დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1289-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102963 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მონაცემთა მიმღები − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;“. 2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. გასაჩივრების უფლება 1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. 2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.“. 3. 28-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინება“; ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების თაობაზე, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის შესახებ (მისი არსებობის შემთხვევაში);“; გ) მე-3−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 4. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა აცნობოს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში. 6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“. 4. 29-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინციდენტის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ერთიანად და სრულად მიწოდება შეუძლებელია, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში, ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია. 5. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ან ვერ უზრუნველყოფს ინციდენტის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის (მონაცემთა სუბიექტების) ინფორმირებას, ინციდენტის გარემოებების, სავარაუდო ზიანის ან/და მონაცემთა სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ინციდენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაასაჯაროოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება.“; დ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გაასაჯაროოს ინფორმაცია მაშინაც, თუ შეტყობინებას თან არ ახლავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე მითითება. 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უთითებს ინციდენტის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ ინციდენტის შეტყობინების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 5. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის აღნიშნული ინციდენტის შეტყობინების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 6. 31-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შედეგად გამოვლინდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის მაღალი საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად შესამცირებლად და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. თუ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით შეუძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხის არსებითად შემცირება, მონაცემები არ უნდა დამუშავდეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია; ბ) დაგეგმილი მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია; გ) მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (მისი არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია; ე) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება; ვ) სხვა (დამატებითი) ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმები და შეფასების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 7. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნიდან ან განსაზღვრიდან, აგრეთვე მისი შეცვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მისი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც აქვეყნებს ამ ინფორმაციას. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნონ ვებგვერდზე (მისი არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრე, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. ამ პირთა წრის განსაზღვრისას გენერალურმა აუდიტორმა უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმები.“. 8. 34-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამდე საქართველოში დანიშნოს ან განსაზღვროს სპეციალური წარმომადგენელი. სპეციალური წარმომადგენელი რეგისტრირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალური წარმომადგენელი ვალდებულია შეასრულოს გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა ან/და მიღებული გადაწყვეტილება.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა არ ათავისუფლებს საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ვალდებულებისგან, მოახდინოს რეაგირება გენერალური აუდიტორის მიერ კანონით დადგენილი წესით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ან/და მიღებულ გადაწყვეტილებაზე.“. 9. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ, რომლის გაცემის წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.“. 10. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა 1. სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე. 2. იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება.“. 11. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები“. 12. 39-ე და მე-40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 2. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 3. მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. მუხლი 40. გენერალური აუდიტორის მიერ მონაცემების დაცვის სფეროში აქტის გამოცემის უფლებამოსილება 1. გენერალური აუდიტორი მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას. 2. გენერალური აუდიტორი მონაცემების დაცვის სფეროში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს (იღებს) ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ბრძანებას, მითითებას, გადაწყვეტილებას.“. 13. 41-ე−47-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 14. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ 1. გენერალური აუდიტორი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 ივნისისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს გენერალური აუდიტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნულ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ბიურო გადასცემს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.“. 15. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში მუხლი 49. მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. მუხლი 50. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. აღნიშნული საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. მუხლი 51. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებებისა და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; დ) მონაცემთა დაცვისთვის ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად. 4. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა. 7. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. მუხლი 52. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება 1. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში; ვ) სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და აცნობოს მას მათი შესრულების შესახებ. 3. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას. 4. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოავლენს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 5. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. 6. მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. მუხლი 53. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს გაუწიოს კონსულტაცია მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 54. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის − ჩატარების დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას (ინსპექტირებას). 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), ამ კანონით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელება არ მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/ჩატარების პროცესში უშუალო მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი ან სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 6. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 7. სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა; დ) სააგენტოს მოსამსახურეებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან − სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სრულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.“. 16. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა“. 17. 55-ე და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა 1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლში მონაწილე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს გენერალურ აუდიტორს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი. მუხლი 56. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები). 3. ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა განისაზღვრება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.“. 18. 57-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 19. 58-ე−მე-60 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 58. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები 1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა. 3. მონაცემების დაცვის სფეროში გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონის ნორმებს. მუხლი 59. მტკიცებულებები 1. საქმის წარმოების მიზნებისთვის მტკიცებულება არის ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური აუდიტორი ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლისა და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; გენერალური აუდიტორის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის ფორმასა და გაცნობის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად. მუხლი 60. საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. იგი ადგენს აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა. 3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.“. 20. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გადაწყვეტისას გენერალური აუდიტორი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს.“. 21. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 2. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში იგი აღსრულდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.“. 22. 64-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ან/და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე.“. 23. 78-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინციდენტის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინციდენტის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“. 24. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გენერალური აუდიტორის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“. 25. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გენერალური აუდიტორის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 26. 86-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.“. 27. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 87. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის (ამ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად) შეუსრულებლობა − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 2 მარტს ლიკვიდირებულ იქნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ამ მომენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყველა თანამდებობის პირსა და თანამშრომელს შეუწყდეს უფლებამოსილება და შეწყდეს მათსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის არსებული შრომითი ურთიერთობები, აგრეთვე შეწყდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში). 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ ყოფილ თანამდებობის პირს/თანამშრომელს, რომელსაც 2026 წლის 2 მარტს შეუწყდება უფლებამოსილება/შრომითი ურთიერთობა, ამ დღიდან 1 თვის ვადაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით პერიოდში არ დასაქმდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის 2025 წლის 12 ნოემბერს განსაზღვრული შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობისა და ამ ოდენობის 10%-ის ჯამი. ამ პუნქტით დადგენილი კომპენსაციის გაცემა უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან/და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 3. 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებული შესაბამისი საქმეების წარმოება 2026 წლის 2 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 5. 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიენიჭოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. 6. 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მფლობელობაში არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სისტემების ადმინისტრირების უფლება. 7. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად 2026 წლის 2 მარტამდე შექმნას შესაბამისი საშტატო ერთეულები (თანამდებობები) და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ თანამდებობების 2026 წლის 1 მარტის შემდეგ დასაკავებლად. 8. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ქონების განკარგვა, აგრეთვე სათანადო ქონების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ საკითხების გადაწყვეტის წესი. 9. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოქმედია და 2026 წლის 2 მარტიდან ძალადაკარგულად არ ცხადდება, 2026 წლის 1 მარტის შემდეგ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი ნორმის/სამართლებრივი ნორმების ამოქმედებამდე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემულ ასეთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება 2026 წლის 2 მარტიდან გენერალურ აუდიტორს ენიჭება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1289-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები