მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4481-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/4481-24
12/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/4481-24

330210324008766047

 განჩინება

საქართველოს სახელით

 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2024 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი


განმცხადებელი – შპს ,,მიდასი“

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 2024 წლის 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,მიდასის“ წარმომადგენლებმა, დირექტორებმა: ტარიელ ჩიჩუამ და ვალერიან ლომაიამ, შპს ,,მიდასის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ კომპანიას აქვს ვადამოსული ვალდებულებები, რომელსაც ვერ ასრულებს და იმყოფება მძიმე ფინანსურ კრიზისში, შესაბამისად, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს გაკოტრების საქმის წარმოების გზით გადახდისუუნარობის წარმართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს ,,მიდასის“ წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა.

2024 წლის 01 მარტს შპს ,,მიდასის“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 04 მარტის განჩინებით, შპს ,,მიდასს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი (კრედიტორები) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2024 წლის 05 მარტს.

განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სასამართლოსთვის კრედიტორს (კრედიტორებს) მოვალის (შპს „მიდასის“) მიმართ არ მოუმართავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 მარტის განჩინება, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2024 წლის 05 მარტს და ამ დღიდან ერთთვიან ვადაში კრედიტორებს არ მოუმართავთ სასამართლოსთვის მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მიდასი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, მე-100, 106-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მიდასი“ (ს.ნ.405407288) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge).

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის., თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე  ზაალ მარუაშვილი