ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ

  • Word
ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.040.000.05.001.000.075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
320
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
300.040.000.05.001.000.075
ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს  კანონი

ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ

კარი I

ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს კანონმდებლობა ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს და მათ საფუძველზე მიღებულ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო აქტებს ფასწარმოქმნის შესახებ.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ფასების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, საბაზრო ფასწარმოქმნის ფორმირებისა და ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს, მეწარმეთა, მოქალაქეთა,  აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ძირითად უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ფასწარმოქმნის სფეროში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებების განმარტება

1. „თავისუფალი (საბაზრო) ფასი" ეწოდება ფასს, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და  ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე.

2 .თავისუფალი (საბაზრო) ფასი შეიძლება იყოს საბითუმო (გასაცემი) და საცალო.

3. „საქონლის (მომსახურების) საბითუმო (გასაცემი) ფასი“ ეწოდება საწარმოს (საბითუმო ქსელის) ფასს, რომლის საქონელი (მომსახურება) არასაბოლოო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს საწარმოს დანახარჯებს, მოგებასა და კანონმდებლობით დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს.

4. ,,საქონლის მომსახურების საცალო ფასი“ არის სავაჭრო ქსელში სარეალიზაციო ანუ საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული ფასი, რომელიც მოიცავს საწარმოს საბითუმო (გასაცემ) ფასსა და სავაჭრო (საშუამავლო) ფასნამატს.

5. „სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი)“ ეწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შეზღუდული კონკურენციის პირობებში განსაზღვრულ ფასს (ტარიფს).

 6. „სახელმწიფო ფიქსირებული ფასი" ეწოდება მყარად დაწესებული სიდიდის სახელმწიფო რეგულირებად ფასს.

7. „ზღვრული ფასი" სახელმწიფო რეგულირებადი ფასის ნაირსახეობაა და გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ფასის ზედა (მაქსიმუმი), ქვედა (მინიმუმი) ზღვარის ან ორივეს ერთად დაწესებას.

8. „მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასი" ეწოდება ნორმალურ საბაზრო დონესთან შედარებით  მაღალ (დაბალ) ფასს, რომელიც ყალიბდება სასაქონლო ბაზარზე გამყიდველების (მყიდველების) დომინირებული მდგომარეობის პირობებში.

9. „დემპინგური ფასი" ეწოდება შიდა ბაზრის ფასებთან (მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯებთან) შედარებით განზრახ შემცირებულ ფასს, რომელსაც გამყიდველი აწესებს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით.

10. „სავაჭრო (სავაჭრო-საშუამავლო) ფასნამატი" არის სავაჭრო (სავაჭრო-საშუამავლო) ორგანიზაციის მიერ საქონლის გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის სხვაობის თანხა.

      11.„სავაჭრო ფასდათმობა" არის საქონლის უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის მისაყიდი ფასის ნაწილი, რომლითაც იფარება სავაჭრო ორგანიზაციის ხარჯები და წარმოიქმნება მისი შემოსავალი.

12.„ფასების სახელმწიფო რეგულირება" არის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ფასების დონესა და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდებით ზემოქმედება.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 2. ფასწარმოქმნის სუბიექტები

არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ფასების განსაზღვრაში (დაწესებაში) მონაწილეობენ შემდეგი სუბიექტები ან მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლები:

ა) მეწარმე – ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, რომელთა კომპეტენციაში შედის რეგულირებადი ფასწარმოქმნისა და ფასების კონტროლის საკითხები, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული  აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია. აგრეთვე ის ორგანოები, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ქონების რეალიზაციის უფლებამოსილება და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ტარიფების შემუშავების, დამტკიცების და რეგულირების ფუნქცია;

გ) საქართველოს  მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხოელები.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1024-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.99

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2959-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.188

 

კარი II

საბაზრო ფასწარმოქმნის გარანტიები

    მუხლი 3. საბაზრო ფასწარმოქმნა

 1. მეწარმე ნებისმიერი გარიგების პროცესში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, ფასს განსაზღვრავს თავისუფლად, გარიგების მონაწილე მხარეთა ინტერესების შეხამებისა და ურთიერთსარგებლიანი შეთანხმების მიღწევის საფუძველზე.

2. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ,მონაწილეობენ ფასწარმოქმნის პროცესში მხოლოდ ამ კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 4. მეწარმეთა და მოქალაქეთა უფლებები

1. ყოველ მეწარმეს, მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს მყიდველს შესთავაზოს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ფასი, თუ მოცემული სახეობის საქონელზე (მომსახურებაზე) არ ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება, მყიდველს მეწარმეს (მოქალაქეს) უფლება აქვს მიიღოს ან უარყოს შემოთავაზებული და შესთავაზოს თავისი ფასი. საბოლოო ფასი განისაზღვრება გამყიდველისა და მყიდველის

2. მეწარმეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, ქმედებანი ფასების რეგულირების სფეროში, თუ ამ ქმედებებს იგი არამართლზომიერად მიიჩნევს.

3. მეწარმეს, მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს ფასების რეგულირების და ფასების კონტროლის ორგანოებში, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს მიმწოდებლის მიერ ამ კანონის დარღვევით დადებული ხელშეკრულებით (გარიგებით) დადგენილი ფასები.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010--პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 5. მეწარმეებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი

1. ფასების განსაზღვრის დროს დაუშვებელია მეწარმის მიერ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, აგრეთვე მეწარმეთა შეთანხმება (შეთანხმებული ქმედება), რომელიც ზღუდავს კონკურენციას; დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. გარიგება, რომელიც მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი, ან დემპინგური ფასის წარმოქმნას იწვევს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლებისა ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესაბამისი ორგანოს ან დაზარალებული მხარის მიერ.

2. მეწარმე ვალდებულია ფასის განსაზღვრისას დაიცვას საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების განსაზღვრის წესი და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები, შენატანები, მოსაკრებლები და სხვა აუცილებელი გადასახდელები, უზრუნველყოს გასაყიდი საქონელი სასაქონლო ნიშნით, იარლიყით, ხარისხის სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტაციით ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010--პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

კარი III

ფასების სახელმწიფო რეგულირება

    მუხლი 6. ფასებისა და ფასწარმოქმნის ზოგადი ეკონომიკური პირობების                     სახელმწიფო რეგულირების მეთოდები

1.აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ ფასწარმოქმნის ეკონომიკური პირობების რეგულირებას ისეთი პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა:

ა) ფასების რეგულირება სახელმწიფოთაშორისო (სამთავრობათაშორისო) ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე;

ბ) ფასების ფორმირების ზოგადი პირობების მოწესრიგება ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პროცესების მარეგულირებელი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით;

გ) ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვა და ფასების პროგნოზირება;

დ) ეკონომიკის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით ცალკეული სახეობის საქონელსა და მომსახურებაზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასების და ტარიფების დაწესება;

ე) ბაზარზე მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასების თავიდან აცილების მიზნით მონოპოლისტი მეწარმისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის ან ფიქსირებული ფასების გამოყენება;

ვ) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა;;

ზ) საცნობარო და საანგარიშსწორებო ფასების გამოყენება, ფასების სისტემატური სტატისტიკური აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანალიზი, შესაბამისი მასალების სისტემატური პუბლიკაცია და სხვა.

2.აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებუფლება აქვთ სახელმწიფო ინტერესებიდან და შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეზღუდული კონკურენციის პირობებში, პრიორიტეტი მიანიჭონ რეგულირების ამა თუ იმ მეთოდს (მეთოდთა ჯგუფს).

3. მეწარმეები ვალდებული არიან წარუდგინონ  ინფორმაცია:

ა) ფასწარმოქმნისა და ფასების კონტროლის სახელმწიფო ორგანოებს - რეგულირებადი ფასების დასადგენად. ფასწარმოქმნის პოლიტიკის ეკონომიკური პირობების რეგულირებისათვის, ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის კონტროლისათვის;

ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებს - ფასებისა და ტარიფების სტატისტიკური აღრიცხვისა და რეგისტრაციისათვის.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №10I0-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 7. სახელმწიფო რეგულირებადი ფასების დადგენა

1. სახელმწიფო რეგულირებადი ფასები (ტარიფები) დგინდება (მათი რეგულირება ხორციელდება) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ნუსხაზე, მათი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის, აგრეთვე ბაზრის მონოპოლიზაციის დონისა და დაბალანსების გათვალისწინებით.

2. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ხოლო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ტარიფებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შესაბამისი საკანონმდებლო აქტისა და თავისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მათი სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ არეგულირებენ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1024-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.99

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2959-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.188

    მუხლი 8. საქონლის (მომსახურების) ფასები და ხარისხი

1. სახელმწიფო რეგულირებადი ფასები უნდა შეესაბამებოდეს საქონლის (მომსახურების) ხარისხს, რომელიც განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტების ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით.

2. თავისუფალი (საბაზრო) ფასებით სარეალიზაციო საქონლის (მომსახურების) გამყიდველი ვალდებულია მყიდველს დადგენილი წესით მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია საქონლის (მომსახურების) ფასებისა და ხარისხის შესახებ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 9. ფასწარმოქმნა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში

1. ფასწარმოქმნა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული პრინციპების საფუძველზე.

2. საექსპორტო და საიმპორტო საქონელზე (მომსახურეობაზე) ფასების ფორმირებისას, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი ენიჭება ექსპორტის სტიმულირებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ქვეყნის შიდა ბაზრის სტაბილიზაციას.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010--პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

კარი IV

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობანი ფასწარმოქმნის სფეროში

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010--პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 10. საქართველოს ეკონომიკის ,მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

1. საქართველოში ფასწარმოქმნის პოლიტიკის, ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ცენტრალური ორგანოა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე:

ა) კოორდინაციას უწევს ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

ბ) უზრუნველყოფს ფასებისა და ფასწარმოქმნის ზოგადი ეკონომიკური პირობების რეგულირებას;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი (სამთავრობათაშორისი) ხელშეკრულებების დასადებად ფასების შეთანხმებული პოლიტიკის გატარების თაობაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით ახდენს ფასების ფიქსაციას განსაზღვრული ვადით;

ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებთან ერთად შეზღუდული კონკურენციის პირობებში განსაზღვრავს იმ საქონლის (მომსახურების) ნომენკლატურას, რომელზეც ვრცელდება ფასების სახელმწიფო რეგულირება და სამოქმედოდ შემოაქვს სახელმწიფო რეგულირებადი ფასები (რეგულირების მექანიზმები);

ვ) აწესებს რეგულირებადი ფასების მოსალოდნელი ზრდის მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების რეჟიმს;

ზ) შეათანხმებს სამინისტროებისა და უწყებების მიერ წარმოდგენილ ზღვრულ და ფიქსირებულ ფასებს, მათ შორის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას. განსაზღვრავს ცალკეული მეწარმეებისათვის ფასების დეკლარირების წესს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მონოპოლისტი მეწარმის ფასების რეგულირების თაობაზე დაყენებული საკითხის საფუძველზე ასეთი სუბიექტისათვის ფასების რეგულირების მეთოდის გამოყენებისა და კონტროლის განხორციელების შესახებ, თუ არ არსებობს ბუნებრივი მონოპოლიების ფასწარმოქმნის მარეგულირებელი სხვა ორგანო (კომისია);

ი) განსაზღვრავს საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების საბითუმო და საცალო ფასების კალკულაციის წესს;

კ) შეითანხმებს სამინისტროებისა და უწყებების მიერ გასაცემი ლიცენზიების სატარიფო განაკვეთებს;

ლ) ფასების დონის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებთან ერთად ამზადებს წინადადებას ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესახებ;

მ) ახორციელებს ფასების დინამიკის ანალიზს, ამუშავებს ფასების პროგნოზს;

ნ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს ფასების დონესა და დინამიკაზე პერიოდულ დაკვირვებებს;

ო) განსაზღვრავს ფასწარმოქმნისა და ფასების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ცენტრალური  და სხვა სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოების კომპეტენციას;

პ)საჭიროების შემთხვევაში ახდენს ამ კომპეტენციის დელეგირებას;

ჟ) ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრავს ფასების სახელმწიფო კონტროლის წესს.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 11. ფასების (ტარიფების) რეგისტრაცია

  1.საქართველოს ტერიტორიაზე ფასების და ტარიფების სისტემატურ სტატისტიკურ აღრიცხვასა და რეგისტრაციას, მათი დინამიკის ანალიზს ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული უფლება დადგენილი წესით მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა, საკუთრების ფორმისა და საქმიანობის სახეობისა და ოფიციალურად აქვეყნებს ინფორმაციას ფასებისა და ტარიფების დონეების, აგრეთვე მათი ცვლილებების შესახებ.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

      

მუხლი 12. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება–მოვალეობანი

1.აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ საქართველოს  სახელმწიფო პოლიტიკას ფასწარმოქმნის სფეროში საქართველოში ფასწარმოქმნის ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად აწესებენ სახელმწიფო რეგულირებად ფასებსა და ტარიფებს ცალკეულ სახეობათა საქონელსა და მომსახურებაზე;

ბ) აანალიზებენ ფასების დონესა და დინამიკას, სახელმწიფო კონტროლს უწევენ და ახორციელებენ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს.

2. ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ ცალკეული სახის საქონელსა და მომსახურებაზე შეღავათიანი ფასები და ტარიფები შესაბამისი ბიუჯეტების ან არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 13. საქართველოს  სამინისტროებისა და უწყებების უფლებები და მოვალეობანი

1. საქართველოს  სამინისტროები და უწყებები:

ა) სისტემატურად აანალიზებენ ფასების დონესა და დინამიკას და შესაბამის მასალებს, ასევე ფასწარმოქმნის, მათ შორის ფასების რეგულირების მეთოდების სრულყოფის წინადადებებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად წარუდგენენ ,,ნორმატიული აქტების პროექტებს ფასწარმოქმნის საკითხებზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესათანხმებლად, „გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში;

გ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით;

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტითა და კომისიის ნორმატიული აქტებით.

2. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ტარიფებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის და თავისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ არეგულირებენ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1024-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.99

კარი V

ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის

    მუხლი 14. ფასების კონტროლის სახელმწიფო ორგანოები

1. საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლს (ფასების კონტროლს) ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტრო მასთან არსებული ფასების ინსპექციის მეშვეობით.

2. საქართველოს ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის, მისი ცენტრალური აპარატის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო მათ საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 15. ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფლებამოსილებანი

1. ფასების სახელმწიფო ინსპექციის ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) განახორციელონ კონტროლი სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე;

ბ) მოითხოვონ და მიიღონ მეწარმეებისაგან რეგულირებადი ფასების კონტროლისათვის საჭირო მასალები და მონაცემები (ინფორმაცია);

გ) მისცენ თანამდებობის პირებს შესასრულებლად აუცილებელი წინადადებები ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე და დააწესონ დარღვევების ლიკვიდაციის ვადები;

დ) ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დამრღვევი მეწარმეების (მოქალაქეების) მიმართ გამოიყენონ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ეკონომიკური სანქციები;

ე) გამოიყენონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული ჯარიმა თანამდებობის პირების (მოქალაქეების) მიმართ, მათ მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების რეგულირების ნორმატიული აქტების დარღვევის, ასევე რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შესამოწმებლად საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010--პარლამენტის უწყებანი№45,21.11.1997წ.,გვ.48

    მუხლი 16. პასუხისმგებლობა ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე, იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროს გადაწყვეტილებით.

მეწარმეების მიერ მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენებით მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი

ან (დემპინგური) ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი(გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადების თანხა) და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარდგინების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში  ამოიღება საქართველოს ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უკანონო შემოსავლის და ჯარიმის თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება მეწარმეების ანგარიშსწორების ანგარიშიდან, შესაბამისი თანხის უდავო ჩამოწერის წესით.

3. ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევებში მხილებულ საწარმოთა (ორგანიზაციათა) ხელმძღვანელები, სხვა თანამდებობის პირები (მოქალაქეები) ისჯებიან ადმინისტრაციული ჯარიმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მათი ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული ჯარიმის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება დადგენილი წესით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

      საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №871-სსმI,№42,31.12.2004წ.,მუხ.229

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.

№320-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1010-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.48

2. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63

3. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,№17,12.05.2000წ.,მუხ.41

4. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

5. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1024-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.99

6. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2959-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.188

7. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №871-სსმI,№42,31.12.2004წ.,მუხ.229

8. ძალადაკარგულია-  საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1550-სსმI,№31, 27.06.2005წ.,

მუხ.188