საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.000.073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
316
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
010.120.000.05.001.000.073
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/07/1993 - 28/10/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

კანონი საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ განსაზღვრავს უცხოელთა (უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა):

ა) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით შემოსვლასა და გასვლას;

ბ) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას;

გ) უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას;

დ) პასუხისმგებლობას ამ კანონის დარღვევისათვის.

    მუხლი 2

კანონმდებლობას საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნის და გასვლის შესახებ შეადგენს ეს კანონი, საქართველოს რესპუბლიკის კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.

თავი II

უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი შემოსვლა

    მუხლი 3

საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეები შემოდიან საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე არსებული საერთაშორისო კავშირებისთვის ღია გამშვები პუნქტებიდან მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტებით, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირები - მათი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებული მოქმედი საბუთის საფუძველზე, თუ აქვთ საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლა-შემოსვლის და მრავალჯერადი გასვლა-შემოსვლის ვიზა.

    მუხლი 4

საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი შემოსვლის და შემოსვლა - გასვლის ვიზას გასცემს საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა.

    მუხლი 5

საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი შემოსვლის ვიზის გაცემის საფუძველია:

1. კერძო ვიზიტი:

ა) ტურისტული მოგზაურობა.

ტურისტული მოგზაურობისათვის დროებითი შემოსვლის ვიზა გაიცემა სასყიდლით, დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე. სასყიდლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

ტურისტული მოგზაურობისათვის დროებითი შემოსვლის ვიზა ძალაშია გაცემის დღიდან 3 თვის განმავლობაში;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის ან საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები პირის მოწვევა.

ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსვლის ვიზა ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში;

გ) საქართველოს რესპუბლიკაში არსებული სამკურნალო დაწესებულების მოწვევა. ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება მკურნალობისათვის საჭირო დროით;

დ) სასამართლოს პროცესში მონაწილეობა.

ვიზის გაცემის საფუძველია სასამართლოს შეტყობინება.

ამ საფუძვლით გაცემული ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის საჭირო დროით.

2. საქმიანი ვიზიტი:

იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებთან ეკონომიკური კავშირის დამყარებით, ვიზა ეძლევათ იურიდიული პირის მოწვევის საფუძველზე ან, თუ ასეთი მოწვევა არა აქვთ, სასყიდლით, დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე. სასყიდლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი;

ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსავლის ვიზა ძალაშია გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

3. სამუშაოდ ჩამოსვლა:

ა) კონტრაქტით.

ამ საფუძველზე გაცემული გაცემული დროებითი შემოსავლის ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება კონტრაქტის ხანგრძლივობით.

უცხოეთის სამუშაო კონტრაქტი შეიძლება დაიდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგივე სამუშაოს შესრულება სათანადო კვალიფიკაციით არ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გამოუთქვამს სამუშაოს შესრულების სურვილი. დასკვნას ამის შესახებ იძლევა სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო;

ბ) საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა უცხოელი თანამშრომლების საქართველოს რესპუბლიკაში სამუშაოდ ჩამოსვლა.

4. სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება:

ვიზის გაცემის საფუძველია ღონისძიების ორგანიზატორთა მოწვევა.

ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება ღონისძიების ხანგრძლივობით.

5. ქველმოქმედება:

ვიზის მისაღებად უცხოელი ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი მიმართავს საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს ან ორგანიზაციებს, რომელთა წარდგინების საფუძველზე გაიცემა ვიზა.

ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსვლის ვიზა ძალაშია გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

6. სასწავლებლად ჩამოსვლა:

ვიზის გაცემის საფუძველია სასწავლო დაწესებულების მოწვევა.

ამ საფუძვლით გაცემული დროებითი შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება სასწავლო პროცესის ხანგრძლივობით.

7. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

თუ საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი ყოფნის ვადა არ აღემატება 3 თვეს, შეიძლება გაიცეს შემოსვლა-გასვლის ვიზა.

    მუხლი 6

უცხოელს მომწვევი და მასპინძელი ორგანიზაციების ან პირადი შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მიეცეს გასვლა-შემოსვლის მრავალჯერადი ვიზა. შუამდგომლობა გასვლა-შემოსვლის მრავალჯერადი ვიზის გაცემის შესახებ შეიტანება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან შინაგან საქმეთა ორგანოებში დაქვემდებარების მიხედვით.

გასვლა-შემოსვლის მრავალჯერადი ვიზები მიეცემათ:

1. კაპიტალის დამბანდებლებს;

2. უცხოელებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებთან;

3. საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირების უცხოელ ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის წევრებს და თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაოს ხასიათის გამო ხშირად უხდებათ საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლა -გასვლა;

4. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს.

    მუხლი 7

საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი დროებითი ვიზების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

საქართველოს რესპუბლიკაში შემოსასვლელი დროებითი ვიზების მოქმედების ვადას დაქვემდებარების მიხედვით აგრძელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 8

საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლა უცხოელებს ეკრძალებათ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე.

თავი III

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა ცხოვრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 9

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი უცხოელები ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად რეგისტრირებული საზღვარგარეთის პასპორტებით. საზღვარგარეთის პასპორტების სარეგისტრაციოდ წარდგენა დანიშნულების პუნქტში ხდება ჩამოსვლიდან სამი დღის განმავლობაში, უქმე დღეების ჩაუთვლელად. საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი უცხოელების საზღვარგარეთის პასპორტებს არეგისტრირებენ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა ორგანოები და სასტუმროები.

    მუხლი 10

საზღვარგარეთის პასპორტების რეგისტრაციისაგან თავისუფლდებიან:     

ა) უცხოეთის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, მთავრობისა და პარლამენტის დელეგაციების წევრები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურები და დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსული არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მოწვევით, აგრეთვე ამ დელეგაციათა ტექნიკური პერსონალი და ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები;

ბ) 18 წელს მიუღწეველი უცხოელები;

გ) უცხოელები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ უქმე დღეებში ან მხოლოდ 3 დღით _ სააგ დღეებში;

დ) კრუიზში მონაწილე უცხოელი ტურისტები;

ე) საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილი წესით ჩამოსული უცხოეთის სამხედრო გემებისა და სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრები.

სამხედრო გემებისა და სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟების წევრები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადმოდიან საქართველოს ნავსადგურში (გარნიზონში) უფროსი საზღვაო (სამხედრო) მეთაურის ნებართვის საფუძველზე შემოსული გემის (სამხედრო თვითმფრინავის) მიღების გეგმის შესაბამისად;

ვ) სამოქალაქო გემის ეკიპაჟის წევრები _ საქართველოს რესპუბლიკის ნავსადგურებსა და სანავსადგურო ქალაქებში დგომისას, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სხვა ქალაქებში საექსკურსიო გასვლის დროს.

ზ) ზემოაღნიშნულ პირთა ნაპირზე ჩამოსვლის ნებართვას გასცემენ სასაზღვრო ჯარების წამომადგენლები დადგენილი წესის შესაბამისად. საერთაშორისო ავიახაზის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და საერთაშორისო მატარებლის ბრიგადის წევრები _ იმ აეროპორტების და რკინიგზის სადგურებში ყოფნისას, რომლებიც მიმოსვლის მოქმედ განრიგში აღნიშნული.

    მუხლი 11

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგისტრირდება შემდეგ პირთა საზღვარგარეთის პასპორტები:

ა) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეთაურების, დიპლომატიური პერსონალის წევრების, საკონსულო დაწესებულებათა თანამდებობის პირების, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის, სამხედრო ატაშეს აპარატისა და სავაჭრო წარმომადგენლობებში მომშავე პირების და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეთაურთან მყოფი სტუმრებისა, თუ ისინი მის რეზიდენციაში ან აღნიშნულ წარმომადგენლობებსა და დაწესებულებებში ცხოვრობენ;

ბ) საქართველოს რესპუბლიკაში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე უცხოეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრებისა;

გ) საქართველოს რესპუბლიკაში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირების, საქართველოს რესპუბლიკაში აღნიშნულ ორგანიზაციათა წარმომადგენლობების თანამშრომლების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული წარმომადგენლობების თანამშრომლების, რომელთა შტაბ-ბინაც საქართველოს რესპუბლიკაშია და რომელნიც მოცემული ორგანიზაციების საწესდებო დოკუმენტების, ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების პასპორტები.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები ზემოაღნიშნულ პირებს აძლევენ დიპლომატიური, საკონსულო ან სამსახურებრივ ბარათებს, ან აკეთებენ სარეგისტრაციო ჩანაწერს უშუალოდ საზღვარგარეთის პასპორტებში.

 

    მუხლი 12

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსული უცხო ქვეყნების სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა და მათი ოჯახის წევრთა საზღვარგარეთის პასპორტები, როცა ამის შესახებ შუამდგომლობას აღძრავენ მათი მიმღები და მასპინძელი ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, აგრეთვე რეგისტრაციაში გაატაროს საერთაშორისო ორგანიზაციების იმ თანამშრომელთა საზღვარგარეთის პასპორტები, რომელნიც აღნიშნული არ არიან ამ კანონის მე-10 მუხლში. ასეთ შემთხვევებში უცხოელთა საზღვარგარეთის პასპორტები არ ექვემდებარება სასტუმროებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრაციას.

    მუხლი 13

სასტუმროებში ხდება იმ მცხოვრებ უცხოელთა საზღვარგარეთის პასპორტების რეგისტრაცია მათი ჩამოსვლის მიზნების და საქართველოს რესპუბლიკაში ყოფნის ვადების მიუხედავად, გარდა ამ კანონის მე-10 და მე-11 მუხლებში გათვალისწინებული პირების პასპორტებისა.

    მუხლი 14

შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრაციას ექვემდებარება იმ უცხოელთა საზღვარგარეთის პასპორტები, რომელნიც არ არიან აღნიშნული ამ კანონის მე-10, მე-11, მე-12, და მე-13 მუხლებში.

თავი IV

უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 15

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტით გავლა უცხოელებს შეუძლიათ მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტით და საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობების, ხოლო თუ ასეთი წარმომადგენლობა არ არსებობს, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანოს მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზით.

    მუხლი 16

სატრანზიტო ვიზა გაიცემა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი ან რამდენიმე პუნქტში გაჩერების უფლებით, მეზობელ ქვეყნებში გამგზავრების უმოკლესი მარშრუტის შესაბამისად.

    მუხლი 17

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზოდ სატრანზიტო გავლის უფლება აქვთ:

ა) საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, თუ არსებობს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;

ბ) საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავებით მგზავრობისას შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი საბუთი და ავიაბილეთი, რომელშიც დამოწმებულია საქართველოს იმ აეროპორტიდან გამოფრენის თარიღი, სადაც შუალედური გადაჯდომა ხდება, და როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის დრო არ აღემატება 24 საათს. ამასთან მგზავრებს უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლები;

გ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველოს რესპუბლიკას აქვს შესაბამისი შეთანხმება.

    მუხლი 18

უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის სატრანზიტო გავლა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვა შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო კავშირებისთვის ღია გზებზე.

    მუხლი 19

საქართველოს რესპუბლიკაში ტრანზიტით გამვლელი უცხოელები, რომელნიც იძულებული გახდნენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 24 საათზე მეტხანს გაჩერებულიყვნენ, ვალდებული არიან გაჩერებიდან 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა ორგანოებში გააფორმონ საქართველოს რესპუბლიკაში ყოფნის ნებართვა.

იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

ა) სტიქიური უბედურება, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

გ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

დ) როდესაც ფერხდება საკვანძო პუნქტში ერთი სახის ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომა.

იძულებითი გაჩერებისას უცხოელს უფლება აქვს დარჩეს მხოლოდ იმ დასახლებული პუნქტის ფარგლებში, სადაც შემთხვევა მოხდა, სანამ იძულებით გაჩერების გამომწვევი მიზეზები არ აღმოიფხვრება.

სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება და იძულებითი გაჩერების ადგილას ყოფნის ნებართვის გაფორმება წარმოებს უცხოელის პირადი განცხადების საფუძველზე შესაბამისი ორგანოების ცნობის წარდგენით, რომელიც იძულებითი გაჩერების მიზეზისა და ხანგრძლივობას ადასტურებს.

თავი V

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა

    მუხლი 20

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფი უცხოელები ქვეყნის ტერიტორიიდან გადიან საზღვარზე არსებული საერთაშორისო კავშირებისთვის ღია გამშვები პუნქტებიდან მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტებით ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, თუ აქვთ საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლის ან გასვლა-შემოსვლის ვიზები.

    მუხლი 21

საქართველოს რესპუბლიკიდან გასვლისა და გასვლა-შემოსვლის ვიზებს გასცემენ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვემდებარეობის მიხედვით.

გასვლა-შემოსვლის ვიზა მიეცემათ იმ უცხოელებს, რომლებიც შემოსასვლელი ვიზის მოქმედების ვადის ფარგლებში დროებით გადიან საქართველოს რესპუბლიკიდან. გასვლა-შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ძირითადი ვიზის მოქმედების ვადას.

    მუხლი 22

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა ეკრძალებათ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად.

თავი VI

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა პასუხისმგებლობა

მუხლი 23

ამ კანონის დარღვევისათვის უცხოელები პასუხს აგებენ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24

საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებიდან უცხოელები გაძევდებიან უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად.

თავი VII

დასკვნითი დებულება

მუხლი 25

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონში გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური    ედუარდ შევარდნაძე

 საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                  ვახტანგ გოგუაძე

 

     თბილისი,

     1993 წლის 27 ივლისი.