დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ოქმი სქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/03/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 30/01/2004 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/03/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 480020000.02.002.000477 |
ოქმი
სქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა
და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს
შორის კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას სხვადასხვა დონის კონსულტაციებსა და აზრთა გაზიარებას საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებზე ორმხრივი თანამშრომლობის ურთიერთსაინტერესო საკითხებზე,
სურვილი აქვთ რა ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებას, განავითარონ თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, ტექნიკისა და სხვა სფეროებში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,
გამომდინარე იმ დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც აქვს ორივე სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებზე, რომელთა მონაწილენიც ისინი არიან,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები მართავენ კონსულტაციებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ურთიერთსაინტერესო საკითხებზე.
მხარეები, ურთიერთმორიგების საფუძველზე, კონკრეტულ საკითხთა განხილვის მიზნით ქმნიან საექსპერტო ჯგუფებს.
მუხლი 2
მხარეებს განზრახული აქვთ გამართონ კონსულტაციები, აზრთა გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა შემდეგი მიმართულებებით:
ა) პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კულტურისა და სხვა ურთიერთსაინტერესო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება;
ბ) სხვადასხვა დარგში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების დადების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა, აგრეთვე ორმხრივი თანამშრომლობის შესაბამისი მექანიზმების (შერეული კომისიები, ქვეკომისიები და სხვა) შექმნა;
გ) ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მექანიზმების შესრულება;
დ) დიპლომატიური, საკონსულო და სავაჭრო წარმომადგენლობების გაცვლა;
ე) თანამშრომლობა საკონსულო საკითხებში, საკონსულო შეთანხმების დადება, იმ ღონისძიებების შეთანხმება, რომელთა მიზანია მოქალაქეთა შორის კონტაქტების პრაქტიკის გამარტივება, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების მიზნით;
ვ) გლობალური საკითხებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ევოლუცია;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედების, აგრეთვე რეგიონალური და სუბრეგიონალური თანამშრომლობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობა;
თ) სხვა ურთიერთსაინტერესო საკითხები.
მუხლი 3
მხარეები ითანამშრომლებენ და გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში პოზიციების შეთანხმების მიზნით.
მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას.
მუხლი 4
მხარეები შექმნიან დიპლომატიური სამსახურების ურთიერთქმედების გაღრმავებისა და მათ შორის შეთანხმებული ფორმებით გამოცდილების გაზიარების გაფართოების პირობებს.
მუხლი 5
მხარეები ითანამშრომლებენ მესამე ქვეყნებში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების დონეზე.
მუხლი 6
ეს ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. ოქმის მოქმედება წყდება ექვსი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი მხარე მეორე მხარეს შეატყობინებს თავის გადაწყვეტილებას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში 1996 წლის 8 მარტს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (ხელმოწერილია) |
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის კომენტარები