საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
23/12/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 13.06.1997, №768)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას, რომლიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და მისი შესრულების კონტროლს.

მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და მის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცენტრალური აპარატის, ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებისა და ქალაქებსა და რაიონებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით.

მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური შედის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანოების სისტემაში და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური და მისი ორგანოები ადგილებზე თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონებით, საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით, აგრეთვე თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში ‒ ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების დადგენილებებით და ამ კანონით.

მუხლი 5. საგადასახადო სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისას სათანადო წესით თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებთან.

თავი II

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების ამოცანები და მოვალეობანი

მუხლი 6. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ამოცანაა საგადასახადო პოლიტიკის გატარებისა და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი გადასახადების და სხვა სავალდებულო გადასახდელების სწორად გაანგარიშებაზე და მათ შესაბამის ბიუჯეტებსა და არასაბიუჯეტო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი.

მუხლი 7. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებს ევალებათ:

1. დააწესონ კონტროლი, მათი საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე უცხოური ინვესტიციებით  შექმნილი საწარმოების, საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების, უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე.

2. უზრუნველყონ გადამხდელების და ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადებისა და სხვა გადასახდელების აღრიცხვა, კონფისკებული, უპატრონო, მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოს განკარგულებაში გადასული ქონებისა და განძეულობათა აღრიცხვა, შეფასება და მათი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვა.

3. მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის შემოსავლის პროგნოზირებაში და უზრუნველყონ შესაბამის ორგანოებში სათანადო მონაცემების წარდგენა ბიუჯეტში ფაქტობრივი შემოსავლის შესახებ.

4. უზრუნველყონ გადასახადებსა და სხვა სავალდებულო გადასახდელებზე მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ გადამხდელებისა და მოსახლეობის ინფორმირება.

 

თავი III

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა უფლებები

მუხლი 8. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირის მათზე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფისათვის უფლება აქვთ:

1. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შემოწმების მიზნით პირადობის მოწმობის წარდგენით შესაბამისი დავალების (ბრძანების) საფუძველზე შევიდნენ და დაათვალიერონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული და მის იურისდიქციაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო ობიექტები და სხვა ნებისმიერი შენობები, რომლებიც გამოიყენება შემოსავლის ან მოგების მისაღებად.

2. მიიღონ და შეამოწმონ სამინისტროების, დაწესებულებების, საწარმოების, ფიზიკური პირების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ‒ საკრედიტო დაწესებულებების საბუღალტრო ბალანსები, შემოსავლის დეკლარაციები, ფულადი დოკუმენტები, საბუღალტრო დავთრები, ანგარიშები, ხარჯთაღრიცხვები და სხვა დოკუმენტები რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლის, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გამოანგარიშებასთან და ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში გადახდასთან, აგრეთვე მიიღონ ახსნა-განმარტებანი, ცნობები და მონაცემები შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

3. საჭიროების მიხედვით შემოწმების დროს, მოგების (შემოსავლის) და დაბეგვრის სხვა ობიექტების სრულად განსაზღვრის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად აღწერონ და გამოიკვლიონ გადამხდელთა (მათ შორის ფიზიკური პირების) საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო, სამსახურებრივი შენობები და გადამხდელთა ქონების შენახვისა და გამოყენების სხვა ადგილები, რომლებიც განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისათვის და შემოსავლის მისაღებად ან დაკავშირებულია გადასახადით დასაბეგრ ობიექტებთან, აგრეთვე მოსახლეობისათვის განკუთვნილი საქონლის (პროდუქციის, მომსახურების, სამუშაოს) რეალიზაციიდან ამონაგები თანხების სრულად აღრიცხვისა და მოგების (შემოსავლის) სწორად განსაზღვრის დადგენის მიზნით ჩაატარონ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია და შეამოწმონ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფასებისა და ტარიფების გამოყენების საკითხი.

4. მოსთხოვონ შესამოწმებელი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და სხვა თანამდებობის პირებს, აგრეთვე მოქალაქეებს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევათა აღმოფხვრა და გააკონტროლონ შესრულება.

5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შეაჩერონ ბანკებსა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებში იურიდიული და ფიზიკური პირების საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების (მათ შორის სავალუტო ანგარიშის) მიხედვით ფულადი სახსრების გაცემის, გადარიცხვის და ჩამოწერის ოპერაციები, თუ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებსა და მათ თანამდებობის პირებს არ წარუდგენენ ან უარს ეტყვიან საბუღალტრო ანგარიშების, ბალანსების, გაანგარიშების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების წარდგენაზე, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გამოანგარიშებასა და გადახდასთან, აგრეთვე ფასებისა და ტარიფების დადგენასა და გამოყენებასთან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც არ წარმოებს ან არასწორად წარმოებს საბუღალტრო აღრიცხვა.

6. ამოიღონ იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოგების (შემოსავლის) და დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტები. საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან 6 თვის განმავლობაში განზრახ თავის არიდებისათვის დროებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე უფლება აქვთ შეაჩერონ იურიდიული და ფიზიკური პირების სამეურნეო საქმიანობა.

7. ფულადი სახსრების არარსებობის შემთხვევაში მენარჩენე საწარმოს ქონებას დაადონ ყადაღა, აღწერაში არსებული ქონების განკარგვის აკრძალვის გამოცხადებით.

8. ყველა საწარმოსაგან უსაზღვროდ მიიღონ გადასახადების გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემები.

9. გადამხდელების მიმართ გამოიყენონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები და სავალდებულო გადახდის წესით გადაახდევინონ:

ა) გადასახადის დამალვის ან შემცირების შემთხვევაში, გადამხდელს, ძირითად გადასახადთან ერთად, გადახდება ჯარიმა დამალული ან შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ამ პუნქტით გათვალისწინებული სანქციები მოქმედებს აგრეთვე საგადასახადო განაკვეთებისა და საგადასახადო შეღავათების უსწოროდ გამოყენების შემთხვევაში.

უცხოური ვალუტით მიღებული მოგების (შემოსავლის) დამალვის ან შემცირების შემთხვევაში, მოგების (შემოსავლის) თანხა გადაიანგარიშება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.

დამალულად ან შემცირებულად ითვლება გადასახადით დასაბეგრი ის ობიექტი, რომელიც ასახული არ არის სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში წარდგენილ საბუღალტრო ანგარიშებში, ბალანსებში, გაანგარიშებებსა და დეკლარაციებში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვის უქონლობა და მიღებული ამონაგების (შემოსავლის), ხარჯებისა და დასაბეგრი ობიექტების ღირებულების მოცულობის საბუღალტრო დოკუმენტში უსწოროდ აღრიცხვა, რის შედეგადაც გადასახადები და გადასახდელები ბიუჯეტში სრული ოდენობით არ ჩაირიცხება;

ბ) საგადასახადო ორგანოებში საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, გაანგარიშებების, დეკლარაციების და გადასახდელების გამოსაანგარიშებლად საჭირო სხვა დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენისათვის ფინანსური სანქციის სახით გადასახდელი თანხის 10 პროცენტი, ხოლო ამ დოკუმენტების საგადასახადო ორგანოებში 30 დღეზე მეტი ხნით დაგვიანებისათვის გადამხდელს დაარიცხონ საურავი ყოველი დაგვიანებული დღისათვის გადასახდელი თანხის 1 პროცენტის ოდენობით;

გ) ბანკებში და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში საგადასახადო დავალების წარუდგენლობის ან მათი დაგვიანებით წარდგენისათვის ‒ შესაბამისი ვადისათვის გადასახდელი თანხის 2 პროცენტი;

დ) ყველა ცალკეულ შემთხვევაში, რეალიზაციის ეტაპზე სათანადო წესით გაუფორმებელი საქონლის, აგრეთვე შემოწმების დროს გამოვლენილი და დადგენილ ვადაში საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი მატერიალური ფასეულობებისა და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობების მთლიანი ღირებულება;

ე) გადასახადების, მოსაკრებლების ან ბაჟის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადამხდელს გადაახდევინონ საურავი დროულად გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით, თუ გადასახადის და ბაჟის შესახებ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის საურავის სხვა ოდენობა.

ამასთან დამალული (შემცირებული) დასაბეგრი ობიექტის მიხედვით გაანგარიშებულ გადასახდელ თანხაზე საურავის დარიცხვა ხდება იმ დროიდან, როდესაც უნდა გადაეხადათ ეს გადასახადები;

ვ) გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების (მათ შორის სავალუტო ანგარიშების) მიხედვით გასავლის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობის, აგრეთვე, საგადასახადო სამსახურების (ასევე გადამხდელების) დავალებებით თანხების უდავო წესით ჩამოწერის დარღვევის შემთხვევაში, ბანკებსა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებს ფინანსური სანქციის სახით გადაახდევინონ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) შესრულებული გასავლის ოპერაციების საერთო თანხის 10 პროცენტი და საურავი ჩაურიცხავი (დაგვიანებით ჩარიცხული) თანხის 0,5 პროცენტის გადახდით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ზ) საკანონმდებლო აქტებით გათვალიწინებული სხვა სანქციები.

10. სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში წარადგინონ სარჩელი:

საწარმოთა ლიკვიდაციის ან მათი გაკოტრებულად ცნობის შესახებ;

საქონლისა და პროდუქციის კონფისკაციის შესახებ, რომელთა დამზადება აკრძალულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით ან დამზადებულია სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე;

გარიგების ბათილად ცნობისა და ასეთი გარიგებებით მიღებული მთელი შემოსავლის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდევინების შესახებ;

გაურიგებლად არაკანონიერი ქმედებით მთელი შენაძენის ღირებულების ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების შესახებ;

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისას, რის შედეგადაც ადგილი აქვს გადასახადებისა და სხვა გადასახდელების დიდი ოდენობით დამალვისა და გადაუხდელობის ფაქტებს, აგრეთვე საგადასახადო ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების დროს.

11. ადმინისტრაციული ჯარიმები დაადონ:

ა) საწარმოთა ხელმძღვანელებსა და მეწარმეებს, რომლებმაც დაარღვიეს სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში გადასახადების გადასახდელად აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი წესი ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით;

ბ) საწარმოთა ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს რეგისტრაციის გარეშე ან ეწევიან კანონით აკრძალულ საქმიანობას, აგრეთვე უნებართვოდ ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობით, ასეთი საქმიანობიდან მიღებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციიდან მიღებული მთელი ამონაგების დადგენილი წესით ბიუჯეტში ჩარიცხვით;

გ) ინდივიდუალურ მეწარმეებს და მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით შემოსავლისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის უქონლობაში, ან დადგენილი წესის დარღვევით მის წარმოებაში, აგრეთვე შემოსავლის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოებში წარუდგენლობასა ან დაგვიანებით წარდგენაში და მასში შეტანილი მონაცემების დამახინჯებაში ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ხუთმაგი ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან 12 თვის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორებით ჩადენისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით;

დ) საწარმოთა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მოგების (შემოსავლის) და დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვაში ან შემცირებაში, გადასახადებისა და სხვა ობიექტების დამალვაში ან შემცირებაში, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გაანგარიშებაში, მოქალაქეთა შემოსავლიდან გადასახადების არასწორად დაკავებაში ან დაკავებული თანხების ბიუჯეტში არასრულად და დაგვიანებით გადარიცხვაში, საბუღალტრო აღრიცხვის უქონლობაში ან დადგენილი წესის დარღვევით მის წარმოებაში; საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების, საგადასახადო გაანგარიშებების, დეკლარაციების, გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტების წარუდგენლობაში, დაგვიანებით ან დაუდგენელი ფორმით წარდგენაში; გადასახადის გადასახდელად საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის დადებიდან 12 თვის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორებით ჩადენისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობით;

ე) საწარმოთა თანამდებობის პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს და მოქალაქეებს, რომლებიც არ ასრულებენ კანონმდებლობიდან გამომდინარე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებისა და მათი თანამდებობების პირთა მოთხოვნებს ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით;

ვ) ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და თანამდებობის პირებს;

საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელების საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნისათვის და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობისათვის, ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობისათვის და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობისათვის, ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების შესამოწმებლად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაუშვებლობისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ხუთმაგი ოდენობით;

გადამხდელთა ანგარიშების მიხედვით გასავლის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით, ხოლო 12 თვის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორებისას ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობით;

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მოთხოვნის შესაბამისად საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მონაცემების წარუდგენლობისათვის ‒ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ნოემბრის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №21-22, 30/11/1994წ.
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 15 ივნისის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №27-30, 30/06/1995წ.
საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, № 1-2(33-34/7) , 22/01/1997წ.

მუხლი 9. ამ კანონის მე-8 მუხლის 1-4, მე-7, მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები ენიჭებათ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირებს, ხოლო მე-8 მუხლის მე-5, მე-6, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები ენიჭებათ მხოლოდ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, და მათი რეალიზება ხდება სათანადო დადგენილების მიხედვით.

მუხლი 10. ზემდგომ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გააუქმოს ქვემდგომი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გადაწყვეტილებანი კანონმდებლობასთან მათი შეუსაბამობის შემთხვევაში.

მუხლი 11. დაუშვებელია სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთათვის იმ ფუნქციების შესრულების დაკისრება, რომელიც ამ კანონითა და საგადასახადო სისტემის შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით არ არის განსაზღვრული.

მუხლი 12. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ფუნქციებში ჩარევა აკრძალულია.

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობენ მხოლოდ კანონებით.

თავი IV

სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

მუხლი 13. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურსა და მის ორგანოებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადამხდელთა სრული აღრიცხვისათვის, გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების სწორად გამოანგარიშების, ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდში მათი სრული და დროული ჩარიცხვისათვის და გადამხდელთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის კონტროლის მიზნით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური შემოწმების მოწყობისათვის.

მუხლი 14. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების თანამდებობის პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კანონმდებლობით დადგენილი კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე ფიზიკურ პირთა ანაბრების მონაცემთა საიდუმლოების გამხელისათვის, რამაც გადამხდელებს მატერიალური ზარალი მიაყენა, ეკისრებათ მატერიალური, დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 15. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების თანამდებობის პირთა მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისას, რის შედეგადაც არაა უზრუნველყოფილი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მოგების (შემოსავლის) და დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების ფაქტების დადგენა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური სანქციების გამოუყენებლობის შემთხვევაში, მათ ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 16. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისას, რაც შეიძლება გამოიხატოს გადამხდელთა მიერ მოგების (შემოსავლის) და დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების ფაქტების შემოწმების აქტში შეუტანლობით, მასთან დაკავშირებული შედეგებით, ინსპექციის თანამდებობის პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

უხლი 17. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების მიერ არასწორად გადახდევინებული გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების თანხები ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების და მათი თანამდებობის პირთა მიერ არამართლზომიერი ქმედებით გადამხდელებისათვის მიყენებული ზარალი (მათ შორის ხელიდან გაშვებული სარგებელი) ანაზღაურდება დადგენილი წესით; ხოლო საგადასახადო ინსპექციის თანამდებობის პირს დაეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური თანხის ხუთმაგი ოდენობით.

მუხლი 18. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედების გასაჩივრება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი V

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

მუხლი 19. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ერთიანი სისტემა შედგება სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცენტრალური აპარატისაგან, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციებისგან ავტონომიური რესპუბლიკებში, ქალაქებსა და რაიონებში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური და მისი ორგანოები არიან იურიდიული პირები, აქვთ ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით.

მუხლი 20. საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში დანაშაულისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათი თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციაში იქმნება ოპერატიული სამსახური.

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები ექვემდებარებიან ზემდგომ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებს.

მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების თანამდებობზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, აგრეთვე კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 22. ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წარდგინებით.

მუხლი 23. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების უფროსებს ქალაქებში, რაიონებსა და ქალაქის რაიონებში ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.

მუხლი 24. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შენახვის ხარჯები იფარება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

 

თავი VI

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საქმიანობის სხვა საკითხები

მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურისა და მისი ორგანოების სამსახურებრივი შენობით, ტრანსპორტით, გამოთვლითი ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 26. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაინტერესების მიზნით იქმნება სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა სტიმულირების ფონდი შემოწმების შედეგად ფინანსური სანქციებისა და ჯარიმების სახით ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხული თანხების 30 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 27. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოთა ყველა თანამშრომელი ექვემდებარება სახელმწიფო პირად დაზღვევას საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე.

მუხლი 28. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მუშაკებს უფლება აქვთ უფასოდ იმგზავრონ სახელმწიფო საქალაქო და შიდარაიონული ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).

მუხლი 29. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებენ საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებს, ეძლევათ კომპენსაცია მოქმედი წესის შესაბამისად.

მუხლი 30. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკებს კვალიფიკაციის, დაკავებული თანამდებობისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად ენიჭებათ სპეციალური წოდება.

მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს კავშირები დაამყაროს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  

სახელმწიფოს მეთაური                                        ედუარდ შევარდნაძე.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 23 დეკემბერი.