საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 11/11/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016530
0
11/11/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
000000000.00.00.016530
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

  პროექტი

             საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

     მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 12.10.2010. სარეგისტრაციო კოდი: 200000000.05.001.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს „ყ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.’’

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                 სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, იქმნება სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც განახორციელებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობას, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ზემოაღნიშნულ ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობით ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც შედის იმ სუბიექტების ჩამონათვალში, რომელსაც საგადასახადო ორგანო აწვდის იდენტიფიცირებულ ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან ვინაიდან ბაზარზე ზედამხედველობას წარმოდგენილი ცვლილების თანახმად განახორციელებს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, მიზანშეწონილია მიენიჭოს საგადასახადო ორგანოს მხრიდან იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიღების უფლება.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება საგადასახადო ორგანომ მიაწოდოს ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ, შესაბამისად სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ამ უფლების მინიჭებისათვის, საჭიროა აღნიშნულ საკანონმდელო აქტში ცვლილების შეტანა.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია გადასახადის გადამხდელების შესახებ.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

იმისათვის, რომ პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდეს ეფექტიანად, მიზანშეწონილია აღნიშნული რეგულაციების შესაძლო მოკლე ვადაში ძალაში შესვლა. შესაბამისად, პროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვარი. ამასთან პროექტი ითვალისწინებს ამ დრომდე გარდამავალი დებულებების შესრულებას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამომდინარეობს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით მოთხოვნიდან, როგორც აღნიშნული პროექტის გამომდინარე კანონპროექტი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს ან მოსაკრებელს.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;

კანონპროექტი       არ        ეწინააღმდეგება         საქართველოს ორმხრივ        და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.