შეთანხმება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვაზე

  • Word
შეთანხმება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 21/08/2001
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 480190000.02.109.000417
  • Word
-
19/10/1979
გაურკვეველი, -, 21/08/2001
480190000.02.109.000417
შეთანხმება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

 

აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვაზე

 

ხელშემკვრელი მხარეები,

 

ითვალისწინებენ რა, რომ მიგრირებადი ცხოველების დაცვის კონვენცია (1979) მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას მიგრირებად სახეობათა დაცვის სფეროში;

ითვალისწინებენ რა, რომ კონვენციის მხარეების კონფერენციის პირველ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ბონში, 1985 წლის ოქტომბერში, კონვენციის სამდივნოს დაევალა შესაბამისი ზომების მიღება Western Palearctic Anatidae – სათვის შეთანხმების შესამუშავებლად;

ითვალისწინებენ რა იმას, რომ მიგრირებადი წყლის ფრინველები შეადგენენ გლობალური ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონვენციის (1992) და Agenda 21 – ის სულისკვეთების თანახმად, უნდა იყოს შენახული ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ;

აცნობიერებენ რა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სარეკრეაციო სარგებელს, რომლის მიღებაც შეიძლება მიგრირებადი წყლის ფრინველების ცალკეულ სახეობათა გამოყენებით, წყლის ფრინველთა როლს გარემოში და მათ ეკოლოგიურ, გენეტიკურ, სამეცნიერო, ესთეტიკურ, სარეკრეაციო, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას მთლიანობაში;

დარწმუნებულნი არიან რა, რომ წყლის ფრინველების მიგრირებად სახეობათა ჭერა ნებისმიერი ფორმით უნდა განხორციელდეს მდგრადობის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მოცემულ სახეობათა დაცვით სტატუსს მთელი არეალის ტერიტორიაზე, და აგრეთვე მათ ბიოლოგიურ მახასიათებლებს;

აცნობიერებენ რა, რომ მიგრირებადი წყლის ფრინველები არიან განსაკუთრებით მოწყვლადი, ვინაიდან ისინი მიგრირებისას გადიან დიდ მანძილს და დამოკიდებულნი არიან წყალ-ჭაობების ქსელზე, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო კლებულობს ადამიანის არამდგრადი საქმიანობის შედეგად, როგორც დაფიქსირებულია „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალ-ჭაობების დაცვის კონვენციაში“, განსაკუთრებით როგორც წყლის ფრინველთა ჰაბიტატები, 1971;

აცნობიერებენ რა გადაუდებელი ზომების მიღების საჭიროებას, რათა შეჩერდეს მიგრირებად სახეობათა რიცხობრიობის შემცირება და მათი ჰაბიტატების დეგრადაცია აფრიკა-ევრაზიის წყლის ფრინველთა სამიგრაციო სისტემების გეოგრაფიულ არეში;

დარწმუნებულნი არიან რა, რომ მულტილატერალური შეთანხმების დადება და მისი კოორდინირებული და ერთობლივი განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წყლის ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვაში და წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ გზას, და აგრეთვე სარგებელს მოუტანს ცხოველთა და მცენარეთა სხვა სახეობებს; და

აცნობიერებენ რა, რომ ამ შეთანხმების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო იქნება გარკვეული დახმარების გაწევა არეალის ზოგიერთი ქვეყნისათვის კვლევების ჩასატარებლად, მიგრირებადი წყლის ფრინველების სახეობების და მათი ჰაბიტატების მონიტორინგისათვის და პერსონალის ტრენინგისათვის, აგრეთვე ჰაბიტატების მართვისათვის, და სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნისათვის ან სრულყოფისათვის წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას;

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. სფერო, განმარტებები და ინტერპრეტაციები

1. ამ შეთანხმების გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს აფრიკა-ევრაზიის წყლის ფრინველების სამიგრაციო სისტემებს, როგორც ეს განმარტებულია ამ შეთანხმების I დანართში, და შემდგომ მოიხსენიება როგორც „შეთანხმების არე“.

2. ამ შეთანხმების ტექსტში:

(ა) „კონვენცია“ ნიშნავს კონვენციას ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე, 1979;

(ბ) „კონვენციის სამდივნო“ ნიშნავს ამ კონვენციის IX მუხლის თანახმად დაარსებულ ორგანოს;

(გ) „წყლის ფრინველები“ ნიშნავს ფრინველების იმ სახეობებს, რომლებიც ეკოლოგიურად დამოკიდებულნი არიან წყალზე და ჭარბტენიან ტერიტორიებზე წლიური ციკლის ერთი რომელიმე პერიოდის განმავლობაში მაინც, და გააჩნიათ არეალი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია შეთანხმების არეში და შეტანილი არიან ამ შეთანხმების II დანართში;

(დ) „შეთანხმების სამდივნო“ ნიშნავს ორგანოს, დაფუძნებულს ამ შეთანხმების VI მუხლის §4-ის, ქვეპარაგრაფ (ბ) – ს თანახმად;

(ე) „მხარეები“, თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული, ნიშნავს ამ შეთანხმების მხარეებს;

და

(ვ) „დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობენ კენჭისყრაში მომხრე ან მოწინააღმდეგე ხმით; ისინი, ვინც თავს შეიკავებენ კენჭისყრაზე არ ჩაითვლებიან მხარეებად, რომლებიც ესწრებიან და იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში.

გარდა ამისა, ტერმინებს, რომელთა განმარტებებიც მოცემულია ამ კონვენციის I მუხლის ქვეპარაგრაფში 1 (ა) დან – (კ) მდე, ექნება იგივე მნიშვნელობა, mutatis mutandis (შესაბამისი ცვლილებებით) ამ კონვენციაში.

3. მოცემული შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც შესაბამისობაში იმყოფება კონვენციის IV მუხლის § 3-ის განმარტებასთან.

4. ამ შეთანხმების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ნებისმიერი მითითება ხელშეკრულებაზე აგრეთვე მოიცავს მითითებას მის დანართებზე.

    მუხლი II. ძირითადი პრინციპები

1. მხარეებმა უნდა განახორციელონ კოორდინირებული ზომები, რათა შეინარჩუნონ წყლის მიგრირებადი ფრინველების სასურველი საკონსერვაციო სტატუსი, ან აღადგინონ იგი სასურველამდე. ამისათვის ისინი თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში განახორციელებენ ზომებს, აღწერილს III მუხლში. პარალელურად უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სპეციალური ზომები, რომელიც IV მუხლის თანახმად თან ერთვის შეთანხმებას.

2. ზემოთ მოყვანილ §1-ში აღწერილი ზომების განხორციელებისას, მხარეებმა უნდა მიიღონ მხედველობაში წინასწარ გაფრთხილების პრინციპი (precautionary principle).

    მუხლი III. ძირითადი საკონსერვაციო ზომები

1. მხარეები მიიღებენ ზომებს მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის მიზნით, ამასთან, სათანადო ყურადღებას მიაქცევენ როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომ სახეობებს, აგრეთვე იმ სახეობებს, რომლებიც ხასიათდება არასასურველი საკონსერვაციო სტატუსით.

2. ამ მიზნით, მხარეები:

(ა) შეთანხმების არეში დააწესებენ ისეთივე მკაცრ დაცვას გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი მიგრირებადი წყლის ფრინველების სახეობებისთვის, როგორც ეს მოცემულია კონვენციის III მუხლის §4-სა და §5-ში;

(ბ) უზრუნველყოფენ იმას, რომ მიგრირებადი წყლის ფრინველების ნებისმიერი გამოყენება დამყარებული იქნება მათი ეკოლოგიის შესახებ საუკეთესო ხელმისაწვდომი მონაცემების შეფასებაზე და რომ ეს გამოყენება მდგრადია როგორც თვით სახეობებისთვის, ასევე იმ ეკოლოგიური სისტემებისათვის, რომლებიც მათ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს;

(გ) დაადგენენ ამ შეთანხმების IX მუხლის §(ა) და (ბ) –ში შეტანილ ორგანოებთან ერთად მიგრირებადი წყლის ფრინველთა ადგილსამყოფელს და ჰაბიტატებს თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში და ყველა ღონეს იხმარენ მათი დაცვისათვის, მენეჯმენტის, რეაბილიტაციისა და აღდგენისათვის, თუკი ეს დაკავშირებული იქნება ჰაბიტატების კონვენციასთან;

(დ) შეათანხმებენ თავიანთ ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ შესაფერისი ჰაბიტატების ქსელის შენარჩუნება, ან სადაც საჭიროდ ჩაითვლება, ამ ქსელის თავიდან შექმნა, წყლის ფრინველების მიგრირებადი ყოველი მოცემული სახეობის მთელი არეალის მასშტაბით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჭარბტენიანი ადგილი მდებარეობს ამ შეთანხმების ერთზე მეტი მხარის ტერიტორიაზე;

(ე) შეისწავლიან პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ან შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ადამიანის საქმიანობასთან და ყველა ღონეს იხმარენ, რათა გაატარონ შესაბამისი დაცვითი ღონისძიებები ჰაბიტატების რეაბილიტაციისა და აღდგენისათვის და უზრუნველყონ კომპენსატორული მექანიზმები ჰაბიტატების უბნების დაკარგვისას;

(ვ) ითანამშრომლებენ საგანგებო ვითარებებში, რომლებიც მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებულ ქმედებებს და მიგრირებადი წყლის ფრინველთა იმ სახეობების დადგენაში, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარეა ასეთი ვითარებების მიმართ, აგრეთვე საგანგებო ვითარებაში შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში, იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი სახეობების დაცვის გაძლიერება ამგვარ ვითარებაში, და ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაეხმარება ცალკეულ მხარეებს გაუმკლავდეს ზემოთ აღნიშნულ ვითარებაში შექმნილ პრობლემებს;

(ზ) აკრძალავენ იმ წყლის ფრინველთა თავისუფალ ინტროდუცირებას, რომელთა სახეობებიც ბუნებრივად ამ ადგილებს არ ახასიათებს (ანუ არამკვიდრი სახეობების) და მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა ხელი შეუშალონ ასეთი სახეობების არაგანზრახ გაშვებას მოცემულ ტერიტორიაზე, თუ ასეთი ინტროდუცირება ან გაშვება საზიანოდ ჩაითვლება ველური ფლორისა და ფაუნის საკონსერვაციო სტატუსისათვის; როდესაც წყლის ფრინველთა არამკვიდრი სახეობები უკვე ინტროდუცირებულია, მხარეები მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა ეს სახეობები არ გადაიქცეს პოტენციურ საშიშროებად მკვიდრი სახეობებისთვის;

(თ) განახორციელებენ ან მხარს დაუჭერენ კვლევით სამუშაოებს მიგრირებადი წყლის ფრინველები ბიოლოგიასა და ეკოლოგიაში კვლევების ჰარმონიზაციისა და სამონიტორინგო მეთოდების ჩათვლით, და სადაც საჭიროდ ჩაითვლება, ერთობლივი კვლევების მექანიზმების და სამონიტორინგო პროგრამების დაარსება;

(ი) გაანალიზებენ თავიანთი კადრების სწავლების სისტემების საჭიროებებს იმისათვის, რომ inter alia, განხორციელდეს მიგრირებადი წყლის ფრინველების აღრიცხვა, მონიტორინგი, დარგოლვა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და მართვა შესასწავლი არეების და პრიორიტეტული საკითხების დასადგენად და ითანამშრომლებენ შესაბამისი ტრენინგის პროგრამების შემუშავებაში;

(კ) შეიმუშავებენ და ხელს შეუწყობენ პროგრამებს, რომლებიც დაეხმარება მიგრირებადი წყლის ფრინველების კონსერვაციის საკითხების უკეთეს გაგებას და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებას ზოგადად და კერძოდ კი მოცემული ხელშეკრულების კონკრეტული მიზნების და დებულებების გაცნობიერებაში.

(ლ) გაცვლიან ინფორმაციას და კვლევის, მონიტორინგის, საკონსერვაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შედეგებს; და

(მ) ითანამშრომლებენ და ერთმანეთს დაეხმარებიან ამ შეთანხმების განხორციელებაში, კერძოდ, კვლევისა და მონიტორინგის სფეროში.

    მუხლი IV. სამოქმედო გეგმა და კონსერვაციის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები

1. სამოქმედო გეგმა დართულია შეთანხმებას დანართი 3-ის სახით. იგი განსაზღვრავს მოქმედებებს, რომლებსაც მხარეები განახორციელებენ პრიორიტეტული სახეობების მიმართ და იმ საკითხების მიმართ, რომლებიც მოცემულია შემდეგი სათაურებით, ამ შეთანხმების III მუხლში განსაზღვრული ზოგადი საკონსერვაციო ზომების შესაბამისად:

(ა) სახეობათა კონსერვაცია;

(ბ) ჰაბიტატების დაცვა;

(გ) ადამიანის მოქმედებათა მენეჯმენტი;

(დ) კვლევა და მონიტორინგი;

(ე) სწავლება და ინფორმაცია;

(ვ) განხორცილება.

2. მოქმედებათა გეგმა განხილული იქნება მხარეთა შეხვედრის ყოველ რიგით შეხვედრაზე, კონსერვაციის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით (Conservation guidelines).

3. მოქმედებათა გეგმის ნებისმიერი შესწორება მიიღება მხარეთა შეხვედრაზე ამ შეთანხმების III მუხლის პირობების გათვალისწინებით.

4.  კონსერვაციის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები წარდგენილი იქნება მხარეთა შეხვედრის პირველ სესიაზე მისაღებად და შემდგომ განიხილება რეგულარულად.

    მუხლი V. განხორციელება და დაფინანსება

1. ყოველი მხარე:

(ა) განსაზღვრავს პასუხისმგებელ ორგანოს ან ორგანოებს ამ შეთანხმების პირობების განსახორციელებლად, რომლებიც, inter alia, თვალს ადევნებენ ყველანაირ საქმიანობას, რომელსაც შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს მიგრირებადი წყლის ფრინველების იმ სახეობათა საკონსერვაციო სტატუსზე, რომელთათვისაც მხარეები არეალის ქვეყანას წარმოადგენენ;

(ბ) განსაზღვრავს საკონტრაქტო პირს სხვა მხარეებისათვის და დაუყოვნებლივ აცნობებს მის სახელს და მისამართს შეთანხმების სამდივნოს, სამდივნო კი მას აცნობებს ყველა დანარჩენ მხარეებს; და

(გ) მოამზადებს მხარეთა შეხვედრის ყოველი რიგითი სესიისათვის, დაწყებული მეორე სესიიდან, მოხსენებას მის მიერ შეთანხმების შესრულების შესახებ და კერძოდ იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს. ასეთი მოხსენებების ფორმა დადგენილი იქნება მხარეთა შეხვედრის პირველ სესიაზე და შეიძლება გადახედილ იქნეს საჭიროებისამებრ მხარეთა შეხვედრის რომელიმე მომდევნო სესიაზე. ყოველი მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს შეთანხმების სამდივნოს რიგითი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 120 დღით ადრე, რომელზეც წარსადგენადაც იგი მომზადდა, ასლები კი დაეგზავნება სხვა მხარეებს შეთანხმების სამდივნოს მიერ.

2. (ა) ყოველი მხარე შეიტანს თავის შენატანს შეთანხმების ბიუჯეტში გაეროს შეფასების სკალის თანახმად. შენატანის ოდენობა შემცირდება მთლიანი ბიუჯეტის მაქსიმუმ 25%-მდე იმ მხარეებისათვის, რომლებიც არეალის ქვეყნებს წარმოადგენენ. არც ერთ რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას არ მოეთხოვება დაფაროს ადმინისტრაციული ხარჯების 2,5%-ზე მეტი;

(ბ) ბიუჯეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და შეფასების სკალის ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საჭიროდ ჩაითვლება, მიღებული უნდა იყოს მხარეთა შეხვედრაზე კონსენსუსის გზით.

3. მხარეთა შეხვედრას შეუძლია დაარსოს საკონსერვაციო ფონდი მხარეთა ნებაყოფლობითი შენატანებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროებიდან, იმისათვის, რომ დაფინანსდეს მონიტორინგი, კვლევა, ტრენინგი და პროექტები კონსერვაციაზე, მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვისა და მენეჯმენტის ჩათვლით.

4. მხარეებს მოუწოდებენ უზრუნველყონ ტრენინგების მოწყობა და ტექნიკური და ფინანსური დახმარება სხვა მხარეებისათვის, ორმხრივი და მრავალმხრივი სახის ამ შეთანხმებების დებულებების შესრულებაში დასახმარებლად.

    მუხლი VI. მხარეთა შეხვედრა

1. მხარეთა შეხვედრა წარმოადგენს ამ შეთანხმების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.

2. დეპოზიტარი, კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციით, მოიწვევს მხარეთა შეხვედრის სესიას არაუგვიანეს 1 წლის შემდეგ ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან. ამის შემდეგ შეთანხმების სამდივნო, კონვენციით სამდივნოსთან კონსულტაციით, მოიწვევს მხარეთა შეხვედრის რიგით სესიებს, რომელთა შორის ინტერვალები იქნება არანაკლებ 3 წლისა, თუკი მხარეთა შეხვედრა არ გადაწყვეტს სხვაგვარად. სადაც შესაძლებელი იქნება, ასეთი სესიები უნდა ჩატარდეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის რიგით შეხვედრებთან ერთად.

3. მხარეთა არანაკლებ 1/3-ის მიერ გაკეთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შეთანხმების სამდივნო მოიწვევს მხარეთა შეხვედრის რიგგარეშე სესიას.

4. გაერო, მისი სპეციალიზებული სააგენტოები, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ წარმოადგენს შეთანხმების მხარეს, საერთაშორისო კონვენციების სამდივნოები, რომლებიც როგორღაც დაკავშირებულნი არიან მიგრირებადი წყლის ფრინველების კონსერვაციასთან, დაცვისა და მენეჯმენტის ჩათვლით, შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ დამკვირვებლებად მხარეთა შეხვედრის სესიაზე, თუკი მხარეთა არანაკლებ 1/3 – ისა არ იქნება წინააღმდეგი.

5. მხოლოდ მხარეებს აქვთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ყოველ მხარეს ექნება მხოლოდ ერთი ხმა, ბოლო რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაცია, რომელიც ამ შეთანხმების მხარეს წარმოადგენს, თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებს უფლებას იქონიოს იმდენი ხმა, რამდენ წევრ ქვეყანასაც აერთიანებს, რომლებიც ამ შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ. რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაცია არ გამოიყენებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას, თუ მისი წევრი ქვეყნები გამოიყენებენ თავისას, და პირიქით.

6. თუკი სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული ამ შეთანხმებაში, მხარეთა შეხვედრის გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კონსენსუსით, ან თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა 2/3-ის უმრავლესობით.

7. მხარეთა შეხვედრა თავის პირველ სესიაზე:

(ა) მიიღებს პროცედურულ წესებს კონსენსუსის გზით;

(ბ) შექმნის შეთანხმების სამდივნოს კონვენციის სამდივნოს ფარგლებში, რათა მან აღასრულოს სამდივნოს ფუნქციები, ჩამოთვლილი ამ შეთანხმების VIII მუხლში;

(გ) შექმნის ტექნიკურ კომიტეტს ამ შეთანხმების VII მუხლის თანახმად;

(დ) მიიღებს ფორმას მოხსენებისათვის, რომლებიც უნდა მომზადდეს ამ შეთანხმების V მუხლის §1-ის ქვეპარაგრაფ (გ) – ს თანახმად; და

(ე) მიიღებს კრიტერიუმებს საგანგებო ვითარებების განსასაზღვრად, რომლებიც გადაუდებლად მოითხოვენ საკონსერვაციო ზომების მიღებას, და განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს განაწილების პრინციპებს განსახორციელებელ ქმედებებზე.

8. ყოველ რიგით სესიაზე მხარეთა შეხვედრა:

(ა) განიხილავს მიგრირებადი წყლის ფრინველების და მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ჰაბიტატების საკონსერვაციო სტატუსის არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებს და აგრეთვე იმ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა მათზე ზეგავლენა იქონიონ;

(ბ) განიხილავენ მიღწეულ შედეგებს და ყველა სიძნელეს, აღმოცენებულს ამ შეთანხმების განხორციელების დროს;

(გ) დაამტკიცებს ბიუჯეტს და განიხილავს ამ შეთანხმების ფინანსური ორგანიზაციის ყველა საკითხს;

(დ) განიხილავს ყველა საკითხს, დაკავშირებულს შეთანხმების სამდივნოსთან და ტექნიკური კომიტეტის წევრობასთან;

(ე) დაამტკიცებს ანგარიშს, რომელიც უნდა გაეგზავნოს ამ შეთანხმების მხარეებს და კონვენციის მხარეთა კონფერენციას.

(ვ) განსაზღვრავს მომდევნო სესიის ჩატარების დროსა და ადგილს.

9. მხარეთა შეხვედრას ნებისმიერ შეხვედრაზე შეუძლია:

(ა) მისცეს რჩევები მხარეებს, თუკი ეს ჩაითვლება საჭიროდ და მიზანშეწონილად;

(ბ) მიიღოს სპეციალური ზომები ამ შეთანხმების ეფექტურობის გაზრდისათვის სიტუაციის მიხედვით, საგანგებო ზომები ამ შეთანხმების VII მუხლის §4-ის თანახმად;

(გ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ამ შეთანხმების დამატებების წინადადებების თაობაზე;

 (დ) შეიტანოს დამატებები სამოქმედო გეგმაში ამ შეთანხმების IV მუხლის §3-ის თანახმად;

(ე) საჭიროების შემთხვევაში შექმნას დამხმარე ორგანოები ამ შეთანხმების განხორციელების გასაადვილებლად, კერძოდ, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციების და შეთანხმებების ჩარჩოებში შექმნილი ორგანოების კოორდინირებისათვის, როდესაც ადგილი აქვს გეოგრაფიულ და ტაქსონომიურ გადაფარვებს; და

(ვ) მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ნებისმიერი საკითხის თაობაზე, რომელიც შეეხება ამ შეთანხმების განხორციელებას.

    მუხლი VII. ტექნიკური კომიტეტი

1. ტექნიკური კომიტეტის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს:

(ა) ცხრა ექსპერტი შეთანხმების არეალის სხვადასხვა რეგიონიდან, ამასთან, შენარჩუნებული უნდა იქნეს გეოგრაფიული ბალანსი;

(ბ) ერთი წარმომადგენელი IUCN – იდან (International Union for Conservation of Nature and Natural Resources – ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი), ერთი – IWRB – დან (International Waterfowl and Wetlands Reseach Bureau) – ჭარბტენიანი ტერიტორიების და წყლის ფრინველების კვლევის საერთაშორისო ბიურო) და ერთი – CIC – დან (International Council for Game and Wildlife conservation) – სანადირო ობიექტების და ველური ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭო); და

(გ) თითო ექსპერტი შემდეგი სფეროებიდან: პერიფერიული ეკონომიკა, სანადირო სახეობათა მენეჯმენტი და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.

ექსპერტების დანიშვნის პროცედურა, მათი დანიშვნის პირობები და ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს მხარეთა შეხვედრაზე. თავმჯდომარეს შეუძლია დაუშვას მაქსიმუმ ოთხი დამკვირვებელი სპეციალიზებული საერთაშორისო სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

2. თუ მხარეთა შეხვედრა სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ტექნიკური კომიტეტის შეხვედრები მოიწვევა შეთანხმების სამდივნოს მიერ მხარეთა შეხვედრის ყოველ რიგით სესიასთან ერთად და მხარეთა შეხვედრის რიგით სესიებს შორის არანაკლებ ერთხელ.

3. ტექნიკური კომიტეტი:

(ა) უზრუნველყოფს სამეცნიერო და ტექნიკური ხასიათის კონსულტაციებით და ინფორმაციით მხარეთა შეხვედრას და შეთანხმების სამდივნოს მეშვეობით - მხარეებს;

(ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მხარეთა შეხვედრისათვის სამოქმედო გეგმის თაობაზე და იმ კვლევების თაობაზე, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს;

(გ) მოამზადებს მხარეთა შეხვედრის ყოველი რიგითი სესიისათვის ანგარიშს მისი მოღვაწეობის შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 120 დღით ადრე მხარეთა შეხვედრის სესიის დაწყებამდე, ასლები კი შემდგომ შეთანხმების სამდივნოს მიერ უნდა გაეგზავნოს მხარეებს; და

(დ) შეასრულებს სხვა დანარჩენ დავალებას, რომელსაც მას წარუდგენს მხარეთა შეხვედრა.

4. სადაც ტექნიკური კომიტეტის აზრით შეიქმნება საგანგებო ვითარება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი ზომების მიღებას მიგრირებადი წყლის ფრინველების ერთი ან მეტი სახეობის საკონსერვაციო სტატუსის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ტექნიკურ კომიტეტს შეუძლია მოთხოვოს შეთანხმების სამდივნოს სასწრაფოდ მოიწვიოს დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა. ეს მხარეები შეხვდებიან ერთმანეთს რაც შეიძლება სწრაფად, რათა სასწრაფოდ შეიმუშაონ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება იმ სახეობების დაცვა, რომლებიც მიჩნეულ იქნენ გარკვეული საფრთხის წინაშე მდგომად. როდესაც ასეთ შეხვედრაზე მიღებულ იქნება რეკომენდაცია, დაინტერესებული მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს და შეთანხმების სამდივნოს ამ რეკომენდაციის განხორციელებისათვის მიღებული ზომების შესახებ ან იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამო ამ რეკომენდაციის განხორციელება ვერ მოხერბდა.

5. ტექნიკურ კომიტეტს შეუძლია შექმნას მუშა ჯგუფები, თუკი საჭიროდ ჩაითვლება სპეციფიკური ამოცანების გადასაწყვეტად.

    მუხლი VIII. შეთანხმების სამდივნო

შეთანხმების სამდივნოს ფუნქციები იქნება:

(ა) მხარეთა შეხვედრის სესიების და აგრეთვე ტექნიკური კომიტეტის შეხვედრების მოწყობა და მომსახურება;

(ბ) შეასრულოს გადაწყვეტილებები, მიღებული მხარეთა კონფერენციის მიერ;

(გ) ხელი შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს შეთანხმებით გათვალისწინებულ მოქმედებებს, სამოქმედო გეგმის ჩათვლით, მხარეთა შეხვედრის გადაწყვეტილებების თანახმად;

(დ) დააკავშიროს არეალის ქვეყნები, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეებს და გაადვილონ კოორდინაცია მხარეებსა და საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებს შორის, რომელთა მოღვაწეობა პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია მიგრირებად წყლის ფრინველთა კონსერვაციასთან, დაცვისა და მენეჯმენტის ჩათვლით;

(ე) შეაგროვოს და შეაფასოს ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება მომავალში ამ შეთანხმების განსახორციელებლად, და უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის შესაბამისი გავრცელება;

(ვ) მიაპყროს მხარეთა შეხვედრის ყურადღება საკითხებზე, რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ამოცანებს;

(ზ) რეგულარულად აგზავნოს ტექნიკური კომიტეტის და იმ წარმომადგენელთა ანგარიშების ასლები, რომლებიც მობსენებულია ამ შეთანხმების V მუხლის §1-ის ქვეპარაგრაფ (ა)-ში, იმ ანგარიშების ასლებთან ერთად, რომლებიც მოცემული მუხლის პარაგრაფ (თ)-ს თანახმად უნდა წარუდგინოს სამდივნომ ყველა მხარეს, არაუგვიანეს 60 დღით ადრე მხარეთა შეხვედრის ყოველი რიგითი სესიის დაწყებამდე;

(თ) მოამზადოს ყოველწლიურად და მხარეთა შეხვედრის ყოველი რიგითი სესიისათვის ანგარიში სამდივნოს მუშაობისა და შეთანხმების განხორციელების შესახებ;

(ი) მართოს შეთანხმების ბიუჯეტი და, თუ დაფუძნებული იქნება, საკონსერვაციო ფონდი;

(კ) უზრუნველყოს ინფორმაციით მოსახლეობა შეთანხმების მიზნების შესახებ; და

(ლ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც შეიძლება დაევალოს მას შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით ან მხარეთა შეხვედრის მიერ.

    მუხლი IX. ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც კავშირში არიან მიგრირებად წყლის ფრინველებთან და მათ ჰაბიტატებთან

შეთანხმების სამდივნომ უნდა გაუწიოს კონსულტაციები:

(ა) კონვენციის სამდივნოს რეგულარულად და, სადაც საჭირო იქნება, სამდივნოს ფუნქციებზე პასუხისმგებელ ორგანოებს შეთანხმების ჩარჩოებში კონვენციის IV მუხლის §3 და §4-ის თანახმად, რომლებიც ეხება მიგრირებად წყლის ფრინველებს, კონვენციას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე, რომლებიც წარმოადგენენ წყლის ფრინველების ჰაბიტატებს, 1971; კონვენციას ველური ფლორისა და ფაუნის გადაშენების საშიშროების წინაშე მდგომი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, 1973; აფრიკის კონვენციას ბუნების და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე, 1968; კონვენციას ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების კონსერვაციაზე, 1979; და კონვენციას ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე; 1992; იმ მიზნით, რომ მხარეთა შეხვედრამ შეთანხმებულად იმუშაოს ამ კონვენციების მხარეებთან საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესების სფეროს მიეკუთვნება და, კერძოდ, სამოქმედო გეგმის შექმნასა და განხორციელებაზე;

(ბ) სხვა კონვენციების სამდივნოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესების სფეროს მიეკუთვნება; და

(გ) სხვა ორგანიზაციებს, კომპეტენტურს წყლის ფრინველთა და მათი ჰაბიტატების კონსერვაციის სფეროში, დაცვისა და მენეჯმენტის ჩათვლით, აგრეთვე, კვლევის, განათლების და ცნობიერების ამაღლების სფეროში.

    მუხლი X. შესწორებები შეთანხმებაში

1. წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შესწორებულ იქნეს მხარეთა შეხვედრის ნებისმიერ რიგით ან რიგგარეშე სესიაზე.

2. წინადადებები შესწორებებზე შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა მხარემ.

3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო შესწორება, უნდა წარედგინოს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 150 დღით ადრე სესიის გახსნამდე. შეთანხმების სამდივნო მიაწოდებს ასლებს მხარეებს. მხარეების მიერ გაკეთებული კომენტარები ტექსტზე უნდა გაეგზავნოს შეთანხმების სამდივნოს არანაკლებ 60 დღით ადრე სესიის გახსნამდე. სამდივნო კომენტარების წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, რაც შესაძლებელია სწრაფად შეატყობინებს მხარეებს .ყველა კომენტარის შესახებ, წარდგენილს ამ დროისათვის.

4. დანართებზე შესწორებების გარდა ყველა შესწორება მიღებული უნდა იყოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა 2/3 უმრავლესობის მიერ და ძალაში შევა იმ მხარეებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს მხარეთა 2/3 უმრავლესობის მიერ შესწორების მიღების დღეს, მათ მიერ დეპოზიტარისათვის შესწორების მიღების ინსტრუმენტის გაგზავნიდან ოცდამეათე დღეს. ყველა იმ მხარისათვის, რომელიც დეპოზიტარს წარუდგენს მიღების დამადასტურებელ ინსტრუმენტს მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3-ს უკვე წარდგენილი ექნება თავისი მიღების დამადასტურებელი ინსტრუმენტები, შესწორება ძალაში შევა დეპოზიტარისათვის მიღების დამადასტურებელი ინსტრუმენტის წარდგენიდან ოცდამეათე დღეს.

5. ნებისმიერი დამატებითი დანართი და შესწორებები დანართებზე უნდა იყოს მიღებული მხარეთა დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე 2/3 უმრავლესობის მიერ და ძალაში შევა ყველა მხარისათვის მხარეთა შეხვედრის მიერ მისი მიღებიდან 90 დღის შემდეგ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებიც განაცხადებენ თავის შეკავების შესახებ ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ მხარეს 90 დღის განმავლობაში შეუძლია გაუგზავნოს დეპოზიტარს წერილობითი შეტყობინება დამატებით დანართზე ან დანართების შესწორებებზე თავის შეკავების შესახებ. ასეთი განცხადება შეიძლება გაუქმებულ იქნეს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რის შემდეგაც ეს დამატებითი დანართი ან შესწორებები დანართებზე ძალაში შევა მოცემული მხარისათვის ასეთი განცხადების გაუქმების შესახებ შეტყობინებიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი XI. შეთანხმების ზეგავლენა საერთაშორისო კონვენციებზე და კანონმდებლობაზე

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ მოახდენს არანაირ ზეგავლენას მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც მათ დაკისრებული აქვთ არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების ან კონვენციების საფუძველზე.

2. ამ შეთანხმების პირობები არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მხარის უფლებაზე, მიიღოს უფრო მკაცრი ზომები მიგრირებადი წყლის ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვის მიზნით.

    მუხლი XII. სადავო საკითხების მოგვარება

1. ნებისმიერი საკამათო საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ორ ან მეტ მხარეს შორის ამ შეთანხმების ინტერპრეტირების ან მისი პირობების განხორციელებაზე, უნდა იყოს ამ მხარეების მოლაპარაკების საგანი.

2. თუ საკამათო საკითხის მოგვარება არ მოხერბდა ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წარუდგინონ იგი არბიტრაჟს, კერძოდ, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს (Permanent Court of Arbitration at the Hague), რის შემდეგაც მხარეები უნდა დაემორჩილონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას.

    მუხლი XIII. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება, მიერთება

1. ეს შეთანხმება ღია იქნება ხელმოსაწერად არეალის ყველა ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, ვრცელდება თუ არა მათი იურისდიქცია ტერიტორიებზე რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების არეალს, ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციებისათვის, რომელთა ერთი წევრი მაინც არეალის ქვეყანას წარმოადგენს, შემდეგი გზის გავლით;

(ა) ხელმოწერით დათქმის გარეშე რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე; ან

(ბ) დათქმით შეტყობინებით, რომელსაც შემდგომ მოყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება.

2. ეს შეთანხმება დარჩება ღია ხელმოსაწერად ჰააგაში მისი ძალაში შესვლის დღემდე.

3. შეთანხმება ღია იქნება მისაერთებლად არეალის ყველა ქვეყნისათვის ან ზემოთ ხსენებული (პირველი პუნქტი) რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს და მის შემდეგ.

4. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელი უნდა გადაეცეს დეპოზიტარს.

    მუხლი XIV. ძალაში შესვლა

1. ეს შეთანხმება ძალაში შევა მესამე თვის პირველი დღიდან მას შემდეგ, რაც არეალის არანაკლებ 14 ქვეყნისა ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისა, რომელთა შორის იქნება არანაკლებ 7 ქვეყნისა აფრიკიდან და არანაკლებ 7 ქვეყნისა ევრაზიიდან, მოაწერენ ხელს დათქმის გარეშე რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე, ან წარუდგენენ დეპოზიტარს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელებს ამ შეთანხმების XIII მუხლის თანახმად.

2. არეალის ნებისმიერი ქვეყნისათვის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომელმაც:

(ა) ხელი მოაწერა რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე დათქმის გარეშე;

(ბ) რატიფიცირება მოახდინა, მიიღო ან დაამტკიცა; ან

(გ) მიუერთდა ამ შეთანხმებას მას შემდეგ, რაც არეალის ქვეყნების და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციების შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო რაოდენობამ მოაწერა მას ხელი დათქმის შეტყობინების გარეშე ან მოახდინა რატიფიცირება, მიიღო, ან დაამტკიცა იგი, შეთანხმება ძალაში შევა დათქმის გარეშე ხელმოწერიდან, ან ქვეყნის ან ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციის, მიღების, ან დამტკიცების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის (სიგელებს) დეპოზიტარისათვის წარდგენიდან მესამე თვის პირველ დღეს.

    მუხლი XV. დათქმები

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ექვემდებარება ზოგად დათქმებს. მიუხედავად ამისა, სპეციფიკური ხასიათის დათქმები შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციაზე, მიღებაზე ან დამტკიცებაზე დათქმის გარეშე ხელმოწერისას, ან შემთხვევის და მიხედვით, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელის წარდგენისას დეპოზიტართან ამ შეთანხმების მიერ გათვალისწინებული ნებისმიერი სახეობის ან სამოქმედო გეგმის რომელიმე სპეციფიკური დებულების თაობაზე. დათქმა შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს იმ ქვეყნის ან რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციის მიერ, რომელმაც იგი გააკეთა, დეპოზიტართან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე; ასეთი ქვეყანა ან ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული შეასრულოს პირობები, რომლებიც წარმოადგენენ თავის შეკავების გამომწვევ ობიექტს, მანამ, სანამ არ გაივლის 30 დღე ასეთი განცხადების გაუქმებიდან.

    მუხლი XVI.დენონსირება

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია დენონსირება გაუკეთოს ამ შეთანხმებას დეპოზიტართან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ნებისმიერ დროს. იგი ძალაში შევა 12 თვის შემდეგ დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან.

    მუხლი XVII.დეპოზიტარი

1. ამ შეთანხმების ორიგინალი არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ამასთან, თითოეული ვერსია ავთენტიკურია, უნდა გაეგზავნოს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას, რომელიც წარმოადგენს დეპოზიტარს. დეპოზიტორი გადაუგზავნის ამ ვერსიების დამოწმებულ ასლებს ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, მოხსენებულს ამ შეთანხმების XIII მუხლის პირველ პარაგრაფში, და შეთანხმების სამდივნოს ამ უკანასკნელის შექმნის შემდეგ.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დეპოზიტარი შეთანხმების ტექსტის დამოწმებულ ასლს გაუგზავნის გაერო-ს სამდივნოს რეგისტრირებისათვის და გამოქვეყნებისათვის გაერო-ს ქარტიის მუხლის 102-ის თანახმად.

3. დეპოზიტარი შეატყობინებს ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ან მიუერთდნენ შეთანხმებას, და აგრეთვე შეთანხმების სამდივნოს შემდეგის შესახებ:

(ა) ნებისმიერი ხელმოწერის;

(ბ) რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ყველა ოფიციალური დოკუმენტების დეპოზიტართან წარდგენის შესახებ;

(გ) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის, ყველა დამატებითი დანართის, და აგრეთვე, შეთანხმებაზე და მის დანართებზე ყველა შესწორების შესახებ;

(დ) დამატებით დანართებზე, დანართების შესწორებებზე ყველა დათქმის თაობაზე;

(ე) დათქმის გაუქმების შეტყობინების თაობაზე; და

(ვ) შეთანხმების დენონსირების შესახებ შეტყობინების თაობაზე.

დეპოზიტარი გაუგზავნის ყველა ქვეყანას და რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ან მიუერთდნენ ამ შეთანხმებას, და აგრეთვე შეთანხმების სამდივნოს ყველა დათქმის ტექსტს, ყველა დამატებით დანართის ტექსტს და შეთანხმების ან მისი დანართების ყველა შესწორების ტექსტს.

ამის დასტურად ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადო ნდობით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

დანართი 1

შეთანხმების არეალის განსაზღვრა

 

შეთანხმების არეალის საზღვრები შემდეგია: ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთისაკენ 130° დასავლეთ მერიდიანის 75° ჩრდილო განედამდე; შემდეგ: აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მელვილილის სრუტის გავლით, პრინც რეგენტის კუნძულის, ბაფინის უბის, ფოქსის აუზის, ფოქსის არხის და გუდზონის სრუტის გავლით ჩრდილო-დასავლეთი ატლანტიკის წერტილამდე, რომლის კოორდინატები შემდეგია: ჩრდილო განედის 60° და დასავლეთ გრძედის 60°; შემდეგ: ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ წერტილამდე შემდეგი კოორდინატებით: ჩრდილო განედის 50° და დასავლეთ გრძედის 30°; შემდეგ სამხრეთისაკენ დასავლეთ გრძედის 30°-იანი მერიდიანის გასწვრივ ჩრდილო განედის 10°-მდე; შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ეკვატორამდე დასავლეთ მერიდიანის 20° დონემდე; შემდეგ სამხრეთისაკენ დასავლეთ 20°-იანი გრძედის გასწვრივ სამხრეთ განედის 40°–მდე; შემდეგ აღმოსავლეთისაკენ სამხრეთ განედის 40°-იან პარალელის გასწვრივ აღმოსავლეთ გრძედის 60°-იან მერიდიანამდე; შემდეგ ჩრდილოეთისაკენ აღმოსავლეთ გრძედის 60°-იანი მერიდიანის გასწვრივ ჩრდილო განედის 35°-ან პარალელამდე; შემდეგ აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით დიდი გარშემოწერილობის გასწვრივ დასავლეთ ალტაის წერტილამდე შემდეგი კოორდინატებით: ჩრდილო განედის 49° და აღმოსავლეთ გრძედის 87° 27’; შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთით დიდი გარშემოწერილობის გასწვრივ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპირომდე აღმოსავლეთ გრძედის 130°-იანი მერიდიანის დონეზე; შემდეგ ჩრდილოეთის მიმართულებით აღმოსავლეთ გრძედის 130°-იანი მერიდიანის გასწვრივ ჩრდილო პოლუსამდე. შეთანხმების ტერიტორიის საზღვრები ნაჩვენებია რუკაზე.

 

დანართი 3

სამოქმედო გეგმა

 

1. მოქმედების სფერო

1.1. სამოქმედო გეგმა შეეხება მიგრირებადი წყლის ფრინველების პოპულაციებს, ჩამოთვლილს წინამდებარე დანართის ცხრილში 1 (შემდგომ მოხსენებული იქნება როგორც „ცხრილი 1“).

1.2. ცხრილი 1 წარმოადგენს მოცემული დანართის ინტეგრალურ ნაწილს. ამ სამოქმედო გეგმის ნებისმიერი მოხსენება აგრეთვე შეეხება ცხრილს 1.

 

2. სახეობათა კონსერვაცია

2.1. საკანონმდებლო ზომები

2.1.1. მხარეებმა, რომელთა ტერიტორიაზე არსებობს პოპულაციები ჩამოთვლილი ცხრილი 1-ის A სვეტში, უნდა უზრუნველყონ მათი დაცვა ამ შეთანხმების 2(ა) პარაგრაფის III მუხლის თანახმად. კერძოდ, ასეთმა მხარეებმა ქვემოთ მოყვანილი 2.1.3 პარაგრაფის გათვალისწინებით უნდა:

(ა) აკრძალონ თავის ტერიტორიაზე არსებული პოპულაციების ფრინველების და მათი კვერცხების მოპოვება;

(ბ) აკრძალონ ნებისმიერი წინასწარგამიზნული ქმედება, რომელიც შეაწუხებს ასეთ პოპულაციებს, ვინაიდან ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ზემოთ ხსენებული პოპულაციების კონსერვაციისათვის; და

(გ) აკრძალონ ასეთი ფრინველების და მათი კვერცხების საკუთრებაში ყოლა ან მოხმარება და მათი გაყიდვა, თუ ისინი ამოღებულ იქნენ ისეთი აკრძალვების დარღვევებისას, რომლებიც მოყვანილია (ა) ქვეპარაგრაფში; აგრეთვე, ასეთი ფრინველებისა და მათი კვერცხების რომელიმე ნაწილებით ან წარმოებულებით ვაჭრობა, საკუთრებაში ქონა ან მოხმარება.

გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ პოპულაციებისათვის, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია A სვეტის 1 და 2 კატეგორიებში და რომლებიც აღნიშნულია ნაშნით „*“. ამ შემთხვევაში დაშვებულია მოპოვების გაგრძელება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით იმ რაიონებში, სადაც ასეთი მოპოვება წარმოადგენს დამკვიდრებულ კულტურულ ტრადიციას. ასეთი მდგრადი მოხმარება უნდა წარმოებდეს სახეობებისათვის საერთაშორისო დონეზე შედგენილ სამოქმედო გეგმებში ასახული სპეციალური სქემების თანახმად.

2.1.2. მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ბინადრობენ პოპულაციები, ჩამოთვლილი ცხრილში 1, ვალდებულნი არიან არეგულირონ ცხრილი 1-ის B სვეტში ჩამოთვლილი ყველა პოპულაციის ფრინველებისა და მათი კვერცხების მოხმარება. ასეთი საკანონმდებლო ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს ასეთი პოპულაციის სასურველი საკონსერვაციო სტატუსის შენარჩუნება ან მისი აღდგენის ხელშეწყობა და პოპულაციების დინამიკის შესახებ არსებული საუკეთესო სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე იმის გარანტირება, რომ ნებისმიერი მოპოვება ან მოხმარება მდგრადობის ჩარჩოებში იქნება. ასეთ საკანონმდებლო ზომებს, ქვემოთ მოყვანილი 2.1.3. პარაგრაფის თანახმად, კერძოდ უნდა წარმოადგენდეს:

(ა) აღნიშნული პოპულაციების ფრინველების მოპოვების აკრძალვა რეპროდუქციული ციკლის ყველა სტადიაზე და ბუდობის ადგილებზე დაბრუნების გზაზე, თუ ასეთი მოპოვება არასასურველ ზაგავლენას ახდენს პოპულაციების საკონსერვაციო სტატუსზე;

(ბ) მოპოვების ხერხების რეგულირება;

(გ) საჭიროებისამებრ მოპოვების ლიმიტების დადგენა და ადეკვატური კონტროლის უზრუნველყოფა, რომელიც იქნება ასეთი ლიმიტების დაცვის გარანტია; და

(დ) ამ პარაგრაფის პირობების თანახმად, აკრძალვების დარღვევებით მოპოვებული ფრინველებისა და მათი კვერცხების საკუთრებაში ქონების, მოხმარების ან ვაჭრობის აკრძალვა და აგრეთვე ასეთი ფრინველების და მათი კვერცხების ნაწილების საკუთრებაში ქონების, მოხმარების და ვაჭრობის აკრძალვა.

2.1.3. მხარეებს შეუძლიათ გამონაკლისი დაუშვან აკრძალვებზე, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფებში 2.1.1. და 2.1.2, დამოუკიდებლად კონვენციის §5-ის III მუხლის პირობებისაგან, თუკი არსებობს სხვა დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება შემდეგი მიზნებით:

(ა) მოსავლის, წყლის რესურსების და მეთევზეობის სერიოზული ზიანის თავიდან ასაცილებლად:

(ბ) ფრენის უსაფრთხოების ან სხვა პირველადი მნიშვნელობის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის;

(გ) კვლევისა და საგანმანათლებლო მიზნებისათვის;

(დ) პირობების მკაცრად დაცვის გარანტიით შეიძლება იყოს დაშვებული შერჩევით საფუძველზე და შეზღუდულად,. გარკვეული ფრინველების მოპოვება, შენახვა ან სხვა კანონიერი მოხმარება მცირე რაოდენობით; და

(ე) აღნიშნული პოპულაციების გადარჩენის ან გამრავლების გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;

ასეთი გამონაკლისების დაშვების პირობები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული შინაარსობრივად და ლიმიტირებული დროში და სივრცეში და არ უნდა ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციებზე. მხარეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობონ შეთანხმების სამდივნოს ასეთი გამონაკლისების დაშვების თაობაზე.

2.2 სამოქმედო გეგმა ცალკეულ სახეობებზე

2.2.1 მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ცალკეული სახეობებისათვის საერთაშორისო სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და განხორციელებაში პრიორიტეტულად იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილ 1-ის A სვეტის კატეგორია 1-ში, და იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილი 1-ის A სვეტში და აღნიშნულია ნიშნით „*“ შეთანხმების სამდივნო გაუწევს კოორდინაციას ასეთი გეგმების შემუშავებას, ჰარმონიზაციას და განხორციელებას.

2.2.2 მხარეებმა უნდა მოამზადონ და განახორციელონ ცალკეული სახეობების ეროვნული სამოქმედო გეგმები იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილი 1-ის A სვეტში მათი საკონსერვაციო სტატუსის გაუმჯობესების მიზნით. ეს სამოქმედო გეგმები უნდა შეიცავდეს სპეციალურ პირობებს იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით „*“. საჭიროებისამებრ, გათვალისწინებული უნდა იყოს მონადირის მიერ ფრინველის შემთხვევითი მოკვლა, თუ ეს გამოწვეულია მისი შეცდომით სახეობის გამოცნობაში.

2.3. საგანგებო ზომები

მხარეები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, სადაც კი საჭირო და შესაძლებელი იქნება, შეიმუშავებენ და განახორციელებენ საგანგებო ზომებს ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის, როდესაც შეთანხმების არეალის ფარგლებში შეიქმნება განსაკუთრებით საშიში ან არასასურველი პირობები.

2.4. რეინტროდუქცია

მხარეებმა უნდა გამოიჩინონ უდიდესი სიფრთხილე ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციების რეინტროდუქციის დროს, როდესაც მას აწარმოებენ პოპულაციის ტრადიციული არსებობის ტერიტორიაზე, მაგრამ სადაც ეს პოპულაცია უკვე გამქრალია. მხარეები უნდა ეცადონ შეიმუშაონ და დაიცვან რეინტროდუქციის დეტალური გეგმა, რომელიც იქნება დაფუძნებული შესაბამის სანდო სამეცნიერო მონაცემებზე. რეინტროდუქციის გეგმები უნდა შეადგენდეს ცალკეული სახეობებისათვის ეროვნული და სადაც საჭიროა საერთაშორისო სამოქმედო გეგმების განუყოფელ ნაწილს. რეინტროდუქციის გეგმა უნდა შეიცავდეს გარემოზე ზეგავლენის შეფასებას და უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი. მხარეებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ შეთანხმების სამდივნოს რეინტროდუქციის ყველა პროგრამის შესახებ პოპულაციებისათვის, რომლებიც ჩამოთვლილია ცხრილში 1.

2.5. ინტროდუქცია

2.5.1. მხარეები, თუ ჩათვლიან საჭიროდ, აკრძალავენ მცენარეთა და ცხოველთა არამკვიდრი სახეობების ინტროდუცირებას, რომლებიც არ ბინადრობენ ბუნებრივად მოცემულ ტერიტორიაზე და რომლებმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციებზე.

2.5.2. მხარეები, თუ ჩათვლიან საჭიროდ, მოითხოვენ სათანადო წინასწარი ზომების მიღებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არამკვიდრი სახეობების ფრინველთა შემთხვევითი გაქცევა ტყვეობიდან.

2.5.3 მხარეები მიიღებენ ყველა სათანადო და შესაძლებელ ზომას, დაჭერის ჩათვლით, იმ მიზნით, რომ გარანტირებულ იქნეს ის, რომ არამკვიდრი სახეობები ან ჰიბრიდები, უკვე ინტროდუცირებული მათ ტერიტორიაზე, არ წარმოადგენენ პოტენციურ საშიშროებას ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის.

 

3. ჰაბიტიტების კონსერვაცია

3.1. ჰაბიტიტების აღრიცხვა

3.1.1.მხარეები, საჭიროებისა და მიხედვით კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აწარმოებენ და გამოაქვეყნებენ ჰაბიტატების აღრიცხვას ეროვნულ დონეზე, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს და მნიშვნელოვანია ცჰრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის.

3.1.2. მხარეები შეეცდებიან, პრიორიტეტულობის საფუძველზე, მოახდინონ იდენტიფიკაცია ყველა ეროვნული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ადგილებისა ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპლაციებისათვის.

3.2. არეალების კონსერვაცია

3.2.1 მხარეები შეეცდებიან განაგრძონ დაცული ტერიტორიების დაარსება იმ ჰაბიტატების კონსერვაციის მიზნით, რომლებიც მნიშვნელობას წარმოადგენს ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის, და შეიმუშაონ და განახორციელონ სამენეჯმენტო გეგმები არეალებისათვის.

3.2.2. მხარეები შეეცდებიან აწარმოონ იმ ჭარბტენიანი ტერიტორიების სპეციალური დაცვა, რომლებიც საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით აღიარებულნი არიან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონედ.

3.2.3. მხარეები შეეცდებიან გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიები გონივრულობის და მდგრადობის ჩარჩოებში. კერძოდ, ისინი შეეცდებიან თავიდან აიცილონ ისეთი ჰაბიტატების დეგრადაცია და დანაკარგები, რომლებიც მნიშვნელობას წარმოადგენს ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის, სათანადო რეგულაციების ან სტანდარტების და საკონტროლო ზომების დაწესების საშუალებით. კერძოდ, ისინი შეეცდებიან:

(ა) უზრუნველყონ სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ადეკვატური სახელმწიფო კონტროლი სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატებზე, მავნებლებზე კონტროლის პროცედურების და ნარჩენი წყლების განთავსების შესაბამისობა საერთაშორისო ნორმებთან, იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უარყოფითი ზეგავლენა ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციებზე; და

(ბ) მოამზადონ და გაავრცელონ საინფორმაციო მასალები შესატყვის ენებზე, სადაც აღწერილი იქნება ძალაში მყოფი რეგულაციები, სტანდარტები და საკონტროლო ზომები და ის სარგებელი, რომელიც მათ მოაქვთ საზოგადოებისათვის და ველური ბუნებისათვის.

3.2.4. მხარეები შეეცდებიან შეიმუშაონ სტრატეგია ეკოსისტემური მიდგომის შესაბამისად, ცხრილში 1 ჩამოთვლილი ყველა პოპულაციის ჰაბიტატების კონსერვაციის მიზნით, დისპერსირებული პოპულაციების ჰაბიტატების ჩათვლით.

3.3. რეაბილიტაცია და აღდგენა

მხარეები შეეცდებიან, სადაც საჭირო იქნება და შესაძლებელი, აღადგინონ ან რეაბილიტაცია გაუკეთონ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ადრე მნიშვნელობა ჰქონდა ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის.

 

4. ადამიანის საქმიანობის მენეჯმენტი

4.1. ნადირობა

4.1.1. მხარეები ითანამშრომლობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი სამონადირეო კანონმდებლობა თანხმობაშია მდგრადობის პრინციპებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმაში, ამასთან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აღნიშნული წყლის ფრინველების პოპულაციების მთლიანი გეოგრაფიული არეალი და მათი სასიცოცხლო ციკლის მახასიათებლები.

4.1.2 მხარეებმა რეგულარულად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია შეთანხმების სამდივნოს ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციბის ფრინველებზე ნადირობის თავის კანონმდებლობის შესახებ.

4.1.3 მხარეები ითანამშრომლობენ საიმედო და ჰარმონიული სისტემის შექმნის მიზნით, რომელიც მისცემს მათ საშუალებას შეაგროვონ მონაცემები ნანადირევი ფრინველების რაოდენობის შესახებ, იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციებზე ნადირობის წლიური პრესი. მათ უნდა უზრუნველყონ შეთანხმების სამდივნო ყოველ პოპულაციაზე წლიური ნადირობის შემფასებელი ინფორმაციით, თუკი ეს შესაძლებელი იქნება.

4.1.4 მხარეები შეეცდებიან ამოიღონ ტყვიის საფანტი ჭარბტენიან ტერიტორიებში ნადირობისას 2000 წლისთვის.

4.1.5 მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ზომებს მოწამლული სატყუარების გამოყენების შესამცირებლად და თუ შესაძლებელი იქნება, ამოიღებენ ხმარებიდან.

4.1.6 მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ზომებს არალეგალური მოხმარების შესამცირებლად, და თუ შესაძლებელი იქნება, აღმოფხვრიან მას.

4.1.7 შესაძლებლობისდა მიხედვით, მხარეები წაახალისებენ მონადირეებს, ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო კლუბების ან ორგანიზაციების შექმნაზე, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს მათი მოქმედებების კოორდინირება და მდგრადი მოხმარების უზრუნველყოფა.

4.1.8 საჭიროებისდა მიხედვით, მხარეებმა უნდა შემოიღონ მონადირეთა აუცილებელი პროფესიული ტესტირება, რომელშიც სხვა მოთხოვნებთან ერთად იქნება ფრინველთა იდენტიფიკაციის მოთხოვნა.

4.2.  ეკოტურიზმი

4.2.1 მხარეებმა უნდა წაახალისონ შესაბამის ადგილებზე, მაგრამ არა დაცული ტერიტორიების ძირითად ზონებში, კოოპერატიული პროგრამების შემუშავება ყველა ორგანიზაციისათვის, რომლებიც დაინტერსებულნი არიან დამზოგველი ეკოტურიზმის განვითარებაში ჭარბტენიან ტერიტორიებზე, სადაც კონცენტრირებულია პოპულაციები, ჩამოთვლილი ცხრილში 1.

4.2.2 მხარეები კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეეცდებიან შეაფასონ ხარჯები, მოგება და სხვა შედეგები, მოსალოდნელი ეკოტურიზმიდან ჭარბტენიან ტერიტორიებზე, სადაც კონცენტრირებულია პოპულაციები, ჩამოთვლილი ცხრილში 1. მათ უნდა აცნობონ ყველა ასეთი შეფასების შედეგები შეთანხმების სამდივნოს.

4.3 ადამიანის სხვა საქმიანობა

4.3.1 მხარეები შეაფასებენ შემოთავაზებული პროექტების ზემოქმედებას, რომლებმაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიონ კონფლიქტი ცხრილში 1 ჩამოთვლილ და 3.2 პარაგრაფში მოხსენიებულ არეალში მობინადრე პოპულაციებსა და ადამიანის ინტერესებს შორის, და შეფასების შედეგები საზოგადოებისათვის ადვილი ხელმისაწვდომი იქნება.

4.3.2 მხარეები შეეცდებიან შეკრიბონ ინფორმაცია გამოწვეულ ზიანზე, კერძოდ, ზიანზე, რომელიც ცხრილი 1-ში ჩამოთვლილი პოპულაციების მიერ მიყენებულ იქნა მოსავალზე, და აცნობებენ შედეგებს შეთანხმების სამდივნოს.

4.3.3 მხარეები, მსოფლიოში არსებული გამოცდილების გამოყენებით, ითანამშრომლობენ სათანადო ტექნოლოგიების დადგენის მიზნით ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად ან ზიანის შესარბილებლად, კერძოდ, მოსავალზე, რომელიც გამოიწვია ცხრილში 1 ჩამოთვლილმა პოპულაციებმა.

4.3.4 მხარეები ითანამშრომლობენ ცალკეულ სახეობებზე სამოქმედო გეგმების შემუშავებაში იმ პოპულაციებისათვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიეს, კერძოდ, მოსავალზე. შეთანხმების სამდივნო კოორდინირებას გაუწევს ასეთი გეგმების შემუშავებასა და ჰარმონიზაციას.

4.3.5 მხარეები, შესაძლებლობისდა მიხედვით, დაიცავენ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებს ობიექტების დაგეგმვისას და მშენებლობისას იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მათი უარყოფითი ზემოქმედება ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციებზე. მათ უნდა გაითვალისწინონ უკვე არსებული ობიექტების ზემოქმედების მინიმიზაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ნათელი გახდება მათი უარყოფითი ზემოქმედება ზემოთ აღნიშნულ პოპულაციებზე.

4.3.6 იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციების საკონსერვაციო სტატუსის გაუარესებას ემუქრება, მხარეებმა უნდა შეეცადონ მიიღონ სათანადო ზომები საშიშროების შესამცირებლად. სათანადო ზომები, inter alia, უნდა მოიცავდეს ადამიანის ზემოქმედებისაგან დაცული ზონების შექმნას დაცული ტერიტორიების ფარგლებში, სადაც ვიზიტორთა შესვლა აკრძალულია.

 

5. კვლევა და მონიტორინგი

5.1 მხარეები შეეცდებიან ჩაატარონ კვლევითი სამუშაოები ნაკლებად შესწავლილ ტერიტორიებზე და სადაც შესაძლებელია არსებობდეს ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციების მნიშვნელოვანი კონცენტრაციები. ასეთი კვლევების შედეგები ფართოდ უნდა იქნეს გავრცელებული.

5.2 მხარეები შეეცდებიან ჩაატარონ ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციების მონიტორინგი. ასეთი მონიტორინგის შედეგები უნდა გამოქვეყნდეს ან გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს. პოპულაციების სტატუსის და რიცხობრიობის ცვლილების ტენდენციების დასადგენად.

5.3 მხარეები ითანამშრომლობენ ფრინველთა პოპულაციების რიცხობრიობის ცვლილებების ტენდენციების შეფასების მეთოდების სრულყოფაში, როგორც კრიტერიუმისა ასეთი პოპულაციების სტატუსის აღწერისას.

5.4 მხარეები ითანამშრომლობენ ცხრილში 1 ჩამოთვლილი ყველა პოპულაციის სამიგრაციო გზების დადგენაში. ამასთან, გამოიყენებენ ყველა ხელმისაწვდომ მონაცემს ფრინველთა განაწილებაზე როგორც გამრავლების, ასევე სხვა პერიოდებში და აგრეთვე აღრიცხვის მონაცემებს, და აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ კოორდინირებულ დარგოლვის პროგრამებში.

5.5 მხარეები შეეცდებიან წამოიწყონ და მხარი დაუჭირონ ერთობლივ კვლევით პროექტებს პოპულაციების დინამიკის და ეკოლოგიის შესასწავლად ცხრილ 1-ში ჩამოთვლილი პოპულაციებისათვის და მათი ჰაბიტატებისათვის, მათი სპეციფიკური მოთხოვნების და აგრეთვე მათი კონსერვაციისა და მენეჯმენტისათვის მაქსიმალურად შესატყვისი ტექნოლოგიების დასადგენად.

5.6 მხარეები შეეცდებიან ჩაატარონ გამოკვლევები ჭარბტენიანი ტერიტორიების დანაკარგებით და დეგრადაციით და ადამიანის მოქმედებათა უარყოფითი ზეგავლენით (შემაწუხებელი ფაქტორებით) გამოწვეული ეფექტი ჭარბტენიანი ტერიტორიების carrying capacity-ზე, რომლებსაც იყენებენ ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციები და აგრეთვე გამოკვლევები ამ პოპულაციების მიგრაციების თავისებურებებზე.

5.7 მხარეები შეეცდებიან შეისწავლონ ნადირობის და ვაჭრობის ზეგავლენა ცხრილში ჩამოთვლილ პოპულაციებზე და ასეთი ხმარების ფორმების მნიშვნელობაზე ეკონომიკისათვის ლოკალურ და ეროვნულ დონეზე.

5.8 მხარეები შეეცდებიან ითანამშრომლონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მხარი დაუჭირონ კვლევისა და მონიტორინგის პროექტებს.

 

6. განათლება და ინფორმაცია

6.1. მხარეები, საჭიროებისამებრ, განახორციელებენ ტრენინგის პროგრამებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ წინამდებარე მოქმედებათა გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პერსონალი ფლობს ადეკვატურ ცოდნას მისი ეფექტური განხორციელებისათვის.

6.2 მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შეთანხმების სამდივნოსთან ტრენინგების პროგრამის შემუშავებაში და საინფორმაციო და სასწავლო მასალების გაცვლაში.

6.3 მხარეები შეეცდებიან შეიმუშაონ პროგრამები, საინფორმაციო მასალები და მექანიზმები მოსახლეობის ცოდნის (ცნობიერების) დონის ასამაღლებლად საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია მოცემული სამოქმედო გეგმის შინაარსთან, პირობებსა და მიზნებთან. ამისათვის, გარკვეული ყურადღება უნდა მიექცეს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ჭარბტენიანი ტერიტორიების მახლობლად, ამ ტერიტორიების მომხმარებლებს (მონადირეებს, მეთევზეებს, ტურისტებს და ა.შ.), და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

6.4. მხარეები შეეცდებიან განახორციელონ სპეციალური კამპანიები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხრილში 1 ჩამოთვლილი პოპულაციების კონსერვაციის მიზნით.

 

7. განხორციელება

7.1 მხარეები ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, სადაც მიზანშეწონილად ჩაითვლება, პრიორიტეტს მიანიჭებენ პოპულაციებს, ჩამოთვლილს ცხრილი 1-ის A სვეტში.

7.2 სადაც, ცხრილში 1 ჩამოთვლილ პოპულაციების შემთხვევაში ერთი და იმავე სახეობის ერთ პოპულაციაზე მეტი აღმოჩნდება რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, ასეთმა მხარემ პრიორიტეტულად უნდა განახორციელოს დაცვითი ზომები იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც ხასიათდებიან უდაბლესი საკონსერვაციო სტატუსით.

7.3 შეთანხმების სამდივნო, ტექნიკურ კომიტეტთან და არეალის ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, კოორდინირებულად შეიმუშავებს კონსერვაციის სახელმძღვანელო პრინციპების (conservation guidelines) ჩამონათვალს ამ შეთანხმების IV მუხლის §4-ის თანახმად წინამდებარე სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარეების დასახმარებლად. შეთანხმების სამდივნომ, სადაც შესაძლებელი იქნება, უნდა უზრუნველყოს ამ სახელმძღვანელო პრინციპების შეთანხმებულობა სხვა საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებთან. ასეთი სახელმძღვანელო პრინციპები მიზნად უნდა ისახავდეს მდგრადი მოხმარების პრინციპების დანერგვას. ისინი უნდა ფარავდნენ, inter alia:

(ა) ცალკეულ სახეობებზე სამოქმედო გეგმებს;

(ბ) საგანგებო ზომებს;

(გ) ჰაბიტატების შესწავლის და მართვის მეთოდების მომზადებას;

(დ) სამონადირეო მეთოდებს;

(ე) წყლის ფრინველებით ვაჭრობას;

(ვ) ტურიზმს;

(ზ) მოსავალზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას; და

(თ) წყლის ფრინველებზე მონიტორინგის პროტოკოლს.

7.4 შეთანხმების სამდივნო, ტექნიკურ კომიტეტთან და მხარეებთან ერთად, კოორდინირებულად მოამზადებს საერთაშორისო მიმოხილვათა სერიას, საჭიროს მოცემული სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე:

(ა) ანგარიშს პოპულაციების სტატუსის და ტენდენციების შესახებ;

(ბ) შესწავლის მონაცემებში ინფორმაციულ დეფიციტს;

(გ) ინფორმაციას ბინადრობის ადგილების ქსელის შესახებ, რომელსაც იყენებს ყოველი პოპულაცია ყოველი ადგილის დაცვითი სტატუსის აღწერის ჩათვლით, და აგრეთვე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიღებული სამენაჯმენტო ზომების შესახებ;

(დ) შესაბამის სამონადირეო და ვაჭრობის კანონმდებლობას ყოველ ქვეყანაში, წინამდებარე შეთანხმების მე –2 დანართში ჩამოთვლილ სახეობათა მიმართებაში;

(ე) ცალკეულ სახეობებზე სამოქმედო გეგმის მომზადების და განხორციელების არსებულ მდგომარეობას;

(ვ) რეინტროდუქციის პროექტებს; და

(ზ) წყლის ფრინველების ინტროდუცირებული არამკვიდრი სახეობების და მიღებული ჰიბრიდების სტატუსს.

7.5. შეთანხმების სამდივნო შეეცდება უზრუნველყოს §7.4-ის თანახმად შესრულებული მიმოხილვების განახლება ინტერვალებით არანაკლებ 3 წლისა.

7.6. ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს სახელმძღვანელო პრინციპებს და მიმოხილვებს, მომზადებულს &7.3 და &7.4 თანახმად, და შეიმუშავებს რეკომენდაციების და რეზოლუციების პირველ ვარიანტებს მათ განვითარებაზე, შინაარსზე და განხორციელებაზე, მხარეთა შეხვედრის სესიებზე განსახილველად.

7.7. შეთანხმების სამდივნო რეგულარულად განიხილავს პოტენციურ მექანიზმებს დამატებითი რესურსების მოსაძიებლად (ფინანსური და ტექნიკური დახმარება) ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის, და მხარეთა ყოველ რიგით შეხვედრაზე წარადგენს ანგარიშს ამის შესახებ.

 

ცხრილი 1

 

მიგრირებადი წყლის ფრინველების პოპულაციების სტატუსი

 

განმარტებები კლასიფიკაციისათვის

 

განმარტებები, მოცემული ცხრილზე 1, წარმოადგენს საფუძველს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის:

 

სვეტი A

 

კატეგორია 1:

(ა) სახეობები, შეტანილი კონვენციის დანართში 1;

(ბ) სახეობები, შეტანილი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა IUCB – ის 1994 წლის წითელ წიგნში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი (გრუმბრიდი, 1993);

ან

(გ) პოპულაციები , რომელთა რიცხოვნობა ნაკლებია დაახლოებით 10 000 ინდივიდზე.

 

კატეგორია 2:

(ა) პოპულაციები, რომელთა რიცხოვნობა დაახლოებით 10 000 – 25 000 ინდივიდამდეა.

 

კატეგორია 3:

პოპულაციები, რომელთა რიცხოვნობა შეადგენს დაახლოებით 25 000 – 100 000 ინდივიდს და ითვლება გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომად შემდეგი მიზეზების შედეგად:

(ა) მაღალი კონცენტრაცია მცირე რაოდენობის საბინადრო ადგილებზე წლიური ციკლის ნებისმიერი სტადიაზე;

(ბ) დამოუკიდებლობა ჰაბიტატის ტიპზე, რომელსაც ემუქრება სერიოზული საშიშროება;

(გ) რიცხოვნობის ხანგრძლივი შემცირების გამოვლენა;

(დ) პოპულაციების სიდიდისა და ტენდენციების უკიდურესი ფლუქტუაციების გამოვლენა;

კატეგორიებში 2 და 3 ჩამოთვლილი სახეობებისათვის, იხ. წინამდებარე დანართი §2.1.1.

 

სვეტი B

 

კატეგორია 1:

პოპულაციები, რომელთა რიცხოვნობა დაახლოებით 25 000 –100 000 ინდივიდამდეა და არ შეესატყვისება A სვეტის პირობებს.

 

კატეგორია 2:

პოპულაციები, რომელთა რიცხობრიობა 100 000 ინდივიდზე მეტია, და რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას შემდეგი მიზეზების გამო:

(ა) მაღალი კონვენცია მცირე რაოდენობის საბინადრო ადგილებზე, წლიური ციკლის ნებისმიერ სტადიაზე;

(ბ) დამოკიდებულება ჰაბიტატის ტიპზე, რომელსაც სერიოზული საშიშროება ემუქრება;

(გ) რიცხობრიობის მნიშვნელოვანი ხანგრძლივი გამოვლენა; ან

(დ) პოპულაციების სიდიდისა და ტენდენციების დიდი ფლუქტუაციების გამოვლენა;

 

სვეტი C

 

კატეგორია 1:

პოპულაციები, რომელთა რიცხობრიობა მეტია 100 000 ინდივიდზე, და რომლებიც მნიშვნელოვნად მოიგებენ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, და რომლებიც არ შეესატყვისებიან პირობებს, მოცემულს სვეტებში A და B.

 

ცხრილი 1-ის განხილვა

მოცემული ცხრილი:

(ა) რეგულარულად უნდა განიხილებოდეს ტექნიკური კომიტეტის მიერ ამ შეთანხმების VII მუხლის §3 (ბ)-ს თანახმად, და

(ბ) საჭიროებისამებრ შესწორებულ იქნეს მხარეთა შეხვედრის მიერ ამ შეთანხმების VI მუხლის §9 (დ)-ს თანახმად ასეთი მიმოხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიხედვით.

 

შემოკლებები და სიმბოლოები

ბუდ: ბუდობა

ზამთრ: გამოზამთრება

ჩრდ: ჩრდილოეთი

აღმ: აღმოსავლეთი

სამხ: სამხრეთი

დას: დასავლეთი

ჩა: ჩრდილო - აღმოსავლეთი

ჩდ: ჩრდილო – დასავლეთი

სა: სამხრეთ - აღმოსავლეთი

სდ: სამხრეთ – დასავლეთი

1. პოპულაციის სტატუსი არ არის ცნობილი. ფასდება საკონსერვაციო სტატუსი.

*: იბ. §2.1.1.

 

შენიშვნები:

1. მონაცემები პოპულაციებზე გამოყენებული ცხრილში 1, შესაძლებლობისამებრ შეესატყვისება ინდივიდთა რაოდენობას, რომლებიც პოტენციურად ბუდობენ შეთანხმების ტერიტორიაზე. სტატუსი დგინდება პოპულაციების საუკეთესო ხელმისაწვდომ გამოქვეყნებული შეფასების საფუძველზე.

2. შემოკლებები ბუდ. და ზამთ. პოპულაციების ჩამონათვალში გაკეთებულია მხოლოდ პოპულაციის იდენტიფიკაციისათვის. ისინი არ აღნიშნავენ მოქმედებათა შეზღუდვებს ამ პოპულაციებთან მიმართებაში ამ შეთანხმების სამოქმედო გეგმის მიხედვით.