„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 09/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.780
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
05/01/2007
სსმ, 3, 09/01/2007
430.030.000.22.022.009.780
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/01/2007 - 16/02/2007)

სახალმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.780

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №3

2007 წლის 5 იანვარი

 ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-8 პუნქტის უზრუნველსაყოფად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ1 “ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

 მინისტრის მოვალეობის

 შემსრულებელი ა. დიდებულიძე

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა (შემდგომში – საკრედიტო სისტემა) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.

    მუხლი 2. სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა)

1. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:

ა) ლექციებზე, სემინარებზე, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასწრებას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი, სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას;

ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოქვეყნებას.

2. სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში.

3. საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიული საათის განმავლობაში.

4. ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იგივე შინაარსის და მოცულობის მოდული ან საგანი ყველა პროგრამის სტუდენტისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები.

    მუხლი 3. კრედიტების განაწილება

1. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვ.), მისი ხანგრძლივობის და ტიპის მიუხედავად. საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება შედგებოდეს ერთწლიანი კურსების ან უფრო მოკლე მოდულებისაგან.

2. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

3. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტების განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას.

4. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ სტუდენტის მიერ პროფესორ-მასწავლებლებთან სასწავლო გარემოში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) მიხედვით.

    მუხლი 4. სტუდენტის მიღწევების შეფასება

1. კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიმართ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში.

2 დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული (ტრიმესტრული) მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტრის (ტრიმესტრის) ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით. სტუდენტის სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას;

ბ) შუა სემესტრულ რეიტინგულ შეფასებას;

გ) სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდის შეფასებას.

3. სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი, მიუხედავად მისი მიღწევებისა შეფასების სხვა კომპონენტებში, ითვლება ჩაჭრილად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი შეფასებების შეფარდება შეიძლება იცვლებოდეს საგნის, საგანმანათლებლო პროგრამის (კურსის) ან მოდულის მიხედვით.

5. საკრედიტო სისტემის შეფასებათა სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 90%-ზე მეტი;

ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%,

არსებობს ორი უარყოფითი შეფასება:

ვ) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით ხელახლა გამოცდაზე გასვლის უფლება;

ზ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, სტუდენტს მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ანუ საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი

1. ყველა ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დანერგილია სხვა სახის საკრედიტო სისტემები; 2006/2007 სასწავლო წლისათვის უნდა გადავიდეს ამ წესით განსაზღვრულ საკრედიტო სისტემაზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს წესი არ გავრცელდეს 2006-2007 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით, ხოლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს შექმნის შემდეგ – აკადემიურმა საბჭომ, და უნდა გაფორმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

16. 12/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23/ნ - ვებგვერდი, 12/02/2024 15. 29/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 105/ნ - ვებგვერდი, 30/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 03/12/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 115/ნ - ვებგვერდი, 04/12/2020 13. 18/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102/ნ - ვებგვერდი, 23/08/2016 12. 29/01/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 07/ნ - ვებგვერდი, 29/01/2016 11. 31/05/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 60/ნ - ვებგვერდი, 06/06/2013 10. 22/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 243/ნ - ვებგვერდი, 26/11/2012 9. 08/10/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 218/ნ - ვებგვერდი, 10/10/2012 8. 02/10/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 216/ნ - ვებგვერდი, 05/10/2012 7. 07/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 59/ნ - ვებგვერდი, 09/03/2012 6. 14/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43/ნ - ვებგვერდი, 20/02/2012 5. 09/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41/ნ - ვებგვერდი, 14/02/2012 4. 21/09/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 785 - სსმ, 115, 22/09/2009 3. 11/02/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 100 - სსმ, 26, 20/02/2008 2. 20/06/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 441 - სსმ, 94, 02/07/2007 1. 16/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 120 - სსმ, 124, 22/02/2007