კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ

  • Word
კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/03/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/10/2006
ძალაში შესვლის თარიღი 07/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000615
  • Word
-
03/03/1980
გაურკვეველი, -, 31/10/2006
480610000.03.030.000615
კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

 

ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ

 

ხელმოწერილი ნიუ-იორკსა და ვენაში 1980 წ. 3 მარტს

 

წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები,

აღიარებენ რა ყველა სახელმწიფოს უფლებას განავითაროს და გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისათვის და მათ კანონიერ დაინტერესებას მშვიდობიანი მიზნებით ბირთვული ენერგიის გამოყენებით მიღებული სარგებლით,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ აუცილებელია ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა,

სურთ რა აირიდონ პოტენციური საფრთხე, რომელიც ახლავს ბირთვული ნივთიერებების უკანონოდ ხელში ჩაგდებასა და გამოყენებას,

სჯერათ რა, რომ ბირთვულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ღრმა შეშფოთების საგანს და რომ უკიდურესად აუცილებელია ამგვარი დანაშაულის აღკვეთის, გამოაშკარავებისა და დასჯისათვის შესაბამისი და ეფექტური ზომების მიღება,

აცნობიერებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვისათვის ქმედითი ზომების შემუშავების აუცილებლობას, წინამდებარე კონვენციის წევრ-სახელმწიფოს კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად,

სჯერათ რა, რომ წინამდებარე კონვენციამ ხელი უნდა შეუწყოს ბირთვული ნივთიერების უსაფრთხო გადაადგილებას,

ასევე ხაზს უსვამენ რა ბირთვული ნივთიერების დაცვის აუცილებლობას ქვეყნის შიგნით გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირებისას,

აღიარებენ რა სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებადი ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის აუცილებლობას და აცნობიერებენ რა, რომ ასეთი ნივთიერება არის და იქნება მკაცრი ფიზიკური დაცვის ქვეშ.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

    წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) ბირთვული ნივთიერება” აღნიშნავს პლუტონიუმს, გარდა პლუტონიუმისა პლუტონიუმ 238-ის 80%-ზე მეტი იზოტოპური კონცენტრაციით; ურან-233-ს, ურანს, გამდიდრებულს 235 ან 233 იზოტოპებით; ურანს, იზოტოპების ნარევით, როგორც მოიპოვება ბუნებაში, გარდა მადნის ან მადნის ნარჩენებისა; აგრეთვე ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ზემოაღნიშნულიდან ერთს ან მეტს;

b) 235 ან 233 იზოტოპები გამდიდრებული ურანი” აღნიშნავს ურანს, რომელიც შეიცავს ურან-235 ან ურან-233 იზოტოპებს, ან ორივეს ერთად ისეთი რაოდენობით, რომ ამ იზოტოპების ჯამის ჭარბი წილი იზოტოპ ურან-238-თან შედარებით, მეტია ვიდრე იზოტოპ 235-ის წილი იზოტოპ 238-თან შედარებით ბუნებრივ პირობებში ;

c) ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ბირთვული ნივთიერების გადაზიდვას ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც მიემართება იმ სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება, დაწყებული ამ სახელმწიფოში გამგზავნის ობიექტიდან გასვლით და დამთავრებული საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში მიმღების ობიექტამდე ჩათვლით.

    მუხლი 2

1. წინამდებარე კონვენცია ეხება ბირთვულ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მიზნებისათვის და იმყოფება საერთაშორისო გადაზიდვის პროცესში.

2. მე-3, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, წინამდებარე კონვენცია ასევე ეხება ბირთვულ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მიზნებისათვის, ქვეყნის შიგნით მოხმარების, შენახვის ან ტრანსპორტირებისას.

3. იმ ვალდებულებების გარდა, რომლებსაც სპეციალურად იღებენ წევრი-სახელმწიფოები მე-2 პუნქტში მოცემული მუხლებით მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებული ბირთვული ნივთიერების ქვეყნის შიგნით მოხმარებას, შენახვასა თუ გადაზიდვასთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც ასეთი, ნივთიერების ქვეყნის შიგნით მოხმარებას, შენახვასა თუ გადაზიდვაზე ამ ქვეყნის სუვერენული უფლების ხელყოფა.

    მუხლი 3

ყოველი წევრი-სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები, რათა საერთაშორისო გადაზიდვისას 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე დაიცვას ბირთვული ნივთიერება, რომელიც იმყოფება მის ტერიტორიაზე ან იმ ხომალდის ან თვითმფრინავის ბორტზე, რომელზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია, თუკი ეს ხომალდი ან თვითმფრინავი მონაწილეობს გადაზიდვაში ამ სახელმწიფოში ან სახელმწიფოდან.

    მუხლი 4

1. არცერთი წევრი-სახელმწიფო არ ახორციელებს ბირთვული ნივთიერების ექსპორტს ან არ იძლევა ექსპორტის უფლებას, თუ ეს სახელმწიფო არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერება საერთაშორისო გადაზიდვის დროს დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე.

2. არც ერთი წევრი-სახელმწიფო არ აწარმოებს ბირთვული ნივთიერების იმპორტს, ან არ იძლევა იმპორტის უფლებას ამ კონვენციის არაწევრი-სახელმწიფოდან თუ ეს წევრი-სახელმწიფო არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერება საერთაშორისო გადაზიდვის დროს დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე.

3. წევრი-სახელმწიფო არ იძლევა ბირთვული ნივთიერების თავის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებას ხმელეთზე, ან შიდა წყლებში, ან მისი საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გავლით იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილეები, თუ მონაწილე ქვეყანა შეძლებისდაგვარად არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერება საერთაშორისო გადაზიდვის დროს დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე.

4. ყოველი წევრი-სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში იყენებს 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დაცვის დონეს ბირთვული ნივთიერების ამ სახელმწიფოს ერთი ნაწილიდან იმავე სახელმწიფოს მეორე ნაწილში საერთაშორისო საზღვაო ან საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვისას.

5. წევრი-სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია გარანტიების მიღებაზე, რომ ბირთვული ნივთიერება დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე, ამ მუხლის 1-3 პუნქტების თანახმად, ვალდებულია განსაზღვროს სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულმა ნივთიერებამ უნდა გაიაროს ტრანზიტით ხმელეთის ან შიდა წყლების გზით, ან რომელთა აეროპორტებსა თუ საზღავაო პორტებში მოსალოდნელია ამ ბირთვული ნივთიერების შესვლა, და წინასწარ დროულად შეატყობინოს მათ.

6. პასუხისმგებლობა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიების მიღებაზე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს წევრ-სახელმწიფოს, რომელიც ჩართულია გადაზიდვაში როგორც იმპორტიორი სახელმწიფო.

7. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება იქნეს განმარტებული როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ნებისმიერი ხელყოფა, მისი საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით.

    მუხლი 5

1. წევრი-სახელმწიფოები განსაზღვრავენ საკუთარ ცენტრალურ ორგანოს და საკონტაქტო ინსტანციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბირთვული ნივთიერების ფიზიკურ დაცვასა და ბირთვული ნივთიერების ნებისმიერი უკანონო გადაადგილების, გამოყენების ან შეცვლის ან ასეთი ქმედებების რეალური საფრთხის შემთხვევაში დაბრუნებისა და საპასუხო ოპერაციების კოორდინაციაზე, და ატყობინებენ ერთმანეთს ამის შესახებ უშუალოდ ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.

2. ბირთვული ნივთიერების მოპარვის, გატაცების, ან ამ ნივთიერების სხვა ნებისმიერი უკანონო გზით ხელში ჩაგდების, ან ასეთი ქმედებების რეალური საფრთხის შემთხვევაში, წევრი-სახელმწიფოები, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ მაქსიმალური თანამშრომლობა და დახმარება ასეთი ნივთიერების დაბრუნებასა და დაცვაში ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ამას მოითხოვს. კერძოდ კი:

a) ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად დროულად შეატყობინოს სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც, მისი აზრით, ეს ეხება, და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბირთვული ნივთიერების ნებისმიერი ქურდობის, გატაცების ან სხვა უკანონოდ ხელში ჩაგდების ფაქტის, ან ასეთი ქმედების რეალური საფრთხის არსებობის შესახებ;

b) საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული წევრ-სახელმწიფოები ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთს შორის ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ბირთვული ნივთიერების დაცვის, სატრანსპორტო კონტეინერის მთლიანობის შემოწმების, ან უკანონოდ ხელში ჩაგდებული ბირთვული ნივთიერების დაბრუნების მიზნით, და:

i. ახდენენ თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებას დიპლომატიური ან სხვა შეთანხმებული არხების მეშვეობით;

ii. გასწევენ დახმარებას, მოთხოვნის შემთხვევაში;

iii. უზრუნველყოფენ ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად გატაცებული ან დაკარგული ბირთვული ნივთიერების დაბრუნებას.

ასეთი თანამშრომლობის განხორციელების გზები განისაზღვრება წევრი-სახელმწიფოს მიერ.

3. წევრი-სახელმწიფოები თანამშრომლობენ და მართავენ კონსულტაციებს უშუალოდ ერთმანეთთან ან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, საერთაშორისო გადაზიდვის დროს ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის სისტემის ორგანიზების, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით.

    მუხლი 6

1. წევრი-სახელმწიფოები ღებულობენ შესაბამის ზომებს, საკუთარი კანონმდებლობების შესაბამისად, იმ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად, რომელსაც ისინი იღებენ კონფიდენციალურად სხვა წევრი სახელმწიფოსაგან წინამდებარე კონვენციის დებულებების ძალით, ან წინამდებარე კონვენციის განხორციელების მიზნით საქმიანობაში მონაწილეობისას. თუ წევრი-სახელმწიფოები კონფიდენციალურად აწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიღებული უნდა იქნას ზომები, რათა გარანტირებული იქნას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

2. წინამდებარე კონვენციით წევრ-სახელმწიფოებს არ მოეთხოვებათ იმ ინფორმაციის მიწოდება, რომლის გავრცელებაც აკრძალულია მათი შიდა კანონმდებლობით, ან რომლის გავრცელება საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან ბირთვული ნივთიერების ფიზიკურ დაცულობას.

    მუხლი 7

1. განზრახ ჩადენა:

a) აქტისა, კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, როგორიცაა, ბირთვული ნივთიერების მიღება, ფლობა, გამოყენება, გადაცემა, სახეცვლა, განადგურება ან გაფანტვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი პიროვნების სიკვდილი ან სერიოზული ტრამვა, ან მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი საკუთრებას;

b) ბირთვული ნივთიერების ქურდობის ან გატაცებისა;

c) ბირთვული ნივთიერების მოტყუების გზით მითვისებისა ან მიღებისა;

d) ქმედებისა, როგორიცაა, ძალით ან ძალის გამოყენების მუქარით ან სხვა სახის მუქარის მეშვეობით ბირთვული ნივთიერების მოთხოვნა;

e) მუქარისა:

i. გამოიყენონ ბირთვული ნივთიერება, ნებისმიერი პირის მოკვლის ან მნიშვნელოვანი დაშავების ან საკუთრების მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის მიზნით, ან

ii. ჩადენილი იქნეს სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია „ბ” ქვე-პუნქტში, რათა ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული იქნას განახორციელოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან;

f) ქვეპუნქტებში „a”, „b” ან „c” გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის მცდელობისა; და

g) ქმედებისა, როგორიცაა, მონაწილეობა ქვეპუნქტ „a”-დან ქვეპუნქტ „f”-ს ჩათვლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებში, დასჯილი უნდა იქნეს ნებისმიერი წევრი-სახელმწიფოს მიერ, შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს ზომებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების დასასჯელად, ამ სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.

    მუხლი 8

1. ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს აუცილებელ ზომებს, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-7 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, შემდეგ შემთხვევებში:

a) როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან იმ ხომალდის ან თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;

b) როდესაც სავარაუდო სამართალდამრღვევი ამ ქვეყნის მოქალაქეა.

2. ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა განახორციელოს თავისი იურისდიქცია ამ სამართალდარღვევებზე, თუ სავარაუდო სამართალდამრღვევი იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ ახდენს მის გადაცემას მე-11 მუხლის თანახმად 1-ლ პუნქტში გათვალისწინებულ ქვეყნებში.

3. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს არც ერთ სისხლის სამართლის იურისდიქციას, განხორციელებულს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გარდა 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოხსენებული სახელმწიფოებისა, ყოველ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მიმართ, როდესაც ის გამოდის როგორც ექსპორტიორი ან იმპორტიორი სახელმწიფო ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვისას.

    მუხლი 9

დარწმუნდება რა, რომ არის საკამარისი შესაბამისი საფუძველი, წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო სამართალდამრღვევი, შიდა კანონმდებლობის შესაბამისად იღებს ზომებს, პატიმრობაში აყვანის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს მისი წარდგენა სასამართლოს წინაშე ან გადაცემა. იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ეცნობება სახელმწიფოებს, რომლებმაც უნდა განახორციელონ თავისი იურისდიქცია მე-8 მუხლის შესაბამისად, და საჭიროების მიხედვით, ყველა სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს.

    მუხლი 10

წევრმა-სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო სამართალდამრღვევი და რომელიც არ ახდენს მის გადაცემას, გამონაკლისისა და უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე უნდა გადასცეს საქმე მის კომპეტენტურ სტრუქტურებს, ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განსჯის მიზნით.

    მუხლი 11

1. მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები უნდა მიჩნეულ იქნეს ექსტრადირებულ სამართალდარღვევებად ნებისმიერ შეთანხმებაში დამნაშავეთა გადაცემის შესახებ, რომელიც დადებულია წევრ-სახელმწიფოებს შორის. წევრი-სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიჩნიონ ასეთი სამართალდარღვევები როგორც ექსტრადირებადი ყოველ შეთანხმებაში გადაცემის შესახებ, რომლებსაც ისინი დადებენ ერთმანეთს შორის მომავალში.

2. თუ წევრი-სახელმწიფო, რომელიც განიხილავს სამართალდარღვევას როგორც ექსტრადირებადს, არსებული შეთანხმების საფუძველზე, იღებს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა წევრი-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება გადაცემის შესახებ, მას სურვილისამებრ შეუძლია განიხილოს წინამდებარე კონვენცია როგორც სამართლებრივი საფუძველი ასეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ექსტრადირებისათვის. ექსტრადირებაზე გავრცელდება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობები.

3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც სავალდებულოდ არ მიიჩნევენ შეთანხმების არსებობას დამნაშავეთა გადასაცემად, განიხილავენ ასეთ სამართალდარღვევებს როგორც ექსტრადირებადს ერთმანეთს შორის. თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის პირობების მიხედვით.

4. წევრ-სახელმწიფოთა შორის დამნაშავეთა გადაცემის უზრუნველსაყოფად, ყოველი ასეთი დანაშაული, უნდა განიხილებოდეს როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზეც, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ თავიანთი იურისდიქცია მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 12

ყოველ პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სასამართლო მოძიება მე-7 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს სამართლიანი მოპყრობის გარანტიები მოძიების ყველა დონეზე.

    მუხლი 13

1. წევრმა-სახელმწიფოებმა უნდა გაუწიონ ერთმანეთს მაქსიმალური დახმარება მე-7 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის სასამართლო ძიებაში, მათ განკარგვაში არსებული ძიებისათვის აუცილებელი მტკიცებულებების მიწოდების ჩათვლით. ყველა ამ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება იმ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა, რომელსაც მიემართა თხოვნით.

2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები გავლენას არ უნდა ახდენდეს ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებზე, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ არეგულირებენ სისხლის სამართლის საკითხებში დახმარების აღმოჩენას.

    მუხლი 14

1. ყოველმა წევრმა-სახელმწიფომ უნდა შეატყობინოს დეპოზიტარს მისი იმ კანონებისა და დადგენილებების თაობაზე, რომლებიც ეხება წინამდებარე კონვენციის განხორციელებას. დეპოზიტარმა პერიოდულად უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია ყველა წევრ-სახელმწიფოს.

2. წევრი-სახელმწიფო, სადაც გასამართლებულ იქნა სავარაუდო სამართალდამრღვევი, შეძლებისდაგვარად პირველ რიგში ატყობინებს სასამართლოს საბოლოო შედეგს უშუალოდ დაინტერესებულ სახელმწიფოებს. წევრმა-სახელმწიფომ ასევე უნდა შეატყობინოს საბოლოო შედეგი დეპოზიტარს, რომელიც შემდეგ შეატყობინებს ყველა სახელმწიფოს.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ეხება ბირთვულ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენებოდა, ინახებოდა ან გადაიზიდებოდა ქვეყნის შიგნით, და სავარაუდო დამნაშავეც და ბირთვული ნივთიერებაც დარჩა იმ წევრ-სახელმწიფოს შიგნით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სამართალდარღვევა. წინამდებარე კონვენციაში არაფერი შეიძლება განიმარტოს როგორც თხოვნა წევრ-სახელმწიფოსადმი, გაავრცელოს ინფორმაცია ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

    მუხლი 15

დანართები წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 16

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ დეპოზიტარმა უნდა მოიწვიოს წევრი-სახელმწიფოების კონფერენცია კონვენციის განხორციელებისა და მისი პრეამბულის, ოპერატიული ნაწილისა და დანართების არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობის განსახილველად.

2. შემდგომში, ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც, წევრი-სახელმწიფოების უმრავლესობამ შეიძლება მოიწვიოს კონფერენცია იმავე მიზნით, დეპოზიტარისადმი შესაბამისი წინადადებით მიმართვის გზით.

    მუხლი 17

1. ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების საკითხზე დავის შემთხვევაში, ამ წევრმა-სახელომწიფოებმა უნდა გამართონ კონსულტაცია დავის მოლაპარაკებებით, ან დავის ყველა მონაწილე მხარისათვის მისაღები სხვა მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

2. თუ ასეთი ხასიათის ნებისმიერი დავის მოგვარება ვერ ხერხდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სახით, დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით ის გადაეცემა არბიტრაჟს ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. თუ დავა გადაცემულია არბიტრაჟისადმი, და მოთხოვნიდან 6 თვის განმავლობაში დავაში მონაწილე მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე, მხარეს შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დანიშნოს ერთი ან მეტი არბიტრი მხარეების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენების შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი მიმართულ მოთხოვნას.

3. ყოველ წევრ-სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას, მიღებისას ან დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ მიიჩნევს თავს ვალდებულად დაემორჩილოს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დავის მოგვარების ერთ ან ორივე წესს. სხვა წევრი-სახელმწიფოები არ იქნებიან ვალდებული გამოიყენონ დავის მოგვარების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

4. ყოველ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა მე-3 პუნქტის მიხედვით, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს დათქმა დეპოზიტარისადმი შესაბამისი შეტყობინების გზით.

    მუხლი 18

1. წინამდებარე კონვენცია გახსნილი იქნება ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოწერისათვის ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს შტაბ-ბინაში ქ. ვენაში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქ. ნიუიორკში 1980 წლის 3 მარტიდან მის ძალაში შესვლამდე.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ.

3. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ყველა სახელმწიფოს მიერ მიერთებისათვის.

4.

a) წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ხელმოწერისა ან მიერთებისათვის ინტეგრაციული ან სხვა ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ, იმ პირობით, რომ ასეთი ორგანიზაცია შედგება დამოუკიდებელი სახელმწიფოებისაგან და აქვს მოლაპარაკებების გამართვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებში საერთაშორისო შეთანხმების გამოყენების კომპეტენცია;

b) იმ საკითხებში, რომლებიც შედის მათ კომპეტენციაში, ეს ორგანიზაციები, საკუთარი სახელით, სარგებლობენ უფლებებით და ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციით ეკისრებათ წევრ-სახელმწიფოებს;

c) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ გახდომისას ეს ორგანიზაცია მიმართავს დეპოზიტარს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება თუ რომელი სახელმწიფოები არიან ამ ორგანიზაციის წევრები და წინამდებარე კონვენციის რომელი მუხლები არ შეეხება მას;

d) ასეთ ორგანიზაციას არ ექნება თავისი ხმა, გარდა მისი წევრი სახელმწიფოების ხმებისა.

5. დოკუმენტები რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დეპოზიტირდება დეპოზიტართან.

    მუხლი 19

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა დეპოზიტართან რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ ოცდამეერთე დოკუმენტის დეპოზიტირების შემდეგ ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდა მას რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ ოცდამეერთე დოკუმენტის დეპოზიტირების თარიღის შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტირებიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 20

1. მე-16 მუხლისადმი პირობების უგულვებელყოფის გარეშე, წევრ-სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეთავაზება. შეთავაზებული შესწორება ეგზავნება დეპოზიტორს, რომელიც დაუყოვნებლივ ავრცელებს მას ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის. თუ წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობა ითხოვს დეპოზიტარისაგან კონფერენციის მოწვევას შეთავაზებული შესწორებების განხილვის მიზნით, დეპოზიტარი იწვევს ყველა წევრ სახელმწიფოს ამ კონფერენციაზე, რომელიც გაიხსნება არა უადრეს ოცდაათი დღისა მოსაწვევების გავრცელების შემდეგ. ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წევრ-სახელმწიფოთა ორი მესამედის უმრავლესობის მიერ, დაუყოვნებლივ ვრცელდება დეპოზიტარის მიერ ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის.

2. ყოველი წევრი-სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს შესწორების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის რატიფიცირებას. შესწორება ძალაში შედის მონაწილე ქვეყნების ორი მესამედის მიერ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს. ამის შემდგომ, შესწორება ძალაში შედის ყოველი სხვა წევრი-სახელმწიფოსათვის, ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტირების დღეს.

    მუხლი 21

 1. ყოველ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება დეპოზიტარისადმი წერილობითი შეტყობინების გზით.

2. დენონსირება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ას მეოთხმოცე დღეს.

    მუხლი 22

1. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა სახელმწიფოს:

a) წინამდებარე კონვენციის ყოველი ხელისმოწერის შესახებ;

b) რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ყოველი დოკუმენტის დეპოზიტირების შესახებ;

c) მე-17 მუხლის შესაბამისად ყოველი დათქმის ან დათქმის გაუქმების შესახებ;

d) მე-18 მუხლის 4(c) პუნქტის შესაბამისად ორგანიზაციის მიერ ყოველი შეტყობინების შესახებ;

e) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ;

f) წინამდებარე კონვენციაში ყოველი შესწორების ძალაში შესვლის შესახებ; და

g) 21-ე მუხლის შესაბამისად ყოველი დენონსირების შესახებ.

    მუხლი 23

წინამდებარე კონვენციის ტექსტის ორიგინალი, რომლის ტექსტები არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე თანაბრად აუთენტურია, დეპოზიტირებული იქნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც დაუგზავნის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს.

რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელისმომწერებმა, საკუთარი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც გაიხსნა ხელმოსაწერად ქ. ვენაში ათას ცხრაას ოთხმოცი წლის სამ მარტს.

დანართი I

ფიზიკური დაცვის დონეები, რომლებიც გამოიყენება დანართ II-ში კლასიფიცირებული ბირთვული ნივთიერების მიმართ საერთაშორისო გადაზიდვისას:

1. ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებულ შენახვის პროცესში მყოფი ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის დონეები შეიცავს:

a) III კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა ზონაში, რომელში შესვლაც კონტროლირდება;

b) II კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა ზონაში, რომელიც იმყოფება დარაჯების ან ელექტრონული მოწყობილობების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, შემოფარგლულია ფიზიკური ბარიერით, რომელშიც არის შესასვლელი წერტილების შეზღუდული რაოდენობა და რომლებიც იმყოფებიან შესაბამისი კონტროლის ქვეშ, ან ზონაში რომელსაც გააჩნია ფიზიკური დაცვის ანალოგიური დონე:

2. I კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა II კატეგორიისათვის გათვალისწინებულ ზონაში, და რომელშიც ამასთან ერთად შესვლის ნება ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა საიმედოობა დადგენილია, და რომელიც იმყოფება საპასუხო რეაგირების შესაბამის ძალებთან მუდმივი მჭიდრო კავშირის მქონე დარაჯების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ მხრივ მიღებული სპეციალური ზომების მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი თავდასხმის, ნივთიერებასთან უნებართვო დაშვების ან ნივთიერების უნებართვო ამოღების გამოაშკარავება და აღკვეთა.

3. საერთაშორისო გადაზიდვისას ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის დონეები შეიცავს:

a) II და III კატეგორიის ნივთიერებებისათვის, გადაზიდვა უნდა მოხდეს უსაფრთხოების სპეციალური ზომების გათვალისწინებით, გადაზიდვისათვის პასუხისმგებლობის გადაცემის ადგილის, დროისა და პროცედურების თაობაზე გამგზავნს, მიმღებსა და გადამზიდავს შორის წინასწარი შეთანხმებისა და ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოების იურისდიქციისა და საკანონმდებლო აქტების სუბიექტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წინასწარი შეთანხმების ჩათვლით;

b) I კატეგორიის ნივთიერებებისათვის გადაზიდვა უნდა მოხდეს II და III კატეგორიის შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, და ამასთან ერთად, თანმხლები პირების მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, იმგვარ პირობებში რომლებიც უზრუნველყოფენ მჭიდრო კავშირს საპასუხო რეაგირების შესაბამის ძალებთან;

c) ბუნებრივი ურანისათვის, რომლის ფორმაც განსხვავდება მადნისაგან, ან მადნის ნარჩენებისაგან, 500 კილოგრამზე მეტი ოდენობის გადაზიდვისას დაცვა ითავალისწინებს გადაზიდვის შესახებ წინასწარ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება ტრანსპორტის ტიპი, ჩასვლის სავარაუდო დრო და ტვირთის მიმღების დადასტურება.

დანართი II

ბირთვული ნივთიერების კლასიფიკაცია

ნივთიერება

ფორმა

კატეგორია

 

 

I

II

III

1. პლუტონიუმი

დაუსხივებელი

2კგ ან მეტი

2კგ-ზე ნაკლები

და 500 გრ-ზე

მეტი

500 გრ ან ნაკლები და 15 გრ-ზე მეტი

2. ურან-235

დაუსხივებელი

-ურანი,

გამდიდრებული

იზოტოპ ურან-

235-ით 20 ან

მეტი %-ით

-ურანი,

გამდიდრებული

იზოტოპ ურან-

235-ით 10 დან

20%-მდე

-ურანი,

გამდიდრებული

ბუნებრივზე

მეტად, მაგრამ

ურან-235

იზოტოპის 10%-ზე ნაკლები

შემცველობით

 

5 კგ ან მეტი

 

5კგ-ზე ნაკლები

და 1კგ-ზე მეტი

10კგ ან მეტი

 

1კგ-ზე ნაკლები და 15

გრ-ზე მეტი

 

 

10 კგ-ზე

ნაკლები და 1

კგ-ზე მეტი

 

 

 

10 კგ-ზე მეტი

3. ურან-233

დაუსხივებელი

2კგ ან მეტი

2 კგ-ზე ნაკლები

და 500 გრ-ზე

მეტი

500 გ და ნაკლები და 15

გ-ზე მეტი

4. დასხივებული

საწვავი

 

 

გაღარიბებული ან ბუნებრივი ურანი, თორიუმი ან სუსტად გამდიდრებული საწვავი (დაშლადი იზოტოპების 10%-ზე ნაკლები შემცველობით) დ,ე

 

ა. მთელი პლუტონიუმი, იმ პლუტონიუმის გარდა, რომელშიც ურან-238-ის იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს;

ბ. რეაქტორში დაუსხივებელი ნივთიერება, ან ნივთიერება, დასხივებული რეაქტორში დასხივების 100 რად/სთ ან ნაკლებ დონეზე ერთი მეტრის მანძილზე დაცვის გარეშე;

გ. ნივთიერება, რომელიც რაოდენობრივად არ ხვდება III კატეგორიაში და ბუნებრივი ურანი დაცული უნდა იქნეს პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით;

დ. რეკომენდირებულია დაცვის ეს დონე, თუმცა სახელმწიფოებს შეუძლიათ, ობიექტური გარემოებების შეფასებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ დაცვის სხვა დონე;

ე. სხვა საწვავი, რომელიც დასხივებამდე შედიოდა, შლადი ნივთიერების საწყისი შემადგენლობიდან გამომდინარე, I ან II კატეგორიაში, შეიძლება დაქვეითდეს დონეზე არაუმეტეს ერთი კატეგორიისა, თუ საწვავის გამოსხივების დონე აღემატება 100 რად/სთ-ს ერთი მეტრის მანძილზე დაცვის გარეშე.