სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018503
85/ნ
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
430210000.22.022.018503
სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №85/ნ

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი



დანართი
სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება არეგულირებს სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის  (შემდგომ – კონკურსი) გამართვის, გრანტის გაცემის, პროექტების შეფასებისა და მათი განხორციელების მონიტორინგის წესებს.

2. კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული  მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია. 

3. კონკურსის წესით გრანტი გაიცემა და დაფინანსდება სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე, რის შედეგადაც პოპულარიზაცია გაეწევა და გაშუქდება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პოლიტიკური ისტორიის  განვითარების  საკვანძო თუ გარდამტეხი, თანამედროვე პერიოდისთვის   მნიშვნელოვანი მოვლენები/ფაქტები.

4. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომ – ფონდი).

5. კონკურსის დაფინანსებისათვის შესაძლებელია, (არსებობის შემთხვევაში)  გამოყენებული იქნეს დამატებით დაფინანსების სხვა წყარო.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 

გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენერალური დირექტორი –  ფონდის გენერალური დირექტორი;

ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ფიზიკურ პირთა ჯგუფი;

გ) დამხმარე პერსონალი – პირი, რომელიც ეხმარება ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფს ტექნიკური   საკითხების მოგვარებაში;

დ) თანადამფინანსებელი – საქართველოში ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც  ფონდთან ერთად აფინანსებს პროექტს;

ე) მიზნობრივი ანგარიში − პროექტის ხელმძღვანელის/პროდიუსერის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და ჩაირიცხება მხოლოდ  გრანტის სახსრები;

ვ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

ზ) პროექტის ანგარიში – ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ, გრანტის მიმღების  მხრიდან ფონდში წარმოდგენილ (ფილმის საბოლოო პროდუქტს) პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;

თ) პროექტის ბიუჯეტი –  პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

ი) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

კ) პროექტის რეჟისორი – ფიზიკური პირი ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფიდან.

ლ) პროექტის კონსულტანტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუშაობს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების თემატიკაზე და პროექტის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევს ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფს;

მ) პროექტის ხელმძღვანელი/პროდიუსერი –  უმაღლესი განათლების მქონე ფიზიკური პირი ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფიდან;

ნ)  საკონკურსო კომისია –  კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ორგანო, რომელიც განიხილავს და აფასებს კონკურსში შემოსულ პროექტებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს რანჟირებულს სიას და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;

ო) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და  ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს პროექტის განხორციელების პირობებს, მონიტორინგისა და ანგარიშგების წესს, პროექტის შეჩერების, დასრულების ან შეწყვეტის წესს;

პ) საანგარიშო პერიოდი –  საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც  გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროექტის ანგარიშს;

ჟ) სცენარის ავტორი - ფიზიკური პირი ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფიდან;

რ) მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

ს) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

ტ) ტრანში –  პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

უ) ფიზიკურ პირთა ჯგუფი ავტორთა და ადმინისტრაციის ჯგუფი, რომელიც  პასუხისმგებელია ფილმის გადაღებაზე;

ფ) ფილმი – საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმი;

ქ) პარტნიორი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი. პარტნიორი ორგანიზაცია არ არის გრანტის მიმღები;

ღ) მიღება-ჩაბარების აქტი - საგრანტო ხელშეკრულეის დასრულების შემდეგ გრნტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფილმის მატერიალური სახით ფონდისთვის გადაცემას.

მუხლი 3. კონკურსის ადმინისტრირება 

1. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

2.  ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პროგრამისა და პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ)  კონკურსის გამოცხადებას;

გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას;

ე) საკონკურსო კომისიის მიერ, შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასებული პროექტების რანჟირებული სიების მიხედვით, გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;

ზ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას და დაფინანსებას;

თ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.

მუხლი 4. სუბიექტები

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირთა ჯგუფს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პარტნიორი ორგანიზაცია ვერ იქნება გრანტის მიმღები.  ფიზიკურ პირთა ჯგუფი  პასუხისმგებელია ფილმის გადაღებაზე.

2. ფიზიკურ პირთა ჯგუფი  შედგება:

ა) პროექტის ხელმძღვანელი/პროდიუსერისგან, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციაზე/ ატვირთვაზე,  ფილმის წარმოებაზე, ფილმის შემდგომ საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანაზე;

ბ) პროექტის რეჟისორისგან, რომელიც ხელმძღვანელობს ფილმის  შექმნის მთელ შემოქმედებით და საწარმოო მუშაობას, ფილმის იდეურ-მხატვრულ ჩანაფიქრს;

გ) სცენარის ავტორისგან, რომელიც ქმნის ფილმის სცენარს.

მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. პროექტს ახორციელებს ფიზიკურ პირთა ჯგუფი პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

2. პროექტს უნდა  ჰყავდეს პარტნიორი ორგანიზაცია, რომელსაც  უნდა ჰქონდეს სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღების/წარმოების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება, აგრეთვე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კონკურსში მონაწილეებს ასევე  უნდა ჰქონდეთ ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით  გადაღებული ფილმების წარმოების გამოცდილება. 

3. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის   ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.

4. ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა იყოს 50 წუთზე ნაკლები.

5. ფილმის გამოსახულების ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს კომპიუტერის სრული ეკრანის ფორმატს. მისაღები ფორმატი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონკურსის პროგრამითა და პირობებით.

6. ფილმის საბოლოო პროდუქტი  ფონდს  წარედგინება მის მიერ დადგენილი ფორმატის სახით.

7.  სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმი გამიზნულია  საქართველოსა და  საერთაშორისო საზოგადოებისათვის წარსადგენად. ფილმის შინაარსი უნდა იყოს  მაქსიმალურად გასაგები და იოლად აღსაქმელი. ფილმის, როგორც მხატვრული, ასევე ტექნიკური შესრულების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო  სტანდარტებს.

8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გრანტის  მიმღები, მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, ვალდებულია ხელი მოაწეროს უფლებების გადაცემის შესახებ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ფონდი გრანტის მიმღებთან ერთად გახდება ყველა უფლების მფლობელი 5 წლის ვადით.

9. გრანტის  მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ფილმზე   არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ფილმის  შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

10. კონკურსზე წარმოდგენილი თითოეული საკონკურსო განაცხადისათვის (პროექტისათვის) მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

11. პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს კონსულტანტი.

12. პროექტს შეიძლება ჰქონდეს თანადაფინანსება, ფულადი სახით, იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან.

13. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.

მუხლი 6. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები

1. დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ხარჯებს:

ა) ავტორთა, ადმინისტრირების საგრანტო დაფინანსებას;

ბ)  დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას;

გ) ტექნიკისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის, დაქირავების ხარჯებს;

დ) მივლინებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;

ე) საწვავის ხარჯს;

ვ) სხვა ხარჯს;

ზ) პოსტწარმოების ხარჯს;

თ) გაუთვალისწინებელ ხარჯებს, არაუმეტეს წარმოების ხარჯების 3 %-ისა.

2. გრანტის თანხა ჩაირიცხება პროექტის ხელმძღვანელის/პროდიუსერის მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ ანგარიშზე.

3. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას, დამატებით ფინანსური წყაროს სახით იურიდიული/ფიზიკური პირის მხრიდან.

4. დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის და მობილური ტელეფონის შეძენა.

5. პროექტის დასრულების შემდეგ შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ პირებს, მათ შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების  შესაბამისად.

6. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშის სახით. გრანტის თანხა გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ ანგარიშზე ავანსის სახით.

მუხლი 7. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

გ) პროექტების შეფასება;

დ) გენერალური დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული პროექტების დამტკიცება;

ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

მუხლი 8. პროექტების შეფასების პროცედურა

1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2.  ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.

3. საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს ამ დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ადგენს პროექტების რანჟირებულ სიას და გამოავლენს გამარჯვებულებს.

4. საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.

5. გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ  პროექტებს.

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი  იყოს პირი, რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში, ასევე პირი:

ა) რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის მონაწილე;

ბ) რომელიც არის დაინტერესებული მხარე – პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი.

2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამის კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებებისა და თვითაცილების შესახებ.

4. საკონკურსო კომისიის წევრი უფლებამოსილია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ, თუ თვლის, რომ იგი ვერ იქნება ობიექტური, რადგან შესაფასებელი პროექტი უწევს კონკურენციას მის სამეცნიერო მოღვაწეობას ან მან შეიძლება ნახოს პირადი სამეცნიერო სარგებელი ამ პროექტის შეფასებით.

5. ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს საკონკურსო კომისიის წევრის  მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის არსებობის  შესახებ ინფორმაცია ფონდისათვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე.

მუხლი 10. საგრანტო ხელშეკრულება 

1. გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.

2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე გრანტის მიმღები ფონდს წარუდგენს წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

მუხლი 11. პროექტის შესრულების მონიტორინგი

1. ფონდი გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგის შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები.

4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; „ტექნიკისა და ტექნიკური აღჭურვილობა (შეძენა დაქირავების)“, „მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯის“, „საწვავის ხარჯის“, „სხვა ხარჯის“, „პოსტწარმოების ხარჯის“ ხარჯვით კატეგორიებს შორის და ხარჯვითი კატეგორიების შიგნით თანხების გადანაწილების ცვლილება და აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიების რომელიმე ჩანაწერის ანულირება არ საჭიროებს ფონდთან შეთანხმებას, თუ აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს ახალი ჩანაწერის დამატებას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება პროექტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებას.

მუხლი 12. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების  გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ  გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

2. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში,  გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

3. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეებს შორის გაფორმებულია შედარების აქტი (მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შესახებ) და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

მუხლი 13. დამატებითი მოთხოვნები გრანტის მიმღებთა მიმართ

1. გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების ამსახველ გამოცემებში მიუთითოს, რომ პროექტი განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით [გრანტის ნომერი ...]“ / „This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number …]“.

2. საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილ ვიზუალურ პროდუქციაზე (ნაბეჭდ, ფოტო, აუდიო, ვიდეო, ელექტრონულ პროდუქციაზე და ვებგვერდზე) სავალდებულოა განთავსდეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლოგო და მითითებული იყოს, რომ საგრანტო პროექტი განხორციელდა  „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“.

3. საგრანტო პროექტის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელებისას სავალდებულოა გამოყენებული იყოს „ჰაშტაგები“: #SRNSFG ან #რუსთაველისფონდი ან #რუსთაველისგრანტი.

4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროექტის პროგრამული ანგარიშები და ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის ანგარიშში, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში განათავსოს ფონდის ვებგვერდებზე.

მუხლი 14. პროექტების შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტები  შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

N

 

კრიტერიუმები

სუსტი

საშუალო

კარგი/საუკეთესო

1

ფილმის სცენარი

იდეა/თემა

1-5

6-8

9-10

2

ფილმის რეჟისურა

რეჟისორის ხედვა, მოტივაცია, ვიზუალური მხარე

1-5

6-8

9-10

3

ფილმის გადამღები ჯგუფის კვალიფიკაცია

1-5

6-8

9-10

4

დასამუშავებლად შერჩეული ისტორიული მოვლენის გაშუქება რამდენად არის  მნიშვნელოვანი თანამედროვე პერიოდისათვის

1-5

6-8

9-10

5

ფილმის მოსალოდნელი შედეგი რამდენად შეუწყობს ხელს  პროგრამის მიზანს

1-5

6-8

9-10

2. პროექტების ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს  42  ან მეტი ქულა.

3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე  კრიტერიუმში.

4. ხუთივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში  უპირატესობა ენიჭება  ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

5. შემაჯამებელი შეფასება შესაბამისობაში უნდა იყოს კრიტერიუმების 10-ქულიანი  სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად: 

შეფასება ქულით

შეფასება

განმარტება

1-5

სუსტი

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები

6-8

საშუალო

 

 

პროექტი მთლიანობაში კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები, შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა

 

9-10

 

 

კარგი/საუკეთესო

 

 

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე პროექტი, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმს