О труде моряков

О труде моряков
Номер документа 3042-XIმს-Xმპ
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 31/05/2023
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 13/06/2023
Регистрационный код 400010020.05.001.020885
3042-XIმს-Xმპ
31/05/2023
Вебсайт, 13/06/2023
400010020.05.001.020885
О труде моряков
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.

2. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) (შემდგომ − კონვენცია), მისი რეგულაციებისა და MLC კოდექსის საფუძველზე, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

3. მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“:

ა) II თავი − „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“;

ბ) IX თავი − „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) XI თავი − „გაერთიანების თავისუფლება“;

დ) XII თავი − „კოლექტიური ხელშეკრულება“, იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის პირობების დაცვის საკითხზე ვრცელდება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

გ) მეზღვაური − პირი, რომელიც გემზე დასაქმებულია ნებისმიერ თანამდებობაზე, ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილი გემია. ამ კანონის მიზნებისთვის მეზღვაურებად არ მიიჩნევიან საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირები:

გ.ა) ლოცმანი;

გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი;

გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი;

გ.დ) სუპერინტენდანტი;

გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 72 საათს არ აღემატება;

გ.ვ) სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული ტექნიკური პერსონალის წევრი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 96 საათს არ აღემატება;

გ.ზ) გემზე დროებით მომუშავე, საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი;

დ) გემთმფლობელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის გემის მესაკუთრე, ან სხვა პირი, კერძოდ, გემის მენეჯერი, აგენტი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელსაც გემის მართვის უფლება გემის მესაკუთრისგან აქვს მიღებული და რომელიც ამ პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა კონვენციით გემთმფლობელისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასა და პასუხისმგებლობის აღებას, მიუხედავად იმისა, სხვა ორგანიზაცია ან პირი გემთმფლობელის სახელით ასრულებს თუ არა გარკვეულ ვალდებულებას ან აღებული აქვს თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა;

ე) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი − ნებისმიერი პირი, რომელიც გემთმფლობელის სახელით ან მის სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში;

ვ) სოციალური პარტნიორები − საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი გემთმფლობელებისა და საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების წარმომადგენლები;

ზ) გემი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძლება ზღვაზე ტრანსპორტირებისთვის იქნეს გამოყენებული;

თ) ქართული გემი − გემი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად;

ი) საერთო ტევადობა − გემის საერთო ტონაჟი, რომელიც განსაზღვრულია „ხომალდების გაზომვის შესახებ“ (TONNAGE 69) საერთაშორისო კონვენციით;

კ) დასვენების საათები − არასამუშაო საათები, რომლებიც არ მოიცავს არაუმეტეს 15-წუთიან შესვენებას;

ლ) სამუშაო საათები − საათები, რომელთა განმავლობაშიც მეზღვაური ვალდებულია გემზე შეასრულოს სამუშაო თავისი ფუნქციებიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე;

მ) ღამის ცვლაში მუშაობა − მუშაობა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე (გემის ადგილსამყოფლის დროის მიხედვით) სამუშაო დროის განმავლობაში;

ნ) საბაზისო ხელფასი − ნორმირებული სამუშაო საათების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, მიუხედავად მისი სტრუქტურისა. საბაზისო ხელფასში არ შედის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ბონუსები, შეღავათები, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება ან ნებისმიერი სხვა, დამატებითი ანაზღაურება;

ო) კონსოლიდირებული ხელფასი − ხელფასი, რომელიც მოიცავს საბაზისო ხელფასსა და სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე კომპენსაციას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის და აღნიშნული სამუშაოდან გამომდინარე სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი მისი ნაწილობრივი კონსოლიდირებისთვის შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ გარკვეული სახის სარგებელს;

პ) საჩივარი − ნებისმიერი საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია გემის უსაფრთხოებასთან, გემის ეკიპაჟის უსაფრთხოებასთან ან ჯანმრთელობასთან. საჩივარი შესაძლებელია წარადგინოს გემის ეკიპაჟის წევრმა, პროფესიულმა კავშირმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა;

ჟ) თავშესაფარი − უამინდობის დროს ან ნაოსნობისთვის არახელსაყრელ სხვა პირობებში გემის უსაფრთხოდ გაჩერების ადგილი, სადაც შესაძლებელია გემზე მყოფი ყველა მეზღვაური და მგზავრი ნაპირზე უსაფრთხოდ იქნეს გადასხმული;

რ) მეჩხერი წყლები − საქართველოს ნავსადგურის შიდა აკვატორია, აგრეთვე თავშესაფრის მომიჯნავე ნებისმიერი, 5 საზღვაო მილი საზღვაო სივრცე;

ს) მეკობრეობა − ტერმინი, რომელსაც აქვს გაეროს 1982 წლის „საზღვაო სამართლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა;

ტ) გემზე შეიარაღებული ძარცვა − ტერმინი, რომელსაც აქვს კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა; 

უ) კონვენცია − შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია“ (შესწორებული);

ფ) MLC კოდექსი − კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; 

ქ) STCW კონვენცია − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით;

ღ) STCW კოდექსი − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით;

ყ) ინსპექტორი − სააგენტოს თანამშრომელი ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს უფლება, შეამოწმოს გემზე არსებული სამუშაო პირობები და აიღოს პასუხისმგებლობა სააგენტოს წინაშე; 

შ) რეპატრიაცია − მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილზე ან/და მეზღვაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე მისი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.

2. ამ კანონის მიზნებისთვის კონვენცია, MLC კოდექსი, STCW კოდექსი გამოიყენება განახლებული რედაქციით.

 

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ ყველა გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემზე, რომელიც:

ა) ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაშია ჩართული;

ბ) ნაოსნობას ახორციელებს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში;

გ) ჩართულია თევზჭერაში;

დ) აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით;

ე) არის სახელმწიფო საკუთრება, როდესაც ის კომერციული დანიშნულებით არ გამოიყენება.

 

მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

1. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში.

3. სააგენტომ იმის დადგენისთვის, არის თუ არა პირი მეზღვაური, უნდა გაითვალისწინოს:

ა) პირის გემზე მუშაობის ხანგრძლივობა;

ბ) პირის გემზე მუშაობის პერიოდი;

გ) პირის ძირითადი სამუშაო ადგილი;

დ) პირის გემზე მუშაობის მიზანი;

ე) პირის შრომისა და სოციალური დაცვის პირობები, რომლებიც მისთვის, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამ კანონის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა გემი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „გემი“ განმარტებაში.

5. სააგენტოს უფლება აქვს, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, რომ ამ კანონის ზოგიერთი ნორმის მოქმედების გემზე ან გემის კონკრეტულ კატეგორიაზე გავრცელება მიზანშეწონილი ან შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც არ გავრცელდება აღნიშნული კატეგორიის გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე, დაცული უნდა იყოს სხვა საკანონმდებლო აქტით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ მეზღვაურთა დაცვას. სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ 200 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული არ არის.

6. სააგენტო აგრეთვე:

ა) გასცემს, ადასტურებს, აახლებს, აჩერებს და აუქმებს ამ კანონით გათვალისწინებულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს;

ბ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების აღიარებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას;

გ) შეარჩევს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გასაცემად, აგრეთვე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს;

დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, აგრეთვე ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/გემის მზარეულის მოწმობას;

ე) იხილავს საჩივრებს;

ვ) ამტკიცებს მეზღვაურთა კვებისა და სასმელი წყლის სტანდარტს;

ზ) ამტკიცებს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას;

თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, აგრეთვე აგროვებს და აანალიზებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევებისა და დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს;

ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემის მიერ კონვენციის შესრულების შემოწმების ანგარიშს.

 

თავი II

მეზღვაურისადმი დადგენილი მოთხოვნები

 

მუხლი 5. მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი

1. გემზე სამუშაოდ დაიშვება 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

2. აკრძალულია გემზე 18 წლამდე მეზღვაურის დასაქმება, თუ შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

3. იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, შესაძლოა დამატებით განსაზღვროს სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.

4. 18 წლამდე მეზღვაურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო დღის განმავლობაში 8 საათს, ხოლო კვირაში − 40 საათს. ამასთანავე, მეზღვაურს ყოველი უწყვეტი 2-საათიანი მუშაობის შემდეგ უნდა მიეცეს 15-წუთიანი შესვენება. ეს შესვენება არ მიიჩნევა დასვენების დროდ. სამუშაო დღის განმავლობაში მეზღვაურს წარმოეშობა არანაკლებ 1-საათიანი შესვენების უფლება.

5. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გემის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მისი შესრულების თავიდან აცილება შეუძლებელია.

6. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმება.

7. სააგენტო უფლებამოსილია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვას, რაც ეცნობება შესაბამის გემს/გემებს. გამონაკლისი დაიშვება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) აკრძალვით ზიანი ადგება მეზღვაურის მიერ განათლების საწვრთნელი პროგრამის მიხედვით მიღებას;

ბ) მორიგეობის თავისებურება ან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამა მოითხოვს, რომ 18 წლამდე მეზღვაურმა მოვალეობა ღამის საათებში შეასრულოს. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, შეუქმნის თუ არა შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

8. აკრძალულია 18 წლამდე პირის გემის მზარეულად დასაქმება.

 

მუხლი 6. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა

1. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდგომ − სამედიცინო მოწმობა), რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მის მიერ გემზე შესასრულებელ მოვალეობებს.

2. თუ სამედიცინო მოწმობა გაცემულია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისადა ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ან/და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას.

3. მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტებისა და „მეზღვაურთა ზღვაში გასვლის წინა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ინსტრუქციის, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო ინსტრუქციების შესაბამისად.

4. ამ კანონის მიზნებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებს.

5. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად სამედიცინო მოწმობას გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული უფლებამოსილი ექიმი, ხოლო თუ სამედიცინო მოწმობა მხოლოდ მხედველობას ეხება − სააგენტოს მიერ სათანადო ცნობის გასაცემად შერჩეული პირი.

6. შერჩევის კანდიდატი ექიმი სამედიცინო დასკვნის გაკეთებისას სრული პროფესიული დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს.

7. სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, ქართულ გემზე საქმიანობისთვის აღიაროს სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლების გარეთ იმ ექიმის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კონვენციის წევრ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოშია უფლებამოსილი, გასცეს სამედიცინო მოწმობა. 

9. მეზღვაურს, რომელსაც უარი ეთქვა სამედიცინო მოწმობის გაცემაზე ან მიიღო სამედიცინო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის შეზღუდულ შრომისუნარიანობას, კერძოდ, სამუშაო დროის, სამუშაოს სახეობისა და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, უფლება აქვს, გაიაროს ახალი გამოკვლევა სააგენტოს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექიმთან ან ასეთი ექიმებისგან შემდგარ კომისიასთან.

10. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეზღვაურის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო ან ეს განსაზღვრულია STCW კონვენციით, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 18 წლამდე მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია.

11. მეზღვაურის მიერ ფერების აღქმის სერტიფიცირების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.

12. გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო მეზღვაურზე გასცეს ნებართვა, გააგრძელოს მუშაობა მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება;

ბ) სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არაუმეტეს 3 თვის წინ გავიდა.

13. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის დროს ამოიწურა, ეს სამედიცინო მოწმობა ძალაში დარჩება მეზღვაურის მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მას შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება.

14. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.

 

მუხლი 7. წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე სამუშაოდ დაშვებულ იქნეს მეზღვაური, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნა და სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულად მიიჩნევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის იმ მეზღვაურის მიერ გავლილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, რომელსაც STCW კოდექსით განსაზღვრული წვრთნის გავლა არ მოეთხოვება, გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად მიიჩნევა.

 

მუხლი 8. გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება

1. გემი, რომელზედაც დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, ვალდებულია ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. თუ გემზე დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10-ზე ნაკლები მეზღვაური, ამ გემზე კვალიფიციური მზარეულის ყოფნა არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში კვების ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს წვრთნა ან ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს გემზე საკვებისა და პირადი ჰიგიენის და საკვების შენახვის საკითხებს.

2. მზარეული კვალიფიციურია, თუ:

ა) ის არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს პრაქტიკული მზარეულობის, საკვებისა და პირადი ჰიგიენის, საკვების შენახვის, მარაგების კონტროლის, გარემოს დაცვისა და სამზარეულოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს;

დ) მას ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა.

3. კვალიფიციურ მზარეულზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გასცეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს გემის მზარეულად მუშაობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. თუ გემის მზარეულმა სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს ფარგლების გარეთ, იმ ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია ან „გემის მზარეულების სერტიფიცირების შესახებ“ 1946 წლის კონვენცია, სააგენტო უფლებამოსილია შეაფასოს ეს სასწავლო კურსი და მისი შინაარსი და, თუ დარწმუნდება, რომ სწავლება საქართველოში აღიარებული საწვრთნელი ცენტრის სწავლების შესაბამისია, აღიაროს იგი.

5. გემის მზარეულის საქართველოს ფარგლების გარეთ წვრთნისა და სერტიფიცირების აღიარების შემდეგ სააგენტო ამ მზარეულზე გასცემს სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მზარეული ფლობს გემის მზარეულის მოწმობას, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ ქართულ გემზე სამუშაოდ.

6. გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

 

თავი III

მეზღვაურის დასაქმება

 

მუხლი 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი

1. საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში სტატუსის მქონე მეზღვაური ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების შესაძლებლობით.

2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას ახორციელებს სააგენტო.

3. თუ სააგენტო, კომპეტენტური ორგანო, სხვა სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს შექმნას ან მართოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ამ პირმა საქმიანობის განხორციელებისას უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა უფლებების დაცვა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

4. სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ხელს უწყობს მეზღვაურთა დასაქმებას, ვალდებულია დაიცვას კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც გემზე ერთდროულად არანაკლებ 10 მეზღვაური ჰყავს დასაქმებული.

6. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი“ განმარტებაში.

7. საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის საფუძველზე.

8. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა გემზე დასაქმებისთვის პირს ირიბად ან პირდაპირ არ უნდა მოსთხოვოს საფასურის გადახდა და არ უნდა მიიღოს ისეთი ზომა ან არ უნდა ჩაატაროს ისეთი პროცედურა, რომელიც რაიმე შეფერხებას გამოიწვევს ან ამ პირის გემზე დასაქმებას ხელს შეუშლის.

9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის გაცემის, ამ სერტიფიკატის გაცემის პირობების მონიტორინგისა და ზედამხედველობის, აღნიშნული სერტიფიკატის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიური სავალდებულო მონიტორინგის განხორციელების პირობით.

10. სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს გასცემს ამ პირის საქმიანობის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში. 

11. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) გემზე დასაქმებისთვის მეზღვაურს ირიბად ან პირდაპირ არ მოსთხოვოს საფასურის (სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით) გადახდა, გარდა იმ ხარჯის ანაზღაურებისა, რომლის გაწევაც მეზღვაურს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, მოქალაქის პასპორტის ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად მოეთხოვება;

ბ) ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის დადებული ავანსის გაცემის შესახებ გარიგებიდან ან სხვა ფინანსური გარიგებიდან, რომელსაც ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი;

გ) ზუსტად განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული ჰქონდეს ყველა ხარჯი, რომლებიც შეიძლება მეზღვაურმა დასაქმების პროცესში გასწიოს;

დ) აწარმოოს და მუდმივად განაახლოს მის მიერ შერჩეულ მეზღვაურთა რეესტრი. ეს რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას;

ე) მეზღვაური მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაეცნოს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს და მიიღოს ამ ხელშეკრულების ასლი;

ვ) დასაქმებასთან დაკავშირებით მეზღვაური ინფორმირებული იყოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებებისა და კონკრეტული გემთმფლობელის პოლიტიკის შესახებ;

ზ) მეზღვაური კვალიფიციური იყოს და ფლობდეს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს, ხოლო მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეესაბამებოდეს ამ კანონსა და კოლექტიურ ხელშეკრულებას (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც, თავის მხრივ, შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია;

თ) გემთმფლობელს ჰქონდეს უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში მყოფი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა;

ი) შეისწავლოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი, რეაგირება მოახდინოს მასზე და აცნობოს სააგენტოს დაუკმაყოფილებელი საჩივრის თაობაზე;

კ) გემთმფლობელს ჰქონდეს მეზღვაურის უცხო ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენის საფრთხისგან დაცვის შესაძლებლობა.

12. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს MLC კოდექსის B1.4 წესით.

13. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს დანერგილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა დაზღვევის ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით დაცვის სისტემა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

14. აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს პერსონალური დაცვის მიზნით უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფსამ პირთან არსებული, მეზღვაურის დასაქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არაუფლებამოსილი პირების ხელმისაწვდომობისგან დაცვას და რომელიც მოიცავს:

ა) მონაცემებს მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;

ბ) მონაცემებს მეზღვაურის სამუშაო სტაჟის შესახებ;

გ) მეზღვაურის პერსონალურ მონაცემებს;

დ) მონაცემებს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

15. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას ამ პირის მიერ წლის განმავლობაში დასაქმებული მეზღვაურების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მათი რანგების მიხედვით, აგრეთვე მეზღვაურთა დასაქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი.

16. აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს არ უნდა ჰქონდეს ისეთი სია ან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას.

17. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი მომსახურების ამ კანონით დადგენილ სტანდარტებთან უპირობო შესაბამისობას. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ხარისხის მართვის სისტემის აუდიტის შედეგები ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს სააგენტოს.

18. თუ მეზღვაურს, გემთმფლობელს ან სხვა დაინტერესებულ პირს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის მიმართ პრეტენზია აქვს და სააგენტოს მიმართავს წერილობითი საჩივრით, რომლის მიხედვით ცალსახად არის შესაძლებელი მომჩივნისა და საჩივრის შინაარსის იდენტიფიცირება, სააგენტომ ამ საჩივარზე მოკვლევა უნდა განახორციელოს და, თუ ამას გარემოებები მოითხოვს, მოკვლევაში სოციალური პარტნიორები უნდა ჩართოს.

19. თუ სააგენტოს მიერ საჩივარზე მოკვლევის განხორციელების შედეგად იგი დასაბუთებული აღმოჩნდება, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ საჩივრით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა.

20. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მისი მომსახურებით მოსარგებლე მეზღვაურს უნდა გააცნოს სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მის იმ გემზე დასაქმებას, რომელიც ნაოსნობას ახორციელებს იმ სახელმწიფოს დროშით, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია.

21. საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა კომპანიამ, რომელიც სარგებლობს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ მომსახურების რეგულირების წესების შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს იგი აღნიშნული წესების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

22. არ შეიძლება საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა მეზღვაურის დასაქმებისთვის ისარგებლოს იმ სამსახურის მომსახურებით, რომელიც საქმიანობას ახორციელებს იმ სახელმწიფოში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, თუ ის არ დარწმუნდება, რომ ეს მომსახურება კონვენციის A1.4 სტანდარტის შესაბამისად არის გაწეული.

 

თავი IV

მეზღვაურის დასაქმების პირობები

 

მუხლი 10. მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება

1. გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება (შემდგომ − მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება).

2. თუ მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს გემთმფლობელის კანონიერი წარმომადგენელი, მას უნდა ჰქონდეს გემთმფლობელის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ანიჭებს უფლებას, გემთმფლობელის სახელით მოაწეროს ხელი მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას. ამასთანავე, მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს მინდობილობის არსებობის შესახებ, აგრეთვე მისი შინაარსი.

3. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ამ ხელშეკრულების პირობების შემოწმებისა და მათთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლის შესაძლებლობა. მეზღვაური ასევე უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც აუცილებელი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან საკუთარი ნებით მოაწეროს ხელი მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას და სრულად ჰქონდეს გააზრებული საკუთარი უფლებები და მოვალეობები.

4. გემთმფლობელსა და მეზღვაურს, რომლებიც მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მხარეები არიან, უნდა გადაეცეთ ამ ხელშეკრულების დედანი − თითო ხელმოწერილი ეგზემპლარი. ამასთანავე, გემზე მეზღვაურის დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლი.

5. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მეზღვაურებისთვის, მათ შორის, კაპიტნისთვის, ხელმისაწვდომი იყოს სამუშაო პირობების შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია (მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლის ჩათვლით) ხელმისაწვდომი უნდა იყოს აგრეთვე სააგენტოს და სხვა დაინტერესებული ორგანოების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, იმ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის თანამშრომლებისთვის, სადაც შედის გემი.

6. თუ კოლექტიური ხელშეკრულება სრულად ან ნაწილობრივ არის გათვალისწინებული მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით, აღნიშნული ხელშეკრულების ასლი წარმოდგენილი უნდა იყოს გემზე. თუ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება და კოლექტიური ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე არ არის შედგენილი, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის ასლი და კოლექტიური ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირებას კონვენციის შესაბამისად, ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

7. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) მეზღვაურის სახელი და გვარი (სრულად), დაბადების თარიღი ან ასაკი, მოქალაქეობა და დაბადების ადგილი;

ბ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი და მისამართი;

გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დადების ადგილი და ძალაში შესვლის დრო;

დ) თანამდებობა, რომელზედაც საქმდება მეზღვაური;

ე) მეზღვაურის ხელფასის ოდენობა ან მისი გამოთვლის ფორმულა;

ვ) მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა ან მისი გამოთვლის ფორმულა;

ზ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა და პირობები;

თ) თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული − ამ ხელშეკრულების მხარეების მიერ მისი შეწყვეტის პირობები, აგრეთვე შესაბამისი შეტყობინების ვადა. არ შეიძლება ეს ვადა გემთმფლობელისთვის უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე მეზღვაურისთვის;

ი) თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული − მისი მოქმედების ვადის ამოწურვის ზუსტი თარიღი;

კ) თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება კონკრეტული რეისისთვის არის დადებული − დანიშნულების ნავსადგური და გემის ნავსადგურში ყოფნის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მეზღვაური ტოვებს გემს;

ლ) მეზღვაურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (მათ შორის, სავალდებულო სოციალური დაცვის შენატანების) შესახებ ინფორმაცია, რაც გემთმფლობელმა მეზღვაურისთვის უნდა უზრუნველყოს;

მ) რეპატრიაციაზე მეზღვაურის უფლების შესახებ ინფორმაცია;

ნ) მითითება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხევევაში);

ო) ნებისმიერი სხვა რელევანტური პირობა.

8. თუ მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში ხელფასის ოდენობა ან/და შვებულების ხანგრძლივობა ფორმულის სახით არის მოცემული, მეზღვაურს ან სააგენტოს ან კომპეტენტურ ორგანოს ყოველგვარი დამატებითი წყაროს მოძიების გარეშე უნდა შეეძლოს თავისი/მისი ხელფასის ან/და შვებულების გამოთვლა.

9. მეზღვაურისა და გემთმფლობელისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მინიმალური ვადა 14 კალენდარული დღეა.

10. გემთმფლობელი უფლებამოსილია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება შეტყობინებამდე 14 კალენდარულ დღეზე ადრე შეწყვიტოს, თუ:

ა) გემი გაიყიდა;

ბ) გემი დაიღუპა;

გ) მეზღვაურს ავადმყოფობის ან ტრავმის გამო გემზე მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია;

დ) განსაზღვრული წესით განხორციელებული დისციპლინური პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ მეზღვაურის კომპეტენცია/კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაწესებულ საერთაშორისო მოთხოვნებს ან მას მძიმე დისციპლინური გადაცდომა აქვს ჩადენილი.

11. მეზღვაური უფლებამოსილია დადგენილ მინიმალურ ვადაზე ადრე შეწყვიტოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე, საპატიო ან საგანგებო მიზეზით, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს შრომის კანონმდებლობით ან კოლექტიურ ხელშეკრულებაში მიჩნეულია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის გამამართლებელ მიზეზად, მოკლევადიანი წინასწარი შეტყობინებით ან წინასწარი შეტყობინების გარეშე.

12. მეზღვაური უფლებამოსილია გაეცნოს გემზე არსებულ მისი საქმიანობის შესახებ ჩანაწერებს, რომლებიც არ აღწერს მეზღვაურის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს ან მის მიერ მიღებულ შემოსავალს/ხელფასს. ეს ჩანაწერები შესაძლებელია შეტანილ იქნეს მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი უნდა შეიცავდეს მეზღვაურის გემზე ასვლის თარიღს, გემიდან დაბრუნების თარიღს და მეზღვაურის რანგს. თუ შესაბამისი ჩანაწერი ინგლისურ ენაზე არ არის შესრულებული, მას უნდა ახლდეს დამოწმებული ინგლისური თარგმანი.

14. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს დაინტერესებული მხარის წერილობითი თანხმობით. საწინააღმდეგო შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება ბათილია. 

15. თუ მეზღვაური გემზე ან გემის გარეთ მძევლად არის აყვანილი მეკობრეობის ან გემზე შეიარაღებული ძარცვის შედეგად, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება ძალაში რჩება, მისი ვადის დინების მიუხედავად.

 

მუხლი 11. მეზღვაურის დასვენების დრო

1. 18 წელზე მეტი ასაკის მეზღვაურის მინიმალური დასვენების დრო 24-საათიან პერიოდში არ უნდა იყოს 10 საათზე ნაკლები, ხოლო 7-დღიან პერიოდში − 77 საათზე ნაკლები.

2. მეზღვაურის დასვენების დრო შეიძლება დაიყოს 2 ნაწილად. მათგან 1 ნაწილი უნდა იყოს არანაკლებ 6 საათისა. ამასთანავე, დასვენების პერიოდებს შორის უწყვეტი დრო 14 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

3. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, გემზე ჩასატარებელი სხვადასხვა წვრთნა ისე უნდა ჩატარდეს, რომ მეზღვაურის დასვენების პერიოდი მინიმალურად შეიზღუდოს.

4. გემზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გაკრული გემის ეკიპაჟის თითოეული წევრის გემზე მუშაობის გრაფიკი მისი რანგის მიხედვით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გრაფიკში ასახული უნდა იყოს:

ა) გემზე და ნავსადგურში მუშაობის გრაფიკი;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასვენების მინიმალური საათები.

6. მუშაობის გრაფიკი (დასვენების დროის მითითებით) გემის სამუშაო ენასა და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.

7. გემზე დასაქმებული მეზღვაურის დასვენების დრო აღრიცხული უნდა იყოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ფორმით.

8. გემის კაპიტანი უფლებამოსილია მეზღვაურს შეასრულებინოს დამატებითი სამუშაო, თუ ეს საჭიროა გემის, მგზავრების ან ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან განსაცდელში მყოფი სხვა გემის დასახმარებლად.

9. გემის კაპიტანი უფლებამოსილია შეაჩეროს გემის სამუშაო გრაფიკის მოქმედება გემზე შესაბამისი მდგომარეობის აღდგენამდე.

10. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურმა, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებითი სამუშაო შეასრულა, სათანადოდ დაისვენოს.

11. მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

12. გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

 

მუხლი 12. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების დაცვა

1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გემთმფლობელმა და გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება, სამედიცინო მოწმობა, საბანკო ანგარიშები, ხელფასების შესახებ ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გემზე ისე ინახებოდეს, რომ არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ამასთანავე, გემთმფლობელი და გემის კაპიტანი ვალდებული არიან მიიღონ ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან, მოპოვებისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან.

2. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავება დასაშვებია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დასაშვებია გემის კაპიტნისთვის მეზღვაურის პერსონალური მონაცემების, უპირატესად − მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლის გადაცემა.

 

მუხლი 13. ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი

1. მეზღვაურს უფლება აქვს, ჩავიდეს ნაპირზე თავისუფალ დროს, როდესაც გემი დგას ნავსადგურში ან ღუზაზე ნაპირთან, თუ ამით გემის უსაფრთხო ოპერირებას საფრთხე არ შეექმნება.

2. გემის ღუზაზე ან ნაპირთან დგომისას გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურებს შორის სამუშაო თანაბრად განაწილდეს.

 

მუხლი 14. მეზღვაურის ხელფასი

1. მეზღვაურმა არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა მიიღოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი.

2. მეზღვაურს ხელფასი ერიცხება მის საბანკო ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი წერილობით მის სხვაგვარად მიღებას მოითხოვს.

3. მეზღვაურმა გემთმფლობელისგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს ყოველთვიური ამონაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მეზღვაურისთვის გადახდილი ნებისმიერი თანხის (მათ შორის, ხელფასის) შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას ვალუტის კურსის თაობაზე, თუ თანხა შეთანხმებულისგან განსხვავებული ვალუტით/კურსით იქნა გადახდილი.

4. თუ მეზღვაური ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, ნამუშევარ საათებს აღრიცხავს გემის კაპიტანი ან კაპიტნის მიერ განსაზღვრული პირი. ზეგანაკვეთური სამუშაოს გაანგარიშების დოკუმენტი მეზღვაურმა ყოველთვიურად უნდა დაადასტუროს.

5. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მეზღვაურს საშუალებას მისცემს, მისი სურვილის შემთხვევაში თავისი ხელფასი ან ხელფასის ნაწილი გადაურიცხოს მის მიერ განსაზღვრულ პირს/პირებს უშუალოდ, საბანკო გადარიცხვის ან სხვა, მსგავსი მეთოდით, ზუსტად დადგენილ დროს.

6. გემთმფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაწეული მომსახურებისთვის განახორციელოს დაქვითვა. ეს დაქვითვა გონივრული უნდა იყოს. ვალუტის კურსი უნდა განისაზღვროს უფრო ხელსაყრელი საბაზრო კურსის ან ოფიციალური კურსის მიხედვით და არ უნდა იყოს მეზღვაურის ინტერესების საზიანო. ამ პუნქტის მიზნებისთვის გემთმფლობელის მიერ განხორციელებული დაქვითვა გონივრულად არ მიიჩნევა, თუ ის საბანკო გადარიცხვისთვის დადგენილ საფასურს აღემატება.

7. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გადახდისას მეზღვაურის ხელფასის დათვლის მიზნებისთვის მის მიერ ზღვაზე და ნავსადგურში ნამუშევარი ჩვეულებრივი სამუშაო საათების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს დღეში 8 საათს, ხოლო კვირაში − 48 საათს. ამასთანავე, ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ტარიფი საბაზისო ხელფასის ერთ მთელსა და ერთ მეოთხედზე ნაკლები არ უნდა იყოს.

8. თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელფასის სრულად ან ნაწილობრივ კონსოლიდირება, მეზღვაურის მიერ შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ ნამუშევარი სამუშაო საათების რაოდენობა ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით. თუ დამატებითი სამუშაო საათები გახდება საჭირო, ამ საათებისთვის საათობრივი კომპენსაცია საბაზისო კონსოლიდირებული ხელფასის ერთ მთელსა და ერთ მეოთხედზე ნაკლები არ უნდა იყოს.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დაუშვებელია მეზღვაურის ხელფასიდან დაქვითვის განხორციელება, გარდა სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა. ასევე დაუშვებელია მეზღვაურისთვის ჯარიმის დაკისრება, გარდა მისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დაკისრების შემთხვევისა.

10. თუ გემთმფლობელი აგვიანებს მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდას, მეზღვაური უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია გადაუხდელი ხელფასის 10%-ის ოდენობით, მანამ, სანამ ხელფასი გადახდილი არ იქნება.

11. ამ მუხლით განსაზღვრული არცერთი პირობა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ შეიზღუდოს მეზღვაურის უფლება, სარჩელით მოითხოვოს გადაუხდელი ხელფასი და სხვა თანხები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო თუ სარჩელი საქართველოს ფარგლების გარეთ არის შეტანილი − ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი ხელფასი შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) როდესაც მეზღვაური ყოველთვიურად იღებს ანაზღაურებას, მას ხელფასი გარდაცვალების დღემდე დაუანგარიშდება;

ბ) როდესაც მეზღვაური ერთი რეისისთვის არის დაქირავებული და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ანაზღაურებას, მას ხელფასი სრულად აუნაზღაურდება, თუ მეზღვაური რეისის დაწყებისთანავე გარდაიცვალა;

გ) როდესაც მეზღვაური ორი გზის რეისზე მსახურობს და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ხელფასს, მას აუნაზღაურდება ხელფასის ნახევარი, თუ მეზღვაური რეისის დაწყებისთანავე ან ნავსადგურში შესვლისას გარდაიცვალა, ხოლო თუ იგი უკანა გზაზე გარდაიცვალა, მას ხელფასი სრულად აუნაზღაურდება.

13. თუ მეზღვაური მძევლად არის აყვანილი მეკობრეობის ან გემზე შეიარაღებული ძარცვის შედეგად, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეზღვაურის ხელფასი გადახდილი უნდა იქნეს მისი მძევლად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მის რეპატრიაციამდე ან გარდაცვალებამდე.

 

მუხლი 15. მეზღვაურის შვებულება

1. მეზღვაურს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ყოველი ნამუშევარი თვისთვის არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით. იმ მეზღვაურის შვებულების ხანგრძლივობა, რომელიც დასაქმებულია 1 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ან რომელთანაც შრომითი ურთიერთობა წყდება, უნდა განისაზღვროს პროპორციული განაწილების საფუძველზე.

2. გემზე მუშაობის პერიოდში მეზღვაურს ასევე აქვს უფლება, ჩავიდეს ნაპირზე, როდესაც ეს პრაქტიკულად შეესაბამება მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

3. მეზღვაურს არ აქვს უფლება, უარი თქვას ყოველწლიურ მინიმალურ ანაზღაურებად შვებულებაზე, ხოლო გემთმფლობელს არ აქვს უფლება, მეზღვაურთან აწარმოოს მოლაპარაკება ამის თაობაზე და დადოს შეთანხმება. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება ბათილია.

4. მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლისას მასში არ ჩაითვლება სამუშაოს გაცდენა ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზის გამო:

ა) უქმე დღე, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა იგი ამ შვებულების პერიოდს;

ბ) ავადმყოფობა, ტრავმა ან ორსულობა და მშობიარობა;

გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი;

დ) ნაპირზე მეზღვაურის ნებისმიერი, სააგენტოს მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩასვლა;

ე) რეპატრიაციის მოლოდინი და რეპატრიაციის დროს მგზავრობა.

5. მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება უნდა ანაზღაურდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ანაზღაურების მიხედვით.

6. შვებულებაში მყოფი მეზღვაურის გაწვევა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მისი თანხმობით.

7. არ შეიძლება მეზღვაურს მოეთხოვოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მისი რეპატრიაციის ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე გატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეზღვაური წერილობით აცხადებს ამაზე თანხმობას ან ეს გათვალისწინებულია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით.

8. გემთმფლობელმა სპეციალური ზომები უნდა შეიმუშაოს იმ შემთხვევისთვის, როდესაც 18 წლამდე მეზღვაურს, რომელიც 6 თვის ან 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში კოლექტიური ხელშეკრულების ან მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე (რომელიც არ დაბრუნებულა მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში და რომლის ამ ქვეყანაში დაბრუნება შემდეგი 3 თვის განმავლობაშიც არ იგეგმება), შვებულებით არ უსარგებლია. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს რეისის დროს მეზღვაურის მიერ შვებულების გამოყენებისას მის უსასყიდლო რეპატრიაციას საცხოვრებელ ქვეყანაში, სადაც იგი დასაქმდა.

 

მუხლი 16. მეზღვაურის რეპატრიაცია

1. მეზღვაურს აქვს დაბრუნების პუნქტში რეპატრიაციის უფლება. დაბრუნების პუნქტი შეიძლება იყოს:

ა) ადგილი, სადაც მეზღვაურმა დადო მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილი;

გ) მეზღვაურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;

დ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ადგილი.

2. დაბრუნების პუნქტი განსაზღვრული უნდა იყოს მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში რეპატრიაციის უფლებასთან ერთად.

3. მეზღვაურს აქვს საფასურის გარეშე რეპატრიაციის უფლება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომისას:

ა) როდესაც მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას ვადა მეზღვაურის გემზე ყოფნის დროს გასდის;

ბ) როდესაც გადის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად წინასწარი შეტყობინების ვადა, თუ ამ ხელშეკრულებას წყვეტს მეზღვაური დასაბუთებული მიზეზით ან გემთმფლობელი;

გ) როდესაც მეზღვაურს აღარ შეუძლია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება ან არ შეიძლება მისგან ამ მოვალეობების შესრულების მოლოდინი ავადმყოფობის, ტრავმის ან სხვა სამედიცინო მიზეზის გამო, რომელიც მეზღვაურის რეპატრიაციას მოითხოვს;

დ) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეზღვაურის გემზე ყოფნის მაქსიმალური ვადა მას რეპატრიაციის უფლებას ანიჭებს. ამასთანავე, ეს პერიოდი წინასწარი შეტყობინების შემდეგ 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. მეზღვაური ექვემდებარება რეპატრიაციას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, როდესაც გასულია წინასწარი შეტყობინების ვადა;

ბ) გემის ჩაძირვა;

გ) გემთმფლობელის მიერ ვალდებულებების გადახდისუუნარობის, გემის გაყიდვის ან გემის რეგისტრაციის შეცვლის გამო შეუსრულებლობა;

დ) გემის საომარი მოქმედებების იმ ზონაში შესვლა, რომელში შესვლაზე თანხმობაც მეზღვაურს არ განუცხადებია;

ე) გემის 30 დღის ან 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა;

ვ) მეზღვაურის ავადმყოფობა, ტრავმა ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევა, როდესაც აუცილებელია მისი რეპატრიაცია, თუ ექიმები მეზღვაურის მდგომარეობას ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელად მიიჩნევენ;

ზ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეჩერება სამუშაო ჯილდოს, კოლექტიური ხელშეკრულების ან სხვა, მსგავსი მიზეზის გამო.

5. გემთმფლობელს არ აქვს უფლება, მეზღვაურს რეპატრიაციისთვის თანხის გადახდა მოსთხოვოს. მას ასევე არ აქვს უფლება, დაქვითოს რეპატრიაციის თანხა მეზღვაურის ხელფასიდან ან მეზღვაურის კუთვნილი სხვა თანხებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მეზღვაურმა ჩაიდინა დარღვევა − არ შეასრულა შრომითი ვალდებულებები. ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება გემთმფლობელმა მეზღვაურისგან რეპატრიაციასთან დაკავშირებით ამოიღოს, მეზღვაურის 1 თვის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით დამტკიცებული საზღვაო დისციპლინური წესდების საფუძველზე.

7. ქართულ გემზე პასუხისმგებელი ყველა გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემის ფინანსური გარანტიების სისტემის არსებობა, რომლებიც საკმარისი იქნება გემზე მყოფ მეზღვაურთა რეპატრიაციის სათანადოდ განსახორციელებლად, როდესაც გემთმფლობელი ვერ ახერხებს შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ კანონის შესაბამისად. ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა გადაეცეს სააგენტოს, აგრეთვე უნდა ინახებოდეს გემზე.

8. მეზღვაურის რეპატრიაციისას გემთმფლობელი ვალდებულია გასწიოს შემდეგი ხარჯები, სანამ მეზღვაური დაბრუნების პუნქტამდე მიაღწევს:

ა) მეზღვაურის დაბრუნების პუნქტამდე მგზავრობის (როგორც წესი, საჰაერო ტრანსპორტით) ხარჯები;

ბ) მეზღვაურის მიერ გემის დატოვებიდან დაბრუნების პუნქტში ჩასვლამდე მისი საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები;

გ) მეზღვაურის მიერ გემის დატოვებიდან დაბრუნების პუნქტში ჩასვლამდე მისთვის ასანაზღაურებელი ხელფასისა და სხვა გადასახდელების/დღიური ხარჯები;

დ) მეზღვაურის 30 კილოგრამი პირადი ბარგის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირების ხარჯები;

ე) საჭიროების შემთხვევაში მეზღვაურის მკურნალობის ხარჯები, რათა მან შეძლოს მგზავრობა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად.

9. ამ კანონის დებულებები არ უზღუდავს გემთმფლობელს უფლებას, რეპატრიაციის ხარჯები მესამე მხარესთან დადებული ხელშეკრულებების საშუალებით დაფაროს.

10. თუ გემთმფლობელი ვერ დაფარავს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, სააგენტომ ორგანიზება უნდა გაუწიოს მეზღვაურის რეპატრიაციას და რეპატრიირებული მეზღვაურისთვის გაწეული ხარჯები რეგრესულად უნდა მოსთხოვოს გემთმფლობელს.

11. თუ გემთმფლობელი არ/ვერ დაფარავს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, არცერთ შემთხვევაში ამ თანხების გადახდა მეზღვაურს არ უნდა დაეკისროს. სააგენტო უფლებამოსილია დააკავოს გემი, რომელზედაც მუშაობდა ეს მეზღვაური, ან ამ გემთმფლობელის სხვა გემი მეზღვაურის მიერ ანაზღაურების მიღებამდე.

12. გემთმფლობელის ვალდებულება, განახორციელოს მეზღვაურის რეპატრიაცია, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მეზღვაური რეპატრიირებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით;

ბ) გონივრული ღონისძიებები, რომლებიც გემთმფლობელმა მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებით განახორციელა, წარუმატებელი აღმოჩნდა მეზღვაურის არასათანადო ქმედების გამო;

გ) გემთმფლობელმა, სათანადო ზომების მიღების მიუხედავად, ვერ შეძლო მეზღვაურთან დაკავშირება 3 თვის განმავლობაში;

დ) მეზღვაურმა გემთმფლობელს წერილობით შეატყობინა, რომ რეპატრიაციის განხორციელება საჭირო არ არის.

13. მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებული ამ დებულებების ასლი, რომელიც შესრულებულია შესაბამის ენაზე, ყველა გემზე უნდა ინახებოდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეზღვაურებისთვის.

 

მუხლი 17. მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში

1. გემთმფლობელი ვალდებულია გემზე მყოფ თითოეულ მეზღვაურს გადაუხადოს გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია.

2. გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია მეზღვაურისთვის გადახდილი უნდა იქნეს იმ დღეებისთვის, რომელთა განმავლობაშიც ის ფაქტობრივი სამუშაოს გარეშე დარჩება, იმავე განაკვეთით, რომლითაც ირიცხებოდა მისი ხელფასი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული თანხა მეზღვაურის 2 თვის ხელფასით შემოიფარგლება.

3. მეზღვაურის მიერ უმუშევრობის კომპენსაციის მიღებამ არ უნდა ხელყოს მისი სხვა უფლებები, რომლებიც გამომდინარეობს გემის დაღუპვით ან დაზიანებით გამოწვეული ფიზიკური ან/და მატერიალური ზიანიდან.

 

თავი V

მეზღვაურის მიტოვება

 

მუხლი 18. მეზღვაურის მიტოვება

1. მეზღვაური მიტოვებულად მიიჩნევა, თუ გემთმფლობელი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დარღვევით განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას:

ა) უარს განაცხადებს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯების დაფარვაზე;

ბ) მეზღვაურს საჭირო საარსებო საშუალებებისა და მხარდაჭერის გარეშე დატოვებს;

გ) სხვაგვარად, ცალმხრივად გაწყვეტს კავშირს მეზღვაურთან, მათ შორის, მისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭირო საარსებო საშუალებები მოიცავს:

ა) სათანადო კვებას;

ბ) ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს;

გ) სათანადო ხარისხის სასმელი წყლის მარაგს;

დ) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელ საწვავს;

ე) აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.

3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გემის ფინანსური გარანტიების სისტემა უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ამასთანავე, ფინანსური გარანტია:

ა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს უშუალოდ მეზღვაურისთვის;

ბ) სრულად უნდა ფარავდეს ხარჯებს;

გ) უნდა აჩქარებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების გაწევას.

4. თუ მოთხოვნის რომელიმე ნაწილის შეფასებას დრო სჭირდება, ამან მეზღვაურს ხელი არ უნდა შეუშალოს, მიიღოს ანაზღაურება მოთხოვნის იმ ნაწილისთვის, რომელიც დასაბუთებულად იქნა აღიარებული.

5. ფინანსური გარანტია საკმარისი უნდა იყოს შემდეგი საჭიროებებისთვის გაწეული ხარჯების დასაფარავად:

ა) მეზღვაურისთვის გადაუხდელი არაუმეტეს 4 თვის ხელფასი და მისი კუთვნილი სხვა თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს მას გემთმფლობელმა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით;

ბ) მეზღვაურის მიერ გონივრულად გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები;

გ) მეზღვაურის სასიცოცხლო საჭიროებისთვის გაწეული ხარჯები, მათ შორის:

გ.ა) სათანადო საკვების ხარჯი;

გ.ბ) ტანსაცმლის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯი;

გ.გ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;

გ.დ) სასმელი წყლის ხარჯი;

გ.ე) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელი საწვავის ხარჯი;

გ.ვ) აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხარჯი;

გ.ზ) ნებისმიერი სხვა, გონივრულად გაწეული ხარჯი, რომლის გაწევის საჭიროებაც წარმოიშობა მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში მის სახლში დაბრუნებამდე;

გ.თ) შესაძლებლობის შემთხვევაში მეზღვაურისთვის ოჯახის წევრებთან კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები მოიცავს მეზღვაურის შესაბამისი საშუალებებითა და ფორმით, ჩვეულებრივ, საჰაერო გზით მგზავრობის, გემის დატოვებიდან სახლში დაბრუნებამდე პერიოდში საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის, პირადი ნივთების ტრანსპორტირებისა და სხვა, გონივრულად გაწეულ ხარჯებს, რომელთა გაწევაც მეზღვაურის მიტოვებამ გამოიწვია.

7. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს ნაოსნობას სხვა სახელმწიფოს წყლებში, უნდა იყოს დაზღვეული ან სხვა ფორმის ფინანსური ინსტრუმენტით უზრუნველყოფილი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გემის შესახებ მონაცემებს, მათ შორის:

ა) გემის დასახელება/სახელი;

ბ) მიწერის ნავსადგური;

გ) IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი;

დ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი;

ე) იმ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეზღვაურის მოთხოვნის განხილვისა და რეაგირებისთვის;

ვ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი;

ზ) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა;

თ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია უპასუხებს კონვენციის A2.5.2 სტანდარტის მოთხოვნებს.

8. ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე უნდა ინახებოდეს. იგი/ისინი განთავსებული უნდა იყოს ისეთ ადგილზე, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურისთვის.

9. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური გარანტია გაცემულია ერთზე მეტი პირის მიერ, ფინანსური გარანტიის გამცემმა ყველა პირმა უნდა წარადგინოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

10. ფინანსური გარანტიების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების სწრაფად გაწევა.

11. ფინანსური გარანტია ძალაში უნდა იყოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემმა 30 დღით ადრე აცნობა სააგენტოს მისი მოქმედების დასრულების შესახებ.

12. ფინანსური გარანტიის გამცემმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დააკმაყოფილა მეზღვაურის მოთხოვნა, უნდა მიიღოს იმ თანხის ამოღების უფლება, რომლითაც მან გასწია ხარჯები მეზღვაურისთვის.

13. მზღვეველს ან ფინანსური გარანტიის გამცემს აქვს რეგრესის უფლება მესამე მხარის მიმართ.

 

თავი VI

ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება

 

მუხლი 19. ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება

1. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ამ გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვა და მათთვის სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულებისას გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს მის გემზე დასაქმებული მეზღვაურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების) მიწოდება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) მეზღვაურების მიმართ მათი მოვალეობებისა და მათ მიერ გემზე შესრულებული სპეციფიკური სამუშაოების შესაბამისი, ნებისმიერი ზოგადად აღიარებული შრომის ჰიგიენის დაცვისა და სამედიცინო დახმარების გაწევის წესის გამოყენების უზრუნველყოფა;

ბ) მეზღვაურებისთვის იმავე დონის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც ზოგადად ხელმისაწვდომია ნაპირზე მყოფი მუშებისთვის, მათ შორის, აუცილებელი პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სამსახურების, სამედიცინო ინფორმაციისა და ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა;

გ) ნავსადგურში, სადაც ამის საშუალება არსებობს, მეზღვაურებისთვის კვალიფიცირებულ სტომატოლოგთან ან სხვა ექიმთან მისვლის უფლების დაყოვნების გარეშე მიცემა;

დ) გემზე ყოფნისას ან უცხო ქვეყნის ნავსადგურში შესვლისას მეზღვაურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა;

ე) ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურებისთვის მკურნალობის ჩატარების, აგრეთვე პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების (ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება) უზრუნველყოფა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდება მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც მეზღვაურს უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი მკურნალობა, რათა მან შეძლოს გემზე მუშაობის გაგრძელება, და არ მოიცავს კოსმეტიკური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას.

4. ყველა ქართულ გემზე უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით აღჭურვილი ყუთი, სამედიცინო მოწყობილობები და სამედიცინო სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოს მახასიათებლები ინსპექტირებას ექვემდებარება და მათ სააგენტო განსაზღვრავს.

5. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეზღვაური სამედიცინო დახმარებას ნაპირზე მიიღებს, გემის კაპიტანმა ან გემზე სამედიცინო დახმარების გაწევისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა უნდა შეავსოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული „გემებისთვის საერთაშორისო სამედიცინო გზამკვლევის“ A დანართში მოცემული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა. შევსებული ფორმა ამარტივებს გემსა და ნაპირზე მყოფ სამედიცინო პერსონალს შორის სამედიცინო ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გაცვლას. იგი მეზღვაურთან უნდა ინახებოდეს. მასში მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა დარჩეს (ის ცნობილი უნდა იყოს მეზღვაურისთვის, გემის კაპიტნისა და ნაპირზე მყოფი სამედიცინო პერსონალისთვის). პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

6. ქართულ გემს, რომელსაც გადაჰყავს 100 ან 100-ზე მეტი ადამიანი და რომელიც, ჩვეულებრივ, ჩართულია 3 დღეზე ხანგრძლივ საერთაშორისო ნაოსნობაში, უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული ექიმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო დახმარების გაწევისთვის.

7. თუ ქართულ გემზე არ იმყოფება ექიმი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი 1 მეზღვაური მაინც იყოს პასუხისმგებელი სამედიცინო დახმარების/მომსახურების გაწევისთვის. მეზღვაური, რომელიც ექიმი არ არის, მაგრამ გემზე სამედიცინო დახმარების/მომსახურების გაწევა დაევალა, კვალიფიცირებული უნდა იყოს „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის A-VI/4 ნაწილის, მე-4 და მე-6 მუხლებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.

8. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაში მყოფი გემისთვის 24 საათის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო კონსულტაცია (სპეციალისტების კონსულტაციის ჩათვლით) სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით. უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემისთვის საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა საქართველოში სამედიცინო კონსულტაციის გაწევა (მათ შორის, რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით გემსა და ნაპირზე მყოფ კონსულტანტებს შორის სამედიცინო შეტყობინებების გაცვლა) უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყონ.

9. ქართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უფლება აქვს, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებისას ავად გახდომის, ტრავმირების ან გარდაცვალების ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით გემთმფლობელისგან მიიღოს მატერიალური დახმარება და მხარდაჭერა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ უზღუდავს მეზღვაურს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლებას.

11. გემთმფლობელმა ან გემის კაპიტანმა, რომელიც შეიტყობს, რომ მეზღვაური ორსულია ან მეძუძურია, უნდა უზრუნველყოს საფრთხეებთან ან მავნე გარემოს ფაქტორებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასება განსაზღვრული რისკების შესწორების მიზნით. გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სხვა ფაქტორები: ხანგრძლივი და მონოტონური სამუშაოსთვის თავის არიდება ან მისი შეზღუდვა, იზოლირებულად მუშაობა, მუშაობის ტემპი, მუშაობის მეთოდები, სამუშაო გარემოს გეგმა, აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები. უნდა შეფასდეს მეზღვაურზე ამ ფაქტორების ზემოქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ხარისხი და ის, უარყოფითად მოქმედებს თუ არა რისკები მასზე. საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.

12. თუ ორსული ან მეძუძური მეზღვაურის სრულყოფილად დაცვა შეუძლებელია, რისკები სამუშაოს დაგეგმვით მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, მათ შორის, საჭიროებისა და პრაქტიკულობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მეზღვაურის სამუშაო საათები, მას უნდა შეეზღუდოს ღამის ცვლაში მუშაობა ან იგი გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

 

თავი VII

გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფინანსური გარანტიები

 

მუხლი 20. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

1. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტიის არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან შრომისუუნარობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით.

2. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა აანაზღაუროს ამ გემზე დასაქმებულ მეზღვაურთან შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში ან ამ თარიღებს შორის პერიოდში მისი ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები შემდეგი მოცულობით:

ა) ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის მკურნალობის (საჭირო მედიკამენტებითა და სამკურნალო აღჭურვილობით მომარაგების ჩათვლით), სახლის გარეთ კვებისა და ცხოვრების ხარჯები მის გამოჯანმრთელებამდე ან ავადმყოფობის ან ტრავმის მუდმივი ხასიათის გამო მის შრომისუუნაროდ გამოცხადებამდე;

ბ) მეზღვაურის ნეშტის გადასვენების ხარჯები, ხოლო მისი გადასვენების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაკრძალვის ხარჯები, თუ იგი გემზე ან ნაპირზე, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გარდაიცვალა;

გ) ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფის ხარჯები საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალების ან შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო საქართველოს კანონმდებლობით, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადასახდელად.

3. თუ მეზღვაურის ავადმყოფობა ან ტრავმა მის შრომისუუნარობას იწვევს, გემთმფლობელი ვალდებულია:

ა) გადაუხადოს მეზღვაურს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ხელფასი მისი გემზე ყოფნის პერიოდში ან ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მის რეპატრიაციამდე;

ბ) გადაუხადოს მეზღვაურს ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით, მისი რეპატრიაციის ან ნაპირზე გადასვლის დღიდან სრულ განკურნებამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია.

5. გემთმფლობელის ვალდებულება, სრულად ან ნაწილობრივ გადაუხადოს ხელფასი იმ მეზღვაურს, რომელიც, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გემზე აღარ იმყოფება, შეზღუდულია მეზღვაურის ავად გახდომის ან ტრავმირების დღიდან 16 კვირით და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოთხოვნას ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევის დროს მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, თუ ეს მეზღვაური რომელიმე ამ სქემის წევრია.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება გემთმფლობელზე არ ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მეზღვაურს ტრავმა გემზე მუშაობის გამო არ მიუღია;

ბ) მეზღვაურის ავად გახდომა, ტრავმირება ან გარდაცვალება მისი განზრახი ქმედების შედეგია;

გ) მეზღვაურმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას შეგნებულად დამალა.

7. გემთმფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის ან გარდაცვლილი მეზღვაურის გემზე დარჩენილი ნივთების შენახვა და მისთვის/გარდაცვლილის მემკვიდრისთვის პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაცემა.

8. გემთმფლობელი უფლებამოსილია საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირი მას წარუდგენს ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს.

 

მუხლი 21. სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა

1. ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ეს ფინანსური გარანტია სულ მცირე:

ა) სრულად უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურის მიერ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის ყოველგვარი შეყოვნების/შეფერხების გარეშე მიღებას;

ბ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ არ განხორციელდეს არანაირი იძულება მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები თანხის მიღებაზე თანხმობის განცხადების მიზნით;

გ) უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურისთვის შუალედური გადახდის/გადახდების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეზღვაურის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მეზღვაურის ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო მის მიერ მისაღები კომპენსაციის ზუსტად განსაზღვრა გართულებულია;

დ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის მიერ მისაღები არცერთი თანხა არ უზღუდავდეს მას სხვა უფლებებს. ამასთანავე, ეს თანხა შეიძლება გამოიყენოს გემთმფლობელმა მეზღვაურის მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც გამომდინარეობს მეზღვაურის სხვა საჩივრებიდან და წარმოშობილია იმავე შემთხვევიდან;

ე) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაცია შეიძლება მოითხოვოს თავად დაზარალებულმა მეზღვაურმა, მისმა უახლოესმა ნათესავმა, მეზღვაურის მიერ დანიშნულმა უფლებამონაცვლემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.

2. სახელშეკრულებო მოთხოვნა არის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალებასთან ან მის მიერ შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვასთან, როგორც ეს დადგენილია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური ხელშეკრულებით, რომელიც ამ მეზღვაურზე ვრცელდება.

3. ფინანსური გარანტია უნდა შეესაბამებოდეს ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომლებიც წარმოიშობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება.

 

მუხლი 22. ფინანსური გარანტიის მტკიცებულება

1. გემზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა ინახებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის მტკიცებულება, რომელიც გაცემულია ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ, ხოლო ერთზე მეტი ფინანსური გარანტიის გაცემის შემთხვევაში − თითოეული ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მეზღვაურისთვის.

3. ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი ან ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა ერთოდეს. მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გემის შესახებ მონაცემები, მათ შორის: გემის დასახელება/სახელი; მიწერის ნავსადგური; IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი;

ბ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი;

გ) მეზღვაურთა სახელშეკრულებო მოთხოვნების განმხილველი პირების ან სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი;

ე) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა;

ვ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია შეესაბამება კონვენციის A4.2.1 სტანდარტს.

4. ფინანსური გარანტიის მოქმედება არ შეიძლება შეწყდეს მასში აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემი სააგენტოს მისი შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობით აცნობებს.

 

მუხლი 23. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრის განხილვა

მეზღვაურის, მისი უახლოესი ნათესავის, მემკვიდრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივარი უნდა იქნეს მიღებული, მიუკერძოებლად განხილული და სამართლიანად გადაწყვეტილი. კონვენციით განსაზღვრული სტანდარტული მიღება-ჩაბარების აქტი გამოყენებული უნდა იქნეს ყველა საჩივრის მიმართ. მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

 

თავი VIII

მეზღვაურის საჩივრის განხილვის პროცედურები

 

მუხლი 24. მეზღვაურის საჩივარი

1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე, რომელზედაც ის არის პასუხისმგებელი, მოქმედებდეს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ჩადენის შესახებ მეზღვაურის მიერ წარდგენილი საჩივრის სამართლიანი, ეფექტიანი და სწრაფი განხილვის პროცედურები.

2. მეზღვაურს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, წარადგინოს საჩივარი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევს კონვენციის მოთხოვნებს (მათ შორის, მეზღვაურის უფლებებს).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების გარდა, მეზღვაური არ არის შეზღუდული, სხვა ხელმისაწვდომი სამართლებრივი გზით იდავოს დარღვეული უფლებების შესახებ.

4. გემთმფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ მომჩივანი (საჩივრის წარმდგენი) მეზღვაურის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო უარყოფითი მოქმედება მეზღვაურის დევნად მიიჩნევა და აკრძალულია.

5. გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების წესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურისთვის.

6. გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურები უნდა გულისხმობდეს შემდეგს:

ა) იძლეოდეს საჩივრის პირველივე დონეზე გადაწყვეტის შესაძლებლობას. მეზღვაურს უნდა ჰქონდეს უფლება, საჩივრით მიმართოს უშუალოდ გემის კაპიტანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე შესაბამის გარეშე პირებს/ორგანოებს;

ბ) ითვალისწინებდეს მეზღვაურის უფლებას, საჩივრის განხილვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღოს თანმხლებ პირთან ერთად ან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე საჩივრის წარდგენის გამო მეზღვაურის შესაძლო დევნისგან დაცვას;

გ) მოიცავდეს სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო თუ სააგენტო არ არის უფლებამოსილი მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში − შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას, აგრეთვე გემზე მყოფი იმ პირების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც შეუძლიათ მეზღვაურს კონფიდენციალურობის დაცვით მისცენ მიუკერძოებელი რჩევა მის საჩივართან დაკავშირებით ან/და სხვაგვარად დაეხმარონ გემზე მოქმედი საჩივრის განხილვის პროცედურების გაცნობაში.

7. მომჩივანი მეზღვაურის დევნის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, საჩივრის განხილვის პროცედურებმა უნდა წაახალისოს გემზე იმ პირის დანიშვნა, რომელიც მომჩივან მეზღვაურს მისი თხოვნის შემთხვევაში მისცემს რჩევებს მისთვის ხელმისაწვდომ პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე დაესწრება საჩივართან დაკავშირებულ შეხვედრებსა და მოსმენებს.

8. კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, საჩივრის განხილვის ყოველი პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) საჩივარი უნდა დაიწეროს იმ განყოფილების ხელმძღვანელის სახელზე, სადაც მუშაობს მომჩივანი მეზღვაური, ან უშუალოდ ზემდგომი ოფიცრის სახელზე;

ბ) განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი უნდა ეცადოს გადაწყვიტოს საჩივარი განსახილველი საკითხის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში;

გ) თუ განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი ვერ შეძლებს საჩივრის მეზღვაურისთვის დამაკმაყოფილებელი გზით გადაწყვეტას, მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრით გემის კაპიტანს მიმართოს. გემის კაპიტანი ვალდებულია საკითხი პირადად განიხილოს;

დ)მეზღვაურს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის პერიოდში ჰყავდეს თანხმლები პირი ან წარმომადგენელი;

ე) საჩივარი და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს და მათი ასლები დაინტერესებულ მეზღვაურს უნდა გადაეცეს;

ვ) თუ საჩივრის გემზე გადაწყვეტა შეუძლებელია, საკითხი განსახილველად გემთმფლობელს უნდა წარედგინოს და მას უნდა განესაზღვროს შესაბამისი ვადა საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში − მეზღვაურთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში მეზღვაურს აქვს უფლება, საჩივრით პირდაპირ გემის კაპიტანს, გემთმფლობელსა და სააგენტოს მიმართოს.

9. თუ მეზღვაური გადაწყვეტს, საჩივრით სააგენტოს მიმართოს, საჩივარი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი. მასში მითითებული უნდა იყოს მეზღვაური, გემთმფლობელი, სავარაუდო დარღვევის ჩადენის თარიღი და საჩივრის განხილვის პროცედურების მიხედვით განხორციელებული ქმედებები.

 

თავი IX

ადმინისტრირება

 

მუხლი 25. სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა

1. კომპეტენტური ორგანო სააგენტოს იმ საქმიანობაზე, რომელიც ამ კანონის მოქმედების სფეროში ექცევა, ახორციელებს ზედამხედველობას შემოწმების გზით.

2. სააგენტოს შემოწმება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.

 

მუხლი 26. დოკუმენტის გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედების აღკვეთა

1. სააგენტომ უნდა შეიმუშაოს და მიიღოს შესაბამისი ზომები სათანადო მოწმობის, ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედების აღსაკვეთად.

2. სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის გაყალბების ყოველი შემთხვევის შესახებ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

მუხლი 27. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემზე გაგზავნოს სააგენტოს თანამშრომელი იმის შესამოწმებლად, რომ გემი ფლობს მოქმედ საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ მოწმობას და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციებს. ეს მოწმობა და დეკლარაციები გაცემული უნდა იყოს კონვენციის 5.1.3 წესის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს გემი, თუ ის აღმოაჩენს, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია, ან თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ არსებული შეუსაბამობა კონვენციის მოთხოვნების სერიოზული დარღვევაა, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციები წარდგენილი არ არის, გაყალბებულია, ვადაგასულია, არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას ან აკლია შუალედური შემოწმებების შესახებ ჩანაწერები;

ბ) არსებობს აშკარა საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს;

გ) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კონვენციის მოთხოვნების შესრულების თავიდან ასაცილებლად გემმა დროშა შეცვალა;

დ) არსებობს საჩივარი იმის თაობაზე, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის არსებობის შემთხვევაში გემის დეტალური შემოწმება უნდა განხორციელდეს კონვენციის A5-III დანართის შესაბამისად. შემოწმება უნდა შემოიფარგლოს საჩივრით გათვალისწინებული საკითხით, თუ არ არსებობს აშკარა საფუძველი შემოწმების არეალის გასაფართოებლად.

4. თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები სერიოზულ დარღვევას გამოავლენს, გემი არ უპასუხებს კონვენციის მოთხოვნებს და, სააგენტოს შეხედულებით, გემზე არსებული პირობები მეზღვაურთა სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის აშკარად საფრთხის შემცველია ან კონვენციის (მათ შორის, მეზღვაურთა უფლებების) სერიოზულ ან განმეორებად დარღვევაში გადაიზარდა, სააგენტო უფლებამოსილია გემს აუკრძალოს ზღვაში გასვლა, სანამ დარღვევა იმ დონემდე მაინც არ აღმოიფხვრება, რომ მეზღვაურთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას საფრთხე აღარ შეუქმნას.

5. თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები დოკუმენტის სხვა პირის მიერ გამოყენებას ან გაყალბებულ დოკუმენტს გამოავლენს, უკანონო დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული. ამასთანავე, მეზღვაურის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ინფორმირებული უნდა იქნეს.

6. იმ პირის თანამდებობა, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უკანონო დოკუმენტს, მიიჩნევა ვაკანტურად მასზე სათანადოდ კვალიფიცირებული პირის დასაქმებამდე, რომელიც უპასუხებს უსაფრთხო მართვის მოთხოვნებს.

7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურების შედეგად განხორციელებული გემის დაკავების შესახებ დროულად ეცნობოს ყველა შესაბამის პირს, მათ შორის, ნავსადგურის ადმინისტრაციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, გემის დროშის სახელმწიფოს ეროვნულ სააგენტოს ან საქართველოში არსებულ გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას.

 

მუხლი 28. საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია

1. სააგენტო ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაცია ან პირი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე გასცემს საზღვაო შრომის სერტიფიკატს.

2. საზღვაო შრომის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემის ინსპექტირების ჩატარების შედეგად, ადასტურებს, რომ გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნებს და გემთმფლობელის მიერ მიღებულია საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები.

3. საზღვაო შრომის სერტიფიკატს თან უნდა ერთოდეს საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია.

4. საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმა და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

5. თუ სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაციის ან პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გემი აკმაყოფილებს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნებს, საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა ან განახლდება.

6. საზღვაო შრომის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7. შესაძლებელია 6 თვის ვადით გაიცეს დროებითი სერტიფიკატი, როდესაც:

ა) გემი ცვლის დროშას;

ბ) იცვლება გემთმფლობელი.

 

თავი X

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის

 

მუხლი 29. მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

1. 16 წლამდე პირის გემზე დასაქმება ან 18 წლამდე პირის გემზე დასაქმება ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვის ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნის დარღვევით −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც არ აქვს მოქმედი სამედიცინო მოწმობა, −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

5. ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ სამედიცინო მოწმობის მომზადება ან გაცემა ამ კანონის ან სხვა, დადგენილი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევით −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

7. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა გავლილი არ აქვს, −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

9. გემზე იმ მზარეულის დასაქმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

11. მეზღვაურის იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ დასაქმება, რომელიც სააგენტოს მიერ აღიარებული არ არის, ან მეზღვაურის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით დასაქმება −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

13. გემზე მყოფი მეზღვაურისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების გადაუცემლობა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

15. გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, ხელფასის გადაუხდელობა, −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

17. მეზღვაურისთვის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე ან რეპატრიაციაზე უარის თქმა −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

19. გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის რეპატრიაციის განხორციელებასა და ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფაზე უარის თქმა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

21. გემის დაკარგვის შემთხვევაში ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უმუშევრობის კომპენსაციის გადახდაზე უარის თქმა −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

23. ამ კანონის VI თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

25. ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურის საჩივრის განხილვის ეფექტიანი სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

27. ისეთი სიის ან სხვა მექანიზმის შექმნა, რომელიც მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის, −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

28. ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

29. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა −

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

30. ამ მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 30. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

1. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებს ადგენს სააგენტო.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა).

3. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა.

 

თავი XI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა. 

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ ამ კანონთან შესაბამისობა. 

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დირექტორის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცება;

გ) გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცება;

დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმის დამტკიცება;

ე) მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცება;

ვ) საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;

ზ) საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცება;

თ) გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის დამტკიცება;

ი) მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატის დამტკიცება.

 

მუხლი 32. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−30-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−30-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3042-XIმს-Xმპ