იუსტიციის სამინისტრო უსინათლო და მცირემხედველთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება

13 ნოემბერს მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის  თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სერვისი.უწყება ზრუნავს მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისთვისაც ინფორმაციაზე წვდომა სირთულეს წარმოადგენს. ამჯერად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აქვს სიახლე უსინათლო პირთათვის. კერძოდ, სპეციალურად მათთვის შეიქმნა საიტი  https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველთათვის.  საიტის ვიზიტორები ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით იღებენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდის შექმნაში მონაწილეობა თავად მცირემხედველმა პირებმა მიიღეს.

თბილისის იუსტიციის სახლი კი საჯარო უწყებებს შორის უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებებზე ყველაზე მორგებული საჯარო დაწესებულებაა. უშუალოდ მათთვის შეიქმნა ბრაილის შრიფტით დამზადებული სანავიგაციო რუკა. იმისთვის კი, რომ მათ დამოუკიდებლად, თანმხლები პირის გარეშე შეძლონ გადაადგილება და ისარგებლონ ყველა სერვისით, დაიგო ტაქტილური ბილიკები, ანუ რელიეფური ფილები როგორც შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე; ტაქტილური რუკა გაკეთდა როგორც იუსტიციის სახლის ცენტრალურ, ისე უკანა შესასვლელებთან. მოწყობილია ბრაილის შრიფტით სანავიგაციო სისტემები, მათთვის ადაპტირდა იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობაც. ყველა ოთახთან არის განთავსებული ბრაილის შრიფტის რუქა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო პირი ადვილად ორიენტირდება. შუშის მოაჯირებზე განთავსებულია ე.წ. კონტურული სტიკერები, ასეთივე კონტურული ნიშნულებია ოთახების სახელურებზეც. ამჟამად იუსტიციის სახლი 95%-ით არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის. მათთვის შექმნილია ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი.

ნებისმიერ უსინათლო პირს იუსტიციის სახლში ბრაილის პრინტერის საშუალებით შესაძლებლობა, აქვს თავისი ქონების ამონაწერი ამობეჭდოს და განაცხადიც ჩააბაროს ბრაილის შრიფტზე, რომელიც შემდეგ „ითარგმნება“ ოპერატორისთვის ქართულ ენაზე.

იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ვებგვერდები მთლიანად ხმოვანია და ადაპტირებული იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.
მათ შეუძლიათ, ხმოვანი ფუნქციონალის მეშვეობით მოისმინონ ინფორმაცია ყველა სერვისის შესახებ. ეს არის საბაზისო საჭიროებები.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადაპტირებული ვებგვერდია  (voice.sda.gov.ge, რომლის საშუალებითაც  უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ). დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით მხედველობადაქვეითებულ მომხმარებელს შეუძლია, შეცვალოს საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა.

უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ადაპტირებულია საჯარო რეესტრის სერვისებიც. მათ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტაციის მიღება ბრაილის შრიფტით შეუძლიათ. ადაპტირებულია უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული პროგრამაც (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება ხმოვანი პროგრამის გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი.

უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე სანოტარო მომსახურება. თუ უსინათლო პირს სურს რაიმე დოკუმენტის, გარიგების სანოტარო წესით დამოწმება, მას სანოტარო ბიუროში ორი პირი უნდა ახლდეს. ერთი მის მაგივრად აწერს ხელს დოკუმენტს, მეორე (მოწმე) კი, ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესს. იგი არ უნდა იყოს სანოტარო აქტის მონაწილე მხარის ნათესავი. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, უსინათლო პირს სანოტარო აქტის ტექსტი წაუკითხოს და ამის შესახებ სანოტარო აქტშიც აღნიშნოს. განსხვავებულია პროცედურები ანდერძის დამოწმების შემთხვევაში. უსინათლო პირის მიერ სანოტარო ბიუროში ანდერძის შედგენის პროცესს სამი მოწმე უნდა ესწრებოდეს.

უსინათლოთა და მცირემხედველთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1984 წლიდან აღინიშნება. ეს დღე მათი პირველი მასწავლებლის, ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის, ვალენტინ ჰაიუს, დაბადების დღეს უკავშირდება. დღეს 50 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანია. საქართველოში ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება, 2012 წლიდან კი, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მისი სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეებისთვის.