს ზეთში ცვლილებებს და რომელიც არ დაექვემდებარა არანაირ დამუშავებას, გარდა გამორეცხვის, დეკანტაციის, ცენტრიფუგირებისა და ფილტრაციისა; ჰ4) ზეთისხილის ზეთი პომასის (Olive-pomace oil) – ზეთი, რომელიც მიღებულია ზეთისხილის პომასის (კოპტონის/ნაწნეხის) გამხსნელებით (გარდა ჰალოგენირებული გამხსნელებისა) დამუშავებით, ან მიღებულია მისი სხვა ფიზიკური დამუშავებით, გამხსნელების ან ეთერიფიკაციის პროცესის გამოყენებით მიღებული ზეთებისა და სხვა სახის ზეთებთან ნებისმიერი შერევის გარეშე. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მცენარეული ზეთების ძირითადი შემადგენლობა და ხარისხის მაჩვენებლები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა, განსაზღვრული აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით, უნდა შეესაბამებოდეს ცხრილი №1-ით „ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ზოგიერთი მცენარეული ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) რაფსის ზეთი, ერუკის მჟავის დაბალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არაუმეტეს 2% ერუკის მჟავას; ბ) ალისარჩულის ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% ოლეინის მჟავას; გ) მზესუმზირას ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 75% ოლეინის მჟავას; დ) პალმის ზეთი, ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით – უნდა შეიცავდეს ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობის არანაკლებ 48 % ოლეინის მჟავას. 3. პალმის ზეთის სხვადასხვა კატეგორიისათვის დნობის წერტილი უნდა შეესაბამებოდეს ცხრილი №2-ით „დნობის წერტილი პალმის ზეთის სხვადასხვა კატეგორიისათვის“ განსაზღვრულ მაჩვენებლებს.
ცხრილი №1
ზოგიერთი მცენარეული ზეთის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა
აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით, გამოსახული ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობაში მათი პროცენტული (%) შემცველობით
ცხრილი №2
დნობის წერტილი პალმის ზეთის სხვადასხვა კატეგორიისათვის
მუხლი 4. სპეციფიკური მოთხოვნები ზეთისხილის ზეთების შემადგენლობისა და ხარისხის მაჩვენებლების მიმართ 1. ზეთისხილის ზეთები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებს, მათ შორის: ა) ზეთისხილის ზეთები ძირითადი შემადგენლობისა და ხარისხის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა.ა) პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრა (Extra virgin olive oil) – პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი, რომლის თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 0,8 გრამს და რომლის სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.ბ) პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი (Virgin olive oil) – პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი, რომლის თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 2,0 გრამს და რომლის სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.გ) ზეთისხილის ზეთი ლამპანტე (Lampante olive oil) – პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი, რომლის თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს 2,0 გრამზე მეტს და რომლის სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.დ) პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ორდინარული (Ordinary virgin olive oil) – პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი, რომლის თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 3,3 გრამს და რომლის სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.ე) ზეთისხილის ზეთი რაფინირებული (Refined olive oil) – ზეთისხილის ზეთი, რომელიც მიღებულია პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთისგან რაფინირების (გაწმენდის) ისეთი მეთოდით, რომელიც არ იწვევს მისი საწყისი, გლიცერიდული სტრუქტურის ცვლილებას. მისი თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 0,3 გრამს, სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.ვ) ზეთისხილის ზეთი (Olive oil) – ზეთი, რომელიც შედგება რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთისგან და ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის; მისი თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 1,0 გრამს, სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.ზ) ზეთისხილის ზეთი პომასის რაფინირებული (Refined olive-pomace oil) – ზეთი, რომელიც მიღებულია ზეთისხილის პომასის (კოპტონის/ნაწნეხის) დაუმუშავებელი/ნედლი ზეთისხილის ზეთისაგან ისეთი მეთოდით, რომელიც არ იწვევს მისი საწყისი გლიცერიდული სტრუქტურის ცვლილებას. მისი თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 0,3 გრამს, სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს; ა.თ) ზეთისხილის ზეთი პომასის (Olive-pomace oil) – ზეთი, რომელიც შედგება ზეთისხილის პომასის (კოპტონის/ნაწნეხის) რაფინირებული ზეთის და პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთისაგან. მისი თავისუფალი მჟავიანობა, გამოხატული ოლეინის მჟავით, ყოველ 100 გრამზე შეადგენს არაუმეტეს 1,0 გრამს, სხვა მაჩვენებლები შეესაბამება ამ კატეგორიისთვის დადგენილ მაჩვენებლებს. 2. ზეთისხილის ზეთების ხარისხის მაჩვენებლები, მათ შორის, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდნენ ცხრილი №3-ით − „ზეთისხილის ზეთის ხარისხის მაჩვენებლებით“ – განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ცხრილი №3
ზეთისხილის ზეთის ხარისხის მაჩვენებლები
3. ზეთისხილის ზეთების სისუფთავის მაჩვენებლები, მათ შორის, ცხიმოვანი მჟავების შემცველობა, სისუფთავის სხვა მაჩვენებლები და სტეროლების შემცველობა უნდა აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის ცხრილი №4-ით – „ზეთისხილის ზეთების სისუფთავის მაჩვენებლებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ცხრილი №4
ზეთისხილის ზეთების სისუფთავის მაჩვენებლები
4. სხვადასხვა კატეგორიის ზეთისხილის ზეთებში ულტრაიისფერი სხივის (K 270) შთანთქმის სპექტრი უნდა შეესაბამებოდეს ცხრილი №5-ით „სხვადასხვა კატეგორიის ზეთისხილის ზეთებში ულტრაიისფერი სხივის (K 270) შთანთქმის სპექტრით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ცხრილი №5
სხვადასხვა კატეგორიის ზეთისხილის ზეთებში ულტრაიისფერი სხივის (K 270) შთანთქმის სპექტრი
მუხლი 5. მოთხოვნები მცენარეულ ზეთებში საკვებდანამატების გამოყენების მიმართ 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“, „ჰ1“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირველადი დაწურვის ზეთებში, ცივი დაწურვის ზეთებში და პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთში დაუშვებელია საკვებდანამატების გამოყენება. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მცენარეულ ზეთებში ანტიოქსიდანტები გამოყენებული უნდა იქნეს „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ჰ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მცენარეულ ზეთებში აქაფების საწინაააღმდეგო აგენტები და ემულგატორები გამოყენებული უნდა იქნეს „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №585 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ჰ1“ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მცენარეულ ზეთებში, არომატიზატორების გამოყენება უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 6. მცენარეული ზეთების ბაზარზე განთავსების პირობები 1. ბაზარზე განთავსებული მცენარეული ზეთები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. 2. ზეთისხილის ზეთებში ჰალოგენირებული გამხსნელების მაქსიმალური შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრილი N6-ით – „ჰალოგენირებული გამხსნელების მაქსიმალური შემცველობა“ განსაზღვრულ მაჩვენებლებს. 3. ბაზარზე განთავსებული მცენარეული ზეთების ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. 4. ბაზარზე განთავსებული მცენარეული ზეთები ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 5. საცალო ვაჭრობაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.–ა.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მცენარეული ზეთების ოფიციალური დასახელება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პროდუქტისათვის, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული ქვეპუნქტებითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. დაუშვებელია ოფიციალური დასახელება „ზეთისხილის ზეთი“ გამოყენებული იქნეს „ზეთისხილის ზეთი პომასის“ ოფიციალურ დასახელებად. 7. სავალდებულოა, თითოეული კატეგორიის ზეთისხილის ზეთის ეტიკეტზე დამატებით, მკაფიოდ, ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი წაშლა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრას“ ეტიკეტზე მითითებული იქნეს – „უმაღლესი კატეგორიის ზეთისხილის ზეთი, მიღებული უშუალოდ ზეთისხილისაგან, მხოლოდ მექანიკური საშუალებით“; ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“ ეტიკეტზე მითითებული იქნეს – „ზეთისხილის ზეთი, მიღებული უშუალოდ ზეთისხილისაგან, მხოლოდ მექანიკური საშუალებით“; გ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“ და „ა. ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „ზეთისხილის ზეთი რაფინირებულის“ ნარევის ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს – „ზეთი შედგება მხოლოდ რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და უშუალოდ ზეთისხილისაგან მიღებული ზეთისაგან“; დ) „ა.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „ზეთისხილის ზეთი პომასის“ ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს – „ზეთი, რომელიც შედგება მხოლოდ ზეთისხილის პომასის (კოპტონის/ნაწნეხის) გადამუშავებით მიღებული ზეთისა და უშუალოდ ზეთისხილისგან მიღებული ზეთისაგან“ ან, ასევე „ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ იმ პროდუქტის დამუშავებით, საიდანაც უკვე გამოხდილია ზეთისხილის ზეთი და ზეთები, რომლებიც უშუალოდ ზეთისხილისგან არის მიღებული“. ზეთისხილის ზეთისა და უშუალოდ ზეთისხილისაგან მიღებული ზეთისაგან“. 8. საცალო ვაჭრობის ეტაპზე, საბოლოო მომხმარებლისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ზეთისხილის ზეთების კატეგორიები მიწოდებული უნდა იქნეს მოცულობით არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრი დაფასოებით, რომელსაც ექნება შიდა დამატებითი სახურავი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ჰერმეტულობას პირველ გახსნამდე. 9. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ზეთისხილის ზეთების კატეგორიები უშუალოდ მიეწოდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, დასაშვებია მიწოდებული იქნეს მოცულობით 5 (ხუთი) ლიტრზე მეტი დაფასოებით. 10. ზეთისხილის ზეთების შენახვის პირობები („შეინახეთ სინათლისგან და სითბოსგან მოშორებით“ ან ანალოგიური შინაარსის განაცხადი) განთავსებული უნდა იქნეს უშუალოდ შეფუთვაზე ან ეტიკეტზე. 11. სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრა“ და ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი“ ეტიკეტზე აღნიშნული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოშობის ადგილი. 12. ადგილწარმოშობის დასახელებით ან/და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული ზეთისხილის ზეთების ეტიკეტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონით „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 13. თუ ზეთისხილის ზეთები წარმოებულია სხვა ქვეყანაში მოყვანილი ზეთისხილისგან, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს როგორც ზეთისხილის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, ისე ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მოხდა ზეთის წარმოება (მაგ., დასახელება „ზეთისხილის ზეთი ექსტრა“) დამზადებულია (ქვეყნის დასახელება), ზეთისხილისგან, რომელიც მოყვანილია (ქვეყნის დასახელება)“. 14. ზეთისხილის ზეთების სხვადასხვა კატეგორიაზე ნებაყოფლობით შესაძლებელია განთავსებული იქნეს (არასავალდებულოა) შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ბაზარზე განთავსებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრას“ ან ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“ ეტიკეტზე განაცხადი – „პირველადი ცივი დაწურვა” („first cold pressing“) შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეთი მიღებულია ზეთისხილის პასტის პირველ/პირველადი მექანიკური გამოწურვით, 27°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ექსტრაქციის ტრადიციული სისტემის – ჰიდრავლიკური წნეხის გამოყენებით; ბ) ბაზარზე განთავსებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრას“ ან ამავე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“ ეტიკეტზე მინიშნება – „ცივი ექსტრაქცია” („cold extraction“) შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეთი მიღებულია 27°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ზეთისხილის პასტის პერკოლაციით ან ცენტრიფუგირებით; გ) ბაზარზე განთავსებული, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრას“ და ამავე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“ ეტიკეტზე ორგანოლეპტიკური მახასიათებლების – სუნის ან/და გემოს აღნიშვნა ნებაყოფლობითია და ხორციელდება აღქმის ინტენსივობის მიხედვით: გ.ა) ძლიერი, როდესაც ატრიბუტის მედიანა 6,0-ზე მეტია; გ.ბ) საშუალო, როდესაც ატრიბუტის მედიანა მეტია 3,0-ზე და ნაკლები ან 6,0-ის ტოლი; გ.გ) დელიკატური, როდესაც ატრიბუტის მედიანა ნაკლებია ან ტოლია 3,0-ის; დ) ბაზარზე განთავსებული, „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთი ექსტრას“, „პირველადი დაწურვის ზეთისხილის ზეთის“, „ზეთი, რომელიც შედგება მხოლოდ რაფინირებული ზეთისხილის ზეთისა და უშუალოდ ზეთისხილისაგან მიღებული ზეთისაგან“ და „ზეთისხილის ზეთი პომასის“ ეტიკეტზე მჟავიანობის ან მაქსიმალური მჟავიანობის აღნიშვნა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ თარიღის ბოლოს დასაშვებია მითითებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე, მხედველობის იმავე არეში, იგივე შრიფტით მითითებული იქნება გოგირდის შემცველობა, ულტრაიისფერი (UV) შთანთქმის სპექტრი და ზეჟანგური რიცხვი; ე) თუ ბაზარზე განთავსებულია მცენარეული ზეთების ნარევი, რომელიც შედგება ზეთისხილის ზეთისა და სხვა მცენარეული ზეთებისაგან და ეტიკეტზე მოცემულია ზეთისხილის გამოსახულება ან ნახაზი/ნახატი, აუცილებელია ეტიკეტი შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტის სავაჭრო აღწერილობის შესახებ – „მცენარეული ზეთების ნარევი (ან კონკრეტული მცენარეული ზეთის დასახელება) და ზეთისხილის ზეთი“, და ასევე მითითებას ზეთისხილის ზეთის პროცენტული რაოდენობის შემცველობის შესახებ, იმ პირობით, რომ ნარევში ზეთისხილის ზეთის შემცველობა აღემატება 50%-ს; ვ) თუ ამ რეგლამენტით განსაზღვრული ოფიციალური დასახელების მქონე ზეთისხილის ზეთები გამოყენებულია სურსათში ინგრედიენტის სახით, დასაშვებია ინგრედიენტების ჩამონათვალში მათი აღნიშვნა მოხდეს საერთო ტერმინით „ზეთისხილის ზეთი“, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოყენებულია „ზეთისხილის ზეთი პომასის“. მისი აღნიშვნა უნდა მოხდეს ოფიციალური დასახელებით – „ზეთისხილის ზეთი პომასის“ .
ცხრილი №6
ჰალოგენირებული გამხსნელების მაქსიმალური შემცველობა
მუხლი 7. მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მცენარეული ზეთების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები მცენარეული ზეთების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე. 2. შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს მცენარეული ზეთების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა. 3. ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 8. შესაბამისობის კონტროლი მცენარეული ზეთების წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ. |
დოკუმენტის კომენტარები