კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ

  • Word
კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 18/04/2000
ძალაში შესვლის თარიღი 12/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000316
  • Word
13/11/1979
გაურკვეველი, -, 18/04/2000
000000430.00.003.000316
კონვენცია შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ

 მხარეები წინამდებარე კონვენციისა,

 გადაწყვეტილი აქვთ რა გარემოსდაცვით სფეროში ხელი შეუწყონ ურთიერთკავშირებისა და თანამშრომლობის განვითარებას,

 აცნობიერებენ რა აღნიშნული ურთიერთკავშირებისა და თანამშრომლობის განსამტკიცებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების საკითხში, ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გადატანის ჩათვლით,

 აღიარებენ რა ევროპის ეკონომიკური კომისიის წვლილს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისი დებულებების განხორციელებაში.

 ითვალისწინებენ რა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის დასკვნითი აქტის გარემოსდაცვით თავში მითითებულ მოწოდებას ჰაერის დაბინძურებისა და მისი შედეგების, ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გადატანის ჩათვლით, დარეგულირებაზე და ამ პროცესებზე დაკვირვებისა და შეფასების, გოგირდის ორჟანგისა და სხვა დამაბინძურებლების შესაძლო გავრცელების გათვალისწინებით, ვრცელი პროგრამის განვითარებაზე საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გზით,

მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის გარემო ადამიანისთვის დეკლარაციის შესაბამის დებულებებს, განსაკუთრებით 21-ე პრინციპს, რომელშიც აღიარებულია საერთო აზრი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებიდან და საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე ქვეყნებს გააჩნიათ სუვერენული უფლება თავიანთი საკუთარი რესურსების დამუშავებაზე საკუთარი გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანახმად და პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციისა ან კონტროლის ქვეშ მყოფი საქმიანობა არ აყენებდეს ზიანს სხვა ქვეყნების ანდა მათი ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს გარე ტერიტორიების გარემოს,

აცნობიერებენ რა ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესაძლო უარყოფითი შედეგების არსებობას, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში,

შეშფოთებულნი არიან რა რეგიონში პროგნოზირებული ჰაერის დამაბინძურებლების გაფრქვევის (ემისიის) დონის მომატების გამო, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ამგვარი უარყოფითი შედეგები,

აცნობიერებენ რა ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გადატანის შედეგების შესწავლისა და გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიების აუცილებლობას,

ადასტურებენ რა მზადყოფნას განამტკიცონ აქტიური საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა თავიანთი შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შესამუშავებლად და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, კონსულტაციების, სამეცნიერო გამოკვლევებისა და დაკვირვების მეშვეობით კოორდინირება გაუწიონ ჰაერის დაბინძურების, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ჩათვლით, წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

განმარტებანი

    მუხლი 1

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

ა) ,,ჰაერის დაბინძურება” ნიშნავს ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ნივთიერებების ან ენერგიის შეყვანას, რაც შედეგად იწვევს ისეთი სახის უარყოფით გავლენას, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, ზიანის მიყენება ცოცხალი რესურსებისადმი, ეკოსისტემებისადმი და მატერიალური ღირებულებებისადმი, აგრეთვე აქვეითებს ან ხელს უშლის გარემოს ესთეტიურ და სხვა ლეგიტიმურ გამოყენებას; ,,ჰაერის დამაბინძურებლები” განიმარტება შესაბამისად;

ბ) ,,შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება” ნიშნავს ჰაერის ისეთ დაბინძურებას, რომლის ფიზიკური წყარო მდებარეობს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი ქვეყნის ეროვნული იურისდიქციის გავრცელების არეში და ახდენს უარყოფით გავლენას სხვა ქვეყნის იურისდიქციის გავრცელების არეზე, ისეთ მანძილზე, რომ სავსებით შეუძლებელია გამორჩეულ იქნეს ცალკეული გაფრქვევის (ემისიის) წყაროს ანდა წყაროთა ჯგუფის ხვედრითი წილი.

ძირითადი პრინციპები

    მუხლი 2

ხელშემკვრელ მხარეებს, შესაბამისი ფაქტებისა და პრობლემების სათანადოდ მხედველობაში მიღებით, გადაწყვეტილი აქვთ დაიცვან ადამიანი და მისი გარემო ჰაერის დაბინძურებისაგან, აგრეთვე, რამდენადაც შესაძლებელია შეზღუდონ, თანდათანობით შეამცირონ და თავიდან აიცილონ ჰაერის დაბინძურება, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ჩათვლით.

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენციის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები ინფორმაციის გაცვლის, კონსულტაციების, სამეცნიერო კვლევებისა და მონიტორინგის მეშვეობით გადაუდებლად ამუშავებენ პოლიტიკასა და სტრატეგიას, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე უკვე ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით, ეფექტური იქნება ჰაერის დამაბინძურებლების გაფრქვევასთან საბრძოლველად.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას, სამეცნიერო საქმიანობასა და ტექნიკურ საშუალებებს იმ მიზნით, რომ რამდენადაც შესაძლებელია შეებრძოლონ უარყოფითი გავლენის მქონე ჰაერის დამაბინძურებლების გაფრქვევას და ამგვარად ხელი შეუწყონ ჰაერის დაბინძურების შემცირებას, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ჩათვლით.

    მუხლი 5

მოთხოვნის შესაბამისად, ადრეულ სტადიაზე, ჩატარებულ იქნება კონსულტაციები, ერთი მხრივ, იმ ხელშემკვრელ მხარეებსა, რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, ანდა, რომლებიც ასეთი მავნე გავლენის აშკარა რისკის წინაშე დგანან და, მეორე მხრივ, იმ ხელშემკვრელ მხარეებს შორის, რომელთა იურისდიქციის გავრცელების ტერიტორიაზე მიმდინარე ან სავარაუდო საქმიანობების გამო წარმოიშობა ანდა შესაძლოა წარმოიშვას შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.

ჰაერის ხარისხის მართვა

    მუხლი 6

მე-2–5 მუხლების გათვალისწინებით და მიმდინარე კვლევების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მონიტორინგისა და მისი შედეგების და ჰაერის დაბინძურებასთან, განსაკუთრებით ახალი ან რეკონსტრუირებული საწარმოებიდან, ბრძოლის ადგილობრივი და სხვა საშუალებების ღირებულებისა და ეფექტურობის მხედველობაში მიღებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულებას იღებს შეიმუშაოს საუკეთესო პოლიტიკა და სტრატეგია, ჰაერის ხარისხის მართვის სისტემების ჩათვლით, და როგორც მათი ნაწილი, რეგულირების ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება გაწონასწორებულ განვითარებას, განსაკუთრებით საუკეთესო, ხელმისაწვდომი, ეკონომიკურად გამართლებული მცირენარჩენიანი ან უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებით.

კვლევა და განვითარება

    მუხლი 7

ხელშემკვრელი მხარეები, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, დაიწყებენ საქმიანობას და თანამშრომლობას შემდეგი საკითხების გამოსაკვლევად და განსავითარებლად:

ა) არსებული და შემოთავაზებული ტექნოლოგიები გოგირდის ნაერთებისა და ჰაერის სხვა ძირითადი დამაბინძურებლების გაფრქვევის (ემისიის) შესამცირებლად, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და გარემოზე გავლენის ჩათვლით;

ბ) აპარატურა და ტექნიკა ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებლების გაფრქვევის (ემისიის) დონეებისა და კონცენტრაციების მონიტორინგისა და გაზომვებისათვის;

გ) გაუმჯობესებული მოდელები შორ მანძილებზე ჰაერის დამაბინძურებლების ტრანსსასაზღვრო გადატანის უკეთ შესასწავლად;

დ) გოგირდის ნაერთებისა და ჰაერის სხვა ძირითადი დამაბინძურებლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მასალების, წყლის და სხვა ბუნებრივი ეკოსისტემების ჩათვლით და ხილვადობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ შეიქმნას სამეცნიერო საფუძვლები დოზა/ეფექტის ურთიერთკავშირის დასადგენად გარემოს დაცვის მიზნით;

ე) გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევი ალტერნატიული ღონისძიებების, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემცირების ჩათვლით, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შეფასება;

ვ) განათლებისა და სწავლების პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია გოგირდის ნაერთებითა და სხვა ძირითადი დამაბინძურებლებით ჰაერის დაბინძურების გარემოსდაცვით ასპექტებთან.

ინფორმაციის გაცვლა

    მუხლი 8

ხელშემკვრელი მხარეები, აღმასრულებელი ორგანოს ფარგლებში, როგორც მოხსენიებულია მე-10 მუხლში და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებენ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გაცვლას შემდეგ საკითხებზე:

ა) მონაცემები შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში ჰაერის გარკვეული დამაბინძურებლების გაფრქვევების (ემისიების) შესახებ, დაწყებული გოგირდის ორჟანგიდან, რომლებიც წარმოიშობა შეთანხმებული ზომის უჯრედული დანაყოფებიდან; ანდა მონაცემები ჰაერის გარკვეული დამაბინძურებლების ნაკადების შესახებ, დაწყებული გოგირდის ორჟანგიდან, რომლებიც კვეთს ეროვნულ საზღვრებს გარკვეულ მანძილზე წინასწარ შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში;

ბ) ძირითადი ცვლილებები ეროვნულ პოლიტიკასა და ზოგადად მრეწველობის განვითარებაში, აგრეთვე მათი პოტენციური ზემოქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების მნიშვნელოვნად შეცვლა;

გ) გამწმენდი დანადგარები ისეთი დაბინძურების შესამცირებლად, რომელსაც კავშირი აქვს შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასთან;

დ) გოგირდის ნაერთებისა და ჰაერის სხვა ძირითადი დამაბინძურებლების გაფრქვევის (ემისიის) რეგულირების სავარაუდო ხარჯები ეროვნული შკალით;

ე) დამაბინძურებლების გავრცელების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მონაცემები;

ვ) შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გავლენასთან დაკავშირებული ფიზიკო-ქიმიური და ბიოლოგიური მონაცემები და ზარალის* მოცულობა, რომელიც ამ მონაცემების მიხედვით შესაძლოა გამოწვეული იყოს შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით;

ზ) გოგირდის ნაერთებისა და ჰაერის სხვა ძირითადი დამაბინძურებლების რეგულირების ეროვნული, ქვერეგიონალური და რეგიონალური პოლიტიკა და სტრატეგია.

 

ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგისა და შეფასების ერთობლივი პროგრამის განხორციელება და შემდგომი განვითარება

    მუხლი 9

ხელშემკვრელი მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ,,ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგისა და შეფასების ერთობლივი პროგრამის” (შემდგომში – EMEP-ის) განხორციელების აუცილებლობას და ამ პროგრამის სამომავლო განვითარებისათვის, შეთანხმდნენ ყურადღება გამახვილდეს შემდეგზე:

ა) სასურველია ხელშემკვრელი მხარეები შეუერთდნენ და სრულიად განახორციელონ EMEP, რომელიც პირველ საფეხურზე ეფუძნება გოგირდის ორჟანგსა და მასთან დაკავშირებულ ნივთიერებების მონიტორინგს;

ბ) საჭიროა, სადაც ეს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შესაფერი ან სტანდარტიზებული პროცედურები მონიტორინგისათვის;

გ) სასურველია, რომ მონიტორინგის პროგრამა დაფუძნებულ იქნეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო პროგრამებზე. მონიტორინგის სადგურების შექმნა და მონაცემების მოგროვება მოხდება იმ ქვეყნის ეროვნული იურისდიქციის ქვეშ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგდება მონიტორინგის სადგურები;

დ) სასურველია ჩაეყაროს საფუძველი გარემოს მონიტორინგის ერთობლივ პროგრამას, რომელიც დაფუძნებული იქნება და იხელმძღვანელებს თანამედროვე და სამომავლო ეროვნული, ქვერეგიონალური, რეგიონალური და სხვა საერთაშორისო პროგრამებით;

ე) საჭიროა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა ჰაერის გარკვეული დამაბინძურებლების გაფრქვევის (ემისიის) შესახებ, დაწყებული გოგირდის ორჟანგიდან, შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში, რომლებიც გაიფრქვევა შეთანხმებული ზომის უჯრედული დანაყოფიდან; ანდა ჰაერის გარკვეული დამაბინძურებლების ნაკადების შესახებ, დაწყებული გოგირდის ორჟანგიდან, რომლებიც კვეთს ეროვნულ საზღვრებს გარკვეულ მანძილზე, წინასწარ შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში. მეთოდი, მოდელის ჩათვლით, ნაკადების განსასაზღვრად და აგრეთვე მეთოდი, მოდელის ჩათვლით, უჯრედული დანაყოფიდან გაფრქვეული ჰაერის დამაბინძურებლების გადატანის განსასაზღვრად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და პერიოდულად განიხილებოდეს მეთოდებისა და მოდელების გაუმჯობესების მიზნით;

ვ) მხარეები მოწადინებულნი არიან განაგრძონ გაცვლა და პერიოდული განახლება ეროვნული მონაცემებისა, რომლებიც შეეხება ჰაერის წინასწარ შეთანხმებული დამაბინძურებლების ჯამურ გაფრქვევას, დაწყებული გოგირდის ორჟანგიდან;

ზ) საჭიროა წარდგენილ იქნეს დამაბინძურებლების გავრცელებისას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მონაცემები;

თ) საჭიროა დაკვირვება ქიმიურ კომპონენტებზე ისეთ გარემოში, როგორიცაა წყალი, ნიადაგი და მცენარეულობა, აგრეთვე ანალოგიური მონიტორინგის პროგრამა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, აღნიშნული კომპონენტების ზემოქმედების აღსაღრიცხად;

ი) სასურველია გაფართოვდეს EMEP-ის ეროვნული ქსელი, რათა გახდეს იგი ქმედითი კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნებისათვის.

 

აღმასრულებელი ორგანო

    მუხლი 10

1. ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოს დაცვის საკითხებში მთავრობათა მთავარი მრჩევლების ფარგლებში, ყალიბდება წინამდებარე კონვენციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც აწყობს შეხვედრებს წელიწადში ერთხელ მაინც.

2. აღმასრულებელი ორგანო:

ა) თვალყურს ადევნებს წინამდებარე კონვენციის განხორციელებას;

ბ) სააიროების მიხედვით აყალიბებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც განიხილავენ წინამდებარე კონვენციის განხორციელებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამზადებენ შესაბამის ნაშრომებს, სხვა დოკუმენტაციასა და რეკომენდაციებს აღმასრულებელ ორგანოში განსახილველად;

გ) ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის დებულებებით.

 

3. აღმასრულებელი ორგანო იყენებს EMEP-ის მმართველ ორგანოს, რათა მან ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი წინამდებარე კონვენციის შესრულებაში, განსაკუთრებით მონაცემთა შეგროვებასა და სამეცნიერო თანამშრომლობაში.

4. აღმასრულებელი ორგანო, თავისი ფუნქციების შესრულებისას, სარგებლობს, საჭიროებისამებრ, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციით.

სამდივნო

    მუხლი 11

ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივანი აღმასრულებელ ორგანოსთვის ასრულებს სამდივნოს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იწვევს და ამზადებს აღმასრულებელი ორგანოს თათბირებს;

ბ) გადასცემს მონაწილე მხარეებს მოხსენებებსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც მიღებულია წინამდებარე კონვენციის დებულებების თანახმად;

გ) ახორციელებს აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ფუნქციებს.

 

კონვენციის დამატებები

    მუხლი 12

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს დამკატებები ამ კონვენციაზე.

2. შემოთავაზებული დამატებების ტექსტი წარედგინება წერილობითი სახით ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, რომელიც უგზავნის მათ ყველა ხელშემკვრელ მხარეს. აღმასრულებელი ორგანო განიხილავს შემოთავაზებულ დამატებებს მომდევნო წლიურ შეხვედრაზე იმ პირობით, თუ ევროპის ეკონომიკური კომისიის მდივანმა ეს დამატებები გადაუგზავნა ხელშემკვრელ მხარეებს სულ მცირე ოთხმოცდაათი დღით ადრე მის დაწყებამდე.

3. დამატებები წინამდებარე კონვენციაში მიიღება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენელთა კონსენსუსით. დამატებები ძალაში შევა იმ მხარეთათვის, რომლებმაც მიიღეს ისინი ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როდესაც მხარეების ორმა მესამედმა გადასცა დეპოზიტარს დოკუმენტები მათი მიღების შესახებ. ასე რომ, ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელ მხარისათვის ცვლილებები ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მოცემული მხარის მიერ ამ დამატებათა მიღების დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ.

 

სადავო საკითხების რეგულირება

    მუხლი 13

წინამდებარე კონვენციის ორ ან მეტ მონაწილე მხარეს შორის კამათის წამოჭრისას, კონვენციის განმარტებების ან გამოყენების შესახებ, მხარეები ისწრაფვიან კამათის დარეგულირებისაკენ მოლაპარაკების გზით ან სხვა ნებისმიერი მათთვის მისაღები საშუალებებით.

ხელმოწერა

    მუხლი 14

1. წინამდებარე კონვენცია გაიხსნება ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში 1979 წლის 13-დან 16 ნოემბრამდე ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში გარემოს დაცვის უმაღლესი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით, ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრ სახელმწიფოებისა და ევროპის ეკონომიკურ კომისიაში 1947 წლის 28 მარტის 36-ე (1V) რეზოლუციის მე-8 პუნქტის შესაბამისად საკონსულტაციო სტატუსის მქონე სახელმწიფოებისთვის და აგრეთვე ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შექმნილნი არიან ევროპის ეკონომიკური კომისიის სუვერენულ წევრ-სახელმწიფოებისაგან და გააჩნიათ მოლაპარაკებათა ჩატარების, გადაწყვეტილებათა მიღების და ამ კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენების კომპეტენცია.

2. მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები, თავიანთი მხრივ, სარგებლობენ იმ უფლებებით და ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონვენციით მათი წევრი სახელმწიფოებისათვის. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციათა წევრი სახელმწიფოები არ სარგებლობენ იმავე უფლებებით ინდივიდუალურად.

 

რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება

    მუხლი 15

1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.

2. წინამდებარე კონვენცია 1979 წლის 17 ნოემბრიდან ღია იქნება იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერთებისათვის, რომლებიც აღნიშნულია მე-14 მუხლის 1-ლ პუნქტში.

3. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტები გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად, რომელიც ასრულებს დეპოზიტარის ფუნქციას.

 

ძალაში შესვლა

    მუხლი 16

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ოცდამეოთხე სიგელი გადაცემული იქნება დეპოზიტარისათვის.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელიც რატიფიკაციას უკეთებს, მიიღებს ან დაამტკიცებს წინამდებარე კონვენციას ან მიუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ოცდამეოთხე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შევა მის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

 

კონვენციიდან გამოსვლა

    მუხლი 17

ნებისმიერ დროს, რომელიმე ხელშემკრავი მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ამ ხელშემკრავ მხარეს შეუძლია კონვენციიდან გამოსვლა დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ნებისმიერი ასეთი გამოსვლა ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა დეპოზიტარი მიიღებს გამოსვლის შესახებ შეტყობინებას.

 

ავთენტური ტექსტები

    მუხლი 18

წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომელიც შეიცავს ავთენტურ ტექსტებს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ჩაჰბარდება გაეროს გენერალურ მდივანს.

რის დასტურადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შედგენილია ჟენევაში, ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი წლის ცამეტ ნოემბერს.



* წინამდებარე კონვენცია არ შეიცავს დებულებას მიყენებულ ზარალზე ქვეყნის პასუხისმგებლობის შესახებ.