საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 20/11/2018
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016472
0
20/11/2018
ვებგვერდი, 20/11/2018
000000000.00.00.016472
საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) პირველი მუხლის 26 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27 პუნქტი:

„27. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.“.

 

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ექვემდებარება მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას. აღნიშნული ლიცენზია წარმოადგენს სარგებლობის ლიცენზიის სახეს. აღნიშნული კანონის შესაბამისად, სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობაა, რომელიც პირს ანიჭებს სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლებას და იგი გაიცემა აუქციონის წესით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რაც გულისხმობს ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემას. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღება წარმოადგენს ფორმალურ პროცედურას, ვინაიდან იგი ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია განახორციელოს მგზავრთა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით მომსახურება. ხოლო, პირდაპირი წესით ლიცენზიის გაცემა ვერ განხორციელდება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მთავრობას შეუძლია პირდაპირი წესით გასცეს ლიცენზია მხოლოდ სამკურნალო ტალახისა და მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვებისთვის. გარდა ამისა, აუქციონის წესით გაცემა დაკავშირებულია დროის ხანგრძლივ პერიოდთან და სათანადო პროცედურების განხორციელებასთან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტროპოლიტენის საქმიანობის შეფერხება. ასეთ შემთხვევაში, კი ზიანი ადგება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს. ამასთან, თბილისის მეტროპოლიტენს, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით („სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები შესახებ“ ) ეკისრება სამოქალაქო უსაფრთხოების ფუნქცია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალურ საწარმოს.

დამატებით ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ შემოთავაზებული რეგულაცია უმნიშვნელო გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისათვის დაწესებული ერთჯერადი სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა მცირეა და, ამასთან, ასეთი ლიცენზია გაიცემა ხანგრძლივი ვადით (საშუალოდ 20 წლით).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თუ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ .

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია კანონმდებლობაში ფორმალური პროცედურების გაუქმება და მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესების დაცვა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას არ დაექვემდებარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

  ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის ამოქმედება არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ მოცულობით, რაც დადგენილია ასეთი ლიცენზიის მოსაკრებლით განსაზღვრული ოდენობით (200 ლარი). საგულისხმოა ის გარემოება, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელებული აქვს 20 წლის ვადით და მომდევნო 20 წლის განმავლობაში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევდა;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ არ მოუწევს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;

გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

  დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

  ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო.

  ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

 

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5  პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4  პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს.

[ 2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5  პუნქტებისა და 24-ე მუხლის 23-ე−241 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას. (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან) ]

2 1 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

[2 1 . (ამოღებულია 20.07.2018, №3218). (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან)]

2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

[2 2 . (ამოღებულია 20.07.2018, №3218). (ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან)]

2 3 . ამ კანონის 24-ე მუხლის 17 1 −17 5 და 27-ე − 27 4  პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2 4 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.

2 5 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

26. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე.

3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით.