წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5609-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 400020000.05.001.019727
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5609-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
400020000.05.001.019727
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/12/2019 - 03/05/2023)

 

საქართველოს კანონი

 

 

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობას, აგრეთვე ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც სარგებლობაში არ არის გაცემული.

მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები

ამ კანონის მიზნები და ამოცანებია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) სხვა წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელი, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი;

გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური,  მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები;

დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს კვების წყაროდან წყლის აღებას (წყალაღებას), წყლის ტრანსპორტირებას, სარწყავი ფართობის მორწყვას და საძოვრების გაწყლოვანებას;

ე) ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა – მსხვილი საირიგაციო სისტემის ნაწილი (ურთიერთდაკავშირებული  კაშხალი, წყალსაცავი  ან/და  სათავე  ნაგებობა, აგრეთვე მაგისტრალური არხი სხვა ნაგებობებით), რომელიც უზრუნველყოფს ამავე სისტემის მეორე რიგის/მესამე რიგის არხისთვის წყლის მიწოდებას;

ვ) ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულება − საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

თ) მიწოდების წერტილი – საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი (ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განახორციელებს განსაზღვრული რაოდენობის სარწყავი წყლის მიწოდებას;

ი) ჰიდროტექნიკური ერთეული − საირიგაციო სისტემა ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, რომელსაც შეუძლია მიიღოს წყალი ერთი წერტილიდან, მეორე რიგის/მესამე რიგის გამანაწილებელი არხიდან ან/და ლოკალური სარწყავი სისტემიდან;

კ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი − პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური;

ლ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია −  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მოიცავს 1 ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც და რომელზედაც შეიქმნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია;

მ) დამოუკიდებელი წყალმოსარგებლე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს წყალს იმ წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და სხვა), რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება.

მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე

1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საირიგაციო მომსახურებას.

2. პირველადი წყალმოსარგებლე ახორციელებს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვასა და მოვლა-შენახვას, აგრეთვე საირიგაციო მომსახურებას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას და სხვა წყალმომხმარებელს.

მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი

1. მომხმარებლისთვის პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს ადგენს ეროვნული კომისია.

2. ეროვნული კომისია აგრეთვე განსაზღვრავს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფში ცვლილების შეტანის პროცედურასა და ფორმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე საირიგაციო წყლის მიწოდების, აგრეთვე საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით.

მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფუძნდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50 პროცენტზე მეტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის.

3. სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

4. სახელმწიფო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცემს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.

მუხლი 8. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი

1. სამინისტრო აწარმოებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრს.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების სია, აგრეთვე მონაცემები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ მონაცემები;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა.

მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია და საირიგაციო მომსახურების გაწევა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;

გ) მიწოდების წერტილში წყლის აღრიცხვა და მისი რაციონალურად განაწილება;

დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება;

ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო  ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია.

მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად.

2. პირი, რომელიც 1 წელზე მეტი ვადით ფლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, უფლებამოსილია ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებით აღნიშნული უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში.

3. პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სარგებლობაში ჰქონდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგაც. შეუსრულებელი ვალდებულებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე არ გადადის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეუწყდება/შეუჩერდება:

ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს;

ბ) პირს, რომლიც ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას;

გ) პირს, რომელიც ფლობს საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას;

დ) პირს, რომელსაც სახელმწიფომ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადასცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებით.

მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია:

ა) მიიღოს საირიგაციო მომსახურება;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;

გ) დაასახელოს კანდიდატი და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;

დ) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;

ე) მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით იმ პირთან შედარებით, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია:

ა) დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის მიწის ნაკვეთზე დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომელი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებელი მათ ტექნიკასა და აღჭურვილობასთან ერთად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად;

გ) დაიცვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები;

დ) მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს წესდება, რომლის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესი და მათი უფლებამოსილებები;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესი;

ე) წყალსარგებლობის საფასურისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახდელების განსაზღვრის წესი;

ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი და პირობები;

ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

მუხლი 14. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოები

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოებია:

ა) საერთო კრება;

ბ) გამგეობა;

გ) სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სტრუქტურა, აგრეთვე მისი ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

მუხლი 15. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტი.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილი არიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობის მიუხედავად.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა  ორგანიზაციის  მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეები/მოსარგებლეები. მიწის თანასაკუთრების შემთხვევაში საერთო კრების წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ შესაბამის უფლებამოსილებას.

6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 51 პროცენტით.

7. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და მას არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ. ხმები ნაწილდება შემდეგი სქემით:

ა) 2 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 1 ხმა;

ბ) 2-დან 4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 2 ხმა;

 გ) 4-დან 6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 3 ხმა;

დ) 6-დან 8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 4 ხმა;

ე) 8-დან 10 ჰა-მდე მიწის  მესაკუთრე/მოსარგებლე − 5 ხმა; 

ვ) 10-დან 15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 6 ხმა;

ზ) 15-დან 20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 7 ხმა;

თ) 20-დან 30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 8 ხმა;

ი) 30-დან 50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 9 ხმა;

კ) 50 ჰა-ზე მეტი მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 10 ხმა.

8. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და მათი ფართობები შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია საკუთარი ხმის უფლება თავის წარმომადგენელს გადასცეს. ხმის უფლების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ფუნქციებია:

ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების დამტკიცება;

ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევა;

დ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება;

ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა;

ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება;

ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება;

ი) ნებისმიერი სხვა საკითხის დამტკიცება, რომელიც უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ ამ კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად.

11. ამ კანონით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოსთვის დელეგირება დაუშვებელია.

მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მართვისათვის მისი საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის წევრთაგან გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და საერთო კრების მოწვევა;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება;

ვ) ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით, კენტი რიცხვით.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრს ირჩევს საერთო კრება არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობისთვის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 18. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე:

ა) იწვევს გამგეობის სხდომას და თავმჯდომარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებას;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირთან ურთიერთობაში;

გ) გამგეობის მიერ განსაზღვრულ გამგეობის ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) ახორციელებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

მუხლი 19. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე გამგეობის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომის ოქმი ინახება და ხელმისაწვდომია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის.

მუხლი 20. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ზედამხედველობას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას და იხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის დავებს.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრისაგან, რომლებსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისაგან 4 წლის ვადით ირჩევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში საქმიანობისთვის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევის წესი და მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ინიციატივით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია.

6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ მას უნდა წარუდგინოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ანგარიშვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე, რომელსაც წარუდგენს წლიურ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე.

8.  წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ნაცვლად საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ცალ-ცალკე შეიქმნას სარევიზიო კომისია და დავების განმხილველი კომისია.

მუხლი 21. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო

  წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:  

  ა) წყალსარგებლობის საფასური;

  ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

  გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

  დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 22. წყალსარგებლობის საფასური

  1. წყალსარგებლობისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება ყოველწლიურად განსაზღვრავს ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურის ოდენობას და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობას პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის საფუძველზე.

  2. წყალსარგებლობის საფასურის გადახდის პირობები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  წესდებით დადგენილი წესით ყოველწლიურად იხდის ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს, აგრეთვე წყლის მოხმარების შემთხვევაში − მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურს.

  4. გაწეული მომსახურების საფასურების გადახდისას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესაბამის წევრზე გამოიწერება ქვითარი.

მუხლი 23. წყლის საბითუმო მიწოდება

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდება ხორციელდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის არანაკლებ 10 წლის ვადით გაფორმებული საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

2. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად. ამასთანავე, წყლის ხელმისაწვდომი მოცულობა შეიძლება ყოველწლიურად დაზუსტდეს.

მუხლი 24. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.

მუხლი 25. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია (გარდაქმნა, გაყოფა, შერწყმა) და ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  ლიკვიდაციის  შემდეგ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება, რომელიც:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან მიიღო, სახელმწიფოს გადაეცემა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა საკუთრება იყო ან შეძენილ იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის ნაწილდება. ამ ქონების განაწილების წესი განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

მუხლი 26. სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში

ირიგაციის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოება;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა;

ვ) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით დამტკიცება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ან/და გამგეობის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლის ხმის უფლების გარეშე დასწრების უზრუნველყოფა.

მუხლი 27. ეროვნული კომისიის კომპეტენცია საირიგაციო მომსახურების სფეროში

საირიგაციო მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტა;

ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება;

გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა.

მუხლი 28. დავის განხილვა და გადაწყვეტა

1. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში.

მუხლი 29. გარდამავალი დებულებები

1. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმა;

გ) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები;

დ) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმა.

2. ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 წლის ვადაში:

ა) დაამტკიცოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია;

ბ) დაადგინოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები;

გ) განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის გადახდის წესი.

3. სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ მათთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების ტერიტორიებზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეროვნული კომისია საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის შემდეგ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.

მუხლი 30. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5609-რს