Закон Грузии Об амнистии

Закон Грузии Об амнистии
Номер документа 1484-VIIIმს-Xმპ
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 12/04/2022
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 16/04/2022
Регистрационный код 080050000.05.001.020545
1484-VIIIმს-Xმპ
12/04/2022
Вебсайт, 16/04/2022
080050000.05.001.020545
Закон Грузии Об амнистии
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით განპირობებული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას სახელმწიფოს მიერ პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსაციის მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელის ვადა უმცირდებათ. ამასთანავე, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის ვადაში განსხვავებულად ეთვლებათ.

მუხლი 1

1. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 45 დღით.

3. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ ბრალდებულს, აგრეთვე ბრალდებულს, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვანია ან 70 წელს გადაცილებულია, იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) ვადა შეუმცირდეს 105 დღით.

4. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით მყოფ ბრალდებულს იმავე ბრალდების საქმეზე სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით. 

მუხლი 2

1. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 75 დღით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახით შეფარდებული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 45 დღით.

3. 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ ქალ მსჯავრდებულს, აგრეთვე მსჯავრდებულს, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არასრულწლოვანია ან 70 წელს გადაცილებულია, აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 105 დღით.

მუხლი 3

2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 90 დღით. 

მუხლი 4

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

მუხლი 5

1. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−1443, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−2552, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

2. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.

3. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

მუხლი 6

1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელსაც ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდის შემდეგ (თუ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდამდე 1 წელზე მეტი აქვს დარჩენილი) დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლისთანავე შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილონ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან მისთვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

მუხლი 7

1. ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ვადის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

2. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ძირითად სასჯელზე, დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.

3. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ, რომელსაც საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად შეუმცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოითვალოს შემცირებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადიდან.

მუხლი 8

1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პერიოდში იმავდროულად ცნობილ იქნა ბრალდებულად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე.

2. იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და რომელსაც იმავე პერიოდში ან ამ კანონის ამოქმედებამდე სასჯელის სახით  ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს მხოლოდ ერთხელ, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირზე.

3. მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.

4. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

5. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონის მე-4−მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

6. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

7. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მის მიერ საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ვადის იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადით შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე.

8. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.

მუხლი 9

სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

მუხლი 10

პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 11

1. პირს, რომლის მიმართაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისთვის საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

მუხლი 12

1. ამ კანონით (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური აღასრულებს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასულია ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემცირებული ვადა, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

4. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდისთანავე.

მუხლი 13

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირის მიმართ, რომელიც 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის სრულად მოხდის გამო გათავისუფლდა, თუმცა 2021 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებამდე კვლავ შეეფარდა ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენისთვის.

მუხლი 14

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებაში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლის სპეციალური წესის შემუშავება იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა.

მუხლი 15

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 სამუშაო დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 აპრილი 2022 წ.

N1484-VIIIმს-Xმპ