„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”

  • Word
„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
  • Word
534
24/06/2005
სსმ, 76, 27/06/2005
010.340.000.08.002.003
„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2005 წლის 24 ივნისი

 ქ. თბილისი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსების, საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

მ. სააკაშვილი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

1. პროგრამის ძირითადი არსი:

მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) მიზანია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთათვის ტრენინგისა და სასწავლო პროგრამების განხორციელება, ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებისა და საჭიროებების შესაბამისად მათი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფა.

პროგრამის უმნიშვნელოვანესი ელემენტია სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ამაღლებას, აგრეთვე პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებას. სკოლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სასწავლო/ტრენინგის პროგრამების და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება.

2003 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენები ქვეყანას ახალ პერსპექტივებს უსახავს და ევროპულ სამყაროში ინტეგრაციის გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს. საქართველოში გარდამავალ ეტაპზე მიმდინარე ცვლილებები: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა, მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნები – ის ფაქტორებია, რომლებიც საჯარო მოხელეებს ავალდებულებს ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო პოლიტიკა და ადმინისტრირება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებას და საჯარო მოხელეთა კვალიფიციური სამსახურის ჩამოყალიბებას.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესისათვის ხელშეწყობას. საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დასამკვიდრებლად გადაიდგა ცალკეული ნაბიჯები: ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, მიღებულ იქნა ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“. მიუხედავად ამისა, სრულ-ფასოვანი თვითმმართველობის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან. აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, დეცენტრალიზაციის პროცესის დასრულება და საქართველოს დღევანდელი რეალობისათვის შესაფერისი საჯარო სამსახურის ფუნქციონირება. პროგრამა ორიენტირებულია აღნიშნული პრობლემების დაძლევისაკენ. მისი განხორციელებისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამის წარმატებით განხორციელება შესაძლებელს გახდის საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. პროგრამა მიზნად ისახავს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მეშვეობით საჯარო სამსახურის პროფესიონალიზაციის პროცესის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებას.

პროგრამის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის პროფესიონალიზმს, რაც გამოიხატება ეფექტიან მართვასა და მომსახურების გაწევაში, განავითარებს თანამშრომლობას ცენტრალურ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და მის ინტეგრაციას ევროპის სტრუქტურებში.

2. მიზნები და ამოცანები:

პროგრამის მიზანია:

დააარსოს განათლების მიღების ცენტრი, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევას, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ დონეზე მომსახურე საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საჯარო მოხელეთათვის თანამედროვე, დასავლური ტიპის საჯარო მართვის პრაქტიკისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მსმენელთათვის თანამედროვე, პრაქტიკული და თეორიული მასალის მიწოდებას.

უზრუნველყოს საქართველოს რეგიონების საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ადამიანური რესურების განვითარება და საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესისათვის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეთა საქართველოს სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმირება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მეშვეობით განახორციელოს ტრენინგისა და სასწავლო პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მართვის ორგანოების თანამშრომლებს დაეხმარება შეიძინონ ისეთი სახის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დაეხმარება ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების დაძლევასა და საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოთხოვნების უკეთ შესრულებაში.

პროგრამის ამოცანაა სასწავლო/ტრენინგის მოდულების პაკეტების შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს პროგრამის ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთათვის ტრენინგების ჩატარებას.

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლა ხელს შეუწყობს საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების რეგიონებიდან ჩამოსული მსმენელების ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირებას.

პროგრამა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საჭიროებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

ა) სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების საჯარო მოხელეების პროფესიულ გადამზადებას, საჯარო მოხელეთა კორპუსის პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას;

ბ) საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი დონეების სახელმწიფო და მუნიციპალური სექტორის წარმომადგენელთათვის ქალაქ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებას;

გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით ტრენინგისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, აგრეთვე პრაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიულ მასალაზე დაყრდნობილი კომპლექსური ცოდნის გავრცელებას;

დ) სკოლაში ტრენინგისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი სასწავლო/ტრენინგის პაკეტების შექმნას;

ე) სკოლაში პირველ ნაკადში სასწავლო/ტრენინგის პროცესის მსმენელთა მიზნობრივი ჯგუფების შერჩევას.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა შეარჩევს მსმენელთა კონტინგენტს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობის გზით.

3. პროგრამის ობიექტის მდგომარეობა:

საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესი ჯერ კიდევ სუსტია. აშკარაა პროფესიონალი და სტაბილური საჯარო მოხელეების ნაკლებობა. არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ტრენინგის ეფექტიანი სისტემა და საჯარო სამსახურის გარანტიები. ყოველივე ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა პროფესიულ განვითარებაზე. არსებული სირთულეების დასაძლევად საქართველოს რეგიონებში საჭიროა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა.

საბჭოთა ეპოქაში საჯარო სამსახური პარტიული კონტროლითა და იდეოლოგიური დოგმებით იყო შებოჭილი, რაც დღესაც სახეზეა. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრირება განსაკუთრებით რთულია ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში, პოლიტიკური კონფლიქტების ზონებში, ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც დაბალია სახელმწიფოებრივ სივრცეში ჩაბმისა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონე.

საქართველოში არ არსებობს საჯარო მოხელეთა რეგიონალური გადამზადების ეროვნული ცენტრი, აგრეთვე არ არსებობს ტრენინგის ეფექტიანი სისტემა. საჯარო მმართველობის ორგანოთა კადრების მოსამზადებლად ცალკეული ერთჯერადი ღონისძიებები ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივებით, მაგრამ ამას მასშტაბური ხასიათი არა აქვს. ქალაქ თბილისში არსებული საჯარო ადმინისტრირების პროფილის უმაღლესი სასწავლებლები საზოგადოების ვიწრო ფენებისთვისაა გათვალისწინებული.

ევროპის საბჭოს და ევროკომისიის ერთობლივმა პროგრამამ დააფინანსა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული სტრატეგიის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის კვლევამ ცხადყო, რომ თვითმმართველობის მოხელეები იმ ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას განიცდიან, რომელიც მათ ახალ გარემოში ადაპტაციისათვის სჭირდებათ. აუცილებელია ამ მოხელეებს ჰქონდეთ კონკრეტული უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, ამ უნარ-ჩვევების მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების საშუალება. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპის ქარტია მკაფიოდ აყალიბებს ადგილობრივი მოხელეებისა და არჩეული პირების თანამდებობრივი წინსვლისა და პროფესიული განვითარების გარანტიებს. ქარტიის მეექვსე მუხლის მეორე პარაგრაფი აღნიშნავს: – „თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურების და კომპეტენტურობის საფუძველზე; ამ მხრივ უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული მომზადების ადეკვატური საშუალებები, ანაზღაურება და სამსახურებრივი დაწინაურების გარანტიები“. გარდა ევროპის ქარტიის მოთხოვნისა, სოციალისტური სისტემის მსხვრევის შემდეგ საზოგადოებაში ახალი მოთხოვნები გაჩნდა, რაც საჯარო მოხელეებისაგან მეტ ეფექტიანობასა და კომპეტენტურობას მოითხოვს. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში საჭირო გახდა ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ადრე საერთოდ არ არსებობდა. საქართველოში 5 ათასამდე ადგილობრივი მოხელე და 8 ათასზე მეტი ადგილობრივი საკრებულოს წევრია, რომლებიც თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული სტრატეგიის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.

სწორედ ამ საჭიროების დაძლევის ერთ-ერთი გზაა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსება, რომელიც საჯარო მოხელეებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას შესთავაზებს.

4. საჭირო ინვესტიციები წლების მიხედვით და მათი სავარაუდო წყაროები:

მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა 2005 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭიროებს 589.030.0 ლარით დაფინანსებას. ეს თანხა მოხმარდება სარემონტო სამუშაოებს, სასწავლო პაკეტების შედგენას, მასწავლებელთა (ტრენერთა) ხელფასს, სკოლის ადმინისტრაციის ხელფასს, მსმენელთა სტიპენდიებს და სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს.

პროგრამა 2006 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭიროებს 469.120.0 ლარით დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტი არის ერთ-ერთი დაფინანსების წყარო, საიდანაც სკოლის ფუნქციონირებისათვის გამოიყოფა 469.120.0 ლარი. დამატებითი დაფინანსების სავარაუდო წყაროებად მოიაზრება: ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, სოროსის ფონდი და სხვა საერთაშორისო განვითარებისა და დონორი ორგანიზაციები.

პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება არის ერთ-ერთი წყარო, რომელიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს ფუნქციონირება. სკოლის ხელმძღვანელობა და სამეურვეო საბჭო იზრუნებენ სკოლის განვითარებისათვის საჭირო დაფინანსების დამატებითი წყაროს მოძიებაზე.

5. პირველი და სრული შედეგების მიღების ვადა:

1. 2005 წლის სექტემბრისათვის:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით მწყობრში ჩადგება ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №13-ში მდებარე ქუთაისის მრავალპროფილიანი ტექნიკური სკოლა-ლიცეუმი ტრენინგის პროგრამის მონაწილე პირველი 100-კაციანი ნაკადის მისაღებად;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომელთათვის 3-თვიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში ლიცეუმის ბაზაზე საცხოვრებელი პირობების შექმნას;

გ) შემუშავდება ტრენინგის მინიმალური პაკეტი, რათა განხორციელდეს სასწავლო/ტრენინგის პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა – მსმენელთა კორპუსისათვის;

დ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მიიღებს პირველ 100 მსმენელს 3-თვიანი კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

2. 2006 წლის სექტემბრისათვის საქართველოს რეგიონების ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის 400 საჯარო მოხელეს მიღებული ექნება განათლება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე. ერთი წლის განმავლობაში, 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის სექტემბრამდე, სკოლა გადაამზადებს 400 მსმენელს. სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებში და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ქართულ ენაში დაგეგმილია ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მიიღებს მსმენელებს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მაღალმთიანი რეგიონებიდან.

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უხელმძღვანელებს პროგრამის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე ტრენინგის ჩატარებისათვის საჭირო პროგრამული და ადამიანური რესურსების შერჩევას. სასწავლო/ტრენინგის პროგრამების შერჩევა დაგეგმილია 2005 წლის 1 სექტემბრამდე.