,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 18/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.742
  • Word
101
16/05/2007
სსმ, 70, 18/05/2007
010.240.030.10.003.000.742
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე

1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების თანდართული წესი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისათვის ქალაქთმშენებლობითი, ტექნიკური და სხვა ხასიათის პირობების დადგენის, ამ პირობების საფუძველზე სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისა და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების პროცედურებს.

2. ამ წესზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების ტერმინთა განმარტებები.

3. მშენებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ შეთანხმებას მშენებლობაზე ან რომელთა მშენებლო-ბის შეთანხმება გაიცემა გამარტივებული წესით ან დაიშვება გამონაკლისი, შეესაბამება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ ობიექტებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ბ) შემთანხმებელი ორგანო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად ქალაქთმშენებლობით ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები – „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ობიექტები;

ე) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმება.

    მუხლი 3. ქალაქთმშენებლობითი და სხვა პირობების დადგენა/შეთანხმება

1. მშენებლობის განმახორციელებელი იკვლევს მშენებლობისათვის საჭირო ქალაქთმშენებლობით პირობებს და იმ ტექნიკურ თუ სხვა სახის პირობებს, რომლებიც საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის შესაქმნელად.

2. მშენებლობის განმახორციელებელი დაპროექტებისათვის საჭირო პირობების მოსაპოვებლად/შესათანხმებლად მიმართავს შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს:

ა) ქალაქთმშენებლობითი პირობებისათვის – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოს;

ბ) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის დამახასიათებელი პირობებისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას;

გ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომელშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

დ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის, გარდა ამ მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;

ე) სარეკრეაციო ზონებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;

ვ) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს;

ზ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ო“, „პ“, „ტ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას;

თ) სანაპირო ზონისა და სანაპირო ზოლისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს;

ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისას, თუ ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა განლაგებული, – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

კ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემებისათვის – შესაბამის კომპანიებს;

ლ) ხაზოვანი ნაგებობების განსხვისების ზოლებში მშენებლობისას, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევისათვის – ხაზოვანი ნაგებობების შესაბამის მფლობელ ორგანიზაციას.

3. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობის პირობების გაცემისას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მონაწილეობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საკითხს იხილავს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანო.

4. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა/შეთანხმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ყველა სხვა პირობები დგინდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

5. ქალაქმშენებლობითი და სხვა პირობების დადგენა/შეთანხმებისათვის განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარედგინება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით.

    მუხლი 4. საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება

1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.

2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.

3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მოთხოვნათა გამოყენებით.

4. საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო ადმინისტრაციულ აქტს.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.

6. მშენებლობის განმახორციელებელს უფლება აქვს სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული პროცედურების ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში გაერთიანება ერთსა და იმავე უწყებაში. ასეთ შემთხვევაში ქალაქმშენებლობითი პირობების შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა გაიმართოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ყველა სხვა – მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

    მუხლი 5. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მისაღებად განცხადების წარდგენა

1. მშენებლობის განმახორციელებელი განცხადებას და თანდართულ სამშენებლო დოკუმენტებს სამ ეგზემპლარად წარუდგენს შემთანხმებელ ადმინისტრაციული ორგანოს.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:

ა) ამ წესის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:

ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;

ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;

ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდაქსელები და მოწყობილობები;

ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარექსელები და მოწყობილობები;

ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;

ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;

ბ) მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშება.

3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. შენობებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის „ა.ა“ და „ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის განმახორციელებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების შუამდგომლობის შესახებ;

ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.

4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

    მუხლი 6. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების წესი

1. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღებისათვის გამოიყენება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-16 მუხლით განსაზღვრული პროცედურები და შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დადგენილი წესით.

2. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი

მშენებლობის განმახორციელებელსა და შემთანხმებელ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-17-21-ე მუხლების მოქმედება, ამასთანავე შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განსაზღვრული წესით.