ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 13668/21
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 07/09/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
13668/21
07/09/2023
ვებგვერდი, 26/04/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის გადაწყვეტილება

საქმე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №13668/21)

2023 წლის 7 სექტემბერი

 სტრასბურგი

 

 

   

 



მუხლი 5§1(c) • ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კანონიერი წინასწარი პატიმრობა, რომელიც დადგენილ იქნა უკიდურესი ზომის სახით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში • საფუძვლიანი ეჭვის არსებობა, რომ მომჩივანს შეიძლება ჩადენილი ჰქონოდა დანაშაული • დასაბუთებული გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საჭიროების შესახებ, მიმალვის, მტკიცებულებების განზრახ დაზიანებისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებზე მითითებით.

მუხლი 18 (+ მუხლი 5§1) • ფარული მიზნის არსებობა დადგენილი არ არის.


  ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

          ჟორჯ რავარანი, თავმჯდომარე,
          ლადო ჭანტურია,
          კარლო რანზონი,
          მარტინშ მიტსი,
          სტეფანი მოურუ ვიქსტრომი,
          მატიას გუიომარი,
          მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ნიკანორ მელიას (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2021 წლის 1 მარტს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (N 13668/21)

გადაწყვეტილება, ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას;

მხარეთა მოსაზრებები;

2023 წლის 4 ივლისის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1 . საჩივარი ეხება ბრალდებებს კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ იყო გაუმართლებელი და არასაჭირო მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის, და რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს წარმოადგენდა მისი ჩამოშორება პოლიტიკური ცხოვრებიდან.

ფაქტობრივი გარემოებები

2 . მომჩივანი დაიბადა 1979 წელს და ცხოვრობს თბილისში. მომჩივანს წარმოადგენდა ქ-ნი ე. ლაზარიაშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.

3 . საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4 . საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

I.        მომჩივნის მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაციაში

A.   ზოგადი ინფორმაცია

5 . მომჩივანი არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. მოვლენათა განვითარების დროს ის იყო პარლამენტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ („ენმ“ – პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავდა ქვეყანას 2003 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში) ერთ-ერთი ლიდერი. ის გახდა „ენმ“-ის თავმჯდომარე 2020 წლის 27 დეკემბერს (და აღნიშნული თანამდებობა ეკავა 2023 წლის 30 იანვრამდე).

B.   2019 წლის 20-21 ივნისის მანიფესტაცია

6 . 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გაიმართა „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ (IAO – ათენში დაფუძნებული საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა მართლმადიდებელ ქრისტიან კანონმდებლებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად) სხდომა. ს. გ., რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი და, აღნიშნული მოვლენების დროს, „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ საერთო კრების თავმჯდომარე, დაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე და სიტყვით გამოვიდა რუსულ ენაზე. მისი ეს საქციელი გააკრიტიკეს, როგორც მიუღებელი, და ამან გამოიწვია ფართომასშტაბიანი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტი.

7 . დღის მოვლენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია (იხ. მე-6 პუნქტი ზემოთ) დაიწყო 19:00 საათზე. მალევე აქციის მონაწილეებმა დაიკავეს მთელი სივრცე პარლამენტის შენობის წინ და მის მიმდებარე გამზირზე. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანიფესტაცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, ადგილზე დაახლოებით 12 000 ადამიანი იყო შეკრებილი. მომჩივანი, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა მანიფესტაციაში და სიტყვით მიმართავდა იქ შეკრებილ ხალხს.

8 . სავარაუდოდ 20:53 საათზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა და წარადგინა მთავარი მოთხოვნა მმართველი პარტიისადმი: პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც მანიფესტაციაზე გაჟღერდა, იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროპორციული წარმომადგენლობის სისტემაზე გადასვლა. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მმართველ პარტიას ვადა მიეცა დღის ბოლომდე. 21:00 საათზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა და განაცხადა, რომ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ იქნებოდა გარდაუვალი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის მსჯელობის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ისმის ფრაზა „რევოლუცია იწყება“. გაურკვეველია, თუ ვინ წარმოთქვა ეს ფრაზა.

C.   მომჩივნის ქცევა მანიფესტაციის განმავლობაში

9 . საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მომჩივანი ავიდა სცენაზე (სავარაუდოდ 21:09 საათზე) და გააკეთა შემდეგი განცხადება:

„... დღეს, ... ბოროტი ძალის წარმომადგენელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვხვრეტდა და გვაწამებდა, დაჯდა ამ ფუნდამენტური სიმბოლოს მთავარ სავარძელზე ისე, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებია... მინდა გკითხოთ: რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ შეგვიძლია, რომ ვიდგეთ პარლამენტის შენობის შიგნით? ... მიმაჩნია, რომ თუკი ერთ საათში ისინი, ვინც უნდა გადადგეს, ამას არ გააკეთებენ, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება, პარლამენტის წინ, [და] ჩვენ უნდა შევიდეთ [ისმის ბრბოს ხმამაღალი გამამხნევებელი შეძახილები] მშვიდობიანად, აწეული ხელებით, პარლამენტის შენობაში, კიდევ უფრო გავამძაფროთ ჩვენი პროტესტი და როცა გადადგებიან, მაშინ გამოვიდეთ“.

10 . ცოტა ხნის შემდეგ (სავარაუდოდ 21:17 საათზე), მომჩივანმა კვლავ მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს:

„კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, აქვს თუ არა [ს. გ.]-ს უფლება, იჯდეს ამ შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს პარლამენტის ეზოში დგომის უფლებაც კი არ აქვს?

ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში, [და] მშვიდობიანად მათ, ვინც გულწრფელად თვლის, რომ შელახულია ქვეყნის – სახელმწიფოს, და არა მხოლოდ საქართველოს ცალკეული მოქალაქეების – ღირსება... უნდა მოვითხოვოთ [დაბრუნება] ამ შენობის, რომელიც აღარ არის პარლამენტის შენობა... და ქვეყნის ხალხისთვის დაბრუნება ... აღარც პარლამენტი გვაქვს და აღარც ქვეყანა. შევიდეთ აქ მშვიდობიანად და მოვითხოვოთ [არ ისმის]...

თუ ათ წუთში არ გაგვცემენ პასუხს, აქ მყოფები, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ აქ არიან სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღირსების დასაცავად, აღადგენენ ამ ღირსებას და დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის, სიმბოლოებს [როგორიცაა] დროშა, ჰიმნი, გერბი და ყველაფერს, რისთვისაც იბრძოდნენ თაობები... ათ წუთში მშვიდობიანად და ძალიან კონსტრუქციულად, აწეული ხელებით შევალთ პარლამენტის შენობის ეზოში“.

11 . საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ წარმოთქმულ სიტყვას მოჰყვა უშუალო სიახლოვეში მყოფი აქციის მონაწილეების გამამხნევებელი შეძახილები. ვიდეომასალა ასევე შეიცავს კადრებს, სადაც ჩანს, რომ მომჩივანი იყენებს ხელის ჟესტს, რითაც, როგორც ჩანს, სხვებს ანიშნებს რომ გაჰყვნენ მას შესასვლელისკენ. ზუსტი მომენტი, თუ როდის მოხდა ეს, უცნობია.

D.   მოვლენების შემდგომი განვითარება მანიფესტაციაზე

12 . ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის, მომჩივნის, მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ცოტა ხანში (იხ. მე-9-მე-10 პუნქტები ზემოთ), სავარაუდოდ დაახლოებით 21:49 საათზე, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც უშუალოდ პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ მიმავალი კიბის ქვემოთ იდგნენ, დაიწყო გზის გაკვალვა შესასვლელისკენ. მათ სცადეს გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც განლაგებული იყო ზუსტად კიბის თავზე. პოლიციის კორდონს ამაგრებდა სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის ეზოს შიდა მხრიდან. მოვლენების ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ყვირის რამდენიმე მონაწილე, რომ იყო ბრბოში ჭყლეტაში მოყოლის საფრთხე. პოლიციელები იქ მდგარ რამდენიმე ჟურნალისტს გადაეფარნენ და აფრთხილებდნენ, რომ არსებობდა ჭყლეტაში მოყოლის საფრთხე. აქციის რამდენიმე მონაწილემ პლასტმასის ბოთლები ესროლა პოლიციელებს. სხვებმა დაიწყეს მეტალის კონსტრუქციების დაშლა, რომლებიც განთავსებული იყო იმისთვის, რომ აქციის მონაწილენი ვერ მისულიყვნენ პარლამენტის შესასვლელებთან. აქციის ზოგმა მონაწილემ მოახერხა პოლიციელებისთვის ფარებისა და რეზინის ხელკეტების წართმევა და დანარჩენი დემონსტრანტებისთვის გადაცემა. როგორც საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან, ირკვევა, მანიფესტაციის მონაწილეთა დიდი ნაწილი, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ პარლამენტის შენობის წინ, კიბისგან მოშორებით, შეიძლება არ ყოფილიყვნენ იმ მოვლენების საქმის კურსში, რომლებიც ვითარდებოდა პარლამენტის შესასვლელისკენ მიმავალ ტერიტორიაზე. ინციდენტთან დაკავშირებული ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ ეუბნება პოლიცია მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ უკან დაეხიათ და არ მიწოლილიყვნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, დაახლოებით 22:30 საათზე, დაძაბულობა რამდენადმე შემცირდა და პოლიციამ მოახერხა მანიფესტაციის მონაწილეთა უკან, კიბის მიმართულებით დახევა.

13 . როგორც ჩანს, მანიფესტაციაზე მდგომარეობა კვლავ გამწვავდა 23:22 საათიდან. საპროტესტო აქციის ზოგმა მონაწილემ, რომლებიც პარლამენტის შენობის კიბესთან იდგნენ, კვლავ სცადეს ერთობლივად პოლიციის კორდონის გარღვევა, ხოლო რამდენიმე მათგანმა მოახერხა კიდეც პოლიციის კორდონის და პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მეტალის კონსტრუქციების გადალახვა. საბოლოოდ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და გაისროლა რეზინის ტყვიები. როგორც კი აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება მათი პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიიდან გასაყვანად. მოვლენები გრძელდებოდა 2019 წლის 21 ივნისის დილის საათებამდე. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დაახლოებით ოთხმოცი პოლიციელი და ორმოცი ჟურნალისტი.

II.     სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება მომჩივნის წინააღმდეგ და აღკვეთის ღონისძიებების დაკისრება

A.   სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მომჩივანთან დაკავშირებით და მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნა

14 . 2019 წლის 21 ივნისს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის შესაბამისად („ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“, იხ. 73-ე პუნქტი ქვემოთ).

15 . შემდეგ მოხდა მომჩივნის წინააღმდეგ არსებული საქმის ცალკე გამოყოფა და, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ბრალდებებს მომჩივნის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ეცნობა ამის შესახებ, ის არ გამოცხადდა უფლებამოსილი ორგანოების წინაშე ამ დოკუმენტის მისაღებად. ამის ნაცვლად, დოკუმენტი გადაეცა მის ადვოკატს. მომჩივანს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების (იქვე) შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებების, მოვლენების განვითარების ადგილის დათვალიერების შესახებ დასკვნის, ამ დათვალიერების შედეგად ამოღებული მტკიცებულებებისა და ვიდეომასალის საფუძველზე. დოკუმენტში ბრალდების საფუძველი აღწერილია შემდეგნაირად:

„2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის [შენობის] წინ გაიმართა მანიფესტაცია. მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გადადგომა. მანიფესტაციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს დაახლოებით 19:00 საათისთვის და მანიფესტაცია იყო მშვიდობიანი 21:50 საათამდე.

ვიდრე მოქალაქეები იკრიბებოდნენ, დაახლოებით 21:00 საათზე, პარლამენტის წევრმა, ნიკანორ მელიამ [მომჩივანი], მიმართა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა ერთი საათის განმავლობაში, ყველა მათგანი გადაინაცვლებდა პარლამენტის შენობის შიგნით. რადგან მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ზოგიერთმა [მანიფესტაციის მონაწილემ], ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი მონაწილეობით, [და] პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, დაიწყო ძალადობრივი ქმედებები პარლამენტის წინა პერიმეტრზე განლაგებული პოლიციელების მიმართ, ისინი აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით, და აზიანებდნენ და ანადგურებდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კუთვნილ საგნებს. ზემოხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა და პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოსახატად შეკრებილმა მოქალაქეებმა.“

16 . იმავე დღეს, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა პარლამენტში განცხადება მომჩივნისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, რათა ჰქონოდა საქმის წარმართვის შესაძლებლობა და წარედგინა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების სახით მომჩივნის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ. პარლამენტმა განცხადება დააკმაყოფილა მომდევნო დღეს.

B.   გირაოს შეფარდება გარკვეული პირობებით

17 . 2019 წლის 27 ივნისს, გენერალურმა პროკურორმა მოსთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ მოეთავსებინა მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმ საფუძველზე, რომ არსებობდა მისი მიმალვის, მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების შეგროვების პროცესისთვის ხელის შეშლის საფრთხე. საქმის მოსმენა იმავე დღეს გაიმართა. სასამართლოში საქმის წარმოებისას, მომჩივანმა მოითხოვა პატიმრობის სანაცვლოდ 10 000 ლარის ოდენობით (დაახლოებით 3 100 ევრო) გირაოს შეფარდება კანონით გათვალისწინებულ დამატებით პირობებთან ერთად.

18 . იმავე დღეს, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანთან დაკავშირებით საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (ექვსი მოწმის ჩვენება, დასკვნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, ამ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ამოღებული მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზა და „სხვა დოკუმენტები“) ამყარებდა „საფუძვლიან ეჭვს [მომჩივნის] მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“.

19 . სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების გაყალბების და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რეალური რისკი, მაგრამ ჩათვალა, რომ პატიმრობა იქნებოდა არათანაბარზომიერი ზომა აღკვეთის ღონისძიებებით გათვალისწინებულ მიზანთან მიმართებით. ამრიგად, მან მომჩივანს შეუფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით (დაახლოებით 9 300 ევრო) და დააკისრა დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ, მომჩივანს დაევალა: (ა) არ გასულიყო სახლიდან საგამოძიებო ორგანოების წინასწარი თანხმობის გარეშე; (ბ) თავი შეეკავებინა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთებისგან; (გ) თავი შეეკავებინა მოწმეებთან ყოველგვარი კომუნიკაციისგან; და (დ) გადაეცა პასპორტი და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები საგამოძიებო ორგანოებისთვის.

20 . მიმალვის საფრთხესთან და გირაოს აუცილებლობასთან დაკავშირებით, სხვა არგუმენტებთან ერთად, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

მიმალვის საფრთხე [ხაზგასმულია ორიგინალ დოკუმენტში]: ... თუ ბრალდების [შედეგად მოხდება მსჯავრის დადება], მოსალოდნელი სასჯელი იქნება პატიმრობა, ალტერნატივის გარეშე. შესაბამისად, მისაღებია არგუმენტი იმის შესახებ, რომ მიმალვის საფრთხე ეფუძნება მკაცრი სასჯელის მოლოდინს. მეორე გარემოება [რომელსაც ეყრდნობა პროკურორის შუამდგომლობა] ეხება [მომჩივნის] ხშირ მოგზაურობას საზღვარგარეთ და მის დიპლომატიურ პრივილეგიებს... მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ბევრჯერ თავისუფლად იმოგზაურა საზღვარგარეთ, და მისი სტატუსი და [პროფესიული] საქმიანობა, არ შეიძლება მიუთითებდეს მიმალვის საფრთხეზე. თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებულის წინააღმდეგ, თუ მას არ აქვს ისეთი კავშირები და გავლენა საზღვარგარეთ, რომლებიც ... დაეხმარება მას მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებაში. თუმცა, ... შესაძლო სასჯელის სიმძიმე, ბრალდებულის საზღვრის კვეთის ისტორია, ფინანსური შესაძლებლობები და დიპლომატიური პრივილეგიები ერთობლიობაში ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ მიმალვის საფრთხე რეალურია. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა ... ბრალდების შემცველი დოკუმენტების უშუალოდ მომჩივნისთვის გადაცემა, რადგან მან თავი აარიდა გამოცხადებას, და აღნიშნული დოკუმენტები მის ნაცვლად მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდებულის ასეთი დამოკიდებულება საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნის მიმართ გარკვეულწილად ქმნის სირთულეებს მისი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ასეთი დაუმორჩილებლობა შეიძლება მომავალშიც განმეორდეს. ამავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ [მომჩივანმა] იცოდა [პროკურატურის] შუამდგომლობის შესახებ ... რომელიც მოითხოვდა მისთვის პატიმრობის შეფარდებას და ... ის გამოცხადდა ზეპირ მოსმენაზე და არ მოერიდა შესაძლო [დაპატიმრებას].

... სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს აქვს საკმარისი საშუალებები ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად, და ასევე აქვს სუბიექტური მოტივები, არ გაითვალისწინოს საგამოძიებო ორგანოში დაბარების მოთხოვნა, ხოლო შესაძლო სასჯელის სიმძიმე აღნიშნულ გარემოებებთან ერთად სამართლიანად ქმნის მიმალვისა თუ გამოუცხადებლობის შესაძლებლობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პატიმრობა არ წარმოადგენს მიმალვის საფრთხის აუცილებელ საპირწონეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა საშუალებებს, რომლებიც წარმატებით გამორიცხავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიმალვის რისკს. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება დამატებით ვალდებულებებთან ერთად სრულიად გამართლებულია ასეთი რისკის გასანეიტრალებლად და შეესაბამება პროპორციულობის პრინციპს. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილში მაგალითების სახით ჩამოთვლილია ის პირობები, რომლებიც სასამართლოს აძლევს [დაპატიმრების] ალტერნატივის არჩევანს, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, მიმალვის საფრთხის არსებობისას... ერთ-ერთი ასეთი მაგალითია „პასპორტის და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება“. გარდა ამისა, 199-ე მუხლში მოცემული სია არ არის ამომწურავი და მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს სხვა ზომების გამოყენებაც, რომლებსაც [ის] მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნიკანორ მელიას მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გირაოს შეფარდებასთან ერთად საკმარისი და თანაზომიერი იქნება აეკრძალოს მას საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ... ნებართვის გარეშე და [დაევალოს] მას პასპორტისა და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარება. სასამართლო მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვა არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას და მისი ნებართვის მიღებას. რაც შეეხება პასპორტისა და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარებას, ... საგამოძიებო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გამოყენების მარეგულირებელი ღონისძიებების შესახებ. ასეთი სახის დამატებითი ვალდებულებები ეფექტურად გამოიყენება სასამართლო პრაქტიკაში და გამართლებულია ბრალდებულის თავისუფლების ინტერესის უზრუნველსაყოფად.“

21 . რაც შეეხება მტკიცებულებათა შეგროვების პროცესისთვის ხელის შეშლის საფრთხეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის შემდეგნაირად დაასაბუთა:

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გარეშე, არსებობს [მის მიერ] მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და, შესაბამისად, [მის მიერ] მტკიცებულებების განადგურებისა და მტკიცებულებების მოპოვების [პროცესისთვის] ხელის შეშლის საფრთხე. ... პროკურატურამ უკვე დაკითხა რამდენიმე პირი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ანგარიშები [რომლებიც შეიცავს ჩვენებებს], სხვა საკითხებთან ერთად, ეხება საფუძვლიან ეჭვს [მომჩივნის მიერ] სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. დაცვის მხარეს სრული ინფორმაცია მიეწოდა ამ პირებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდებულს ეცნობა საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსი და მათი იდენტიფიცირებისთვის საჭირო დეტალები. იმის გათვალისწინებით, რომ [მას] აქვს მოწმეებთან დაკავშირების შესაძლებლობა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივი, მან შეიძლება სცადოს მათთან უკანონო კომუნიკაციის დამყარება და წააქეზოს ისინი ნებაყოფლობით შეცვალონ ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი ... აღნიშნავს, რომ [ის] უკვე გაკიცხა და მასზე მოახდინა ზეგავლენა გარკვეულ პირთა ჯგუფმა [მის მიერ] მიცემული ჩვენების გამო. ... წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული იმის საფრთხე, რომ არსებულმა მოწმეებმა შეცვალონ ჩვენებები ან სხვა პირებმა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას... , შეიძლება არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან გაკიცხვის ან ზეწოლის შიშის გამო. ბრალდებულს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების დიდ სეგმენტზე და მას შეუძლია, პირადად ან შუამავლების მეშვეობით, მოწმეებზე ზემოქმედების გზით, ხელი შეუშალოს საგამოძიებო ორგანოების მიერ მტკიცებულებების შეგროვების პროცესს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გირაოს გარდა, [ეს საფრთხე] შეიძლება დაძლეულ იქნეს ... მოწმეებთან ყოველგვარი კონტაქტის [დამყარების] აკრძალვით. [ეს] მოიცავს პირადად და პირდაპირ დაკავშირებას მოწმეებთან, ასევე ელექტრონულ და [სხვა სახის] კომუნიკაციას ან მსგავს კონტაქტებს შუამავლების საშუალებით...“

22 . რაც შეეხება დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, სასამართლომ შემდეგი შენიშვნები გააკეთა:

„... სისხლის სამართლის დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება ნიკანორ მელიას, ეხება ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ხელმძღვანელობასა და მათში მონაწილეობას. ასევე გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული გარემოებებიც, იმ ფონზე, რომ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ პროტესტად გადაქცევის საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დანაშაულის განმეორებითი ჩადენის და მოქალაქეების ძალადობისკენ წაქეზების რისკი... ნიკანორ მელიას აქტიური პოლიტიკური საქმიანობის და იმის გათვალისწინებით, რომ ის გავლენას ახდენს მრავალი მხარდამჭერის ნებაზე, აუცილებელია გამოირიცხოს იმის საფრთხე, რომ მან შესაძლოა განაგრძოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების სავარაუდო ხელმძღვანელობა. ...“

23 . სასამართლომ ასევე დასძინა, რომ მომჩივანს ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (აღნიშნულის თაობაზე არ მომხდარა სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდება), რომლის შემთხვევაშიც გირაო დამატებითი ვალდებულებების გარეშე არ აღმოჩნდა ეფექტიანი სხვა დანაშაულის სავარაუდო ჩადენის პრევენციისთვის (სავარაუდოდ სასამართლომ აქ იგულისხმა მომჩივნის მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებში). სასამართლოს აზრით, ეს გარემოება ამართლებდა გირაოს პარალელურად დამატებითი ზომების დაკისრებას, მათ შორის, საჯარო ღონისძიებებზე განცხადებების გაკეთების აკრძალვას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ადამიანებზე ზემოქმედებისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი.

24 . 2019 წლის 29 ივნისს მომჩივანმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მას არ გაუსაჩივრებია გირაოს შეფარდება, თუმცა გაასაჩივრა დამატებითი პირობების ნაწილის, როგორც არათანაბარზომიერი და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ზომის, დაკისრება. კერძოდ, მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მიუხედავად, მისი, როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციური მანდატი არ შეჩერებულა. შესაბამისად, დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესება, როგორიცაა საცხოვრებელი ბინიდან გასვლის აკრძალვა, ფაქტობრივად წარმოადგენდა ჩარევას მის მანდატში, მათ შორის, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის კონსტიტუციურ მოვალეობაში. ის ასევე აცხადებდა, რომ მოწმეებთან ურთიერთობის აკრძალვა ასევე გამოყენებული იყო ნებისმიერ „მომავალ“ მოწმესთან მიმართებით, რაც თავისთავად ბუნდოვანს და შეუძლებელს ხდიდა ამ პირობის შესრულებას. მომჩივანს არ მოუთხოვია საჯარო განცხადების გაკეთების შეზღუდვის გაუქმება.

25 . გენერალურმა პროკურორმა ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მომჩივნისთვის პატიმრობის შეფარდება, როგორც ერთადერთი შესაძლო ქმედითი ღონისძიებისა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საფრთხეების რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად.

26 . 2019 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამართა ზეპირი მოსმენა და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა, რომ არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი და რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული საფრთხეები რეალური იყო. მან აღნიშნა, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თითოეული საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გააკეთა რა მითითება საქმეებზე Wemhoff v. Germany (1968 წლის 27 ივნისი, Series A no. 7), Yağcı and Sargın v. Turkey (1995 წლის 8 ივნისი, Series A no. 319-A), Bakhmutskiy v. Russia (no. 36932/02, 2009 წლის 25 ივნისი), და Arutyunyan v. Russia (no. 48977/09, 2012 წლის 10 იანვარი), სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრობა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას და რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პატიმრობის შეფარდებას, უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის და საკმარის საფუძვლებს, რომლებიც ამართლებს პიროვნების თავისუფლების პატივისცემის წესიდან გადახვევას. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ გირაო, მომჩივანზე დაკისრებულ დამატებით პირობებთან ერთად, შეიძლება აღწევდეს შესაბამისი საფრთხეების რეალიზების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს, გენერალური პროკურორის მიერ მოთხოვნილი დაპატიმრებისგან განსხვავებით.

27 . რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს გირაოს პარალელურად დაკისრებულ პირობებთან დაკავშირებით (იხ. 24-ე პუნქტი ზემოთ), სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გაუსაჩივრებია საკუთრივ გირაოს შეფარდება. სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი (სსსკ – იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ) ითვალისწინებს კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, ცვლილებასა თუ გაუქმებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ვინაიდან სსსკ-ის 199-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (იქვე) გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეები ამომწურავია, კანონი არ ითვალისწინებს გირაოსთან ერთად დაკისრებული პირობების ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას თავად გირაოს გასაჩივრების გარეშე. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა მომჩივნის მოთხოვნის არსებითი მხარე გირაოსთან ერთად დაკისრებულ პირობებთან დაკავშირებით.

28 . ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნების უცვლელად დატოვებით, სააპელაციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, დამატებით გასცა განკარგულება სპეციალური ზედამხედველობის სამაჯურის საშუალებით მომჩივნის გადაადგილების ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესახებ. გადაწყვეტილება იყო საბოლოო.

29 . 2019 წლის 15 ივლისს მომჩივანმა გადაიხადა გირაო. დაუზუსტებელი თარიღიდან მან დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის ტარება.

C.   2019 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდი

30 . 2019 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე დაკმაყოფილდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ყველა მოთხოვნა პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. მისი ადგილსამყოფელი კონტროლდებოდა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით. განსახილველი პერიოდის განმავლობაში მომჩივანი ხუთჯერ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში; ის ორმოცდარვაჯერ ეწვია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის სათავო ოფისებს; მან გამართა სამი პრესკონფერენცია თავისი პოლიტიკური პარტიის სათავო ოფისში; ის ორმოცდაათჯერ ეწვია სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიას; მან ორმოცდარვაჯერ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო გადაცემებში, მათ შორის არაპოლიტიკურ გადაცემებში; ის სამჯერ დაესწრო სახალხო მანიფესტაციას; სამჯერ შეხვდა მხარდამჭერებს; და განახორციელა სხვადასხვა კერძო ვიზიტი. მომჩივანი ასევე თავის სახლში აძლევდა ინტერვიუებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

31 . 2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მომჩივანმა დატოვა სახლი ტოქშოუში ფიზიკურად მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, მომჩივანი დაიბარეს იმის სათქმელად, რომ ასეთი ქცევა წარმოადგენდა გირაოსთან ერთად დაკისრებული პირობების დარღვევას და, განმეორების შემთხვევაში, მას შესაძლოა მოჰყოლოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება.

32 . მხარეთა წარდგინებებიდან ჩანს, რომ 2020 წლის მარტის დაუზუსტებელ თარიღში მომჩივნის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესი შეჩერდა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობის გამო.

33 . 2020 წლის 15 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში მომჩივანმა განაცხადა, რომ 2020 წლის 5 ივნისიდან ის აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და რომ უკვე შეხვდა დაახლოებით 7 000 ამომრჩეველს.

34 . დაუზუსტებელ დღეს, მომჩივანმა მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მისთვის გირაოს შეფარდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით ჩამორთმევის პირობასთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის კონტექსტში (საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამ განცხადების ასლი). 2020 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საფრთხეები, რომლებიც არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს, კვლავ არსებობდა, და რომ არ იყო წარმოდგენილი ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები გირაოს გაუქმების დასასაბუთებლად. რაც შეეხება მომჩივნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, სასამართლომ აღნიშნა არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, რამდენადაც ის ეხებოდა მომჩივნის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულებას.

35 . 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების უმრავლესობა დააგროვა. მომჩივნის პარტია გავიდა მეორე ადგილზე, რის შედეგადაც მომჩივნის საპარლამენტო მანდატი განახლდა.

D.   ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის მოხსნა

36 . 2020 წლის 1 ნოემბერს მომჩივანი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის შენობის წინ გამართულ მანიფესტაციაზე, წინა დღეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელი შედეგების გასაპროტესტებლად, არჩევნების დღეს მომხდარი სავარაუდო დარღვევების გამო. გამოსვლის დროს, მან საჯაროდ მოიხსნა სამაჯური, რომელსაც ატარებდა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, (იხ. 26-ე პუნქტი ზემოთ) და გადააგდო. მან გააკეთა შემდეგი განცხადება:

„ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის [ძალადობრივი] სამაჯური, რომელსაც აღარ ვატარებ. ეს გამორიცხულია. ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს“.

E.    გირაოს ოდენობის გაზრდა

37 . 2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გირაოს ოდენობის 100 000 ლარამდე (დაახლოებით 31 000 ევრო) გაზრდა. მან ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს აეკრძალა მომჩივნისთვის ქვეყნის დატოვება პროკურატურის წინასწარი თანხმობის გარეშე. საპასუხოდ, მომჩივანმა მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების მთლიანად გაუქმება (საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამ წარდგინების ასლი).

38 . 2020 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ გაითვალისწინა 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილებებით მომჩივანზე დაკისრებული გირაო და მასთან დაკავშირებული პირობები (იხ. მე-19 და 26-ე-28-ე პუნქტები ზემოთ). მან ასევე განაცხადა, რომ სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად (იხ. 74-ე მუხლი ქვემოთ), ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ან კანონის დარღვევა გამოიწვევდა მის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენებას. რაც შეეხება მომჩივნის ქცევას და მის საქმეში უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, სასამართლომ თავისი მიდგომა შემდეგნაირად განმარტა:

„დაცვის მხარე არ უარყოფს, ხოლო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ [მომჩივანი] ინფორმირებული იყო იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც მოსალოდნელი იყო მონიტორინგის [გადაწყვეტილების] [თანმდევი] პირობების დარღვევის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, 2020 წლის 1 ნოემბერს, [მან] განზრახ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების თანმდევი პირობა ... პარლამენტის შენობის წინ, [როდესაც] საჯაროდ მოიხსნა და გადააგდო ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური. ბრალდებულმა იცოდა, რომ მისი ეს ქმედება კანონიერად გამოიწვევდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, როგორც თავად განაცხადა საჯარო გამოსვლისას.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საჩივრიდან და ინფორმაციიდან ჩანს, რომ ბრალდებულმა საჯაროდ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების თანმდევი პირობა. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დარღვევა მოხდა მრავალი ადამიანის თანდასწრებით, რაც მიუთითებს [მომჩივნის] დამოკიდებულებაზე კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ. აღნიშნული დარღვევა საჯაროდ გამოხატავდა [მის] უპატივცემულობას მართლმსაჯულების განხორციელებისადმი და [მის] მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, უკვე მიღებული ზომები უნდა გამკაცრდეს და უნდა შეირჩეს არამხოლოდ უფრო მკაცრი, არამედ უფრო ეფექტიანი ზომები მომავალში აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.“

ამგვარად, სასამართლომ გაზარდა გირაოს ოდენობა და მომჩივანს დააკისრა 40 000 ლარის (დაახლოებით 12 400 ევრო) გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა განკარგულება მომჩივნისთვის სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსის (იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ) გაცნობის შესახებ. მომჩივანს მიეცა ორმოცდაათი დღე გირაოს გადასახდელად. გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

39 . სასამართლომ ასევე მომჩივანს აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან გააუქმა 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებებით მომჩივანზე დაკისრებული დანარჩენი პირობები (არ გასულიყო სახლიდან საგამოძიებო ორგანოების წინასწარი თანხმობის გარეშე; არ გაეკეთებინა განცხადებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; მოწმეებთან ყოველგვარი კომუნიკაციის აკრძალვა; და ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის ტარება).

F.    2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერი

40 . 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული გირაოს თანხის შეტანის ვადა ამოიწურა 2020 წლის 24 დეკემბერს. ამ მიზნით მომჩივანს მიეცა დამატებით ერთი კვირა.

41 . 2020 წლის 27 დეკემბერს მომჩივანი აირჩიეს ენმ-ის (იხ. მე-5 პუნქტი ზემოთ) თავმჯდომარედ.

42 . 2021 წლის 5 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ის შეიტანდა სასამართლოში შუამდგომლობას გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით, თუ მომჩივანი არ გადაიხდიდა მითითებულ გირაოს ოდენობას.

43 . იმავე დღეს, 2021 წლის 5 თებერვალს, მომჩივანმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. მე დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგრამ... ყველა ეს ინსტიტუტი [საქართველოს გენერალური პროკურატურა, სასამართლოები და პარლამენტი] არის [მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის] ჯიბეში. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე არ მაქვს მორალური უფლება მონაწილეობა მივიღო ამ თაღლითობაში, ამ ფარსში. ...

ორი თვეა, კოლეგებთან ერთად ვთხოვ [პარლამენტს] შეგვიწყვიტოს მანდატი [სავარაუდოდ, როგორც პროტესტის ფორმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ]. რა არის საჭირო რომ გააკეთოს [საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ]... მათ ჩემზე უკეთ იციან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს – უნდა გაგზავნონ ეს კეთილი ადამიანი პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვა ღილაკზე დაჭერით ოთხმოცდათორმეტმა ადამიანმა [სავარაუდოდ იგულისხმება მისი იმუნიტეტის პირველად მოხსნა, იხ. მე-16 პუნქტი ზემოთ]. მათაც იგივე უნდა გააკეთონ. ამით შემიწყვეტენ მანდატს, რასაც ვევედრებოდი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამიტომ, თუ რას გააკეთებს „ქართული ოცნება", ეს მათი გადასაწყვეტია. მე გამოვხატე ჩემი ნება. მე უბრალოდ არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა.“

44 . 2021 წლის 11 თებერვალს მომჩივანმა საჯაროდ თქვა უარი გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის გადახდაზე და ყველა გააფრთხილა, რომ არავის გადაეხადა ეს გირაო მისი სახელით. მან განაცხადა, რომ უარი გამომდინარეობდა მისი პროტესტიდან მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილებისადმი და რომ ეს იყო პრინციპის საკითხი.

45 . 2021 წლის 13 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის (მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“) ლიდერმა გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ მისმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ნებართვის გაცემის თაობაზე, მისი შესაძლო წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით, თუ ის არ გადაიხდიდა გირაოს. მან მოუწოდა მომჩივანს, მიეღო გადაწყვეტილება „გამოწვეული არა პროვოკაციული დღის წესრიგით, არამედ მისი ქვეყნის კანონებისადმი პატივისცემით“.

46 . 2021 წლის 16 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა (დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც კონსტიტუციით და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით უფლებამოსილია, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას) გაავრცელა განცხადება. მან მოუწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გადაეხედა თავისი პოზიციისთვის, ხოლო პარლამენტს – არ დაეკმაყოფილებინა განცხადება მომჩივნისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. მათ შორის, სახალხო დამცველმა აღნიშნა შემდეგი:

„... აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვს, რომ მისი მიზნები და საფუძვლები იყოს საკმარისად დასაბუთებული. კერძოდ, პროკურატურამ [სამსახურმა] უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმის გამოყენება აუცილებელია, რადგან მოპასუხე შეიძლება არ გამოცხადდეს სასამართლოში, მიიმალოს, ან მან შეიძლება გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა არ უნდა იყოს ავტომატურად პატიმრობის ან სხვა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობისას, შეფასების მთავარი საგანი უნდა იყოს ის, არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვრამეტ თვეზე მეტია გასული [მის] მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების დღიდან, გამოძიება დასრულებულია და საქმე ამჟამად არსებითი განხილვის ეტაპზეა.“

47 . იმავე დღეს, 2021 წლის 16 თებერვალს, პარლამენტმა დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი განცხადება და ნება დართო მას, მოეთხოვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა.

48 . იმავე დღეს, გენერალურმა პროკურორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მომჩივნის დაპატიმრების ორდერის გაცემის შუამდგომლობით. შუამდგომლობა მოტივირებული იყო მომჩივნის მიერ გირაოს განმეორებით „განზრახ“ გადაუხდელობით. შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ გირაოს ოდენობის გაზრდა არ აღმოჩნდა ეფექტიანი მომჩივნის მიერ „აღკვეთის ღონისძიების მიზნების“ შესრულების უზრუნველსაყოფად, და რომ გირაოს ოდენობის კიდევ გაზრდა ვერ იქნებოდა „იმის გარანტი, რომ [მომჩივანი] მოიქცევა კანონის შესაბამისად“. შუამდგომლობა მიუთითებდა სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილზე (იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ) და აცხადებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა ვალდებული იყო, მოეთხოვა ასეთ შემთხვევებში უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ გირაოს ღონისძიების მიზანი იყო ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფა სსსკ-ის 198-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის კონტექსტში. ამ კონტექსტში, მომჩივნის მიერ აღკვეთის ღონისძიების თანმხლები პირობების შეუსრულებლობა და მისი საჯარო განცხადებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამორიცხულიყო მის მიერ აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულება. შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ „სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის ანალიზი ცალსახად ადასტურებს აღკვეთის ღონისძიების [გამოყენების] შესაბამისი და განგრძობადი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობას“. შემდეგ მოკლედ იყო მითითებული განსახილველ საქმეში არსებულ სხვადასხვა რისკებთან დაკავშირებული მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობა (იხ. მე-18 და მე-20-22-ე პუნქტები ზემოთ) და დამატებით აღნიშნული იყო, რომ მომჩივანმა გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ დაწესებული ოფიციალური მოთხოვნებისა და პროცედურების მიმართ. რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, რომლითაც დასაბუთებული იყო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება, პროკურატურის შუამდგომლობაში, მათ შორის, აღნიშნული იყო, რომ „მიმალვის, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე … კვლავ გრძელდებოდა და [იყო] აქტუალური რამდენიმე საფუძვლიდან გამომდინარე, როგორიცაა: სისხლის სამართლის დანაშაულის ხასიათი, მისი სიმძიმე..., მისი ჩადენის ფორმა; ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები; შესაძლო მკაცრი სასჯელის თავიდან აცილების ფაქტორი; მოწმეებთან აკრძალული კომუნიკაციისა და მათზე ზემოქმედების მოხდენის [რისკი]; [და] მისი უარყოფითი დამოკიდებულება საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს ოფიციალური/კანონიერი მოთხოვნების, ან მათში მონაწილეობისა და მათი შესრულების მიმართ.“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლებად მკაცრ ზომებს არ ჰქონდა შემაკავებელი ეფექტი, წინასწარი პატიმრობა იყო ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომლითაც მიიღწეოდა სსსკ-ის 198-ე მუხლის მიზნები (იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ).

49 . 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა. მან გაითვალისწინა მანამდე მიღებული 2019 წლის 27 ივნისის, 2019 წლის 2 ივლისისა და 2020 წლის 3 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგენდა მომჩივნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში. მომჩივნის მიერ გირაოს გადახდაზე უარის თქმის არგუმენტის გათვალისწინებით და სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების საფუძველზე (იხ.74-ე პუნქტი ქვემოთ), სასამართლომ გასცა განკარგულება მომჩივნისთვის უფრო მკაცრი ღონისძიების, წინასწარი პატიმრობის, შეფარდების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირად იყო დასაბუთებული:

„ნიკანორ მელიას [მომჩივანს] ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმესთან N 009230619001დაკავშირებით, კერძოდ, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და [ამგვარ მოქმედებაში] მონაწილეობის გამო, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

... თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 (ოცდაათი ათასი) [ქართული] ლარის ოდენობით [და] მისი გადახდის ვადად განესაზღვრა 20 (ოცი) დღე. აღკვეთის ღონისძიების გარდა [მომჩივანს] [სსსკ-ის] 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი ნებართვის მიღების გარეშე; საჯარო განცხადებების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მოწმეებთან; და მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტისა და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და მომჩივნის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები... [მომჩივნის] მიმართ დამატებით გამოიყენებოდა ელექტრონული ზედამხედველობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის [მიერ მიღებული] 2019 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორების შუამდგომლობა... და [მომჩივნის] მიმართ 2019 წლის 27 ივნისისა და 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებებით გირაოს სახით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ... გამკაცრდა ... და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, [სულ] 70 000 ლარამდე. [მომჩივანს] გირაოს თანხის გადახდის ვადად განესაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე; მას ასევე აეკრძალა ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მათი ნებართვის მიღების გარეშე.

2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეიტანა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს უფრო მკაცრი ზომით, პატიმრობით, შეცვლა, და [შუამდგომლობის] საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ მითითებული გირაოს თანხა განზრახ არ შეიტანა შესაბამის ანგარიშზე და არც ეკვივალენტური ღირებულების ქონებით უზრუნველყო ის. ბრალდებულმა საჯაროდ და დემონსტრაციულად, არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გადაიხდიდა გირაოს. განსახილველ საქმეში არსებობს ბრალდებულის მიერ არასათანადო ქცევის, აღკვეთის ღონისძიების თანმხლები პირობების შეუსრულებლობის და [გირაოს თანხის] გადაუხდელობის ფაქტები, რაც ეწინააღმდეგება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოქმნის ბრალდებულის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას (იხ. შუამდგომლობა [48-ე პუნქტი ზემოთ]).

საქმის ზეპირი მოსმენის დროს პროკურორებმა... მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას და მოითხოვეს ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს, შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.

საქმის ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულის ადვოკატები არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის შუამდგომლობას და მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება (იხ. შუამდგომლობა და სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალას, შეაფასა, იყო თუ არა შუამდგომლობა დასაბუთებული, და აღკვეთის ღონისძიების ცვლილების სამართლებრივი საფუძვლების [არსებობა] და დაადგინა, რომ პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად უნდა არსებობდეს ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) და ფორმალური (პროცედურული) საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები ეხება მტკიცებულებებს, ხოლო ფორმალური (პროცედურული) საფუძვლები ეხება [სსსკ-ის] 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფრთხეების პრევენციას.

[სსსკ-ის] 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მხარე უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.

იმავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.

სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული დადგენილ ვადაში [აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე] არ შეიტანს გირაოს სახით შეფარდებულ ფულად თანხას [ან ეკვივალენტური ღირებულების ქონებას], პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. როგორც აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსიდან ჩანს, თუ ბრალდებული, რომელსაც დაეკისრა გირაოს გადახდა, დაარღვევს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ან კანონით განსაზღვრულ პირობებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

მიუხედავად იმისა, რომ [მომჩივანი] აცნობიერებდა გირაოს პირობების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს, ის საჯაროდ აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს სახით შეფარდებულ ფულად თანხას და არ შეასრულებდა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას. ეს ასახავს მის დამოკიდებულებას კანონისადმი [და მის] უპატივცემულობას... სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში მან არ შეასრულა [სასამართლოს] გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, მიზანმიმართულად აარიდა თავი კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, [და] დაარღვია გირაოს თანმხლები პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს [პროკურატურის] შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით, პატიმრობით, შესაცვლელად.“

50 . გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ის შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც უარყოფილ იქნა, რადგან მიჩნეულ იქნა მიუღებლად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრება, რომელზეც სსსკ-ის 207-ე მუხლი მიუთითებდა (იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ), არ ვრცელდებოდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუ სისხლის სამართლის გამოძიება იყო შეწყვეტილი, ხოლო საქმე გადაგზავნილი იყო არსებითი განხილვისთვის. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

G.   მომჩივნის დაპატიმრება

51 . 2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გადადგა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმებოდა მისი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას, რომ აღესრულებინა სასამართლოს შეუსრულებელი გადაწყვეტილება მომჩივნის დაპატიმრების შესახებ. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება კანონიერიც რომ ყოფილიყო, მისი აზრით, ამას შეეძლო მხოლოდ გაემწვავებინა პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში.

52 . იმავე დღეს, 2021 წლის 18 თებერვალს, სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო მოღვაწეებმა გააკეთეს განცხადებები და მოუწოდეს მმართველ პარტიას, გამოეჩინა თავშეკავება და მოეხდინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაცია.

53 . დაპატიმრების ორდერის აღსრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე გადაიდო. პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა 2021 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა.

54 . 2021 წლის 23 თებერვალს მომჩივანი დააკავეს ენმ-ის სათავო ოფისში, სადაც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ასობით მისი მხარდამჭერი იყო შეკრებილი. მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ პოლიციამ გაფრთხილება მისცა იქ შეკრებილ ხალხს, ხელი არ შეეშალათ დაკავების პროცესისთვის და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. მომჩივნის მხარდამჭერებს სთხოვეს შენობის დატოვება. რამდენიმე პირმა შენობის დატოვება არჩია და პოლიციამ ისინი გამოუშვა, თუმცა უმრავლესობა შენობაში დარჩა. მომჩივანს მიეცა დრო, რათა ნებაყოფლობით შეესრულებინა გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ და „თავიდან აეცილებინა მდგომარეობის ესკალაცია“. ვინაიდან მომჩივანი შენობიდან არ გამოვიდა, პოლიციამ დაპატიმრების ორდერის აღსრულება დაიწყო. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, რომლებიც გმობდნენ მომჩივნის დაკავებას, პოლიციამ ამ პროცესში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომჩივანი გადაიყვანეს რუსთავის N 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში.

55 . იმავე დღეს, 2021 წლის 23 თებერვალს, სახალხო დამცველმა მოინახულა მომჩივანი რუსთავის N 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მან გააკეთა შემდეგი განცხადება:

„მიმაჩნია, რომ [მომჩივნის] წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული და ვფიქრობ, მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს“.

56 . მომჩივნის დაკავებას მოჰყვა მრავალი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების, უცხოელი სახელმწიფო მოხელეებისა და ინსტიტუტების და სხვა საერთაშორისო პოლიტიკური მოღვაწეების განცხადებები. მათ შორის, მათ გააკრიტიკეს დაკავების პროცესი და მიუთითეს პოლიტიზებული მართლმსაჯულების რისკზე და მომჩივნის დაკავების პოტენციურ უარყოფით გავლენაზე ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოზე.

57 . 2021 წლის 25 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა საჯარო განცხადება „გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“. მან აღნიშნა, რომ მომჩივნის „დაკავება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი“. განცხადება მიუთითებდა მომჩივნისთვის თავდაპირველად გირაოს შეფარდებაზე ელექტრონულ ზედამხედველობასთან ერთად, 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე და შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ გირაოს გადაუხდელობა წარმოადგენდა პროკურორის ვალდებულების საფუძველს, სსსკ-ის შესაბამისად, მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. შესაბამისი ვადის გახანგრძლივების მიუხედავად მომჩივნის უარმა გირაოს გადახდაზე და ამ საკითხზე მისმა საჯარო განცხადებებმა აჩვენა მისი დამოკიდებულება მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ და აიძულა საქართველოს გენერალური პროკურატურა, მიემართა სასამართლოსთვის უფრო მკაცრი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნის ქმედებები წარმოადგენდა კანონის დამრღვევი ქცევის წახალისებას. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი შეასრულებდა 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას მისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, „მიმართავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის მოთხოვნით“.

58 . 2021 წლის 12 მარტს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, ი.კ.-მ, განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის პოზიცია მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებით იყო იდენტური 2021 წლის 17 თებერვლის 17:00 საათამდე (ის დრო, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი), და რომ ის „მოულოდნელად შეიცვალა“ 17:00 საათის შემდეგ. 2021 წლის 14 მარტს ი.კ.-მ დააზუსტა განცხადება და განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ეთხოვა დაედგინა, აუცილებელი იყო თუ არა პოლიტიკოსის დაპატიმრება, ბუნებრივია, მმართველმა პარტიამ განიხილა ორი შესაძლო შედეგი, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სასამართლოს სხდომას. აღნიშნული განხილვები მიზნად ისახავდა პარტიის პოლიტიკური პასუხის მომზადებას ორივე სცენარისთვის, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

59 . 2021 წლის 20 მარტს მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მომჩივანმა თავის უარს გირაოს გადახდაზე უწოდა „პოლიტიკური აქტი“, იმ გადაწყვეტილების, როგორც მას მიაჩნდა, უსამართლობის გათვალისწინებით, რომლითაც ამ გირაოს დაკისრება მოხდა, და განაცხადა, რომ თანხის მომავალში გადახდა ან რაიმე მსგავსი კომპრომისი „გამორიცხული“ იყო.

60 . 2021 წლის 13 აპრილს მომჩივნის პატიმრობა განიხილა მოსამართლემ სსსკ-ის 2301-ე მუხლის საფუძველზე (იხ. 74-ე პუნქტი ქვემოთ). აღნიშნული ზეპირი მოსმენის ნაწილობრივი ჩანაწერი მიწოდებულ იქნა სასამართლოსთვის. როგორც ჩანს, მიკროფონი მოთავსებული იყო მომჩივნის მხარეს, რის გამოც მოსამართლის და პროკურორის განცხადებები ჩანაწერში თითქმის არ ისმის. სხვა საკითხებთან ერთად, მომჩივანმა გაასაჩივრა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების კანონიერი საფუძვლები და შესაბამისი გადაწყვეტილებები. ის ამტკიცებდა, რომ თავდაპირველად ასრულებდა გირაოს თანმხლებ პირობებს, რადგან მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მოახდენდა საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, თუმცა შეიცვალა აზრი, რადგან ხელისუფლებამ არ განახორციელა აღნიშნული რეფორმა (იხ. საქმე Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20 და 2 სხვა საქმე, §§ 5-6, 2022 წლის 1 სექტემბერი). მომჩივანმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული მან არაერთხელ დაარღვია გირაოს პირობები (შესაბამისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლით), თუმცა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საბოლოოდ მის მიმართ ზომების მიღება გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან სამაჯური მოიხსნა, რისი მიზანიც, მომჩივნის განცხადებით, იყო მისი დასჯა პარლამენტის პოლიტიკური ბოიკოტისთვის და მისი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებად. სადავოდ ხდიდა რა იმ ფაქტს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის დროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას არ მოუთხოვია მოსამართლისთვის წინასწარი პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა, მომჩივანმა განაცხადა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიდა გირაოს თანხას, მაშინაც კი თუ უბრძანებდნენ ამის გაკეთებას, და მოითხოვა მისი უპირობოდ გათავისუფლება.

H.   მომჩივნის გათავისუფლება

61 . 2021 წლის 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა წინადადებით მიმართა ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ხელი მოეწერათ სამომავლო გზის შესახებ შეთანხმებისთვის პარტიებს შორის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ჩიხში შესული დაპირისპირების დასასრულებლად, რომელსაც, ოპოზიციის მტკიცებით, თან ახლდა სერიოზული დარღვევები, რამაც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი გამოიწვია. მდგომარეობა, როგორც ჩანს, გამწვავდა მომჩივნის დაკავების შედეგად. შემოთავაზებული დოკუმენტი მიზნად ისახავდა მიმდინარე პოლიტიკური დავის დასრულებას და საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის დაწინაურებას სხვადასხვა რეფორმების გზით.

62 . 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ (მათში არ შედიოდა მომჩივნის პარტია) ხელი მოაწერეს აღნიშნულ შეთანხმებას. ხელმომწერები შეთანხმდნენ, სხვა საკითხებთან ერთად, შესულიყვნენ პარლამენტში და სრულად მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. მხარეებმა ამასთან დაკავშირებით აიღეს სხვადასხვა ვალდებულებები. მაგალითად, შეთანხმების 1-ელი ნაწილი ეხებოდა „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის საკითხზე რეაგირებას“ შემდეგნაირად:

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე [რომელთაგან ერთ-ერთი იყო მომჩივნის საქმე], ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.

შეთანხმების მე-3 ნაწილი მოიცავდა ვალდებულებას „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ განხორციელების შესახებ.

63 . 2021 წლის 21 აპრილს ი.კ.-მ (იხ. 58-ე პუნქტი ზემოთ) აღნიშნა, სავარაუდოდ იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაპირველად მომჩივანმა უარი განაცხადა ევროკავშირის მიერ მისი სახელით გირაოს გადახდაზე 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების კონტექსტში (იხ. წინა პუნქტი), რომ იმ ვითარებაში, როდესაც მომჩივანი არ თანხმდებოდა მისი სახელით გირაოს გადახდის შეთავაზებას, სავარაუდოდ ის არ დაეთანხმებოდა მმართველი პარტიის მიერ ამნისტიის ფორმით „შეწყალებასაც“ (სხვა ფრაზაში ასევე მოხსენიებულია როგორც „მოწყალება“). ი.კ.-მ განაცხადა, რომ ამის მიუხედავად ამნისტიის აქტს მაინც მიიღებდნენ. 2021 წლის 22 და 28 აპრილს ი.კ.-მ ძირითადად გაიმეორა თავისი განცხადება და, შესაბამის თარიღებში, დაამატა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა „უმძიმესი დანაშაული“ და რომ პარტია „შეიწყალებს მოძალადე მელიას“ ამნისტიაზე მისი უარის მიუხედავად.

64 . 2021 წლის 8 მაისს ევროკავშირმა 40 000 ლარი ჩარიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მომჩივანზე დაკისრებული გირაოს თანხის დაფარვის მიზნით (იხ. 38-ე პუნქტი ზემოთ).

65 . მომდევნო დღეს, 2021 წლის 9 მაისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასწარი პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით. შუამდგომლობა ეხებოდა ახალი მატერიალური გარემოებებისა და მტკიცებულებების გაჩენას „რომლებიც მიუთითებდა [მომჩივნის მიერ] ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების, [როგორიცაა] გირაოს, პირობის დაცვაზე“. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა იყო მომჩივნისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს წინა გადაწყვეტილების საფუძველი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 40 000 ლარის ოდენობის გირაო, რომელიც მომჩივნის სახელზე ჩაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ცხადყოფდა მომჩივნის მიერ გირაოს პირობების შესრულებას და მის მზადყოფნას მომავალში მათ შესასრულებლად, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას, როგორიცაა გირაო, შეეძლო იმ მიზნების მიღწევა, რომელთა მიღწევასაც ცდილობდა წინასწარი პატიმრობის ღონისძიება.

66 . 2021 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მომჩივანი გაათავისუფლა. მოსამართლე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას დამატებითი დაზუსტების გარეშე.

III.  მოვლენათა შემდგომი განვითარება

67 . 2021 წლის 7 სექტემბერს, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების კონტექსტში (იხ. 62-ე პუნქტი ზემოთ), პარლამენტმა მიიღო ამნისტიის აქტი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ამნისტია გავრცელდებოდა ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ვინც უარს არ იტყოდა თავისი საქმის მიმართ მის გამოყენებაზე (იხ. 72-ე პუნქტი ქვემოთ).

68 . 2021 წლის 9 სექტემბერს მომჩივნის საქმის პროკურორმა გააკეთა საჯარო განცხადება. მან, მათ შორის, აღნიშნა შემდეგი:

„[2021 წლის] 7 სექტემბერს მიღებულ იქნა ამნისტიის აქტი [და] დღეს ის მოქმედია და აქვს იურიდიული ძალა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ კანონით გათვალისწინებული წესით დაადგინა დაცვის მხარის პოზიცია აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ... დაცვის მხარემ გამოიყენა სამართლიანი სასამართლოს უფლება და უარი თქვა აქტის მათ მიმართ გამოყენებაზე. ეს ნიშნავს იმას , რომ ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე სტანდარტული პროცედურებით წარიმართება... გარდა ამისა, გაიმართა განხილვა ამნისტიის აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, გამოითხოვოს წერილობითი უარი სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს საქმის განხილვისას, [თუ] მისი მსჯავრდების განაჩენის გამოტანისას, სასჯელის მოხდის ნებისმიერ ეტაპზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ აქტის შესაბამისად, მოსამართლე გაათავისუფლებს მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ჩვენს შემთხვევაშიც, ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამით [ამ შესაძლებლობით]“.

69 . როგორც ჩანს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება მომჩივნის მიმართ იყო მიმდინარე.

70 . 2021 წლის 21 მაისს, სასამართლო პროცესის კონტექსტში, მომჩივნის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა მთავრობისთვის შუამდგომლობის შესახებ შეტყობინებისა და მხარეებისადმი დასმული კითხვების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კითხვები ეხებოდა საქმეებსTymoshenko v. Ukraine (no. 49872/11, 2013 წლის 30 აპრილი) და Navalnyy v. Russia (no. 2) (no. 43734/14, 2019 წლის 9 აპრილი) და განაცხადა, რომ ეს იყო „ძალიან მნიშვნელოვანი“ და რომ სასამართლომ ასევე დასვა საკითხი კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, რომელიც ჩვეულებრივ ვრცელდებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა იყენებდა სამართლის აღსრულების მექანიზმს არალეგიტიმური მიზნებისთვის, როგორიცაა პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ მოლოდინებთან მიმართებით, „ბუნებრივია, გავაგრძელებ [მომჩივნის] ინტერესების დაცვას და, შესაბამისად, ... შევეცდები დავამტკიცო, რომ [მას] დევნიდნენ პოლიტიკური მოტივებით და რომ მისი დაპატიმრება იყო მთავრობის მცდელობა გაენეიტრალებინა პოლიტიკური ოპონენტი“.

71 . 2021 წლის 23 ივლისს მომჩივანმა წარმოადგინა თავისი კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე. მან ეს არჩევნები მეორე ტურში წააგო.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

72 . 2021 წლის 7 სექტემბრის ამნისტიის აქტი ითვალისწინებს შემდეგს:

მუხლი 1

„1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით... ჩაიდინა დანაშაული და რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება... ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება. ...“

მუხლი 2

„ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] და 1441-1443-ე [წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა] მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.“

მუხლი 3

„...

2. აღნიშნული პირის მიმართ... ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ... ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ...“

მუხლი 4

„1. იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ...

2. იმ პირს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს თავისი [ადრინდელი] უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. ...“

73 . საქართველოს სისხლის კოდექსის 225-ე მუხლი, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა შემდეგს:

„1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.“

74 . სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა შემდეგს:

მუხლი 198 – აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი

„1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს. ...“

მუხლი 199 – აღკვეთის ღონისძიების სახეები

„1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება [კონკრეტული ტერიტორიიდან] გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. ...“

მუხლი 200 – გირაო

„1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა... აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. ...

3. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.

...

5. თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის... ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

...

7. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა...

...“

მუხლი 205 – პატიმრობა

„1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:

(ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

(ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;

(გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

2. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ...

3. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ...“

მუხლი 206 – აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

„...

8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს. კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.

9. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.“

მუხლი 207 – აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი

„1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის [სააპელაციო] სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას. ...

5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას. ...

7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ...“

მუხლი 2301 – აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს

„1. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით. ...“

სამართალი

I.   პირველადი პრეტენზიები

A.  მხარეთა წარდგინებები

1.     მთავრობა

75 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ბოროტად გამოიყენა ინდივიდუალური საჩივრის უფლება და რომ შესაბამისი პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელი იყო. კონკრეტულად, მთავრობის მტკიცებით, მომჩივანმა განზრახ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას გირაოს გადახდის ვალდებულებას აკისრებდა, და უარი თქვა მისი სახელით გირაოს გადახდაზე. მან ასევე უარი თქვა 2021 წლის 7 სექტემბრის ამნისტიის აქტის გამოყენებაზე მის საქმესთან დაკავშირებით (იხ. 72-ე პუნქტი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანმა „ხელოვნურად“ შექმნა სასამართლოს წინაშე თავისი ბრალდებების სამართლებრივი საფუძველი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დასაწინაურებლად და მისი საჩივრის რეალური საგანი და მიზანი იყო პოლიტიკური: მომჩივნის წინასწარი პატიმრობა, რათა ის წარმოჩენილიყო ხელისუფლების მიერ დევნილ მსხვერპლად. მთავრობამ დამატებით განაცხადა, რომ მომჩივნის ადვოკატმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განიხილა სასამართლოდან მიღებული დოკუმენტები, როდესაც მას გადასცეს შეტყობინება საჩივრის შესახებ, და ახსენა პრეცედენტულ სამართალზე მითითებები მხარეთა მიმართ დასმულ კითხვებში. ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლო ამ საჩივარს განიხილავდა საქმეებზე Tymoshenko v. Ukraine (no. 49872/11, 2013 წლის 30 აპრილი) და Navalnyy v. Russia (no. 2) (no. 43734/14, 2019 წლის 9 აპრილი) მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის შეკითხვებში.

76 . მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო მომჩივნის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების, მერის არჩევნებში მონაწილეობით მისი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების (იხ. 71-ე პუნქტი ზემოთ) და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამნისტიის აქტის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

2.     მომჩივანი

77 . მომჩივანმა განაცხადა, რომ წინამდებარე საქმეში არ იყო დაკმაყოფილებული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მოცემული პირობები, რომლითაც საჩივრის მიმართ დგინდება, რომ ის წარმოადგენს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, მისმა ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს საქმესთან დაკავშირებით, მთავრობისთვის საჩივრის შესახებ შეტყობინებით გამოწვეული მედიის ინტერესის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით, ადვოკატმა მხოლოდ საჯარო დოკუმენტის შინაარსი ახსენა და აღნიშნა სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასმული კითხვების მნიშვნელობა. ამის შემდეგ, სხვა საუბარი საქმის წარმოებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამის საპირისპიროდ, მომჩივნის თქმით, სწორედ მმართველი პარტიის წევრები მიანიშნებდნენ, რომ სასამართლოსთვის მიმართვით ის იბრძოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, და ამით საჩივრის წარდგენას სამარცხვინო ქმედებად სახავდნენ. რაც შეეხება მის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სავარაუდო დაუკმაყოფილებლობას გირაოს გადახდის კუთხით, 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება მან მიიჩნია უკანონოდ და უსამართლოდ, და უბრალოდ ცდილობდა შეჰბრძოლებოდა უსამართლობას უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის რანგში, იმ გარემოებებში, როდესაც არსებობდა ფუნდამენტური პრობლემები ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ.

78 . რაც შეეხება საკითხს, გადაწყდა თუ არა საკითხი ადგილობრივ დონეზე, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ არ აღიარა კონვენციით გათვალისწინებული მისი უფლებების დარღვევა მისი წინასწარი პატიმრობის გამო. გარდა ამისა, მომჩივანმა განაცხადა, რომ საქმის გარემოებები მიუთითებდა კავშირზე 2021 წლის 17 თებერვალს მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს შორის და, შესაბამისად, მან წამოაყენა მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხები, რომლებიც მოითხოვდა, რომ ეს საკითხი განხილულიყო სასამართლოს მიერ.

B.   სასამართლოს შეფასება

79 . სასამართლო, პირველ რიგში, განიხილავს პრეტენზიას, რომელიც ეხება საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო მეორე საკითხად განიხილავს პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საკითხი გადაწყვეტილ იქნა მომჩივნის გათავისუფლების ან/და ამნისტიის აქტის მიღების შედეგად.

1.     საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება

(a)   ზოგადი პრინციპები

80 . სასამართლო იმეორებს, რომ 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის განხორციელება, რომელიც საშუალებას აძლევს მას მიუღებლად ცნოს ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც მას მიაჩნია, რომ „წარმოადგენს ინდივიდუალური საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას“, არის „საგამონაკლისო საპროცესო ღონისძიება“, და რომ „ბოროტად გამოყენების“ ცნება გულისხმობს მის ჩვეულებრივ მნიშვნელობას, კერძოდ, უფლების საზიანო განხორციელებას მისი მფლობელის მიერ ისე, რომ ის არ შეესაბამებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც ეს უფლება იქნა მინიჭებული (იხ. საქმეები S.A.S. v. France [GC], no. 43835/11, § 66, ECHR 2014 (ამონარიდები) და Khachaturov v. Armenia, no. 59687/17, § 70, 2021 წლის 24 ივნისი). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან ამ უფლების „ბოროტად გამოყენების“ დადგენა მოითხოვს არა მხოლოდ აშკარა შეუსაბამობას საჩივრის უფლების მიზანთან, არამედ ასევე სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში ან მის წინაშე საქმის წარმოების შეუფერხებლად წარმართვაში ხელის შეშლას (იხ. საქმეები Miroļubovs and Others v. Latvia, no. 798/05, § 65, 2009 წლის 15 სექტემბერი, და Podeschi v. San Marino, no. 66357/14, § 86, 2017 წლის 13 აპრილი).

81 . სასამართლომ გამოიყენა ეს დებულება ოთხი ტიპის ვითარებაში (ასეთ ვითარებებთან დაკავშირებული შეჯამებისა და მითითებებისთვის იხ. ზემოთ ციტირებული საქმე S.A.S. v. France, § 67). სასამართლომ დააკონკრეტა, რომ საჩივარი არ წარმოადგენს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოტივირებულია საჯაროობის ან პროპაგანდის სურვილით (იხ., მაგალითად, საქმე McFeeley v. the United Kingdom, no. 8317/78, კომისიის 1980 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის აშკარად არ არის გამყარებული მტკიცებულებებით ან სცილდება კონვენციის მოქმედების სფეროს (იხ. საქმე Buscarini and Others v. San Marino, no. 24645/94, კომისიის 1997 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება). განსხვავებულია ვითარება, როდესაც მომჩივანი, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერვიუს აძლევს პრესას ან ტელევიზიას, რითაც ავლენს უპასუხისმგებლო და არასერიოზულ დამოკიდებულებას სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოების მიმართ (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე Miroļubovs and Others, § 66).

(b)   აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

82 . რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის პრეტენზიას აქვს ორი ურთიერთდაკავშირებული ასპექტი: პირველი ეხება არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივანი ცდილობდა გამოეყენებინა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოება პოლიტიკური მიზნებისთვის ადგილობრივ დონეზე, ხოლო მეორე ეხება საჩივრის საგნის სავარაუდოდ „ხელოვნურად“ შექმნას.

83 . რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიის პირველ ასპექტს, სასამართლო იმთავითვე ხაზს უსვამს, რომ მის ფუნქციებში არ შედის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული დავების განხილვა (იხ. საქმე Georgian Labour Party v. Georgia (გადაწყვეტილება), no. 9103/04, 2007 წლის 22 მაისი) ან იმის შეფასება, მოიპოვა თუ არა მომჩივანმა რაიმე პოლიტიკური უპირატესობა წინამდებარე საჩივრის სასამართლოში შეტანით. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს შეუძლია გამოიკვლიოს, აშკარად ეწინააღმდეგებოდა თუ არა მომჩივნის ან მისი წარმომადგენლების ქცევა კონვენციით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის უფლების მიზანს, და ამავდროულად აფერხებდა თუ არა ის სასამართლოს სათანადოდ ფუნქციონირებას ან სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვას.

84 . ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წარმომადგენლებმა განიხილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასმული კითხვების შინაარსი. თუმცა, კითხვების შემცველი დოკუმენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაბამის კითხვებში ციტირებულ პრეცედენტულ სამართალზე მითითებების შესაძლო შედეგებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განხილვა არ სცილდება ამ საქმის წარმოების საგანთან დაკავშირებით მომჩივნის წარმომადგენლის პროფესიული მოსაზრების გამოხატვის ფარგლებს, მედიის იმდროინდელი ინტერესის საპასუხოდ (იხ. 70-ე პუნქტი ზემოთ; ასევე იხ. საქმე Gherardi Martiri v. San Marino, no. 35511/20, §§ 82-83, 2022 წლის 15 დეკემბერი). ამრიგად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ქცევა არ ეწინააღმდეგებოდა საჩივრის უფლების მიზანს. ამიტომ, მთავრობის შესაბამისი პრეტენზია არ უნდა დაკმაყოფილდეს.

85 . რაც შეეხება მთავრობის პრეტენზიის მეორე ასპექტს, რომელიც ამტკიცებს კონვენციის მიხედვით ნამდვილი ბრალდების არარსებობას, ის ეყრდნობა ორ მთავარ არგუმენტს. პირველი არგუმენტი ეხება მომჩივნის უარს მისი საქმის მიმართ 2021 წლის 7 სექტემბრის ამნისტიის აქტის გამოყენების თაობაზე, ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, მომჩივნის წინასწარი პატიმრობა იყო მისივე წინასწარგანზრახული ქცევის აშკარა შედეგი.

86 . სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის აქტი მიღებულ იქნა მომჩივნის გათავისუფლების შემდეგ, 2021 წლის 10 მაისს, და, შესაბამისად, ის გავლენას ვერ მოახდენდა მის დაპატიმრებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა უარი თქვა ამნისტიის აქტის გამოყენებაზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, არავითარი შედეგი არ აქვს წინამდებარე საჩივრისთვის, რომელიც ეხება მის წინასწარ პატიმრობას კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, და არა სისხლის სამართლის საქმის წარმოების სამართლიანობას. რაც შეეხება მთავრობის მეორე არგუმენტს, ის ფაქტი, რომ მომჩივანს პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც, როგორც ჩანს, მან უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, მაინც აჩენს ლეგიტიმურ კითხვას, იყო თუ არა პატიმრობა გამართლებული კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლო განიხილავს შესაბამისი საჩივრის არსებით მხარეს.

87 . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის პრეტენზიის მეორე ასპექტიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.     საკითხის გადაწყვეტა

88 . რაც შეეხება პრეტენზიას, რომელიც ეხება საკითხის სავარაუდო გადაწყვეტას მის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენების თაობაზე მომჩივნის უარის გამო, იმის მიუხედავად, განიხილება თუ არა ეს მსხვერპლის სტატუსის დაკარგვად სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობის ფარგლებში კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა ეს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვის სავარაუდო საფუძველს კონვენციის 37-ე მუხლის 1(b)-ელი პუნქტის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეცედენტულ სამართალში მითითებული შესაბამისი პირობები არ არის დაკმაყოფილებული განსახილველ საქმეში.

89 . კერძოდ, მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ან ღონისძიება პრინციპში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მას ჩამოერთვას „მსხვერპლის“ სტატუსი, თუ ეროვნული ხელისუფლების ორგანოები არ აღიარებენ, პირდაპირ ან არსებითად, და შემდეგ არ შესთავაზებენ მომჩივანს ზიანის ანაზღაურებას კონვენციის დარღვევისთვის (იხ. საქმე Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) [GC], no. 14305/17, § 218, 2020 წლის 22 დეკემბერი). უდავოა, რომ განსახილველ საქმეში ეს არ მომხდარა.

90 . რაც შეეხება საკითხს, გადაწყდა თუ არა საკითხი კონვენციის 37-ე მუხლის 1(b)-ელი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, სასამართლომ, თავის მხრივ, უნდა უპასუხოს ორ კითხვას: პირველი, კვლავ არსებობს თუ არა გარემოებები, რომელთა შესახებაც პრეტენზია გამოთქვა მომჩივანმა, და მეორე, მოხდა თუ არა ამ გარემოებების გათვალისწინებით კონვენციის შესაძლო დარღვევის შედეგების კომპენსირება (იხ. საქმე Kaftailova v. Latvia (განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვა) [GC], no. 59643/00, § 48, 2007 წლის 7 დეკემბერი).

91 . ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი გაათავისუფლეს 2021 წლის 10 მაისს (იხ. 66-ე პუნქტი ზემოთ). თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის დაახლოებით ორთვე-ნახევარი იყო დაპატიმრებული (იხ. 54-ე და 66-ე პუნქტები ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შესთავაზა მომჩივანს, რომ მას შეეძლო მოეთხოვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა, ეს საქმის წარმოება არ არის დაკავშირებული წინამდებარე საჩივრის საგანთან. შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ კონვენციის შესაძლო დარღვევის შედეგები 2021 წლის 23 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში მომჩივნის პატიმრობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა კომპენსირებული ყოფილიყო ამნისტიის აქტის გამოყენებით. ამიტომ მომჩივანს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი სასამართლოში იმის თაობაზე, რომ მისი დაკავება ეწინააღმდეგებოდა მე-5 მუხლს ცალკე და ასევე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში (იხ., მაგალითად, საქმე Hysa v. Albania, no. 52048/16, § 47, 2023 წლის 21 თებერვალი).

92 . ამიტომ სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს მთავრობის პრეტენზიას.

II.      კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა

93 . მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების ფარგლებში, რომ 2021 წლის 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ იყო უკანონო და არ იყო საჭირო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში. განსახილველ დებულებაში, რამდენადაც შესაბამისია, ვკითხულობთ:

„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

...

(b) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;

...

3. ამ მუხლის 1(c)-ელი პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და იგი აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით. ...“

A.   მისაღებობა

1.     მხარეთა არგუმენტები

94 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ ამოუწურავს დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები. კერძოდ, მისი დაპატიმრების შესახებ განკარგულების გაცემიდან ერთი კვირის განმავლობაში სასამართლოსთვის მიმართვის ნაცვლად, მომჩივანს უნდა გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად (იხ.74-ე პუნქტი ზემოთ). ალტერნატიულად, მას შეეძლო დალოდებოდა პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობის ავტომატურ სასამართლო განხილვას ორი თვის ვადაში, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 2301-ე მუხლით (იქვე). მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის 9 სექტემბრის ამნისტიის აქტი წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ახალ საშუალებას კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

95 . მომჩივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ის არ ექვემდებარებოდა ცალკე გასაჩივრებას. მიუხედავად ამისა, მან გაასაჩივრა წინასწარი პატიმრობის კანონიერება, თუმცა უშედეგოდ. აქედან გამომდინარე, მას გამოყენებული ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ სსსკ-ის 2301-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არ იყო ეფექტური, რადგან ეხებოდა პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობის შეფასებას და არა მის თავდაპირველ კანონიერებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის პატიმრობის საკითხი განხილულ იქნა მოცემული დებულების შესაბამისად 2021 წლის 13 აპრილს და მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა იმის მიუხედავად, რომ პატიმრობის გამოყენება შეიძლებოდა მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით, თუ მისი მიზნები სხვა ნაკლებად მკაცრი ზომებით ვერ მიიღწეოდა.

2.     სასამართლოს შეფასება

96 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს სავარაუდოდ არ ამოუწურავს დაცვის ქმედითი შიდასამართლებრივი საშუალებები, მოიცავს სამ ასპექტს.

97 . პირველი, რაც შეეხება არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა საჩივარი წარადგინა პატიმრობის შეფარდების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების ამოწურვის გარეშე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა საჩივარი წარმოადგინა 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ამ ეტაპზე ცალკე სააპელაციო საჩივარი არ გაკეთებულა (იხ. 50-ე პუნქტი ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს უნდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. თუმცა, ეს დებულება ითვალისწინებდა ახალი ინფორმაციის ან მტკიცებულებების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ საჩივრის წარდგენის უფლებას (იხ. 74-ე პუნქტი ზემოთ), და არა დაპატიმრების ორდერის დაუყოვნებლივ გასაჩივრებას. აქედან გამომდინარე, ის არ არის შესაბამისი 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერთან მიმართებით.

98 . მეორე, რაც შეეხება მთავრობის წარდგინებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი უნდა დალოდებოდა მისი პატიმრობის საკითხის ავტომატურ განხილვას პატიმრობის შეფარდებიდან ორი თვის განმავლობაში სსსკ-ის 2301-ე მუხლის თანახმად (იქვე), ასეთი განხილვა შეეხებოდა მხოლოდ პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობის დადგენას, და არა პატიმრობაში გატარებული საწყისი პერიოდის კანონიერების ან გონივრულობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნებოდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება მომჩივნის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ საკუთრივ 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება და მის შედეგად მომჩივნის დაპატიმრება არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებს.

99 . დაბოლოს, რაც შეეხება 2021 წლის 9 სექტემბრის ამნისტიის აქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის მიღების მომენტისთვის, რომელიც იძლეოდა მომჩივნისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საშუალებას, მომჩივანი უკვე გათავისუფლებული იყო.

100 . შესაბამისად, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს პრეტენზიას დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით.

101 . სასამართლო დამატებით ასკვნის, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B.   არსებითი მხარე

1.     მხარეთა არგუმენტები

(a)   მომჩივანი

102 . მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად მოყვანილ მიზეზებს ჰქონდა ისეთი ხარვეზები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა მისი დაპატიმრების კანონიერებას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის მნიშვნელობით. კერძოდ, არ იყო განმარტებული, თუ როგორ ამართლებდა გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე მისი უარი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არსებითად განსახილველად იყო გაგზავნილი 2019 წლის 3 ოქტომბერს და ყველა საგამოძიებო ღონისძიება იყო დასრულებული. მომჩივანი აცხადებდა, რომ მას არასდროს უცდია გაქცევა ან მართლმსაჯულების შეფერხება წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე. ასევე, მას არ უცდია წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სსსკ-ის 205-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა (იხ. 74-ე პუნქტი ზემოთ).

103 . წინასწარი პატიმრობის გამამართლებელი შესაბამისი და საკმარისი საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი არგუმენტები მიუთითებდა გირაოს დაკისრების შესახებ 2019 წლის 27 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებაში მოცემული დასაბუთების ანალიზზე (იხ. 107-ე პუნქტი ქვემოთ) და აცხადებდა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე მითითება 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერში (ღონისძიება, რომელიც მომჩივანმა გაასაჩივრა წინამდებარე საჩივრით) საკმარისი იყო ამ უკანასკნელი ღონისძიების აუცილებლობის დასადგენად. თუმცა, მომჩივნის მტკიცებით, თავდაპირველი სასამართლო ორდერი არ ეფუძნებოდა მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საფუძვლიან ეჭვს, ვინაიდან მის წინააღმდეგ მიცემული მოწმეთა ჩვენებები მიღებული იყო მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისგან. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ განკარგულება მისი გადაადგილების ელექტრონული მონიტორინგის შესახებ, გირაოს დამატებითი პირობის სახით, იყო „უპრეცედენტო“ ღონისძიება.

104 . ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის მტკიცებით, ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო მიეწოდებინა მხარეებისთვის კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების, განსაკუთრებით კი პატიმრობის გამოყენების შესახებ, ამ საკითხზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად. აქედან გამომდინარე, მომჩივნის დაპატიმრება არ იყოს შესაბამისობაში კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის (b)-(c) ქვეპუნქტებთან და მე-3 პუნქტთან.

(b)   მთავრობა

105 . მომჩივნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა საფუძვლიანი ეჭვის არსებობას კონვენციის მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტის მნიშვნელობით, და რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული თავდაპირველი აღკვეთის ღონისძიებები სათანადოდ იყო დასაბუთებული მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მითითებით. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, ეროვნულმა სასამართლოებმა პირველად მომჩივანს დააკისრეს გირაოს გადახდა დამატებით პირობებთან ერთად, რათა დაცული ყოფილიყო წონასწორობა შესაბამისი საფრთხეების თავიდან აცილების მიზანსა და მომჩივნის თავისუფლების უფლების პატივისცემას შორის. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივრის შეტანისას, მომჩივანმა გაასაჩივრა მხოლოდ დამატებითი პირობების დაწესება, და არა თავად აღკვეთის ღონისძიება, რითაც ირიბად დაუშვა ამგვარი ღონისძიების გამოყენების წინაპირობების არსებობა. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომჩივანს არასდროს მოუთხოვია მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

106 . გარდა ამისა, რაც შეეხება ეროვნული სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გირაოს პირობების დარღვევის გამო, ის სრულად შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს და ითვალისწინებდა პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას. კერძოდ, მომჩივანმა კარგად იცოდა სსსკ-ის მე-200 მუხლის მე- 5 და მე-7 ნაწილების შინაარსი (იხ. 74-ე პუნქტი ზემოთ) და გირაოს პირობების დარღვევის შესაძლო შედეგები. მიუხედავად ამისა, მან განზრახ დაარღვია ისინი, პირველად, როდესაც მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური 2020 წლის 1 ნოემბერს, და მოგვიანებით, როდესაც უარი თქვა სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომელიც მას გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდას აკისრებდა. გარდა ამისა, მომჩივანი ამ განკარგულებებს საჯაროდ უგულებელყოფდა, ასევე გამოხატავდა უპატივცემულობას ეროვნული სასამართლოების და მათ მიერ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ. ამრიგად, მან კარგად იცოდა, რომ პროკურატურასა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს არ უტოვებდა სხვა გზას, გარდა კანონის გამოყენებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა. მთავრობამ დასძინა, რომ მომჩივნის მკაფიო ინსტრუქციები მესამე პირების მიმართ, რომ არ გადაეხადათ გირაო მისი სახელით, ადასტურებდა მის სურვილს, რომ მისთვის რეალურად შეეფარდებინათ წინასწარი პატიმრობა მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ხელშეწყობისა და საზოგადოების თვალში საკუთარი თავის მთავრობისგან დევნილ მსხვერპლად წარმოჩენისთვის.

107 . მთავრობამ დააკონკრეტა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ღონისძიების გამამართლებელი შესაბამისი და საკმარისი მიზეზები წარმოადგინა. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის პირველად გადაწყვეტილებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. მთავრობის თანახმად, ამ ადრინდელ გადაწყვეტილებებზე მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა საკმარისი საფრთხეები სსსკ-ის 198-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, რაც განაპირობებდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. გარდა ამისა, მომჩივნისთვის პატიმრობის შეფარდებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანი სრულად აცნობიერებდა გირაოს პირობების დარღვევის შედეგებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მან განმეორებით და განზრახ დაარღვია გირაოს თანმხლები პირობები. ასეთ ვითარებაში, მომჩივნის დაპატიმრება რჩებოდა აღკვეთის ღონისძიებების მიზნების მიღწევის ერთადერთ საშუალებად და, შესაბამისად, შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.

2.     სასამართლოს შეფასება

(a)   ზოგადი პრინციპები

108 . მე-5 მუხლის მიზანთან და დაპატიმრების დასაშვებ საფუძვლებთან დაკავშირებული შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში S., V. and A. v. Denmark ([GC], nos. 35553/12 და 2 სხვა, §§ 73-77, 2018 წლის 22 ოქტომბერი), Selahattin Demirtaş (ციტირებული ზემოთ, §§ 311-21) და Denis and Irvine v. Belgium ([GC], nos. 62819/17 და 63921/17, §§ 23-33, 2021 წლის 1 ივნისი).

109 . რაც შეეხება კონვენციის მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტის პირველ ასპექტს, მის თანახმად თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით (იხ. საქმე Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, § 182, 2017 წლის 28 ნოემბერი).

110 . იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს ამ დებულებასთან, დაკავება ან პატიმრობა უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას. პირველი, ის უნდა ეფუძნებოდეს „საფუძვლიან ეჭვს“, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, რაც გულისხმობს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ამ პირს შეეძლო ჩაედინა ეს სამართალდარღვევა. მეორე, დაპატიმრების ან დაკავების მიზანი უნდა იყოს პირის „უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს“ წინაშე წარდგენა, საკითხი, რომელიც განიხილება იმისდა დამოუკიდებლად, მიღწეულია თუ არა ეს მიზანი. მესამე, (c) ქვეპუნქტის თანახმად, დაპატიმრება ან დაკავება, ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის თავისუფლების აღკვეთა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, უნდა იყოს „კანონიერი“ და განხორციელდეს „კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“ (იქვე, 184-ე-186-ე პუნქტები, შემდგომი მითითებებით).

111 . მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტის კონტექსტში, პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება არის შესაბამისი ფაქტორი იმის დასადგენად, უნდა ჩაითვალოს თუ არა დაპატიმრება თვითნებურად. (c) ქვეპუნქტის პირველ ასპექტთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებში ისეთი საფუძვლების არარსებობა, რომლებიც ამართლებს ხანგრძლივი ვადით დაპატიმრებას, შეუთავსებელია მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ თვითნებობისგან დაცვის პრინციპთან. ამის საპირისპიროდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა არ ჩაითვლებოდა თვითნებურად, ეროვნულ სასამართლოს რომ წარმოედგინა პატიმრობის გაგრძელების გამამართლებელი გარკვეული საფუძვლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოყვანილი მიზეზები იყო უკიდურესად ლაკონური და არ ეხებოდა რაიმე სამართლებრივ დებულებას, რომელიც დაუშვებდა მომჩივნის პატიმრობას (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე S., V. and A. v. Denmark, § 92, შემდგომი მითითებებით).

(b)   ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

112 . სადავო არ არის, რომ მომჩივნის პატიმრობა 2021 წლის 23 თებერვლიდან 10 მაისამდე პერიოდში წარმოადგენდა მისი თავისუფლების აღკვეთას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის მნიშვნელობით. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის პატიმრობა გამართლებული იყო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტებით.

113 . სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის დასაშვები საფუძვლები შეიძლება ნაწილობრივ ფარავდეს ერთმანეთს იმ კუთხით, რომ პატიმრობა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება გამართლებული იყოს ერთზე მეტი ქვეპუნქტით (იხ. საქმეები Ilnseher v. Germany [GC], nos. 10211/12 და 27505/14, § 126, 2018 წლის 4 დეკემბერი).

114 . ამ ფონზე, მართალია, რომ მომჩივნის უარი გირაოს დაკისრების შესახებ 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებაზე იყო გადამწყვეტი ფაქტობრივი ელემენტი დაპატიმრების ორდერის დასაბუთებაში. თუმცა, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მომჩივანმა არ შეასრულა, მიღებულ იქნა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, მისი მიმალვის საფრთხის თავიდან აცილებისა და სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების გარანტირების ყოვლისმომცველი მიზნებით (იხ. მე- 18 -მე- 19 და 26 -ე- 28 -ე პუნქტები ზემოთ). 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერი პირდაპირ მიუთითებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე (იხ. 49 -ე პუნქტი ზემოთ) და შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც ასეთ გარემოებებში ითვალისწინებდა გირაოს შეცვლას წინასწარი პატიმრობით (იქვე). გარდა ამისა, 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, მომჩივნის პატიმრობა განიხილებოდა სსსკ-ის 2301-ე მუხლის თანახმად (იხ. მე- 60 პუნქტი ზემოთ). ეს დებულება ეხება წინასწარ პატიმრობას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მომჩივნის პატიმრობის მიზანი იყო მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ დაპატიმრების ორდერის გაცემის მომენტიდან აღარ არსებობდა გირაოს გადახდის ვალდებულება და გირაო შეიცვალა პატიმრობით, როგორც მომჩივნის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფის ღონისძიება.

115 . ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს არგუმენტები იმისთვის, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1(b)-ელი პუნქტი განიხილებოდეს მომჩივნის პატიმრობის შესაძლო გამამართლებელ დებულებად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის წინაშე დასმული საკითხის არსს წარმოადგენს ის, გამართლებული იყო თუ არა პატიმრობა მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტით.

116 . ამ კონტექსტში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების დროს არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება, კერძოდ ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა მის სიტყვით გამოსვლასა და ქცევას 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს (იხ. მე-9-მე-11 პუნქტები ზემოთ) და 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებების დასაბუთებისას ეროვნული სასამართლოები დაეყრდნნენ სწორედ ამ მტკიცებულებებს (იხ. მე-18-27-ე პუნქტები ზემოთ). შესაბამისად, და რომ არ განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, ასევე ნეიტრალური იყო თუ არა დამატებითი მტკიცებულებები (როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები), სასამართლო ეთანხმება ადგილობრივი სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების წინასწარ ეტაპზე, მომჩივანთან დაკავშირებით საქმის მასალებში არსებული მასალა ამყარებდა „საფუძვლიან ეჭვს“, კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, რომ მას შესაძლოა ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული. განსახილველი გადაწყვეტილებებიც მყარად იყო დასაბუთებული მომჩივნის საქმეში აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მიმალვის, მტკიცებულებების ხელყოფისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეებზე მითითებით (იხ. მე-19, მე-20-22-ე და 26-ე პუნქტები ზემოთ).

117 . ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ეხებოდა (ა) 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებებს (იხ. წინა პუნქტი); (ბ) სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსს (იხ. 49-ე პუნქტი ზემოთ), რომელიც, თავის მხრივ, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლებად ითვალისწინებდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეებს; და (გ) მომჩივნის ექსცენტრულ ქცევას და მის დემონსტრაციულ დამოკიდებულებას მის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულებაზე უარის თქმისას (იხ. 36-ე და 43-ე-44-ე პუნქტები ზემოთ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და გენერალური პროკურორის არგუმენტების გათვალისწინებით (იხ. 48-ე პუნქტი ზემოთ), რომლებიც ასევე მითითებულია 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაში, განსახილველი გადაწყვეტილების დასაბუთებამ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომელსაც სასამართლო არ მიიჩნევს უსაფუძვლოდ, რომ 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის გადაწყვეტილებებში მითითებული საფრთხეები (იხ. მე-18-22-ე და 26-ე-28-ე პუნქტები ზემოთ) კვლავ არსებობდა, რაც ამართლებდა გირაოს შეცვლას წინასწარი პატიმრობით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით.

118 . სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წინასწარი პატიმრობა შეფარდებულ იქნა უკიდურესი ზომის სახით მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომჩივანმა აშკარად უარი თქვა გირაოს შეფარდების შესახებ 2020 წლის 3 ნოემბრის განკარგულების შესრულებაზე, და რაც ამოიწურა გირაოს გაზრდილი თანხის გადახდის ვადა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ასევე აკისრებდა მომჩივანს ქვეყნის დატოვების ნებართვის მიღების ვალდებულებას, მან გააუქმა გირაოს თანმხლები ყველა სხვა შეუსრულებელი პირობა (იხ. 39 -ე პუნქტი ზემოთ). ამდენად, მომჩივნის მიერ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდა, რაც არ იყო ნავარაუდევი, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებს სცილდებოდა, იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებდა მას, ვიდრე ის იყო გირაოს პირობების დარღვევამდე.

119 . მომჩივანმა შიდა დონეზე განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა „არავითარი მორალური უფლება“ დამორჩილებოდა იმ ინსტიტუტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებზეც, მისი აზრით, გავლენა მოახდინეს მისმა პოლიტიკურმა მეტოქეებმა (იხ. 43-ე პუნქტი ზემოთ), და შემდგომში თავის დაუმორჩილებლობას „პოლიტიკური აქტი“ უწოდა (იხ. 59-ე პუნქტი ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს, რომ მომჩივნის საქციელი შესაძლოა მოქცეულიყო იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული აშკარად დაძაბული პოლიტიკური გარემოს, ასევე მისი, როგორც პოლიტიკოსის, სტატუსისა და მისი გამოხატვის თავისუფლების უფლების უფრო ფართო კონტექსტში (იხ. 64-ე პუნქტი ზემოთ). თუმცა, როგორც ჩანს, იმის ნაცვლად, რომ მიეღო ის შედეგები, რომლებიც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით გირაოს დაკისრების შესახებ განკარგულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მომჩივანი მოელოდა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები საერთოდ გაუქმდებოდა (იხ. 37-ე, მე-60 და 104-ე პუნქტები ზემოთ). თუმცა, სასამართლო ვერ დაეთანხმება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და კონვენციის ასეთ ინტერპრეტაციას, რადგან ეს გულისხმობს მომჩივნის მიერ არა კანონით გათვალისწინებული შედეგების მიღებას, არამედ კანონიერი სასამართლო განკარგულების დარღვევით სარგებლობის შესაძლებლობას, ეს ინტერპრეტაცია კი შეუთავსებელია კონვენციის სულისკვეთებასა და კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომელიც საფუძვლად უდევს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს და, ზოგადად, არის ნიშანდობლივი კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი დაცვის სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ არის ნახსენები კონვენციის პრეამბულაში (იხ., მაგალითად, საქმე Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland [GC], No. 26374/18, § 211, 2020 წლის 1 დეკემბერი).

120 . ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.

121 . რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 230 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალების არაეფექტურობასთან დაკავშირებით თავის არგუმენტებში მომჩივანმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 13 აპრილს მისი დაპატიმრების საკითხის განხილვა არაეფექტური აღმოჩნდა (იხ. 95-ე პუნქტი ზემოთ). თუმცა, 2021 წლის 13 აპრილს მისი დაპატიმრების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ცალკე საჩივარი ან არგუმენტი არ ყოფილა შედგენილი საჩივრის არსებით მხარესთან მიმართებით, კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ეს უკანასკნელი საჩივარი ეხებოდა მხოლოდ 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერს და არსებითად ეყრდნობოდა იმავე არგუმენტებს, რაც წარმოდგენილ იქნა მის საჩივართან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საჩივარი ეხებოდა მხოლოდ 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერს.

122 . ამგვარად, და კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე მომჩივნის საჩივრებთან დაკავშირებით (იხ. 112-ე-120-ე პუნქტები ზემოთ), მისი მიგნებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე საქმის გარემოებებში ცალკე საკითხი არ განიხილება.

III.   კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში

123 . მომჩივანი ჩიოდა, რომ მისი დაპატიმრება ემსახურებოდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორების და მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის დასჯის მიზნებს. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს, რომლის თანახმადაც:

„დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული“.

A.   მისაღებობა

124 . სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საჩივარი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით აშკარად დაუსაბუთებელი არ არის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ეს საჩივარი განსახილველად არ იქნეს მიღებული. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B.   არსებითი მხარე

1.     მხარეთა არგუმენტები

(a)   მომჩივანი

125 . მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება უნდა განხილულიყო იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. კერძოდ, ის იყო წამყვანი ოპოზიციონერი კანდიდატი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და „შეძლო ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია და [მმართველ პარტიასთან] დაპირისპირება“ ამ არჩევნების დროს და მის შემდეგ. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების შედეგებს და ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობას. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ კონტექსტში მთავრობამ დაავალა პროკურატურას, მოეთხოვა მისი დაპატიმრება, ბოიკოტის გამო მისი დასჯის მიზნით. ის აცხადებდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე მოტივირებული იყო რუსეთის ხელისუფლების დამშვიდების სურვილით, რომელიც მოითხოვდა იმ პირების დასჯას, რომლებიც აპროტესტებდნენ ს. გ.-ის ვიზიტს (იხ. მე-6 პუნქტი ზემოთ). მომჩივანი იმეორებდა, რომ მისი დაპატიმრების ზემოაღნიშნული მოტივების არსებობა დადასტურდა იმ ფაქტით, რომ მას პატიმრობა შეეფარდა საქმის არსებითი განხილვის დასკვნით ეტაპზე, იმ გარემოებებში, როდესაც მას არ უცდია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა. ის ამტკიცებდა, რომ მისმა დაკავებამ გაამწვავა ისედაც სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული არჩევნებით.

126 . მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ პატიმრობიდან მისი საბოლოოდ გათავისუფლების კონტექსტში, 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებამ გააუქმა 2020 წლის 3 ნოემბერს დაკისრებული გირაო და ამით არ დატოვა სამართლებრივი საფუძველი მის შესასრულებლად. ასეთ ვითარებაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილება მომჩივნის სახელით გადახდილი გირაოს მიღების შესახებ იყო სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა და სანაცვლოდ „გამიზნული იყო [მმართველი პარტიის] სასარგებლოდ ოპოზიციის ლიდერის დამცირებისა და ჩაგვრისთვის.“ მომჩივნის განცხადებით, ეს დამატებით დადასტურდა ამნისტიის აქტში იმის მოთხოვნის ჩართვით, რომ ბრალდებული უნდა დათანხმებოდა აქტის გამოყენებას თავის საქმეში, რაც პოტენციურად გამოიწვევდა მომჩივნის „პოლიტიკურ დამცირებას“ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადების გათვალისწინებით, რომ ამნისტიის აქტი წარმოადგენდა „მოწყალებას“ მმართველი პარტიის მხრიდან მომჩივნის მიმართ, მის მიერ „უმძიმესი დანაშაულის“ ჩადენის მიუხედავად (იხ. 63-ე პუნქტი ზემოთ).

127 . მომჩივანმა სასამართლოს მოუწოდა, არ დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ გარეგნული მხარით და, მისი დაკავების შემდეგ გაკეთებული მრავალი განცხადების, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო მოღვაწეების განცხადებების გათვალისწინებით, რომლებმაც დაგმეს ეს მოვლენა, დაედგინა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში. ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა აღიარა, რომ პარტიამ იცოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი მის მიღებამდე, 2021 წლის 17 თებერვალს, რაც ადასტურებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას. ის ასევე ამტკიცებდა, რომ სასამართლოები, სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, წარმოადგენდნენ „იარაღს პოლიტიკური ოპონენტების მიზანში ამოსაღებად“ და იმართებოდნენ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მოსამართლეთა „კლანის“ მიერ. ამასთან დაკავშირებით, მან მიუთითა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაზე (იხ. 62-ე პუნქტი ზემოთ) და განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმა შედიოდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში.

128 . მომჩივანი დამატებით ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო „შეთხზული“ და რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო „შეეზღუდა ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერის საქმიანობა მაშინ, როდესაც ამას მმართველი [პარტია] „ქართული ოცნება“ მოისურვებდა“. ის ასევე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება იყო „მიკერძოებული“ იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირმა მედიასთან აღიარა, რომ მას დაევალა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სათვალთვალო კამერებით შეგროვებული მონაცემების წაშლა, ხოლო ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის მოთხოვნები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებასთან და მოწმეების, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების, დაკითხვასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ აწარმოვა შერჩევითი დევნა და რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების სამოქალაქო მსხვერპლთა მიმართ ქმედითი გამოძიება არ ჩატარებულა. თავის არგუმენტებში მომჩივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განხილვაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და „არ წარმოადგენდა წინამდებარე საჩივრის საგანს“, რომელიც ეხებოდა მის „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და დაპატიმრებას“.

(b)   მთავრობა

129 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით მის ბრალდებებთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის წინააღმდეგ დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ხელმძღვანელობისა და მათში მონაწილეობის ბრალდებით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულია. „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ მომჩივანმა ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, ეფუძნებოდა თვითმხილველთა ჩვენებებს, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ვიდეოჩანაწერებს, და ამ კუთხით ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები სათანადოდ იყო დასაბუთებული. ამრიგად, მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების ერთადერთი მიზეზი იყო მართლმსაჯულების ინტერესები.

130 . მთავრობამ განაცხადა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საკმარისი არ იქნებოდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დასადგენად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოაჩინა მისი დაპატიმრების ორდერის არასათანადო მოტივი, განსაკუთრებით შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისადმი მისი გულგრილობისა და ეროვნული სასამართლოების მართლზომიერი გადაწყვეტილებების შესრულებაზე მისი უარის გათვალისწინებით. მთავრობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა „დემონსტრაციულად“ დაარღვია ეროვნული სასამართლოების მიერ დაწესებული გირაოს პირობები, პროკურატურის ორგანოებს არ მოუთხოვიათ მისთვის პატიმრობის შეფარდება. პირიქით, მათ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გირაოს ოდენობის გაზრდის მოთხოვნით. სწორედ მომჩივნის მკაფიო უარმა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე განაპირობა წინასასამართლო ღონისძიების გამოყენება, როგორც ეს გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

131 . მთავრობამ გაიმეორა, რომ მომჩივანს რეალურად სურდა, რომ მისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, რათა მას შესძლებოდა, რომ წარმოეჩინა თავი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად. ამის საპირისპიროდ და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების მიუხედავად, ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მისი, როგორც პარლამენტის წევრის მანდატის განხორციელებას, და მას გარანტირებული ჰქონდა მედიასთან შეუზღუდავი კონტაქტი და ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, იმითაც, რომ უზრუნველყოფილი იყო მისი მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში (რომლის შედეგადაც მან განახლებული საპარლამენტო მანდატი მიიღო) და შემდგომ თბილისის მერის არჩევნებში. ამრიგად, იმის ნაცვლად, რომ „ის ჩამოშორებული ყოფილიყო პოლიტიკურ ცხოვრებას“, როგორც თავად მომჩივანი აღნიშნავდა, მის მიმართ დაპატიმრების ორდერის, როგორც უკიდურესი ზომის, მიღების ერთადერთი მიზეზი იყო მისივე საქციელი, რომლითაც მან უგულებელყო კანონიერი სასამართლო ბრძანებები იმ ვითარებაში, როდესაც კარგად იცოდა მისი დაპატიმრების რისკის შესახებ.

132 . რაც შეეხება მომჩივნის მტკიცებას, რომ ხელისუფლებას არ დაუწყია გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო 2019 წლის 22 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მტკიცებით, აღნიშნული გამოძიება არ იყო შესაბამისი წინამდებარე საქმის კონტექსტში, მათ აღნიშნეს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ათობით დემონსტრანტს მიანიჭეს დაზარალებულის პროცედურული სტატუსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა, ხოლო სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე საქმიანობის უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორსა და ათ სამართალდამცავს. ამრიგად, მომჩივნის მტკიცების საპირისპიროდ, ხელისუფლების ორგანოებს არ მოუთხოვიათ ცალმხრივი პასუხისმგებლობა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების კონტექსტში. კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო იმ განცხადებაზე დაყრდნობით, რომ სათვალთვალო კამერების მონაცემები წაშალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მისი ზემდგომის დავალებით და, ნებისმიერ შემთხვევაში, მონაცემები უკვე ამოღებული იყო ამ კამერებიდან.

133 . მთავრობამ დასძინა, რომ მომჩივანმა მოახდინა მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია და ის მცდარად აცხადებდა, რომ მისმა დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, აღნიშნავდა რა, რომ ეს კრიზისი დაკავშირებული იყო 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებთან. დაბოლოს, რაც შეეხება სასამართლო რეფორმების აუცილებლობას, რომელზეც მიუთითებდა მომჩივანი, მთავრობამ განაცხადა, რომ 2012 წლიდან აქტიურად მიმდინარეობდა სასამართლოს ფართომასშტაბიანი რეფორმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რამდენადაც მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სასამართლო სისტემაში „პრობლემები“ იყო, ასეთი წარდგინება წარმოადგენდა actio popularis (საჩივარი საზოგადო ინტერესების დაცვის გამო) და სცილდებოდა წინამდებარე საჩივრის ფარგლებს.

2.     სასამართლოს შეფასება

(a)   ზოგადი პრინციპები

134 . სასამართლო მიუთითებს კონვენციის მე-18 მუხლის განმარტებისა და გამოყენების ზოგად პრინციპებზე, კერძოდ, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის გადაწყვეტილებებში საქმეებზე Merabishvili (ციტირებული ზემოთ, §§ 287-317) და Navalnyy (ციტირებული ზემოთ, §§ 164-65; ასევე იხ. საქმე Selahattin Demirtaş, ციტირებული ზემოთ, § 421).

(b)   აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

135 . რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო ითვალისწინებს აშკარა პოლიტიკურ დაძაბულობას საქართველოში 2019-2021 წლებში (იხ. მე-6-მე-13 და 61-ე-62-ე პუნქტები ზემოთ), იმ სამართალდარღვევის ხასიათს, რომელშიც ბრალი წაუყენეს მომჩივანს, და იმ ფაქტს, რომ მომჩივნის დაკავებას და წინასწარ პატიმრობას ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბრის სადავო არჩევნების, ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტის და მომჩივნის ენმ-ის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ. ამ კონტექსტში, შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ეჭვი თავდაპირველად ბრალდებების, ხოლო შემდგომ მომჩივნის საბოლოო დაკავების პოლიტიკური მოტივის არსებობის რისკთან დაკავშირებით. ასევე მართალია, რომ როდესაც ჩნდება ბრალდებები სისხლისსამართლებრივი დევნის ფარულ მიზანთან დაკავშირებით, ძნელია წინასწარი პატიმრობის გამოყოფა სისხლის სამართლის პროცესისგან (იხ. საქმე Merabishvili, ციტირებული ზემოთ, § 320, შემდგომი მითითებებით). თუმცა, კონვენციის თანახმად არ არსებობს უფლება, როგორც ასეთი, რომ არ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა (იქვე).

136 . ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარ ეტაპზე, როდესაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, მომჩივნის საქმის მასალებში არსებული მასალა ადასტურებდა „საფუძვლიან ეჭვს“, კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, რომ მან შესაძლოა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული (იხ. 116-ე პუნქტი ზემოთ). გარდა ამისა, მომჩივნის მტკიცების საპირისპიროდ, ჩანს, რომ ის არ იყო ერთადერთი პირი, რომელთან მიმართებითაც ხორციელდებოდა გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით (იხ. 132-ე პუნქტი ზემოთ).

137 . თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეეხება ბრალდებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ორგანოებს სურდათ მომჩივნის ჩამოცილება საქართველოში პოლიტიკური ასპარეზიდან, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, მომჩივნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავდაპირველად უარყვეს პროკურორის განცხადება მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ (იხ. მე-18-22-ე და 26-ე-27-ე პუნქტები ზემოთ). რაც შეეხება გირაოს თანმხლებ თავდაპირველ პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ჩანს, ვრცელი იყო, ხელისუფლებამ არ შეზღუდა მომჩივნის საპარლამენტო მანდატის განხორციელება, მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია და წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელება, რამაც მას მოაპოვებინა განახლებული ადგილი პარლამენტში (იხ. 30-ე‑35-ე პუნქტები ზემოთ). ფაქტობრივად, როგორც ჩანს, მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა, რათა მას შესძლებოდა საპარლამენტო არჩევნებში სათანადოდ მონაწილეობის მიღება (იხ. 32-ე პუნქტი ზემოთ). პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ამ მიზნით მისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე (იხ. 34-ე პუნქტი ზემოთ). შესაბამისად, და იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ წინამდებარე საქმე არ მოიცავს მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესის ფარგლებში მომჩივნის მიმართ უბრალოდ ბრალის წაყენებით, ხელისუფლება მიზნად ისახავდა ქვეყნის პოლიტიკური ასპარეზიდან მისი ჩამოცილების ფარული მიზნის მიღწევას.

138 . რაც შეეხება 2021 წლის 17 თებერვალს გაცემულ ორდერს მომჩივნის დაპატიმრების შესახებ, რომელიც არის სასამართლოში შემოტანილი მისი საჩივრის საფუძველი, დადგინდა, რომ აღნიშნული განხორციელდა კონვენციის მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით (იხ. 112-ე-120-ე პუნქტები ზემოთ). სადავოდ არ გამხდარა ის, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებების შეზღუდვას. აქედან გამომდინარე, მაშინაც კი თუ დადგინდება, რომ მომჩივნის თავისუფლების უფლების შეზღუდვა ასევე ემსახურებოდა მიზანს, რომელიც არ არის გათვალისწინებული მე-5 მუხლის 1(c)-ელი პუნქტით, ეს იქნება მხოლოდ მე-18 მუხლის დარღვევა, თუ აღნიშნული სხვა მიზანი იყო უპირატესი. ამიტომ სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ეს ასე მომჩივნის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ მისი დაპატიმრების მიზანს წარმოადგენდა მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორება ან/და მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის მისი დასჯა. ამიტომ სასამართლო შეაფასებს, საკმარისია თუ არა მომჩივნის მიერ მოხსენიებული სხვადასხვა ფაქტორები, ცალ-ცალკე თუ ერთად აღებული, რათა დადგინდეს, მიღწეულ იქნა თუ არა ეს უპირატესი მიზანი.

139 . სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2021 წლის 17 თებერვალს მიღებული დაპატიმრების ორდერის აღსრულებამ გამოიწვია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა (იხ. 51-ე პუნქტი ზემოთ). ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად დრო არასწორად იქნა შერჩეული ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს მომჩივნის დაპატიმრების ფარული მიზნის არსებობაზე. ასევე უჩვეულოდ ვერ ჩაითვლება ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ორგანოები განიხილავდნენ მომჩივნის დაკავების შესაძლებლობას დაპატიმრების ორდერის გაცემამდე, როგორც ეს ასევე განმარტა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ (იხ. 58-ე პუნქტი ზემოთ). რასაკვირველია, სასამართლო არ ამართლებს მომჩივნის მიმართ გამოყენებულ განხეთქილების გამომწვევ რიტორიკას (იხ. 63-ე პუნქტი ზემოთ), რამაც შესაძლოა წამოჭრას საკითხები კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს დებულება არ იქნა გამოყენებული წინამდებარე საჩივრის კონტექსტში, ასევე იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული სხვაგვარად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის დაპატიმრების შემდეგ გაკეთებული შესაბამისი განცხადებები არ წარმოადგენს მისი დაპატიმრების ფარული მოტივის მტკიცებულებას. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი ჩიოდა, რომ სასამართლო სისტემა არ იყო დამოუკიდებელი მმართველი პარტიისგან, სწორედ ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს თავდაპირველად პროკურატურის შუამდგომლობა მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, შემდგომ კი გასცეს მისი გათავისუფლების განკარგულება.

140 . მართალია, რომ 2021 წლის 17 თებერვლის დაპატიმრების ორდერის შედეგად სხვადასხვა პირები და ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებული იყო მომჩივნის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების სურვილით. გარდა ამისა, ფართოდ გააკრიტიკეს მომჩივნის დაკავების ფორმაც (იხ. 54-ე და 56-ე პუნქტები ზემოთ). თუმცა, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს „მტკიცებულებებზე, ამ სიტყვის სამართლებრივი გაგებით“, საქმეში Merabishvili მიღებულ გადაწყვეტილებაში მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (ციტირებული ზემოთ, §§ 309‑17), და კონკრეტული შესაბამისი ფაქტების საკუთარ შეფასებაზე (იხ. საქმე Kavala v. Turkey, no. 28749/18, § 217, 2019 წლის 10 დეკემბერი, და საქმე Ugulava v. Georgia, no. 5432/15, § 123, 2023 წლის 9 თებერვალი). აქედან გამომდინარე, დაპატიმრების ორდერისა და შემდგომი დაკავების პროცესის კრიტიკა, განსაკუთრებით ამ ორდერის აღსრულებაზე მომჩივნისა და მისი მხარდამჭერების უდავო უარის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიუთითებდეს, სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტის მნიშვნელობის ფარგლებში, ხელისუფლების ფარულ მოტივზე, იქნება ეს მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორება თუ მისი დასჯა მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

141 . სასამართლო ასევე ითვალისწინებს მომჩივნის წარდგინებას, რომ 2021 წლის ამნისტიის აქტი მიღებულ იქნა მისი „პოლიტიკური დამცირებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა ამ აქტის მის საქმეში გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის 1-ელი ნაწილის ფორმულირება („ყველა პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული...“ – იხ. 72-ე პუნქტი ზემოთ) შეიძლება აღნიშნავდეს, რომ ბრალდებულის მიერ მისი საქმის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე დათანხმება შესაძლოა მიჩნეულიყო მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებად. თუმცა, აქტს ჰქონდა შეუზღუდავი პირადი მოქმედების სფერო და ის ასევე მოქმედებდა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მიღება უფრო ფართო პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო (იხ. 61-ე და 62-ე პუნქტები ზემოთ). მაშასადამე, სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ ასახავს ასეთი ფორმულირება მომჩივნის დაპატიმრების ფარული მოტივის არსებობას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ აქტის მიღებამდე დიდი ხნით ადრე.

142 . დაბოლოს, მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ მისმა დაპატიმრებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას, და რომ ამის შემდეგ ხელისუფლების მიერ მისი სახელით გადახდილი გირაოს მიღება და მისი გათავისუფლება ეწინააღმდეგებოდა კანონს, საიდანაც ჩანდა მისი დაპატიმრების უკან პოლიტიკური დღის წესრიგის არსებობა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო არ განიხილავს საკითხს, შეესაბამებოდა თუ არა მომჩივნის გათავისუფლების პროცესი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომელიც, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არ ეწინააღმდეგებოდა მას. საკმარისია აღინიშნოს, რომ თავად მომჩივნის გადაწყვეტილება იყო, რომ არ დამორჩილებოდა ეროვნული სასამართლოს კანონიერ განკარგულებას, რაც გახდა საბოლოოდ მისი დაპატიმრების (იხ. 112-ე-120-ე პუნქტები ზემოთ) და, მისივე მსჯელობის მიხედვით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საფუძველი. ასეთ გარემოებებში, მომჩივანი ვერ დაეყრდნობა მისი გათავისუფლების პოლიტიკურ კომპრომისს, როგორც მისი დაპატიმრების ფარული მოტივის არსებობის არგუმენტს.

143 . საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის დაპატიმრება განხორციელდა გაცხარებული პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე, ერთი მხრივ, ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ შორის, მომჩივნის მიერ მოყვანილი სხვადასხვა პუნქტები, აღებული ცალ-ცალკე ან ერთობლიობაში, არ წარმოადგენს საკმარისად ერთგვაროვან მთლიანობას, რათა სასამართლომ დაადგინოს, რომ მომჩივნის პატიმრობა ემსახურებოდა კონვენციით გაუთვალისწინებელ მიზანს (იხ., მაგალითად, საქმე Ahmet Hüsrev Altan v. Turkey, no. 13252/17, § 246, 2021 წლის 13 აპრილი).

144 . ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1.   აცხადებს საჩივარს მისაღებად.

2.   ადგენს , რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.

3.   ადგენს, რომ ცალკე საკითხი არ წამოიჭრება კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

4.  ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 7 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

მარტინა კელერი

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე

ჟორჟ რავარანი
  თავმჯდომარე