ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 13/03/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1980
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
13/03/1980
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1980
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

სსრ კავშირის კონსტიტუციის, საქართველოს სსრ კონსტიტუციის და „ქორწინებისა და ოჯახის თაობაზე სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად, აგრეთვე ქორწინებისა და ოჯახის შესახებ კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3, მე-4, მე-5 , მე-9, 41-ე, 161-ე, 162-ე, 167-ე და 185-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობაში

საქართველოს სს რესპუბლიკაში ქალისა და მამაკაცის უფლებათა თანასწორობის შესაბამისად, რაც განმტკიცებულია სსრ კავშირის კონსტიტუციითა და საქართველოს სსრ კონსტიტუციით, საოჯახო ურთიერთობებში მათ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებები აქვთ.“

„მუხლი 4. მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობაში

საოჯახო ურთიერთობაში ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები აქვს.

დაქორწინების დროს და საოჯახო ურთიერთობაში არ დაიშვება უფლებათა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით.“

„მუხლი 5. ოჯახის დაცვა სახელმწიფოს მიერ. დედობის დაცვა და წახალისება

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს სს რესპუბლიკაში ოჯახს სახელმწიფო იცავს.

სახელმწიფო ზრუნავს ოჯახისათვის - ქმნის და ავითარებს სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაგებისა და ბაღების, სკოლა-ინტერნატებისა და სხვა საბავშვო დაწესებულებების ფართო ქსელს, აწყობს და სრულყოფს საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების სამსახურს, გასცემს დახმარებას ბავშვის დაბადების გამო, აძლევს მარტოხელა დედებსა და მრავალშვილიან იჯახებს დახმარებასა და შეღავათებს, აგრეთვე უწევს ოჯახს სხვა დახმარებასა და შემწეობას.

საქართველოს სს რესპუბლიკაში დედობა გარემოცულია საყოველთაო-სახალხო პატივისცემითა და დაფასებით, მას იცავს და წაახალისებს სახელმწიფო. დედისა და ბავშვის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია ქალის შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური ღონისძიებებით, ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქალებს შრომა შეუხამონ დედობას, დედისა და ბავშვის სამართლებრივი დაცვით, მატერიალური და მორალური მხარდაჭერით, რომლებიც საშუალებას აძლევენ ქალებს შრომა შეუხამონ დედობას, დედისა და ბავშვის სამართლებრივი დაცვით, მატერიალური და მორალური მხარდაჭერით, მათ შორის ქალებისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო ფასიანი შვებულების მიცემით და ორსული ქალებისა და დედებისათვის სხვა შეღავათების გაწევით.“

„მუხლი 9. სასარჩელო ხანდაზმულობა

სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება მოთხოვნებზე, რომლებიც გამომდინარეობენ საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით დადგენილია ვადა დარღვეული უფლების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო გამოიყენებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“

„მუხლი 41. განქორწინების დროს მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება ან შეცვლა

მეუღლეს, რომელმაც გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი ან მისი მოთხოვნით მიეკუთვნება ქორწინებამდელი გვარი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ განქორწინების რეგისტრაციის დროს.“

„მუხლი 161. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოები

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებებში, ხოლო სოფლის დასახლებულ პუნქტებში, დაბებში, იმ ქალაქებში, სადაც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება არ არის, - სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში.“

„მუხლი 162. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების კომპეტენცია

სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილებები ახდენენ დაბადების, დაქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის რეგისტრაციას, ცვლილებები, შესწორებები, დამატებები შეაქვთ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში, აუქმებენ მათ, აღადგენენ დაკარგულ სააქტო ჩანაწერებს, ინახავენ სააქტო წიგნებს და გასცემენ განმეორებითს მოწმობებს.

სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო, აგრეთვე იმ ქალაქების სამოქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები, სადაც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება არ არის, ახდენენ დაბადების, დაქორწინების, მამობის დადგენისა და გარდაცვალების რეგისტრაციას.“

„მუხლი 167. სახელმწიფო ბაჟი

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში დაბადების მამობის დადგენის, შვილად აყვანისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, მამობის დადგენის, შვილად აყვანის შემთხვევებში, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობას აქტების რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო დაბადების შესახებ აქტის ჩანაწერში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანის დროს მოწმობების გაცემა ხდება სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდევინებლად.

დაქორწინების, განქორწინების, გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის რეგისტრაციისთვის, აგრეთვე დაბადების, დაქორწინების, განქორწინების ან გარდაცვალების შესახებ აქტების ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებების, შესწორებების შეტანასა და ამ ჩანაწერების აღდგენასთან დაკავშირებით მოწმობებისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობების გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით.“

„მუხლი 185. განქორწინების რეგისტრაციის დროს მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნება

მეუღლემ, რომელსაც სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს.“

2. 22-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განქორწინებულ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა“.

3. 52-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბავშვის დედად ან მამად ჩაწერილ პირს უფლება აქვს სადავოდ გახადოს ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი. თუ ამ დროისათვის დედად ან მამად ჩაწერილი პირი არასრულწლოვანი იყო, ერთწლიანი ვადა გამოითვლება მისი თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ“.

4. 53-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „თუ დედა გარდაიცვალა“ და 190-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „დედის გარდაცვალების“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „ცნობილია არაქმედუნარიანად, მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება“ და „არაქმედუნარიანად ცნობის, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის“.  

5. 58-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მშობლები მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური განვითარებისა და სწავლებისთვის, მოამზადონ საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომისათვის, აღზარდონ ისინი სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრებად“.

6. მე-80 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

სრულწლოვანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“.

ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მესამე და მეოთხე ნაწილებად.

7. 143-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 143. არასრულწლოვანის მეურვისა და მზრუნველის უფლებები და მოვალეობები

არასრულწლოვანის მეურვე და მზრუნველი მოვალეა აღზარდოს იგი, იზრუნოს მისი ფიზიკური განვითარებისა და სწავლებისათვის, მოამზადოს საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომისათვის, აღზარდოს ის სოციალისტური საზოგადოების ღირსეულ წევრად, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები“.

8. 163-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „და აღდგენის“ შეიცვალოს სიტყვებით     

„აღდგენისა და გაუქმების“.

9. 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილება შვილად აყვანის რეგისტრაციას ახდენს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების  გამოტანის ადგილის მიხედვით“.

10. 188-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგო რედაქციით:

„ნაშვილების გვარის, მამის სახელია და დაბადების ადგილის შეცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში შვილად აყვანის შესახებ“.

11. VI კარი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი VI

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის გამოყენება უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. ქორწინებისა და ოჯახის შესახებ უცხოეთის სახელმწიფოთა კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება.

მუხლი 194. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეების არმქონე პირთა უფლებები და მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად უცხოელი მოქალაქეები საქართველოს სს რესპუბლიკაში სარგებლობენ უფლებებით და მათ ეკისრებათ მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში საბჭოთა მოქალაქეების თანაბრად. ცალკეული გამონაკლისები შეიძლება დადგენილ იქნეს სსრ კავშირის კანონით.

საქართველოს სს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ უფლებებით და მათ ეკისრებათ მოვალეობები საქორწინო და საოჯახო ურთიერთობაში საბჭოთა მოქალაქეობის თანაბრად.

მუხლი 195. საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება უცხოელ მოქალაქეებთან და უცხოელ მოქალაქეების დაქორწინება ერთმანეთთან საქართველოს სს რესპუბლიკაში

საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება უცხოელ მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხოელი მოქალაქეების დაქორწინება ერთმანეთთან საქართველოს სს რესპუბლიკაში ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.

უცხოელ მოქალაქეთა შორის დაქორწინება, რომელიც ხდება სსრ კავშირში უცხოეთის სახელმწიფოთა საელჩოებსა ან საკონსულოებში, საქართველოს სს რესპუბლიკაში ჩაითვლება ძალამოსილად ურთიერთთანხმობის პირობით, თუ ეს პირნი დაქორწინების მომენტში იმ სახელმწიფოს მოქალაქენი იყვნენ, რომელმაც ელჩი ან კონსული დანიშნა.

მუხლი 196. საბჭოთა მოქალაქეების დაქორწინება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში, სსრ კავშირის ფარგლებს, გარეთ დაქორწინების ცნობა

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეები ქორწინდებიან სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.

იმ შემთხვევაში, როცა საბჭოთა მოქალაქეებს შორის დაქორწინება და საბჭოთა მოქალაქეების უცხოელ მოქალაქეებთან დაქორწინება ხდება სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დაქორწინების იმ ფორმის დაცვით, რომელიც დაქორწინების ადგილის კანონით არის დადგენილი, ეს დაქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ ძალამოსილად ჩათვლას ხელს არ უშლის ამ კოდექსის მე-14, მე-15, მე-18 და 43-ე მუხლებიდან გამომდინარე დაბრკოლებები.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით უცხოელ მოქალაქეთა დაქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში.

მუხლი 197. საბჭოთა მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეებთან და უცხოელ მოქალაქეთა შორის განქორწინება საქართველოს სს რესპუბლიკაში სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მომხდარ განქორწინებათა ცნობა

საბჭოთა მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეებთან, აგრეთვე უცხოელ მოქალაქეთა შორის განქორწინება საქართველოს სს რესპუბლიკაში ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით საბჭოთა მოქალაქეებსა და უცხოელ მოქალაქეებს შორის განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ განქორწინების მომენტში ორივე მეუღლე სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით საბჭოთა მოქალაქეების განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ ორივე მეუღლე განქორწინების მომენტში სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონების მიხედვით უცხოელ მოქალაქეთა განქორწინება ჩაითვლება ძალამოსილად საქართველოს სს რესპუბლიკაში.

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეს უფლება აქვს განქორწინდეს სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მეუღლესთან, მისი მოქალაქეობის მიუხედავად, საბჭოთა სასამართლოში. იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით განქორწინება დასაშვებია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში, განქორწინება შეიძლება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეების განცხადებით განქორწინების საქმეს განიხილავენ საქართველოს სსრ სასამართლოები სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს დავალებით.

მუხლი 198. მამობის დადგენა საქართველოს სს რესპუბლიკაში. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დადგენილი მამობის ცნობა

მამობის დადგენა საქართველოს სს რესპუბლიკაში მშობლებისა და ბავშვების მოქალაქეობის და მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.

ქორწინებისა და ოჯახის სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობით მამობის დადგენა დასაშვებია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში, ბავშვის მშობლებს, რომლებიც სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის სსრ კავშირის მოქალაქე, უფლება აქვს მამობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართონ სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებას.

მუხლი 199. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა. საქართველოს სს რესპუბლიკაში უცხოელ მოქალაქეთა მიერ ბავშვის შვილად აყვანა და უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებაში.

თუ მშვილებელი არ არის საბჭოთა მოქალაქე, შვილად აყვანისათვის საჭიროა მიიღოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ნებართვა.

ძალამოსილად ითვლება აგრეთვე საქართველოს სსრ მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა, როცა ეს ხდება იმ სახელმწიფოს ორგანოებში, რომლის ტერიტორიაზე ცხოვრობს ბავშვი, თუ წინასწარ მიღებულია შვილად აყვანის ნებართვა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსგან.

საქართველოს სს რესპუბლიკაში უცხოელ მოქალაქეთა მიერ საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა და აგრეთვე საქართველოს სს რესპუბლიკაში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.

საქართველოს სსრ ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების მიერ საბჭოთა მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანა ხდება ამ კოდექსის მე-13 თავით დადგენილ საერთო საფუძველზე, იმ პირობით, თუ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებობს შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვა.

მუხლი 200. მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესება სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეებზე და უცხოელ მოქალაქეებზე საქართველოს სს რესპუბლიკაში. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ დადგენილი მეურვეობის (მზრუნველობის) ცნობა

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ არასრულწლოვან და არაქმედუნარიან საბჭოთა მოქალაქეებზე, მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესება ხდება საბჭოთა კანონმდებლობით.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეებზე შესაბამისი სახელმწიფოს კანონით დაწესებული მეურვეობა (მზრუნველობა) ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ მეურვეობის (მზრუნველობის) დაწესების ან მისი ცნობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებას.

სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ უცხოელ მოქალაქეებზე შესაბამისი სახელმწიფოს კანონით დაწესებული მეურვეობა (მზრუნველობა) ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში.

მუხლი 201. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბჭოთა მოქალაქეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია ხდება სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებში.

სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს გამოიყენება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა, თუ დაინტერესებული პირნი საქართველოს სსრ მოქალაქენი არიან. თუ დაინტერესებული პირნი სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკების მოქალაქენი არიან, ან დაუდგენელია, თუ რომელი რესპუბლიკის მოქალაქენი არიან ისინი, მაშინ მათი შეთანხმებით გამოიყენება ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის კანონმდებლობა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში - საკითხს წყვეტს ის კონსული, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტს.

მუხლი 202. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დასადასტურებლად უცხოეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული დოკუმენტების ცნობა.

სსრ კავშირის მოქალაქეთა უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ შესაბამის სახელმწიფოთა კანონებით უცხოეთის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოქალაქეობრივი აქტების დასადასტურებლად გაცემული დოკუმენტები ძალამოსილად ითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში, თუ არსებობს საკონსულო ლეგალიზაცია.

მუხლი 203. უცხოეთის კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ უცხოეთის კანონების გამოყენება ან ამ კანონებზე დაფუძნებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ცნობა არ შეიძლება, თუ ასეთი გამოყენება ან ცნობა ეწინააღმდეგება საბჭოთა წყობილების საფუძვლებს.

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

ასეთივე წესი გამოიყენება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენლია სხვა წესები, რომლებიც განსხვავდება ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესებისაგან“.

12. მე-15 მუხლში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული და საქალაქო საბჭოების“, მე-16, 101-ე, 108-ე, 109-ე, 113-ე და 124-ე მუხლში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული ( საქალაქო) საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს“.

13. 32-ე, 38-ე, მე-40 და 192-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში)“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ განყოფილებაში“.

14. 110-ე მუხლში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს“ და „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს“ და „სახალხო დეპუტატთა“.

15. 111-ე, 112-ე, 113-ე და 159-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“.

16. 132-ე და 134-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო), სადაბო და სასოფლო საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო ან სასოფლო საბჭოს“.

17. 181-ე, 182-ე 183-ე და 184-ე მუხლებში სიტყვები „აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება)“ შეიცვალოს სიტყვებით „აქტების ჩამწერი განყოფილება“.

18. „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №8, მუხ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებანი:

- მე-9 მუხლს სიტყვების „მშობლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დედის გარდაცვალების, დედის არაქმედუნარიანად ცნობის, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში და აგრეთვე მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შეუძლებლობისას მამობა შეიძლება დადგენილ იქნეს მამის განცხადების საფუძველზე“ და სიტყვების „მშობელთა ერთობლივი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ბავშვის მამის“.

- მე-12 მუხლს სიტყვების „რეგისტრაცია დედის“ შემდეგ  დაემატოს სიტყვები „ბავშვის მეურვის (მზრუნველის), აგრეთვე სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ თვით ბავშვის“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                        პ. გილაშვილი

საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                    თ. ლაშქარაშვილი

თბილისი, 1980 წლის 13 მარტი