საკანონმდებლო მაცნე ახალ ოფისში ახალი პროექტებით გადადის

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის. პირველად არსებობის განმავლობაში მაცნეს საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისი ექნება. საკანონმდებლო მაცნეს რიგით მეორე ოფისი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა გახსნეს.

 

მაცნეს ამიერიდან საშუალება ექნება, მეტად განავითაროს სტრატეგიული პროექტები. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გახადოს საკუთარი რესურსები ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოწყობილობიდან. შეიქმნა საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია „IOS“ და „Android“ პლატფორმაზე. მომხმარებლებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით სარგებლობდნენ ვებგვერდით, ამიერიდან საშუალება ექნებათ, აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ მაცნეს სერვისი მარტივად და კომფორტულად. აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მითითებული ბმულებიდან:

 

► IOS - https://goo.gl/wtLoFv

► Android - https://goo.gl/DutPwN

 

მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც თეა წულუკიანის ინიციატივით ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდაიქმნა და რომელიც საკანონმდებლო აქტების პროფესიულ თარგმანს ასრულებს. მთარგმნელობითი ცენტრის შექმნა იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა საკანონმდებლო აქტების პროფესიული ნათარგმნი ვერსიები; თარგმანები იყო ფრაგმენტული და არცერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს; სხვადასხვა თარგმანს შორის იყო შინაარსობრივი უზუსტობანი, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაინტერსებული პირი შეცდომაში შეჰყავდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ეს სტრუქტურული ერთეული.

 

მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივდა საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა, რადგან მათ უკვე შეუძლიათ ინგლისურ ენაზე იხილონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო მაცნე რეგულარულად აქვეყნებს ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სამართლებრივი სფეროს, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის.

 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მაცნემ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების დარბაზებში ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსა უწყვეტი კვების წყაროთი აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერები. ამ კომპიუტერების საშუალებით სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

 

მინისტრისავე ინიციატივით, მაცნე საკანონმდებლო აქტების ბეჭდურ ვერსიებს გამოსცემს. საიტზე (http://matsnebooks.gov.ge./Book) განთავსებულია გამოცემების კატალოგი და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ესა თუ ის გამოცემა და ისარგებლოს ბინაზე მიტანის სერვისითაც.

 

მაცნეს მიზანია, ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ასევე, საკანონმდებლო ბაზაში დაცული საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები. მეტიც, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოქვეყნებული კანონების კონსოლიდირებული ვერსიები გახდა უფასო. თითქმის დასრულებულია პროექტი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება „Dropbox“-სა და „google Drive“-ს მეშვეობით გადმოწეროს საკანონმდებლო აქტები ნებისმიერი მოწყობილობიდან. მაცნეს საიტის მომხმარებელს შეუძლია, მოუსმინოს გახმოვანებულ საკანონმდებლო აქტებსაც. ამოქმედდა ვებგვერდის ოფლაინ საძიებო სისტემა, რომლის გამოყენებაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე არის შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის. 2014 წელს დასრულდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ხმის მიცემის აპარატში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საძიებო სისტემის აპლიკაციის ინტეგრირებაზე.

 

მაცნე ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზეც, ვისთვისაც ინფორმაციასთან წვდომა სირთულეს წარმოადგენს. კერძოდ, უკვე სატესტო რეჟიმშია სპეციალურად შექმნილი დომენი https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.

 

მაცნეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, ასევე, „მაცნეს კლუბი“. ეს არის პირველი სადისკუსიო პლატფორმა იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი“ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან კითხვები. მაცნეს ახალი ოფისი იძლევა საშუალებას, კლუბში გაიმართოს პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა.

 

საკანონმდებლო მაცნე 1998 წელს დაარსდა, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია ამოქმედდა 2011 წელს.