Закон Грузии О порядке регистрации добросовестно приобретенных гражданами Грузии в республиках бывшего Советского Союза или на территории бывшей Юго-Осетинской автономной области механических транспортных средств, ввезенных в обход таможенного контроля Грузии

Закон Грузии О порядке регистрации добросовестно приобретенных гражданами Грузии в республиках бывшего Советского Союза или на территории бывшей Юго-Осетинской автономной области механических транспортных средств, ввезенных в обход таможенного контроля Грузии
Номер документа 5846
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 11/03/2008
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 6, 25/03/2008
Expiration Date 25/07/2008
Регистрационный код 230150080.05.001.003134
5846
11/03/2008
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 6, 25/03/2008
230150080.05.001.003134
Закон Грузии О порядке регистрации добросовестно приобретенных гражданами Грузии в республиках бывшего Советского Союза или на территории бывшей Юго-Осетинской автономной области механических транспортных средств, ввезенных в обход таможенного контроля Грузии
Парламент Грузии

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესსა და ძირითად პირობებს, რომლებზედაც აღნიშნულ პირებს საკუთრების უფლება წარმოეშვათ 2006 წლის 1 ივლისამდე, აგრეთვე არეგულირებს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც რეგისტრაციის განხორციელებისას წარმოადგენენ სახელმწიფოს.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

ბ) კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს მოქალაქის მიერ 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც აღნიშნულ პირს საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წლის 1 ივლისამდე, აგრეთვე აღნიშნული გზით შემოყვანილი ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც საქართველოს მოქალაქეს მფლობელობის ან საკუთრების უფლება წარმოეშვა საკუთრების შეძენის ხანდაზმულობით;

გ) დაინტერესებული პირი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია;

დ) საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც დაინტერესებული პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას;

ე) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას;

ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაცია – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში;

ზ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – 50 სმ 3-ზე მეტი ძრავის მუშა მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათი მისაბმელები, ნომრიანი აგრეგატები და დამხმარე ტექნიკური საშუალებები, რომელთა დადგენილი წესით რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო;

თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაცია, მისთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.

    მუხლი 4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება:

ა) თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია სამართლებრივი შეზღუდვა;

ბ) თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან მისი რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილი აქვს არაკეთილსინდისიერად ან არ დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი;

დ) თუ დაინტერესებულ პირს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე მფლობელობის ან საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წლის 1 ივლისის შემდეგ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო

 დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საკითხს განიხილავს სააგენტო ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.

თავი II

დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესი

    მუხლი 6. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის ჩათვლით გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესი

1. საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის ჩათვლით გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის სააგენტოში განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება.

2. კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებს);

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შემცველი სხვა დოკუმენტაცია;

გ) დაინტერესებული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამ მოწმობის ასლი, რომელიც ერთვის განცხადებას;

დ) სარეგისტრაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ან საკუთრების შეძენის ხანდაზმულობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ 2 მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.

4. სააგენტო განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის დამატებით გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

5. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის ჩათვლით გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო განახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება და მისი გასაჩივრების წესი

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თუ სააგენტომ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმად.

3. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებულ პირს 5 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 8. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის შემდგომ გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განბაჟებისა და რეგისტრაციის წესი

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის შემდგომ გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით წარადგინოს საბაჟო ორგანოში.

2. საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისა და საბაჟო დეკლარაციის მიღების შემდგომ დაინტერესებული პირი ვალდებულია განახორციელოს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სააგენტოში რეგისტრაცია.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან და საბაჟო დეკლარირების ვალდებულებისგან, აგრეთვე საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, საბაჟო გადასახადისგან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან, აქციზის გადასახადისგან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე, 131-ე, 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

3. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე და 242-ე მუხლებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე, 131-ე, 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 11 მარტი.

№5846–Iს