დებულება „სოციალური დახმარების განყოფილების შესახებ“

დებულება „სოციალური დახმარების განყოფილების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 11/11/1993
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/11/1993
სარეგისტრაციო კოდი 080.012.000.010
14
11/11/1993
გაურკვეველი, -, 11/11/1993
080.012.000.010
დებულება „სოციალური დახმარების განყოფილების შესახებ“
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს კოლეგიის

1993 წლის 11 ნოემბრის №14 დადგენილებით

მინისტრი ვ. გუჯაბიძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სოციალური დახმარების განყოფილების შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. სოციალური დახმარების განყოფილება არის საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ერთობლივი დაქვემდებარების დაწესებულება, რომელიც იქნება მათი ურთიერთშეთანხმებით. ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ საკითხის გადაწყვეტა ხდება ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან შეთანხმებით.

2. განყოფილების სტრუქტურას ურთიერთშეთანხმებით ამტკიცებენ ადგილობრივი მმართველობა და შრომისა და სოციალური დაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო. წყვეტენ განყოფილებისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებისა და საკადრო საკითხებს; განყოფილების გამგეს ნიშნავს ადგილობრივი მმართველობა, ხოლო შემდეგ თავის კოლეგიაზე ამტკიცებს სამინისტრო.

3. სოციალური დახმარების განყოფილება:

– ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებებითა და ინსტრუქციებით, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებებით და სხვა ნორმატიული აქტებით;

– წყვეტს შრომისუუნარო, ნაკლებადუზრუნველყოფილი პენსიონერის მარტოხელად მიჩნევის საკითხს – მისთვის მომვლელის საჭიროების თაობაზე სამედიცინო დასკვნის და საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის საფუძველზე.

4. მარტოხელად შეიძლება მიჩნეული იქნას საპენსიო ასაკის მოქალაქე, აგრეთვე მოხუცებული და ინვალიდი პენსიონერები: ცოლ-ქმარი, და-ძმა, დედა-შვილი  მამა-შვილი, თუ ისინი შრომისუუნარონი  არიან და არ ჰყავთ იურიდულად ვალდებული შრომისუნარიანი მომვლელი – მშობელი, შვილი, და-ძმა და სხვა.

5. ფსიქიურად დაავადებული და ინფექციური ავადმყოფები მიწაზე მომსახურებაზე არ აიყვანებიან.

II. სოციალური დახმარების განყოფილების ამოცანა

4. სოციალური დახმარების განყოფილება ადგილობრივი მმართველობითი ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფია და მის ამოცანას წარმოადგენს:

 ყველა სახის პენსიის და დახმარების მიმღებთა სოციალური დაცვა; მათი სამკურნალო საგზურებით. გადასაადგილებელი საშუალებებით და პროთეზებით უზრუნველყოფა;

– მარტოხელა შრომისუუნარო და ნაკლებადუზრუნველყოფილ /შემდგომში შემოკლებით იხმარება – მარტოხელა/ პენსიონერთა საბინაო-საყოფაცხოვრებო, სანიტარულ-ჰიგიენური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა და მორალური თანადგომა;

– საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით განსხვავებულ საზოგადოებრივ, არასახელმწიფოებრივ და სხვა-დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტის დამყარება, ყველა სახის საქველმოქმედო შემოწირულობათა თავმოყრა და წარმართვა დაუცველი ფენის პრობლემის მოსაწესრიგებლად.

III. სოციალური დახმარების განყოფილების

ორგანიზაციული წყობა და მოვალეობანი

5. სოციალური დახმარების განყოფილება:

– იქმნება ამ დებულების პირველი პუნქტის შესაბამისად რესპუბლიკის ყველა ქალაქსა და რაიონში, თუ იქ აღრიცხულია ბინაზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არანაკლებ 80 მარტოხელა პენსიონერი და მისი ხელმძღვანელობისათვის ინიშნება განყოფილების გამგე; მარტოხელათა მომსახურებისათვის გამოიყოფა სოცმუშაკის შტატები ამ დებულებით დადგენილი ნორმატივის შესაბამისად. სხვა შემთხვევაში სოციალური დახმარების განყოფილების წინაშე მდგომ ამოცანებს წყვეტს სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელსაც ამ მიზნით სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გამოეყოფა სოცმუშაკის შტატები;

– თუ ემსახურება 150 და მეტ მარტოხელას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შეიძლება დაშვებული იქნას გამგის მოადგილის საშტატო ერთეული;

– საზღვრავს სოციალური დახმარების მუშაკის სამუშაოს მოცულობას 8-10 მარტოხელას მომსახურებით, ხოლო უმცროსი სამედიცინო  დისას  – 5 – 7 მწოლიარე მარტოხელას მომსახურებით;

– წარმართავს თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, თუ აქვს იურიდიული პირის სტატუსი, ხსნის საჭირო ანგარიშებს ბანკში საქველმოქმედო შემოწირულობათა კოორდინაციისათვის, აქვს შტამპი და ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და განყოფილების სრული დასახელებით;

– შედის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების შემადგენლობაში, თუ არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი;

– ფინანსირდება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებიდან – ღონისძიებათა ხარჯებიდან – როგორც არამმართველობითი სტრუქტურა;

– ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მმართველობის და დარგობრივი სამინისტროს წინაშე და პერიოდულად უდგენს მათ ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;

– სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებასთან შეთანხმებით წყვეტს ინვალიდთა და პენსიონერთა სოციალური დაცვისა და სხვა პრობლემებს;

– ახორციელებს პენსიონერთა და სხვა გარკვეული კატეგორიის პირთა ბინაზე სოციალურ დახმარებას; უფასო დახმარებას უწევს მარტოხელად მიჩნეულ პენსიონერებს. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულებას აფორმებს ფასიან მომსახურებაზე, რომელშიც ხელშეკრულების დამდები მხარეები განსაზღვრავენ მომსახურებისა და ანაზღაურების პირობებს;

– იღებს ყველა ორგანიზაციიდან პენსიონერთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.

IV. სოციალური დახმარების განყოფილების უფლება-ვალდებულებები

6. სოციალური დახმარების განყოფილებას უფლება აქვს:

– უფასოდ მოემსახუროს მხოლოდ მარტოხელა პენსიონერს, ხოლო სხვა შემთხვევაში პენსიონერის მომსახურებით დაინტერესებულ სხვა იურიდიულ პირთან ფასიან მომსახურებაზე; ხელშეკრულებაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას პენსიონერის უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები;

– განსაზღვროს მომსახურების და მისი ანაზღაურების პირობები;

– ორგანიზაცია გაუკეთოს პენსიონერთა და ინვალიდთა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება-გამოყენებას;

– დააყენოს საკითხი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წინაშე ისეთი სახის სტრუქტურული დაწესებულების გახსნის თაობაზე, რომლის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმართული იქნება მარტოხელა და სხვა პენსიონერთა ინტერესების სასარგებლოდ;

– მოახდინოს საქველმოქმედო და სხვა ორგანიზაციების ფულადი მატერიალური შემოწირულობების თავმოყრა. განაწილება-გაცემა პენსიონერებზე მათი მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გათვალისწინებით.

7. სოციალური დახმარების განყოფილება ვალდებულია:

– განახორციელოს ინვალიდის შრომითი მოწყობის ღონისძიებები სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შრომითი რეკომენდაციის თანახმად; იზრუნოს ინვალიდთა სწავლებასა და პროფესიულ გადამზადებაზე სპეციალიზებულ სასწავლებლებსა თუ სხვა დაწესებულებებში;

– კონტროლი დააწესოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიების რეკომენდაციების მიმართ ინვალიდთა შრომის პირობების შესაბამისობაზე; 

– თვალყური ადევნოს პენსიონერთა და ინვალიდთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს; მოამზადოს წინადადებები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ამ კონტიგენტისათვის მათი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ;

– განახორციელოს მზრუნველობითი ფუნქციები იმ ქმედითუუნარო პირთა მიმართ, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ მზრუნველობა;

– აღრიცხოს ის პირები, რომლებიც პროთეზირებას საჭიროებენ საჭიროებენ და დაეხმაროს მათ საპროთეზოორთოპედიული ნაკეთობების მიღებაში;

– აღრიცხოს ომისა და სხვა ინვალიდები და სამედიცინო დასკვნების შესაბამისად დაეხმაროს მათ გადაადგილების საშულებებით /ავტომანქანა. მოტოეტლი, ოჯახის სავარძელ-ეტლი, ველო-ეტლი, ყავარჯენი, ხელჯოხი და სხვა/ უზრუნველყოფაში;

– გააფორმოს საჭირო დოკუმენტაცია პენსიონერის მოხუცებულთა და ინვალიდთა პენსიონატში მოსათავსებლად, ოჯახის წევრების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დახმარებით უზრუნველყოს მათი პანსიონატში გადაყვანის ორგანიზაცია;

– უზრუნველყოს პენსიონერები და ინვალიდები სანატორიულ-საკურორტო საგზურებით და თვალყური ადევნოს მათი გამოყენების სისწორეს.

V. სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომელთა

უფლება-მოვალეობანი

ა/ სოციალური დახმარების განყოფილების გამგე:

– უნდა იყოს უმაღლესი განათლებით და აკმაყოფილებდეს სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

– ხელმძღვანელობს და პასუხს აგებს განყოფილების მთელ საქმიანობაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, იღებს ზომებს ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა და მითითებათა შესრულების ორგანიზაციისათვის;

– იღებს სამუშაოზე და ითხოვს სამუშაოდან, დადგენილი წესით, თანამშრომლებს დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად; უქმნის მათ ნორმალურ სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათ საჭირო ინვენტარით;

– განაგებს კრედიტს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;

– ხსნის განყოფილების სპეციალურ ანგარიშს საქველმოქმედო შემოწირულობათა თავმოყრისათვის და განაგებს ამ სახსრების დანიშნულებით გამოყენების საქმეს;

– კოორდინაციას უწევს თავის რაიონში საზოგადოებრივი, არასახელმწიფოებრივი და სხვა სტრუქტურების მოქმედებას სოციალური მომსახურების სფეროში;

– იღებს მთხოვნელებს, იხილავს და წყვეტს მათ განცხადება-საჩივრებს;

– აფორმებს ხელშეკრულებებს დაინტერესებულ იურიდიულ პირებთან პენსიონერთა ფასიან მომსახურებაზე;

-აწესრიგებს მარტოხელათა აღრიცხვიანობას, საჭირო შემთხვევაში წყვეტს მათთვის ინდივიდუალური მომსახურების საკითხს;

– აწესრიგებს მარტოხელა პენსიონერის მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატში გადაყვანის საკითხს;

– ზრუნავს მარტოხელათა ტერიტორიული ცენტრების, ფასიანი, შეღავათიანი ფასით ან უფასო მომსახურების მცირე პანსიონატების მოწყობისათვის;

– იცავს პენსიონერთა და ინვალიდთა საგზურებით უზრუნველყოფის წესებს;

– აწესრიგებს გადაადგილების საშუალებათა საჭიროების მქონე ინვალიდთა აღრიცხვიანობას;

– აკონტროლებს ინვალიდთა შრომის პირობებს; ორგანიზაციას უკეთებს მათ პროფესიულ გადამზადებას და დასაქმებას;

– აწესრიგებს ინვალიდთა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმით უზრუნველყოფის საკითხებს;

– ორგანიზაციას უკეთებს გარდაცვლილი მარტოხელის  დაკრძალვას მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დახმარებით, აგრეთვე გარდაცვლილის დანაზოგით და პირადი ქონების რეალიზაციიდან მიღებული სახსრებით.

ბ/ სოციალური დახმარების განყოფილების გამგის მოადგილე:

– უნდა იყოს უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური განათლებით;

– გამგის ან ყოფნის დროს ასრულებს ის მოვალეობას;

– ასრულებს გამგის მიერ მისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს, მათ შორის პენსიონერთა და ინვალიდთა გადასაადგილებელი საშუალებებით, პროთეზირებით, საგზურებით და სხვა დახმარებების გაწევის ორგანიზაციაში;

– ცვლის დროებით არმყოფ სოციალური დახმარების მუშაკს;

– წყვეტს მარტოხელა მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გ/ სოციალური დახმარების მუშაკი:

– უნდა აკმაყოფილებდეს სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარის მოთხოვნებს;

– ასრულებს განყოფილების გამგის ბრძანებით განსაზღვრულ ფუნქციას, ბინაზე ემსახურება 8-10 მარტოხელას და ხელშეკრულების შესაბამისად უსრულებს მათ მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემებთან და პირადი ჰიგიენის მოწესრიგებასთან / აბანო-საპარიკმახერო მომსახურება, ბინის დალაგება და სხვა/ დაკავშირებულ დავალებებს, უწევს მორალურ თანადგომას, ეწევა მიმოწერას მათ ახლობლებთან, მეგობრებთან, ნახულობს მათ კვირაში არანაკლებ ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში მეტჯერაც; აქვს მარტოხელებთან ურთიერთობის აღრიცხვის რვეული;

– კონტაქტს ამყარებს შრომით კოლექტივებთან, სადაც ადრე მარტოხელები მუშაობდნენ, ვეტერანთა ორგანიზაციებთან, წითელი ჯვრის საზოგადოებასთან , სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ფონდებთან და სხვა დაწესებულებებთან მათთვის საჭირო საკითხების გადასაწყვეტად;

– ავლენს ბინაზე მომსახურების საჭიროების მქონე კონტიგენტს, ეხმარება მათ აღრიცხვაზე ასაყვანად საჭირო საბუთების შეგროვებაში, წერს დასკვნას მარტოხელას ოჯახური მდგომარეობისა და სხვა მონაცემების შესახებ და მომსახურებაზე ჩარიცხვის ბრძანების გაფორმების შემდეგ ქმნის მისი სოციალური დახმარების პირად საქმეს;

– ორგანიზაციას უკეთებს სამედიცინო დახმარებას, უბნის ექიმის მითითებით გადაჰყავს საავადმყოფოში, აკითხავს იქ და უსრულებს სხვადასხვა დავალებებს;

– ეხმარება მარტოხელას საცხოვრებელი ბინის ზამთრისათვის მომზადებაში, საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაში და ა. შ.

– ეხმარება მეურვეობის ან მზრუნველობის დასაწესებლად, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლში გადასაყვანად საბუთების გაფორმებაში;

– მონაწილეობს გარდაცვლილი მარტოხელას დაკრძალვაში;

– პერიოდულად თვითონ გადის სამედიცინო შემოწმებას.

VI. სოციალური დახმარების განყოფილების საქმიანობის კონტროლი

– სოციალური დახმარების განყოფილების საფინანსო-სამეურნეო, საქველმოქმედო საქმიანობას აკონტროლებენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი სამსახურის და დარგობრივი სამინისტრო; შემოწმების შედეგები განიხილება ურთიერთშეთანხმებით.

VII. მარტოხელა მოქალაქის უფლება-მოვალეობანი

ა/ მარტოხელას უფლება აქვს:

– დადოს ხელშეკრულება სოციალური დახმარების განყოფილებასთან მოვლის პირობების გათვალისწინებით;

– მოითხოვოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების აუცილებელი შესრულება.

ბ/ მარტოხელა მოვალეა:

– თვით შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში იხსნება მომსახურებიდან;

– დაუყოვნებლივ განუცხადოს სოციალური დახმარების განყოფილებას მის სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებების შესახებ.

VIII. სოციალური დახმარების განყოფილების საქმისწარმოება

1. სოციალური დახმარების განყოფილების საქმისწარმოებას წარმართავს ამისათვის გამოყოფილი თანამშრომელი.

2. სოციალური დახმარების განყოფილებაში უნდა იყოს:

– სოცდახმარების განყოფილების დებულება, ინსტრუქციები, წესდებები;

– მარტოხელათა მომსახურებასთან დაკავშირებული კანონები, დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები;

– ბრძანების წიგნი;

– თანამშრომელთა პირადი საქმეები;

– მომსახურებაზე აყვანილ მარტოხელათა პირადი საქმეები / თითოეულზე ცალ-ცალკე/;

– მომსახურებაზე აყვანილთა და მსურველთა აღრიცხვის ჟურნალები;

– განცხადება-საჩივრების აღრიცხვა-რეაგირების ჟურნალები და საქმეები;

– ხელშეკრულებები სხვადასხვა ორგანიზაციებთან საქველმოქმედო საქმიანობაზე;

– საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაცია, მათ შორის სოციალური დახმარების განყოფილების ბიუჯეტი;

– სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია.

IX. სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის წესი

1. სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაცია ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით თუ რაიონში /ქალაქში/ არ არის პენსიონერთა სოციალური დახმარების საჭიროება.

2. სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ფუნქციები გადაეცემა სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას.

                 

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა

და სოციალური დაცვის სამინისტროს

იურიდიული განყოფილების უფროსთან                               მ. დავითულიანი 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახური