სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 22/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/05/2009
ძალაში შესვლის თარიღი 25/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.013.029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
22/05/2009
სსმ, 64, 27/05/2009
220.010.050.11.004.013.029
სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/05/2009 - 24/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.013.029

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს დადგენილება №6

2009 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-9 მუხლების, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის“ თანდართული წესი.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღეს ძალაშია ეროვნული ბანკის მიერ „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებით განსაზღვრული იმ დღისათვის დადგენილი კურსები.

მუხლი 3. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრამდე და ამოქმედებამდე, გამოიყენება ამ დადგენილების ამოქმედების დღეს მოქმედი აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

მუხლი 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილება „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 5. ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის განვითარების, ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 25 მაისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე

სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და ადგენს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (შემდგომში –  ოფიციალური გაცვლითი კურსი) განსაზღვრის წესს.

2. სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრასა და გამოქვეყნებას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

3. სხვა ქვეყნების ვალუტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც განისაზღვრება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4. ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას და სხვა მიზნებისათვის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

5. ოფიციალური გაცვლითი კურსი არის ინდიკატიური მაჩვენებელი და გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, მისი გამოყენება სავალდებულო არ არის.

    მუხლი 2. ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი

1. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშება ხდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან გაანგარიშების დღის 16:30 საათამდე პერიოდში (შემდგომში – გასაანგარიშებელი პერიოდი) ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში (შემდგომში – სავაჭრო სისტემა) რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

2. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად ცხადდება სავაჭრო სისტემაში გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში ბანკთაშორის დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ბანკთაშორის დადებულ გარიგებებში იგულისხმება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც გარიგების ერთ-ერთ მხარესთან, დადებული გარიგებებიც.

3. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) საბაზრო კურსისგან არსებითად განსხვავებული კურსით დადებული გარიგებები. არსებითად განსხვავებულ კურსად მოიაზრება კურსი, რომელიც გასაანგარიშებელ პერიოდში დადებული დანარჩენი გარიგეების საშუალო შეწონილი კურსისაგან 2.5 და მეტი პროცენტით განსხვავდება;

ბ) ორ კონტრაგენტს შორის გასაანგარიშებელ პერიოდში მსგავსი პირობებით და მოცულობით დადებული საპირისპირო გარიგებები.

4. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრისას კურსის გასაანგარიშებელ პერიოდში დადებულ გარიგებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის გარიგებებიც, რომელიც გამოყენებულ იქნა წინა დღის საშუალო შეწონილი კურსის დათვლისას, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გაანგარიშების პერიოდში სავაჭრო სისტემაში დადებულ იმ ბანკთაშორის გარიგებათა რაოდენობა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, სამი ან სამზე ნაკლებია

ან

ბ) სავაჭრო სისტემაში გაანგარიშების პერიოდში დადებულ ბანკთაშორის იმ გარიგებათა ჯამური ბრუნვა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, 3 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებია.

5. სხვა დანარჩენი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების კროსკურსული გადაანგარიშების საფუძველზე.

6. თითოეული ასეთი ვალუტისათვის ბაზრის იმ სეგმენტების ჩამონათვალს (ბანკთაშორისი ან ცენტრალური ბანკის კურსი), რომელსაც უპირატესობა ენიჭება კროსკურსული გადაანგარიშებისათვის საჭირო კურსების მისაღებად, ადგენს ეროვნული ბანკი.

7. გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ვებგვერდები.

8. კროსკურსული გადაანგარიშებისათვის საჭირო კურსების განსაზღვრისას აიღება იმ მომენტისათვის ხელმისაწვდომი უკანასკნელი საკურსო მაჩვენებლები.

9. კროსკურსების გადაანგარიშებისათვის საჭირო აშშ დოლარის მიმართ სხვა ვალუტების კურსებს (გარდა ლარისა) ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ყოველ სამუშაო საბანკო დღეს 14:45-დან 15:00 საათამდე. ტექნიკური შეფერხებების შემთხვევაში დასაშვებია კურსის განსაზღვრა უფრო გვიანაც, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრისთანავე.

    მუხლი 3. ოფიციალური გაცვლითი კურსების გამოქვეყნება

1. ოფიციალური გაცვლითი კურსები ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა. ოფიციალური გაცვლითი კურსები მოქმედებს გამოქვეყნების მომდევნო დღიდან, ახალი კურსების ამოქმედების დღემდე პერიოდში.

2. ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაცია დამატებით შესაძლებელია გავრცელდეს „როიტერისა“ და „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემებში ან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.