საწარმოთა ქონების გადასახადის შესახებ

საწარმოთა ქონების გადასახადის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
24/12/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
000000000.00(0).000.000000
საწარმოთა ქონების გადასახადის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 13.06.1997, №768)

საწარმოთა ქონების გადასახადის შესახებ

მუხლი 1. ქონების გადასახადის გადამხდელები

ამ კანონის მიხედვით გადასახადის გადამხდელები არიან:

1. საწარმოები, დაწესებულებები (ბანკების და საკრედიტო დაწესებულებების ჩათვლით) და ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან იურიდიულ პირებად.

2. ზემოაღნიშნული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვესაწარმოები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში.

3. კომპანიები, ფილიალები, ნებისმიერი სხვა ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივი წარმომადგენლობების მეშვეობით.

4. ამ მუხლებში მითითებული გადასახადის გადამხდელები შემდგომში იწოდებიან „საწარმოებად“.

მუხლი 2. დაბეგვრის ობიექტი

1. გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საწარმოს ბალანსზე რიცხული არამატერიალური აქტივები, ძირითადი საშუალებები, დასადგმელი მოწყობილობა, დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობა.

მუხლი 3. გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა

1. გადასახადით დასაბეგრად გამოანგარიშებულ საწარმოთა ქონების ღირებულებას აკლდება შემდეგი სახის ქონების საბალანსო (ნორმატიული) ღირებულება:

ა) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხული საბინაო-კომუნალური და სოციალურ-კულტურული სფეროს ობიექტების;

ბ) ბუნების დაცვის და სახანძრო უსაფრთხოებისათვის გამოყენებული ობიექტების;

გ) მიმოსვლის გზების (საავტომობილო გზების ჩათვლით), კავშირგაბმულობის და ელექტროგადაცემის ხაზების;

დ) მიწების;

ე) საქართველოს რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ეტალონური და სტენდური მოწყობილობების.

მუხლი  4. საგადასახადო შეღავათები

1. ამ გადასახადით იბეგრება შემდეგი საწარმოების ქონება:

ა) საბიუჯეტო დაწესებულებების და ორგანიზაციების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების;

ბ) გამოყენებული უშუალოდ განათლებისა და კულტურის საჭიროებისათვის.

2. ახლად შექმნილი საწარმოები მათი რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადისაგან, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი უმცირდებათ 50 პროცენტით.

ოთხ წელზე ადრე ამ საწარმოთა ლიკვიდაციისას (რეორგანიზაციისას) გადასახადის გადახდა ხდება მთელი პერიოდისათვის გათვალისწინებული განაკვეთის მიხედვით.

აღნიშნული შეღავათი არ ენიჭებათ ლიკვიდირებული (რეორგანიზებული) საწარმოების ბაზაზე შექმნილ საწარმოებს.

მუხლი  5. გადასახადის განაკვეთები და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად გამოანგარიშებული საწარმოთა ქონება იბეგრება ერთი პროცენტით. გამოანგარიშებული გადასახადი ბიუჯეტებს შორის განაწილდება „საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.

2. გადასახადის თანხა გამოითვლება და ბიუჯეტში ჩაირიცხება ყოველკვარტალურად ნაზარდი ჯამით, ხოლო წლის ბოლოს ხდება გადაანგარიშება.

3. გადასახადით გამოანგარიშებული თანხა ბიუჯეტში ირიცხება აუცილებელი გადასახადების სახით პირველრიგითობის წესით მისი საწარმოს საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე მიკუთვნებით.

4. კვარტალური გაანგარიშების მიხედვით გადასახადის გადახდა ხდება ხუთი დღის ვადაში საბუღალტრო ანგარიშების წარდგენის დადგენილი დღიდან, ხოლო წლიური გაანგარიშების მიხედვით  ათი დღის ვადაში წლიური საბუღალტრო ანგარიშების წარდგენის დადგენილი დღიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე               სახელმწიფოს მეთაური   ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                          ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 24 დეკემბერი