შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/11/1997
ძალაში შესვლის თარიღი 07/04/1994
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000002
-
25/06/1993
გაურკვეველი, -, 28/11/1997
430003000.00.000.000002
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა

და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას

შორის

საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა,

ხელმძღვანელობენ სურვილით, რომ დაარეგულირონ და განავითარონ საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ეს შეთანხმება არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლით საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მგზავრების გადაყვანასა და სატვირთო გადაზიდვებზე, აგრეთვე ტრანზიტით ამ ქვეყნების გავლით იმ გადამზიდავების მიერ, რომლებსაც უფლება აქვთ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელონ  ამგვარი გადაზიდვები.

მგზავრების გადაყვანა

მუხლი 2

(1) მგზავრების გადაყვანა ამ შეთანხმებაში ნიშნავს ავტობუსებით მგზავრების გადაყვანას და მათი ბარგის გადატანას საკუთარი ან მესამე პირების ხარჯით. შეთანხმება ასევე მოქმედებს მგზავრების გარეშე გარბენებზე, რომლებიც ამგვარ გადაზიდვებთანაა დაკავშირებული.

(2) ავტობუსად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც კონსტრუქციისა და აღჭურვილობის სახეობის შესაბამისად ვარგისია და განკუთვნილია არანაკლებ 9 ადამიანის გადასაყვანად (მძღოლის ჩათვლით).

მუხლი 3

(1) რეგულარულ მიმოსვლად ითვლება დადგენილი მარშრუტის მიხედვით მგზავრების რეგულარული გადაყვანა, წინასწარ განსაზღვრული და გამოქვეყნებული მოძრაობის განრიგით, ტარიფებითა და გადაყვანის პირობებით, რომლის დროსაც მგზავრებს შეუძლიათ გაჩერების დადგენილ პუნქტებში ჩასხდომა და გადმოსვლა.

(2) ორმხრივი ან სატრანზიტო მიმოსვლისას რეგულარული გადაზიდვებისათვის საჭიროა მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვა. ნებართვა გაიცემა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულების შესაბამისი მონაწილე მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით. იგი ასევე მოქმედებს იმ მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება, როგორც რეგულარული მიმოსვლა.

(3) მარშრუტის, გაჩერების პუნქტების, მოძრაობის განრიგის, ტარიფებისა და გადაყვანის პირობების შეცვლა მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას შესაბამისი მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოებთან. ეს ასევე მოქმედებს მიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

(4) განაცხადები რეგულარული მიმოსვლის გახსნაზე, აგრეთვე განაცხადები მე-3 აბზაცის შესაბამისად, წარედგინება იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც გადამზიდავს აქვს თავისი ადგილსამყოფელი. განაცხადები, ამავე სახელმწიფოს ტრანსპორტის სამინისტროს თვალსაზრისთან ერთად, ეგზავნება უშუალოდ მეორე სახელმწიფოს ტრანსპორტის სამინისტროს.

(5) განაცხადები მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად უნდა შეიცავდნენ, კერძოდ, შემდეგ მონაცემებს:

1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი;

2. მიმოსვლის სახეობა;

3. მოქმედების დანიშნული ვადა;

4. ექსპლუატაციის პერიოდი და რეისების რიცხვი (მაგ. ყოველდღიური, ყოველკვირეული);

5. მოძრაობის განრიგი;

6. ზუსტი მარშრუტი (გაჩერების პუნქტები მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსვლისათვის/გაჩერების სხვა პუნქტები/საზღვრის გადაკვეთის პუნქტები);

7. ხაზის სიგრძე კილომეტრებში; რეისი იქით/რეისი უკან;

8. დღიური მონაკვეთის სიგრძე;

9. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;

10. საექსპლუატაციო ავტობუსების საჯდომი ადგილების რაოდენობა;

11. გადაყვანის ღირებულება და პირობები (ტარიფები).

მუხლი 4

(1) ქანქარისებურად ითვლება მიმოსვლა, რომლის დროსაც წინასწარ ფორმირებული მგზავრთა ჯგუფი რამდენიმე რეისით გადაიყვანება პირდაპირი და უკუმიმართულებით გამგზავრების ერთი და იგივე რეგიონიდან დანიშნულების ერთი და იგივე რეგიონამდე. ეს ჯგუფები, შემდგარი იმ მგზავრებისგან, რომლებმაც განახორციელეს რეისი პირდაპირი მიმართულებით, უკან გადაიყვანებიან გამგზავრების ადგილზე ერთ-ერთი მომდევნო რეისით. გამგზავრების რეგიონისა და დანიშნულების რეგიონის მცნებების ქვეშ  იგულისხმება მგზავრობის საწყისი პუნქტი, ასევე პუნქტები, რომლებიც განლაგებული არიან 50 კმ. რადიუსის მქონე წრეში. გადაყვანის მომსახურებასთან ერთად გადაყვანაში ჩართული უნდა იყოს მგზავრთა ჯგუფების განთავსება კვებით ან მის გარეშე დანიშნულების პუნქტებში და აუცილებლობის შემთხვევაში თვით გადაყვანის დროსაც. პირველი რეისი უკუმიმართულებით და ბოლო რეისი პირდაპირი მიმართულებით უნდა შესრულდეს მგზავრების გარეშე.

(2) იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები, 1-ლ პუნქტში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებით, ასრულებენ რეისს უკუმიმართულებით სხვა ჯგუფის შემადგენლობაში შესაბამისი მონაწილე მხარის ან შესაბამისი მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების ნებართვით, მაშინ ეს არ მოქმედებს იმის განსაზღვრაზე, წარმოადგენს თუ არა მიმოსვლა ქანქარისებურს.

(3) ქანქარისებური მიმოსვლის შესრულებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვა. განაცხადი ნებართვის გაცემაზე საჭიროა უშუალოდ წარედგინოს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმოსვლის გახსნამდე 60 დღით ადრე.

(4) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილ მონაცემებთან ერთად ქანქარისებურ მიმოსვლაზე ნებართვის გაცემის განაცხადი მე-3 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს რეისების შესრულების თარიღებს, რეისების რაოდენობას და მონაცემებს პუნქტის(ების) და სასტუმროების ან სხვა ობიექტების შესახებ, რომლებშიც უნდა განთავსდნენ მგზავრები მათი იქ ყოფნის პერიოდში, ასევე იქ ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ.

(5) მხარეების მიერ მე-14 მუხლის თანახმად ჩამოყალიბებული შერეული კომისია შეათანხმებს ქანქარისებური გადაყვანების შესრულებაზე ნებართვების გაცემის პროცედურების პრინციპებს, ნებართვების ფორმულარებს, ასევე კომპეტენტურ ორგანოებს.

(6) პირველი პუნქტის შესაბამისად ქანქარისებული გადაზიდვის შესრულებისას გადამზიდავებმა თან უნდა იქონიონ მგზავრების სია, რომელზეც მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისას უნდა დაედოს ამ სახელმწიფოს სასაზღვრო ორგანოების შტამპი.

მუხლი 5

(1) არარეგულარულად ითვლება მიმოსვლა, რომელიც არ არის არც რეგულარული მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის და არც ქანქარისებური მე-4 მუხლის მიხედვით.

(2) არარეგულარული გადაყვანები ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლისას არ საჭიროებს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება:

ა) რეისებს, განხორციელებულს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გადაჰყავს მგზავრთა ერთი და იგივე ჯგუფი მთელი მარშრუტის განმავლობაში მათი გამგზავრების საწყის პუნქტში მიყვანით (წრიული რეისები დახურული კარებით);

ბ) მიმოსვლას, რომლის დროსაც მგზავრობა პირდაპირი მიმართულებით სრულდება მგზავრების ჩასხდომით, ხოლო მგზავრობა უკუმიმართულებით მგზავრების გარეშე; ან

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლას მგზავრების გარეშე, იმავე გადამზიდავის მიერ ადრე გადაყვანილი მგზავრების ჩასხდომისა და გამგზავრების პუნქტში მათი უკან გადაყვანის მიზნით.

(3) არარეგულარული გადაყვანისას აკრძალულია მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსვლა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აძლევს ამის ნებართვას.

(4) არარეგულარული მიმოსვლა, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტში მოცემულ პირობებს, ყველა შემთხვევაში საჭიროებს მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვას. განცხადება ნებართვის გაცემაზე აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არაუგვიანეს ექვსი კვირისა მიმოსვლის გახსნამდე.

(5) განაცხადები მე-4 პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

1. გადამზიდავის გვარი და სახელი ან ფირმის დასახელება, აგრეთვე მისი ზუსტი მისამართი, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ტურის ორგანიზატორის დასახელება, რომელმაც მისცა სატრანსპორტო დავალება;

2. სახელმწიფო, რომელშიც ყალიბდება მგზავრების ჯგუფი;

3. რეისის საწყისი და დანიშნულების პუნქტები;

4. სვლაგეზი, საზღვრის გადაკვეთის პუნქტების ჩვენებით;

5. პირდაპირი და უკუმიმართულებით მგზავრობის თარიღები;

6. მძღოლის საჭესთან ყოფნისა და დასვენების პერიოდები;

7. საექსპლუატაციო ავტობუსებში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები.

(6) საკონტროლო დოკუმენტები არარეგულარული მიმოსვლისათვის, რომლებიც მე-2 პუნქტის თანახმად არ საჭიროებს ნებართვებს შეთანხმებული უნდა იქნეს მე-14 პუნქტის შესაბამისად დაფუძნებული შერეული კომისიის ფარგლებში.

მუხლი 6

ნებართვებით, რომლებიც გაცემულია მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, უფლება აქვთ ისარგებლონ იმ გადამზიდავებმა, ვისზეც ისინი არიან გაცემული. მათი სხვა გადამზიდავზე გადაცემა აკრძალულია. არარეგულარული მიმოსვლის შემთხვევაში აკრძალულია მათი გამოყენება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ არიან აღნიშნული ნებართვაში.

რეგულარული გადაზიდვების ფარგლებში, გადამზიდავს, რომელზეც გაცემულია ნებართვა ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია ისარგებლოს ორივე სახელმწიფოს გადამზიდავებით. სახელშეკრულებო გადამზიდავები ნებართვაში არ იქნებიან მითითებული, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ ამ ნებართვის დამოწმებული ასლი.

სატვირთო მიმოსვლა

მუხლი 7

იმ სახელმწიფოსა, სადაც რეგისტრირებულია საექსპლუატაციო ავტოსატრანსპორტო საშუალება, და მეორე სახელმწიფოს შორის გადაზიდვების განხორციელებისათვის (ორმხრივი მიმოსვლა), ასევე ტრანზიტით მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის გადაკვეთისას სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის ფარგლებში აუცილებელია ამ სახელმწიფოს ნებართვა.

მუხლი 8

(1) ნებართვა ეძლევა გადამზიდავს. ის ძალაშია მხოლოდ მისთვის და მისი სხვაზე გადაცემა აკრძალულია.

(2) ნებართვა აუცილებელია თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე და თითოეულ საწევარზე. იგი ძალაშია ერთდროულად მის მიერ ბუქსირებული მისაბმელისათვის ან ნახევარმისაბმელისათვის მისი რეგისტრაციის ადგილისაგან დამოუკიდებლად.

(3) ორმხრივი ან ტრანზიტული მიმოსვლის დროს ერთი ნებართვა ძალაშია რეისების ნებისმიერი რიცხვისათვის დადგენილი პერიოდის განმავლობაში (დროებითი ნებართვა) ან ერთი ან რამდენიმე რეისისათვის პირდაპირი და უკუმიმართულებით ნებართვაში მითითებული პერიოდის განმავლობაში (სარეისო ნებართვა).

(4) გადაზიდვა მეორე სახელმწიფოსა და მესამე სახელმწიფოს შორის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვა ხორციელდება ჩვეულებრივი სამოძრაო გზით იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან თუ ამის შესახებ გაცემულია განსაკუთრებული ნებართვა.

(5) ნებართვა არ იძლევა გადაზიდვების შესრულების უფლებას მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის.

(6) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელია გადაზიდვების დოკუმენტები, რომელთა ფორმა უნდა შეესაბამებოდეს იმ ნიმუშს, რომელიც მიღებულია საერთაშორისო მასშტაბით.

მუხლი 9

(1) ნებართვას არ საჭიროებს გადაზიდვები:

1. იმ საგნებისა და მასალებისა, რომლებიც განკუთვნილი არიან რეკლამისათვის ან სწავლებისათვის (მაგალითად, ტვირთები გამოფენებისა და ბაზრობებისათვის), რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;

2. ტვირთისა და აღჭურვილობისა, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, მუსიკალური, კინო და საცირკო წარმოდგენებისათვის, მათი ჩატარების ადგილიდან ან ადგილამდე, აგრეთვე რადიოგადაცემების, კინოგადაღებების ან ტელეგადაცემების ჩატარების ადგილამდე ან ადგილიდან, რომლებიც მიემართებიან ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლით;

3. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა (უკან გადატანა);

4. მიცვალებულების;

5. მედიკამენტების, სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებში დახმარების აღმოჩენისათვის განკუთვნილი ტვირთების (კერძოდ, სტიქიური უბედურების შემთხვევაში).

(2) შერეულ კომისიას, მე-14 მუხლის თანახმად, შეუძლია გაათავისუფლოს ნებართვის მიღების ვალდებულებისგან სხვა სახის გადაზიდვებიც.

მუხლი 10

(1) ნებართვას, რომელიც აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის გადამზიდავებისათვის, იძლევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალური სამინისტრო და გასცემს საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები.

(2) ნებართვას, რომელიც აუცილებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადამზიდავებისათვის, იძლევა საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო და გასცემს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალური სამინისტრო ან მის მიერ უფლებამოსილი უწყებები.

მუხლი 11

(1) შერეული კომისია ამ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად შეათანხმებს თითოეული სახელმწიფოსათვის ყოველწლიურად გასაცემი ნებართვების აუცილებელ რაოდენობას, საგარეო ვაჭრობისა და სატრანზიტო მიმოსვლის გათვალისწინებით.

აუცილებლობის შემთხვევაში ნებართვების შეთანხმებული რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხარეების შეთანხმების საფუძველზე.

(2) ნებართვის შინაარსი და ფორმა შეთანხმებული იქნება შერეულ კომისიასთან მე-14 მუხლის შესაბამისად.

ერთობლივი გადაწყვეტილებანი

მუხლი 12

ნებართვები, საკონტროლო ან გადაზიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტები მძღოლთან უნდა იყოს ყველა იმ მგზავრობის დროს, რომლებიც ამ შეთანხმებას ექვემდებარება და შემოწმების მიზნით წარედგინება კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებს მათი მოთხოვნით.

მუხლი 13

(1) გადამზიდავები ვალდებული არიან დაიცვან მეორე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც შეეხება მოძრაობას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე იქ მოქმედი საბაჟო განაწესი.

(2) გადამზიდავის ან მისი მძღოლების მიერ მეორე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ შეთანხმების დებულებების სერიოზული ან განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, სადაც რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, გაატარებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:

ა) მიმართავს შესაბამის გადამზიდავს მოწოდებით, რომ დაიცვას მოქმედი წესები (გაფრთხილება);

ბ) დროებით გამორიცხავს მას მოძრაობიდან;

გ) შესაბამის გადამზიდავს შეუწყვეტს ნებართვის გაცემას, ან გააუქმებს უკვე გაცემულ ნებართვას იმ ვადით, რომლითაც მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ შეაჩერა გადამზიდავის მოძრაობა.

(3) ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიება შეიძლება გაატაროს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის ტერიტორიაზეც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

(4) ორივე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეატყობინებენ ერთმანეთს მიღებული ზომების თაობაზე პირადული მონაცემების დაცვის შესახებ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 14

ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები აყალიბებენ შერეულ კომისიას, რომელიც შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის თხოვნით იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების სათანადო შესრულება. აუცილებლობის შემთხვევაში შერეული კომისია სხვა კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით შეიმუშავებს წინადადებებს ტრანსპორტის სფეროს განვითარებასთან და სამართლებრივი ნორმების ცვლილებებთან ამ შეთანხმების შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

მუხლი 15

მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებში აღნიშნული კომპეტენტური ორგანოების შესახებ.

მუხლი 16

თუ ცნობები ფიზიკური პირების შესახებ გადაიცემა ამ შეთანხმების საფუძველზე შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად, მოქმედებს შემდეგი დებულებები:

1. მიმღებს შეუძლია გამოიყენოს ეს ცნობები ფიზიკური პირების შესახებ მხოლოდ აღნიშნული მიზნით და მათი გადამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებში;

2. მოთხოვნის მიხედვით მიმღები ატყობინებს გადამცემ ორგანოს მათი გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;

3. ცნობები ფიზიკური პირების შესახებ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ სასამართლო ორგანოებს. შემდგომი გადაცემა სხვა ორგანოებისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ ცნობების გადამცემი ორგანოს წინასწარი თანხმობით;

4. გადამცემი ორგანო ვალდებულია თვალყური ადევნოს გადასაცემი ცნობების სისწორეს, აგრეთვე მათი გადაცემის აუცილებლობას და აღნიშნულ მიზანთან შესაბამისობას. ამასთან, დაცული უნდა იყოს ის აკრძალვები ფიზიკურ პირების შესახებ ცნობების გადაცემის თაობაზე, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმების მონაწილე მხარეების თითოეული ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ გაირკვევა, რომ გადაცემულია არასწორი ან აკრძალული ცნობები, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებს, რომელიც ვალდებულია შეასწოროს ან გაანადგურებს ცნობები.

5. შესაბამის პირს, მისი თხოვნით, ეძლევა ინფორმაცია მის შესახებ არსებული ცნობების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია მათი გამოყენების მიზნების შესახებ. ინფორმაცია შეიძლება არ გაიცეს, თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს ინტერესები ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში უარის თქმის დროს აღემატება შესაბამისი პირის ინტერესებს. შესაბამისი პირის უფლება, დაკავშირებული ასეთ ინფორმაციასთან, განისაზღვრება ქვეყნის შინაგანი კანონმდებლობით.

6. ინფორმაციის გადაცემისას გადამცემი ორგანო შინაგანი კანონმდებლობის შესაბამისად მიუთითებს მათი შენახვის ვადებს, რომელთა გასვლის შემდეგ ცნობები განადგურებულ უნდა იქნეს. ამ ვადებისაგან დამოუკიდებლად გადაცემული ცნობები ფიზიკური პირების შესახებ ექვემდებარება განადგურებას მას შემდეგ, რაც ისინი აღარ იქნებიან აუცილებელნი.

7. მონაწილე მხარეების ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების შესრულებას ვალდებულნი არიან დოკუმენტალურად დააფიქსირონ გადაცემა და მიღება ცნობებისა, რომლებიც ფიზიკურ პირებს ეხება, დაიცვან ფიზიკური პირების შესახებ ცნობების გადაცემა არამართლზომიერი ხელყოფისაგან, მათში ცვლილებების შეტანისა და აგრეთვე გამოქვეყნებისაგან.

მუხლი 17

ამ შეთანხმების უფლებები და ვალდებულებები არ ეხება შეთანხმების მონაწილე მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს მათ მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვალდებულებებიდან, გამომდინარე მისი ევროგაერთიანების წევრობიდან.

მუხლი 18

(1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც შეთანხმების მონაწილე მხარეები ნოტებით შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ შესრულებულია შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობები ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად.

(2) შეთანხმება მოქმედებს იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას შეთანხმების მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. ბონში, 1993 წლის 25 ივნისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს აქვს ერთნაირი ძალა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)