შეთანხმება ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის

  • Word
შეთანხმება ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 29/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000217
  • Word
16/04/1994
გაურკვეველი, -, 29/10/1998
000000000.00.000.000217
შეთანხმება ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის

საქართველოს რესპუბლიკა

და

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი/ ქვემოთ მოცემული წჯსკ-დ წოდებული/

მხედველობაში იღებენ რა წჯსკ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური განსაცდელის შემსუბუქებას და დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

გაითვალისწინეს საქართველოს რესპუბლიკის ინტერესები და წჯსკ სურვილი დააარსონ თბილისში წარმომადგენლობა, რათა უფრო სრულყოფილად შეასრულონ ის ამოცანა, რომელსაც მას აკისრებს საქართველოს რესპუბლიკის მიერ უკვე აღიარებული დოკუმენტი - ჟენევის 1949 წლის კონვენციები და მათი დამატებითი 1977 წლის ოქმები, ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წესდების მოთხოვნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. წჯსკ სტატუსი

წჯსკ სტატუსი ანალოგიურია სამთავრობოთაშორისო ორგანიზა­ციების სტატუსისა.

    მუხლი 2. სამართალსუბიექტობა

წჯსკ არის იურიდიული პირი. საქართველოს რესპუბლიკა ცნობს წჯსკ უფლებას იქონიოს საკონტრაქტო მოვალეობები, აღძრას სასამართლო საქმეები და შეიძინოს უფლებები, ასევე შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება და განაგოს იგი.

    მუხლი 3. წჯსკ იმუნიტეტი, მისი საკუთრება და აქტივი

წჯსკ, მისი საკუთრება და აქტივი, მიუხედავად იმისა თუ სად და ვის განკარგულებაშია ისინი, სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო და ადმინისტრაციული საქმიანობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა წჯსკ განსაზღვრულად უარს ამბობს თავის იმუნიტეტზე.

    მუხლი 4. წჯსკ შენობების, საკუთრებისა და აქტივის ხელშეუხებლობა

წჯსკ შენობები ხელშეუხებელია. წჯსკ საკუთრება და აქტივი, მიუხედავად იმისა თუ სად და ვის განკარგულებაშია ისინი, არ ექვემდებარებიან ჩხრეკას, რეკვიზიციას, კონფისკაციას, ექსპროპრიაციას ან სხვა სახით ჩარევას როგორც აღმასრულებელი, სასამართლო, ადმინისტრაციული, ასევე საკანონმდებლო ქმედებების ფორმით.

პროცესუალურ შეტყობინებებს, რომლებსაც წჯსკ იღებს ფოსტითტ, არ გააჩნიათ იურიდიული ძალა.

    მუხლი 5. წჯსკ არქივების ხელშეუხებლობა

წჯსკ არქივები და საერთოდ, მისი კუთვნილი თუ აქ დაცული ყველა დოკუმენტი ხელშეუხებელია, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

    მუხლი 6. კავშირგაბმულობის საშუალებები

1. წჯსკ შეუძლია ოფიციალური მიზნებისათვის უცხო ჩარევის გარეშე გამოიყენოს კავშირგაბმულობის ის საშუალებები, რომლებსაც იგი ყველაზე მოსახერხებლად მიიჩნევს თავისი კონტაქტებისათვის, კერძოდ, წჯსკ შტაბთან ჟენევაში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და იურიდიულ თუ კერძო პირებთან.

2. კერძოდ, წჯსკ აქვს უფლება დაამონტაჟოს თავის შენობებში რადიოსაკომუნიკაციო დანადგარები და გამოიყენოს მობილური ხელსაწყოები სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში, ამასთან ისინი თავისუფლდებიან სალიცენზიო და სხვა სახის გადასახადებისაგან. წჯსკ იყენებს კომპეტენტური სამთავრობო ორგანოების მიერ ელექტროკავშირის საერთაშორისო გაერთიანების სპეციალური N10 რეზოლუციის საფუძველზე /CAMR1979/ გამოყოფილ სიხშირეს.

3. ოფიციალურ კომინიკაციებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში - პრიორიტეტები, ტარიფები, გადასახადები, - წჯსკ სარგებლობს არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციები.

    მუხლი 7. წჯსკ ფინანსური რესურსები

1. წჯსკ უფლებამოსილია იქონიოს ეროვნული ან უცხოური ვალუტა და სხვა ფინანსური აქტივი, ასევე აწარმოოს ანგარიშსწორება ნებისმიერ ვალუტაში, ამასთან ისინი არ ექვემდებარებიან იმ კანონებსა და წესებს, რომლებიც არეგულირებენ ვალუტის გადაცვლას და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. წჯსკ აქვს უფლება თავისუფლად გადააგზავნოს თანხები ეროვნული თუ უცხოური ვალუტით ქვეყნის შეგნით და მის ფარგლებს გარეთაც, და ამასთანავე მოახდინოს აქტივის კონვერტირება-ნებისმიერ ვალუტაში.

    მუხლი 8. გადასახადებისაგან განთავისუფლება

1. წჯსკ, მისი აქტივი, შემოსავალი და საკუთრება თავისუფლდება ყველა პირდაპირი გადასახადისაგან, გარდა კომუნალური მომსახურების გადასახადებისა.

2. წჯსკ თავისუფლდება არაპირდაპირი გადასახადებისაგან სამსახურეობრივი მიზნებისათვის საჭირო საქონლის დიდი პარტიებით შესყიდვისას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვისას, რომელიც განაწილდება საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში.

საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს ყველა შესაბამის ღონისძიებას მითითებული გადასახადების შესამცირებლად ან ასანაზღაურებლად.

    მუხლი 9. საბაჟო გადასახადებისაგან განთავისუფლება

1. წჯსკ თავისუფალია საბაჟო გადასახადებისაგან ან სხვა მსგავსი ანარიცხებისაგან, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საიმპორტო, საექსპორტო და სატრანზიტო შეზღუდვებისაგან და აკრძალვებისაგან იმ საგნებზე, რომლებიც სამსახურეობრივი საჭიროებისათვის გამოიყენება ან ჰუმანიტარული დახმარების პროგრამითაა გათვალისწინებული საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში გასანაწილებლად.

2. წჯსკ, კერძოდ თავისუფლდება გადასახადებისაგან თვითმფრინავების აფრენა-დაფრენისათვის, რომელიც დახმარების აღმოსაჩენად საჭირო საშუალებები ჩამოაქვთ საქართველოში ან გადააქვთ ტრანზიტით.

    მუხლი 10. დელეგაციის წევრთა სტატუსი

1. წჯსკ დელეგაციის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, და მატი ოჯახების წევრებს აქვთ იგივე სტატუსი, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრებს.

2. ისინი სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისა და დაპატიმრებისაგან, პირად ნივთებზე ყადაღის დადებისაგან, ასევე სრული სასამართლო-პროცესუალური იმუნიტეტით ყოველივე თქმულის, დაწერილის ან ჩადენილი ქმედების მიმართ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მას შემდეგაც კი, თუ ისინი უკვე აღარ მუშაობენ დელეგაციაში არ შეიძლება მათი მოწმედ მოწვევა.

3. მათი საცხოვრებელი ბინა, გადაადგილების საშუალებები, დოკუმენტები, ხელნაწერები და პირადი ნივთები ხელშეუხებელია.

4. დელეგაციის იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, ასევე მათი ოჯახების წევრებზე არ ვრცელდება არანაირო არსებული შეზღუდვა იმიგრაციაზე, უცხოელთა რეგისტრაციასა და სახელმწიფო სამსახურის ვალდებულებაზე.

5. დელეგაციის ახლადჩამოსულ წევრებს უფლება აქვთ შემოიტანონ საქართველოში პირადი ნივთები საბაჟო გადასახადის გარეშე. ყოველ ასეთ წევრს უფლება აქვს საკუთარი სარგებლობისათვის ჩამოიყვანოს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო ანარიცხებისა და სხვა გადასახადების გარეშე. გამგზავრებისას ისინი სარგებლობენ იგივე შეღავათებით.

6. დელეგაციის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, აქვთ უფლება გაყიდონ პირადი საკუთრება საქართველოს რესპუბლიკაში იგივე პირობით, როგორითაც სარგებლობენ დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები.

7. ქვეყნის შიდა არეულობებისა თუ საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტებისას დელეგაციის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, და მათი ოჯახის წევრებს უნდა შეექმნათ საჭირო პირობები, რათა საკუთარი სურვილისამებრ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა, თანაც იმ საშუალებებით, რომელსაც თავად მიიჩნევენ ყველაზე უსაფრთხოდ და უსწრაფესად.

8. დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, სარგებლობენ ისეთივე შეღავათებით, სავალუტო რეჟიმთან დაკავშირებით, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები.

9. დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არ არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, თავისუფლდებიან ყველა გადასახადისაგან ხელფასზე და სხვა შესაძლო სახის ანაზღაურებაზე, რომელსაც მათ უხდის წჯსკ, ან იღებენ საქართველოს ფარგლებს გარედან.

10. ზემოხსენებული იმუნიტეტებისა და შეღავათების გარდა, წჯსკ დელეგაციის ხელმძღვანელი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ იგივე სტატუსით, როგორიც დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1969 წლის 16 აპრილის კონვენციის საფუძველზე ენიჭებათ საქართველოს რესპუბლიკაში აკრედიტირებულ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

11. დელეგაციის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, არ სარგებლობენ 1-9 პუნქტებში ჩამოთვლილი პრიორიტეტებით, პრივილეგიებითა და შეღავათებით, გარდა იმუნიტეტისა სასამართლო განხილვის მიმართ იმ ქმედებათა გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.

12. დელეგაცია აცნობებს კომპეტენტურ ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკაში მომუშავე პერსონალის ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე, ასევე მათი თანამდებობებისა და ფუნქციების შესახებ.

13. დელეგაციის წევრები მოვალენი არიან პატივი სცენ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ კანონებსა და წესებს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე და შეუძლიათ ისარგებლონ მათი დაცვით.

    მუხლი 11. დროებითი მისიით მომუშავე დელეგატები

საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი მისის მომუშავე წჯსკ დელეგატები სარგებლობენ იგივე იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, როგორიც ჩამოყალიბებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 2, 3, 4, 7 და 8 პუნქტებში.

    მუხლი 12. თანამშრომლობა მასპინძელ ქვეყანასთან

1. წჯსკ მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა აცილებულ იქნას წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და შეღავათების ბოროტად გამოყენება.

2. წჯსკ უფლება აქვს უარი განაცხადოს დელეგაციის ნებისმიერი წევრისათვის მინიჭებულ იმუნიტეტზე, თუკი ჩათვლის, რომ ეს იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულებას და მასზე უარის თქმა არ შელახავს წჯსკ ინტერესებს.

    მუხლი 13. „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება

საქართველოს რესპუბლიკას უფლება აქვს ნებისმიერ დროს და მოტივირების გარეშე აცნობოს წჯსკ-ს, რომ დელეგაციის ესა თუ ის წევრი ცხადდება „პერსონა ნონ გრატად“, ან არასასურველ პირად დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის 16 აპრილის კონვენციის მე-9 მუხლის პირობებისა და შედეგების შესაბამისად.

მსგავსი განცხადება ეგზავნება დელეგაციის ხელმძღვანელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, თუკი ხსენებული პირი არის დელეგაციის წევრი და არა მისი ხელმძღვანელი ; ან წჯსკ შტაბში ჟენევაში, თუკი პირი დელეგაციის ხელმძღვანელია ან წჯსკ ნებისმიერი წარმომადგენელი, მაგრამ არა მისიის წევრი.

    მუხლი 14. ახსნა-განმარტება

წინამდებარე შეთანხმება უნდა განიმარტოს მისი ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც წჯსკ ეფექტური ფუნქციონირების, დაკისრებული მოვალეობების აღსრულებისა და პროგრამების შესრულების საშუალებას იძლევიან.

    მუხლი 15. უთანხმოებათა მოგვარება მოლაპარაკების გზით

1. ნებისმიერი სახის უთანხმოების მოგვარება საქართველოს რესპუბლიკისა და წჯსკ შორის, წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ხდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

2. წინამდებარე შეთანხმების ხელმომწერი მხარეები გაითვალისწინებენ საქართველოს რესპუბლიკისა და წჯსკ ინტერესებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე; მხარეები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა უთანხმოებათა მოგვარება მოხდეს კეთილი ნებისა და თანასწორუფლებიანობის ვითარებაში, ასევე კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს რესპუბლიკასა და წჯსკ-ს შორის კეთილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

    მუხლი 16. არბიტრაჟი

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოხსენებული მოლაპარაკება უშედეგო იქნება, სადაო საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან, რომელთან ერთს ნიშნავს წჯსკ პრეზიდენტი, მეორეს - საქართველოს რესპუბლიკა, ხოლო მესამეს - ორივე მხარე (ან მათ შორის უთანხმოების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოს თავჯდომარე). ამ გზით შექმნილი სასამართლოს განაჩენი საბოლოოა.

    მუხლი 17. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე შეთანხმების დებულებებში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკისა და წჯსკ ურთიერთთანხმობის შედეგად.

    მუხლი 18. დამატებითი ხელშეკრულებები

საქართველოს რესპუბლიკასა და წჯსკ შეუძლიათ შეთანხმდნენ დამატებითი ხელშეკრულების დადების თაობაზე.

    მუხლი 19. ძალაში შესვლა

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედი იმ დღიდან, როდესაც საქართველოს რესპუბლიკა აცნობებს წჯსკ ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ.

    მუხლი 20. დენონსაცია

საქართველოს რესპუბლიკასა და წჯსკ შეუძლიათ მოახდინონ ამ ხელშეკრულების დენონსაცია, რის შესახებაც შეტყობინება ეგზავნება მეორე მხარეს სულ ცოტა ექვსი თვით ადრე; ამ ვადის გაცვლისთანავე ხელშეკრულება ძალას კარგავს.

    მუხლი 21. ორიგინალები და დეპოზიტარი

წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია სამ ორიგინალურ პირად: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

თითო პირი შესანახად გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკასა და წჯსკ.

ზემოთ თქმულის დასტურად მხარეები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.

დადებულია ქ. თბილისში, 1994 წლის 16 აპრილს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით