"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 3/331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 25/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.396
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/331
21/11/2008
სსმ, 167, 25/11/2008
040.030.000.22.028.012.396
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/11/2008 - 16/02/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.012.396

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/331

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების შესაბამისად, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.

2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერ-თაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.

3. სააგენტო კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

სააგენტოს მიზნები და ამოცანებია:

ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვა, მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა და პოპულარიზაცია; სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

გ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;

დ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;

ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალის დამუშავება;

ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია;

თ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების მომზადება პუბლიკაციისთვის, ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;

ი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;

კ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (შემდგომში – ძეგლი) და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოწმება და სამართალდარღვევათა ფაქტების სამინისტროსთვის შეტყობინება რეაგირებისათვის;

ნ) კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადება და განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და შემეცნების მიზნით;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკების შექმნა;

პ) უძრავი და მოძრავი ძეგლების რეესტრში შესატანად წინადადებების მომზადება.

    მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი

1. სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიის სფეროებში;

ბ) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციები;

გ) დაამზადოს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;

დ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები, ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;

ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუწიოს მომსახურება კულტურული ფასეულობებისათვის (ნივთებისათვის) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით;

ვ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები;

ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;

თ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;

ი) ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში; მოამზადოს სახელმძღვანელოები ხელოვნების ისტორიასა და საკონსერვაციო საქმიანობაში;

კ) როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე:

კ.ა) დამოუკიდებლად აწარმოოს სამეცნიერო გამოკვლევები;

კ.ბ) შეადგინოს კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი განხორციელება;

კ.გ) ასევე საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძეგლზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;

მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;

ნ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცულ ძეგლებთან და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო და სარეკომენდაციო მასალები);

ო) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

პ) ხელი შეუწყოს ორგანიზებულ ტურიზმს; კერძოდ, მოამზადოს და განახორციელოს კულტურულ-შემეცნებითი პროგრამები;

ჟ) მონაწილეობა მიიღოს მუზეუმების, მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და მოამზადოს შესაბამისი პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;

რ) მოამზადოს და განახორციელოს მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმები;

ს) განახორციელოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში;

ტ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციოლოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა.

2. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.

    მუხლი 4. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. სააგენტო შედგება ადმინისტრაციისაგან და სტრუქტურული ერთეულებისაგან.

    მუხლი 5. სააგენტოს გენერალური დირექტორის უფლებამოსილება

სააგენტოს გენერალური დირექტორი:

ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სააგენტოს საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სააგენტოს ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სააგენტოს თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანწესს;

თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

კ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებს;

ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.

    მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

    მუხლი 7. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონება თხოვების ფორმით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ფინანსებსა და ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით სააგენტოს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

    მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.