ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/05/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 30/05/1980
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
30/05/1980
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 30/05/1980
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ მიწის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ მიწის კოდექსის სსრ კავშირის კონსტიტუციასთან საქართველოს სსრ კონსტიტუციასთან და „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1980 წლის 7 იანვრის ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ მიწის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., № 7, მუხ. 124.) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის ამოცანები

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობის ამოცანებია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგება ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისათვის მიწების მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, მათი ეფექტიანობის ამაღლების პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა, საადგილმამულო ურთიერთობის დარგში კანონიერების განმტკიცება“.

2. მე-4 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მიწის სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრება

სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად მიწა სახელმწიფო საკუთრებაა მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილებაა“.

3. მე-7 მუხლში:

მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:;

„5) მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი და მისი განხორციელების წესის დადგენა“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8) მიწების გამოყენებისა და დაცვის დარგში საერთო-საკავშირო მნიშვნელობის სხვა საკითხების მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად:’

4. მე-8 მუხლს სიტყვების „გადიდების გეგმების დადგენა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მიწების გამოყენებისა და დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება“.

5. მე-12 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიწა, რომელიც კოლმეურნეობებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უვადო სარგებლობისათვის“.

6. 22-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიწათმოსარგებლენი ვალდებული არიან რაციონალურად და ეფექტიანად იყენებდნენ მიწას, უფრთხილდებოდნენ მას, მათთვის მიცემულ მიწის ნაკვეთზე არ მოიმოქმედონ ისეთი რამ, რაც შელახავს მეზობელ მიწათმოსარგებლეთა ინტერესებს“.

7. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულსა და ტორფს ამუშავებენ, ეწევიან გეოლოგიურ-სადაზვერვო, საძიებო, სამშენებლო და სხვა სამუშაოებს  მათთვის სარგებლობისათვის მიცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ან ტყის სავარგულებზე, მოვალენი არიან ამ მიწების საჭიროების განვლის შემდეგ თავის ხარჯზე გაავარგისონ ისინი ისე, რომ გამოსადეგი იყოს სოფლის, სატყეო თუ სათევზე მეურნეობისათვის, ხოლო აღნიშნულ სამუშაოთა სხვა მიწებზე წარმოების დროს - დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. მიწის ნაკვეთების გავარგისება ხდება სამუშაოთა წარმოების დროს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია -  სამუშაოთა დამთავრების შემდეგ იმ ორგანოს მიერ დაწესებულ ვადაში, რომელმაც გასცა მიწის ნაკვეთები სარგებლობისათვის, დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად“.

8. 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამრეწველო ან სხვა მშენებლობას, ამუშავებენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს, აგრეთვე აწარმოებენ ნიადაგის საფარის დარღვევასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს, მოვალენი არიან მოაცილონ, შეინახონ და მოაყარონ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა რეკულტივირებულ მიწაზე ან მცირეპროდუქტიულ სავარგულებზე“.

9. 29-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიწების მელიორაციისა და დაცვის, მინდორსაცავი ტყის გაშენების, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და სხვა ზომებს, რომელთა მიზანია მიწების ძირეული გაუმჯობესება, ითვალისწინებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა და მათ ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები, სახელმწიფო კომიტეტები, უწყებები და მიწათმოსარგებლეები“.

10. 42-ე მუხლში:

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარწყავი და ამოშრობილი მიწების, სახნავის, მრავალწლიანი ხეხილით, ვენახებით, ჩაის პლანტაციებით, კულტურული საძოვრებით, აგრეთვე სათიბებით და საძოვრებით, რომლებზეც ჩატარებულია მუშაობა მათი ძირეულად გაუმჯობესებისათვის, დაკავებული მიწის ნაკვეთების გამოყოფა არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, წყალდამცავი, დამცავი და სხვა პირველი ჯგუფის ტყეებით დაკავებული მიწის გამოყოფა ისეთი მიზნისათვის, რაც დაკავშირებული არ არის ტყის მეურნეობების წარმოებასთან, ხდება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა სახაზო ნაგებობების მშენებლობისათვის. აღნიშნული მიწების გამოყოფა მათი დროებით ხანმოკლე სარგებლობისათვის გადაცემის მიზნით დაიშვება აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების დადგენილების ანდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე“;

მესამე ნაწილს სიტყვების „მიწის გამოყენებაზე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და დაცვაზე“.

11. მეცხრე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ ა ვ ი IX

მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 48. მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანები

მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის ამოცანაა უზრუნველყოს სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეების მიერ მიწის კანონმდებლობის, მიწათსარგებლობის წესის დაცვა, მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის წარმოების სისწორე მიწის რაციონალური, ეფექტიანი გამოყენებისა და დაცვის მიზნით.

მუხლი 49. მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოები

მთელი მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა საბჭოები, მათი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები, აგრეთვე საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

12. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 59. კოლმეურნეობებისათვის მიჩენილი მიწების შემადგენლობა

მიწები, რომლებიც კოლმეურნეობებს მიცემული აქვთ მიწათსარგებლობის შესახებ სახელმწიფო აქტით, შედგება საზოგადოებრივი სარგებლობისა და საკარმიდამო მიწებისაგან. საკარმიდამო მიწები საზოგადოებრივი სარგებლობის მიწებისაგან გაიმიჯნება ადგილზე“.

13. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში მდებარე საცხოვრებელ ნაგებობაზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით გადასვლის შემთხვევაში, მემკვიდრეებს, თუ მათ არა აქვთ დადგენილი წესით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიღების უფლება, მიეცემათ სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რაც აუცილებელია ამ ნაგებობის შესანახად. ამ მიწის ნაკვეთის ოდენობას ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო“.

14. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. იმ მოქალაქეთა მიწათსარგებლობა, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში

მოქალაქეები, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალური შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, დაფუძნებულს მათსა და ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, სარგებლობენ მათთვის მიცემულ საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. ამ მოქალაქეებს საყანე მიწის ნაკვეთი ეძლევათ სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, ხოლო საკარმიდამო მიწა - დასახლებული პუნქტის მიწებიდან ამ კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.

საყანე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესსა და ნაკვეთის ოდენობას იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო“.

15. 115-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვების „სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს“.

16. 119-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამსახურო მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ მიწებიდან, რომლებიც სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, ხოლო ასეთი მიწების ნაკლებობისას - სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, სასამსახურო მიწის ნაკვეთები იმ მიწებიდან, რომლებიც საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, გამოიყოფა საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სახელმწიფო მარაგისა და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით“.

17. 130-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო მიწათმოწყობის ამოცანებია მიწების უფრო სრული, მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაცია, მიწათმოქმედების კულტურის ამაღლება და მიწების დაცვა“.

18. 131-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რაიონული დაგეგმარების სქემების საფუძველზე“.

19. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 91, 92 და 271 მუხლები:

„მუხლი 91. სახელმწიფო მმართველობა მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების თანახმად, მიწის გამოყენებისა და დაცვის დარგში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებენ სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები, აგრეთვე საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 92. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა მონაწილეობა მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში 

პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობის ორგანიზაციები, ბუნების დაცვის საზოგადოება, სამეცნიერო საზოგადოებები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე მოქალაქეები ხელს უწყობენ სახელმწიფო ორგანოებს მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონაწილეობენ მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფ საქმიანობაში მათი წესდებების (დებულებების) და სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად.

სახელმწიფო ორგანოები მოვალენი არიან ყოველმხრივ გაითვალისწინონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა წინადადებანი მიწის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისას“.

მუხლი 271. სარგებლობისათვის გადაცემული მიწების ნაკვეთების ფარგლებს გარეთ განლაგებული სატყეო და სხვა სავარგულებზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება ან შეზღუდვა

საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულსა და ტორფს ამუშავებენ, აგრეთვე აწარმოებენ სხვა სამუშაოებს, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების ფარგლებს გარეთ სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულებზე, მოვალენი არიან გაითვალისწინონ და განახორციელონ ღონისძიებები ზემოაღნიშნული უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესაზღუდავად“.

20. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის XII კარი:

„კარი XII

საერთაშორისო ხელშეკრულებები

მუხლი 156. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებაში დადგენილია საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები“.

21. მე-10-14, მე-16, მე-19, 21-ე, 30-ე, 34-ე, 36-ე, 37-ე, მე-40-47-ე, 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე-მე-60, 62-ე-65-ე, 68-ე, 69-ე, 72-ე, 74-ე-77-ე, მე-80, 81-ე, 84-ე-86-ე, 89-ე, 91-ე, 93-ე-95-ე, 97-ე, 99-ე, 101-ე, 102-ე, 104-ე, 109-ე-112-ე, 115-ე-118-ე, 122-ე, 123-ე, 126-ე, 131-ე, 133-ე, 138-ე-144-ე, 146-ე, 147-ე, 149-ე, 153-ე და 155-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ და „საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“ და „საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია“.

22. 42-ე და 133-ე მუხლებში სიტყვის „სამინისტროები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო კომიტეტები“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                       პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                 თ. ლაშქარაშვილი

თბილისი. 1980 წლის 28 მაისი