კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024495
102
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
240140000.10.003.024495
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 8 აპრილიდან.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა;

ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

გ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს;

დ) სამეურნეო წელი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად მიენიჭა ბენეფიციარის სტატუსი;

ვ) საბროკერო კომპანია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) განაცხადი – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი განაცხადი, რომელსაც სააგენტოში წარადგენს მეწარმე სუბიექტი პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

თ) დასკვნა – სააგენტოსა და საბროკერო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმის შესაბამისად მომზადებული დასკვნა პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის შეფასების თაობაზე;

ი) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ გასაწევი/გაწეული ხარჯის პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ანაზღაურება;

კ) ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პროცედურა;

ლ) ფასიანი ქაღალდების განთავსება – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №179/04 ბრძანებით განსაზღვრული განთავსება;

მ) სასესხო ფასიანი ქაღალდი (ობლიგაცია) – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სასესხო ფასიანი ქაღალდი;

ნ) საჯარო შეთავაზება – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შეთავაზება;

ო) პროსპექტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პროსპექტი.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.

2. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

ა) თანადაფინანსების კომპონენტი;

ბ) ტექნიკური დახმარების კომპონენტი.

ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, გამოიყენოს თანადაფინანსების კომპონენტი ან/და ტექნიკური დახმარების კომპონენტი.

3. პროგრამის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:

ა) ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი. ამასთანავე, სააგენტო მოახდენს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 4 აპრილის №3 დადგენილების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები სარეიტინგო კომპანიებისგან მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული ხარჯის თანადაფინანსებას;

ბ) ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).

ბენეფიციარი უფლებამოსილია, რამდენჯერმე ისარგებლოს  ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანადაფინანსებ(ებ)ით, ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. ამასთანავე, ერთი დასკვნის ფარგლებში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.

4. პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტი ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის საჭირო ცოდნის ამაღლების მიზნით ტრენინგის ან/და შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას. სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება ამ კომპონენტში ჩართვისთვის მეწარმე სუბიექტის დასაშვებობის კრიტერიუმები, კომპონენტის დაფინანსების ლიმიტები/მოცულობა, ანაზღაურების წესი და სხვა პირობები.   

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასევე  უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ პროგრამით  განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად ბენეფიციარის თანადაფინანსებას.

3. სააგენტოსა და საბროკერო კომპანიას შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს სააგენტოს განაცხადით. სააგენტო ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით განიხილავს განაცხადს და აწვდის საბროკერო კომპანიას/კომპანიებს შემდგომი რეაგირებისთვის.

5. საბროკერო კომპანია, თავის მხრივ, ადასტურებს განაცხადის მიღებას, რის შემდგომ ადგენს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილებისა და სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და აფასებს მეწარმე სუბიექტის შესაძლებლობას ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებასთან დაკავშირებით. შეფასების შედეგად საბროკერო კომპანია ამზადებს დასკვნას და აგზავნის სააგენტოში. ამასთანავე, სააგენტოში დასკვნის წარდგენის მომენტისთვის საბროკერო კომპანიასა და პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება.

6. დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო, პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და დასკვნაში გამოხატული საბროკერო კომპანიის შეფასების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ფარგლებში მეწარმე სუბიექტის პროგრამაში ჩართვის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვის მომენტიდან ენიჭება ბენეფიციარის სტატუსი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან საბროკერო კომპანიამ 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტი. ამ ვადის დარღვევის შემდეგ სააგენტო არ განახორციელებს ბენეფიციარის ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანადაფინანსებას.

9. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსებით სარგებლობისათვის სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის, ბენეფიციარის მიერ მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიასთან საკრედიტო რეიტინგის მინიჭების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე.

10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის (რეიტინგის მინიჭებისთვის)  ბენეფიციარის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოხდება დასკვნის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტის სააგენტოსთვის წარდგენის შემდგომ, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, საკრედიტო რეიტინგის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი დასკვნის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების სრულ განთავსებამდე.

11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსება განხორციელდება პროგრამის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების განთავსების შემდგომ, საბროკერო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

12.  ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარჯ(ებ)ის თანადაფინანსებისთვის, საბროკერო კომპანიამ ან/და ბენეფიციარმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან 18 თვის ვადაში უნდა მიმართონ სააგენტოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში სააგენტო არ განახორციელებს ბენეფიციარის ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ თანადაფინანსებას.

13.   სააგენტო უფლებამოსილია, რისკების (როგორებიცაა საბროკერო კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედება ან/და პროგრამის პირობების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება) შეფასების საფუძველზე,  შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ საბროკერო კომპანიას პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მას.

მუხლი 4. პროგრამაში მონაწილეობა

1. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ საქმიანობას მაინც:

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2):

სექცია

განყოფილება

საქმიანობის დასახელება

C

25

25.40.0 იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება

C

30

30.40.0 სამხედრო საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოება

K

64, 65, 66

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

R

92

92.00.0 აზარტული თამაშების საქმიანობები

S

94

94.91.0 რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობები

S

94

94.92.0 პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობები

2. პროგრამის ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან მოზიდული სახსრები არ უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი მიზნობრიობით:

 

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2):

სექცია

განყოფილება

საქმიანობის დასახელება                                         

A

01

01.15.0 თამბაქოს მოყვანა

C

11

11.01.0 სპირტიანი სასმელების დისტილირება, რექტიფიცირება და შერევა

(ლუდის, ყურძნის ღვინის, სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა)

C

11

11.04.0 სხვა არადისტილირებული, ფერმენტირებული სასმელების წარმოება

(ლუდის, ყურძნის ღვინის, სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა) 

C

12

12.00.0 თამბაქოს ნაწარმის წარმოება

C

25

25.40.0 იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება

C

30

30.40.0 სამხედრო საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოება

G

46

46.34.1 საბითუმო ვაჭრობა ალკოჰოლიანი სასმელებით (ლუდის, ყურძნის ღვინის,

სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა)

G

46

46.35.0 საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით

G

47

47.25.0 საცალო ვაჭრობა სასმელებით სპეციალიზებულ მაღაზიებში

G

47

47.26.0 საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში

K

64, 65, 66

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

R

92

92.00.0 აზარტული თამაშების საქმიანობები

S

94

94.91.0 რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობები

S

94

94.92.0 პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობები

 

3. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ საჯარო შეთავაზების გზით სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.

4. ბენეფიციარი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში მოახდინოს ფასიანი ქაღალდების განთავსება, როგორც ეროვნულ (ლარი), ასევე უცხოურ (აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი) ვალუტებში.

5. პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი წინასწარი პროსპექტის ფარგლებში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.

6. პროგრამაში ერთი დასკვნის ფარგლებში დაშვებულია მხოლოდ ერთი ემისიის პროსპექტის მომზადება.

მუხლი 5. თანადაფინანსების მოცულობა და ლიმიტები

1. ერთი დასკვნის ფარგლებში ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს.  

2. ერთი დასკვნის ფარგლებში განთავსებული ფასიანი ქაღალდების ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.

3. ერთი ბენეფიციარისათვის, ერთზე მეტი  დასკვნის შემთხვევაში,  ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ჯამურად შეადგენს არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

4. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის ხარჯის თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში, შემდეგი პროპორციის დაცვით:

– 20 მლნ ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 80%;

 – 20-დან 40 მლნ  ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 70%;

– 40-დან 60 მლნ ლარის ჩათვლით შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 60%.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიოს) თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება, როგორც გამოშვებული ფასიანი ქაღალდების (ემისიის) მოცულობა, ასევე ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში ცხრილში ასახული ემისიის პროპორციის დაცვით:

 

 

20 მლნ ლარამდე

შემოსავალი

20 მლნ-იდან-40 მლნ ლარამდე შემოსავალი

40 მლნ-იდან-60 მლნ ლარის ჩათვლით შემოსავალი

10 მლნ ლარის ჩათვლით  ემისია

1%

0.7%

0.5%

10 მლნ ლარის ზემოთ ემისია

0.7%

0.7%

0.5%

 

6. ამ პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ითვალისწინებს ისეთ პრიორიტეტულ გარემოებებს, რომელთა დროსაც ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ შემთხვევაში დამატებით იზრდება ქვემოთ მოცემული პროცენტული პუნქტით, თუმცა არაუმეტეს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების მაქსიმალური მოცულობისა:

ა) ბენეფიციარი პირველად ახდენს ფასიანი ქაღალდების განთავსებას – 0.2%;

ბ) პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდი არის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ობლიგაცია (ESG), რომელიც დასტურდება შესაბამისი კვალიფიციური მეორე მხარის მოსაზრებით – 0.1%;

გ) სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსება მოხდება ეროვნულ ვალუტაში – 0.2%.

მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც სააგენტო უზრუნველყოფს  პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის აღსრულების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება/მემორანდუმი.

4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განაცხადების მიღება შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული განაცხადების შესაბამისად სააგენტოს მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს საბიუჯეტო წლისთვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას.