,,საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”

  • Word
,,საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 02/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
120
01/03/2005
სსმ, 25, 02/03/2005
010.270.000.08.002.003
,,საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2005 - 29/07/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №120

2005 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულება.

2. ლიკვიდირებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახური და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი.

3. ქალაქ თბილისის მერმა ზ. ჭიაბერაშვილმა უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის №685 ბრძანებულება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 თებერვლის №63 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის შექმნის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 თებერვლის №54 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ.“.

6. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

მ. სააკაშვილი

საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულება

 საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულება, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერიის (თბილისის მთავრობის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობების, რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოების) უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

კარი I

 ზოგადი დებულებანი

თავი I

 დედაქალაქის სტატუსი და ქალაქ თბილისის მართვის პრინციპები

    მუხლი 1. დედაქალაქის სტატუსი

დედაქალაქის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ დებულებითა და, მათგან გამომდინარე, ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. ქალაქ თბილისის მერია

ქალაქ თბილისის მერია (თბილისის მთავრობა, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობები, რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები) არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.

    მუხლი 3. ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა

ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) აპარატი;

ბ) ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური;

გ) საფინასო საქალაქო სამსახური;

დ) განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური;

ე) ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური;

ვ) ტრანსპორტის საქალაქო სამსახური;

ზ) ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური;

თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური;

ი) კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექცია;

კ) მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;

ლ) სპორტის საქალაქო სამსახური;

მ) სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია – საქალაქო სამსახური;

ნ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი;

ო) სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური – თბილისის კორპუსი;

პ) კეთლმოწყობის საქალაქო სამსახური;

ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო საქალაქო სამსახური.

    მუხლი 4. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

მერია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და ამ დებულების საფუძველზე.

    მუხლი 5. მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

მერია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადამიანის უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.

    მუხლი 6. დედაქალაქის მმართველობის სისტემა

1. დედაქალაქის მმართველობის სისტემა მოიცავს: ქალაქ თბილისის მმართველობის ცენტრალურ ორგანოს – ქალაქ თბილისის მთავრობას, ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობებს, ქალაქ თბილისის რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოებს.

2. ქალაქ თბილისის მთავრობის, რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობების, თბილისის რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, ამ დებულებითა და ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მთავრობის სამარ-თლებრივი აქტებით.

3. ქალაქ თბილისის მმართველობის ცენტრალური და თბილისის ადმინისტრაციული ერთეულების – რაიონებისა (დაბა წყნეთის) და რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის შესაბამისად.

თავი II

 მერიის საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური ბაზა

    მუხლი 7. მერიის საქმიანობის ეკონომიკურ-ფინანსური ბაზა

1. მერიის საქმიანობის ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: ქალაქ თბილისის ბუნებრივი რესურსები; ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრება; ქალაქ თბილისის საქალაქო ბიუჯეტის, რაიონებისა და დაბა წყნეთის ბიუჯეტების სახსრები და მერიის გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.

2. თბილისის ბუნებრივი რესურსებია: თბილისის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა, მისი წიაღი, წყალი, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო. თბილისის გამგებლობაში შეიძლება იყოს თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქის საჭიროების ან თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში.

3. სახელმწიფო საკუთრების იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც გადაეცემა თბილისს ადგილობრივ საკუთრებაში და/ან რომელთა მართვა მერიის გამგებლობაშია, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული ერთეულების მმართველობის ორგანოების – რაიონული და დაბა წყნეთის გამგეობების, მუნიციპალური საბჭოების გამგებლობაში გადაცემული ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების ობიექტების ნუსხა კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოსა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით.

4. ქალაქ თბილისისა და მისი რაიონების ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებზე. დედაქალაქის საბიუჯეტო სისტემა მოიცავს ქალაქ თბილისის საქალაქო, რაიონებისა და დაბა წყნეთის ბიუჯეტებს. საბიუჯეტო პროცესი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

თავი III

 ქალაქ თბილისის ტერიტორია, მოსახლეობა და ქალაქ თბილისის სიმბოლოები

    მუხლი 8. ქალაქ თბილისის ტერიტორია

1. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ქალაქ თბილისის ტერიტორია იყოფა ქალაქის რაიონებად და დაბა წყნეთად.

3. ქალაქ თბილისის რაიონებია: გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთა-ლოსა და ისანი-სამგორის რაიონები.

4. ქალაქ თბილისის შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საზღვრებს ადგენს და ცვლის, ქალაქ თბილისის რაიონებში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს ქმნის და აუქმებს, მათ სახელწოდებებს ანიჭებს ქალაქ თბილისის საკრებულო მერის წარდგინებით.

    მუხლი 9. ქალაქ თბილისის მოსახლეობა

1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დედაქალაქის მოსახლეობას შეადგენენ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოვრობენ დედაქალაქში.

2. ქალაქ თბილისის მოსახლეობის უფლებამოსილება და ურთიერთობა ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 10. ქალაქ თბილისის სიმბოლოები

1. ქალაქ თბილისს აქვს საკუთარი გერბი, დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები, რომელთაც თბილისის მერის წარდგინებით ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო.

2. ქალაქ თბილისის სიმბოლოების გამოყენების წესს ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო.

3. ქალაქ თბილისის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით.

4. ქალაქ თბილისის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კარი II

 ქალაქ თბილისის მმართველობის ცენტრალური ორგანოები და თანამდებობის პირები

თავი I

 ქალაქ თბილისის მერი, პრემიერი და პრემიერის მოადგილეები

    მუხლი 11. ქალაქ თბილისის მერი

1. ქალაქ თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მერის თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ იქნეს ქალაქ თბილისის მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

    მუხლი 12. ქალაქ თბილისის მერის უფლებამოსილებანი

ქალაქ თბილისის მერი:

ა) წარმართავს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობას;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების პროექტს;

გ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის პრემიერისა და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლების კანდიდატურებს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაბა წყნეთის გამგებელს;

დ) პრემიერის წარდგინებით ნიშნავს საქალაქო სამსახურების იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც არ შედიან ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში;

ე) უფლებამოსილია პრემიერის წარდგინებით, 6 თვის ვადით, დანიშნოს პრემიერის მოადგილის, აპარატის უფროსის ან ქალაქ თბილისის მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თუ საკრებულომ ორჯერ ზედიზედ არ დაამტკიცა პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და 2 კვირაში საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ვერ აირჩია შესაბამისი თანამდებობის პირი;

ვ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები;

ზ) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;

თ) პერიოდულად ისმენს რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლების, მთავრობის წევრებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ი) უფ­ლე­ბამოსილია ერ­თ კვი­რა­ში შე­სა­ბა­მი­სი შე­ნიშ­ვნე­ბით და­აბ­რუნოს სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლო­ში ხელახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად;

კ) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;

ლ) უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა საკონსულტაციო ორგანოები; დაამტკიცოს მათი სამოქმედო დებულებები;

მ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებებით; საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად შეიტანოს დამატებითი საკითხი; დაესწროს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების დახურულ თუ ღია სხდომებს; ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;

ნ) პრემიერის წარდგინებით ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ერთეულების ნუსხას;

ო)კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს წერილობით თანხმობას საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და მისი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლებაზე; კოორდინაციას უწევს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

პ) ხელს აწერს დედაქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. წარმოადგენს და მოქმედებს ქალაქ თბილისის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ჟ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას;

რ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

ტ) ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით გათვალისწინებულ და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

უ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წინაშე. მერი ვალდებულია საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 13. მერის გადადგომა

1. ქალაქ თბილისის მერს აქვს გადადგომის უფლება. თავის უფლებამოსილებას იგი იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. ქალაქ თბილისის მერი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახალი მერის დანიშვნამდე.

    მუხლი 14. პრემიერი

1. პრემიერი არის ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი.

2. პრემიერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოსთან შეთანხმებით წარუდგენს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 15. პრემიერის უფლებამოსილებანი

პრემიერი:

ა) უძღვება ქალაქ თბილისის მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს პრემიერის მოადგილეებს შორის;

ბ) თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს;

გ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერის მოადგილის, მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და აპარატის უფროსის კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტსა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ე) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;

ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას, ცვლილებებს მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაში;

ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ან საკუთარი განკარგულებით ახდენს ამ უფლების მთლიან ან ნაწილობრივ დელეგირებას აპარატის უფროსზე;

თ) იწვევს და თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; განსაზღვრავს მთავრობის სხდომის დღის წესრიგსა და სხდომაზე მოსაწვევ პირთა წრეს;

ი) უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, ქალაქ თბილისის მერისა და საკრებულოს აქტების შესრულებას;

კ) ორგანიზაციას უწევს და უშუალოდ ან შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ლ) ორგანიზაციას უწევს და უშუალოდ ან შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონულ და დაბა წყნეთის) კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს;

მ) ორგანიზაციას უწევს და უშუალოდ ან შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს დამტკიცებული გეგმის შესრულებასა და დაცვას;

ნ) მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ო) ხელს აწერს თბილისის მთავრობის დადგენილებებს, მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებს;

ჟ) მერის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;

რ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის;

ს) ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის საკრებულოს აქტებით განსაზღვრულ და სხვა უფლებამოსილებებს;

ტ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერის წინაშე.

    მუხლი 16. პრემიერის გადადგომა

1. პრემიერს აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. იგი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. პრემიერი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახალი პრემიერის დანიშვნამდე.

    მუხლი 17. პრემიერის მოადგილეები

1. პრემიერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-პრემიერი) და მოადგილეები.

პრემიერის მოადგილეები პრემიერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და პრემიერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერის, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2. პრემიერის მოადგილეებს პრემიერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 18. პრემიერის მოადგილეთა უფლებამოსილებანი

1. პრემიერის მოადგილეები:

ა) თანამდებობრივად შედიან ქალაქ თბილისის მთავრობაში;

ბ) კოორდინაციას უწევენ შესაბამისი საქალაქო სამსახურების საქმიანობას;

გ) კოორდინაციას უწევენ გამგეობების შესაბამისი დარგობრივი სამსახურების საქმიანობას;

დ) შესაბამისი დარგების მიხედვით ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოს, მთავრობისა და პრემიერის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ე) ამზადებენ და პრემიერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაქვემდებარებული დარგების მიხედვით;

ვ) ასრულებენ პრემიერის ცალკეულ დავალებებს;

ზ) ანგარიშვალდებული არიან ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოსა და პრემიერის წინაშე.

2. პრემიერის პირველი მოადგილე (ვიცე-პრემიერი) ასრულებს პრემიერის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

თავი II. ქალაქ თბილისის მთავრობა, მისი სტრუქტურა, ფორმირების წესი და კომპეტენცია

    მუხლი 19. ქალაქ თბილისის მთავრობა

1. ქალაქ თბილისის მთავრობა არის მერიის ცენტრალური კოლეგიალური ორგანო, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებას, საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და თბილისის, როგორც ერთიანი ტერიტორიული ერთეულის, მართვას.

2. მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო პრემიერის წარდგინებით. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და ამ დებულებით.

    მუხლი 20. ქალაქ თბილისის მთავრობის სტრუქტურული შემადგენლობა

1. ქალაქ თბილისის მთავრობა შედგება: პრემიერის, მისი მოადგილეების, თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლების და ცალკეული საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშვნიდან ორ კვირაში პრემიერი მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.

3. ქალაქ თბილისის მთავრობის წევრის თანამდეობაზე დამტკიცების პროცედურა განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.

4. მთავრობის წევრებს უფლება აქვთ, სათათბირო ხმის უფლებით, დაესწრონ ქალაქ თბილისის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს.

    მუხლი 21. ქალაქ თბილისის მთავრობის წევრის გადადგომა

ქალაქ თბილისის მთავრობის წევრს აქვს გადადგომის უფლება. თავის უფლებამოსილებას იგი იხსნის პრემიერის წინაშე. მთავრობის წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საკრებულოს მიერ მთავრობის ახალი წევრის დამტკიცებამდე.

    მუხლი 22. ქალაქ თბილისის მთავრობის უფლებამოსილებანი

ქალაქ თბილისის მთავრობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პროგრამებითა და ქალაქ თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციათა განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების აღსრულება, მათი შესრულება, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციებს მიკუთვნებულ, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ დადგენილი წესით მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება და მათი აღსრულების კოორდინაცია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან;

გ) ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და მათი შესრულების კონტროლი;

დ) ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამათა პროექტების განხილვა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

ე) ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესრულება;

ვ) ქალაქ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტის განხილვა; დამტკიცებული გეგმის შესრულებისა და დაცვის კონტროლი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობისა და რაიონულ და საქალაქო ბიუჯეტებში გადანაწილების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ;

თ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საქალაქო ობიექტების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა ქალაქ თბილისის დაქვებდებარებულ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში;

კ) საერთო საქალაქო კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ენერგო-, გაზ- და წყალმომარაგების საქალაქო სისტემათა შექმნა, მოვლა-პატრონობა და განვითარება;

ლ) საქალაქო გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება;

მ) საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება დედაქალაქში ისტორიულ-კულტურული, სარეკრეაციო, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის შესახებ; ქალაქის გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელ, სოციალურ-კულტურულ, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ; ამ წესების დაცვის კონტროლი; საქართვე-ლოს კულტურული მემკვიდრეობის კანონით დადგენილი წესით ისტორიულ-არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი ძეგლების შენახვა და მოვლა-პატრონობა;

ნ) ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების, დაცვისა და კონტროლის წესების შესახებ;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მიწის ნაკვეთების მართვა;

პ) დადგენილი წესით ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება მიწის იჯარის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების შესახებ;

ჟ) ქალაქ თბილისის ტერიტორიის ზონებად დაყოფა; მიწითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის ბრუნვიდან ამოღებული მიწის ნაკვეთებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დანაკარგების და შესაბამისი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრა;

ს) ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება დედაქალაქში ვაჭრობის წესების რეგულირების შესახებ; მისი დაცვის კონტროლი;

ტ) ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის წინადადებების მომზადება სანიტარიული ნორმების განსაზღვრასთან, სანიტარიულ-ეპიდემიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით; სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზების ორგანიზება;

უ) საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და კანონიერების დაცვის საკითხების კოორდინაცია და კონტროლი;

ფ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საქალაქო პროგრამათა განხილვა, ამ პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; ქალაქ თბილისის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განკარგვა;

ღ) კატასტროფების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება;

ყ) ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა მომზადება და აღსრულება;

შ) დედაქალაქში ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნის ორგანიზაცია; სტრატეგიული ხასიათის ინფორმაციის ნუსხის დადგენა; ინფორმაციის მიღების, შენახვისა და გაცემის წესების დამტკიცება;

ჩ) ქალაქის ადგილობრივი (რაიონების, დაბა წყნეთის) მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

ც) ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა განხორციელება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სურსათითა და სამეურნეო პროდუქციით მომარაგებაში ხელშეწყობა;

ძ) სხვა საკითხები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს აქტებით განეკუთვნება ქალაქ თბილისის მთავრობის განსაკუთრებულ კომპეტენციას.

    მუხლი 23. ქალაქ თბილისის მთავრობის ცალკეულ უფლებამოსილებათა გადაცემა დედაქალაქის მმართველობის სხვა ორგანოსათვის

ქალაქ თბილისის მთავრობის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ცალკეული უფლებამოსილებანი შეიძლება გადაეცეს დედაქალაქის მმართველობის სხვა ორგანოს მხოლოდ მერის გადაწყვეტილებითა და ქალაქ თბილისის საკრებულოს თანხმობით.

თავი III

 აპარატი

    მუხლი 24. აპარატის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.

2. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი საკრებულოსთან შეთანხმებით. აპარატის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, აპარატის დებულებითა და ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით.

3. აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მერი.

4. აპარატის სტრუქტურას აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

5. აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს პრემიერი.

თავი IV

 საქალაქო და ადგილობრივი სამსახურები

    მუხლი 25. საქალაქო სამსახური

1. საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი დარგობრივი მმართველობის ორგანო, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია.

2. იმ საქალაქო სამსახურების ნუსხას, რომელთა ხელმძღვანელებიც არიან მთავრობის წევრები, პრემიერის წარდგინებით განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მერი.

მუხლი. 26. საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პრემიერის წარდგინებით, ქალაქის მერის მიერ დამტკიცებული სამსახურის დებულებით.

2. საქალაქო სამსახურები მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად ერთიანდებიან ეკონომიკურ, სოციალურ, კომუნალურ და საქალაქო მეურნეობის ბლოკებად. თითოეული ბლოკის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერის ერთ-ერთი მოადგილე პრემიერის მიერ მათ შორის ფუნქციების განაწილების შესაბამისად. საქალაქო სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს პრემიერი.

3. ეკონომიკურ ბლოკში შემავალი საქალაქო სამსახურების ძირითადი კომპეტენციებია:

ა) ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება; ბიუჯეტის შესრულების ორგანიზაცია;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა (ადგილობრივი საგადასახადო პოლიტიკა, მეწარმეობის საქალაქო რეგულირება, საქალაქო კომერციული პროგრამები, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი და სხვ.) და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;

დ) მუნიციპალური საკუთრების მართვის კოორდინაცია;

ე) საქალაქო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელება;

ვ) ქ. თბილისის საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მართვის უზრუნველყოფა და მთავრობის, როგორც პარტნიორის, უფლებამოსილების განხორციელება, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

4. სოციალურ ბლოკში შემავალ საქალაქო სამსახურთა ძირითადი კომპეტენციებია:

ა) სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და სხვ.) რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება, მათი განხორციელების ორგანიზება;

ბ) დასაქმების საქალაქო პროგრამათა შემუშავება;

გ) სოციალური მონიტორინგის განხორციელება;

დ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სპეციალურ პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა.

5. კომუნალურ და საქალაქო მეურნეობის ბლოკში შემავალი საქალაქო სამსახურების ძირითადი კომპეტენციები:

ა) ადგილობრივ საზოგადოებრივ (მათ შორის კომუნალური) მომსახურებათა ორგანიზება;

ბ) საქალაქო კომუნალური და საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 27. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი

საქალაქო სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით პრემიერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო . იმ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რომლებიც არ შედიან მთავრობის შემადგენლობაში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 28. საქალაქო სამსახურის მოსამსახურე

1. საქალაქო სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.

2. საქალაქო სამსახურების საშტატო ნუსხას ამტკიცებს მერი.

    მუხლი 29. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ტერიტორიული (საქალაქო) ორგანოები

საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ტერიტორიული (საქალაქო) ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ქალაქ თბილისის მერთან წერილობითი შეთანხმებით, თუ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კარი III

 ქალაქ თბილისის მთავრობის მუშაობის დაგეგმარება და საერთო ორგანიზაცია

    მუხლი 30. ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტი

მერის, მთავრობის, პრემიერის, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის საგანმკარგულებლო დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების, ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომების, მერისა და პრემიერის თათბირის მომზადებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 31. თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტი

თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული დონის ანალიზს: ქალაქ თბილისში არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი და სხვა რესურსების, სოციალური ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივ საზოგადოებრივი (მათ შორის – კომუნალური) მომსახურების ობიექტების აღწერას, მათზე მოთხოვნილების შეფასებასა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა განსაზღვრას;

ბ) თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს;

გ) თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგების მიხედვით კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმას და მათ ფინანსურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

    მუხლი 32. თბილისის ბიუჯეტის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) პროექტი

თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტი დგება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე. ბიუჯეტის პროექტის შედგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 33. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების მომზადების ორგანიზაცია

1. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტების მომზადების წესი, პროცედურა და ვადები საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით.

2. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტების მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირები საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად განისაზღვრება პრემიერის განკარგულებით.

3. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტების საბოლოო რედაქციას ხელს აწერს ქალაქ თბილისის პრემიერი.

4. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტებს საბიუჯეტო წლის დაწყებამდე თვენახევრით ადრე მაინც საკრებულოს წარუდგენს პრემიერი.

    მუხლი 34. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა

1. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის წესი, პროცედურა და ვადები საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით.

2. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენისათვის პასუხისმგებელი პირები საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად განისაზღვრება პრემიერის განკარგულებით.

3. ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ქალაქ თბილისის (საქალაქო, რაიონული და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პრემიერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან სამ თვეში.

    მუხლი 35. ქალაქ თბილისის სახელით დადებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები

1. ქალაქ თბილისის სახელით იდება შეთანხმებები და ხელშეკრულებები ადმინისტრაციულ და ტერიტორიულ ერთეულებთან.

2. ქალაქ თბილისის სახელით შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს დებს მერი და ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 36. ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები

1. ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით იდება:

ა) შეთანხმებები საქართველოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებთან;

ბ) შეთანხმებები ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობებთან, მუნიციპალურ საბჭოებთან, თუ ეს შეთანხმებები არ არის დაკავშირებული ქალაქ თბილისის საკუთრების გამიჯვნასთან.

2. ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს დებს პრემიერი და ამტკიცებს მთავრობა.

    მუხლი 37. ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების ორგანიზაცია

1. ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების ორგანიზაცია განისაზღვრება თბილისის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად.

2. იმ შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ ქონებრივ ან ფინანსურ ვალდებულებებს, აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა წინასწარი წერილობითი დასკვნები.

    მუხლი 38. ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებულ შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა ძალაში შესვლა

1. ქალაქ თბილისის სახელით დადებული ხელშეკრულებები ძალაშია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე, თუ შეთანხმებით ან ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის დაწესებული.

2. ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებული ხელშეკრულებები ძალაშია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებისთანავე, თუ შეთანხმებით ან ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის დაწესებული.

3. მერი ვალდებულია ქალაქ თბილისის სახელით მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება და ხელშეკრულება საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს უახლოეს სხდომაზე.

4. პრემიერი ვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება და ხელშეკრულება მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს უახლოეს სხდომაზე.

    მუხლი 39. ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებულ შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა გაუქმება

1. ქალაქ თბილისისა და ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით დადებული ხელშეკრულებები ან შეთანხმებები შეიძლება გააუქმოს ქალაქ თბილისის საკრებულომ ან სასამართლომ კანონით დადგენილ შემთხვევებში.

2. იმ ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გაუქმებისას, რომლებიც ითვალისწინებენ ქონებრივ ან ფინანსურ ვალდებულებებს, მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი IV

 ქალაქ თბილისის მმართველობის რაიონული ორგანო

თავი I

 ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა

    მუხლი 40. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა

ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის ქალაქ თბილისის მმართველობის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საკითხის გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის (დაბა წყნეთის) მართვას.

    მუხლი 41. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერის, პრემიერის, თბილისის მთავრობის აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.

    მუხლი 42. გამგეობის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

გამგეობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.

    მუხლი 43. გამგეობის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გამგეობა ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოს, თბილისის მთავრობისა და პრემიერის აქტების შესრულებას;

ბ) შეიმუშავებს რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობას განსახილველად; უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას;

დ) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული სამსახურების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;

ე) შეიმუშავებს რაიონის (დაბა წყნეთის) კომპლექსურ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობას განსახილველად; უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამის შესრულებას;

ვ) სახელმწიფო და ქალაქ თბილისის განვითარების პროგრამებიდან გამომდინარე, ახორციელებს ეკონომიკურ რეფორმებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით.

თავი II

 გამგეობის შექმნის წესი და მისი შემადგენლობა

    მუხლი 44. გამგეობის შემადგენლობა

1. გამგეობა შედგება: რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის, მისი მოადგილეებისა და ცალკეული რაიონული სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელისაგან.

2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით.

3. დაბა წყნეთის გამგებელს საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.

4. გამგეობის სტრუქტურას, დებულებას და საშტატო ნუსხას ამ დებულების საფუძველზე პრემიერთან შეთანხმებით შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

    მუხლი 45. რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის კომპეტენცია

რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი:

ა) თანამდებობრივად შედის ქალაქ თბილისის მთავრობაში;

ბ) წარმართავს გამგეობის საქმიანობას;

გ) დებულების შესაბამისად შეიმუშავებს და ქალაქ თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას;

დ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის წევრებს;

ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;

ვ) ორგანიზაციას უწევს რაიონის ბიუჯეტის პროექტისა და რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენას, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტს და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტისა და რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრმების შესრულებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს და მოქმედებს გამგეობის სახელით, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

თ) ხელს აწერს გამგეობის ფინანსურ დოკუმენტებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს;

ი) აჩერებს ან აუქმებს გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელთა და რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს;

კ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;

 ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

მ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოსა და რაიონის (დაბა წყნეთის) მოსახლეობის წინაშე.

    მუხლი 46. გამგებლის გადადგომა

1. გამგებელს აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. იგი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. გამგებელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახალი გამგებლის დანიშვნამდე.

3. დაბა წყნეთის გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე.

    მუხლი 47. რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილეები

1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს სამი მოადგილისა.

2. გამგებელი თავის მოადგილეს ნიშნავს მერთან შეთანხმებით.

3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ხელმძღვანელობენ გამგეობის შესაბამის სამსახურებს; ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში ან, თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

5. მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან გამგებლის წინაშე.

თავი III

 გამგეობის კომპეტენცია

    მუხლი 48. უფლებამოსილებათა გამიჯვნა ქალაქ თბილისის მთავრობასა და რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობებს შორის

უფლებამოსილებათა გამიჯვნა ქალაქ თბილისის მთავრობასა და რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობებს შორის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოს და მთავრობის აქტებით ქალაქ თბილისის კომპეტენციების რაიონებისათვის (დაბა წყნეთისათვის) დელეგირების საფუძველზე.

    მუხლი 49. გამგეობის უფლებამოსილებათა განხორციელების მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, ქალაქ თბილისის მერის, საკრებულოსა და მთავრობის აქტებით განსაზღვრულ რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობის უფლებამოსილებათა განხორციელება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქალაქ თბილისის საკუთრების შესაბამისი ობიექტების, სათანადო მატერიალურ-ფინანსური რესურსების რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლობაში გადაცემითა და რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტის დამოუკიდებელი შემოსავ-ლებით.

    მუხლი 50. გამგეობის უფლებამოსილებანი

გამგეობის კომპეტენციაშია:

ა) მის გამგებლობაში გადაცემული ქალაქ თბილისის საკუთრების ობიექტების საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ფლობა და სარგებლობა; ქალაქ თბილისის მთავრობისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება ქალაქ თბილისის საკუთრების ობიექტების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) ადგილობრივი ფინანსები, რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტის ფორმირება და შესრულება; თბილისის მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი წილის დადგენის შესახებ; სხვა ადგილობრივი საფინანსო საკითხების გადაწყვეტა;

გ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების შემუშავება;

დ) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზება და მისი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

ე) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება;

ვ) ქალაქ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დაწესებულებების მშენებლობისათვის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების შექმნა;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა;

ი) სოციალური მომსახურების ორგანიზება;

კ) ადგილობრივი მნიშვნელობის იმ სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის აქტებით არ შედიან მმართველობის სხვა ორგანოების გამგებლობაში.

    მუხლი 51. გამგეობის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში

ეკონომიკის სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, მისი შესრულების უზრუნველყოფა, საგადასახადო სამსახურებთან ერთად ადგილობრივი და საერთო-სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაცია;

ბ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კოორდინაცია, ამ სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერის, პრემიერისა და ქალაქ თბილისის მთავრობის აქტების აღსრულების კონტროლი; ქალაქ თბილისის მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) მის გამგებლობაში არსებული ადგილობრივი საკუთრების ობიექტების რეგისტრაცია, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და შეფასება, ზედამხედველობა, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის წინადადებების მომზადება ქალაქ თბილისის მთავრობისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ქონების შექმნის, შეძენის და მისი გასხვისების შესახებ;

დ) ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება, საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა, ქალაქ თბილისის მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, ქალაქ თბილისის მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ვ) ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების მომზადების კოორდინაცია, მათი განხორციელებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ამ მიზნით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებთან და მეწარმეებთან თანამშრომლობის ორგანიზება.

    მუხლი 52. გამგეობის კომპეტენცია სოციალურ სფეროში

სოციალურ სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

ბ) ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია;

გ) ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო და ქალაქ თბილისის შესაბამის სამსახურებთან, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიან პროგრამათა შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზება;

დ) ადგილობრივი სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ე) ადგილობრივი შრომის ბაზრის ანალიზი, მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ადგილობრივი დასაქმების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

ვ) სოციალურ სფეროში სხვადასხვა სოციალური ფენის ინტერესთა ანალიზი, საზოგადოებრივ ინიციატივათა შესწავლა და მათი ხელშეწყობა, სხვადასხვა სოციალური ფონდის ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ზ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება.

    მუხლი 53. გამგეობის კომპეტენცია სამეურნეო სფეროში

სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება;

ბ) ადგილობრივი მეურნეობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება.

    მუხლი 54. გამგეობის კომპეტენციების გადაცემა ქალაქ თბილისის მმართველობის სხვა ორგანოსათვის

ამ დებულებით განსაზღვრული გამგეობის კომპეტენციები შეიძლება გადაეცეს ქალაქ თბილისის მმართველობის სხვა ორგანოს მხოლოდ ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 55. გამგეობის აპარატი

1. გამგეობის აპარატი ახორციელებს გამგეობისა და გამგეობის სამსახურების საინფორმაციო, ტექნიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. გამგეობის აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. გამგეობის აპარატის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება გამგეობის აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.

თავი IV

 გამგეობის სამსახურები (განყოფილებები)

    მუხლი 56. გამგეობის სამსახური (განყოფილება)

1. გამგეობის სამსახური (განყოფილება) არის გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი დარგობრივი მმართველობის ორგანო, რომელიც ფინანსდება რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტიდან.

2. გამგეობის სამსახურებს (განყოფილებებს) გამგებლის წარდგინებით ქმნის და აუქმებს ქალაქ თბილისის მერი.

3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელი, რომელსაც ქალაქ თბილისის მერთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი.

4. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელის მოადგილეებსა და სამსახურის (განყოფილების) თანამშრომლებს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, მისი უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე და სამსახურის (განყოფილების) დებულებით.

    მუხლი 57. გამგეობის სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი

გამგეობის სამსახურის კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მისი მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.

    მუხლი 58. რაიონის (დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების, პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა

1. რაიონის (დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების მომზადების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით, პრემიერის განკარგულებითა და გამგეობის რეგლამენტით.

2. რაიონის (დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რაიონის გამგებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობას განსახილველად.

    მუხლი 59. გამგეობის რეგლამენტი

გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუ-მენტების მომზადებისა და გაფორმების, გამგეობის სხდომების, გამგებლის თათბირის მომზადებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება გამგეობის რეგლამენტით, რომელსაც ქალაქ თბილისის მერთან შეთანხმებით ამტკიცებს გამგებელი.

თავი V

 ქალაქ თბილისის რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები

    მუხლი 60. ქალაქ თბილისის რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები და მისი ორგანოები

1. ქალაქ თბილისის რაიონებში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს ქმნის და აუქმებს, მის საზღვრებს ადგენს და ცვლის ქალაქ თბილისის საკრებულო მერის წარდგინებით.

2. ქალაქ თბილისის რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს, რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ქმნის რაიონის გამგეობა.

3. ქალაქ თბილისის რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მმართველობის ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის, რაიონის გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებებით, ამ დებულებითა და მისგან გამომდინარე, რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოს დებულებით.

    მუხლი 61. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოების მიზნები და ამოცანები

1. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და შესაბამისი რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული რაიონის მიერ მათთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს საქმიანობის მიზანია განამტკიცოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს რაიონის გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულება; უზრუნველყოს მოსახლეობა კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებით; განახორციელოს ამ დებულებითა და გამგეობის დადგენილებებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.

    მუხლი 62. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს შემადგენლობა

1. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი, ხოლო ამ ორგანოს სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა.

2. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანო და მისი ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული არიან შესაბამისი რაიონის გამგეობისა და გამგებლის წინაშე.

3. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი რაიონის გამგეობა.

კარი VI

 ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

    მუხლი 63. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები

1. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: მერის ბრძანების, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და მის საფუძველზე მიღებული ქალაქ თბილისის მთავრობისა და გამგეობის რეგლამენტით.

3. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: მერის, პრემიერის, გამგებლის განკარგულების და საქალაქო (ადგილობრივი, გამგეობის) სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანების, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და მის საფუძველზე მიღებულ ქალაქ თბილისის მთავრობისა და გამგეობის რეგლამენტით.

4. მერის, ქალაქ თბილისის მთავრობის, გამგებლის ნორმატიული აქტი ძალაში შედის დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ.

    მუხლი 64. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

1. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები შეიძლება შეიცვალოს შესაბამისად ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.

2. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომელთაც ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებს გადასცეს მათ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებები, უფლება აქვთ გააუქმონ მერიის ორგანოების მათ მიერ გადაცემულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

3. ქალაქ თბილისის მერის ბრძანებებსა და განკარგულებებს აჩერებს და/ან აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე სასამართლო, კანონით დადგენილი წესით.

4. ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებებს აჩერებს ქალაქ თბილისის საკრებულო, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხოლო აუქმებს ქალაქ თბილისის საკრებულო, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

5. ქალაქ თბილისის პრემიერის განკარგულებებს აჩერებს და აუქმებს ქალაქ თბილისის საკრებულო, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

6. რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებებს აჩერებს და აუქმებს ქალაქ თბილისის საკრებულო, მერი, ქალაქ თბილისის მთავრობა, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებს აჩერებს ან აუქმებს ქალაქ თბილისის საკრებულო, ქალაქ თბილისის მერი, პრემიერი, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

8. რაიონში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებს აჩერებს ან აუქმებს შესაბამისი რაიონის გამგებელი, აგრეთვე სასამართლო, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.