დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კანონში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1292-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030040.05.001.102968 |
|
საქართველოს კანონში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს კანონში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.04.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030040.05.001.102541) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) რეგისტრაციის განცხადება − განცხადება, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც საჭიროა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, და რომელიც მოიცავს როგორც ყველა სავალდებულო დოკუმენტს, ისე დამატებით დოკუმენტებს ან მათში მითითებულ სხვა დოკუმენტაციას;“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. რეგისტრაციის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს, ძირითად იურიდიულ მისამართს და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა იურიდიულ მისამართს საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ, აგრეთვე ყველა ფაქტობრივ მისამართს (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) განმცხადებლის სტატუსს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, პარტნიორთა ჯგუფის შემთხვევაში − თითოეული პარტნიორის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილ და სრულ ასლებს, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების შემთხვევაში − მისი მმართველებისა და ხელმძღვანელების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელებს, საცხოვრებელი ადგილების მისამართებს, მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტის (მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდებისა და მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების) ასლებს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა აქტის/დოკუმენტის ასლს და ყველა იმ ზეპირი შეთანხმების წესებისა და პირობების წერილობით აღწერას, რომლებიც ეხება მის ორგანიზებას, უფლებამოსილებებსა და მიზნებს, ასევე სრულ ინფორმაციას მისი მფლობელებისა და მაკონტროლებლების შესახებ; გ) ყოვლისმომცველ ინფორმაციას განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, განმცხადებლის თანამშრომლების სრულ სიას და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის აღწერას; ყველა იმ უცხოური პრინციპალის სახელსა და მისამართს, რომლისთვისაც განმცხადებელი მოქმედებს ან რომლისთვის მოქმედადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლისთვის მოქმედებასაც თანხმდება; ყველა ასეთი უცხოური პრინციპალის საქმიანობის ან სხვა სახის აქტივობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას, ხოლო თუ უცხოური პრინციპალი ფიზიკური პირი არ არის − ინფორმაციას იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის თაობაზე; აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობს, ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის სუბსიდირებას ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან/და უცხოური პოლიტიკური პარტია ან/და სხვა უცხოური პრინციპალი; დ) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც განმცხადებელი უცხოური პრინციპალის აგენტია; აგრეთვე თითოეული ასეთი ხელშეკრულების არსისა და შესაბამისი საქმიანობის მეთოდების სრულყოფილ აღწერას, იმ საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება და რომელიც შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად იქნეს მიჩნეული; ე) ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის, დანახარჯის ან ნებისმიერი სხვა სახით მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; ვ) დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ საქმიანობის (მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის) შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ზ) იმ პირის (გარდა უცხოური პრინციპალისა) სახელს, საქმიანობისა და რეგისტრაციის მისამართებს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს, ან თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ამ საქმიანობის განმახორციელებლად ან თანხმდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე შესაბამის ინფორმაციას იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი პირი ექვემდებარება რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან სხვა უცხოური პრინციპალის მიერ ფლობას, ზედამხედველობას, მართვას, კონტროლს, დაფინანსებას ან სუბსიდირებას მთლიანად ან ნაწილობრივ; არსებობის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; თ) დეტალურ ინფორმაციას იმ ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ბოლო 60 დღის განმავლობაში დახარჯა ან განკარგა იმ საქმიანობისთვის, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს და რომელიც მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თავისთვის ან/და სხვა პირისთვის, ან სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მას უცხოური პრინციპალის აგენტად ხდის; აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ ბოლო 60 დღის განმავლობაში ფულადი შენატანის ან/და სხვა მატერიალური ფასეულობის სახით განხორციელებული შემოწირულების შესახებ (გარდა იმ შემოწირულებისა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით), რომელიც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ პრაიმერს, კონფერენციას ან ყრილობას უკავშირდება; ი) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის, უცხოური პრინციპალისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; კ) ყველა სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტს, რომელიც ამ კანონის მიზნებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია პერიოდულად მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე; ლ) ინფორმაციას, დოკუმენტების ასლებსა და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტის წარმოსაჩენად. 2. უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ის ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმცხადებელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს.“; ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს. რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის. 5. გენერალური აუდიტორი ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია, პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს, რომ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად შეიძლება აუცილებელი არ იყოს, და დაუშვას შემდეგი გამონაკლისები: ა) რეგისტრაციის ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად შევსებულ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი, მმართველი, დირექტორი ან თანამშრომელი; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს უცხოური პრინციპალის აგენტი. 6. ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, აგრეთვე იმ დამატებითი ფორმატებით, რომლებიც შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოითხოვოს.“. 3. მე-3 მუხლის: ა) „ვ.ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა.გ) აღნიშნული უცხო ქვეყნის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აწვდის ამ პირის ან მისი თანამშრომლის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გენერალურ აუდიტორს გადაეცემა და მის მიერ განსაზღვრული ვადით ინახება;“; ბ) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ბ) გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია, საჯარო ინტერესისა და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობით ან მისი მოთხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი;“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს. 2. უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია დაცული. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“. 3. ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარედგინოს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო მონიტორინგის განსახორციელებლად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის წინაშე გამოდის, მან საქართველოს პარლამენტის კომიტეტს/დროებით საგამოძიებო კომისიას ან სხვა დროებით კომისიას უნდა წარუდგინოს თავისი უახლესი რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ პირმა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ეს უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის ოქმში, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსვლის ნაწილი.“. 5. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დოკუმენტები და ჩანაწერები ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აგენტობის პერიოდში შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია პირისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის აღსასრულებლად დადგენილი რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აწარმოოს ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ეს დოკუმენტაცია და ჩანაწერები ნებისმიერ გონივრულ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსთვის. ამ კანონით გათვალისწინებული შესანახი დოკუმენტების მიზანმიმართული დამალვა, განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა უკანონო ქმედებად ითვლება. მუხლი 6. ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგის განხორციელება, ჩანაწერებისა და ინფორმაციის გადაცემა 1. გენერალურმა აუდიტორმა მუდმივად უნდა შეინახოს ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული უცხოური პრინციპალის აგენტის ყველა რეგისტრაციის განცხადების თითო ეგზემპლარი. ეს ეგზემპლარები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგის (შემოწმების) განსახორციელებლად გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროს, მის მიერვე დადგენილი რეგულაციების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტების ასლები უნდა გადაეცეს ყველა განმცხადებელს გონივრული საფასურის გადახდის შემდეგ, რომელსაც გენერალური აუდიტორი აწესებს. გენერალურ აუდიტორს ამ კანონის თანახმად შეუძლია შეწყვიტოს იმ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებისა და სხვა დოკუმენტების საჯარო მონიტორინგი, რომელიც გათავისუფლდა რეგისტრაციის განცხადების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. გენერალურმა აუდიტორმა რეგისტრაციის განცხადების მიღებისთანავე, აგრეთვე შემდგომ ყოველი რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების მიღებისთანავე მათი ასლები უნდა გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისეთი ფორმით გამოსაყენებლად და ისეთი კომენტარების გასაკეთებლად, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს. ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული ასლების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადაუცემლობა/გადაცემის შეუძლებლობა არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი. 3. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდოს ამ კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრირებული პირების სახელები, რეგისტრაციის განცხადებების ასლები, მათი ნაწილები ან სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე. 4. რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით გენერალური აუდიტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) არსებობდეს საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, ძებნის, დახარისხებისა და გადმოწერის ფუნქციების მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას, რომლის მოძებნა, დალაგება და დახარისხება შესაძლებელია სულ მცირე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კატეგორიების მიხედვით; ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულად წარდგენილი თითოეული რეგისტრაციის განცხადება და განახლება საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტით, წარდგენის შემდეგ გონივრულ ვადაში.“. 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი, რომელიც: ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს); ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის პირი ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ, გენერალური აუდიტორის აზრით, პირი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც არღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას ან ამ კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, ან თუ უცხოური პრინციპალის აგენტი არ ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, გენერალურ აუდიტორს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს. სასამართლო ამ პირს დაავალდებულებს, შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება ან უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან მოითხოვს ამ კანონის ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი რეგულაციის შესრულებას. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება, გამოიტანოს ისეთი დროებითი ან მუდმივი განჩინება ან გადაწყვეტილება, რომელსაც იგი სათანადოდ მიიჩნევს. 6. თუ გენერალური აუდიტორი დაადგენს, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს ან ამ კანონით დაწესებულ რეგულაციებს, იგი ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მას რეგისტრაციის განცხადების ხარვეზზე მიუთითებს. პირის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, და შესრულებული იქნება თუ არა რეგულაციები.“. 7. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. წესები და რეგულაციები გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაადგინოს, შეასწოროს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც იგი ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს. მუხლი 10. ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე გენერალური აუდიტორი ყოველ 6 თვეში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ამ კანონის აღსრულების შესახებ ანგარიშს, მათ შორის, უცხოური პრინციპალის აგენტების მიერ გავლილი რეგისტრაციის სათანადო რეგულაციებთან შესაბამისობის თაობაზე ინფორმაციას და გავრცელებული პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათის, წყაროებისა და შინაარსის შესახებ ანგარიშს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1292-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები