დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2391-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.017403 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მიზანი
|
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # #
|
მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება. დისკრიმინაციის აკრძალვა
|
1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
|
2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. # #
|
3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. # #
31. შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. # 32. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. 33. სახელმწიფო, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად იღებს ყველა შესაძლო ზომას. გონივრულ მისადაგებაზე უსაფუძვლო უარი აგრეთვე ჩაითვლება დისკრიმინაციად. |
4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო.
|
5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას ანდა მისთვის დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.
|
6. ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
|
7. დისკრიმინაცია არ არის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
|
8. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.
|
9. განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა დასაშვებია, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
|
10. თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება აგრეთვე:
ა) შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის: ა.ა) წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე, აგრეთვე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე, საქმიანობის სფეროს მიუხედავად; ა.ბ) პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ყველა ფორმის (პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების ჩათვლით) ხელმისაწვდომობაზე; ა.გ) დასაქმების, შრომის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებზე; ბ) დასაქმებულთა ორგანიზაციის, დამსაქმებელთა ორგანიზაციის ან ისეთი ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, რომლის წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ამ ორგანიზაციებიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით; გ) სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე, განათლებაზე, საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, მათ შორის: გ.ა) სოციალურ დაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ შეღავათებზე და სხვა; გ.ბ) ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე; გ.გ) განათლების ხელმისაწვდომობაზე; გ.დ) საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე (საცხოვრებლის ჩათვლით). |
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში თანაბარი მოპყრობის პრინციპი, იმავე პუნქტის „გ.ა“−„გ.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად. # # # #
# # # # # # # #
საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4281 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6827 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
|
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
|
ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
|
მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები
|
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს; გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. |
მუხლი 5. ამ კანონის ინტერპრეტაციის წესი და ფარგლები
|
1. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების (მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების) შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ ხელყოფს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და სხვათა უფლებებს. #
2. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებას. 3. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვათა უფლებები. 4. აკრძალულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით ისე სარგებლობა, რომ იგი მიზნად ისახავდეს ან იწვევდეს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას. 5. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი არარად აქცევდეს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას ან თავისუფლებას ან ზღუდავდეს მას იმაზე მეტად, ვიდრე ეს თვით ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. |
მუხლი 6. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება
|
1. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
2. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი: ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს; ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას; გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე; დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს; ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს; ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს; თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ; ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. |
მუხლი 7. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
|
1. საქართველოს სახალხო დამცველი წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. #
2. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას. |
მუხლი 8. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა
|
1. პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები. #
2. პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. # # # 3. თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით დასასრულებლად. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. 4. ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლების (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) და მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ინფორმაცია ნებაყოფლობით კერძო პირისგან მიიღება, მას საკუთარი მოთხოვნით შეიძლება აუნაზღაურდეს ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ასლის გადაღებისა და საფოსტო მომსახურების ხარჯები. 5. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას/საჩივარს განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6877 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. |
მუხლი 9. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება
|
1. საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:
ა) დავას სასამართლო განიხილავს; ბ) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; გ) მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. 2. საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: ა) საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება; ბ) განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი. 3. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი და დისკრიმინაციის შედეგები არ არის აღმოფხვრილი, საქართველოს სახალხო დამცველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით ასრულებს საქმის წარმოებას დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციის გამოცემით. |
მუხლი 10. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა
|
1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. |
მუხლი 11. საქმის განხილვის პროცესში მესამე პირის მონაწილეობა
|
1. ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომლის საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვას, უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს ამ კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის პროცესში მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. |
მუხლი 12. კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა
|
1. აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.
2. ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას და შემდეგაც შესაბამისმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დისკრიმინაციის მსხვერპლთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აკრძალულია დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობის გარეშე ამგვარი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს. |
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
|
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. #
|
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2391-IIს |
დოკუმენტის კომენტარები